ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძე: საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი, რა შემთხვევაში შეიძლება მიიტანონ ეჭვი აღნიშნულ მუტაციაზე. ამირან გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. „ჯერჯერობით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ ნოემბრის ბოლოს დავუგზავნეთ ყველა ლაბორატორიას პროტოკოლი, სად შეიძლება იქნას მიტანილი ეჭვი აღნიშნულ მუტაციაზე და ისინი გარკვეული პერიოდულობით აგზავნიან ჩვენთან შემდგომი გენეტიკური სეკვენირებისთვის. დღემდე 10-მდე სეკვენირება არის გაკეთებული, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რაც არსებობს: ყველამ უნდა ატაროს პირბადე ღია და დახურულ შენობაში, რადან „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება. მნიშვნელოვანია სანიტარული წესებისა და დისტანციის დაცვა, უარი დიდ თავშეყრებზე და აცრები. რაც მეტია აცრილი ადამიანი, მით ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელების რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე სრული შეთანხმება არსებობს
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე სრული შეთანხმება არსებობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ამასთან, ალიევის თქმით, ბაქომ მოახერხა ერევნის დარწმუნება, რომ საავტომობილო გზის გახსნა გარდაუვალია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანს სომხეთთან საზღვრის გახსნა სურს, თუმცა სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ სურს. „ნებისმიერ შეთხვევაში, აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობლები არიან და არც ერთი ჩვენგანი სხვა პლანეტაზე არ გადასახლდება“, – აღნიშნა ალიევმა.
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება. ევროკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა COVID19-ის კრიზისის მართვა, ენერგეტიკული ფასები, უსაფრთხოება და თავდაცვა, მიგრაციის საგარეო ასპექტები და ბელარუსში არსებული ვითარება იქნება. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უწყვეტ კოორდინირებულ ძალისხმევას განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე შეზღუდვა არ უნდა შეეხოს ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებას ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპაში მოგზაურობის შეფერხებას. ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობას ჯანდაცვის გლობალური მმართველობისა და სოლიდარობის, მათ შორის ექსპორტისა და ვაქცინის დოზების განაწილების შესახებ. ევროპული საბჭო შეაფასებს მუშაობას კოლექტიური მზადყოფნის, რეაგირების შესაძლებლობისა და მომავალი კრიზისებისადმი მდგრადობის გასაძლიერებლად. ევროპული საბჭო უხელმძღვანელებს სტრატეგიული კომპასის პროექტს, რომელიც წარმოდგენილი იყო 9 ნოემბერს და მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საერთო სტრატეგიული ხედვა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.
საბერძნეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს
საბერძნეთი, COVID19-ის შეჩერების მიზნით, ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში შესვლის ნებართვა მხოლოდ იმ მოგზაურებს ექნებათ, რომლებიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ამასთან, აღნიშნული წესი ძალაში 19 დეკემბრიდან შედის. ცნობისთვის, საბერძნეთში ვირუსს 19 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კობა გვენეტაძე: 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს
"2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა, მათ შორის ბოლო სხდომაზე 0.5 პროცენტული პუნქტით. იმისათვის, რომ ფასების დროებითი ფაქტორებით გამოწვეულმა ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ზემოთაღწერილი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიური მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ვაქცინები ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ვირუსის ახალი შტამების გავრცელება კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება. ამის ფონზე ბუნდოვანია გლობალურად მობილობის სრულად აღდგენის და პანდემიურ მდგომარეობამდე დაბრუნების ტემპი. შესაბამისად, მაკროეკონომიკური პროგნოზებიც განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. დღევანდელ სიტუაციაში მაკროეკონომიკური პროგნოზები განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. პროგნოზები, დიდწილად, პანდემიის ხანგრძლივობასა და ვაქცინაციის სისწრაფეზეა დამოკიდებული. მსგავსი რისკები კი ინფლაციური ხასიათისაა და ჩვენც მკაცრი მონეტარული პოლიტიკისკენ მიმართული ვრჩებით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს
კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს, ვიდრე თავდაპირველი შტამი. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კვლევით, რომელიც შემდგომ დადასტურებას საჭიროებს და უსიმპტომო შემთხვევებზე წინასწარ მონაცემს შეიცავს, აღნიშნულია, რომ „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, „ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება სასუნთქი გზების ქსოვილებში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანიდან ადამიანზე მის გავრცელებას. იმ ფაქტმა, რომ ფილტვის ქსოვილებში, „ომიკრონი“ 10-ჯერ უფრო ნელ აღწევს, ვიდრე კორონავირუსის ორიგინალური ვარიანტი, შესაძლოა, დაავადება ნაკლებად გაართულოს. კვლევის ავტორი მაიკლ ჩან ჩი-ვაი ამბობს, რომ ადამიანებში დაავადების სიმძიმე განისაზღვრება არამხოლოდ ვირუსის გამრავლებით, არამედ თითოეული ადამიანის იმუნური პასუხით ინფექციაზე, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ ანთებაში გადაიზრდება. ამავე თემაზე: ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონზე“ მორგებული „ბუსტერი“ ამ ეტაპზე საჭირო არ არის და არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა ეფექტიანია
კახა კალაძე: არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელოს
დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა. „მინდა ასევე, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და შემდეგ, ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი ყველასი, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო საკუთრებებზეც ახორციელებენ უკანონო მშენებლობას. ნაკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. გვაქვს ფაქტები, როდესაც ამ მიწების დატაცება ხდება და იქ უკანონო მშენებლობები ხორციელდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, ყველას დავპირდე, რომ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. რა თქმა უნდა, მოგეცემათ საშუალება, თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი და თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, თუმცა, მიწების მიტაცებას არასდროს დაუშვებს. ამასთან, თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს დაავალა, მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება გამკაცრდეს და არცერთი უკანონო მშენებლობა დემონტაჟის გარეშე არ დარჩეს. „ყველა ის ოჯახი, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს და ვინც უსახლკაროს სტატუსს ატარებს, საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. დედაქალაქში, დაახლოებით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას 2022 წელს ვიწყებთ. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და მათი პრობლემა გადაჭრილი იქნება, მაგრამ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს. მიეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინონ დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებარე ნაგებობების დემონტაჟი განახორციელეთ. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან პრინციპული ვიქნებით ასეთი უკანონობის წინაშე. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ ვინ დგას ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან - კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ორი-სამი საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში კი ჰექტრობით მიწები. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით, უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ. ამდენად, იმოქმედეთ, შესაბამისმა სამსახურებმა. თუ საჭირო იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროც ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
ავსტრალიაში გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა
ავსტრალიაში გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ დევენპორტში მოხდა, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე. პოლიციის ინფორმაციით, კოშკის ფორმის მქონე გასაბერი ბატუტი, რომელზედაც დაწყებითი სკოლის რამდენიმე მოსწავლე იმყოფებოდა, ძლიერმა ქარმა ჰაერში ასწია 10 მეტრამდე. კონსტრუქციიდან ცხრა ბავშვი გადმოვარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი მცირეწლოვანი და დაშავებულია ხუთი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. შემთხვევას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი გამოეხმაურა და ინციდენტს „წარმოუდგენლად სულისშემძვრელი“ უწოდა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიციელები იმყოფებიან, რომელთა განცხადებით, უბედურ შემთხვევას სასამართლო ექსპერტიზის გამომძიებლები შეისწავლიან.
კელი დეგნანი: ვამაყობთ, რომ შეერთებული შტატები ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ მსახურობდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში
აშშ ამაყობს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ვამაყობთ, რომ შეერთებული შტატები ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ მსახურობდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. წლების განმავლობაში 15 000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა იმსახურა და იბრძოლა შეერთებული შტატებისა და NATO-ს მოკავშირეების ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ოპერაციასა და ქვეყანაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა, ზოგიერთმა თავისი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღო. „ჩვენ მათ ვალში სამუდამოდ დავრჩებით. ჩვენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ ამ მეომრებისა და მათი ოჯახების მიმართ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ამერიკის საელჩოს თანახმად, „2012 წლიდან აშშ-ის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან, რათა დაეხმაროს მათ ჭრილობების მოშუშებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებით დაბრუნებაში“. „ჩვენ სიამაყით განვაგრძობთ ამ ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მჭიდრო პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ხელმძღვანელობამ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ვახშამზე უმასპინძლა და 2021 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა, თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა, თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს. „გავიგე, ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
WHO: საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას
სახელმწიფო დანახარჯების გაზრდა პირველად ჯანდაცვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში. ამის შესახებ ნათქვამია WHO-ს პუბლიკაციაში - „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გადასინჯვა". „დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად“ - ამბობს ტრიინ ჰაბიხტი, WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი, „ადეკვატური სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის მიღწევა.“ WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია. 2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო. თუმცა,WHO-ს პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მხოლოდ დაფინანსების ზრდა, რამდენადაც მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ვერ გამოიწვევს სასურველი შედეგის მიღწევას. „მხოლოდ დაფინანსების სისტემაში ცვლილებები არ არის საკმარისი. ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას მეტი მედიკამენტი და მეტი ადამიანი. აუცილებელია ფასების უფრო მკაცრი რეგულირება, გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართო მოხმარება და მედიკამენტების რაციონალური გამოწერისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმა. ასევე ინვესტიციის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის მუშაკებში, გაუმჯობესებული მიმაგრება-რეგისტრაცია და ციფრული მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს კარგი პერფორმანსის სტიმულირებას“. - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე პუბლიკაციაში.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორის განცხადებით, რეპლიკისთვის დრო სჭირდებათ. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, რადგან "პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს". რეპლიკების ეტაპით სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". ამავე თემაზე: მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები მოჰყვება
ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზების საკითხი განიხილეს. მისი თქმით, საზღვართან მზადყოფნის რეჟიმში მყოფი ათი ათასობით ჯარისკაცის, ტანკების, არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჯავშანტრანსპორტების მობილიზება სამხედრო ძალის ზრდის შეჩერების ან შემცირების ნიშანს არ იძლევა. „რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მან მოსკოვთან დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.
პარლამენტმა 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 76 დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტში საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. „მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში“ მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას. სესიაზე დოკუმენტის განხილვა საკმაოდ კრიტიკული კითხვების ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის ოპოზიციის დეპუტატები დაინტერესდნენ იმითაც, აპირებდა თუ არა კობა გვენეტაძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას. გარდა ამისა, კითხვები ძირითადად ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს და ლარის კურსის ცვლილებას ეხებოდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რამაც შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გამოიწვიოს, თუმცა მისივე განმარტებით, ფასების კლება სტაბილური ეპიდვითარების პირობებში უკვე გაზაფხულიდან დაიწყება.
WHO: "ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა 2-3 დღეში ერთხელ ორმაგდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაფრთხილება გამოაქვეყნა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების შესახებ. „ომიკრონით“ დაავადება უკვე 77 ქვეყანაში გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. ამის შესახებ WHO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განუცხადა მედიას. მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებული ვითარება „რვაჯერ უფრო სერიოზული იქნება ერთ კვირაში და 40-ჯერ უფრო სერიოზული - ორი კვირის შემდეგ“. რომც დადასტურდეს „ომიკრონის“ შტამის დაბალი ლეტალურობა, ვირუსის სწრაფი გავრცელება „შეარყევს“ ჯანდაცვის სისტემას, მიაჩნია WHO-ს წარმომადგენელს. ასეთ პირობებში მხოლოდ დიდი იღბლიანობის შემთხვევაში შეიძლება მაღალი სიკვდილიანობის თავიდან აცილება. ნაბაროს თქმით, ის არასოდეს ყოფილა ისე შეშფოთებული COVID19-ის გამო, როგორც ახლა. ამასთან დაკავშირებით ის გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ვაქცინაცია, მათ შორის ბუსტერების გამოყენება, ასევე გამონაკლისის გარდა ყველა ადამიანს შორის შემცირდეს სოციალური კონტაქტები. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონი“ ადამიანის ბრონქებში 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება კორონავირუსის ამოსავალ „დელტა“ შტამთან შედარებით. ევროპის კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, იანვარში „ომიკრონი“ შეიძლება დომინანტი გახდეს ევროპაში.
აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერი: საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განვაგრძობთ
Europetime-თან კომენტარში ამერიკის საელჩოს პრესსპიკერის განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ოთხი წლის შემდეგ, ახლახან დასრულდა, მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI) კი შეუძლია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობა გააძლიეროს. მისივე თანახმად, GDDEI შედგება ორი კომპონენტისგან: ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია ორგანიზაციულ ცვლილებებზე თავდაცვის სექტორში საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მეორე კი, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის ბრიგადების წვრთნებისა და ერთობლივი ოპერაციების გზით, რომლებიც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის. ამასთან, GDDEI ასევე ეფუძნება GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობით და ინსტიტუციური რეფორმებისა და მოდერნიზაციით, ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით. „შეერთებული შტატები ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, გემების ვიზიტებს და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომელთა მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის განვითარებას“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი Europetime-თან. Europetime-ის კიდევ ერთი შეკითხვა „3+3“ ფორმატში 10 დეკემბერს, მოსკოვში გამართულ შეხვედრას ეხებოდა. როგორც ცნობილია საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, ჩაერთოს ამ პლატფორმაში. მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა. ამასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს. „როგორც უკვე ვთქვით, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე ახალი სადისკუსიო პლატფორმების შესახებ წინადადებით გამოვა“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი.
2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციის დარბევის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. „სასამართლომ კერძოდ დაადგინა, რომ (საქართველოს ხელისუფლებამ) არ გაატარა ზომები ბრბოსაგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის შესახებ. ამას გარდა, არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ხელის არშეშლას ძალადობის აქტების მიმართ და ცრურწმენას, რაც ამ ძალადობის საფუძვლად იქცა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა აყენებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს. შეხლა-შემოხლის დროს, რაზეც პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
მოსკოვი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს პოლიტიზებულს უწოდებს
საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე პოლიტიზებულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. „ბერლინმა გუშინ გამოაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ორ რუს დიპლომატს აძევებს. როგორც ყველას გვესმის, საქმე, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიზებულია და არანაირი კავშირი არ აქვს კანონისა და სამართლის ცნებასთან”, - განაცხადა მარია ზახაროვამ რუსული მედიის ცნობით. ამავე თემაზე: გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალი დაადგინა და რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა
ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს მსგავსად, სიღარიბის პრობლემა საქართველოშიც გაამძაფრა, თუმცა „ისიც მართალია, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა“. „ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრი: წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა
„წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას და მაგალითად, მოიყვანა „ნამახვანჰესის“ პროექტის ჯერ შეჩერება, ხოლო შემდეგ ინვესტორის მიერ გაკეთებული განცხადება პროექტიდან გასვლის შესახებ. „მართალია, მთელ მსოფლიოში მსგავს მსხვილ და სტრატეგიულ პროექტებს თან ახლავს ანალოგიური სირთულეები; საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ამ ფაქტმა დაგვანახა მთელი რიგი სიღრმისეული პრობლემა, ზოგი ახალი, ზოგი ისტორიულად დაგროვილი და სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხები, დაწყებული უფრო დროული კომუნიკაციის დაწყების აუცილებლობით და ჩვენ ვაღიარეთ, რომ ამ კუთხით ჩავარდნა გვქონდა, დასრულებული ზოგადად ენერგოუსაფრთხოებაზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებით. ამაზე მოსახლეობასთან უნდა ვისაუბროთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა