ძებნის რეზულტატი:
საქართველოში COVID19-ის ინფიცირების 2164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 68 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის - 6.43% ხოლო 7 დღის - 5.94%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 291, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 142, გურია - 79, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 221, აჭარაში - 521, იმერეთში - 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 130, იმერეთში - 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 ადამიანი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 34, იმერეთში - 35. 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 - თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 298 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.
ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მიხიელ სააკაშვილის ადვოკატი: ნინო ბურჯანაძის დაკითხვას მოვითხოვთ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ბასილაია განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება. "მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მისი პოლიტიკურ მძევლობაში აყვანა მოხდა, პერმანენტულად ვითხოვდით სასამართლო პროცესების გამართვას, მაგრამ პროცესებს არ ნიშნავდნენ. შემდეგ, ჩანიშნულ სხდომებზე აღარ მოჰყავდათ, მისი ჯანმრთელობის დამძიმებას ელოდებოდნენ. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და ორჯერ დაესწრო სასამართლო განხილვებს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მან დღეს პროცესზე დასწრება ვერ შეძლო", - განაცხადა ბასილაიამ.
პრემიერის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, შობის წინა დღეს ჯარები გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, შობის წინა დღეს ჯარები გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან და ამით რეგიონში დაძაბულობა შეამციროს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის მშვიდობიანი დასვენების პერიოდი. „დიდი ოდენობით ძალების თავმოყრა ხდება და ამ მოქმედების შეჩერების ან შენელების ნიშნები არ არის. მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ კრემლთან ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით, თუმცა ძირითად პრინციპზე კომპრომისზე არ წავალთ. ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ NATO-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ეს ასევე ეხება პატარა ერების სუვერენიტეტის პატივისცემას. „იდეა, რომ ისეთ დიდ ძალას, როგორიც რუსეთია, შეუძლია, გადაწყვიტოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ პატარა მეზობლებმა, არის გავლენის სფეროების ცნების ხელახალი დანერგვა. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას ეხება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.
ეკატერინე ტიკარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობა ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობა ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ტიკარაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები დიალოგს მიმართავდნენ. „მასობრივ შიმშილობას რაც შეეხება, როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი საზოგადოებაში და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში, თუმცა, ნამდვილად მივიჩნევ, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ართულებს ქვეყანაში ისედაც არსებულ პანდემიურ სიტუაციას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
თამარ გაბუნია: ამ დროისთვის „ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის „ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. "ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც "ომიკრონზეა" საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება ",- აღნიშნავს გაბუნია. ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შტამით დაინფიცირებული ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან.
ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ნაჭრის ნიღბები „ომიკრონთან“ ბრძოლაში არაეფექტიანია
ექიმმა ლინა უენმა „ომიკრონთან“ მიმართებით ნაჭრის ნიღბების ეფექტიანობაზე CNN-ის ეთერში ისაუბრა. ტელეკომპანიის სამედიცინო ანალიტიკოსის თქმით, მოსახლეობამ სამფენიანი სამედიცინო ნიღაბი უნდა ატაროს, ნაჭრის ნიღბები კი ვირუსისგან არ იცავს. თავის მხრივ, პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ტრიშ გრინჰალგი ამბობს, რომ სხვადასხვა მასალების ნაზავით დამზადებული ორმაგი ან სამფენიანი ნიღბები შეიძლება იყოს უფრო ეფექტიანი, მაგრამ ნაჭრის ნიღბების უმეტესობა მხოლოდ „მოდის აქსესუარებია“. იქედან გამომდინარე, რომ „ომიკრონი“ უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მთელ შეზღუდვებს ამკაცრებენ მისი გავრცელების შესაჩერებლად. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში ბრიტანეთმა აღადგინა სავალდებულო ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და ზოგიერთ დახურულ ობიექტში. გარდა ამისა, ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის აქციის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ადგილობრივი ოპოზიციის მიერ გამართული „არასანქცირებული მიტინგისას“ მასობრივი არეულობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის და ქონების განადგურების ფაქტებზე. რადიო თავისუფლების ცნობით, ამ შინაარსის ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. წერია ისიც, რომ ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულის ჩადენასთან კავშირის მქონე პირების დასადგენად. 21 დეკემბერს, სოხუმის ცენტრში ადგილობრივი ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი "აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან“ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ. ოპონენტები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და მის ხელისუფლებას ადანაშაულებენ ყველა სფეროში მწვავე კრიზისის შექმნაში, კორუფციასა და განუკითხაობაში. აქციის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აღიარებენ პრობლემების არსებობას, მაგრამ მოუგვარებელ საკითხებს არ მიიჩნევენ „სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობის შერყევის საფუძვლად“. დე ფაქტო პრეზიდენტმა ოპონენტებს შესთავაზა სხვადასხვა საკითხზე ღია და კონსტრუქციული დიალოგი და განაცხადა, რომ "უკანონო, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს" აღკვეთდნენ. 21 დეკემბერს, გვიან ღამით, სოხუმში აქციის დასრულების შემდეგ, ასლან ბჟანიამ და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა ადგილობრივ სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადეს "მოვლენების ყველაზე ცუდი ვარიანტის აღკვეთისთვის".
კელი დეგნანი: რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს ნიკოლოზ სამხარაძესა და ირაკლი ბერაიას შეხვდა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონული დაძაბულობის ფონზე. „მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ დელეგაციის მიერ ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ვიზიტზე ვაშინგტონში. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საქართველოს და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, შეხვედრაზე განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი. როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ რეგიონული დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.
ერევანში ქალაქის მერს საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა
სომხეთის დედაქალაქ ერევნის საკრებულომ (უხუცესთა საბჭო) მერის, ჰაიკ მარუთიანის თანამდებობიდან გადაყენებას კენჭი უყარა. ქალაქის საბჭომ 44 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია მარუთიანისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, რომელსაც ქალაქის საკითხების „არასაკმარისი ეფექტურობით“ მართვაში დასდეს ბრალი. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, მარუთიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ გუნდს 2018 წელს განხორციელებული რევოლუციის მიზნებიდან გადახვევაში დასდო ბრალი. მან ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი განსხვავებული აზრის ჩახშობაში და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაადანაშაულა. „ვფიქრობდი, რომ რევოლუციონერის უზენაესი მიზანი სხვა ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყო. რეალურად კი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება დაიწყეს“, – აღნიშნა მარუთიანმა.
კელი დეგნანი: ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს, პრეზიდენტის ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტის ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს. ელჩის თქმით, ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე - სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში. „პრეზიდენტის ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. ყველა მხრივ მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე - სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მასში“, - განაცხადა კელი დეგნანმა. პრეზიდენტის თავისი ინიციატივის, ეროვნული თანხმობის ფარგლებში რიგი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს უკვე შეხვდა.
ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკური სექტორი მობილიზებულია და გამოწვევებს უმკლავდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში „ომიკრონის“ 24 დადასტურებული შემთხვევაა. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკური სექტორი მობილიზებულია და გამოწვევებს უმკლავდება. „ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა. 15 შემთხვევა არის კვლევაში და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვეული გამჭვირვალობით გააგრძელებს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორს, ის არის მზად. კლინიკური ჯგუფები, როგორც ადრე, ახლაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ პაციენტების ნაკადის მართვასთან დაკავშირებით. პირველადი ჯანდაცვა არის სრულად მობილიზებული, რომ ჰქონდეს დროული რეაგირება, სისტემა ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს და დარწმუენებული ვარ, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შტამით დაინფიცირებული ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან.
ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიიდან აირჩიეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 14 ხმით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი შოთა წურწუმია. გაბათილდა ერთი ბიულეტენი, რადგან მასზე კანდიდატი შემოხაზული არ იყო. მანამდე შოთა წურწუმიას 15-ივე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთხმად გამოუცხადა ღიად მხარდაჭერა. მათ შორის 7 წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ამდენივემ პარტიიდან “საქართველოსთვის” და ერთმა დეპუტატმა “ლელოდან”. ერთი ბიულეტენის გაფუჭების მიზეზად ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ შეეშალა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ფარულ კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წევრებმა, სულ 12-მა დეპუტატმა. სხდომის დასაწყისში “ქართული ოცნების” წევრმა ჯანო პერტაიამ განაცხადა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას კენჭისყრაში და არც საკუთარ კანდიდატს დაასახელებდნენ, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდა და დღეს “პოლიტიკური ქორწილი” იმართება. ჯანო პერტაიამ ასევე აღნიშნა, რომ ენანება ყოფილი თანაპარტიელი, ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი შოთა წურწუმია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” სათანამშრომლოდ. ამასთან, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.
ყაზახეთის პარლამენტმა სიკვდილით დასჯა გააუქმა
ყაზახეთის სენატმა ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო მუხლი, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის, გამოყენებას ითვალისწინებდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელმაც სიკვდილით დასჯის აკრძალვის კანონს ჯერ კიდევ იანვარში მოაწერა ხელი. ქვეყნის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ შესაბამის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებით სიკვდილმისჯილებს უმაღლესი ზომა უვადო პატიმრობით შეეცვლებათ. ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა დაახლოებით 17 მუხლი, მათ შორის უმაღლესი ზომით ისჯებოდა ტერორიზმი, ომის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაული და ქვეყნის პრეზიდენტსა და ქვეყნის პირველ ხელმძღვანელ ნურსულთან ნაზარბაევის სიცოცხლეზე ხელის აღმართვა. 2003 წლიდან ყაზახეთში სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული იყო მორატორიუმი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოებს ჩვეულებრივად გამოჰქონდათ სასჯელის უმაღლესი ზომა.
ენტონი ფაუჩი: „ომიკრონი“ ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე „დელტა“, თუმცა ნაადრევია დასკვნების გაკეთება, რომ ეს პანდემიის დასასრულის ნიშანია
ენტონი ფაუჩი ორ ახალ კვლევაზე მიუთითებს, რომლებიც აჩვენებს, რომ კოროვირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე „დელტა“ შმატი. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი თვლის, ნაადრევია დასკვნების გაკეთება, რომ ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. ენტონი ფაუჩის თქმით, ამ თეორიაზე დაყრდნობა სახიფათოა. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, პოზიციაა, რომ ვაქცინა სპეციალურად „ომიკრონის“ წინააღმდეგ ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზით აიცრან. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. .
ამერიკის ელჩმა მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა
საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეები, ნიკოლოზ სამხარაძე და ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. ქართული მხარის ცნობით, საუბრის მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. „მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული თემატიკა მიმოიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმატებულ ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეაჯამეს მისი შედეგები. შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების და მშვიდობის დამყარების პროცესში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გამყარების გზებზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეგიონულ უსაფრთხოებაში ხელშეწყობა და სამხედრო-პოლიტიკური კავშირების მეტი გაძლიერება. განიხილეს პარლამენტის დღის წესრიგში არსებული რეფორმები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა განხორციელდეს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეტი თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში. შეხვედრაში, კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი მონაწილეობდა“, - იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი: რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოზარ სუბარი: პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ
"გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ შოთა წურწუმიას არჩევას გამოეხმაურა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა. "დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია. ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ. დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას", - განაცხადა საზარ სუბარმა.
ადვოკატი: 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი განმარტავს, პროკურატურის მიერ დღეს სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკადრებით, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს, 7 მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება. ამასთან, ბასიალაია აცხადებს, რომ 7 ნოემბერს ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება და რომ პოლიციელების მხრიდან ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა გადაცდომებს ადგილი. „საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კადრები, ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე იყო გაფრთხილება, ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მომიტინგეებს საკმაო დრო მიეცათ, საპოლიციო მოთხოვნა შეესრულებინათ. საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა მდგარიყო, ვნახეთ, რომ მხუთავი აირით დაზიანებულ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ასევე ვნახეთ საკმაოდ მძიმე კადრები, როცა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე და ეს არ ყოფილა პერმანენტული. მე არ მითქვამს, რომ აქციის დაშლის დროს ყველა ეპიზოდში იყო პროპორციული ძალა", - განაცხადა ბასილაიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.