ძებნის რეზულტატი:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ამირან ძაბუნიძის) საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამირან ძაბუნიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა. სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება. ფრაქციას „ქართულ ოცნება“ სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება, ხოლო სხვა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თითო-თითო წევრი. სამუშაო ჯგუფში კვოტები განსაზღვრულია აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვისაც.
ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერად დანიშვნის დღიდან, მთავარი ყურადღება გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს. მისივე თქმით, წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, „წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროგრესი აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია; ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს, გარდა შიდა პოლიტიკური ვითარებისა თუ საგარეო პოლიტიკისა, ეკონომიკის აღდგენაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა, ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის ზრდა, განვითარება და ეს პროგრესი აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა და უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ ხედვას წარვადგენთ და ეს იქნება ჩემი მთავარი ოცნებაც, მიზანიც და იდეაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი გახარიას თქმით, პრეზიდენტის ინიციტივას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი
ყოფილი პრემიერი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ეროვნული თანხმობის შესახებ ყველამ უნდა შეუწყოს ხელი. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიყავს წინ. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველამ უნდა ვეცადოთ ქალბატონო პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს. კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტადაც, რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ამის შემდეგ შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე დღეს მიულოცა, რადგან 25 დეკემბერს საქართველოში არ იქნება. „ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრი საქმე და სამუშაოა. ამიტომ, რეგიონებში ხალხთან ბევრი მუშაობა გვიწევს. ეს არის და ეს. თან ახლა განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვებით. „რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაო და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა. გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოს მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცურების საჭინააღმდეგო ჯაჭვების, ზოგ შემხვევაში კი, არასეზონური საბურავებით მოძრაობა. ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია ხაშური-აწყური, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, ახალციხე-ნინოწმინდას და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე - კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს გააგრძელებს მთელი ღამის განმავლობაში და მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით“, - იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ირაკლი ღარიბაშვილი: დავიქირავე მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფი, რომ საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას აღმოსავლეთის ლუქსემბურგად
„ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Rothschild-ი დავიქირავე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, Rothschild-ი მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, რომლის ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. „მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East - ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე. ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ორმხრივ ფორმატში ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, აზიის ქვეყნებთან. ამიტომ გვჭირდება მეტი მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბიზნესწრეებთან, არსებული კავშირების გამოყენება და გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი დასაქმება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის და საქართველოს წარმატებული მაგალითის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი და ძალიან ბევრი მიღწევით, პროგრესით შეგვიძლია ვიამაყოთ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც რეგიონშია და ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთ ბარიერი ინვესტორებისთვის, მაგრამ ჩვენი პრაგმატული, გონივრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, ვფიქრობ, ამ ფსიქოლოგიურ ბარიერსაც დავძლევთ და ინვესტორებსაც დავარწმუნებთ, რომ ინვესტიცია საქართველოში არის დაცული, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სფერო, რომლითაც უნდა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება და ა.შ. მეტი სავაჭრო ხელშეკრულება გვჭირდება, მეტი პირდაპირი რეისი წამყვან ეკონომიკებთან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების ზრდასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
ვარკეთილში, ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კლუბების წარმომადგენლებმა დაწესებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს
კლუბების წარმომადგენლებმა დაწესებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს მიმართავენ თხოვნით, რომ მიეცეთ კლუბებში „მწვანე პასპორტი“ მიიღეს, მაგრამ ჩვენ გადაგვაგდეს, რასაც შეიძლება ეწოდოს მიზანმიმართული ბრძოლა. წინა კვირიდან ამ კვირაში გადადებული ღონისძიებები ჩატარდება, რადგან მიღებული გარანტიის შესაბამისად ფინანსური ვალდებულებები ავიღეთ საკუთრ თავზე, რითაც ღონისძიებები დავიწყეთ. აბსოლუტურად ყველა ღონისძიება ჩატარდება, რომელიც ამ ეტაპზე დაანონსდა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ან რომელიმე ადგილი დაილუქება ან მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, მთელი საკლუბო სცენა იქნება ერთიანი და მივმართავთ პროტესტის მწვავე ფორმას. სავარაუდოდ, ეს იქნება დიდი აქცია. თუ დალუქვისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის მუქარით წავლენ სხვა გზა არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ამ ინდუსტრიის მოყვარული და ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები გავაერთიანოთ და მწვავე პროტესტის ფორმას მივმართოთ. არ დავემორჩილებით, უკვე არ ვემორჩილებით“, - განაცხადა საკლუბო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვახტანგ ქავთარაძემ. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლუბების განხსნასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
პრეზიდენტი: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაში მონაწილეებს მიმართა. პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრულ მხარდაჭერას ითხოვს. „შიგნით, ისევე როგორც გარეთ პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს. პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე თემაზე პრეზიდენტი: ეროვნული თანხმობის პროცესში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება
ჯანმოს დირექტორი: 2022 წელს COVID19-ის პანდემია უნდა დასრულდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირების თქმით, გლობალური პანდემია მომავალ წელს უნდა დასრულდეს. „მჯერა, რომ პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან ორი წლის შემდეგ, ჩვენ კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს ყველა ინსტრუმენტი [მასთან საბრძოლველად]”, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა Politico-ს ცნობით. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზები აჩვენებს, რომ ვაქცინის მარაგი საკმარისი უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციისთვის და 2022 წლის პირველი კვარტლისთვის მაღალი რისკის მქონე პოპულაციებისთვის გამაძლიერებლებით ასაცრელად. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისისთვის „ომიკრონი“ ევროპაში დომინანტური გახდება, ხოლო მის მიერ გამოწვეული დაავადების სიმძიმის დადგენას 3-4 კვირა დასჭირდება. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
სტამბოლის აეროპორტში ამერიკელი დიპლომატი დააკავეს
თურქეთის პოლიცია აცხადებს, რომ გასულ თვეს სტამბოლის აეროპორტში ამერიკელი დიპლომატი დააკავეს, რადგან ეჭვობენ, რომ მან საკუთარი პასპორტი სირიის მოქალაქეს გადასცა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ოფიცრები ამბობენ, რომ სირიელი კაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც RS, დოკუმენტის გამოყენებით გერმანიაში გაფრენას ცდილობდა. ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ ამერიკელი ბეირუთში აშშ-ის საკონსულოში მუშაობდა და დაკავებისას 10 000 დოლარის ოდენობით ნაღდი ფული ჰქონდა. 11 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაკავებულმა და სირიელმა კაცმა ტანსაცმელი გაცვალეს აეროპორტში, განაცხადა პოლიციამ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუკეთებია კომენტარი გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სირიელს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებაში ედება ბრალი და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თურქეთის პოლიციის ცნობით, დიპლომატი, რომლის ინიციალებია DJK, პატიმრობაში რჩება. ასევე წაიკითხეთ: ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“ დიპლომატიური ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ბოლო წლებში დაიძაბა, მათ შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირება მოჰყვა დასავლეთის ქვეყნების ელჩების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ბიზნესმენ და ფილანტროპ ოსმან კავალას პატიმრობის გამო. ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: 3+3 ფორმატი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი თვლის, რომ „3+3“ ფორმატმა შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში. ირანელმა მინისტრმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას „3+3“ ფორმატში ირანის მონაწილეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის მიღმა არსებულ უცხო ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ რეგიონის საქმეებში და რეგიონის ქვეყნებს საკუთარი პრობლემების მოგვარება თავად შეუძლიათ. თავის მხრივ, ალიევმა განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებმა რეგიონის პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ. „ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეგიონის მიღმა მყოფი ქვეყნების ჩართვის რეგიონულ საქმეებში. გვჯერა, რომ რეგიონში არსებული კავშირები სასარგებლოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ალიევმა. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
FDA-მ Pfizer-ის ანტივირუსული აბი დაამტკიცა
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer-ის მიერ დამზადებულ ანტივირუსულ აბს ავტორიზაცია მიანიჭა. Paxlovid კორონავირუსის სამკურნალდ გამოიყენება. იტყობინება CNN-ი. ეს არის Covid19-ის სამკურნალო პირველი აბი, რომლის მიღებაც პაციენტებს სახლში შეუძლიათ. Paxlovid-ი აერთიანებს ახალ ანტივირუსულ პრეპარატს - ნირმატრელვირი და უფრო ძველს - რიტონავირს. გასულ კვირას Pfizer-მა გამოაქვეყნა განახლებული შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს, თუ პრეპატარით მაღალი რისკის მქონე მოზრდილები პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში იმკურნალებენ. სიმპტომებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში, ეფექტიანობა 88%-ს შეადგენს. ამავე თემაზე: Pfizer-ი: საბოლოო კვლევით, Covid19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბი თითქმის 90%-ით ეფექტურია
მიხეილ სააკაშვილი: მასიური შიმშილობის შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა
„ხალხს, ვისაც შიმშილობა პროტესტის მარგინალური და არაეფექტური ფორმა ჰგონია“, ექსპრეზიდენტი „შეახსენებს, რომ მასიური შიმშილობის შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი აპარტეიდი ჩამოშალეს“. შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მეგობარი ანატოლი შარანსკი, საერთო ჯამში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა და რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრებზე მის თემას მთავარი ადგილი ეჭირა. „შარანსკი იყო მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, რომელიც ასევე დიდხანს და ბევრჯერ შიმშილობდა. ანატოლი შემდეგ ისრაელში წავიდა, იქ მინისტრი გახდა და გამოაქვეყნა წიგნი დემოკრატიაზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო და ეს წიგნი იყო ბუშის შთაგონების ერთ-ერთი წყარო, რატომაც დაუდგა გვერდით ვარდების რევოლუციას და მუდმივად საუბრობდა საქართველოზე. საქართველოში ეროვნული მოძრაობის ფართოდ გაშლას სტარტი მისცა 1988 წლის მასობრივმა შიმშილობამ. შიმშილობა არაა უსაფრთხო პროცესი. მას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი დისიდენტი ნაზი შამანაური, რომელიც ფსიქიატრიულ საპყრობილეში გარდაიცვალა მრავალდღიანი შიმშილობის შედეგად. ცნობილი უკრაინელი პოეტი და დისიდენტი ანატოლი მარჩენკო დაიღუპა შიმშილობისგან დონეცკის კოლონიაში.ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, მუდმივად იყვნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ, მიიღონ მინერალური დანამატები რეგულარულად. სწორედ ამ მინერალური დანამატების დახმარებით, რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს, ტყვედ აყვანილმა ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა ანატოლი სენცოვმა 120 დღე გაძლო შიმშილობის რეჟიმში რუსეთის ციხეებში. იმედია ჩვენ ამდენი დრო არ დაგვჭირდება, ვინაიდან გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციები მთავრობის სრული გაღორების და ხალხის ასეთი ჩაგვრის და დაცინვის ფონზე. ძალიან დიდი უსამართლობის გამო, რომელიც ყოველდღიურად ეხება თითოეულ მოქალაქეს. თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ მოლაპარაკე თავები კი არ ხართ, არამედ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად. ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული
გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს
გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო აშშ-ის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს. ავღანეთი ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა მას შემდეგ, რაც მასზე კონტროლი „თალიბანმა“ დაამყარა. France24 წერს, რომ რეზოლუცია პირველი ნაბიჯია ეკონომიკურ კოლაფსზე საპასუხოდ. მილიარდობით დოლარის დახმარება და აქტივები დასავლეთმა გაყინა, რასაც გაერო „უპრეცედენტო ფისკალურ შოკს“ უწოდებს დახმარებაზე დამოკიდებული ავღანეთის ეკონომიკისთვის. უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნებადართულია სახსრების, სხვა ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების გამოყენება და საქონლისა და მომსახურების მიწოდება, რომლებიც აუცილებელია ასეთი დახმარების დროული მიწოდების ან ასეთი საქმიანობის მხარდასაჭერად. „ასეთი დახმარება „არ არის „თალიბანთან“ დაკავშირებული სუბიექტების მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა, რომელთა რეჟიმი ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს კობა დავითაშვილი რომ აქ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესის ამ წამოწყებაში ჩემს გვერდით იქნებოდა
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც 7 ნოემბერს კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა, სახელმწიფო ჯილდო დღეს კობა დავითაშვილის ოჯახს გადასცა. კობა დავითაშვილის მეუღლემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, კობა დავითაშვილის თანამებრძოლეებს, მეგობრებსა და ქართველ ხალხს, მისი გულშემატკივრობისათვის, გამხნევებისა და იმედისათის, რომელიც მას სიცოცხლისა და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების ძალას აძლევს. ,,კობა აქტიურად ჩაერთო 1988 წლიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ყველანაირად ცდილობდა, თავისი კომპეტენცია, თავისი განათლება გამოეყენებინა ქვეყანაში საკანონმდებლო სივრცის განვითარებისათვის. შემდეგ სამწუხაროდ აფხაზეთის ომი დაიწყო და იყო აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მონაწილე. შემდეგ წარმატებული საადვოკატო კარიერა მიატოვა და დადგა ქვეყნის სამსახურში. იყო ოთხგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, ორჯერ იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, და ცდილობდა, რომ უკეთესი ქვეყნისთვის, უკეთესი ბაზა შეექმნა. სამწუხაროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ის იძულებული გახდა ოპოზიციაში გადასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ იყო თვალთვალი, ზეწოლა, თავდასხმები მაინც მოახერხა, რომ სამართლიანობისათვის ბრძოლა კანონის ჩარჩოდან არ გამოსულიყო. მე ყველაზე დასაფასებლად სწორედ ეს მიმაჩნია დღეს. იყო კანონმორჩილი მოქალაქე და ჩემი შვილებიც როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ისე აღზარდა და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ დღეს“, - განაცხადა ინგა ბიწაძემ. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს ხშირად შერიგებას უწოდებენ, ამ სიტყვას იყენებენ უფრო იმისთვის, რომ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს შეუძლებელია. ,,ჩემთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ემოციურია, რამეთუ დღეს ჩვენ გვინდა, რომ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელიც ისტორიული ფიგურა, ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი იყო. სწორედ ამ დღეს, 30 წლის წინ დაიწყო სამოქალაქო ომი და ჩვენი ისტორიის ძალიან მძიმე ფურცლები. ეს ყველაფერი იმას უნდა გვახსენებდეს, რომ არაფერი არასოდეს არ არის მიღწეული ბოლომდე და ყველაფერი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ადამიანებზე, პიროვნებებზე და სწორედ ეს ძალიან გვაკლია დღეს. რაც დრო გადის სამაგალითო პიროვნებები, რაღაცნაირად ხელიდან გვეცლება, ეს ახალი თაობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ეს უპირატესობა, რადგან მამათქვენი თქვენთვის ძალიან დიდი მაგალითია და შეგიძლიათ ამით იამაყოთ. მე ძალიან მინდოდა, რომ დაჯილდოების დღე ყოფილიყო მაშინ, როცა საზოგადოების იმ ნაწილთან მექნებოდა შეხვედრა, რომელიც იმ პერიოდის მსხვერპლია, რომელის იარები ჯერ არ არის მოშუშებული და საჭიროა, სხვანაირად დავასრულოთ ჩვენი ისტორიის ეს ფურცელი. ეროვნული თანხმობის ის პროცესი, რომელიც ჩემი ინიციატივით იწყება, უალტერნატივო და აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, თუ მისი მომავალი გვადარდებს და გვაინტერესებს. ეს პროცესი უთქვენოდ არ იქნება და ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში თქვენი დავიწყებით. ამავე დროს, ეს არ არის რაღაც სტერილური რევანშის დაწყება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამის რესურსიც აღარ გააჩნია. ჩვენ უნდა მოვნახოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც იქნება სიმართლის დადგენა და რაც ყველა ქვეყანას და ყველა თაობას სჭირდება. ჩვენ თუ არ ვიცით, რა არის სიმართლე, რა არის ჩვენი ისტორია, მაშინ წინ ვერ მივდივართ და საქართველოს პრობლემა არის ის, რომ ჩვენ, ჩვენი ისტორიის ბოლო სამი საუკუნის არცერთ ფურცელზე არ გვაქვს შეთანხმებული გაგება და გააზრება. და მე ვარ ამის ნათელი მაგალითი: აღვიზარდე იმ ემიგრაციაში, სადაც ნახევარი თვლიდა, რომ მეორე ნახევარმა დაკარგა საქართველო - და დღესაც არ ვიცით, ვისი რა წვლილი იყო ამაში, რაც შეიძლება გარდაუვალი იყო, ან არ იყო. ანუ, ამ ყველაფრის ზუსტი შეფასება არ არსებობს, შემდეგი პერიოდებიც ასეთივე ბუნდოვანებითაა მოცული და ყოველ ჯერზე დაპირისპირების საგანადაა ქცეული, რადგან ჩვენ არ მივდივართ ამ გააზრების პროცესის ბოლომდე, რომელიც მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესია. ეს პროცესი მოიცავს სიმართლის რაღაც დონემდე დადგენას, ეს არ არის რაღაც მითიური გაერთიანება, მითიური შერიგება, ამ სიტყვას ხმარობენ, მე არ მიხმარია და ხმარობენ უფრო იმისთვის, რომ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ შეუძლებელია. ეს პროცესი ეკუთვნის საზოგადოებას, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების პროცესი, მათ ექნებათ თავიანთი ადგილი ამ პროცესში, როცა ამის დრო მოვა. მე თუ ვხვდები დღეს პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიებს, ეს იმისთვის, რომ მათ ავუხსნა ეს, რომ არ ვაპირებ, ვეცადო მათ შორის მივაღწიო რაღაც შერიგებას. მე რეალურად სიტყვისა და გარკვეული ნდობის გარდა არანაირი სხვა რესურსი არ გამაჩნია. მე ვაპირებ, რომ საზოგადოებისგან წამოსული ძლიერი მოთხოვნა იყოს ის მიმართულება, რაც შემდეგ ეტაპებზე პოლიტიკურ პარტიებს აიძულებთ, გაითვალისწინონ, რაც ამ საზოგადოების დღევანდელი განწყობაა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რომ ასე დაპირისპირება არ შეიძლება, რომ ეს პოლარიზაცია მხოლოდ ჩვენ გვავნებს და გვასუსტებს. ამ ყველაფრის თქმა მინდოდა სწორედ დღეს კობა დავითაშვილის დაჯილდოებაზე. ის იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, და დღეს რომ აქ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის ამ წამოწყებაში ჩემს გვერდით იქნებოდა, რომელიც ვიცი, რომ რთული, გრძელვადიანი და რისკიანია და არ ვარ დარწმუნებული, რომ მივაღწევ შედეგს, მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამ პროცესზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი და შემდგომ თუ რამე არ გამოვიდა, არავის ბრალს არ დავდებ. თქვენ კი, მხნეობას, გამძლეობას და კობა დავითაშვილის ღირსად ყოფნას გისურვებთ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ომბუდსმენის ანგარიში ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე მიუთითებს
საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გააცნო, რომელიც მოიცავს როგორც 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პანსიონში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგებს, ისე რეინტეგრაციაში მყოფი და ზრუნვის სხვა ფორმაში განთავსებული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე მონაცემებს. ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებების ეფექტიანობის შესწავლის შედეგები. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკითხის შესწავლის შედეგები ცალსახად მიუთითებს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებათა სისტემურ დარღვევებზე, არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე. „ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატიურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც. არასრულწლოვნები მიუთითებდნენ დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე. პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ. ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ. აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“,„დედისგან მიტოვებული“. ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელებისერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას“, - ვკითხულობთ ანგარიშში. „ამასთან, საგულისხმოა, რომ დაწესებულებაში დაცული არ ყოფილა ბავშვების ჯანმრთელობა, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ბავშვებს არ ჰქონდათ სათანადო კვება, ხელი არ ეწყობოდა მათ ასაკის შესაბამისად განვითარებასა და განათლებას, ისინი ფაქტობრივად იზოლირებულნი იყვნენ გარე სამყაროსგან, რამაც, საბოლოო ჯამში, არასრულწლოვნები განსაკუთრებულად მოწყვლადები გახადა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა მათიდამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობის ასპექტებზეც“, - ვკითხულობთ ანგარიშში. საქმეთა შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა. წინადადებით სახალხო დამცველმა მოითხოვა: საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება; საქმეთა კვალიფიკაციის შეცვლა; საგამოძიებო სტრუქტურული ერთეულისა და ზედამხედველი პროკურორის შეცვლა; საქმიდან მოქმედი სოციალური მუშაკის ჩამოშორება; ასევე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, რელევანტური ექსპერტიზების ჩატარება, ტელეფონისა თუ შესაბამისი კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, პანსიონის ხელმძღვანელი პირების (საერო და სასულიერო) გამოკითხვა, სამედიცინო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მოპოვება, კონკრეტულ შემთხვევებში დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და სხვა. სახალხო დამცველის აპარატმა დეტალური დოკუმენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ოთხი სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა. „საქმის მასალებმა აჩვენა, რომ გამოძიებებს აქვს არსებითი ხარვეზები ეფექტიანობის მიმართულებით, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ხშირ შემთხვევაში გულგრილად უდგებიან არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, წლების განმავლობაში აჭიანურებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებენ მსხვერპლი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებენ სტერეოტიპულად, არ ანიჭებენ მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს, არ ცდილობენ, შეკრან დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და სრულფასოვნად გამოავლინონ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში. სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ ეფექტიანი გამოძიება შექმნიდა საფუძველს დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ, მათი პასიური თუ აქტიური როლის გათვალისწინებით. გარდა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებების შეფასებისა, ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენები კვლავ რჩება აპარატის განსაკუთრებული ყურადღების ფარგლებში. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები უკვე ექვსი თვეა, მუშაობენ აღსაზრდელების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისა და აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ალტერნატიულ სერვისში გადაყვანის საკითხებზე. 2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში სულ 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი, 22 აღსაზრდელი განთავსდა. ნინოწმინდის პანსიონიდან ზრუნვის სხვა ფორმაში გადაყვანილი არასრულწლოვნებიდან 15 გადაყვანილია მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ხოლო 7 - მინდობით აღმზრდელ ოჯახთან. ამ პერიოდში ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის ნინოწმინდის პანსიონში დაბრუნების 2 შემთხევა დაფიქსირდა, რაც ბიოლოგიური ოჯახების მზაობისა და მათი სათანადოდ გაძლიერების გამოწვევებს უკავშირდება. 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 ფაქტობრივად პანსიონში ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები განაგრძობენ დაწესებულებაში 24-საათიან მორიგეობას და არასრულწლოვნების საჭიროებების შეფასებას. დადებითად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით, ამჟამად პანსიონის აღმზრდელებს არ ეძლევათ საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლის შენობაში ყოფნის შესაძლებლობა, ხოლო თავად ბავშვებს აქვთ დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისა და სოციალიზაციის საშუალება. ასევე, აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელები დამოუკიდებლად დადიან სკოლაში. თუმცა, ნინოწმინდის პანსიონში კვლავ არაერთი ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მათ შორის, ბავშვებთან მომუშავე უწყებებსა და დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის, აღმზრდელების პროფესიული გადამზადების, დოკუმენტაციის მოწესრიგების, ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევისა და უზრუნველყოფის კუთხით. ამ დრომდე, პანსიონს არ აქვს განახლებული შინაგანაწესი, დაწესებულებაში არ ინახება ყველა ბავშვის განახლებული ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ხოლო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გეგმაში გაწერილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მათ აღმზრდელებს. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ დაწესებულებაში ამჟამადაც ირიცხება ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მართალია, სახალხო დამცველის რწმუნებულებს და საზოგადოებას აცნობეს, რომ პანსიონიდან ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო გაყვანილი, თუმცა, იმ პერიოდში დაწესებულებაში კვლავ ირიცხებოდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი ზრუნვის სხვა ფორმაში მხოლოდ 2021 წლის 24 სექტემბერს გადაიყვანეს, ხოლო მეორე კვლავ პანსიონში ცხოვრობს. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ დაწესებულებაში მცხოვრები არაერთი არასრულწლოვნის დოკუმენტაციაში პირდაპირ არის აღნიშნული ფსიქოლოგის, ხოლო ერთ შემთხვევაში, ფსიქიატრის ჩართულობის საჭიროება, რაც სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგი თავად პანსიონის ხელმძღვანელობამ მოიძია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა დაწესებულებაში. გამოიკვეთა ასევე, აღსაზრდელებთან მომუშავე სოციალურ მუშაკებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის გამოწვევები, რაც ართულებს ბავშვთან მიმართებით დაგეგმილი ღონისძიებების დროულად განხორციელებას და უარყოფითად აისახება არასრულწლოვანთა ინტერესებზე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა აღსაზრდელმა რამდენიმე თვის წინ სოციალურ მუშაკთან საუბარში გამოხატა სურვილი, რომ გამოიკითხოს პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებისთვის და არც იმის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, მიმართა თუ არა სხვა სოციალურმა მუშაკმა. მრავალთვიანი მუდმივი და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დინამიკა. ცალსახაა, რომ საკითხის სიმწვავის და სოციალური მუშაკების 6 თვის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონის ყველა აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და არსებითად მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფა. ვერ მოხერხდა დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებიდან ყველა ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ, ოჯახთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ ფორმაში გადაყვანა. აღნიშნული არღვევს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებებს, არ შეესაბამება მათ ინტერესებს და წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვების დაცვისა და მათზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არაეფექტური პოლიტიკის მაგალითს. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად განაგრძობს როგორც მიმდინარე გამოძიებების, ისე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ სტამბოლის აეროპორტში დაკავებული მოქალაქე ამერიკელი დიპლომატი არ არის
სახელმწიფო დეპარტამენტი Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში განმარტავს, რომ სტამბოლის აეროპორტში დაკავებული მოქალაქე ამერიკელი დიპლომატი არ არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა, რომ დაკავებულია ამერიკის მოქალაქე და ამ საკითხზე საკონსულო სამსახური მუშაობს. „ჩვენთვის ცნობილია თურქეთში აშშ-ის მოქალაქის დაკავების შესახებ. ეს პიროვნება არ არის ამერიკელი დიპლომატი. ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამის საკონსულო მომსახურებას“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, საერთაშორისო მედია თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სტამბოლის აეროპორტში ამერიკელი დიპლომატი დააკავეს.
უკრაინამ და რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს
უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „ახალი შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში (TCG), ელჩმა მიკო კინუნენმა. მისი თქმით, სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ანგარიშების მიხედვით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება საკონტაქტო ხაზზე არასტაბილური იყო და 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, დღეში დაახლოებით ხუთჯერ მეტი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა ფიქსირდებოდა. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმება 2020 წლის ივლისში გაფორმდა. ბოლო თვეების განმავლობაში კიევი და მოსკოვი ხშირად ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ამ შეთანხმების დარღვევაში.
ესპანეთში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა
ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა. ესპანეთში მოსახლეობის 80% აცრილია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ყოველდღიურად COVID19-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება . გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 50 ათასი მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.
ევროკავშირი პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
ევროკავშირი პოლონეთის წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დავას იწყებს. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ბრიუსელი სამართლებრივ პროცედურას დაიწყებს პოლონეთის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო, რაც პოლონეთის მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს რეფორმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სერიოზული ეჭვები აქვთ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მანამდე, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესი პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა უნდა იყოს.