ძებნის რეზულტატი:
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 661 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 661-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 676 520 აცრა გაკეთდა. ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი რუსეთის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონი ახალ კანონმდებლობას წარადგენს, რათა სანქციების რეჟიმი გამკაცრდეს და რუსეთში უფრო მეტი კომპანია და ფიზიკური პირი სანქციების სამიზნე გახდეს. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება
მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის ვადა მცირდება
შეხვედრები გვქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და უკვე მომდევნო კვირიდან იწყება სამინისტროში განაცხადების მიღება თურქული წარმოების მედიკამენტების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მცირდება აღიარებული ქვეყნებიდან მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვის ვადა. „თურქეთის ბაზარი აღიარებითი ქვეყნების ბაზაში შევიდა და გაიხსნა. გვქონდა შეხვედრები ფარმაცევტულ კომპანიებთან და უკვე მომდევნო კვირიდან იწყება სამინისტროში განაცხადების მიღება თურქული წარმოების მედიკამენტების კუთხით. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვამცირებთ აღიარებული ქვეყნებიდან იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას, ეს ვადა პანდემიის პერიოდში გაზრდილი იყო 45 დღემდე და ახლა შემცირდება შვიდ დღემდე, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად შევძლოთ მედიკამენტების შემოტანა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი: არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება
ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება. ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა, არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. „ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის. ტესტირებას რაც შეეხება, მან (ამირან გამყრელიძემ) გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება,“- განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ამირან გამყრელიძე: პირველი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება
ზურაბ აზარაშვილი: ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან, დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე შეგვიმცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დღეისათვის 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. „დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა,“ - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ჯანდაცვის მინისტრი: არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება
მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 703 ადგილი გამოიყოფა
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში პირველი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის – ოთხი ადგილი. გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან პარკირების არეალებში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები კონსულტაცის მიღებასა და უფასო პარკირებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლას შეძლებენ. "ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: დიდუბის რაიონი: გიორგი ცაბაძის ქუჩა – 61 ადგილი; აკაკი წერეთლის გამზირი – 29 ადგილი; ჩუღურეთის რაიონი: მურმან ლებანიძის ქუჩა – 25 ადგილი; გენერალ კვინიტაძის ქუჩა – 18 ადგილი; დავით აღმაშენებლის გამზირი – 203 ადგილი; ბაქოს ქუჩა – 21 ადგილი; ია კარგარეთელის ქუჩა – 19 ადგილი; ლუი პასტერის ქუჩა – 37 ადგილი; ორდე დგებუაძის ქუჩა – 23 ადგილი; ჯანსუღ კახიძის ქუჩა – 16 ადგილი; გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა – 20 ადგილი; ზურა ჭავჭავაძის ქუჩა – 24 ადგილი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა – 47 ადგილი; სანკტ-პეტერბურგის ქუჩა – 17 ადგილი; დოდო აბაშიძის ქუჩა – 27 ადგილი. მთაწმინდის რაიონი: თავისუფლების მოედანი – 14 ადგილი; გიორგი ლეონიძის ქუჩა – 38 ადგილი; ივანე მაჩაბლის ქუჩა – 55 ადგილი; გერონტი ქიქოძის ქუჩა – 41 ადგილი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ნედ პრაისი: აშშ-მ აცნობა უკრაინის ხელისუფლებას, თუ როგორი იქნება ჩვენი ხედვა რუსეთის მოთხოვნებზე და წერილობით პასუხში მათი პოზიციაც ავსახეთ
აშშ-მა შეატყობინა უკრაინის ხელისუფლებას, თუ როგორი იქნება შტატების წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე და ამ პასუხში კიევის პოზიციაც გაითვალისწინა, - ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთანაც. ჩვენ არა მხოლოდ გავაცანით მათ, თუ როგორი იქნება ჩვენი პასუხი, არამედ გავითვალისწინეთ მათი მხრიდან უკუკავშირი და ავსახეთ ის დოკუმენტში. შესაბამისად, აქ სიურპრიზები არ იქნება - არც NATO-სთვის, არც ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის და არც უკრაინელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ჩვენ არა მხოლოდ ვაცნობეთ მათ და მივეცით წინასწარი ხედვა იმის შესახებ, თუ რა იქნება ამ ანგარიშში, არამედ ჩვენ ფაქტობრივად ცალსახად მოვითხოვეთ მათი გამოხმაურება და ჩავრთეთ ეს გამოხმაურება ჩვენს ანგარიშში. ასე რომ, სიურპრიზები არ იქნება. ნატოსთვის სიურპრიზები არ იქნება; ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის სიურპრიზები არ იქნება; ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისთვის სიურპრიზები არ იქნება. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უკრაინის საკითხის განსახილველად შეხვდა
მამუკა მდინარაძე: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გამზადებული ტექსტი გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ არ დარჩება რეალური მიზეზი საიმისოდ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საერთო პოზიციის შეჯერება, თუკი, ჩვენი კოლეგები, თუნდაც, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ, წამოვლენ იმაზე, რომ, უტრირებულად რომ ვთქვათ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში, შეთანხმება მარტივია“, - განაცხადა მდინარაძემ. ასევე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
Pfizer-თან კოვიდვაქცინის ახალი დოზების შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა Pfizer-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი დოზების შემოტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისივე თქმით, კიდევ უფრო გასააქტიურებელია ვაქცინაციის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. „Pfizer-თან მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვაქვს და გპირდებიან, რომ ახალი პარტია შეთანხმებიდან 4-6 კვირაში ჩამოვა. Pfizer-ს რაც შეეხება, ადგილზე გვაქვს 500 ათასზე მეტი დოზა, სხვა ვაქცინები გვაქვს 1,5 მილიონი დოზის ფარგლებში. დავგეგმეთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოდან იმ რეგიონებში, სადაც ნაკლები იყო ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე, ჩვენი მობილური ჯგუფები გავლენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, ხოლო პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, არ ვიცი, რომელი სამხედროების გამოყვანას აპირებს პრეზიდენტი. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მთავრობის სახელით უკრაინელებს ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 25 იანვარს, ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში ხორვატია NATO-ს ძალების შემადგენლობიდან თავის სამხედრო კონტინგენტს გაიყვანს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის.
დმიტრო კულება: კარგად ვიცით, რას ეტყვიან ჩვენი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას
უკრაინა ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებზე შეერთებული შტატების წერილობით პასუხს არ აპროტესტებს. ამის შესახებ უკრაინული მედია მინისტრ დმიტრო კულებას კომენტარზე დაყრდნობით წერს. „ეს [უკრაინის პოზიცია] გათვალისწინებულია და წინადადებები, რომლებსაც შეერთებული შტატები გაუგზავნის რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით, არ იწვევს ჩვენს წინააღმდეგობას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, უკრაინული მხარე აგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კონსოლიდირებული წინააღმდეგობის კონტექსტში, ასევე აშშ-სა და NATO-ს მიერ წერილობითი პასუხების მომზადების ფონზე. „ჩვენ კარგად ვიცით, რას ეტყვიან ჩვენი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას - ჩვენ ეს ვიცით და ეს პასუხი კოორდინირებულად მომზადდა“, - განაცხადა კულებამ. ნედ პრაისი: აშშ-მა შეატყობინა უკრაინის ხელისუფლებას, თუ როგორი იქნება მათი წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე
თბილისი მერია სამგზავრო ბარათ „მეტრომანთან“ დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
თბილისი მერია სამგზავრო ბარათ „მეტრომანთან“ დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბარათი უქმდება, რაც სიცრუეა. „მეტრომანები არ უქმდება. აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია. მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას. თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, - აღნიშნავენ მერიაში. პირველი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება.
მექსიკის ციხეში მომხდარი ჩხუბის შედეგად სულ მცირე 8 პატიმარი დაიღუპა
მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე შტატ კოლიმაში, ციხეში, პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 8 და დაშავდა 7 პატიმარი, - ამის შესახებ Anadolu წერს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ციხეში ორი დაპირისპირებული ჯგუფი იყო, რომელსაც ერთმანეთთან ადრეც უჩხუბია. უსაფრთხოების ძალებმა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეძლეს ჩაკეტილი საკნების გაღება და, ამჟამად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მომხდარზე დაწყებულა გამოძიება.
შალვა პაპუაშვილი: NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გამოვთქვი მადლიერება NATO-ს მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანესთან შეხვედრაზე გამოვთქვი მადლიერება NATO-ს მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. "მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანესთან. გამოვთქვი ჩვენი მადლიერება ნატოს მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის. ვრჩებით ერთგულ და სანდო პარტნიორებად, რომლებსაც განზრახული აქვთ, მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას საქართველოსა და რეგიონში“, - წერს პაპუაშვილი.
დანია კოვიდშეზღუდვების გაუქმებას გეგმავს
დანიის მთავრობა გეგმავს, 31 იანვრიდან გააუქმოს პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვა, იტყობინება Reuters-ი. დეკემბერში, კორონავირუსის გავრცელების გამო დანიაში მიღებულ რიგი შემაკავებელი ზომები დააწესეს. მყიდველებისა და ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობის კონცეფცია დაინერგა მაღაზიებისა და რესტორნებისთვის, სპორტული დარბაზებისთვის, კაზინოებისთვის, გასართობ პარკებისთვის, საკონფერენციო დარბაზებისთვის და სხვა. მთავრობამ მოუწოდა კერძო და სახელმწიფო საწარმოებს, მოეწყოთ თანამშრომელთა დისტანციურად მუშაობის სივრცე. 16 იანვრიდან, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კინოთეატრებს, მუზეუმებსა და თეატრებს კიდევ ერთხელ შეუძლიათ ვიზიტორების მიღება, ხოლო გულშემატკივართა შეზღუდულ რაოდენობას უფლება აქვს, შეჯიბრს დაესწროს დამცავი ნიღბით და კოვიდპასპორტის წარდგენით. დანიის მცხოვრებლების 80,5%-ვაქცინირებულაი ორი დოზით, 59,5%-ს უკვე მიღებული აქვს გამაძლიერებელი დოზა.
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს NATO-ში გასაწევრიანებლად
დაგეგმილია მადრიდში სამიტის ჩატარება, რომელზეც განიხილება NATO-ს სტრატეგია მომავალი წლებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება წარვადგინოთ წინადადებები, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში დღეს შეხვედრებს მართავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს კომუნიკაცია აქამდეც იყო და მნიშვნელოვანია საქართველოს ხედვები დოკუმენტში აისახოს. „აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის NATO-ს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა. ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გამოვთქვი მადლიერება NATO-ს მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს. კალანდარიშვილის თქმით, 27 იანვარს, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას წარუდგენს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომი განვითარების მიზნით. „ასევე, სრულად გავაცნობ მათ უმოკლეს ვადებში განხორციელებულ აქტივობებს, რამაც 2021 წლის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო. ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი კი არ უნდა გახდეს კიდევ ერთი პოლიტიკურად აქტიური თემა, რისი ცალსახა მცდელობაც შეინიშნება ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული განცხადებების თუ კომენტარების სახით. როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად ნეიტრალური თავმჯდომარე, ვთხოვ კონკურსანტებს და სხვა დაინტერესებულ პირებსაც, არ აჰყვნენ აშკარა პოლიტიკურ განცხადებებს და იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად. ხვალ პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. იურიდიული კომიტეტის სხდომა საჯაროა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასე რომ, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს დეტალური ინფორმაცია კანდიდატების, მათ შორის ჩემი, სამოქმედო გეგმის შესახებ. აქედან გამომდინარე, დებატებზე აპელირება მაშინ, როცა კანდიდატების მოსმენა ყველასათვის ხელმისაწვდომია, შესაძლებელია, გახდეს კიდევ უფრო მეტად საფუძველი თემის პოლიტიზებისა. დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ყველამ ვიმოქმედოთ კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით. საარჩევნო ადმინისტრაციის და ჩემი, როგორც ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, საქმიანობა ყოველთვის არის ღია და გამჭვირვალე. მე კი კონკურსის ფარგლებშიც გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის და სამომავლო გეგმების თაობაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების წარმართვაში შეუწყობს ხელს“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.
რატი ბრეგაძე: სომხეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე შევთანხმდით
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სომხეთში ვიზიტი გრძელდება. რატი ბრეგაძემ და მისმა კოლეგამ, კარენ ანდრესიანმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ბრიფინგი გამართეს. რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება. „ჩვენ შევთანხმდით განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სერვისების სფეროში; ჩამოვიყვანეთ როგორც იუსტიციის სახლი, რომლის საშუალებითაც სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ სახელმწიფო მომსახურება, რომელთაც გავცემთ იუსტიციის სახლებში, ისე, მაგალითად, სასჯელაღსრულების სფეროში ჩვენი ინოვაციური პროდუქტი PROBBOX, რომლის მეშვეობითაც პრობაციონერებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა ის მომსახურება, რომელთაც აქამდე იღებდნენ პრობაციის ბიუროებში“, – აღნიშნა მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ ერთი მიმართულება დოკუმენტების გაყალბების პრევენცია იქნება. „ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ დოკუმენტების გაყალბების პრევენციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი სახელმწიფოების მოქალაქეებს დაიცავს კიდევ უფრო მეტად“, – თქვა რატი ბრეგაძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე. სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძესთან ის გამოწვევები განიხილა, რაც სომხეთს პრობაციის სფეროსა და ერთიანი მომსახურების სისტემის დანერგვის მიმართულებებით აქვს. კარენ ანდრესიანის თქმით, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია: „საქართველოს აქვს ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება ამ სფეროში. თუნდაც, იუსტიციის სახლები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვიზიარებთ გამოცდილებას, რომ ჩამოიყვანეთ და გვიჩვენეთ მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილები“. შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი სომხეთში დღეს სომხეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ
მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეზოლუციის დღის ბოლომდე დაინიცირდება. „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალააციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ იქნებიან. მისი თქმით, გააგრძელებენ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს. თავის მხრივ,როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული. „აღარ მოგვეცა საშუალება, ვიყოთ თანაინიციატორები იმ ვერსიის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია, დავაინიციიროთ ცალკე, შესაძლოა, კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიაა, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. „რესპუბლიკელ“ ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია ითხოვდა, რომ რეზოლუციაში უფრო მკაცრი ფორმულირებები ყოფილიყო. „მაგალითად, რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფრთხილია „ქართული ოცნება“ ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ პროცესში ჩანდა, რომ ის მზად იყო, გაეთვალისწინებინა რიგი ფორმულირებებისა, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და რომელიც არ იყო რეალობას აცდენილი და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტონს. მიუხედავად ამისა, მან ეს არ გაითვალისწინა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარებისა და მოთხოვნებისა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. დღის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა [ტექსტი], როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაიარად ვერ ვხსნი იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, - დაამატა ხათუნა სამნიძემ.
რა წერია უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარადგენს
„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ამ პროექტს „ქართული ოცნება“ წარადგენს, ნათქვამია: „საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას; აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში. მმართველი გუნდის გარდა, ტექსტს არცერთი საპარლამენტო ჯგუფი არ აწერს ხელს. მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ