ძებნის რეზულტატი:

კელი დეგნანი: როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი და ძლიერი თანამშრომლობის სფერო სამხედრო თანამშრომლობას მოიცავს. „პირველი ოფიციალური ამერიკელი სტუმარი საქართველოში, ფაქტობრივად, უილიამ ტეკუმსე შერმანი იყო, რომელიც საქართველოს 1872 წელს ეწვია, როგორც ამერიკის არმიის მეთაური გენერალი. ათასობით ვიზიტორის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში გადაიზარდა მჭიდრო და გრძელვადიან მეგობრობაში. ჩვენი ჯარისკაცები ერთად სწავლობენ, ერთად იწვრთნებიან, ერთად მიუსხდებიან სუფრას და როდესაც საჭიროა, ერთად იბრძვიან. შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ძალისხმევას სამხედრო ძალების მოდერნიზაციისა და გაძლიერების კუთხით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, როდესაც ვხედავთ საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს, ასევე სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმატებებს. ჩვენ განვახორციელეთ 1,5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად. ჩვენი მტკიცე ერთგულება უსაფრთხოების სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ მომდინარეობს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებისგან, ვიდექით რა, საერთო მტრების წინააღმდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყსა და ავღანეთში და, ვუჭერთ რა მხარს, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გლობალური სტაბილურობის ხელშეწყობისა და საზღვრებზე უკანონო იარაღის, ნარკოტიკებისა და საშიში ნივთიერებების შემოდინების შემცირების საქმეში, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ბევრად უფრო ღრმა და ფართოა, ვიდრე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. სწორედ ამიტომაა, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების, საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის, განათლების სისტემის ყველა დონის გაუმჯობესებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. შეერთებულ შტატებს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და გვჯერა, რომ ქართველები იმსახურებენ თავიანთ მიზნების განხორციელებას და ტრანსატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მეორე, კრიტიკული ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას, არის ჩვენი საერთო დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ღირებულებები, რაც ბუნებრივ პარტნიორებად გვაქცევს ამ რთულ სამეზობლოში. ამერიკელები აღფრთოვანებულნი არიან ქართველების მზადყოფნით იბრძოლონ თავიანთი დამოუკიდებლობის, სამშობლოსა და უნიკალური კულტურის დასაცავად. ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიაში ცხოვრების სურვილს, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცულია. ეს არის ღირებულებები თამარ მეფისა და მისი კრებების, სულხან საბა-ორბელიანის, რომელიც თავისი დიპლომატიური უნარის გამოყენებით ესწრაფოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ილია ჭავჭავაძის, რომელმაც თავისი პროგრესული რეფორმებით ერის მამის სახელი დაიმკვიდრა და სხვა მრავალი დიდი ქართველისა, რომელთაც ესმოდათ, რომ ინსტიტუტების განვითარება ამ ღირებულებების გამოხატვისა და დაცვისთვის თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ადამიანური ღირსების გასაღებია. სწორედ ამ დემოკრატიული ტრადიციის გამო შეაქო ჯორჯ უ. ბუშმა საქართველო და უწოდა დემოკრატიის შუქურა, 2005 წელს საქართველოში ვიზიტის დროს. საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით დასავლეთისკენ. 100 წელზე მეტი ხნის წინ ნოე ჟორდანიამ სიტყვით გამოსვლისას, განმარტა ახლად დამოუკიდებელმა საქართველომ რატომ თქვა უარი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. /ნოე ჟორდანია ამბობდა/ „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ (რუსეთს) აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ… როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ“. ანალოგიურად, ილია ჭავჭავძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად თავსებადია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პატივისცემასთან და რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ხისტი აზროვნების ლიდერები. ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევანზე და მოგვიანებით შეიჭრა საქართველოში, თუმცა ქართველ ხალხს ეს არ დავიწყებია. საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ხანგრძლივი ისტორია დამპყრობლების წინააღმდეგ გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც და რჩება ახლაც. ქართველმა ხალხმა გაბედულად წარმოაჩინა ღირებულებებისადმი ერთგულება და დაადასტურა სურვილი, საქართველო იყოს სრულად ინტეგრირებული დემოკრატიული სახელმწიფო ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. კელი დეგნანი: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ხანგრძლივი ისტორია დამპყრობლების წინააღმდეგ გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც და რჩება ახლაც მათთვის მიუღებელია შეჭრა, ოკუპაცია, გავლენის სფეროები და რეპრესიები და დაჟინებით მოითხოვენ თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. მაშინაც კი, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ქმედებებით ემუქრება ევროპის 75-წლიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველო რჩება ურყევი ამ ღირებულებებისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულების მიმართ. ეს მტკიცე გადაწყვეტილება განაპირობებს იმას, რომ შეერთებული შტატები დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს მათ, ვინც იცავს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და მოწინააღმდეგეების მიუხედავად, რომლებიც იძულებითა და აგრესიით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შელახვას. როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონული და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სარგებელისთვის - იქნება ეს შავი ზღვის ღიაობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; უკანონო ნარკოტიკებისა და იარაღის შემოსვლის აღკვეთა თუ საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მოქმედება. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად, ვმუშაობთ რა, დიპლომატიის გზით ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და ეუთო, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ გზით ინარჩუნებენ ჩვენი ერები ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ. მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ. ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მდგარა - ჯერ კიდევ 19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს. რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშე მრავალი გამოწვევაა, ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი გაერთიანებულია ჩვენი საერთო ძალისხმევის ირგვლივ. 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ არის აქ, საქართველოში, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის მოთხოვნით, ერთობლივი ძალისხმევით დემოკრატიის და ეკონომიკის გასაძლიერებლად და გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად. არსებობს დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი მიზნებისადმი, აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, რაც ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებიდან მომდინარეობს. ვამაყობთ, რომ ჩვენი 30 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა. არსებობს ნდობისა და პატივისცემის ღრმა რეზერვი, რომელიც განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვუწევდით რა მეგზურობას საქართველოს გარდაქმნების რთულ გზაზე. ეს ნდობა და პატივისცემა ჩვენთვის ძვირფასია. შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს. საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრილვარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ. ქართველებმა გამოსცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის. მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ქართველ ხალხს. ოცდაათი წელი. ეს ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.

პოლიციელთა მხრიდან შშმ პირზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პოლიციელთა მხრიდან შშმ პირზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან გამართეს და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, მომხდარს სწორი კვალიფიკაცია მიეცეს და დამნაშავეები დაისაჯონ. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები", - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რომ საქმეზე მოკვლევა დაწყებულია. ამავე თემაზე: მეტროში ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს პოლიციელთა მხრიდან შშმ პირზე ძალადობის კანცელარიასთან გამართული აქციით გააპროტესტეს.

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნავს უწყება.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება დაუმძიმდათ

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება დაუმძიმა. უწყების განცხადებით, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ლ.რ-ს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ( პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) აქვს წარდგენილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ. ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბ.ხ.-სთან ერთად ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც ლ.რ.-ს ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ხოლო მას შემდეგ რაც ლ.რ.-მ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, ხელყუმბარა არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე დაეცა. სამართალდამცველებმა ბ.ხ. და ბ.ლ. 18 ოქტომბერს დააკავეს. სამართალდამცველებმა ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3,85 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიების პროცესში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინა. ხოლო ბ.ხ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა“, - აღნშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კელი დეგნანი: შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავის ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ არსებობს დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერის მიზნებისადმი, აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, რაც საერთო დემოკრატიული ღირებულებებიდან მომდინარეობს. „ვამაყობთ, რომ ჩვენი 30 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა. არსებობს ნდობისა და პატივისცემის ღრმა რეზერვი, რომელიც განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვუწევდით რა მეგზურობას საქართველოს გარდაქმნების რთულ გზაზე. ეს ნდობა და პატივისცემა ჩვენთვის ძვირფასია. შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს. საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრილვარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ“, - აღნიშნა ამერიის ელჩმა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ

ბრიტანეთი მზადაა, გააძლიეროს ჯარები NATO-ს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ბრიტანეთი მზად არის გააძლიეროს ჯარები NATO-ს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯონსონმა „გააფრთხილა რუსეთი, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წინააღმდეგობას შეხვდება და ბევრ რუს დედას შვილი სახლში არ დაუბრუნდება“. რუსეთმა, რომელიც უარყოფს შეჭრის გეგმებს, ჯარები განათავსა უკრაინის საზღვარზე. შეერთებულმა შტატებმა 8500 ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რათა საჭიროების შემთხვევაში უმოკლეს დროში გადაისროლოს აღმოსავლეთ ევროპაში. NATO-ს წევრები, მათ შორის დანია, ესპანეთი, ბულგარეთი და ნიდერლანდები, აგზავნიან უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს და ხომალდებს აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონში თავდაცვის გასაძლიერებლად.

მედიის ცნობით, თოყაევმა ნურსულთან ნაზარბაევის კიდევ ერთი კადრი გაათავისუფლა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა, თავისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის, კიდევ ერთი ნათესავი გაათავისუფლა. 25 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერიკ იმაშევი, ნურლან აბდიროვმა შეცვალა. რადიო თავისუფლების ცნობით, 61 წლის იმაშევი კომისიას 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. მისი ქალიშვილი, აიდა იმაშევა, ნაზარბაევის შვილიშვილის, ნურალი ალიევის, ცოლია. 25 იანვარს, ასევე ყაზახეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა, სახელწოდებით "სამრუქ-ქაზინა", განაცხადა, რომ მისმა შვიდმა უმაღლესმა მენეჯერმა დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ფონდში პერსონალის შეკვეცის შესახებ. ყაზახეთის განვითარების ბანკმა, ასევე განაცხადა თავისი უფროსის, აბაი სარკულოვის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც თოყაევმა განაცხადა, რომ ბანკი "გადაიქცა კერძო ბანკად ადამიანთა ვიწრო ჯგუფისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ფინანსურ, სამრეწველო და სამშენებლო ჯგუფებს". პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე

NCDC-ის ხელმძღვანელმა მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელი განცხადება განმარტა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელი განცხადება განმარტა. საუბარია განცხადებაზე, რომ „ადამიანი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის“.​ გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც ტესტი ჩატარებული აქვთ, მაგრამ პორტალზე მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგი არ იძებნება. „ჩემი განცხადება თავიდანვე იმით დავიწყე, რომ ეყრდნობოდა დაურეგისტრირებელ ხალხს. ვთქვი, რომ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტი. ადამიანი, რომელსაც ჩატარებული აქვს ტესტი და არ იძებნება პორტალზე მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, როგორ უნდა მოიქცეს, რომ დარეგისტრირდეს. განვმარტე, როგორ იქცევა პირი, რომელიც 112-ში იყო დარეგისტრირებული, ან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ონლაინკლინიკაში, ან საავადმყოფოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „ჩვენ გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე. მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული - შეიძლება ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე ეს საკითხი. მე ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს. ჩვენ გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე, ანუ ბაზაში. ამ ადამიანებისთვის გამოიცა ბრძანება, რომ ისინი, ვისაც პირველ დეკემბრამდე ასეთი მოცემულობა ჰქონდათ, თუ იყვნენ აღრიცხულები და ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში. ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის - „ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთ“. აუცილებელია, რომ ადამიანს ტესტი ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ პირველ დეკემბრამდე ვისაც რაღაც მიზეზის გამო არ ჰქონდა ტესტი, ან არ იძებნება მისი ტესტის პასუხი სისტემაში და ისინი აღრიცხულები იყვნენ 112-ში ან ონლაინკლინიკებში, მათ შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც იყვნენ მიმაგრებულები, შესაბამისი განცხადებით. ეს ყველა მონაცემი შეგროვდება და თუ ადამიანს უდასტურდება კოვიდი, ისინი დარეგისტრირდებიან labcov.ge-ს პორტალზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთნ ინტერვიუში.

იენს სტოლტენბერგი: NATO არ განათავსებს საბრძოლო ჯარებს უკრაინაში, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით

„NATO არ განათავსებს საბრძოლო ჯარებს უკრაინაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს მზადყოფნასთან, ჩვენს ვალდებულებასთან დაკავშირებით, დავიცვათ ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, განუცხადა სტოლტენბერგმა CNN-ს და განმარტა, რომ რატომ გაზარდა ალიანსმა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონებში. მისი თქმით, ძლიერი შეკავება საუკეთესო გზაა ალიანსის ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის, მოკავშირეების ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

Pfizer-მა და BioNTech-მა ომიკრონის საწინააღმდეგო ახალი კოვიდვაქცინის კლინიკური კვლევები დაიწყეს

Pfizer-მა და BioNTech-მა ომიკრონის საწინააღმდეგო ახალი კოვიდვაქცინის კლინიკური კვლევები დაიწყეს. BBC-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ცდებში 1400-ზე მეტი ზრდასრული მიიღებს მონაწილეობას და ის სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში ჩატარდება. Pfizer-ი 10 იანვარს იუწყებოდა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად უკვე მარტისთვის იქნება. მისივე ცნობით, ვაქცინა იმოქმედებს სხვა შტამების წინააღმდეგაც, რომლებიც ამ დროისთვის ცირკულირებს. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

ირანმა და აზერბაიჯანმა ასტარაჩაის ხიდის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ირანმა და აზერბაიჯანმა ასტარაჩაის ხიდის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ირანის ჩრდილოეთით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰასან კალჰორმა განაცხადა, რომ სასაზღვრო ხიდი ირანსა და აზერბაიჯანს შორის ადრე გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად აშენდება. შეთანხმებას ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ ხეიროლა ხადემმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ რაჰმან ჰუმმატოვმა მოაწერეს ხელი. რაც შეეხება ასტარაჩაის ხიდის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხიდის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია, სიგანე 31 მეტრი და პროექტი დაახლოებით 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხიდი ექსპლუატაციაში 2022 წლის ბოლოს შევა. ამ ხიდის მშენებლობაზე მხარეები რამდენიმე წლის წინ შეთანხმდნენ. ასტარაჩაის მდინარეზე სარკინიგზო ხიდი აზერბაიჯანის და ირანის რკინიგზებს დააკავშირებს და ასტარა(აზერბაიჯანი)-ასტარა(ირანის) მონაკვეთის ნაწილი გახდება, რომელიც „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.

აშშ არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში პუტინის მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-ის ჯარების გაგზავნას უკრაინაში, რომელიც არ არის NATO-ს წევრი, მაგრამ აღნიშნა, რომ განიხილავს პუტინის მიმართ პირდაპირი სანქციების დაწესებას და უკრაინაში რუსეთის შეჭრას „უზარმაზარი შედეგები“ მოჰყვება. უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე პარტია 25 იანვარს მიიღო. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა 24 იანვარს განაცხადა, რომ დაახლოებით 8500 ამერიკელი ჯარისკაცი მოყვანილია გაძლიერებულ მზადყოფნაში და ელოდება ბრძანებას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებისთვის. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის

"რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის. მისი სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ეს არ არის ამ საუკუნის კონცეფცია“, – განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, ორგანიზაციას ორი პრიორიტეტი აქვს. დიპლომატია და შეკავება. ბორელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს შტაბბინაში დღეს შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი 26 იანვარს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი ანიცა ჟამიჩი დაიბარეს. ამის მიზეზი ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებული არიან ხორვატიის პრეზიდენტის NATO-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. უკრაინაში თვლიან, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე ეს განცხადება უადგილოა.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის - 15.32% ხოლო 7 დღის - 19.58%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 087 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013 საიდანაც: 4 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 954, აჭარაში - 650, იმერეთში - 934. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 409, აჭარაში - 132, იმერეთში - 269. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პაციენტი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 51, იმერეთში - 25. 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 - თბილისში, 656 - აჭარაში. 93 339 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 28, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

ემანუელ მაკრონმა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო წლებში მეტი დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. „ მაკრონის თქმით, მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიზნის შესახებ არ იცის, მაგრამ სულ უფრო მეტი დესტაბილიზაციის ქმედებებს ხედავს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კრემლი არ ჩერდება, ევროპაში შეშფოთებას იწვევს. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა და შოლცმა გაიმეორეს, რომ რუსეთს, მისთვის სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას თავს დაესხმება. ოლაფ შოლცის განცხადებით, ოფიციალურ ბერლინს დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის განვითარებაში და უკრაინულმა მხარემ იცის, რომ შეუძლია, გერმანიას „დაეყრდნოს“. ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, იმის მიუხედავად, რომ მისმა შედეგებმა მოლოდინები ვერ გაამართლა. მაკრონის თქმით, ამ ფორმატით მუშაობის შეწყვეტა ნიშნავს, რომ აღარ განიხილება „პოლიტიკური ქმედებები“. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ. „ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა ამასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას და პრობლემას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთათვის. კერძოდ, საქმე ეხება გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამის სივრცეებში გადაინაცვლონ. ასევე, მინდა ჩემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კერძოდ, ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების და სათანადო გამწვანების სამუშაოების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა, დავეხმაროთ მათ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რათა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში გააგრძელონ“, - განაცხადა კალაძემ.

ნიდერლანდების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ამსუბუქებს

ნიდერლანდების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლის ბოლოს დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ნაწილობრივ ამსუბუქებს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა. ამასთან, ბოლო დღეებში ნიდერლანდებში ყოველდღიურად 50-60 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. რუტეს თქმით, ნიდერლანდებში 26 იანვრიდან გაიხსნება რესტორნები, ბარები, თეატრები, მუზეუმები და კინოთეატრები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი სიხშირის პირობებში, ხელისუფლება „გარკვეულ რისკებზე“ მიდის.

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

პროკურატურამ დააკავა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება მეგობარ ქალზე ძალადობა. "25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა", - აცხადებენ პროკურატურაში. დაკავებულ პოლიციელს ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წაუყენებენ. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობისთვის, ძალადობის ამსახველი კადრები პარტია "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეოს გადამღებმა მასალა ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა.