ძებნის რეზულტატი:

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული შ.ა.-ს, 1975 წელს დაბადებულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევ პირებს: 1993 წელს დაბადებული ე.ა.-ს და 1994 წელს დაბადებული ე.ჯ.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ე. ს., 1980 წელს დაბადებული თ. ს. და 1960 წელს დაბადებული ი. დ. ნარკორეალიზაციისთვის არიან დაკავებული. „დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის", „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კარლ ჰარცელმა ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მისმა მეუღლემ საქართველოში ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთეს და მადლობა გადაუხადეს სამედიცინო პერსონალს COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადებისა და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყებს და საგაზაფხულო სესიას პირველ თებერვალს გახსნის

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყებს და საგაზაფხულო სესიას პირველ თებერვალს გახსნის. საგაზაფხულო სესიის გახსნა პლენარული სხდომით მოხდება. თავის მხრივ, პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მოხდება. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება მოხდება მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის. საკადრო გადაწყვეტილების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს სახელმწიფო უწყებების ანგარიშების მოსმენა, მათ შორის უწყებას უნდა წარედგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები. ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა. „საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ყველა ქვეყანას პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოწოდა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ყველა ქვეყანას პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კონფლიქტებისა და დაძაბულობის გავრცელების ფონზე ოლიმპიური ზავი „უთანხმოებების გადალახვისა და მყარი მშვიდობის დამყარების შანსს წარმოადგენს“. ცნობისთვის, ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-20 თებერვალს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი: „ფოთის ახალი ნავსადგური" უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის

„ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ყოფნა. ვულოცავ კომპანია „პეისს“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლიდან მიმდინარეობდა „ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ჩართულობა ამ პროექტში. აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან გამოყოფილი იყო დაფინანსება 50 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანაა. განსაკუთრებით ვუხდი მადლობას ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. კომპანია „პეისი“ უკვე 30 წელია, წარმატებით საქმიანობს. დღეს ამ კომპანიის იუბილეა და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მლნ ტონას შეადგენს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ გამოიჩინა ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონის მოსახლეობისთვის", - განაცხადა პრემიერი.

თეთრი სახლის წარმომადგენლები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, რუსულ ბანკებს სანქციები დაუწესდებათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს. მათივე თქმით, სანქციები იმ ზომებზე გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, რაც რუსეთის წინააღმდეგ წინა წლებში იყო დაწესებული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები არ შეუზღუდავს რუსულ ბანკებს წვდომას გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელ SWIFT-ზე, რომლის მეშვეობითაც ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციებს ახორციელებენ.

კელი დეგნანი: ფოთის პორტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს

"ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ იმყოფება აღნიშნულ ცერემონიაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ იგი 2020 წელს იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ნავსადგურის პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ძალიან მოხარულია, რომ დღეს ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფება და საბოლოო შედეგს ხედავს. დეგნანმა დასძინა, რომ აღნიშნული ნამდვილად ეტაპობრივი მოვლენაა არა მარტო „პეის ჯგუფისათვის“, მთელი ქვეყნისთვის. „ძალიან მიხარია, რომ აშშ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან (DFC) ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან", - განაცხადა დეგნანმა.

ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ამასთან, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. ლეჟავამ მიმოიხილა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში. ელჩმა ასევე, ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოქმედება დაძაბულობის დეესკალაციისთვის ნორმანდიულ ფორმატში, რომ მინსკის 2015 წლის შეთანხმების პირობები განხორციელდეს. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას გამოხატა.

აშშ-ის ელჩი: საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას

"ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არის ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ქვეყნისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში. გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ ნათელი იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის

მოხარული ვართ, რომ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის, ვიმედოვნებთ, შეიქმნება მეტი შესაძლებლობა, რომ პორტი უფრო გაფართოვდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის უზარმაზარი წარმატების ისტორია საქართველოსთვის, ისევე როგორც აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის. „აშშ-მ მხარი დაუჭირა ამ პროექტს 50 მილიონი დოლარის სესხით საერთაშორისო განვითარების ფინანსური თანამშრომლობის მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ პროექტის გახსნას. პორტის აქციონერები არიან როგორც ქართველები, ასევე ამერიკელები და ეს მართლაც არის როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის წარმატება. გაფართოებულ პორტს აქვს ტვირთების მიღების გაორმაგებული შესაძლებლობა ამ ადგილას და ეს საქართველოსთვის არის დიდი შესაძლებლობა განახორციელოს მისი ამოცანა, გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საქმიანობის ეფექტური ცენტრი, ცენტრალური აზიიდან ჩაიტანოს საქონელი ევროპაში ფოთის პორტის გავლით", - განაცხადა კელი დეგნანიმ.

კელი დეგნანი: ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, რომ განკურნოს საზოგადოება, როგორც მესმის, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეროვნული თანხმობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას. დეგნანმა გამოთქვა იმედი, რომ ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტს ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან. „საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ხედავს, როგორ ახდენს ქვეყნის პარალიზებას პოლარიზაცია. ბევრი რაღაცის გაკეთება ვერ ხერხდება ქვეყნის წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მიუხედავად, როგორიც არის კოვიდი და ეკონომიკური აღდგენა. ასე რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია პოლარიზაციის შესამცირებლად, რომ შეკრიბოს საზოგადოება ერთად და განკურნოს საზოგადოება, ძალიან პოზიტიურია. მე როგორც მესმის, სწორედ ეს არის, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი ინიციატივით. ვიმედოვნებ, რომ მას ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან სრული მასშტაბის მცდელობაში, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა, სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები გაუწევენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში ადგილობრივებმა უკვე ისარგებლეს, ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: სასტუმროები და რესტორნები „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას ითხოვენ

"საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სასტუმროები და რესტორნები „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, „მწვანე პასპორტები“ ვეღარ მუშაობს და მხოლოდ ეკონომიკას აბრკოლებს. მისი განმარტებით, მსგავსი რეგულაციების გაგრძელების პირობებში, სარესტორნო სფერო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. „ძალიან მარტივია დღეს რეალობის ახსნა, ეპიდემიას ვერავინ ვერ ერევა და აკონტროლებს. რეალურად, ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, მეექვსე ფაზაში, 18-17 ათასი შემთხვევაა ყოველდღიურად. დღესდღეობით რა შეზღუდვებიც არის დაწერილი ფურცელზე, „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისი არ არის რეალურად. ამით კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, იკარგება სამუშაო ადგილები. ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალების, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს. ჩემი დღევანდელი მესიჯი არის, რომ უაზრო სანქცია, რომელიც არაფრის მაქნისია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის დამაბრკოლებელი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა ბურჯანაძემ.

29 იანვრის მონაცემებით, ბუსტერ დოზით 151 998 ადამიანია აცრილი

29 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 704 957 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 332 139 ადამიანი, რაც 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 46.4%-ს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულია 1 218 567 ადამიანი (42.4%), ხოლო ბუსტერ დოზით აცრილია 151 998 ადამიანი. ამასთან, რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 876 (2.19%), სრულად აცრილია -2 719 (1.53%) ადამიანი, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 414 (15.31%), ხოლო სრულად აცრილია- 10 828 ადამიანი (13,35%).

უცხოური მედია: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით წერს. მათი განცხადებით, ასეთი მცირე დეტალები რეალურად დიდ გავლენას ახდენს იმის შეფასებაზე, თუ რა დონეზეა მოსკოვის მზადყოფნა საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის. მათივე განმარტებით, თუ საბრძოლო ქმედებები ნამდვილად დაიწყო, სისხლის მარაგები დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.  

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს

„თუ რუსეთი გაიმეორებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამას მთელი ალიანსი უპასუხებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, თუ NATO-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიზეზები, რის გამოც NATO-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის ის, რომ, რუსეთი კვლავ თუ შეიჭრება უკრაინაში, მათგან აღმოსავლეთით, NAT0 კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს. იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, NATO უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებებს და გამართოს სერიოზული მოლაპარაკებები NATO-სა და რუსეთის ინტერესებში შემავალ საკითხებზე.

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ნოტარიუსის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. დღეს მოქმედი კანონით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, ცვლილებებით, ეს ასაკი – 70 წლამდე გაიზრდება. მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს არაუმეტეს – ხუთი წლით. „კანონით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, პრატიკიდანაც არ ირკვევა, რომ ნოტარუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება სანოტარო საქმიანობის ადმინისტრირების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, დაწესდეს ერთიანი მიდგომა და კანონით განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე”, – განმარტავს მთავრობა.

გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-ში ინფორმაციიით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.