ძებნის რეზულტატი:

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა გლდანში

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. „მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები. გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად“. 

კელი დეგნანი: ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვუგზავნით მკაფიო გზავნილს რუსეთს

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ელჩის შეფასებით, ეს არის დრო, როდესაც ქვეყნები რუსეთს მკაფიო კოორდინირებულ პასუხს უგზავნიან. „ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან, როდესაც უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჰკითხეს. ელჩს ასევე დაუშვეს შეკითხვა საქართველოს მხრიდან, რეზოლუციის სახით მხარდაჭერის საკითხზეც.  „მე არ მინახავს საბოლოო ტექსტი, თუმცა ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და უკრაინას. „გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ მკაფიო იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და გადავლახავთ ამ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანი მოსამართლეებს შეხვდა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ქუთაისში რეგიონულ სასამართლოს ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ქუთაისის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა, მოსამართლეებმა და სხვა თანამშრომლებმა რეგიონული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე. „ჩვენი ახალი კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონალურ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურიდიულ პროფესიონალებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ეს პარტნიორობა გულისხმობს ამ ადამიანებთან მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება სასამართლოების გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება. ელჩი კელი დეგნანი ეწვია ქუთაისის რეგიონალურ სასამართლოს, სადაც შეხვდა მოსამართლეებს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმები და მოსამართლეების მხარდაჭერის გზები“, - თავის მხრივ აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა დაიწყო. USAID-ის პროგრამის თანახმად, ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას, კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან; ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას. ამავე თემაზე საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს

ინგლისში შოთა არველაძის სამწვრთნელო დებიუტი შედგა

შოთა არველაძემ ინგლისში სამწვრთნელო კარიერა წარმატებით დაიწყო. მისმა გუნდმა, „ჰალ სიტიმ“ პირველ მატჩში „სუონსი სიტი“ დაამარცხა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო. „ჰალ სიტი“ 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. ინგლისის პრემიერშიფის „ჰალ სიტიმ“ ოფიციალურ გვერდზე 27 იანვარს დაადასტურა, რომ შოთა არველაძე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მასთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. შოთა არველაძე 2017 წლიდან 2020 წლამდე უზბეკეთში ტაშკენტის „ფახთაქორის“ მწვრთნელი იყო. ასევე იმუშავა თურქეთში „კაისერში“, „ქასიმფასაში“, „ტრაბზონსა“ და ისრაელში თელ-ავივის „მაკაბიში“. შოთა არველაძე არის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (61 მატჩში 26 გოლით). მოიგო ჩემპიონის ტიტულები შოტლანდიის „რეინჯერსში“, ნიდერლანდებში „აიაქსში“ და თბილისის „დინამოში“.

კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნი“ ორი პრიზი მოიპოვა

ამერიკულ კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნი“ მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოიპოვა და ასევე მიენიჭა ფესტივალის ფავორიტი ფილმის ჯილდო. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ზე 25 იანვარს, ვირტუალურ ფორმატში, დოკუმენტური ფილმების კონკურსის სექციაში შედგა. ფილმი რუსი ოპოზიციის ლიდერის მოწამვლასთან დაკავშირებულ მოვლენებზეა. ფილმის რეჟისორია კანადელი კინოდოკუმენტალისტი დენიელ როჰერი. ერთ-ერთი პროდიუსერი კი ნავალნის გუნდის წევრი მარია პევჩიხი. ფილმი წარმოებულია HBO Max-ისა და CNN Films-ის მიერ. რეჟისორმა აღწერა ფილმი, როგორც „ერთი ადამიანის ისტორია და მისი ბრძოლა ავტორიტარულ რეჟიმთან“. გადაღებები დაიწყო ნავალნის კომიდან გამოსვლის შემდეგ და გაგრძელდა 2021 წლის იანვარში, მის დაპატიმრებამდე. ფილმის მთავარი გმირის თქმით, გადამღები ჯგუფი აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის დროსაც კი მის გვერდით იყო.  

ამერიკას თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს

ამერიკის ახალმა ელჩმა თურქეთში ჯეფრი ფლეიკმა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ფლეიკი ანკარაში 7 იანვარს ჩავიდა. მან ელჩი დევიდ სატერფილდი შეცვალა. „თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მტკიცედ არის დაკავშირებული NATO-სთან და მნიშვნელოვანი პარტნიორია არამდგრად რეგიონში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია თანამშრომლობა ძალიან სერიოზული საფრთხეების დასაძლევად", - განაცხადა ფლეიკმა სტატიაში, რომელიც თურქეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული სახელწოდებით - „პარტიული პოლიტიკა წყლის პირას მთავრდება“. ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა სენატმა ოქტომბერში დაამტკიცა. ფლეიკი 2019 წელს სენატიდან წავიდა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობა „რესპუბლიკელების“ იდეოლოგიას დაშორდა. მოგვიანებით მან წიგნი დაწერა  „კონსერვატორის აღიარება", რომელშიც ტრამპს აკრიტიკებდა. ელჩი ფლეიკი იყო შეერთებული შტატების „რესპუბლიკელი“ სენატორი, რომელიც წარმოადგენდა არიზონას შტატს 2013-2019 წლებში, მანამდე, არიზონას წარმოადგენდა, როგორც კონგრესის წევრი 2001-2013 წლებში. სენატში ყოფნისას მსახურობდა საგარეო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და მართლმსაჯულების კომიტეტებში. მსახურობდა ასიგნებების კომიტეტში.ბოლოს, ფლეიკი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობდა. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს მრჩეველთა კომიტეტში. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა, მათ შორის იყო აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკის წინამორბედი დევიდ სატერფილდი. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა. სატერფილდამდე, თურქეთში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი იყო, რომელმაც ანკარა პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.

იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს

იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მისი მემკვიდრის არჩევის ერთკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდე, პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია. პარტიის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს 80 წლის მატარელას პოსტზე დარჩენის გამო, მაგრამ მისი ჩანაცვლების წარუმატებელმა მცდელობებმა პოლიტიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, წერს უცხოური მედია. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მატარელა გამორიცხავდა თანამდებობაზე დარჩენას, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა საფრთხეში იყო, გადაწყვეტილება შეცვალა. მას პოსტზე დარჩენის თხოვნით პარლამენტის ლიდერებმა, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დროს მიმართეს. ამასთან, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოსტზე დარჩენა მატარელას ასევე სთხოვა პრემიერმა მარიო დრაგიმ. ცნობისთვის, სერჯო მატარელას 1998-1999 წლებში იტალიის ვიცე-პრემიერის, 1999-2001 წლებში კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ასევე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღება იყო საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო. იტალიის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტი ძლიერი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია პრემიერ მინისტრების დანიშვნა და ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკური კრიზისების გადაჭრისკენ.  

საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე მიიღება. მინისტრი სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით რუმინეთში და როგორც განაცხადა, საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან ძალიან მალე განიხილავს ფლორენს პარლის თქმით, რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაძაბულობის ზონაშია.  

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა

BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და გაშვების ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა. შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს „თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“.  იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე თვეს უკვე მეშვიდე გაშვება დაგმეს. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო რეგულარულად ეწინააღმდეგება აკრძალვას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავისი ქვეყნის თავდაცვას გააძლიერებს.  

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის კრიზისის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შესაძლო განლაგება „კრემლს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის“. BBC-ს ცნობით, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში თავიანთ კოლეგებთან შესახვედრად ემზადებიან, რათა დეესკალაცია წაახალისონ. ბორი ჯონსონი კი უახლოეს დღეებში  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ასევე ეწვევა აღმოსავლეთ ევროპას ამ კვირაში, დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს და დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მოკავშირეების გვერდით იქნება. „თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და ნგრევის გზას, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის. უკრაინამ თავისუფლად უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ჯონსონმა.  

საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 947 ადამიანი, გარდაიცვალა 34 კოვიდპაციენტი. ლაბორატორიულად დადასტურდა „ომიკრონის“ 1 689 შემთხვევა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 23.24%. ბოლო 14 დღის - 20.01%, დღიური - 24.95%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. 17 265 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 980, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37. 1007 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 272 კოვიდინფიცირებული იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

სოფლად ვაქცინაციის კამპანია გურიაში გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. ვაქცინაცია შესაძლებელია Sinovac-ის, Sinopharm-ისა და Pfizer-ის ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200 ლარიან, „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42.4%, ბუსტერ დოზით აცრილია 155 915 ადამიანი

29 იანვარს საქართველოში კოვიდვაქცინით 5 156 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. 30 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, მოსახლეობის 46.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 219 428 ადამიანი, მოსახლეობის 42.4%. ბუსტერ დოზით აცრილია - 155 915. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 898 (2.20%), სრულად აცრილია -2 737 (1.54%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 424 (15.32%), სრულად აცრილია - 10 840 (13,37%). საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ინფორმაციისთვის: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.  

ივანე ჩხაიძის თქმით, ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის ფონზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ელის. „ბოლო 2 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 17-18 ათასი შემთხვევა 3-ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტოში იყო. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი, შეიძლება, კიდევ უფრო უარესი იყოს. იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. რთულია პროგნოზი, რამდენი იქნება ეს ციფრი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა აჩვენებს მკვეთრ ზრდას. ახლა 5-ჯერ მეტი საწოლია პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტის დროს იყო. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, საფრთხეები არ არსებობს. „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, რაც საქართველოში არის კიდეც - იანვრის მეორე კვირიდან, სტაციონარებში მიმართვიანობა მზარდია“, -განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ცნობით.  მისივე თქმით, პიკური პერიოდი მაქსიმუმ თვენახევარი გრძელდება. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

ამერიკის საელჩო: აშშ-მ საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დააფინანსა

ამერიკის ელჩ კელი დეგნანს დადიანების სასახლეში მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. საელჩოს ცნობით, ელჩმა ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე დაათვალიერა. ასევე გაეცნო მუზეუმის კოლექციას, მათ შორის არის ღვთისმშობელ მარიამის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შემდგომი ოთხი ნიღბიდან ერთი. „ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.   

სალომე ზურაბიშვილი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას მეორე ვადით არჩევას ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტი Twitter-ზე განთავსდა.  „ისტორიულად, საქართველო და იტალია ახლო პარტნიორები არიან. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია ტექსტში. ცნობისთვის, იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს.

ისრაელის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პირველი ვიზიტით ეწვია

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების გზავნილისთვის, რადგან რეგიონის ხალხს სხვა ალერნატივა არ აქვს“, -განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ Sinopharm-ის „ბუსტერი“ „ომიკრონის“ მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი კვლევებით, Sinopharm-ის „ბუსტერი“ სერიოზულად გამოიმუშავებს ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. „ომიკრონის“ შემთხვევებში რეინიფიცრება მაღალია. ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათ ემართებათ, ამიტომ დღეს, ჩვენი და ყველას მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ „ბუსტერი“. გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ იგივე Sinopharm-ის „ბუსტერი“, სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც Pfizer-ით, ისე Sinovac-ით, თუ Sinopharm-ით, აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 2,5-3-ჯერ აღემატება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელს. „17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებელსაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებელსაც, რომელიც, ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. კვლევა: აბუ-დაბიში ავტორიზებული, Sinopharm-ის ახალი "ბუსტერ" დოზა "ომიკრონის" წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამავე ვაქცინის მესამე დოზა

ამირან გამყრელიძე: დღეს გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია

კოვიდინფიცირებულები ონლაინკლინიკების საშუალებით იმართებიან. ძირითადად, დღეს არის ორი მიმართულებით – ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 000-ზე მეტი ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს და ამბულატორიულ სექტორზე – ონლაინ კლინიკებზე, ოჯახის ექიმებზე, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ზარები და მართავენ პაციენტებს ბინაზე ან სასტუმროებში. ეპიდსიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ მართვადია“. ასე შეაჯამა ეპიდვითარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. NCDC-ის დირექტორის თქმით, ეპიდვითარებას დღეს განაპირობებს ძირითადად „ომიკრონის“ ცირკულაცია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. „ყველა ქვეყანაშია მზარდი ტალღა და შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად არის მომატებული. განსხვავება გახლავთ ის, რომ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალი, 80%-ზე მეტია, იქ დაბალია ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ჩვენთან აცრის მაჩვენებელი გვაქვს 42.4 პროცენტი, სიკვდილიანობა შემცირებულია ამ მაღალ რიცხვებთან მიმართებით, მაგრამ ის მაინც ზღვრულ მაჩვენებელზე მეტია. დღეს დილისთვის გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3 500 ადგილია თავისუფალი, ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ არ გახლავთ მაღალი, როგორც ეს იყო „დელტას“ დროს. ​ნახტომისებურდ არ იმატებს მძიმე პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტლებსა და რეანიმაციულ განყოფილებებში. „ომიკრონი“ მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ. როცა რაოდენობა ძალიან დიდია, მათ შორის შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულების მძიმდება და შეიძლება, გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია. „ბუსტერ“ დოზა განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულებისთვის არის ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება „ომიკრონით“ ინფიცირების ან თუ დაინფიცირდა ადამიანი, შემდგომ გართულებების პრევენციის. „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს ქვეყანაში 156 000 ადამიანს, რაც ცოტაა. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს „ბუსტერს“, მით უფრო ნაკლები გვექნება ჰოსპიტალიზაცია ქვეყანაში და ნაკლები გვექნება ფატალური გამოსავალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის, რადგან განმარტებას ითხოვს, როგორ შეესაბამება ალიანსის ქმედებები უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში სხვა სახელმწიფოების უფლებებს. ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს სურს, უკრაინის NATO-ში შეყვანა, რაც რეალურად გაანადგურებს რუსეთთან ურთიერთობებს, მოსკოვი კი ამ ქმედებებს აფასებს როგორც ოფიციალური პოლიტიკური ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეს ამერიკისა და ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი თითქმის, სამი თვე ბომბავდნენ იუგოსლავიას, შეიჭრნენ ლიბიაში, რითაც დაარღვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ასევე, როგორ იქცეოდნენ ავღანეთში. როდესაც „ცივი ომი“ მიმდინარეობდა და და არსებობდა ბერლინის კედელი, გასაგები იყო, რომელი ტერიტორია უნდა ყოფილიყო დაცული. კედელი აღარ არის, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ სამუდამო მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვათა ხარჯზე - ისინი კი განაგრძობენ ქვეყნების მიღებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.