ძებნის რეზულტატი:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით, თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს

ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს და ეს გაზვიადება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, პუტინის საბოლოო მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ დასავლეთ ევროპაში მისი გავლენის გაფართოებაა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „გდრ-ის მატერიალური საფუძველი უკვე არსებობს, რადგან ეს არ არის მხოლოდ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ესენი არიან გერმანული სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები რუსული ხელფასებით, ესენი არიან ცალკეული ვიცე-ადმირალები, რომლებიც უცნაური განცხადებებით საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

სერგეი ლავროვი: თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი, მოსკოვი მზად არის

"თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი, მოსკოვი მზად არის", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ზელენსკის დონბასის საკითხის განხილვა სურს, საკონტაქტო ჯგუფს უნდა ესაუბროს.  „თუ ზელენსკის სურს განიხილოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ. დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში.როდესაც ის ამბობს, რომ მათ არ დაელაპარაკება, ეს ცუდია შიდა უკრაინული კრიზისისთვის,“ - აღნიშნა ლავროვმა.

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით 28 იანვარს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა

თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი, რომელიც Georgian Airways-ს უნდა შეესრულებინა, გაუქმდა. ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე განთავსდა, ცნობას ადასტურებენ თავად ავიაკომპანიაშიც. „აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო... ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა - არ მოვიდა რეისის შესრულებაზე ნებართვა“, - განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა სატელევიზიო მედიასთან საუბრისას. თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა დღეს, 28 იანვარს, 10:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. კომპანია აცხადებდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული ჰქონდა. „მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოსა და რუსეთში. გავაუქმებთ თუ დავნიშნავთ ჩარტერულ რეისებს, ეს ავიაკომპანიის პრეროგატივაა და არა სხვისი. არაფერი გვაქვს ზარალი", - განაცხადა ასევე გაიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, მიზეზად ის დასახელდა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის. ამას წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. მანამდე, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა

გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. „საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეომასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი, როგორც აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა", - აღნიშნულია განცხადებაში. საკითხზე კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა. „როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ჰოსპიტალის დირექტორს ჰყოლია ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურში მრჩეველი პირი - სუს-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ღონიაშვილი, რომელიც არის დაკითხული და ადასტურებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება მასალების წაშლასთან დაკავშირებით. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პირს და მომხდარ არაერთ ინციდენტს ეხება საკითხი, როგორ მოხდა, რომ სუს-ის ყოფილ ან მოქმედ თანამშრომელს მიუწვდებოდა ხელი ამ მასალებზე და მის მიერ მოხდა მათი გასუფთავება. იმედი გვაქვს, რომ ეს კადრები შენახული იქნება პენიტენციური სამსახურის მიერ, რომელიც გამოთხოვილია სასამართლო გადაწყვეტილებით და ველოდებით მის მიღებას საქმის მასალებში. ჩვენ ვსაუბრობთ ორ ინციდენტზე - ერთი ეს არის მაჯის საათის შეხსნის ინციდენტი, როდესაც ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი; მეორე ინციდენტი იყო 27 რიცხვში გადაყვანასთან დაკავშირებით ძალის გამოყენების საკითხი", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ მედიასთან.

ეროვნული მუზეუმი „დაკარგულ ექსპონატებზე“ განცხადებას ავრცელებს

  ეროვნული გალერეიდან, რომელიც 2007 წელს შეუერთდა ეროვნულ მუზეუმს, 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გატანილია 77 ექსპონატი, მათ შორის ყველაზე მეტი, დღევანდელი მონაცემით, ეროვნული გალერეის კოლქციებში უკვე დაბრუნებულია 552 ექსპონატი. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს და განმარტავს, რომ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ ცნობები, სიმართლეს არ შეესაბამება.   „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა. ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.   ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი - 5“, - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.   ცნობისთვის, ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. იხილეთ საელჩოებში გატანილი ნამუშევრების სია. ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია  

მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება საბაჟო კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ისე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის/საფოსტო გზავნილების მიმართ. „აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის” მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს მონეტების (150 ცალი) მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 196 045, 152 ლარი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თავისი წინამორბედი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა მმართველი პარტიის, „ნურ-ოთანის", თავმჯდომარის თანამდებობაზე. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის ყრილობაზე 28 იანვარს, ნაზარბაევის მითითებით. რადიო თავისუფლების ცნობით, პარტიის ყრილობა გაიმართა ზოგიერთი წევრის პროტესტის ფონზე. მათ დატოვეს პარტია, რადგან მათი აზრით, პარტიამ „ვერ შეძლო“ სისხლისღვრის თავიდან აცილება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ამავე თემაზე: პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა 28 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის გაფორმებას წინ უძღოდა ქვეყნების უსაფრთხოების ძალებს შორის საზღვართან შეტაკებები, რომლებსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. ოფიციალური ცნობით, მათ შორის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი და ოთხი სამოქალაქო პირია. მსგავს დაპირისპირებას გასულ წელს ათობით ადამიანი შეეწირა. შეთანხმების თანახმად, საზღვრიდან ორივე მხარე დამატებით ძალებს და შეიარაღებას გაიყვანს, გახსნის გზატკეცილს და საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას დაიწყებს. დაძაბულობას იწვევს ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიანი საზღვრის დაახლოებით ნახევარი, რომელიც დემარკაციას უნდა დაექვემდებაროს.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, რასაც გადაეჩვია

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხედავს მსვლელობას, თუმცა არ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შედეგია ის, რომ მის მიერ წამოწყებული შეხვედრებით პარტიების წარმომადგენლებთან, საზოგადოებას მაგალითი აჩვენა, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, პრინციპები, რეკომენდაციები, მოთხოვნები უნდა დააყენოს და შემდეგ უკვე ეს გადადის პოლიტიკურ პროცესში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, გააძლიეროს საზოგადოებრივი პლატფორმა და ეს პროცესი ვიღაცების „შერიგება-გარიგებით, ჯადოსნურად“ არ გადაწყდება. „ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიღებებზე მქონდა საშუალება, აქცენტები, სხვადასხვა კუთხით, ამ პროცესის შესახებ გამეკეთებინა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის ჩემი გადაწყვეტილება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ყველასთვის აშკარა გახდა. საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა და ორი თემა არის რეალურად საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მგონი, ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა. კიდევ სამი წელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების განცდას წარმოვადგენ. ეს დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, რაღაცნაირად საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება „ჯადოსნური ერთიანობა“, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება; ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა. ეს არის ჩემი დაწყებული და ინიცირებული პროცესი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი პროცესი და რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  ჟურნალისტმა პრეზიდენტს მედიასთან მთავრობის ურთიერთობაზე და მის როგორც ეროვნული თანხმობის ერთ-ერთ ასპექტად ქცევაზე დაუსვა შეკითხვა, ასევე იმაზე, თუ რას გააკეთებს პრეზიდენტი იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა იყოს განხორცილებადი. „მე ვარ ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ არ ვარ მთავრობა. ასე რომ, თქვენ უნდა მიმართოთ... ჩემი მიზანი არ არის, რომ მე შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები მხოლოდ ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი ამ შემთხვევაში. მაგრამ მე არ დავიწყებ... მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობა და თუ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს ხვდება.      

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია. „დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. „ვიცი, რომ უკრაინის საკითხზე საზოგადოება არის შეჯერებული. მე ვერ გავაკეთებ დასკვნებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ძალიან ცნობილი. მინდა გავახსენო ბატონ ლავროვს, რომ როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირე და ალიანსები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზად, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა მას განუცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ არის. „არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა ბოლო 1.5 წელია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა - „მე პოლიტიკაში აღარ ვარ“. არც მითქვამს წინასწარ, რომ ამაზე მექნებოდა საუბარი, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული ვარ, მაგრამ დამოკიდებული ვარ საზოგადოებაზე. საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა თუ რამდენად წინ წავა. თუნდაც, ის რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება და მგონი, ცოტათი მაინც ჩაცხრა, ამის იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას, ბოლო წელიწადნახევარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. კითხვაზე, აქვს თუ არა მას რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის რწმენაზე ვერაფერს იტყვის. „ჩემი გამოცდილება არის ის, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. იმ დღიდან, როცა ვიყავი არჩეული, რაც მითხრა, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია არ იქნებოდა, ეს შესრულებულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის

საქართველოს პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის შეწყალების საკითხზე განაცხადა, რომ სიტყვას ასრულებს. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გადახედავს თუ არა შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას „არა და არასდროს“. პრეზიდენტი 28 იანვარს სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. „სიტყვას საერთოდ ვასრულებ და მგონი არავინ არის, ვისაც შეუძლია, თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე {უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება} დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა, ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს... მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იყო პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ქვეყანას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ჩიხიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას, პრზიდენტმა საზოგადოების ძალაზე გაამახვილა ყურადღება  „თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების ხმის, თუ არ გვჯერა საზოგადოების ხმის და გვგონია, რომ ყველაფერი შერიგება- გარიგებით იწყება და მთავრდება, მაშინ ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში რომელიც იქნება მუდვივად პოსტსაბჭოთა ქვეყანა“, - განაცხადა საქართთველო პრეზიდენტმა.    

ჩინეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა და 5 შეთავაზება წარადგინა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა. ჩინეთის ლიდერმა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების პირობა დადო. ეს იყო პირველი შეხვედრა ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხუთ სახელმწიფოს მეთაურს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-მა სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით შეკრიბა. სი ძინპინის თქმით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ასჯერ გაიზარდა. წარმატებით დასრულდა სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე დიდი პროექტი, მათ შორის ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენი, ჩინეთი-ყაზახეთის ნავთობსადენი, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ავტომაგისტრალი და ჩინეთი-ტაჯიკეთის ავტომაგისტრალი. "კონსულტაციების, ერთობლივი წვლილისა და საერთო პრინციპების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მზარდია და მას სარგებელი მოაქვს ცენტრალურ აზიაში. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შექმნას კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთი-ცენტრალური აზიის საზოგადოება საერთო მომავლით. ამ მიზნით, მინდა მოგმართოთ შემდეგი ხუთი წინადადებით: 1. ჩინეთი გააგრძელებს მოქმედებას მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპით და იმუშავებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია და მოაწყოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა "ჩინეთს პლუს ცენტრალური აზია", სხვა დიალოგი და უზრულველყოს თანამშრომლობის მექანიზმები. ამ გზით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სოლიდარობას და ურთიერთნდობას, გავაღრმავებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და მივაღწევთ საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.  ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით გარე ძალების მცდელობებს, მოახდინოს ფერადი რევოლუციები ცენტრალურ აზიაში, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას ადამიანის უფლებების საბაბით და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენი ექვსი ქვეყნის ხალხების მშვიდ ცხოვრებას. არც ისე დიდი ხნის წინ, ყაზახეთმა განიცადა დრამატული მოვლენები, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზიანი. როგორც მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ყაზახეთს სტაბილურობის შესანარჩუნებას, ძალადობის შეჩერების მცდელობას და გააგრძელებს ყაზახეთის მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩინეთს სჯერა, რომ პრეზიდენტ თოყაევის ძლიერი ხელმძღვანელობით, ყაზახეთის მამაც, შრომისმოყვარე ხალხს უკეთესი მომავალი ელის. 2. ჩინეთი მზადაა, გახსნას თავისი დიდი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ჩვენ შემოვიტანთ უფრო ხარისხიან საქონელსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს რეგიონის ქვეყნებიდან, გავაგრძელებთ ჩინეთ-ცენტრალური აზიის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ფორუმის ჩატარებას და ვეცდებით ვაჭრობის გაზრდას 70 მილიარდ აშშ დოლარამდე 2030 წლისთვის. ჩინეთი გთავაზობთ, შევქმნათ ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტრონული კომერციის თანამშრომლობის შესახებ დიალოგის მექანიზმი და საჭიროების შემთხვევაში სამრეწველო და საინვესტიციო თანამშრომლობის ფორუმის გამართვა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ნავთობისა და გაზის მილსადენების სტაბილური ფუნქციონირება, დავაჩქაროთ ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენის (D) ხაზის მშენებლობა, გავაფართოოთ თანამშრომლობა ენერგეტიკული ინდუსტრიის ხელშესაწყობად.  3. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ფარი მშვიდობის დასაცავად. მშვიდობა არის მისწრაფება, რომელსაც იზიარებს რეგიონის ყველა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტერორისტულ, ექსტრემისტულ და სეპარატისტულ ძალებთან ბრძოლა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვრის მართვა და კონტროლი. ერთობლივი ოპერაციებით, ერთად ვიმუშაოთ რეგიონული უსაფრთხოების ქსელის გასაძლიერებლად.  4. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტურისტული თანამშრომლობა. ჩინეთი ააშენებს პლატფორმებს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მათი ტურისტული რესურსების პოპულარიზაციისთვის და მზადაა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა გახდეს ჩინელი ტურისტებისთვის მიმართულება. ჩინეთი გვთავაზობს ჩინეთ-ცენტრალური აზიის ხალხთა შორის მეგობრობის ფორუმის ჩატარებას და შეეცდება, რომ ხუთი ქვეყნის დაძმობილებული ქალაქების რაოდენობა გაზარდოს.  5. სულ ცოტა ხნის წინ, მე გამოვედი გლობალური განვითარების ინიციატივით გაეროს წინაშე და მოვუწოდე ერთობლივი ძალისხმევისკენ რისკებისა და გამოწვევების დასაძლევად. ასევე, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის წინსვლისკენ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა 500 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო დახმარებას გაუწევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს საარსებო პროგრამების მხარდასაჭერად და შესთავაზებს 5000 სემინარსა და ვორქშოფს, რათა დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს პროფესიონალთა მომზადებაში. ეს სფეროებია ჯანდაცვა, სიღარიბის შემცირება სოფლის მეურნეობის განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების გაძლიერება“, - განაცხადა სი ძინპინმა.  ცნობისთვის, ამ სამიტიდან ორი დღის შემდეგ, ასევე შედგა ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პირველი სამიტი. ონლაინსამიტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჩაატარა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე, მას რეგიონული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრალურ აზიას ცენტრალური ადგილი უჭირავს ინდოეთის ხედვაში, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ და სტაბილურ, გაფართოებულ სამეზობლოს. ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ ავღანეთში განვითარებული მოვლენებით. ამ კონტექსტში ასევე, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მოდიმ. ამ დროისთვის, ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა ცენტრალურ აზიასთან მცირეა, $2 მილიარდი. სახმელეთო კავშირის ნაკლებობა ვაჭრობის გაფართოების მთავარი დაბრკოლებაა, რადგან პაკისტანი არ აძლევს უფლებას ნიუ დელის, მისი ტერიტორიის გავლით მოხდეს წვდომა. მაგრამ ინდოეთი იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ირანის ჩაბაჰარის პორტს მარშრუტის გასაუმჯობესებლად. ირანს ფართო საზღვარი აქვს როგორც თურქმენეთთან, ასევე ავღანეთთან. ანალიტიკოსების თქმით, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერების მიერ გამართული სამიტები ხაზს უსვამს რეგიონის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, სადაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა გავლენები.    

რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს ნოტა გამოუგზავნა

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „პარტია „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსეთის საგარეო უწყება ნოტით გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა განაცხადა, რომ სამინისტრო შეშფოთებული და ამ საკითხზე მათ ნოტა გადასცეს საქართველოს საგარეო უწყებას. „26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ გამართა ანტირუსული აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. ცოტა ხნით ადრე კი სექციაში გამოირთო ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგება. რუსეთის ინტერესების სექციასთან მომხდართან დაკავშირებით გაგზავნილია ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვენის 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის მკაცრი დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური შეტყობინება გადასცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს", - განაცხადა ზაიცევმა. რადიო თავისუფლების ცნობით, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის სექციის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. რუსეთის საგარეო უწყება იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რომ არ დაუშვას „ასეთი ინციდენტები". 26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პარტია „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია - „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“. აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადები გააკრიტიკა.  „თუ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები ამის შემდეგ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან და გიჩნდება შეკითხვა: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს სურს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება. „მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს „შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს, მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. NATO-ში არ ვართ? გვითხარით, რომ NATO-ში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ NATO-ში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაგზავნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში მცირერიცხოვანი ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს. „უახლოეს დროში ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს ქვეყნებში გავაგზავნი. მათი რიცხვი არც ისე დიდი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, 26 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ. „ამერიკის, ან NATO-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთის თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტალიის პარლამენტმა შესაძლოა, დღეს პრეზიდენტი აირჩიოს

იტალიის პარლამენტი დღეს მეშვიდე ცდაზე პრეზიდენტის არჩევას შეეცდება. მეექვსე კენჭისყრა, წინ ხუთის მსგავსად, ასევე უშედეგოდ დასრულდა. დღესვე პარლამენტში საჭიროების შემთხვევაში მერვე კენჭისყრა გაიმართება. პროცესი გაგრძელდება ყოველდღიურად, დღეში ორი კენჭისყრით, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღებაა საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ თანამდებობის მეორე ვადით დაკავება აღარ სურს. იტალიის პარლამენტი სერჯო მატარელას მემკვიდრის არჩევას 24 იანვრიდან ცდილობს. 

საქართველოში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ამასთან, უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოსწავლეებს სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა კვლავ აქვთ. „ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის - 18.99% ხოლო 7 დღის - 22.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა - 1 833, იმერეთი - 2 277, ქვემო ქართლი - 1 024, შიდა ქართლი - 932, გურია - 308, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი - 367, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 74. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 135 243 საიდანაც: 5 084 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 181, აჭარაში - 711, იმერეთში - 1 044. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 432, აჭარაში - 141, იმერეთში - 293. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 ადამიანი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 48, იმერეთში - 27. 2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 647 - აჭარაში. 128 068 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 310 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 310-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 704 957 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.