ძებნის რეზულტატი:
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტ. ფრაქცია "`ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. „შაბათს, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ჯანდაცვის მინისტრი: საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის
ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის, რადგან 8000 საწოლზე მეტია მობილიზებული და დაკავებულია 5000-ზე ცოტა მეტი. ზურაბ აზარაშვილის თქმით, არსებობს რესურსი, რომ პაციენტების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ასეთ ნაკადს გაუმკლავდეს. საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 151 139 ადამიანი მკურნალობს. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%. საქართველოში სულ კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. 30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა.
იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება
იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა გააცნო. „როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2022 წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე იმპორტიორი თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP სერტიფიკატს. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, საქართველოში მიმდინარე წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის გარკვეული თანხა, 6 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია და დაწყებული გვაქვს პროცესი ამ ლაბორატორიის უმოკლეს ვადაში მოსაწყობად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველო ამერიკული „ჯაველინების“ ახალ პარტიას შეისყიდის
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის JAVELIN-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. „როგორც ცნობილია, 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის JAVELIN-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა JAVELIN-ს გამარტივებული წესით შეისყიდის. თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ JAVELIN-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის. მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართავს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე მიმდინარე წლის ბოლომდე გადავა
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე მიმდინარე წლის ბოლომდე გადავა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ახალ ლოკაციაზე სარემონტო სამუშაო დაიწყება. „მიღებულ იქნა ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანის და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაჩქარებულად იყო მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების კლინიკა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდგომ ბრიფინგზე.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას, პარტიის 3 წევრის გარდა, ხმა „ნაციონალური მოძრაობის" 15-მა დეპუტატმაც მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
ლევან დავითაშილი: შეგიძლიათ, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვალდებულებები იკისროთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ტყის გაიჯარების შესახებ დღეისთვის უწყებაში 22 მიმდინარე ხელშეკრულება და 100-ზე მეტი განაცხადი ფიქსირდება. ჟურნალისტებმა მინისტრს პრემიერის ოჯახისთვის ტყის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ„ კონკრეტული მონაკვეთის გაიჯარება აბსოლუტურად ლეგალურად, ღია აუქციონის პირობებში მოხდა“ და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლო. მისივე განცხადებით, ეს არა ჩუქება, არამედ ვალდებულებაა. მინისტრმა პრილიგებიეთიც სარგებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ „პრემიერის ოჯახი არაფერს შუაშია“. „ნებისმიერი ტყის ობიექტი მითხარით, იმ კრიტერიუმებით, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოს აქვს და კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული, თქვენც შეგიძლიათ, ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ თქვენ მზად ხართ, რომ ის ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვართ უწყება, რომელსაც შეუძლია კომპეტენტური პასუხი მოგაწოდოთ და სხვაგან არ ვეძებოთ ამ ინფორმაციაზე პასუხები. ეს არის წელიწადში 5 ათას ლარზე მეტი, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და პრივილეგია რომ არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მოქალაქეს, შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზად არის, იკისროს ის ვალდებულებები, რომლებიც მოიჯარისთვის იქნება განსაზღვრული. თანხის რაოდენობას განსაზღვრავს კანონმდებლობა, რომელიც დაფუძნებული იყო სამხარაულის შეფასებაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ხოლმე ჰექტარი 5 ათასი ლარი, რომელიც საკუთრებაში გაქვს და იქ შეიძლება რაღაც ეკონომიკური სარგებელი მიიღო და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ანუ ეს უფლებები კი არ არის, ძირითადად არის ვალდებულებები, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით. შეიძლება თქვენ იკითხოთ, რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება - ჩვენ დღეს 22 მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, რომელსაც განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების. ეს შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს ტყის კარგად მოვლა. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მოვლა და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები აქვს მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ტყის მოვლის კუთხით რესურსებს ვზრდით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რომელიც გვინდა და რაც განსაზღვრულია მთელს მსოფლიოში. ეს არის ტყითსარგებლობის აბსოლუტურად სწორი, მდგრადი მოდელი, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ანუ სწორად მოვუაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ თბილისში არ შემოუშვეს
რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა. „კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი. აქტივისტებთან შესახვედრად, მაქვს მოსაწვევი. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან კიევში მიკეთებენ დეპორტაციას. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემიშვან ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები მაქვს დაგეგმილი, გადახდილია სასტუმროს საფასური, პარასკევის ფრენის ფასი, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ლუბოვ სობოლიც გააბრუნეს აქედან. საკვირველი ამბები ხდება საქართველოში მეგობრებო", - ამბობს გუდკოვი ვიდეომიმართვაში. რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, რომელიც იჯარის თანხის გადაუხდელობის საქმეზეა ეჭვმიტანილი, უკრაინაში გასული წლის ივნისიდან ცხოვრობს. თავად კი საქმეს პოლიტიკურს უწოდებს. შსს-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: სკოლები დატოვეთ ღია. ბავშვები ვერ მოიცდიან
„დატოვეთ სკოლები ღია. სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა. ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნა“, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორეს განცხადებაშია ნათქვამი. „ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა. ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრუფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა. „დაუყოვნებლივ ჩაატარეთ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია. მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს სრული მხარდაჭერა და პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს COVID-19 ვაქცინების მისაღებად, მას შემდეგ რაც წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პერსონალი და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობა აცრილი იქნება. „გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციას, როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული ჯგუფები სრულად იქნება მოცული. ვაქცინაცია არ უნდა გახდეს დასწრებული სწავლების წინაპირობა. სასკოლო სწავლების დაკავშირება COVID-19-ის ვაქცინაციასთან საფრთხეს უქმნის ბავშვების განათლებაზე წვდომას და გაზრდის უთანასწორობის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, UNICEF რეკომენდაციას უწევს სკოლების გახსნას. ქვეყნის COVID-19-ის მართვის სტრატეგიები ხელს უნდა უწყობს ბავშვების მონაწილეობას განათლებაში და სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის გარეშეც. „კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მისაღებია რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვს რთულ დათმობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ უპრეცედენტო გამოწვევებს, რომლებსაც COVID-19 პანდემია უქმნის სასკოლო სისტემებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ ფსონები ძალიან მაღალია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვებმა სკოლებში სიარული განაგრძონ“.
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა „ომიკრონით“ - თამარ გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება შესაბამისი კვლევა, რითაც დადგინდება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით". „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და დაახლოებით, 90%-მდე არის ვარაუდი, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის აქედან. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალების შემთხვევებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“. რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში და იმათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის გამოცხადების ინიციატივით გამოდის
დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ 9 აპრილის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის დღედ გამოცხადების ინიციატივით ბიუროს მიმართა. ის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს. „შრომის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს. „საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა, ხოლო ეს აქტი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმს დაეფუძნა, რომელიც ჩატარდა კითხვით: - “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მასის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება. 9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში. 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალიწინებით, შეიძლება, რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების, ხოლო 9 აპრილი მისი აღდენის დღეა. უმრავლესობის წევრები საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას არ ემხრობიან.
ივანე ჩხაიძე: თებერვლის მეორე ნახევრიდან ეპიდვითარება დასტაბილურდება
იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი იქნება. „ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არაა ისეთი მაღალი, როგორც ეს „დელტას“ დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. თებერვლის მეორე ნახევრიდან, სტაბილიზაცია იქნება. რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ამერიკის საელჩო: საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია
აშშ-ის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებას და აქტიურად განაგრძობს მისი განვითარების მხარდაჭერას ტრენინგებით, წვრთნებით, აღჭურვილობითა და რეგიონული პარტნიორების ჩართულობით. ამერიკის საელჩოს ცნობით, ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. „გასულ კვირას ელჩი კელი დეგნანი მართვის ცენტრს ეწვია და სასაზღვრო პოლიციის უფროს ნიკოლოზ შარაძესა და მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე ესაუბრა“, - იტყობინება აშშ-ის საელჩო.
ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-თან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, 2000 პულსის ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის ჯანდაცვაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ კონცენტრატორები და ოქსიმეტრები დღეს, სიმბოლურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცეს. „სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თითქოს რუტინად იქცა, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ზოგჯერ სუნთქვისთვის იბრძვიან და არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის სათანადო სერვისებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობასთან, ერთად, რომ COVID19-ის პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის სერვისები და მათ მხარდაჭერა იგრძნონ. ამ რთულ დროს, ევროპის გუნდთან ერთად, ჩვენ კვლავ საქართველოს გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. „უკვე ორი წელია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის ევროკავშირს უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ აუცილებელი მარაგების მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა და არასწორი ინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს ხარისხიანი მომსახურების მიღება იმისდა მიუხედავად, დიდ ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფლად“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და COVID-19 ზეგავლენის შემცირება. პროგრამის შემდგომ ეტაპზე, სოფლის ამბულატორიები ტელემედიცინისთვის საჭირო დანადგარებს მიიღებენ, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე. ევროკავშირის ცნობით, ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ამ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს გადაეცა სამედიცინო აღჭურვილობა და მოხდა ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გაძლიერდება ტელემედიცინის შესაძლებლობები და თითოეულ პაციენტს თანაბარი წვდომა ექნება ჯანდაცვის სერვისებზე; ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას.
კარლ ჰარცელი: რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიციის გამოხატვა, არამედ, აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის
„ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატო, არამედ აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. „თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, „ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მიერ. რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული, პარლამენტის საქმეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ნიკა მელია: მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნოდარ შეროზიას არჩევას გამოეხმაურა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ შანსები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შემცირდეს. „მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას. რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება „ქართული ოცნება“ და აუცილებლად ბათუმშიც. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები! ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!", - წერს ნიკა მელია. შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა.
თამარ გაბუნია: მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, იყო და არის საკმაოდ ძლიერი
მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა იყო საკმაოდ ძლიერი და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად, ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარის შეფასებისას აღნიშნა. გაბუნიას თქმით, პანდემიის მართვის მოდელზე დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რათა ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ. "ყველას გვესმის, რომ პანდემიის მართვა ძალიან რთული პროცესია. ამას სჭირდებოდა მულტისექტორული და არაკომპლექსური ჩარევა. ვფიქრობ, მალე კიდევ დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რადგან მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ გაკეთდეს შუალედური შეფასება, არა იმისთვის, რომ ხარვეზები მაინცდამაინც გამოვლინდეს, არამედ იმისთვის, რომ გამოცდილება გაზიარდეს და ქვეყნებმა დაინახონ ვინ, სად, როგორ, რას პასუხობდა. ამ შემთხვევაში მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, საკმაოდ ძლიერი იყო და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა. რა თქმა უნდა, კლინიცისტები სხვა დროსაც საუბრობენ და ზოგადად, ყველა საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია მეტი აქცენტი იმ წესების დაცვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. თუმცა, რა თქმა უნდა საფუძვლიანი ანალიზი ამისი კიდევ ჩატარდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ თენგიზ ცერცვაძე: შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ კლინიკური მართვა არაოპტიმალური არ იყო
ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევების სრულად შესრულებას ძალიან მნიშვნელოვნად და მიიჩნევს. „ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვიცი, რომ ის რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა მედიკოსების ჯგუფმა მოინახულა. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, ორგანიზაცია ,,მიშას სექტორის” წევრების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩენას იქამდე გეგმავენ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის ციხეში მის პირად ექიმს არ შეუშვებენ. მათივე ცნობით, აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ყოველდღე 15:00 საათზე გაიმართება.
ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ
ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და ნატალია ლუაზო სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ. მაკალისტერის შეფასებით, რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება კი ევროპისთვის მნშვნელოვანი. „ჩვენ ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინისა და მისი მოქალაქეების მიმართ; გავეცნოთ ინფორმაციას და გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში. ვესაუბრებით პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროებს. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება - ევროპისთვის მნშვნელოვანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვიყენებთ სამხედრო ძალებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ასევე არ ვუქმნით ერთმანეთს საფრთხეს. ევროპარლამენტი თავის მოწოდებაში მკაფიოა, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს ვითარების დეესკალაცია. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას დიპლომატიის გზით“, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".
პრეზიდენტი ბოიკოტის შეწყვეტაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მიესალმა
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას. შესაბამის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს. დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა~, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.