ძებნის რეზულტატი:
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას შეეხება. მისი თქმით, „თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდება, მას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მან რუსეთს ასევე შეახსენა, რომ ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% სწორედ ევროკავშირზე მოდის. „ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს
უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად, აშშ-ის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდიმ განცხადა. „უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების კვირების შემდეგ, აშშ იწვევს უშიშროების საბჭოს ღია შეხვედრას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფრთხის შემცველი ქმედებებისა და უკრაინისა და ბელორუსის საზღვრებზე რუსეთის ჯარების მობილიზების“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა
თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა. როგორც ცნობილია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს, თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავზე შედგება. ერდოღანის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა - 1 523, იმერეთი - 2 219, ქვემო ქართლი - 780, შიდა ქართლი - 775, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი - 289, სამცხე-ჯავახეთი - 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 048, აჭარაში - 686, იმერეთში - 1 039. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 127, იმერეთში - 275. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პაციენტი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 49, იმერეთში - 27. 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 661 - აჭარაში. 118 373 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 997 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 997-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 695 237 აცრა გაკეთდა. ამასთან, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 127 234 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 986 928, გარდაიცვალა 14 870 პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა
სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს - მადაგასკარს, მალავისა და მოზამბიკს ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ გადაუარა. Al Jazeera-ს ცნობით, მადაგასკარში 41, მოზამბიკში 18, მალავიში კი 11 ადამიანი გარდაიცვალა. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.
კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ (Netflix) შუამდგომლობა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Variety სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სტატიის თანახმად, Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას ცდილობს და ამტკიცებს, რომ სერიალი მხატვრული ნამუშევარია, ხოლო აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კინოხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწარმოების შექმნისას ჭადრაკის ორ ექსპერტს ეყრდნობოდნენ და სერიალის შემქმნელებს არ სურდათ ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა. Netflix-ის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სერიალში მოსარჩლის ხსენება მიზნად ისახავდა მის აღიარებას და არა დამცირებას.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის მიწვევა მიიღო. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო 2021 წელს ვერ ვუმასპინძლეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, თუმცა მაღალი დონის შეხვედრების სერია მოეწყო ვირტუალურ და სატელევიზიო ფორმატში და მათ „გზა მიუნხენისკენ“ ეწოდა. ყოველივე ამის მიზანი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დიალოგი გამართულიყო საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის და საფუძველი ჩაგვეყარა 2022 წლის თებერვლის დებატებისთვის. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზებს მეტად უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მაღალი დონის იდეების ურთიერთგაცვლა მოხდეს მათ შორის სტრატეგიული დებატების გზით. ეს იქნება საუბრები სცენიდან, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. როგორც წინა წლებში ხდებოდა, მთავარი პროგრამის ფორმატში გამართულ დებატებს ამჯერადაც გაამდიდრებს მრავალი პარალელური ღონისძიება, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტები და ორგანიზაციები მოაწყობენ. ბუნებრივია, კონფერენციის ფორმატი და პროგრამა მორგებული იქნება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების იმ დროისთვის მოქმედ რეგულაციებზე. ვიმედოვნებ, 2022 წლის თებერვალში მიუნხენში მექნება თქვენი დახვედრის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ვოლფგანგ იშინგერის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.
სუს-ი: სოფელ ჯარიაშენთან, ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. „ვადასტურებთ ჯარიაშენში „ბორდერიზაციას“. ფაქტს ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ინციდენტი განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 20 იანვრის შეხვედრაზე“, – აცხადებენ სუს-ში. ცნობისთვის, სოფელ ჯარიაშენთან, სოფლის სასაფლაოდან ას მეტრში რუსმა სამხედროებმა ხნულები გაავლეს. ამ ადგილზე მოსახლეობა პირუტყვს აძოვებდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ.
უკრაინის ელჩი: ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი
უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აფასებს რეზოლუციის ტესტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად და რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, ყველა სახის მხარდაჭერა სასარგებლოა. მისი თქმით, საქართველოში წარმოადგენს თავის სახელმწიფოს და არა პარტიას, უკრაინას ურთიერთობა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან. „უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას - იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება - ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია. რაც შეეხება, მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის არა და უფრო რემარკისა: ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან. გუშინ შესანიშნავი „ლაითშოუ“ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა. და ასევე ვიცით, რომ ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი - უკრაინისა და საქართველოს საერთო საგანძური. ეს ჩვენი ღირებულებაა - ურთიერთმხარდაჭერა, ერთად ყოფნისთვის მზადყოფნა არამხოლოდ რეზოლუციებში, არამედ ყოველდღიურ საქმეში. მე აქ წარმოვადგენ უკრაინის სახელმწიფოს და არა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ ურთიერთობა გვაქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან, არამედ ქვეყანასთან, ერთად - საქართველოსთან“, - აცხადებს იგორ დოლგოვი.
უკრაინის ელჩი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ესკალაციამდე და არა შემდგომ
უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ რუსეთისათვის სანქციების დაწესება შესაძლებელია დაგვიანებული აღმოჩნდეს ვითარების ესკალაციის შემდგომ. კითხვაზე, რატომ თვლის უკრაინა, რომ დასავლეთი სანქციებს აგვიანებს, ელჩმა მაგალითად მოიყვანა ვითარება, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდგომ შეიქმნა: „რა იყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი? ეს იყო სარკოზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზაციას. საქართველო მას 100%-ით ასრულებს. რას იტყოდით საოკუპაციო აზღვრის მეორე მხარეზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე? ხედავთ დემილიტარიზაციის რაიმე ნიშანს? არა. ისინი აგრძელებენ ბორდერიზაციას და სამხედრო მშენებლობას. ახლა შევხედოთ ვითარებას უკრაინაში 2014 წელს - ყირიმი ოკუპირებულია, დონეცკი და ლუგანსკი ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარისა და კრემლის მხარდამჭერი ძალების მიერ. ამ ქმედებებს მოჰყვა სანქციები რუსეთის მიმართ, გაიყვანეს ძალები? არა. შეგვიძლია ეს ზომები ეფექტიანად ჩავთვალოთ? მე ვერ ვხედავ შედეგს. შეიძლება ეს ზეგავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, პრობლემებს უქმნის რუსეთს, მაგრამ უკრაინელებისთვის რუსები ისევ იქ რჩებიან, ზრდიან სამხედრო ინფრასტრუქტურას ყირიმში, აგრძელებენ ფულის, საბრძოლო მასალების, საწვავის მიწოდებას მხარდამჭერი ძალებისთვის. ეს ნიშნავს, რაც უნდა მოხდეს, ისინი წინ წაიწევენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ან შეუძლებელია, რომ სანქციების შედეგად მათ უკან დაიხიეს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, რუსეთმა ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ რაც უკვე ოკუპირებული ან მიტაცებული აქვს, მას აღარასოდეს დააბრუნებს. ელჩი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ უკრაინა კვლავ მოუწოდებს პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ვითარების ესკალაციამდე და არა შემდეგ. არგუმენტის გასამყარებლად ელჩმა გადაცემაში მაგალითად მოიყვანა ასევე NATO-ს სტრატეგია რუსეთის მიმართ: „2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნატოს დასჭირდა რამდენიმე წელიწადი ახალი დოქტრინის, ხედვისა და რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის მისაღებად და ეს არის შეკავება, რომელიც ახლაც მუშაობს და უკრაინა არის რუსეთის შეკავების ნაწილი, რადგან ჩვენ ვაკავებთ უზარმაზარ ძალას ჩვენს საზღვარზე. თუმცა, არც ეს არის საკმარისი. შეკავება მუშაობს გარკვეულ დონეზე. რატომ? იმიტომ, რომ, რასაც ახლა ვხედავთ - ულტიმატუმებს რუსეთისგან და მათ მოთხოვნას, რომ ნატოს 1997 წლის გაფართოებამდელი პერიოდის მდგომარეობასთან დაბრუნებაზე. ეს ნიშნავს, რომ შეკავება არასაკმარისად ეფექტიანია, რადგან ისინი ბედავენ NATO-სთან ამგვარ ურთიერთობას - ცდილობენ რაღაცების მოთხოვნას, რასაც საერთოდ არ გააჩნია საფუძველი", - განაცხადა უკრაინის ელჩმა.
მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა
ორხევის დასახლებაში 28 იანვარს, მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. აცხადებენ, რომ მერიას ფართის დაკანონების მიზნით ადრე მიმართეს, თუმცა პროცედურა დროში გაიწელა და საბოლოო ჯამში, ფართი არ დაუკანონდათ. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, იმ სახლების დემონტაჟი მოახდინეს, სადაც არავინ ცხოვრობდა. ამასთან, განმარტა, რომ ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალაც აქვთ. ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია.ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერიც. კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს. „სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით, გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. დადგინდა, რომ ამ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.
„თელასი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა
საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის განმარტებით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას
ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე. „ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა. NATO-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ ცოტა შემრცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
აშშ-ის პრეზიდენტი: რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას
"რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ის ამას საჯაროდაც ამბობდა და ჩვენ თვეების განმავლობში ვსაუბრობდით ამის შესახებ“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ემილი ჰორნმა. ცნობისთვის, 27 იანვარს, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შეგდა.
სუს-ი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე. ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ, -ასე ეხმიანება ნონა გაფრინდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოჭადრაკემ ამერიკულ სასამართლოს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ამერიკულ სასამართლოს რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ეხლაც ღრმად მწამს რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს. დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება
Europetime-ის შეკითხვას უკრაინის კრიზისის გარშემო დასავლეთის შემდგომ დიპლომატიურ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა უპასუხა. რა შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯებია მოსალოდნელი აშშ-სგან, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ელის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბარს და მზად არის, განიხილოს ახალი ნაბიჯები, რა შეიძლება, იყოს ეს ნაბიჯები? - ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში ჯონ სალივანს. „ჩვენ დაველოდებით რუსეთის წერილობით პასუხებს იმ დოკუმენტზე, რომელიც მე პირადად გადავეცი მათ ოთხშაბათს, 26 იანვარს. მოგეხსენებათ, რუსეთის მთავრობამ NATO-სგანაც მიიღო წერილობითი პასუხები მათ მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებზე. ამრიგად, დაველოდებით, რა რეაქცია და შეფასება ექნება რუსეთის მთავრობას ჩვენს წერილობით წინადადებებზე. შემდეგ, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, მეც ველოდები, რომ იქნება განხილვები, ან სატელეფონო საუბრები, ეს ჯერ არ ვიცი. ეს შემდეგ უნდა შეთანხმდეს. სახელმწიფო მდივანმა გამოიყენა ორივე ფორმატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სასაუბროდ, მათ შორის ბევრი სატელეფონო ზარი, ასევე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა გასულ წელს. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ეს შეხვედრა გაიმართება შედარებით მოკლე დროში, მაგრამ ეს დამოკიდებულია რუსეთის მთავრობაზე, მის პასუხებზე წერილობით წინადადებებზე, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გადასცეს. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამ გზას აირჩევენ. ჩვენ დიპლომატიის გზას ვირჩევთ და გვჯერა, რომ დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, სწორედ დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ჯონ სალივანმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება. „რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ უსაფრთხოების დონეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის უკრაინაში“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინაში საელჩოს პერსონალი არ შეამციროს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს გერმანიაში დაბრუნება შეუძლიათ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ავსტრიის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. განიხილეს საპარლამენტო დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.