ძებნის რეზულტატი:

მეუფე შიო: ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას აღნიშნა, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება - ხედვა და შეცნობა ღვთისა. მეუფე შიომ მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია გადმოგვცემს სწორედ ყველაზე მთავარს – აზრს ცხოვრებისას, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, იგი ამისთვის მივიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თქმით, სწორედ ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრების, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს ისეთივე მისწრაფება, როგორიც ჰქონდა იერიქონელ ბრმას, ისეთივე სინანული, გაცნობიერება ჩვენი სულიერი სიბრმავისა და ვედრება უფლისადმი, რომ შეგვიწყალოს და აგვიხილოს სულიერი თვალები. ამის გარეშე კი მეუფე შიოს სიტყვებით, ადამიანის ცხოვრებას, მარადისობის თვალსაზრისით, ღვთის თვალსაზრისით, აზრი აღარ აქვს, რადგან ეს არის მთავარი აზრი ცხოვრების: „სხვაგვარად, თუ ჩვენ ჩვენივე სიცოცხლეში არ მივაღწევთ ამას, აზრს კარგავს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში მივაღწიოთ წარმატებას სხვადასხვა დარგში, მოვასწროთ გარკვეული სიკეთის გაკეთებაც ვიღაცისთვის, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენი სახელი დარჩეს შთამომავლობაში... ესეც კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სულის გადარჩენისთვის, იმიტომ, რომ სულის გადარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენი სახელი ახსოვდეთ მომავალ თაობებს, არამედ სულის ცხონება არის ის, როდესაც ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მარადისობაში ღმერთთან ერთად“. მანვე მრევლს შეახსენა, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც წმინდა ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისთვის, თუ რა განწყობით უნდა შევეგებოთ ამ სარბიელს. „დღეს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა არის სიბრმავე, როგორი შეიძლება იყოს სიბრმავე. სიბრმავე არის ფიზიკური, მაგრამ ასევე არის სულიერი სიბრმავეც, რომელიც ბევრად უარესია ფიზიკურ სიბრმავეზე, რადგან სულიერმა სიბრმავემ შეიძლება ადამიანი სამუდამო დაღუპვამდე მიიყვანოს. ეს სულიერი სიბრმავეც შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული. მაგალითად, ამპარტავნებით. როგორც გახსოვთ, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისმენდნენ ღვთის სიტყვას, იყვნენ მოწმენი უამრავი სასწაულისა, მკვდრეთით აღდგინებისა და ასე შემდეგ, მათ მაინც არ ირწმუნეს იესო ქრისტესი, იმიტომ, რომ სწორედ ეს სიბრმავე ჰქონდათ მათ – იმჟამინდელ ყველაზე განათლებულ საზოგადოებს, ვიმეორებ, ფარისევლებსა და მწიგნობრებს. დღესაც გრძელდება ასეთი სიბრმავე, როდესაც ადამიანებს ამპარტავნების გამო არ სურთ, დაინახონ საკუთარი სიბრმავე, აღიარონ იგი და საერთოდ არ სჯერათ, რომ არსებობს სხვანაირი – სულიერი ხედვა და სარწმუნოება, როგორც ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ „რწმენა არის წვდომა უხილავისა“. ეს უხილავის წვდომა და ხედვა რომ შეიძლება, არსებობდეს, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ და არც უნდათ, იწამონ და ირწმუნონ. ამიტომაც არ იღებენ, არ ეხილებათ ეს თვალი. სიბრმავე სხვანაირიც შეიძლება იყოს, მეორე სახის სიბრმავე, რომელიც სიძულვილისა და ბოროტებისაგან მოდის. ამაზე საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს სძულს თავისი ძმა, იგი ბნელშია და ბნელშივე, სიბნელეში დადის, არ იცის საითკენ მიდის, რადგან ბნელმა დაუბრმავა მას თვალი. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. და კიდევ შეიძლება იყოს მესამე სახის სიბრმავე, როდესაც ადამიანი ჩაფლულია სხვადასხვა ვნებაში, ამსოფლიურ სიამეებში. ჩვენ ვხედავთ, რა ემართებათ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან სიძვით, ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ლუდომანიით, ვერცხლისმოყვარეობით, შურით, ეჭვებით, სევდით და ა.შ. როგორ ზიანდებიან ისინი, აზიანებენ თავიანთ ოჯახებს. ასეთ ადამიანებზეც საუბრობს წმინდა სახარება. გახსოვთ, ასეთი მონაკვეთია, როდესაც სხვა ადამიანი, ვისაც აუხელს თვალს უფალი იესო ქრისტე, ამბობს სიტყვებს: „ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა“. ესე იგი ვხედავ ადამიანებს, რომლებიც თითქოს როგორც ხეები, ისე დადიანო. აი, ასეთი ბუნდოვანი მხედველობა ჰქონდა მას თავიდან და შემდეგ მასაც აუხელს თვალს უფალი. სიბრმავის აი, ასეთი სახეები არსებობს. მაგრამ ისმის კითხვა: გვეხება თუ არა ეს სახარება დღეს ჩვენ?! შეიძლება ითქვას, რომ გვეხება, ძვირფასო ძმებო და დებო, იმიტომ რომ ჩვენც მეტად თუ ნაკლებად გვახასიათებს ეს სულიერი სიბრმავე“, - აღნიშნა მეოფე შიომ ქადაგებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს კოვისაწინააღმდეგო აღჭურვილობას გადასცემენ

ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს COVID19-თან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას გამართავენ. ღობისძიება ნიკოლოზ ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართება და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე დაესწრებიან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ეს დახმარება ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს.     კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა NATO ჯარების გაგზავნას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს საბრძოლო ჯარების განთავსებას უკრაინაში... ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. „არსებობს განსხვავება NATO-ს წევრობასა და უკრაინის როგორც ძლიერ და უაღრესად ფასეულ პარტნიორს შორის. ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.     რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი ხუთ სეტში, ანგარიშით 2:6, 6:7,6:4, 6:4, 7:5 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა და 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.  „ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო. მხარდაჭერა, რომელიც მივიღე ამ ტურნირის დროს, უბრალოდ დარჩება ჩემს გულში, მთელი ცხოვრების განმავლობაში“, - თქვა ნადალმა მთავარი ტიტულის მოგების შემდეგ.  35 წლის ნადალმა პრესტიჟული ტურნირი მეორედ მოიგო.

საქართველოში „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, დამძიმებულ პაციენტებს შორის, ასევე, გარდაცვლილებს შორის, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიც იყვნენ. „17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებელსაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებელსაც, რომელიც, ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე „იმედის“ ცნობით. საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

კანადა უკრაინაში საელჩოდან პერსონალის ნაწილს გაიყვანს

კანადა უკრაინაში თავისი საელჩოდან პერსონალის ნაწილს დროებით გაიყვანს, ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჩვენ განვაგრძობთ პროცესებზე დაკვირვებას, უმაღლეს პრიორიტეტად რჩება კანადელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენი ოფიციალური პირები მზად არიან, უზრუნველყონ საკონსულო დახმარება კანადის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.  

გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გიორგი ბერიაშვილმა (-100კგ) პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ბერიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იპონით იმარჯვა. პორტუგალიის გრან პრი 28-30 იანვარს ტარდება. საქართველოს ნაკრები შემადგენლობაში არიან: -66კგ - თენგო ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე, -73კგ - გიორგი ტერაშვილი, -81კგ - დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი შერაზადიშვილი, -90კგ - იმედა გოგოლაძე, -100კგ - გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.  

თენგიზ ცერცვაძე: შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ კლინიკური მართვა არაოპტიმალური არ იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველას მიერ აღიარებულია, რომ საქართველოში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. მისივე შეფასებით, პანდემიის მართვისას ცალკეულ შემთხვევაში შეცდომები იყო. „ყველა ოპონენტი, ვინც შემედავა, შემდეგ უკან დაიხია ან საერთოდ თავი აარიდა დებატებს. მედიკამენტების და მიდგომების გამოყენება ყველა ეტაპზე ოპტიმალურად ხდებოდა. არცერთ შემთხვევაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა“. „შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური, კლინიკური მართვა. ცუდი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მაშინ არა მხოლოდ გარდაცვალების მაღალი რიცხვი იქნებოდა, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა ეს 1,5-ზე მეტი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ძალიან მალე დაიდება კვლევის შედეგები, რომელ კლინიკას რამდენი სიკვდილი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციით. „ახალმა მინისტრმა დაიწყო შესწავლა, შედეგები და დასკვნა დაიდება, ვის რამდენი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციის სიკვდილიანობა. საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საქართველოში 6-7% იყო, მსოფლიოში 10-11%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვქონია თუნდაც შიდა ჰოსპიტალური ინფექცია სხვებზე უარესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მან სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კლინიკებს დროულად არ მიმართავენ. „ამ მოცემულობაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სიკვდილობის მთავარი მიზეზია მოსახლეობის დაგვიანებული მომართვიანობა. ძალიან ხშირად პაციენტები სახლში რჩებიან იმის იმედით, რომ განიკურნებიან“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა და მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებას ან ოჯახის ექიმს. „უდიდესი თხოვნაა, ნუ ელოდებით დამძიმებას. ყველა პაციენტმა, ვისაც გაქვთ მდგომარეობის დამძიმების რისკი, ასეთია 60 წელს ზევით ასაკი, თანხლები სერიოზული დაავადებები ან უკვე დაგიმძიმდათ პირველივე დღეებში დაავადება. დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად: თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, ძირითადი ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება და სატურაციის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ დამძიმებული მდგომარეობა ან ამის რისკი არსებობს, მოგვმართეთ პირველი 8-10 დღის მანძილზე. ნუ მოიმიზეზებთ „ომიკრონს“, დღეს 3 ათასი საწოლი თავისუფალია და თუ საჭირო გახდა, კიდევ ვიპოვით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“არ არის ჩვეულებრივი გრიპი და თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს,  „არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს და ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ, ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი შეფასებით, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ან პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის; „ომიკრონის“ ხარჯზე სხვაგან მეტად გაიზარდა სიკვდილიანობა, ჩვენთან პირიქით, განახევრდა“; შემთხვევების მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყველას გაკონტროლების შესაძლებლობა აღარ იყო. „როდესაც ჩვენთან პანდემიამ გადალახა რაღაც ზღვარი, რომელიც უკვე აღემატებოდა ჩვენი ეპიდემიოლოგიური რესურსის შესაძლებლობას, რომ ყველა გაეკონტროლებინათ, მერე წავიდა უკონტროლო მატება“. „ნუ ჩავთვლით, რომ შემთხვევათა რაოდენობის მატება მიუთითებს საქართველოში რაიმეს შედარებით ცუდად კეთებაზე, რამეთუ საქართველოზე განვითარებულ ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ  „პალიტრანიუსის“ ეთერში.

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს

კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს, დააწესოს სანქციები რუსეთის ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების და „კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების“ წინააღმდეგ, პარლამენტს მომავალ კვირაში წარედგინება. „ჩვენ ვაპირებთ, შემოვიტანოთ ახალი კანონმდებლობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. უკრაინაში შეჭრას სერიოზული ზომები მოჰყვება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, სავარაუდოდ, ამ კვირის დასაწყისში ეწვევიან კიევს. The Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის მიერ გათვალისწინებული სანქციების რეჟიმი მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ პირებს მოიცავდა, ახალი კანონმდებლობა კი საშუალებას მისცემს დიდი ბრიტანეთს, რომ სამიზნე ჯგუფი გააფართოოს. უფრო კონკრეტულად კი, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრემლისა და რუსეთისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, შესაძლოა, სანქციების ობიექტი გახდეს. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

ტყიბულის შახტში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იენს სტოლტენბერგი: ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციით, რადგან ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის ერთ მიმწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობას და ამიტომ NATO-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ გვჭირდება მუშაობა და ფოკუსირება მომარაგების დივერსიფიცირებაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გამოცდა ფოტოებით დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც 2017 წლის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი რაკეტის გაშვების დროს არის გადაღებული. BBC-ს ცნობით, კოსმოსიდან გადაღებულ უჩვეულო სურათებში ნაჩვენებია კორეის ნახევარკუნძულის ნაწილები და მიმდებარე ტერიტორიები.  ფხენიანმა დაადასტურა, რომ გამოსცადა Hwasong-12 საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა (IRBM). მხოლოდ გასულ თვეში ფხენიანმა ჩაატარა რეკორდული რაოდენობის, შვიდი რაკეტა გაუშვა - ინტენსიური აქტივობა მკაცრად დაგმეს აშშ-მ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 503, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა - 1 734, იმერეთი - 1 740, ქვემო ქართლი - 661, შიდა ქართლი - 554, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 640, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 136, სამცხე-ჯავახეთი - 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

უკრაინაში მასობრივი არეულობების დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში მასობრივ არეულობებს გეგმავდნენ. ამ ბრალდებით ჯგუფი დააკავეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო არეულობის პროვოცირება უკრაინაში პოტენციურ შეჭრამდე, რათა „საპროტესტო და მიტინგებით აჩვენოს, რომ ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობას“.

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზიდან პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გაყვანას ცდილობს

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ბათუმის მერიის მიერ 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მერია აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. „დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისათვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

პარლამენტში კომიტეტის სხდომა კორონავირუსის გავრცელების გამო ვერ გაიმართება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კორონავირუსით დეპუტატების ინფიცირების გამო გადაიდო. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კვორუმი ვერ შედგა და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის (ბადრი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია) უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილა და საკუთარი დასკვნა პარლამენტისთვის წარედგინა.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42.5%

31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 333 606 ადამიანი, მოსახლეობის - 46.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 219 721, მოსახლეობის - 42.5%. ბუსტერ დოზით აცრილია 157 283 ადამიანი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 905 (2.20%) სრულად აცრილია -2 744 (1.55%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 426 (15.32%) სრულად აცრილია - 10 847 (13,38%). 30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა. ინფორმაციისთვის, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ასევე შესაძლებელია, რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის ჯამურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 10.6% შეადგინა. „2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში“, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

COVID19: დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 28.82%-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 151 139 ადამიანი მკურნალობს. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%. საქართველოში სულ კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. 30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა.