ძებნის რეზულტატი:

საერთაშორისო მედია: ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის შესაძლო გასვლაზე პირველად მიანიშნა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირველად მიანიშნა ბუდაპეშტის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობაზე. შესაბამისი განცხადება მემარჯვენე პარტიის FIDES - უნგრეთის სამოქალაქო კავშირის თავმჯდომარემ  12 თებერვალს გააკეთა. ორბანმა მიმართა მოსახლეობას, რითაც კაბინეტის ხელმძღვანელად ხელახლა არჩევის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, ევროკავშირი წმინდა ომს აწარმოებს კანონის უზენაესობის ლოზუნგით. პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს უნგრეთის მიმართ „ტოლერანტობის“ გამოვლენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთო გზის გავლა შეუძლებელი იქნება. ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმი 2021 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, ევროკომისიამ შეიძლება, შეამციროს სახსრების გაცემა ბიუჯეტიდან იმ ქვეყნებზე, სადაც არის ფულის ბოროტად გამოყენების საფრთხე ევროკავშირის კანონის უზენაესობის დარღვევის გამო. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 3 აპრილს გაიმართება.

პრაღის მერი უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატად ეწვევა

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის მერი, ზდენეკ ჰრჟიბი უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად 14 თებერვალს კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, 15 თებერვალს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი ვარშავის მერ, რაფალ ტშასკოვსკის, შეხვდებიან. „ეს სწორია, რომ ასეთ რთულ დროს პრაღამ და „თავისუფალი ქალაქების პაქტის“ სხვა წევრებმა უკრაინის დედაქალაქისა და მისი მოქალაქეებისადმი თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. კიევი თავისუფალ დედაქალაქად და რეგიონში დემოკრატიის საყრდენად უნდა დარჩეს“, - აცხადებს ზდენეკ ჰრჟიბი. თავისუფალი ქალაქების პაქტს 2019 წელს ბრატისლავის, ბუდაპეშტის, ვარშავისა და პრაღის მერებმა ჩაუყარეს საფუძველი. ეს გაერთიანება მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვას და განვითარებას. პაქტს 2021 წელს ევროპის 20-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა.

თურქეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხი განიხილეს

თურქეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ და ვლადიმერ მაკეიმ სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს ორმხრივი კავშირები და რეგიონული საკითხები. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში არსებული ვითარების გამო. მევლუთ ჩავუშოღლუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ნებისმიერ დროს“ შეიძლება მოხდეს. „ასეთი შეჭრა არ იქნება სწორი, მაგრამ დასავლური სახელმწიფოები ასევე ფრთხილი უნდა იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რომლებმაც შეიძლება პანიკის დათესვა გამოიწვიოს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. მისივე თქმით, ოფიციალურმა ანკარამ როგორც რუსული, ასევე ბელორუსის წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება. „ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს. ამავე თემაზე: უკრაინის თავდაცვის მინისტრი: აგრესორი ვერ აიღებს ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერც - სხვა ქალაქებს თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უამრავი განსხვავებული ინფორმაცია მხოლოდ პანიკას იწვევს. პანიკა მტრების საუკეთესო მეგობარია

ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) 14 თებერვალს გაემგზავრება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის და აბუ-დაბის საამიროს მმართველის ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის მოწვევით ხორციელდება, ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტისას თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილება. მხარეები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე, ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და შენარჩუნების საკითხზე. ორი ლიდერი დაესწრება სხვადასხვა შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას პირისპირ და დელეგაციების შეხვედრების შემდეგ. შეთანხმებები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ინვესტიციებს, თავდაცვას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და მედიას. თურქეთის ლიდერი 15 თებერვალს ასევე ეწვევა ექსპო 2020-ს დუბაიში, სადაც თურქეთის ეროვნული დღე აღინიშნება.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია. მოქმედმა პრეზიდენტმა 1045 ხმიდან 1437-დან მოიპოვა. ფედერალური კრება შედგება 1472 დელეგატისგან, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) ყველა დეპუტატი. არჩევნებზე ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გერჰარდ თრაბერტი, მაქს ოტე და შტეფანი გებაუერი. მეორე, ხუთწლიანი ვადით არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ხელშემწყობების მხარეს იქნება.„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“.  გერმანიის მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 18 მარტს იწურებოდა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია. 66 წლის სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ადრე მუშაობდა კანცლერის გერჰარდ შროდერის შტაბის უფროსად, ის ფართოდ განიხილებოდა, როგორც აშკარა ფავორიტი არჩევნებში. ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიაში მცხოვრები ადამიანების 85% შტაინმაიერის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა. ის სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ისე მთავარი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

შტაინმაიერმა პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, პუტინს მიმართა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ თავის სიტყვაში რუსეთზე ისაუბრა. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს შეუწყობს ხელს, ვინც დემოკრატიის მხარეს დადგება. „ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“. „მივმართავ პრეზიდენტ პუტინს: ჩვენთან ერთად მოძებნეთ გზა, რომელიც დაიცავს მშვიდობას ევროპაში“, - აღნიშნა შტაინმაიერმა. ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია.

ევროკავშირის ელჩი: ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის

ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნის მისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს.  მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით.   ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. "დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის  ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი  ევროკავშირის ბაზარზე შესულიახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას. ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნისმისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესისავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინას ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა დაწლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესული ახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 

საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, (წინასწარი ცნობით) მისი სიმძლავრე 5.8 (ML) მაგნიტუდა იყო.

ბათუმის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა თემო ხასიამ თანამდებობა დატოვა.  გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მიზეზი მის მიერვე სოციალურ ქსელში დაწერილი "ხუმრობა გახდა, რომლითაც გუშინ მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა. ცნობისთვის, ხასიამ დმანისში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით Facebook-ზე დაწერა: „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“. 

სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „ჩემი ძალიან თბილი მილოცვა ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს დღეს ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით! მქონდა შესაძლებლობა, მემასპინძლა თქვენთვის საქართველოში 2019 წელს, სადაც ჩვენ დავსახეთ გზები საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.  

ეუთოს ცნობით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს

ეუთოს ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამკვირვებლებმა უკრაინა რამდენიმე დღეში უნდა დატოვონ. „სპეციალური სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ეუთოს მიერ დამტკიცებული მანდატის განხორციელებას მისი დამკვირვებლებით, რომლებიც განლაგებულნი არიან უკრაინის ათ ქალაქში. სადამკვირვებლო მისია უმაღლეს პრიორიტეტს ანიჭებს მთელი მისი პერსონალის უსაფრთხოებას და გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ შეფასებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დმანისის მერი: სოფელ შახმარლოში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის

  "ოფელ შახმარლოში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება", - ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "როგორც სეისმოლოგიის ცენტრმა გვაცნობა, დაახლოებით 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. ამ ეტაპზე რაც დავაფიქსირეთ, ეს არის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში, შაბან კოჯაევის ოჯახში, სადაც საცხოვრებელი სახლის კედლის ნგრევა მოხდა. შევისწავლეთ სახლის ამჟამინდელი მდგრადობა, შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთ“, – განაცხადა კობა მურადაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის - 31.92% ხოლო 7 დღის - 33.03%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა - 303, იმერეთი - 450, ქვემო ქართლი - 259, შიდა ქართლი - 207, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 210, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც: 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 500, აჭარაში - 761, იმერეთში - 1 213. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 156, იმერეთში - 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 40, იმერეთში - 24. 1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 - თბილისში, 406 - აჭარაში. 164 048 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები გუშინ 6-ჯერ განმეორდა

საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის (22:25 საათი) შემდეგ მიწისქვეშა ბიძგები 6-ჯერ განმეორდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, შემდგომი ბიძგების სიმძლავრე 3,1-დან 4,5-მდე მაგნიტუდამდე მერყეობდა. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებასთან იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა იწყება

პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი მოქალაეებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 ათასი სოციალური დაუცველი მოქალაქიდან, 200 ათასამდე და მეტი შრომისუნარიანია. ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები იმისა, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე, ვისაც ეს შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს, დავიწყებთ 1-ელი მარტიდან და ვიწყებთ შრომისუნარიან, სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება. „ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პაატა იმნაძე: ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმის, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმისა, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს. „ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ. სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც დელტა ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

„თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვება

„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებული საკითხის გარშემო მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გაეცეს არგუმენტირებული პასუხი. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენი თანამოქალაქეები არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოს“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის ასახული, არ ასახავს რეალობას

 კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის ასახული, არ ასახავს რეალობას, რადგან პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი არ არის ატვირთული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „შაბათ-კვირას, როგორც იცით, მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია. კიდევ იყო ტექნიკური პრობლემები პორტალზე მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ. სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით დაიწყება კლება. დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება", - განაცხადა გამყრელიძემ.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

ე.წ. ქოლ-ცენტრები მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მიერ შეიქმნას საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვა სამსახურებიც იქნებიან ჩართული, რაც აღნიშნული ქოლ-ცენტრების საქმიანობას გამოიძიებს. ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ არაკანონიერ საქმიანობაში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების ჩართულობაზე ინფორმაციას ფლობს. "პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, გამოძიების კონკრეტული შედეგები გაასაჯაროვა და მათ შორის, გერმანიის პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგებიც გაასაჯაროვა და ყველაფერი არის ნათელი, მაგრამ ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლის ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას ქვეყანაში. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო და კიდევ ვიმეორებ, რომ მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული ჩემი ინფორმაციით, ამის თაობაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ რამდენიმე პირის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც, კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი ეს დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით სხვებზე გადაბრალება, ამ შემთხვევაში, მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.