ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკულ ტელეკომპანია CNN დაყრდნობით ავრცელებს. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თქვენი ჩამოსვლა კიევში იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ეს გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ ბაიდენს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის, რისთვისაც სოციალური ქსელები და მედია გამოიყენება. „დღეს შიდა საინფორმაციო სივრცე უპრეცედენტო გავლენის ქვეშ იმყოფება. უკრაინა პანიკის სისტემური გამწვავების, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და რეალური მდგომარეობის დამახინჯების მცდელობების წინაშე დგას. ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს აანალიზებენ და თითოეულ სცენარზე რეაგირების მკაფიო გეგმა აქვთ.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ე.წ. ბუსტერ-დოზების ფინანსური წახალისების გამართლება მწირია
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ბუსტერ-დოზების ფინანსური წახალისების გამართლება მწირია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფად კვლავ 65 წელზე უფროსი ადამიანები რჩებიან. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებად უნდა დარჩეს მაღალი რისკის ჯგუფები, ანუ 65 წლის ზემოთ ასაკობრივი პირები. ამდენად წახალისების პროგრამებიც მეტად იქნება ფოკუსირებული მაღალი რისკის ჯგუფებზე. გამომდინარე აქედან, ახალგაზრდებში ბუსტერ დოზების ფინანსური წახალისების დასაბუთება და გამართლება ამ ეტაპზე მწირია”,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გრძელდება.
ლევან დავითაშვილი: სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ. მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე, გარკვეული საოფისე საქმიანობები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოსი. ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია აქაც ხელფასი - თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ - განაცხადა მინისტრმა.
პარიზში, პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი გაანეიტრალა
პარიზის პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება. „პირი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა, ადგილზე გარდაიცვალა. ორმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - აღნიშნა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა. როგორც ცნობილია, ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ კვოტით ასარჩევად წარდგენილ თეონა აქუბარდიას კანდიდატურას, კომიტეტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს. სხდომაზე კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ყოველი წლის დასაწყისში კომიტეტები სამოქმედო გეგმას ამტკიცებენ და ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დამკვიდრდა და რეგლამენტში გაიწერა. მისივე თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტი კომიტეტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან იქნა გავლილი. კომიტეტის სხდომაზე თეონა აქუბარდიამ პნევმატიკური იარაღის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ხოლო უსაფრთხოების გარემოს გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეხვედრების გამართვა ითხოვა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
NATO-ში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. „პირველად ღირსების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს ნატოზე უარის თქმის შესახებ. ამით უკრაინის ელჩმა აჩვენა, რომ პუტინის მიერ უკრაინის შანტაჟი და დაშინება მუშაობს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ უბრალოდ უარყოფა საკმარისი არ იქნება. ერთადერთი საშუალება, რომ დაამტკიცონ, რომ პრისტაიკოს პოზიცია უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის პოზიცია არ არის, ელჩის ლონდონიდან გამოწვევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაა“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.
ჯანდაცვის მინისტრი: საუბარი იმაზე, რომ პრემიერი ანტივაქსერია, არასწორია
ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. როგორც ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა „ომიკრონი“, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს გადაცილებულებისთვის გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის
„ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს, - ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი და დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული. „8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება. რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
თამარ გაბუნიას თქმით, პრემიერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ „მწვანე საშვი“ „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმით ხსნის, რომ„მწვანე საშვის” მოქმედება „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. გაბუნიას განმარტებით ამას გულისხმობდა პრემიერი. თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია „ომიკრონის” პირობებში გარანტია აღარ არის, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. „განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ „მწვანე საშვის“ მოქმედება „ომიკრონის“ პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა „ომიკრონის“ პირობებში გარანტია, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად, „მწვანე საშვის“ მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან „ომიკრონის“ პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, მედიის მხრიდან საჭიროა ვაქცინაციის თემაზე პოზიტიური კამპანია. „ჩემი აზრით, თქვენი (მედიის) მხრიდან მეტად პოზიტიური კამპანია იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდეს მეტად აქტიურად, რათა ანტივაქსერმა თუ იმ პირმა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, რომ ვაქცინა ჩაიტაროს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პოზიტიურ საკომუნიკაციო კამპანიას და არა მუდმივად ნეგატიურ თემებზე აქცენტირებას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, მისი მეორე ვარიანტით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია
„ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პიკი ალბათ უკვე გადავლილია, რა თქმა უნდა, საფრთხე ჯერ კიდევ არის. „რისკი, რომ „ომიკრონი“ მძიმედ განვითარდეს, ისევ არის. ყველას სიფრთხილისა და აცრისკენ მოვუწოდებთ. რეინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგალითად ვისაც წინა შტამი „დელტა“ ჰქონდა გადატანილი, ძალიან ბევრს დაემართა ახლა „ომიკრონის“ ვარიანტი, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ამირან გამყრელიძე: არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება
„ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არცერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს“ რამდენიმე ქვეშტამი აქვს. „დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი BA.2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის“ შემდგომ კიდევ „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისიve თქმით, კვლევის თანახმად, „ბუსტერი“ სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან. „მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით „ბუსტერიზაცია“, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცს მასპინძლობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებებს მართავს. შოლცი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს კიევში, მარიინსკის სასახლესთან მიესალმა. 11 თებერვალს, ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ოლაფ შოლცმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. 12 თებერვალს ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თუმცა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს ოლაფ შოლცი რუსეთსა და უკრაინაზე - ინტერვიუ The Washington Post-თან.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს 2022-24 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ გეგმა ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია და ასევე, კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა. გარდა ამისა, მან იმ ძირითადი კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებზეც კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში იმუშავებს. „ყველაზე მნიშვნელოვანია კლიმატის მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობის დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე კლიმატის საბჭოს შექმნა, რომელიც კლიმატის პოლიტიკისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობასა და ამ კუთხით პარლამენტის როლის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანი კანონპროექტია სამრეწველო მისიების შესახებ ახალი კანონის ინიციირება, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას გულისხმობს. მოვამზადებთ შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს და ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ახლებურად მოაწესრიგებს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დაქვემდებარებული ობიექტების რეგულირებას“, - განაცხადა წილოსანმა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მმართველმა გუნდა უარი განაცხადა თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა დღეს ზუგდიდში კიდევ ერთხელ ოფიციალურად დადასტურდა. რადიო თავისუფლების ცნობით, სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ექსპრემიერის პარტიის წარმომადგენლისთვის, რადგან „გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაერთი დანაშაული მოხდა“. მათ შორის, ბაჩანა შენგელია ასახელებს მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებას, რაც ბაჩანა შენგელიას განცხადებით, გიორგი გახარიას დავალებით განხორციელებული ზეწოლის შედეგია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიმართა. მანამდე დეპუტატები დარბაზში 5-ჯერ შეიკრიბნენ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომების ჩაშლის მიზეზი კვორუმის არქონა იყო. ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. 20 - „ქართულ ოცნებას“, 3 - „გახარია - საქართველოსთვის“.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. „ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მას მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის ელჩის საკამათო განცხადება განმარტა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად, კონტექსტიდან ამოღებულია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. „რა თქმა უნდა, მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, უკრაინა მზადაა, ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის ნებისმიერ ფორმატში შესვლისთვის. ამავე დროს, ელჩმა პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ NATO-ს წევრობის პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციით, მაგრამ უკრაინა ამჟამად არ არის NATO-ს ან სხვა უსაფრთხოების ალიანსის წევრი, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო ხდება“, - განაცხადა პრესსპიკერმა. ნიკოლენკოს თქმით, ასეთი საუკეთესო გარანტია იქნება უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება NATO-ში. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია. კომიტეტის წევრებმა კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი. კოკა კაციტაძეს მხარი უმრავლესობის 10-მა დეპუტატმა დაუჭირა, ემზარ გაგნიძეს კი უმრავლესობის 9 დეპუტატმა და "ევროპელ სოციალისტთა" წევრმა ფრიდონ ინჯიამ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აიჩევს, პლენარულ სხდომაზე კენჭს ორივე კანდიდატს უყრიან. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შედეგად შეიქმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის კოკა კაციტაძის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეების პროკურორი იყო. კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ არასდროს არ ყოფილა სახელმწიფო ბრალმდებელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ. ჩამოგითვლით საქმეებს და თქვენ მითხარით, რომელი იყო აქედან პოლიტიკური - ფოტოგრაფების საქმე იყო პოლიტიკური?! კობა დავითაშვილის ცემის საქმე იყო პოლიტიკური? ვიყავი პროკურორი კობა დავითაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეზე - ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად, მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეიყვანეს და გადამალეს. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე იყო პოლიტიკური?! სადაც ადამიანებმა კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და მერე მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით დაიბარეს და ღვინის ქარხანა ჩამოართვეს. 2011 წლის მაისის აქციიდან გატაცებული ხალხი, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ შეიყვანეს, 15 ადამიანი, მაისურების გახდას აიძულებდნენ, არეცხინებდნენ იატაკს და მერე ამ ტალახიან მაისურებს აცმევდნენ. „კაპეზეში“ „მიშა მაგარიაზე“ რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?! მე ამ საქმეებზე ვმუშაობდი და ღიად და გამჭვირვალედ შემიძლია, დიდხანს ვისაუბრო. დამოუკიდებლობის ხარისხის შემოწმება იმით, რომ მე 2007-დან 2012 წლამდე რიგითი პროკურორი ვიყავი და რაღაც საქმეებზე თითქოს თვალს ვხუჭავდი, ასევე, დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმიტომ, რომ მე ამ პროკურატურაში ვმუშაობ და სპიკერი ვიყავი საზოგადოებისთვის გახმაურებულ საქმეებზე, ეს არის თქვენი მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის, რაც არ გამოგივათ, რადგან ამაში არც ლოგიკაა და არც რაიმე საფუძველი გაქვთ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ. პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირაში აირჩევს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა. შსს-ს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორებმა ახალ უფროსს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქცია-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის უფროსი იყო, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი 11 თებერვალს დანიშნა.