ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინელი ხალხის NATO-ში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის NATO-ში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. „რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, ეს უკრაინელი ხალხის ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების სუვერენული უფლების დათმობაა. ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. ეს უკრაინელი ხალხის უფლებაა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო და ძალიან რთულია.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო
დღეს, თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 3.9 (ML) მაგნიტუდა იყო. მანამდე, საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მიწისქვეშა ბიძგები 6-ჯერ განმეორდა.
იტალიის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ოფიციალური პირები უკრაინას ეწვევიან
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრaსი და პოლონეთის სეიმის მარშალი ტომაშ გროძკი ამ კვირაში უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. განრიგის მიხედვით, დი მაიო უკრაინას ოთხშაბათს, 16 თებერვალს ეწვევა, ხოლო გროძკის ვიზიტი 17-18 თებერვალს გაიმართება. ლიზ ტრასის ვიზიტიც ამავე პერიოდშია დაგეგმილი. „კიევი გადაიქცა საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრად. ამ კვირაში ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელი სტუმრების მიღებას. ეს არის ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი, რათა შევაკავოთ რუსეთი სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან. მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორების ამ რთულ პერიოდში“ უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. 15 თებერვალს დაგეგმილია მისი ვიზიტი მოსკოვში.
G7 რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მასიური ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებს
G7 ჯგუფის ფინანსთა მინისტრებმა ორშაბათს გააფრთხილეს რუსეთი "მასიური" ეკონომიკური შედეგების შესახებ, თუ ის აირჩევს უკრაინაში შეჭრას, რომლის ეკონომიკას ასევე დაჰპირდნენ სწრაფ და გადამწყვეტ მხარდაჭერას. მინისტრები უკრაინის ეკონომიკას დახმარებას ჰპირდებიან. "უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ, G7-ის ფინანსთა მინისტრები, ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად", - წერენ ისინი ერთობლივ განცხადებაში. „რუსეთის ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მოჰყვება სწრაფი, კოორდინირებული და ძლიერი პასუხი. ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად დავაწესოთ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომლებსაც ექნება სერიოზული და სწრაფი შედეგები რუსეთის ეკონომიკაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინამ მორიგი თავდაცვითი დახმარება მიიღო. ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ
უკრაინა პარტნიორებისგან სამხედრო და თავდაცვითი დახმარების მიღებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი მორიგი ტვირთის მიღების შესახებ იტყობინება. „მადლობა ლიეტუველ ხალხს და უკრაინის დიდ მეგობარს არვიდას ანუსაუსკასს დახმარებისთვის. უკრაინისა და ლიეტუვის ურთიერთობა ძალიან მჭიდროა და მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. ვაფასებ ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ერთმანეთის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას“, - წერია მინისტრის ტექსტში. მანამდე მან Twitter პოსტი აშშ-ისგან მიღებულ მორიგ ტვირთს მიუძღვნა. „კიდევ „ორი ჩიტი“ - თავდაცვითი დახმარება და 180 ტონა საბრძოლო მასალა. ჯამში მივიღეთ 17 ჩიტი რომელთა წონა თითქმის 1500 ტონაა! ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ“,- წერს ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე.
მარინა კალიურანდის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შემდგომი თანხების გამოყოფა რეფორმების არსებით პროგრესს უნდა ეფუძნებოდეს
ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი შემდგომი თანხები რეფორმების არსებით პროგრესს უნდა ეფუძნებოდეს ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით გაავრცელა. „ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია საქართველოში, მოსახლეობაში და განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, შემდგომი ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, თუმცა აღვნიშნეთ, რომ სიტუაცია კვლავ შესაძლებელია, გაუმჯობესდეს, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ სფეროებს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მივესალმებით საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე, კანონის მიღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში. კალიურანდი მიესალმა ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემდგომი თანხები უნდა იყოს განპირობებული რეფორმების არსებითი პროგრესით, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. „ჩვენ ვაღიარებთ ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სწრაფ მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, ზრდისა და სამუშაო ადგილების ხელშეწყობას, დაკავშირებადობაში ინვესტირებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას და სამართლიანი, გენდერული თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განგრძობად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას საქართველოსთვის, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ შემდგომი თანხები უნდა იყოს განპირობებული რეფორმების არსებითი პროგრესით, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ განვიხილეთ ყოვლისმომცველი რეფორმების კომპლექსი, რომელსაც საქართველო ახორციელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებისას, მათ შორის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ჩვენ მივესალმებით უკვე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, სრულად გამოიყენოს AA/DCFTA-ს უზარმაზარი პოტენციალი, მათ შორის ეტაპობრივი ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით, ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციისთვის. იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნები მძიმედ დაზარალდნენ პანდემიის ახალი ტალღისგან, ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის სამაგალითო სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ მძიმე დროს და მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის სექტორის და ვაქცინების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას COVAX პლატფორმის ან პირდაპირი შემოწირულობების მეშვეობით, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვეთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ყალბი ნარატივების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვაღიარეთ ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, ლგბტქი+ პირების მდგომარეობა კვლავ რთულია, რაც ტრაგიკულად აისახა 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან დემონსტრანტზე ძალადობრივი თავდასხმებით, რამაც გამოიწვია 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარში გაუქმება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ორგანიზატორები და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. შეხვედრის დროს ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებისა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩამოთვლილია ეუთო/ODIHR-ის ანგარიშში“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორების შეშფოთების საგანია ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები; საერთო სასამართლოების ბოლო რეფორმა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმება და საკონსტიტუციო რეფორმის ნელი პროგრესი. „ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ კვლავ შესამჩნევია პოლიტიკური და მედია ლანდშაფტების პოლარიზაცია, როგორც მთავარი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღებული შეთანხმება აგრძელებს ევროპული გზის შეთავაზებას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ საქართველოში, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გავიმეორეთ ევროპარლამენტის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჟან მონეს დიალოგის, როგორც საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ბოლოს დაფიქსირებულია ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯები, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება ოკუპირებულ რეგიონებში. „და ბოლოს, რადგან ჩვენი შეხვედრა გაიმართა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებით და მუქარით უკრაინისა და NATO-ს წინააღმდეგ, ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზა არავის წინააღმდეგ არ არის გამიზნული და თითოეულ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, შეუფერხებლად გადაწყვიტოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და უსაფრთხოების ზომები”, - ვკითხულობთ განცხადებაში. 10 თებერვალს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-10 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდნენ კომიტეტის თანათავმჯდომარეები: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტის წევრი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.
„ქართული ოცნება“ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს
საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე - გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. „სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამეტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალიდენლი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მდინარაძემ. 7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 თებერვალს უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. „ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ
მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან
BBC-ის ცნობით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. კიევის მუდმივი მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინას გერმანია არ მიაწვდის ლეტალურ იარაღს, მაგრამ იქნება ფინანსური დახმარება. „თქვენ იცით გერმანიის დამოკიდებულება იარაღის ექსპორტის მიმართ... ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და შეგატყობინებთ, თუ იქნება ახალი შედეგები", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერი უკრაინისთვის და პირობა დადო, რომ დააჩქარებს გარკვეული თანხების მიწოდებას. ოლაფ შოლცმა უკრაინის მხარდასაჭერად 150 მილიონი ევროს სესხის გაცემის შესახებ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას; მხარს უჭერს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე და რომ გერმანიამ უკრაინის ეკონომიკა უფრო სტაბილური და დამოუკიდებელი გახადა საგარეო გავლენისგან. სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები მზად არიან, მიიღონ ზომების პაკეტი, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, მაგრამ მის დეტალებზე არ უსაუბრია. განხილული საკითხები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში უკრაინის თავდაცვის კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების ჩართვის აუცილებლობა განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და გერმანიას საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე „უპრეცედენტო გამოწვევაა“ ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინა არის საიმედო მოკავშირე და დემოკრატიის რეალური დამცველი რეგიონში. „უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ვოლოდიმირ ზელენსკის და ოლაფ შოლცს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოლაფ შოლცთან ეს საკითხი განიხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ გარკვეული განსხვავებები აქვთ შეფასებაში. „ამჟამად, საკითხს განვიხილავთ მხოლოდ ენერგეტიკისა და უსაფრთხოების რისკების პრიზმაში ჩვენთვის და რეგიონისთვის. ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ ეს არის გეოპოლიტიკური იარაღი, რის გამოც უკრაინას სჭირდება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „შოლცი თავს არიდებს სიტყვების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ხმამაღლა წარმოთქმას, რომ აღარაფერი ვთქვათ საკამათო მილსადენის გაუქმების დაპირებაზე, მან დღეს გამონაკლისი არ დაუშვა“, - წერს BBC. უკრაინის პრეზიდენცმა შოლცს შესთავაზა ენერგეტიკის სექტორში კონკრეტული სტრატეგიული დიალოგის დაწყება, რათა განვითარდეს ენერგეტიკული გარანტიები და უკრაინის მიმართ ეფექტიანი მხარდაჭერა ენერგეტიკულ სექტორში. „მნიშვნელოვანია, რომ გერმანია გახდეს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების გარანტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან შოლცს გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ჩატარებაც შესთავაზა. NATO-ში უკრაინის გაწევრიანება მაშინ, როდესაც ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. „ამჟამად ალიანსებში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ რუსეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ერთი სახელმწიფო ვერ ეტყვის მეორეს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს. „ამჟამად ამოცანა არის დეესკალაცია. ამ მიზნით არის ნორმანდიის ფორმატი, არის მინსკის შეთანხმებები, არის NATO-რუსეთის საბჭო და არის ეუთოს მიერ მოწოდებული სხვადასხვა ფორმატი ეს არის ჩვენი ამოცანა ახლა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანია განაგრძობს უარს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, მიუხედავად კიევის არაერთგზის მოწოდებისა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გერმანიის კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე სამართლებრივ აკრძალვას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ამიტომ ეს პოლიტიკური საკითხია. ოლაფ შოლცი 15 თებერვალს უკვე რუსეთს ეწვევა. ოლაფ შოლცი რუსეთსა და უკრაინაზე - ინტერვიუ The Washington Post-თან.
ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა შესაძლოა, გარდაუვალი იყოს
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, ცხადად ჩანს, რომ შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა გარდაუვლად მოხდეს და მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს „ახლავე დატოვონ ქვეყანა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არის ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ სერიოზული მზადებაა რუსეთის მხრიდან. მისი თქმით, ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია. BBC-ის ცნობით, ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს გარშემო მოგზაურობის გეგმები გააუქმა, მოგვიანებით ლონდონში დაბრუნდება და უახლესი სიტუაციის შესახებ დაზვერვის ხელმძღვანელებისგან ანგარიშს მოისმენს. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარს გამართავს. „ყველაფერს გავაკეთებ დიპლომატიური პროცესის დასახმარებლად. ძალიან მალე ვესაუბრები სხვადასხვა ლიდერებს, მათ შორის ჯო ბაიდენს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ოლაფ შოლცი: ალიანსებში გაწევრიანების საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის
მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ამჟამად ალიანსებში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ რუსეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ერთი სახელმწიფო ვერ ეტყვის მეორეს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს. „ამჟამად ამოცანა არის დეესკალაცია. ამ მიზნით არის ნორმანდიის ფორმატი, არის მინსკის შეთანხმებები, არის NATO-რუსეთის საბჭო და არის ეუთოს მიერ მოწოდებული სხვადასხვა ფორმატი ეს არის ჩვენი ამოცანა ახლა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევიდან საელჩოების გადატანის შესახებ, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გეგმები დიდი შეცდომაა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევიდან საელჩოების გადატანის შესახებ, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გეგმები „დიდი შეცდომაა“. „ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, გადაიტანონ ზოგიერთი საელჩო დასავლეთ უკრაინაში”, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, ზელენსკიმ რადას დეპუტატებსა და ოლიგარქებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მოუწოდა, უკრაინისთვის გადამწყვეტი მომენტისთვის, ქვეყანაში დაბრუნდნენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახიც კიევშია. „მე პრეზიდენტი ვარ, ჩემი მეუღლე - პირველი ლედი. საკუთარი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ეს არ არის ყველასთვის აუცილებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის. „ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, სხვადასხვა პარტიის დეპუტატებს, უნდა მივცეთ სიგნალი სახელმწიფოსგან, უმაღლესი რადასგან, სპიკერისგან, ჩემი მხრიდან პირადად მსურს ვთხოვო, რომ 24 საათის განმავლობაში ყველა დაბრუნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში უკრაინის თავდაცვის კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების ჩართვის აუცილებლობა განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და გერმანიას საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე „უპრეცედენტო გამოწვევაა“ ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინა არის საიმედო მოკავშირე და დემოკრატიის რეალური დამცველი რეგიონში. „უკრაინის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების ფუნქციონალური არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან
აშშ ევროპაში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის
კიდევ რვა ამერიკული F-15 საბრძოლო თვითმფრინავი დღეს პოლონეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს საჰაერო პატრულირების მისიაში იმ ფონზე, როდესაც რუსული ესკალაცია გრძელდება პოლონეთის საზღვარზე უკრაინასთან. „დღეს უფრო მეტი ამერიკული F-15 გამანადგურებელი დაეშვა ლასკის ბაზაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე. შაბათ-კვირას, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დამატებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება პოლონეთში უახლოეს დღეებში. ჯარისკაცების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა პოლონეთში.
დიდი ბრიტანეთი ლიეტუვა-ბელორუსის საზღვარზე ჯარებს გზავნის
გაერთიანებული სამეფო გზავნის „მცირე რაოდენობის“ ჯარს ლიეტუვაში, რათა დაეხმაროს მას ბელორუსთან საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბენ უოლესის თქმით, „სოლიდარობის სულისკვეთებით“ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ლიეტუვას. „ეს განლაგება ხელს შეუწყობს ლიეტუვის შესაძლებლობას, ბელორუსთან თავის საზღვარზე ზეწოლას გაუმკლავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვით აცნობა მოსახლეობას, რომ ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშეა, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს. ზელენსკის თქმით, „ეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება უკრაინაზე თავდასხმის დღე“, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ეს დღე გაერთიანების დღედ იქცევა: „განკარგულება უკვე გაცემულია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში. „ეს არის დიდებული ქვეყნის შესანიშნავი ხალხი! ჩვენი ქვეყნის წინაშე სერიოზული გარე და შიდა გამოწვევებია, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის და გვინდა, ყველა საკითხი გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. დონბასი და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდებიან მხოლოდ დიპლომატიური გზით. საოცარი ჯარი გვყავს. ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი. ეს არმია დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენმა სამხედროებმაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთიანობა. ჩვენი არმიისთვის საფუძველს ქმნის ჩვენი ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკა. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ვაქცევთ ერთიანობის დღედ. განკარგულება უკვე გაცემულია. დღეს ნაშუადღევს ჩამოვკიდებთ ეროვნულ დროშებს, დავიჭერთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მსოფლიოს დავანახებთ ჩვენს ერთიანობას. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ, ვიბრძოლოთ მისთვის. ამ ომში დაღუპული 14 ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს. ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას.ჩვენ ყველას გვინდა, ბედნიერად ვიცხოვროთ. ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვიყვარს უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის იმედი არ არის დაკარგული, მაგრამ აღნიშნეს, რომ სიტუაცია დაძაბული რჩება. ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ განიხილეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, დააწესოს რუსეთის წინააღმდეჰ მძიმე შედეგები, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს. დაახლოებით ერთი საათის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა.
„ქართული ოცნება" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა კაციტაძეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე კი, ლელა ჯანაშვილს დაუჭერს მხარს
საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად “ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს კარლო კაციტაძის კანდიდატურას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე - ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას. „საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცოტა გაგვიჭირდა. იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე, პრაქტიკული აღიარება ოპოზიციის მხრიდანაც იყო. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ერთ-ერთი გადამწყვეტი ისიც იყო, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას და პრაქტიკული გამოცდილება შესაძლოა, მეტი ჰქონდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს. ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინტერესდა 13 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და გააცნო ქვეყანაში სტიქიის შემდგომ არსებული მდგომარეობა. ამავე თემაზე: საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჯო ბაიდენი: უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. 40-წუთიანი სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, – წერს BBC. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიის „გადამწყვეტი ფანჯარა“ ჯერ კიდევ ღიაა. ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში მოჰყვება გაჭიანურებული კრიზისი რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი, როგორც რუსეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
საქართველოში ამინდის პროგნოზი
14 თებერვალს ქუთაისში უნალექო დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები ფოთში, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მესტიაში მზიანი ამინდი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.