ძებნის რეზულტატი:
ბანგკოკს სახელწოდება ეცვლება
Krung Thep Maha Nakhon-ი ტაივანის დედაქალაქის ახალი სახელწოდება იქნება. აკადემიურმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ორივე სახელწოდების (Bangkok და Krung Thep Maha Nakhon) გამოყენება შეიძლება. ერთი დღით ადრე, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა პროექტი ქვეყნების, ტერიტორიების, ადმინისტრაციული ტერიტორიებისა და დედაქალაქების სახელების განახლების შესახებ. მთავრობის სპიკერის მოადგილემ რაჩდა დჰანადირეკმა განაცხადა, რომ ტაილანდური სახელი Krung Thep Maha Nakhon გამოიყენება მხოლოდ როგორც მისი ოფიციალური სახელი, ხოლო სახელი ბანგკოკი კვლავ იქნება აღიარებული, მას შემდეგ რაც სახელის ცვლილების შესახებ განცხადებამ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. ახალი სახელწოდება სპეციალური კომიტეტის მიერ დადასტურების შემდეგ შევა ძალაში.
NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
NATO-ს თავდაცვის მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. NATO-ს თავდაცვის მინისტრების განცხადებით, რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. „ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსეთ დამატებითი სახმელეთო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებითი საზღვაო და საჰაერო საშუალებები, როგორც ეს მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიციები, რათა ვუპასუხოთ ყველა საგანგებო სიტუაციას. ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ძალაშია. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთმანეთის დასაცავად. NATO რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, რომელსაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება, მათ შორის არის თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გამოიწვევს მასიურ შედეგებს და დიდ ფასს რუსეთისთვის. NATO განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. NATO და მოკავშირეები დიპლომატიური გზის ერთგულნი რჩებიან და განაგრძობენ დიალოგს რუსეთთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ამ ძალისხმევას და ნორმანდიის ფორმატში მცდელობებს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, ჩავერთოთ ევროპული უსაფრთხოების შესახებ განახლებულ დიალოგში, რომელიც პოლონეთის, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ არის ინიცირებული“, - აღნიშნულია განცხადებაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის და დეესკალაცის გზა.
რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს
რუსთავში შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მედიას განუცხადა, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება „მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალური გაკეთდება. „ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ბატონ ბადრისთან და შევთანხმდით, რომ დღეს გვექნებოდა კონსულტაციები. რაც შეეხება მის კანდიდატურას რუსთავში, ბადრი ჯაფარიძეს სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი. არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ, ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები მისი ხასიათიდან გამომდინარე არის ძალიან პრინციპული. რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.
პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. პროკურატურის ცნობით, ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები. საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ხვალ, 17 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება.
ჩინეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხის გადაწყვეტის გზები ემანუელ მაკრონთან განიხილა
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელმაც აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა 4 თებერვალს გამოხატა, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის გზები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ძინპინმა განაცხადა, რომ მხარეებმა უკრაინის საკითხის პოლიტიკური მოგვარების პრინციპები უნდა დაიცვან. ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა სრულად უნდა გამოიყენონ მრავალმხრივი პლატფორმები, მათ შორის ნორმანდიული ფორმატი და შეეცადონ უკრაინის საკითხის ყოვლისმომცველ გადაწყვეტას დიალოგისა და კონსულტაციების გზით. ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის საერთო შეხედულება 4 თებერვალს განცხადებაში ასახა. „მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. აშშ თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში რეალურად, რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება. ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე. „ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტამდე საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე თურქეთში გაემგზავრება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ Jerusalem Post-ი იტყობინება. ვიზიტების მიზანია, ათენის და ნიქოზიის დარწმუნება, რომ ანკარასთან დაახლოება არ მოხდება იმ მჭიდრო კავშირების ხარჯზე, რომლებიც ისრაელმა დაამყარა მათთან ბოლო წლებში. ჰერცოგის ერთდღიანი მოგზაურობა ათენში მომავალ ხუთშაბათს იგეგმება, მომავალ კვირას კი, კვიპროსში ვიზიტი გაიმართება. ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა
პუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტს უმასპინძლა
რუსეთი და ბრაზილია თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინმა ბრაზილიას ლათინურ ამერიკაში „რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 87%-ით გაიზარდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბრაზილია წარმატებით მუშაობენ პროექტებზე ჰიდრო და ატომური ენერგეტიკის, ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობისა და კოსმოსური კვლევის პროექტებზე. თავის მხრივ, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ მას "რუსეთის მიმართ სოლიდარობის გრძნობა აქვს". „ორ ქვეყანას თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვის, ნავთობისა და გაზისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი მოსკოვში არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს“, - განაცხადა ბოლსონარუმ.
BioNTech-ი აფრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს
BioNTech-მა აფქრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს. ვაქცინების მიწოდების ტემპი აფრიკაში გაუმჯობესდა, მაგრამ აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია სრულად აცრილი. კონტინენტის მიხედვით, ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუანდის, განისა და სენეგალის პრეზიდენტებმა გერმანული პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს. საკითხის განსახილველვად ისინი ჯანმოს და აფრიკის კავშირის ხელმძღვანელებს შეუერთდნენ. წარმოებული ვაქცინების გამოყენება სხვა ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ან ექსპორტირებული იქნება აფრიკის კავშირის სხვა წევრებში არამომგებიანი ფასით. ვარაუდობენ, რომ პირველი ვაქცინების წარმოება 2024 წელს იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ რუანდაში, სენეგალში ან სამხრეთ აფრიკაში. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის მომზადების პროგრამებს მხარს დაუჭერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ზელენსკი Twitter გვერდზე ტექსტი ქართულ ენაზე გამოქვეყნდა. მადლობელი ვარ 🇬🇪 პრეზიდენტის @Zourabichvili_S მხარდაჭერისა და 🇺🇦 ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას! 🇺🇦🤝🇬🇪 #StrongerTogether https://t.co/31wYrWn7hD — Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 16, 2022 ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გეგმაზე ისაუბრა
შექმნის თუ არა NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალ საბრძოლო ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი და როდის შეიძლება, ვიხილოთ ეს ძალები რუმინეთში, ბულგარეთში ან სხვაგან, ამ საკითხით დაინტერესდა საერთაშორისო მედია ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ მზადყოფნა დააფიქსირეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დღის ბოლოს მედიის შეკითხვებს უპასუხა. მან ევროპის უსაფრხთხოებაში ახალი ნორმის კონტურებზე მიანიშნა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ალიანსმა, საბრძოლო ჯგუფების კორექტირება უფრო გრძელვადიან პრიორიტეტად აქციოს. მანამდე, საბოლოო მონახაზის ჩამოყალიბებამდე, NATO რეკომენდაციებს სამხედრო მეთაურებისგან მიიღებს. „რუსეთმა გამოავლინა ნება, გამოიყენოს ძალა, შეეცადოს სხვა ქვეყნების იძულებას; შეცვალოს ზოგიერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასევე გვჭირდება აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს პოზიციების გარდაქმნა. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს, მასშტაბისა და მოცულობის შესახებ დეტალები, მათ შორის პოტენციური ახალი საბრძოლო ჯგუფების შესახებ აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუმინეთში, შავი ზღვის რეგიონში. ასევე აღმოსავლეთში პოზიციების კორექტირების შესახებ ჩვენი უფრო გრძელვადიანი პრიორიტეტისთვის. 2014 წლის შემდეგ, ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ყველაზე მეტად გავაძლიერეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო ჯგუფების შექმნით, NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის მოდერნიზაციით, NATO-ს რეაგირების ძალების რაოდენობის გასამმაგებით და ასევე, თავდაცვაში მეტი ინვესტირების დაწყებით. შემდეგ, ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, ჩვენ, პირველ რიგში, უფრო მეტი NATO-ს ჯარი განვათავსეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. მეტი ჯარი, მეტი გემი, მეტი თვითმფრინავი და ეს იმისთვისაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მინოტორინგი, მივყვეთ, რუსეთის ქმედებებს და ასევე გადავაზღვიოთ ჩვენი მოკავშირეები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. შემდეგ, ჩვენ ასევე გავზარდეთ NATO-ს რეაგირების ძალების მზადყოფნა. ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტი ჯარით და ძალებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს ველოდებით. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენი ჯგუფების უფრო გრძელვადიან კორექტირებას და კვირების განმავლობაში მივიღებთ რჩევებს სამხედრო მეთაურებისგან, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დღეს NATO-ს მინისტრებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ვარიანტები შეკავებისა და თავდაცვის უნარების შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის განიხილონ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნის საკითხი. სტოლტენბერგის თქმით, NATO გრძელვადიანი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველია. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი, ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კი, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა. „თბილისის სატელევიზიო ანძა ეროვნულ ფერებში! გავერთიანდეთ არამხოლოდ დღეს! ვიყოთ ერთიანები ყოველდღე! უკრაინა და საქართველო ერთად!“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს ტექსტში, რომელიც ფოტოს ერთვის. თავის მხრივ, ლიეტუვის საელჩო წერს: „საქართველო, როგორც ყოველთვის, ჩვენთან ერთად ზეიმობს. მადლობა, მეგობრებო“.
ბათუმის სტადიონი უკრაინის დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დროშის ფერებში ბათუმის სტადიონიც განათდა. უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ასევე განათდა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში. „თბილისის სატელევიზიო ანძა ეროვნულ ფერებში! გავერთიანდეთ არამხოლოდ დღეს! ვიყოთ ერთიანები ყოველდღე! უკრაინა და საქართველო ერთად!“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს ტექსტში, რომელიც ფოტოს ერთვის. თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი, ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ
გენადი ბესტაევი გარდაიცვალა
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი, რომელიც მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. 2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლების ცნობით, ბესტაევი ჯერ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. მოგვიანებით, პალიატიურ კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ცხინვალიდან გენადი ბესტაევის გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სპეციალური განცხადება ნოემბერში გაცრცელდა, რომლის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა. სუს-ი იუწყებოდა, რომ „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს 2021 წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალებმა რამდენჯერმე დააკავეს.
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა. ლაშა ხუციშვილი კანონმდებლებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მინისტრის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი კითხვები მათ ინფლაციასა და სესხებთან დაკავშირებით ექნებათ.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან
NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან. ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის თავდაცვის მინისტები უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. “შევხვდებით ჩვენს უკრაინელ და ქართველ კოლეგებს და ეს იქნება პლატფორმა, რომ განვიხილოთ ევროპაში ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ბრაზილიაში მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა. BBC ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ამასთან, თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები.
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეინტონთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოზიციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერის გამო. „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა; მან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და სტრატეგიული გადახედვის პროცესში საელჩოს აქტიური მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
საქართველოში კოვიდინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 912 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 295 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 617 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის - 32.01% ხოლო 7 დღის - 30.99%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 729 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარა - 1 109, იმერეთი - 2 342, ქვემო ქართლი - 865, შიდა ქართლი - 946, გურია - 447, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 914, კახეთი - 866, მცხეთა-მთიანეთი - 334, სამცხე-ჯავახეთი - 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 873 საიდანაც: 5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 315, აჭარაში - 708, იმერეთში - 1 154. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 259 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 471, აჭარაში - 139, იმერეთში - 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პაციენტი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 41, იმერეთში - 27. 1 126 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 696 - თბილისში, 263 - აჭარაში. 164 871 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, ხოლო აჭარაში - 0.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 257 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3257-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 787 627 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 511 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 324 172, გარდაიცვალა 15 729 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.