ძებნის რეზულტატი:

NATO-ს გენერალურმა მდივანი: NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს

NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდეთ. საერთო აქტოვობები და წვრთნები გვაქვს. NATO და საქართველო მჭიდროდ მუშაობენ. ჩვენ კვლავ ვუწევთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს საქართველოსა და ნატოს შორის რეგულარული და მნიშვნელოვანი კოორდინაციის ნაწილია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან მაღალი რანგის შეხვედრის ფორმატზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩასვლას გეგმავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, თუ ევროკავშირისა და NATO-ს სხვა ქვეყნების მინისტრები შეუერთდებიან ასეთ ვიზიტს, ეს იქნება ძალიან მძლავრი სიგნალი და შექმნის ერთგავ პოლიტიკურ ფარს მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე.  კიევში 14 თებერვალს იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ამ კვირაში უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და პოლონეთის სენატის მარშალი პოლონეთის სეიმის მარშალი ტომაშ გროძკი. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

დავით ზალკალიანმა და ტოივო კლაარმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს რუსეთის პოლიტიკის შედეგად რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებულ ნაბიჯებს, მზარდ მილიტარიზაციას, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ადამიანის უფლებების დარღვევებს. „აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე და ხაზი გაესვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ერთიან ეროვნულ, ინკლუზიურ პროცესს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი: მოსკოვისგან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს“ იძლევა

ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება. სტოლტენბერგის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ მოსკოვიდან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს“ იძლევა, თუმცა ჯერჯერობით დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება.

ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა

საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტის წევრმა "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. ჯაფარიძემ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება გაიხსენა, რის გამოც მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს და იმ დღესთან პარალელი გაავლო.   "მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება - სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება პულტები", - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება.

თბილისში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა

    თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე – ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.    

საქართველოს პრეზიდენტი: შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე წერს და აღნიშნავს, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმება. „დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. 7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 თებერვალს უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. არასამთავრობოების შეფასებით, „ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს“. „საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე კომპრომისი შეუძლებელია

ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მართავს შეხვედრას. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე. მისი თქმით, უკრაინის საზღვარზე ჯარების დაგროვება განიხილება როგორც საფრთხე. ის ითხოვს დეესკალაციას რეგიონში და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ „არანაირი ომი არ მოჰყვეს“ შექმნილ ვითარებას. შოლცის თქმით, ტერიტორიულ მთლიანობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში არ უნდა შევიდეს.  „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ერთმანეთთან კარგი დისკუსიების გზით”, - განაცხადა შოლცმა პუტინთან შეხვედრისას. პუტინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ კავშირებზე და ახსენა უკრაინის გარშემო მიმდინარე „ცხელი დისკუსიები“. პუტინის თქმით, გერმანია არის „რუსეთის მთავარი პარტნიორი“ და მას სურს ურთიერთობის გაძლიერება.  „სამწუხაროდ, ჩვენ დროის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს დავუთმობთ “, - განაცხადა პუტინმა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საკითხის განხილვას. მოსკოვში გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, დღის წესრიგში უკრაინა მთავარი თემაა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კარლო კაციტაძე უხელმძღვანელებს. ჯანაშვილი და კაციტაძე პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ამასთან, ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული. ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად იქმნება, რომელიც პირველი მარტიდან აღარ იარსებებს.

პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში ბადრი ჯაფარიძეც იმყოფებოდა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, პირველად სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ შემიწყვიტა, ახლა - მიტაცებულმა სახელმწიფომ. „ჩემი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო -  ვიქნები პარლამენტში თუ მის გარეთ, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან მთავარი პრიორიტეტები. მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები დადგეს. ცვლილებები, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს სჭირდება. იმიტომ რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. ეს მდგომარეობა საბოლოო ჯამში სრულ ნიჰილიზმს იწვევს ჩვენს თანამოქალაქეებში. ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ გაგვტეხავს და მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. რაც შეეხება პარლამენტის წევრის, შალვა ნათელაშვილის პოზიციას, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკითხის განხილვას არ დასწრებია. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურა გაიმართა, რომელიც შემდეგი შედეგებით დასრულდა: კახაბერ კუჭავა - 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი; ბადრი ჯაფარიძე - 77 მომხრე, 38 წინააღმდეგი; შალვა ნათელაშვილი - 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი; ელენე ხოშტარია - 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი. პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას. ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძვლად მმართველმა გუნდმა პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა. რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.

საფრანგეთის ელჩმა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესების საქართველოზე გავლენის საკითხი განიხილა

დავით ზალკალიანმა საფრანგეთის ელჩს საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს.  „კიდევ ერთხელ აღინიშნა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. საფრანგეთის ელჩმა დეტალურად ისაუბრა შექმნილი კრიზისის განმუხტვის მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგებზე მოსკოვსა და კიევში. აღინიშნა, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალისხმევას არ იშურებს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. დავით ზალკალიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროცესების გავლენას საქართველოზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს რეგიონის მიმართ მისი ერთიანი პოლიტიკის ნაწილს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური გამოყენების მიზნით და აღნიშნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობა. შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონში დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პრესკონფერენცია დასრულდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ომი, მაგრამ არ ყოფილა კონსტრუქციული პასუხი მის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე. მისი თქმით, საკითხი იმის შესახებ, უნდა მიეცეს თუ არა უკრაინას NATO-ში გაწევრიანების უფლება, ახლა უნდა გადაწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა შორს არის გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებისგან. თუმცა, მისი თქმით, მოსკოვი ჯერ კიდევ მზადაა, განიხილოს ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ევროპის უსაფრთხოება და სარაკეტო სისტემები. პუტინი ამბობს, რომ გერმანია რუსეთის მთავარი პარტნიორია და სურს ურთიერთობების გაძლიერება.  პუტინის თქმით, რუსეთს ომი არ სურს და ამიტომ წამოაყენა წინადადებები მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად, მაგრამ რუსეთის წინადადებებზე კონსტრუქციული პასუხი არ ყოფილა. თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის NATO-სა და აშშ-ის მიერ წამოჭრილი საკითხები, რომელთა განხილვაც შესაძლებელია.  თავის მხრივ, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება გაუგებარია და საფრთხეს წარმოადგენს. მან რეგიონში დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა „მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს. „ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის შესახებ, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს, შოლცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში, მაგრამ დაამატა, რომ უკრაინაში ომს ექნება შორსმიმავალი შედეგები.   ამ საკითხზე პუტინმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 „სუფთა კომერციული პროექტია". პუტინი ხაზს უსვამს ენერგეტიკულ სექტორს, როგორც გერმანიასთან თანამშრომლობის ძირითად სფეროს და მოჰყავს ორ ქვეყანას შორის არსებული მილსადენი, რომელიც მზად არის, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს. პუტინი ამბობს, რომ ეს არის „წმინდა კომერციული პროექტი“, რომელშიც პოლიტიკა არ არის ჩართული და რომ რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით, თუ ამაზე მოთხოვნა იქნება. ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე. კონტექსტი ვიზიტის პერიოდში რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

პუტინი: NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ჩვენ ახლა უნდა გადავწყვიტოთ

ბოლო 30 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ NATO-ს გაფართოება საერთოდ არ მოხდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ ინფრასტრუქტურას „ჩვენს კართან“. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინი დაინტერესდა, როდის მიიღებენ უკრაინას NATO-ში, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, უკრაინას განაცხადის პროცესიც კი არ დაუწყია და ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა შორს არის ამის გაკეთებისგან.  „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ახლა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ამ მოლაპარაკებების განმავლობაში“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს მოისმენენ და სერიოზულად მიიღებენ“, - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, რომ დასავლეთმა უზრუნველყოს გარანტია, რომ უკრაინა NATO-ს არ შეუერთდება. მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ

საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს. „გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა. როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი აირჩია. პირველადი კენჭისყრით, ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე წარმოდგენილმა ორმა კანდიდატმა: თენგიზ თევზაძემ და გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი (100) ხმა ვერ მიიღო. კანონმდებლობის შესაბამისად, განმეორებით კენჭისყრაზე 84 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. რაც შეეხება ცესკოს პროფესიული წევრების არჩევას - 2 ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატებმა კენჭი ოთხ კანდიდატს - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს უყარეს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მსგავსად, აქაც ვერც ერთმა კანდიდატურამ პირველადი კენჭისყრით ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად 79 ხმით, 2-ის წინააღმდე - მაია ზარიძე და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ გია ცაცაშვილი, ასევე 6 თვით აირჩიეს.

შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ კითხვის საპასუხოდ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში. მისი თქმით, გერმანიას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის გამო ომი არ იქნება, რადგან მას ექნება შორსმიმავალი შედეგები. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს. „ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა.   მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან

ინფექციონისტის განმარტება მათთვის, ვისაც „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, სიმპტომები ხელახლა დაეწყო

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტებას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად მუსირებს აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართათ „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ინფექციონისტის თქმით, მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან „ომიკრონის“ ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდში ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება, მოხდეს. ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ.  „ერთ თვეზე მეტია, რაც „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს და უამრავი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის კოვიდგადატანილები და ვაქცინირებულებიც. ზოგიერთს ამ თვენახევრის განმავლობაში კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად ჟღერდება აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართათ „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ზოგიერთებს განმეორებითი ტესტირებით PCR-იც დადებითი აქვთ და ეს კიდევ უფრო უმყარებთ აზრს იმის შესახებ, რომ ამ მოკლე ხანში ხელახლა ინფიცირდნენ. მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან „ომიკრონის“ ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეთ მოკლე პერიოდში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება ,მოხდეს. რეალურად, სავარაუდოდ, ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ (და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონზე უამრავი სხვა ინფექცია არსებობს, მათ შორის გრიპიც) და ეს ინფექციები სიმპტომებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბევრ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვ. რაც შეეხება იმას, რომ ამ ადამიანებს ზოგჯერ PCR ტესტი დადებითი აქვთ, ეს შეიძლება კოვიდის წინა ეპიზოდის ნარჩენები იყოს. როგორც ვიცით, კოვიდის გადატანის შემდეგ PCR ტესტი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეებიც დადებითი დარჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისევ გადამდებია და ისევ კოვიდი აქვს. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად არ გვეცოდინება, ხელახლა მოხდა ინფიცირება, თუ ანალიზი ძველ ვირუსს "იჭერს", ხოლო სიმპტომები სხვა ინფექციის გამო გვაქვს“, - განმარტავს ინფექციონისტი.

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა ბადრი ჯაფარიძეს მხარი დაუჭირეს. „ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი შუალედურ არჩევნებში. იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა ხალხის ხელშია. იმისთვის, რომ დავამტკიცოთ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია! მე მინდა, მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა! მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!“, - აღნიშნა ხაზარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

NATO-ში ამერიკის ელჩი რუსეთზე, უკრაინასა და საქართველოზე

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის რეკომენდაცია პუტინისადმი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის მცდელობად შეაფასა. ელჩის შეფასებით, ეს ნაბიჯი აშკარად იქნება ესკალაციის ახალი ნიშანი, აშშ შეშფოთებულია და ამ საკითხს ყურადღებით დააკვირდა, ამასთან, განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს რუსეთის მიმართ დამატებითი შეტყობინებების თვალსაზრისით. „ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ და ახლახან გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა თავის პრესკონფერენციაზე, თუმცა ნამდვილად ღირს გამეორება, რომ თუ ისინი ამ პროცესს განაგრძობენ, ვფიქრობ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ასევე მინსკის შეთანხმების დარღვევა“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ყველასთვის კარგად არის გასაგები რუსეთის თამაშის წესები და ეს ხშირად შეიძლება, მოიცავდეს პროცესებში სამხედრო ძალების ჩართვას და მათ გადააადგილებას, მაგალითად, როგორც ეს ვნახეთ დონბასსა და ყირიმში, ასევე - საქართველოში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. თუმცა, ელჩის თქმით, რუსები ასევე იყენებენ ჰიბრიდულ ან რუხი ზონის ტაქტიკას და ეს მოიცავს დეზინფორმაციასაც. ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსი მუშაობს როგორც NATO-ში წარმოდგენილ 30 მოკავშირესთან, ასევე, სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირთან ერთად და ბევრად უფრო მოქნილია პირველ რიგში, იმის განსაზღვრაში, თუ როდის იყენებს რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა დეზინფორმაციას, როგორ შეაკავოს ან აღმოაჩინოს ის. „იმედია, უფრო მოქნილები გავხდით მისი პრევენციის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.  ელჩმა მომდევნო დღეების განმავლობაში დადგეგმილ თავდაცვის მინისტერიალზეც ისაუბრა. „ეს მნიშვნელოვანი შეკრებაა არამხოლოდ იმიტომ, რომ განიხილება რუსეთ-უკრაინის საკითხი, არამედ ჩვენ ასევე ვიქნებით ფოკუსირებული ბევრ სხვა საკითხზე, რაც NATO-ს ფოკუსშია ახლა თავდაცვისა და შეკავების პოზიციების გასაძლიერებლად.გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა პარტნიორებთან უკრაინასთან და საქართველოსთან; სხვა პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი და თუნდაც ევროკავშირი. ასე რომ, რამდენიმე დატვირთული დღე გველის“, - განაცხადა NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და ორი წამყვანი ბანკის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი წამყვანი ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შედეგად, შეფერხდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის რამდენიმე სამინისტროსა და ბანკის ვებგვერდის მუშაობა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრს არ უთქვამს, ვის ადანაშაულებს თავდასხმაში, თუმცა რუსეთზე მიანიშნებს. „არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.