ძებნის რეზულტატი:

იგორ დოლგოვი: ნებისმიერ აგრესიას და მუქარას, სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა

ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და საქართველოს საელჩოსი უკრაინაში, რომ ისინი არიან აქ, ადგილზე, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, ნებისმიერ აგრესიას წინააღმდეგობა ერთიანობით უნდა გავუწიოთ. „ნებისმიერ აგრესიას და მუქარას, სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - „ძალა ერთობაშია“. ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე, მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატოში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია“, - განაცხადა დოლგოვმა.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ

"რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ", – აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას.  „გავაგრძელებთ რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნას, რომ მზად ვართ, დავსხდეთ და მათთან ერთად განვიხილოთ, თუმცა ამავდროულად მზად ვართ უარესისთვის. და თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, მათ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ქმედებების და გეგმების გამოვლენას, რათა გაურთულდეთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გახორციელება. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ჩაერთვება მნიშვნელოვან დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.

ასიმპტომური და მსუბუქი კოვიდპაციენტებისთვის სამსახურში ცნობის წარდგენის წესი შეიცვალა

COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი.  აღნიშნული ცნობის მიღება, პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება),  ცნობის ამობეჭდვა, ასევე, შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება,  4 თებერვლის შემდეგ კი - 7.  გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები, ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასტან. არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს.  ცვლილება უკვე ამოქმედდა და ნებისმიერ, კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეხება.  

განათლების სამინისტრო: საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სიტუაციას სრულად მართავს. „როგორც ცნობილია, სკოლებში სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურად გადასვლასთან, ასევე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი საბჭო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად მართავს სიტუაციას სკოლებში. მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ეპიდემიოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. პარალელურად, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მინისტერიალი პლატფორმაა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სუვერინიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ

NATO-ს მინისტერიალი არის პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის გამართვამდე განაცხადა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი უკრაინასა და მის გარშემო. მათ გაზარდეს ჯარის რაოდენობა და ჯერჯერობით დეესკალაცია არ არის. მაგრამ ჩვენ გვესმის გზავნილი დიპლომატიის შესახებ და მზად ვართ, ჩავერთოთ დიპლომატიურ ძალისხმევაში რუსეთთან. ეს მინისტერიალი ევროპის უსაფრთხოების კრიტიკულ სიტუაციაზე იქნება ფოკუსირებული, მაგრამ გვექნება სხვა შეხვედრებიც. ჩვენ შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან და საქართველოდან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.      

თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამასთან, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება. „სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! - ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.  

იენს სტოლტენბერგი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.  „ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. თუ ისინი ნამდვილად დაიწყებენ ძალების გაყვანას, ჩვენ ამას მივესალმებით. რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას ინარჩუნებ. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ძალიან ძლიერი რუსული სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვარზე. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მესიჯს მოსკოვიდან, რომ ისინი დიპლომატიას მისცემენ შანსს. შემდეგ ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ ყველაზე უარესისთვის. ამიტომ, ბევრს ვმუშაობთ საუკეთესო, მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. მე ვსაუბრობდი 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის განლაგენაზე, მაგრამ რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ, რას აკეთებს რუსეთი. მოვუწოდებთ მათ, გააკეთონ ის, რასაც ამბობენ და ეს არის დეესკალაცია, ძალების გაყვანა. ეს იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: რუსეთმა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უკრაინის გარშემო დეესკალაციას ცხადყოფს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უკრაინის გარშემო დეესკალაციას ცხადყოფს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა არჩევანი ომსა და პოლიტიკურ ჩართულობას შორის უნდა გააკეთოს. „რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის სტაბილურობასა და მთლიანობას. ის ასევე საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპასა და მსოფლიოში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.  

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. კარლ ჰარცელის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს

კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად. ამის შესახებ კარლ ჰარცელი ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

ოსტინმა სტოლტენბერგს მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა

უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერებით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ოსტინი ბრიუსელს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სტუმრობს. „ეს წვლილი არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება. ტრანსატლანტიკური კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხდა გენერალურმა მდივანმა. თავის მხრივ, ოსტინმა მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა. მე-5 მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. მისი მიხედვით, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაზე.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

"საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ

დმიტრო კულება: უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ“, - წერს უკრაინის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე. 16 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება. განხილვის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად 94 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.   საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მომხსენებელმა განმარტა, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.    „იმ მიზნით, რომ მეტად პატრიოტული სულისკვეთება იყოს ქვეყანაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას გამოფენა, რომ ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია. პოპულარიზაციის გარდა ეს გულისხმობს ამ სიმბოლოების მოვლასაც, რაც მათ მიმართ პატივისცემას ასწავლის მოზარდს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.    

შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

რუსთავისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 131 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 206 მსურველის განაცხადი. მათგან 54-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია. „მნიშვნელოვანია, რომ  საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან: 13 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი; 12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 108 წევრი; 11 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ორი წევრი; 10 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრი; ცხრა ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 867 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები და არჩევის პროცესი საჯაროობის პრინციპის დაცვით ჩატარდა და ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის. №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი.

აშშ-ში ქალი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, აივ-ინფექციისგან განკურნეს

აშშ-ში ქალი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, აივ-ინფექციისგან განკურნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. აშშ-ში გამართულ კონფერენციაზე მეცნიერებმა განაცხადეს, ქალს ლეიკემიაც ჰქონდა. მას ტრანსპლანტაცია 2017 წელს ჩაუტარდა. 2 წლის შემდეგ ქალმა ანტივირუსული მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, შემდეგ კი მის ორგანიზმში ვირუსი არ აღმოჩნდა. ცნობისთვის, პირველი ადამიანი, რომელიც შიდსისგან განიკურნა, 2007 წელს ამერიკელი ტიმოტი ბრაუნი გახდა.

ენტონი ბლინკენი: კრემლის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“ მინსკის შეთანხმებების უარყოფა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეფასებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვის კრემლის მიერ დამტკიცება, რუსეთის მთავრობის მიერ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების უარყოფა იქნება. ბლინკენის შეფასებით, ამ რეზოლუციის ამოქმედება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას, ჩაერთოს დიპლომატიაში ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს ნაბიჯი საჭიროებს შეერთებული შტატების სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით. 15 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ქვეყნის ეროვნული დროშა დრონების საშუალებით ჰაერში გაუშვეს

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ქვეყნის ეროვნული დროშა დრონების საშუალებით ჰაერში გაუშვეს. პერფორმანსის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო, ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ რუსული საფრთხის წინაშე უკრაინელები ერთიანი არიან. კიევის ქუჩებში გამოფენილია ეროვნული დროშები, ხოლო საღამოს სახელმწიფო შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდება. ცნობისთვის, უკრაინაში დღეს, 16 თებერვალს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან თავდასხმის დაწყებას ვარაუდობდნენ, უკრაინის ერთიანობის დღე აღინიშნება. 

აზერბაიჯანმა საჰაერო მიმოსვლაზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა გააუქმა

აზერბაიჯანმა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებების“ შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც საქართველოსაც შეეხო. კერდძოდ, საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლას შეძლებენ. მოქალაქეებმა ფრენამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ და უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, აზერბაიჯანმა საზღვრები 2020 წლის აპრილში ჩაკეტა. შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდებოდა.

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან, იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. ამასთან, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.