ძებნის რეზულტატი:
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა
მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ - განაცხადა გაბუნიამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 511 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 324 172, გარდაიცვალა 15 729 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად” აფასებენ, რამდენადაც არსებობს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი. ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან თავიანთი საუბრები განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიისა და შეკავების ღონისძიებების ტრანსატლანტიკური კოორდინაციის მნიშვნელობასა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უცხოური მედია: რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა
რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა. აღნიშნულთან დაკავშირებით CNN-ის ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის განცხადებით, სამხედროების დამატება ცხადყოფს, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ რუსეთის განცხადება ყალბია, ხოლო ვლადიმერ პუტინის განცხადება დიპლომატიის მიმართ ღიაობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია. „ყველა მაჩვენებელი, რაც ახლა გვაქვს, მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს დიალოგის, ასევე დეესკალაციის შესახებ და ამავდროულად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ. უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“ – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება
NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა მიწვეული. „თბილი სალამი ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვისას საბავშვო ბაღი დაზიანდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს. „რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში.
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა. ამასთან, მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ.
საფრანგეთმა მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული სამხედროების გაყვანის შესახებ გამოაცხადა
საფრანგეთმა მოკავშირეებთან ერთად მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაცია „ტაკუბაში“ ჩართული სამხედროების კოორდინირებული გაყვანა გამოაცხადა. „მალის გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ოპერაცია „ბარხანისა“ და „ტაკუბას“ ფარგლებში მოქმედებენ, მიიჩნევენ, რომ მალიში პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები აღარ არის დაკმაყოფილებული ტერორიზმთან ბრძოლაში სამხედრო ჩართულობის ეფექტურად გასაგრძელებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერი დათანხმდა ევროპული ძალების მასპინძლობას, რომლებიც ისლამისტ მებრძოლებს ებრძვიან.
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე 6 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.; გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ; დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. დანაშაულები 4 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ლიზ ტრასი: ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი შესაძლოა, თვეების განმავლობაში გააჭიანუროს
"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი თვეების განმავლობაში შეიძლება გააჭიანუროს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. „ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინის მახლობლად მდებარე სასაზღვრო რეგიონებიდან გადიან. რუსეთის სამხედრო გაძლიერებას შენელების ნიშნები თან არ ახლავს. რუსეთს შეუძლია ეს კრიზისი კიდევ უფრო გააჭიანუროს კვირებისა და თვეების განმავლობაში, რათა უკრაინას ძირი გამოუთხაროს და დასავლეთის ერთიანობას გამოწვევა შეუქმნას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პარლამენტმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის კარი ღია რჩება
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ და პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ ჩვენს ახლო პარტნიორებს უკრაინასა და საქართველოს; ჩვენ განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება და ალიანსის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ. დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება, NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმ აღნიშნა, რომ NATO და მისი მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში. „თავდაცვის უფლება გაეროს წესდებაში გაწერილი უფლებაა. მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ძალების წარმომადგენლობის საკითხი. დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება. „ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
პარლამენტში ნდობის ჯგუფის წევრებმა ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს სამსახურის საქმიანობის ანგარიში და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ინფორმაცია უწყების მიერ 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მათ შორის, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ისაუბრა გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტებს და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. ნდობის ჯგუფი აქტიურად აგრძელებს წლიური მოხსენებების მოსმენას და როგორც კი დასრულდება აღნიშნული პროცესი, ჩვენ გადავალთ შესაბამისი უწყებების თემატურ მოსმენებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს. ზელენკის თქმით, „უკრაინას სურს NATO-ში გაწევრიანება და დიდი ხანია, ამ გზას მიჰყვება, თუმცა მანძილი არ მცირდება“. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, მათ შორის რუსეთის სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს NATO-ს წევრი და ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას, პიტერ ჰულთქვისთს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტოტალური თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის სფეროებში წარმატებულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. „სტრატეგიული დონის ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. პიტერ ჰულთქვისთმა დაადასტურა მზადყოფნა, აპრილში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური კუთხით შვედეთის მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვას პროვოკაცია უწოდა
"ლუგანსკიში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა" , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის დასაფიქსირებლად“, - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლებაში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები საბავშვო ბაღსაც მოხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესზე მორიგი განხილვა გაიმართა
საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების: მუსიკოსების, მხატვრების, დიზაინერების, რეჟისორების, მწერლების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით დღეს ორბელიანებისა სასახლეში ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით მორიგი განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა განხილვის დაწყებამდე პროცესში მონაწილე სტუმრებს მიმართა და ეროვნული თანხმობის პროცესის ფორმატთან, მის ხედვასა და პროცესის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. ,,ეს პროცესი არ არის წარსულზე ორიენტირებული პროცესი, მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ გავარკვიოთ რა გვჭირს, რა გვეშველება, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემები წარსულს უნდა დავუბრუნდეთ და მოვნახოთ ამ პრობლემების ძირი. დავინახოთ, რომ დღევანდელი პრობლემა იყო გუშინდელიც, გუშინწინდელიც და ეს სისტემური ხარვეზები მოგვყვება უკვე ოცდაათ წელზე მეტია. ჩვენი მიზანი არ არის გავარჩიოთ რომელი პარტია, ან რომელი მთავრობაა კარგი, თუ უკეთესი. ჩვენი მთავარი მიზანია აღმოვაჩინოთ ეს პრობლემები და ის მთავარი თემები, რომლებიც დღეს გვაბრკოლებს და ამ ქვეყანას წინ წასვლის საშუალებას არ აძლევს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს გარეშე არ იქნება მიღებული
ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატიის გზა, შეიძლება, გაგრძელდეს. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს ჯარის გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ უგულვებელყო ევროპული უსაფრთხოების პრინციპები და წარმოაჩინა მისი უნარი და სურვილი, ძალის გამოყენების მუქარით მიაღწიოს თავის მიზნებს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ამ სიტყვებით გახსნა 17 თებერვალს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების სესია. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები საქართველოსთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობდნენ კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. „NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს, მინისტერიალის ფარგლებში ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება. „ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. „NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - დაამატა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია
NATO-ს კარე ღიაა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ალიანსი და ასპირანტი ქვეყნები იღებენ და არავინ სხვა, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და რეგიონის ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის. „NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები აბულინგებენ, აშინებენ და სხვების იძულებას ცდილობენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს და NATO-ს - უკრაინის კომისიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება უკრაინის გარეშე და საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.
ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე
ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციები მიიღო. ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე (ეს ცვლილება ტექსტში, როგორც თავად იუწყება, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა), კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმისა და დემოკრატიის პრინციპების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის პირობით. My amendment to #CFSP🇪🇺 report on Georgia's and Ukraine's European perspective has been adopted today.Happy #UnityDay, Ukraine🇺🇦!#Sakartvelo🇬🇪! pic.twitter.com/wrycNh5iSn — Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) February 16, 2022 ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის საზღვრებთან და სამეზობლოში, მათ შორის კავკასიაში, ვითარების არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად, კონტინენტის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ და ირიბ საფრთხეს წარმოადგენს და სამეზობლოში აქტიური ჩართულობა ევროკავშირის ინტერესებშია. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი ცნობს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის წვლილს CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში და მხარს უჭერს ამ ფასეულ პარტნიორებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას; კერძოდ, მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას CSDP-ის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) საქმიანობას დადებითად აფასებს. ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ და მისი მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების განზომილების „სტრატეგიულ კომპასში“ სათანადოდ ასახვა და განიხილოს უსაფრთხოების, სამხედრო, დაზვერვისა და კიბერ თანამშრომლობის სფეროში გაზრდილი ინვესტიციებისა და დახმარების გამოყოფა ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, მათი მედეგობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონფლიქტების დარეგულირების კუთხით ევროკავშირის გაზრდილ აქტიურობას, ასევე დაინტერესებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართვას „ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სრულყოფის ცენტრის“ საქმიანობაში. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის ნებისადმი, რაც საკუთარი მომავლისა და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად გადაწყვეტას გულისხმობს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინასთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, 2021 წლის ივნისში წარდგენილი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დახმარებით, კოვიდპანდემიისგან სოციალური და ეკონომიკური აღდგენა, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და სავაჭრო გზების დამყარება უზრუნველყონ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საფრთხეების ფონზე აუცილებელია რეგიონში ევროკავშირისა და NATO-ს ფიზიკური ყოფნა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირების კონტექსტში. ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) დაახლოებაზე და მხარს უჭერს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP) მათი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის „მუდმივ სტრუქტურირებულ თანამშრომლობაში“ (PESCO) მონაწილეობის გზით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და შეახსენებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც „ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელ ძალას, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. ევროპარლამენტი გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებსა და მუდმივ „ბორდერიზაციას“. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით, მათ შორის სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ერთი ხმით საუბრისკენ; რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებითი ცვლილება შეუძლებელია, სანამ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირისა და მისი მეზობლების მიმართ. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია მომზადებულია ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის, ხოლო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ნატალი ლუაზოს მიერ.