ძებნის რეზულტატი:
ოლაფ შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე კონფლიქტი გაუგებარია. „ჩვენ უბრალოდ არ შეიძლება, გვქონდეს შესაძლო სამხედრო კონფლიქტი საკითხზე, რომელიც არ არის დღის წესრიგში”, - განაცხადა შოლცმა და დაამატა, რომ აბსურდული სიტიაცია იქმნება. გერმანიის კანცლერმა ანალოგიური განცხადება 14 თებერვალს, კიევში ვიზიტის დროსაც გააკეთა. მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან
გერმანიის კანცლერი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და მინსკის პროცესის დარღვევა იქნება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება შეიძლება, პოლიტიკური კატასტროფა იყოს. „თუ სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება რეალობად იქცევა, ეს იქნება მინსკის პროცესის დარღვევა. ეს იქნება პოლიტიკური კატასტროფა", - განაცხადა შოლცმა სამშაბათს, 15 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ. სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა.
პუტინი დონეცკის და ლუგანსკის აღიარებაზე: დეპუტატები ამომრჩევლის აზრით ხელმძღვანელობენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მის მიმართ რუსეთის სათათბიროს მიწოდების თაობაზე, რომ აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი განაცხადა, რომ დეპუტატები, ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთშიც საზოგადოებრივი აზრით და ამომრჩევლის აზრით ხელმძღვანელობენ. „ამ მხრივ, სავსებით აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხის დიდი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს, მხარს უჭერს მათ და იმედოვნებს, რომ იქ სიტუაცია მათთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვლება“, – განაცხადა პუტინმა. „დონბასის პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც ეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმებების განხორციელების არასრულყოფილად რეალიზებულ შესაძლებობებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა პუტინმა ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა. გერმანიის კანცლერი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და მინსკის პროცესის დარღვევა იქნება
NATO-ში ამერიკის ელჩი: უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად დგამს თუ არა რუსეთი ნაბიჯებს დეესკალაციისკენ
NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს. როგორ უპასუხებთ რუსეთის განცხადებას, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ, ამ შეკითხვით მიმართეს ელჩს ჟურნალისტებმა. „რაც შეეხება ცნობებს, რომლებსაც რუსები ავრცელებენ; მათ განცხადებებს, რომ დეესკალაციას ახდენენ. მხოლოდ ის შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს. შეიძლება გახსოვთ, დეკემბრის ბოლოსაც იყო მსგავსი განცხადებები, რომ ისინი დეესკალაციას ახდენდნენ და რეალურად, ადგილზე არსებული ფაქტები ამას არ ადასტურებდა. ასე რომ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვესმის, რაზე საუბრობენ, როდესაც ამბობენ დეესკალაციას, და გვინდა გადავამოწმოთ, რომ ეს სინამდვილეში ხდება. იმედი მაქვს, მომდევნო დღეებში უფრო მეტს გავიგებთ“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.
ბლინკენი ლავროვს: საჭიროა, ვიხილოთ გადამოწმებული, სანდო და მნიშვნელოვანი დეესკალაციის პროცესი
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, განაგრძოს დიპლომატიური გადაწყვეტა იმ კრიზისის, რომელიც მოსკოვმა დააჩქარა. „მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, ვიხილოთ დეესკალაციის მანიშნებელი გადამოწმებული, სარწმუნო პროცესი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს, ჩვენ ვრჩებით დიპლომატიური გზის ერთგულები და გვჯერა, რომ რჩება სივრცე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება. NATO-ში ამერიკის ელჩი: რუსეთის მხრიდან დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯის შესახებ განცხადებები უნდა გადავამოწმოთ
ჯო ბაიდენი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელია
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელი, მაგრამ აშშ მზად არის, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს ასეთ ნაბიჯზე. ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს, დაიხიოს უკან და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან გარკვეული ძალების გაყვანის შესახებ ცნობები, არ არის დადასტურებული შეერთებული შტატების მიერ. „[რუსული ძალების გასვლა] კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ დაგვიდასტურებია. ჩვენ ჯერ არ დაგვიდასტურებია, რომ რუსული სამხედრო ნაწილები დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებზე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა. „რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი და არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, გამანადგურებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვაში. ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები მზად არიან ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მოხდეს და რომ რუსეთი გადაიხდის მძიმე ეკონომიკურ ფასს, თუ მოსკოვი შეჭრას დაიწყებს. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. ამავე თემაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა. „ალიანსის ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ქართველი და უკრაინელი მეგობრებისთვის მესიჯი ძალიან ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა", - განაცხადა ჯულიან სმიტმა.
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანმა აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის ნდობის აღდგენის მექანიზმებისა და მათი შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის უმოკლეს ვადაში, ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების საკითხს. თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ევროკავშირის თანათავმჯდომარესთან ვისაუბრეთ პირველ რიგში საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით, ადგილზე შექმნილ მძიმე სოციალურ, ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი 7 თანამოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლება. ევროპელ კოლეგებს გავაცანით შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის შედეგები და სტრატეგიული გადახედვის პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე, რათა მიღწეულ იქნას არსებითი პროგრესი ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების პროცესში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება
ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. „NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებით ისაუბრა.
საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად, რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობას ეხებოდა. „იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც მოსახლეობას ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა. მიიღეს ამომწურავი პასხები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, ქრისტინე კობახიძემ.
საქართველოში კოვიდინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის - 32.02% ხოლო 7 დღის - 31.51%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პაციენტი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 382, აჭარაში - 696, იმერეთში - 1 193. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში - 150, იმერეთში - 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პაციენტი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 40, იმერეთში - 28. 1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 - თბილისში, 308 - აჭარაში. 173 150 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 560 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 560-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 783 856 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 496 156 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 300 062 გარდაიცვალა 15 683 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
თამარ გაბუნია: დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღმასვლა შეიმჩნევა
დაღმასვლა შეიმჩნევა, დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. „დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს.მოლოდინი არის ის, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი.
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება. პოლიციამ კი მათ დასაშლელად უჩვეულო ხერხს მუსიკას მიმართა. მათ დემონსტრანტებს ბარი მანილოვის სიმღერები ჩაურთეს. როდესაც ამის შესახებ ინგლისელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა გაიგო, მან სამართალდამცველებს Twitter-ზე მიმართა: „ამან თუ არ იმოქმედა შემეხმიანეთ“. ამის შემდეგ პარლამენტის წინ ბლანტის ცნობილი ჰიტი You're Beautiful აჟღერდა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში, ველინგტონში, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უკვე ერთი კვირაა არ იშლებიან.
კახა კალაძე: მეტროს სადგურებში ე.წ. გამტარებლების შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს. კახა კალაძის თქმით, საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების მხრიდან ე.წ. გამტარებლების უკანონო საქმიანობის გამოვლენის ფაქტს ასახავს. „მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებულია თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, რიგით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას და სამაგიეროდ, მათგან ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც არის კანონდარღვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინას ერთიანობის დღე მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. „14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ და მსურს, ამ მძიმე პერიოდში უკრაინისთვის, ეს დღე მივულოცო ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. დღეს უკრაინის საელჩოში გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და მხნეობას ამ მძიმე პერიოდში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი მოამზადეს
აშშ-ის სენატის რესპუბლიკელების უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად საკუთარი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. „რესპუბლიკელების“ წინადადება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი სანქციების დაწესებას და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითვალისწინებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ხუთი დემოკრატისა და ხუთი რესპუბლიკელი სენატორისგან შემდგარი ჯგუფი კვირების განმავლობაში მონაწილეობდა კანონპროექტზე მოლაპარაკებებში, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. სენატორი რიში აქტიურად იყო ჩართული ორპარტიული გეგმის შესახებ მოლაპარაკებებში. მსგავსი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს. „მიუხედავად იმისა, რომ „სამხედრო“ შეჭრა ჯერ არ მომხდარა, არსებობს სხვა გზები, რომლითაც რუსეთს შეუძლია, თავს დაესხას უკრაინას, რაც დამღუპველი იქნება უკრაინელებისთვის და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა რიშმა. პაკეტი ასევე უზრუნველყოფს 500 მილიონი აშშ დოლარის საგარეო სამხედრო დაფინანსებას (FMF) უკრაინისთვის, მათ შორის არის 250 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დაფინანსებისთვის, 100 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დახმარებისთვის კრიტიკული შესაძლებლობებისთვის, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და გემსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. წინადადებათა პაკეტი ასევე მოიცავს ევროპელი მოკავშირეეების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
დევი ტაბიძე: არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა გამოცხადდეს
ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს. ამის შესახებ ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი სახლი უკრაინაა და მისი დაცვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ყველა გაერთიანდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ერთიანობის დღე მიულოცა. „ჩვენი სახლი უკრაინაა“ და მისი დაცვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ყველა გაერთიანდება“, - აღნიშნა ვოლოვიმირ ზელენსკიმ. მან 14 თებერვალს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 16 თებერვალი უკრაინაში ერთიანობის დღედ გამოცხადდა. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთიანობის დღე, ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ! ჩვენ ვართ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი სურვილით - ვიცხოვროთ, მშვიდად, ბედნიერად, როგორც ერთი ოჯახი, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ
დავით ზალკალიანი: ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით
„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი.“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში, უკრაინის საელჩოში გაიმართა. დავით ზალკალიანის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო დგას მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას . როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%- ოკუპაცია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში. „დღეს იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია რუსეთის დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველო გმობს ამ ქმედებას“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა დიპლომატმა. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთლიანი ევროპული არქიტექტურისთვის. „არავის აქვს უფლება აუკრძალოს თავისუფალ ქვეყნებს თავად აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა, მეგობრები და ალიანსები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული, დამსახურებული არჩევანის მისაღწევად. „ - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული დღე უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე.