ძებნის რეზულტატი:
საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი
საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კვირაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შემოიღებენ დამატებით სანქციებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ექსპორტსა და ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ეხება. „ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა იციან რუსული შეჭრის და მათი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი. მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის ევროპელ პარტნიორებს სუვერენიტეტის პრინციპების დასაცავად, რუსეთის აგრესიის დაგმობის, რუსეთის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობების მხარდასაჭერად და საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების გასაძლიერებლად. საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და რადგან რუსეთი ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით. საქართველოს ასევე შეუძლია, წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით, საქართველოს შეუძლია, გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ. რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად, ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს - ენერგეტიკულ მდგრადობას. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ კრიტიკულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ იმ მძიმე ფასს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა იმავე აგრესორის მხრიდან. უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას,“ - წერია ერთობლივ განცხადებაში.
რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში
რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში - წყარო BBC როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში 200 000-მდე ჯარისკაცის შეყვანის ბრძანება გასცა, მისი მიზანი იყო, რამდენიმე დღეში აეღო დედაქალაქი კიევი, მისი პროდასავლური მთავრობა დაემხო და უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში დაებრუნებინა. პუტინმა ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. ოთხი წლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის ხელშია. პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იყო. რუსეთმა არაერთხელ წარმოაჩინა თანამედროვე უკრაინა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რაც ისტორიის უხეში დამახინჯებაა. პუტინმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული, უკრაინაში შეჭრამდე რვა წლით ადრე დაიპყრო - რევოლუციის შემდეგ, რომლის შედეგადაც, უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი პროდასავლური მთავრობით ჩანაცვლდა. რუსეთის ლიდერი დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის არსებობის უფლებას და აცხადებს, რომ „თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა“ 1917 წლის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ. 2021 წლის გრძელ ესეში მან თქვა, რომ მე-9 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.“ 2024 წელს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა „ხელოვნური სახელმწიფო“ იყო. ამ კომენტარებმა ბევრი დაარწმუნა, რომ რუსეთის შეჭრის მიზანი ფაქტობრივად უკრაინის სახელმწიფოს განადგურება იყო. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ პუტინმა თავდაპირველად სცადა მისი შეცვლა პრორუსული პარტიის მდიდარი ლიდერით, ვიქტორ მედვედჩუკით, რომელიც უკრაინაში ღალატში დაადანაშაულეს და ამჟამად რუსეთში იმყოფება. იყო თუ არა NATO-ს გაფართოება ომის მიზეზი? პუტინი წლების განმავლობაში უჩიოდა NATO-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას, როგორც უსაფრთხოების საფრთხეს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ნებისმიერ შესაძლებლობას მთავარ წითელ ხაზად მიიჩნევდა. 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე მან მოითხოვა, რომ ალიანსს გაეყვანა მრავალეროვნული ძალები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც დასავლეთის ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. მაგრამ სწორედ რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, შემდეგ კი, 2014 წელს - ყირიმში. ყირიმში შეჭრის შემდეგ, NATO-მ უწყვეტი ყოფნა უზრუნველყო თავის აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთთან ყველაზე ახლოს. NATO ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ალიანსის მთავარი მიზანი ტერიტორიების დაცვაა „აგრესიული განზრახვების გარეშე.“ შვედეთი და ფინეთი NATO-ში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ რუსული საფრთხის აღქმის გამო გაწევრიანდნენ. უკრაინის კონსტიტუციის ნაწილია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ამის რეალური პერსპექტივა არ არსებობდა. ვინ იგებს ომს? სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეტევებისა და კონტრშეტევების შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის ძალები 1000 კმ-ზე (629 მილი) მეტი მოცულობის აქტიურ ფრონტზე, „გამოფიტვის ომში“ არიან. არცერთ მხარეს არ აქვს ამ ომში გამარჯვების რეალური პერსპექტივა, თუმცა რუსეთი ზაფხულის შეტევის დროს, ტერიტორიულ მიღწევებს ცდილობს. რუსეთმა 2022 წელს ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია მოახდინა, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე, ლუგანსკზე, სრული კონტროლის პრეტენზია აქვს. უკრაინულმა ძალებმა 2022 წელს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაწილის დიდი ტერიტორიების გათავისუფლება შეძლეს, მაგრამ ბოლოდროინდელმა კონტრშეტევებმა იგივე წარმატება ვერ მოიტანა. ისინი 2024 წლის აგვისტოში შეტევის დაწყების შემდეგაც აქტიურად რჩებიან რუსეთის კურსკის რეგიონის ძალიან მცირე ნაწილში, მაგრამ იქ არსებულ ყველა ძირითად დასახლებაზე კონტროლი დაკარგეს. უკრაინულმა ჯარებმა პოზიციები აღმოსავლეთშიც დაკარგეს. როგორ შეიძლება ომის დასრულება? ყველაზე სავარაუდო გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია, თუმცა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მცირე პროგრესი დაფიქსირდა. რუსეთს პირდაპირი მოლაპარაკებები „კონფლიქტის ძირითადი მიზეზების“ მოსაგვარებლად სურს - ფრაზა, რომელიც პუტინის „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებს მოგვაგონებს ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, ომის დაწყებისას. პუტინის მოთხოვნები უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცევა, სამხედრო ძალების მკვეთრად შემცირება და NATO-სკენ მისწრაფებების უარყოფას მოიცავს. რუსეთი ასევე ითხოვს, რომ უკრაინაში მისი ტერიტორიული მიღწევების საერთაშორისო აღიარება აისახოს ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში, მათ შორის, ყირიმისა და აღმოსავლეთის ოთხი რეგიონის ანექსიაში. ის ასევე ითხოვს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნას. კიევი არასდროს აღიარებს თავის სუვერენულ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად, მაშინაც, თუკი შესაძლებელია, რომ აღიაროს ტერიტორიების დროებით დაკარგვა. კიევი ასევე ისწრაფვის დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებისკენ, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთი აღარასდროს შეიჭრება მის ტერიტორიაზე. რა ისტორიული კავშირებია უკრაინასა და რუსეთს შორის? როგორც ჩანს, პუტინი თვლის, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დარჩეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების გამო. 1922 წლიდან 1991 წლამდე უკრაინა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და ბევრი უკრაინელი რუსულად საუბრობს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთში, მათ შორის არის ვოლოდიმირ ზელენსკიც. ბევრი რუსი ყირიმს საკუთრებად მიიჩნევს. ის ეკატერინე დიდმა 1783 წელს მიიერთა და საბჭოთა ლიდერმა ხრუშჩოვმა უკრაინას 1954 წელს გადასცა. ათი წლით ადრე, მისმა წინამორბედმა სტალინმა ყირიმის თათარი მოსახლეობის დეპორტაცია მოახდინა, ამიტომ, მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური რუსები იყვნენ. 1991 წლიდან უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მან ბირთვულ იარაღზე 1994 წელს თქვა უარი რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ გარანტირებული უსაფრთხოების სანაცვლოდ. ომის შემდეგ, ბევრმა უკრაინელმა რუსულად საუბარზე უარი თქვა და თავად ზელენსკიც ამ ენის საჯაროდ გამოყენებას თავს არიდებს. განხილვის საგანია, „ვინ აფერხებს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას“
ზელენსკის თქმით, ზუსტად ოთხი წელია, რაც პუტინი კიევს სამ დღეში იღებს
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა კიევში ჩავიდნენ. ომის დაწყების მეოთხე წლისთავისთვის, ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის დამტკიცებას, რაც უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც. 24 თებერვალს კიევში ასევე ჩავიდნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიის, ფინეთის, დანიის, ისლანდიის, შვედეთის და ნორვეგიის ლიდერებიც. კიევი უკრაინის და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების სამიტს და „მსურველთა კოალიციის“ სხდომას მასპინძლობს. "მსურველთა კოალიციის" შექმნის ინიციატივა ეკუთვნით გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს და ის 2025 წლის მარტში გამოცხადდა, უკრაინის შესახებ ლონდონის სამიტის შემდეგ. კოალიციის შექმნის მიზნად დასახელდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. "მსურველთა კოალიცია" მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას. ამ დროისთვის კოალიციაში 30-ზე მეტი ქვეყანაა თავმოყრილი, უკრაინის ჩათვლით. დღეს, ფონ დერ ლაიაენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომის დაწყების შემდეგ კიევში უკვე მეათედ ჩავიდა, რათა დაადასტუროს, რომ ევროპა უკრაინას ურყევად უჭერს მხარს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, ხაზი გაუსვას უკრაინის სამართლიანი ბრძოლისადმი ერთგულებას და როგორც უკრაინელ ხალხს, ისე აგრესორს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ უკან არ დაიხევენ, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობა უკრაინის პირობებით უნდა დამყარდეს. „ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის ძლიერ და სუვერენულ ევროპაში," - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ანტონიო კოშტამ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ამბობს, რომ „დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევის აღების სამდღიანი შეტევა დაიწყო.“ ეს კი, ზელენსკის თქმით, ბევრ რამეს ამბობს უკრაინის წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტყვების უკან დგას მილიონობით უკრაინელი, უზარმაზარი გამბედაობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა და ის გრძელი გზა, რომელსაც უკრაინა 24 თებერვლიდან მიჰყვება. „შეჭრის დასაწყისს რომ ვიხსენებთ და დღევანდელ დღეს განვსჯი, სრული უფლება გვაქვს, ვთქვათ: ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი სახელმწიფოებრიობა; პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. მან ვერ გატეხა უკრაინელები; მან ვერ მოიგო ეს ომი. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325 000-ია. იმავე პერიოდში, უკრაინის მხრიდან 500 000-600 000 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის, დაღუპულთა რაოდენობა 140 000-ია. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემები, სავარაუდოდ, არასაკმარისად შეფასებულია და რეალური რაოდენობა მეტია. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს, 2022 წლის თებერვლამდე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კი, ის უკრაინის თითქმის 7%-ს აკონტროლებდა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.79% დაიკავეს. გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ 5.9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა თავისი ქვეყანა. მათმა დიდმა უმრავლესობამ ევროპას შეაფარა თავი. 3.7 მილიონი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის ოთხი წლის განმავლობაში, უკრაინამ 195 მილიარდი დოლარის პირდაპირი ზარალი განიცადა, ხოლო რეკონსტრუქციისა და აღდგენის საერთო ღირებულება თითქმის 588 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ენერგეტიკის სექტორში მიყენებული ზიანი დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც გავლენას ახდენს ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემასა და განაწილებაზე, ასევე, რაიონული გათბობის სისტემებზე. ტრანსპორტის სექტორში საჭიროებები დაახლოებით 24%-ით გაიზარდა 2025 წელს რკინიგზასა და პორტებზე გაძლიერებული თავდასხმების გამო. 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების 14% დაზიანდა ან განადგურდა, რამაც სამ მილიონზე მეტი ოჯახი დააზარალა. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 20 000 უკრაინელი ბავშვი გადაასახლა იძულებით ან მათი დეპორტაცია მოახდინა. უკრაინის ომბუდსმენის თქმით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს „მობილიზაციის სამხედრო რესურსად“ მიიჩნევს. დმიტრო ლუბინეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის რეალური მიზანი უკრაინელი ხალხის გენოციდია.“ უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის, „დააბრუნეთ ბავშვები რუსეთშის“, ფარგლებში, სახლში დააბრუნეს 2003 ბავშვი, რომლებიც რუსეთში იყვნენ დეპორტირებული ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის თქმით, უკრაინელი ბავშვების ბოლო ჯგუფი 2026 წლის 13 თებერვალს დაბრუნდა. ლუბინეცმა ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, კერძოდ, პირველ ლედის, მელანია ტრამპს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილი მისწერა გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ. მან აღნიშნა კატარის როლი, რომელმაც დახმარება გაუწია „რთულ საქმეებზე“ მუშაობაში და მისი წყალობით 83 ბავშვი დაბრუნდა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს. თუმცა აგვისტოში პუტინთან ალასკაში შეხვედრამ და უკრაინელ და რუს მომლაპარაკებელ ჯგუფებთან დისკუსიების რამდენიმე რაუნდმა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მოიტანა. მოსკოვი კვლავ მოითხოვს უკრაინისგან სუვერენული ტერიტორიის გადაცემას, რაც კიევისთვის მიუღებელია. რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში
აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკული ბირთვის ნაწილი ხდება — SOCAR-მა Italiana Petroli შეიძინა
ევროკომისიამ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ, იტალიური ენერგეტიკული კომპანია Italiana Petroli-ს (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შესყიდვა დაამტკიცა. „გარიგება, პირველ რიგში, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას ეხება,“ - განაცხადა ევროკომისიამ. ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შესყიდვა კონკურენციის კუთხით პრობლემებს არ წარმოშობს, რადგან ჩართული მხარეების საბაზრო პოზიციები შეზღუდულია. შესაბამისად, გარიგება გამარტივებული შერწყმის პროცედურის ფარგლებში განიხილეს. „იტალიანა პეტროლი“ იტალიის ერთ-ერთი უდიდესი ინტეგრირებული ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმაა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ათასობით ავტოგასამართ სადგურს, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, რომელთა წლიური სიმძლავრე დაახლოებით 10 მილიონი ტონაა და აქტიურად ყიდის ბიტუმს, საავიაციო საწვავს და საპოხ მასალებს. ის ასევე ინარჩუნებს ქვეყნის მასშტაბით ლოგისტიკურ ქსელს. გარიგება, რომელიც 2025 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა და რომლის ღირებულებაც, Reuters-ის ინფორმაციით, დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ შესაძლოა 3–3.5 მილიარდ ევროს მიაღწიოს, მხოლოდ აქტივების შეძენას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს მთლიანი ქვედა რგოლის ეკოსისტემით სარგებლობას: ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთა საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრე დღეში დაახლოებით 200,000 ბარელია; 4,500-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური; საცავები და ქვეყნის მასშტაბით ლოგისტიკური ქსელი. მხოლოდ 2024 წელს IP-მ დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გაყიდა და თითქმის 500 მილიონი ევროს მოგება მიიღო. „ეს გეოპოლიტიკური სიგნალია და ასახავს აზერბაიჯანის ენერგეტიკული სტრატეგიის უფრო ღრმა ტრანსფორმაციას - ისეთ ტრანსფორმაციას, რომელსაც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკული სისტემის პერიფერიიდან მის სტრუქტურულ ბირთვში გადაჰყავს. წლების განმავლობაში აზერბაიჯანი, ძირითადად, ნედლი ნავთობის მიმწოდებლად აღიქმებოდა. მოდელი მარტივი იყო: მოპოვება, ექსპორტი და შემდგომი მოგების სხვაგან დაგროვების დაშვება. რეალური მარჟები - გადამუშავება, ლოგისტიკა და საცალო ვაჭრობა - ევროპელი ოპერატორების ხელში დარჩა. ეს მოდელი ახლა იცვლება. იტალია უკვე აზერბაიჯანული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია. იტალია აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ევროკავშირში. სტრატეგიული ნავთობგადამამუშავებელი და საცალო ვაჭრობის აქტივების შეძენით, აზერბაიჯანი აღარ არის მხოლოდ მიმწოდებელი - ის იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაინტერესებული მხარე ხდება. ეს აღრმავებს ურთიერთდამოკიდებულებას იმ მომენტში, როდესაც ევროპა აქტიურად ეძებს რუსული ენერგომომარაგების ალტერნატივებს.
მედია: სომხეთმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირს ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის გაგზავნა სთხოვა
სომხეთმა ევროკავშირს სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის გაგზავნა სთხოვა, რათა ერევანს დაეხმარონ ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თავიდან აცილებაში. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბრიუსელს შესაბამისი წერილი გაუგზავნა დახმარების თხოვნით. გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროკავშირმა დაახლოებით 20-კაციანი მსგავსი ჯგუფი გაგზავნა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, რათა მოლდოვის ხელისუფლებას დახმარებოდა რუსეთიდან სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის ადრეულ გამოვლენასა და წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში, ერევანში ევროკავშირის მუდმივი სამოქალაქო მისია შეიქმნას.
დიმიტრი აბდუშელიშვილმა ფრანგ სპეციალისტთან გააფორმა შეთანხმება "ცურვის ეროვნული ცენტრისა" და სხვა მასშტაბური პროექტების შესახებ
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი აბდუშელიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოში ცურვის განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ შეთანხმებას ფრანგ სპეციალისტ ოლივიე სანგარიასთან. შეთანხმება ცურვის განვითარების სტრატეგიის შესახებ, მოიცავს მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის, "ცურვის ეროვნული ცენტრის“ დაარსებას, რომელიც ფედერაციასთან იმოქმედებს. ოლივიე სანგარია ცურვის მიმართულებით ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი და არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელია. ის ასევე ცნობილია თავისი უნიკალური პროგრამებით მოცურავეებისთვის, რომლებიც ემსახურება ცურვის ტექნიკის დახვეწას, მწვრთნელთა გადამზადებასა და სპორტულ განვითარებას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ფედერაციის გამგეობის წევრები.
ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დროებით ამოქმედდა
სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება „დროებით“ ამოქმედდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „დროებითი ამოქმედება დროებით ამოქმედებას ნიშნავს. ეს სახელწოდებაში წერია. ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, შეთანხმება ძალაში სრულად მაშინ შევა, როდესაც მისი რატიფიცირება ევროპარლამენტის მიერ მოხდება,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ევროკავშირმა სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკის, მერკოსურის წევრებთან, არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 17 იანვარს ხელი მოაწერა. შეთანხმების სრულად ამოქმედებამდე ევროპარლამენტის მხარდაჭერა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ მისი რატიფიცირებაა საჭირო, თუმცა ევროკავშირსა და მერკოსურს შეუძლიათ, რომ შეთანხმების ფარგლებში ტარიფების შემცირების პროცესი დაიწყონ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „მერკოსურთან“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროებით ამოქმედებაზე ამბობს, რომ საფრანგეთისთვის ეს სიურპრიზია, ცუდი სიურპრიზი, ხოლო ევროპარლამენტის მიმართ – უპატივცემულობა.“ ევროკავშირსა და მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერების პროტესტი მოჰყვა, ხოლო გასულ თვეში ევროპარლამენტმა შეთანხმების ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას დაუჭირა მხარი.
რიში სუნაკი ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა. საბჭო უკრაინის ეკონომიკური აღდგენისკენაა მიმართული და სუნაკი ანაზღაურების გარეშე იმუშავებს. საბჭოს პირველ შეხვედრაში, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა, სუნაკთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, აჯაი ბანგამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ, ასევე რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებმა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დასავლეთს ძლიერი უკრაინა სჭირდება, ძლიერ უკრაინას კი – ძლიერი ეკონომიკა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, გახდეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ეკონომიკა ადამიანური კაპიტალის, ბუნებრივი რესურსებისა და ინოვაციური კულტურის მეშვეობით.
მელანია ტრამპი გაეროს უშიშროების საბჭოს 2 მარტის სხდომას უხელმძღვანელებს
გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, რომლის თავმჯდომარე თვეში ერთხელ იცვლება, აშშ-ის თავმჯდომარეობის პერიოდის პირველ სხდომას ამ ქვეყნის პირველი ლედი მელანია ტრამპი უხელმძღვანელებს. აშშ საბჭოს თავმჯდომარეობას 2026 წლის მარტიდან ბრიტანეთისგან ჩაიბარებს. ამერიკული ტელეკომპანიები CNN-ი და Fox News-ი პირველი ლედის ოფისზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ორშაბათს, 2 მარტს დანიშნულ სხდომას, რომელზეც განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე უნდა იმსჯელონ, თავმჯდომარეობას მელანია ტრამპი გაუწევს. ეს იქნება რომელიმე ქვეყნის პირველი ლედის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის წაყვანის პირველი შემთხვევა. ქალბატონი ტრამპის ლიდერობა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პირველი ლედი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომლის დროსაც წევრები განიხილავენ განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს,“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა წამოიწყო კამპანია Be Best, რომლის მიზანია ბავშვების სოციალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ძირითადი პრობლემების, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებისა და კიბერბულინგის დაძლევის გზით.
ტრამპი: შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ
„შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. „კუბის მთავრობა ჩვენ გვესაუბრება. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ ფული არ აქვთ, არაფერი აქვთ, მაგრამ გვესაუბრებიან,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპის ცნობით, კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო „მაღალ დონეზე“ აწარმოებს. „მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ. ეს ქვეყანა ღრმა გასაჭირშია და მათ ჩვენი დახმარება სურთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გაეროში რუსეთის ელჩმა გამოაცხადა, რომ „უკრაინელია”
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა მარიანა ბეცამ რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია დაადანაშაულა მანიპულაციასა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაში, მას შემდეგ, რაც ნებენზიამ გამოაცხადა, რომ „ნამდვილი უკრაინელია” და ზოგადად, რუსებსა და უკრაინელებს შორის განსხვავება არ არის. ნიუ-იორკში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, 24 თებერვალს განიხილავდნენ უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას და ომის დასრულების გზებს. „ფორმალურად რომ ვთქვათ, მე უკრაინელი ვარ. ასეთი უცნაური გვარი მაქვს. სლავებმა იციან, რომ მას რთულად იპოვი უკრაინაშიც კი. ის(გვარი) ზაპოროჟიელი კაზაკებიდანაა”, - თქვა სხდომაზე გამოსვლისას ვასილი ნებენზიამ და დასძინა, რომ მისი მამა იმაზე ნამდვილი უკრაინელი იყო, ვიდრე უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი მარიანა ბეცაა. „მაგრამ ჩვენთვის განსხვავება არ არის, ჩვენ ყველანი ერთი ვართ," - განაცხადა ნებენზიამ. „ბატონო ნებენზია, თქვენ უკრაინელი არ ხართ, თავს ნუ იკატუნებთ. მეორე - ჩვენ არ ვართ ერთი ხალხი და არასდროს ვიქნებით,“ - მიმართა რუსეთის წარმომადგენელს უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მარიანა ბეცამ. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, უკრაინა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანაა, ხოლო რუსეთი - აგრესიული სახელმწიფო, რომელიც დაკავებულია ტერორით, ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულით და გენოციდით. საჯარო წყაროების მიხედვით, საბჭოთა პერიოდის დოკუმენტებში ვასილი ნებენზიას მამის, ალექსეი ნებენზიას ეროვნებად უკრაინელია მითითებული. ამასთან, ალექსეი ნებენზია, რომელიც საბჭოთა პარტიული მუშაკი იყო, რუსეთის სარატოვის გუბერნიაში დაიბადა. თავად ვასილი ნებენზია რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადშია დაბადებული.
OpenAI: ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ
OpenAI-მა დაბლოკა ChatGPT-ის ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსულ პროპაგანდისტულ ქსელ Rybar-თან [„მეთევზე“ რუსულად – რედ.]. “დავბლოკეთ ChatGPT-ის პროფილების კომპლექტი, რომელიც დაკავშირებული იყო რუსულ ქსელთან - “რიბარი”. ისინი თარგმნიდნენ და ქმნიდნენ კონტენტს, რომელიც “რიბარის” სოციალური მედიის პროფილებზე ვრცელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ასევე “კონტენტის ფერმა” იყო უფრო ფართო ქსელისთვის - X-სა და “ტელეგრამზე”… ზოგიერთ შემთხვევაში კი, მავნე აქტორი სოციალურ მედიაში ChatGPT-ის მოკლე კომენტარების გენერირებისთვის იყენებდა, შემდგომ კი ის X-ზე და “ტელეგრამზე” ვრცელდებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. განცხადების თანახმად, დაბლოკილი მომხმარებლები რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ კონტენტს სხვადასხვა ენაზე ქმნიდნენ, მათ შორის ესპანურად და ინგლისურად. განცხადების თანახმად, აღნიშნული პროპაგანდისტული მასალა “აქებდა რუსეთსა და მის მოკავშირეებს (მაგალითად ბელარუსს), აკრიტიკებდა უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს უცხოურ ჩარევაში ადანაშაულებდა.”
„აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის მოდელია“ - მინისტრი
თურქეთი და საქართველო აზერბაიჯანის უცხოური ინვესტიციების სტრუქტურაში წამყვან პოზიციებს იკავებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა კახეთის რეგიონში გამართულ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის თურქეთის ელექტროენერგიის ბაზარზე შესვლისა და 870 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის შეძენის შემდეგ, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ორმხრივი ინვესტიციები 21 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. აზერბაიჯანის ინვესტიციები საქართველოში 3.1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, სადაც SOCAR-ი წამყვან როლს ასრულებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობა რეგიონული განვითარების ერთ-ერთ საყრდენად იქცა. „დღეს ჩვენ წვლილი შეაქვთ საქართველოს, თურქეთის და კიდევ 14 ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომლებიც ძირითადად დასავლეთში მდებარეობს. აზერბაიჯანი ბუნებრივ გაზს 16 ქვეყანას ამარაგებს, რომელთაგან 10 ევროკავშირის წევრია და მსოფლიოში პირველ ადგილზეა მილსადენებით მომარაგების გეოგრაფიის მხრივ,“ - აღნიშნა ჯაბაროვმა. მინისტრის თქმით, ერთობლივად განხორციელებული სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი ინფრასტრუქტურას გასცდა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა: „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტი უკვე ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, განვიხილოთ საინვესტიციო შესაძლებლობები და გავაგრძელოთ ჩვენი როლი, როგორც საქართველოს ეკონომიკური ეკოსისტემის ბუნებრივი ნაწილისა. მე მჯერა, რომ ეს ორივე ერის ინტერესებს ემსახურება,“ - ჯაბაროვმა ასევე აღნიშნა სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და შუა დერეფნის განვითარების. მინისტრის თქმით, რეგიონული კავშირის გაღრმავება, ყარს-ნახჭევანის პროექტის განხორციელება და ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ტრამპი ირანზე დარტყმებზე: "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი”
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“ და რომ მისი მესიჯი მარტივია „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“. ტრამპის თქმით, აშშ გაანადგურებს ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის დარტყმები „სრულიად არაპროვოცირებული, უკანონო და არალეგიტიმურია." X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის ამბობს, ირანის ძლიერი შეიარაღებული ძალები „მზად არიან ამ დღისთვის და აგრესორებს იმ გაკვეთილს ასწავლიან, რასაც იმსახურებენ." ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ 28 თებერვალს, ირანის სამხრეთით, ჰორმოზგანის პროვინციაში, მინაბის ოლქში, გოგონების დაწყებით სკოლაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორმა მოჰამედ რადმერმა განაცხადა, რომ კიდევ 48 ადამიანი დაიჭრა და სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. BBC წერს, რომ ამ ნათქვამის დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლია - საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებს ხშირად უარს ეუბნებიან ირანში ვიზების გაცემაზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ შესაძლებლობას, შეაგროვონ ინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების შესახებ. გარდა ამისა, ირანში „თითქმის სრულადაა" ინტერნეტი გათიშული. ახლო აღმოსავლეთში ირანის საპასუხო დარტყმების ამსახველი ვიდეოები ვრცელდება. რეგიონში აშშ-ის საჰაერო ბაზებია განლაგებული, რომლებიც სავარაუდო სამიზნეებია. ბაჰრეინი ყურის რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც დაბომბეს. ერთ-ერთ დადასტურებულ ვიდეოში, რომელიც მოძრავი მანქანიდან არის გადაღებული, ნაჩვენებია რაკეტის დარტყმის მომენტი. აფეთქების შედეგად, ფრაგმენტები და ნამსხვრევები ჰაერში იშლება. ბაჰრეინის ეროვნული საკომუნიკაციო ცენტრი აცხადებს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის მომსახურების ცენტრი „სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა." ის პასუხისმგებელია ყურეში, წითელ ზღვაში, არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის ნაწილებში ოპერაციებზე. ბაჰრეინიდან გადაღებულ სხვა დადასტურებულ ვიდეოებში ჩანს კვამლის შედეგად გამოწვეული მუქი ღრუბლები, ქალაქში სირენების ხმა ისმის. "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" აფილირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ დაწერა, რომ „რეგიონში აშშ-ის ყველა ბაზა და ინტერესი ირანის რაკეტების სამიზნე გახდა." "კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ბაჰრეინი და იორდანია აცხადებენ, რომ ირანიდან მათ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს აკავებენ. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს, მაგრამ თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯს ძალიან ფრთხილად გათვლიან. სწორედ ეს არის შედეგი, რომლის თავიდან ასაცილებლადაც რეგიონის ლიდერები ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრს მუშაობდნენ და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლობას ცდილობდნენ. ახლა უკვე ნათელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელის რჩევა მიიღო და არა მისი არაბი მოკავშირეების. არაბები შეშფოთებულნი არიან, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმები რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ომში ჩაითრევს მას. ისინი შიშობენ, რომ ირანს შეუძლია არამხოლოდ აშშ-ის სამიზნეებზე თავდასხმა მათ ტერიტორიაზე, არამედ, ინფრასტრუქტურაზეც, როგორიცაა გაზისა და ნავთობის ობიექტები, ან შესაძლოა, ჰორმუზის სრუტე დახუროს, რომლის გავლითაც ნავთობის ექსპორტი ხორციელდება. უარეს შემთხვევაში, ისინი წუხან, რომ ირანის სახელმწიფო შეიძლება, დაიშალოს, რაც გამოიწვევს ლტოლვილებისა და იარაღის ნაკადს მათ საზღვრებზე, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი რეჟიმის შეცვლაა," წერს BBC. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ირანული რაკეტის განეიტრალების შედეგად, ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა.
ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა - შურისძიება ლეგიტიმურია
ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა პეზეშკიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში. მისი თქმით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება ისლამური რესპუბლიკის უფლება და ვალდებულებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის კანონიერ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ,“ - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს: „ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით.“ მისი თქმით, ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურს იძიებს. ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას.
ირანული მედია თავდაცვის მინისტრის და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის სიკვდილს ადასტურებს
ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა პეზეშკიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში. მისი თქმით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება ისლამური რესპუბლიკის უფლება და ვალდებულებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის კანონიერ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ,“ - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ პირობა დადო, რომ აშშ-ს და ისრაელს, მათი თავდასხმის საპასუხოდ, ისეთი ძალით დაარტყამს ირანი, როგორიც დღემდე არ უნახავთ. ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას. ცნობისთვის, ირანული სახელმწიფო მედია თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის დაღუპვას ადასტურებს. მოკლულია ალი შამხანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი იყო. ლიკვიდირებულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც. მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის: ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა. „ეროვნული პოლიციის დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი ღოლამრეზა რეზაიანი, გუშინდელი (შაბათს) მტრის თავდასხმების შემდეგ დაიღუპა,“ - იტყობინება Fars-ის სააგენტო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სულ მცირე 30 ობიექტი დაბომბეს. ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მის ტერიტორიაზე პირდაპირი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ თეირანში საელჩო დახურა და ელჩი და დიპლომატიური პერსონალი გაიწვია. არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „ირანის აშკარა სარაკეტო თავდასხმების“ , კერძოდ, სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საცხოვრებელ უბნებზე, აეროპორტებზე, პორტებზე დარტყმების საპასუხოდ. საემიროების საგარეო უწყება განმატავს, რომ თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას და წარმოადგენდა „სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას“, რომელსაც ის ეროვნული სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევას უწოდებს. არაბთა გაერთიანებული საემიროების განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ნაბიჯი ასახავს „მტკიცე და ურყევ პოზიციას“ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ "მტრული ქმედებების გაგრძელება" რეგიონს "უკიდურესად სახიფათო ტრაექტორიაზე" გადაყვანის რისკს უქმნის. განცხადებაში აღინიშნება, რომ ესკალაცია საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას.
ერდოღანი: მწუხარებით შევიტყვე, რომ ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს
მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ბატონი ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ძმურ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს. თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის. „თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ,“ – აღნიშნავს ერდოღანი. თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ერდოღანმა რეგიონში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა. „ერდოღანმა სამძიმარი გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, ნათქვამია ინფორმაციაში. ერდოღანი ისრაელის მკაცრი კრიტიკოსია და ადრე აქებდა კიდეც „ჰამასს.“ თურქეთი ასევე NATO-ს ალიანსის წევრია შეერთებულ შტატებთან ერთად. 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები დაბომბეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაცია „პრევენციულ დარტყმად“ შეაფასა, ხოლო აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით დაადასტურეს ვაშინგტონის მონაწილეობა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანის შეიარაღებულ ძალებს, დაეყარათ იარაღი. ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიის, ასევე, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. ირანის საპასუხო დარტყმებმა გავლენა მოახდინა რეგიონის სხვა ქვეყნებზე, რამაც ხაზი გაუსვა კონფრონტაციის მასშტაბის გაფართოებას.
ტრამპის თქმით, აშშ-მ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა ხომალდი ჩაძირა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის საზღვაო ფლოტს ძირავენ, აქამდე ცხრა ირანული სამხედრო გემი გაანადგურეს და დანარჩენებსაც მისწვდებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცალკეული დარტყმის შედეგად ირანის საზღვაო ძალების შტაბ-ბინა მნიშვნელოვნად დაზიანდა. „ახლახან მაცნობეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი იყო. დანარჩენებსაც მივყვებით, ისინიც მალე იქნებიან ზღვის ფსკერზე,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ტრამპმა განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად, ირანის 48 მაღალჩინოსანია მოკლული. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია სწრაფად მიმდინარეობს. „არავის სჯერა, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთდროულად არის მოკლული,“ – აღნიშნა ტრამპმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ ირანის ახალ ლიდერებს „მასთან საუბარი სურთ და თავადაც დათანხმდა.“ „მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ, მათ გავესაუბრები. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ის, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იყო, უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძალიან დიდი ხანი იცდიდნენ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს ირანულ მხარესთან საუბარს. „ამას ვერ გეტყვით,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ლიდერი, რომელთანაც აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები საუბრობდნენ, მოკლულია. „ამ ადამიანების უმეტესობა დაიღუპა. ზოგიერთი იმ ადამიანთაგანიც დაიღუპა, ვისთანაც გვქონდა საქმე, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო,“ – აღნიშნა ტრამპმა. ტრამპმა CNBC-თან სატელეფონო საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია ირანში „დაგეგმილზე სწრაფად“ მიმდინარეობს. „ეს არის ძალიან ძალადობრივი რეჟიმი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველაფერი გრაფიკზე ადრეა. ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პუტინის თქმით, „ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა“
რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილში, რომელიც მან ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს გაუგზავნა, წერია, რომ ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა. პუტინმა თავის ირანელ კოლეგას სთხოვა, აიათოლას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის გულწრფელი სამძიმარი გადაეცა. „ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, ამ ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანით,“ – აღნიშნულია პუტინის წერილში. ცნობისთვის, რუსეთი და ჩინეთი ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებს აკრიტიკებენ და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა და ვან იმ დაგმეს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული მასირებული სამხედრო დარტყმები, რომლებიც განხორციელდა თეირანის მხრიდან დიალოგისადმი გახსნილობის მიუხედავად. მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი კოორდინაციას გაუწევენ ქმედებებს გაეროს უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და სხვა ორგანოებში. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ მოსკოვი და პეკინი.