უცხოეთი
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ნახევარკუნძულიდან და შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია - კახა იმნაძე
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი სპონსორი საქართველოცაა. დოკუმენტს 63-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 17-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 62-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ნახევარკუნძულიდან და შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია. რეზოლუციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ყირიმის ანექსია შეიარაღებაზე კონტროლის მხრივ შექმნილ ვითარებას ძირს უთხრის. „გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზვის ნაწილების მილიტარიზაციის შესახებ რეზოლუცია, რომლის მთავარ სპონსორებს შორის საქართველოა და რომელიც მოუწოდებს რუსეთს, საოკუპაციო შეიარღებული ძალების დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო გაყვანისკენ“, – წერს გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გაერო-ს რეზოლუციას „რუსეთზე მზარდი სამართლებრივი ზეწოლის ახალი ელემენტი“ უწოდა. #UNGA adopted Res on Militarization of Autonomous Rep. of #Crimea & city of Sevastopol #Ukraine🇺🇦 as well as parts of the Black Sea & the Sea of Azov, w/ #Georgia🇬🇪 among main sponsors - calling 4 immediate, complete, unconditional withdrawal of Russian occupying military forces pic.twitter.com/6ZMYAGXTWl — Kaha Imnadze (კახა იმნაძე) (@kahaimnadze) December 7, 2020
მეორე პაციენტი, რომელმაც კოვიდის აცრა მიიღო უილიამ შექსპირია - ჰიუ პიმი
კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ერთ პაციენტს, ამჯერად დასახლება უორვიკშირში მცხოვრებ უილიამ შექსპირს გაუკეთეს. ამის შესახებ „ბიბისის“ კორესპონდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. „მეორე პაციენტი, რომელმაც კოვენტრის უნივერსიტეტში კოვიდის აცრა მიიღო, არ დაიჯერებთ და უილიამ შექსპირია უორვიკშირიდან“, - წერს ჰიუ პიმი. პირველი პაციენტი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალია. Second patient to get the COVID jab at University Hospital Coventry - would you believe it....William Shakespeare from Warwickshire pic.twitter.com/y0LzxgbJ9w — Hugh Pym (@BBCHughPym) December 8, 2020
ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, გადამდგარი გენერლის წარდგენას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, გადამდგარი გენერლის ლლოიდ ოსტინის წარდგენას გეგმავს. როგორც BBC წერს, თუ ლლოიდ ოსტინს აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცებენ, ის პირველი შავკანიანი იქნება, ვინც პენტაგონს უხელმძღვანელებს. ლლოიდ ოსტინი აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსი იყო, ის 2016 წელს გადადგა. ჯო ბაიდენმა ლლოიდ ოსტინს თავდაცვის მდივნის თანამდებობის დაკავება კვირას, 6 დეკემბერს შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. გენერალ ლლოიდ ოსტინის პენტაგონის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის კონგრესის ნებართვა იქნება საჭირო.
პირველი მოქალაქე, რომელიც დიდ ბრიტანეთში აცრეს, 90 წლის ქალია
BBC დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყების თემას ეხმიანება და წერს, რომ პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის მარგარეტ კინანია. გამოცემის ცნობით, მარგარეტ კინანს ვაქცინაცია კოვენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ჩაუტარდა. მარგარეტი მადლობას უხდის ყველას, ვინც მასზე ზრუნავდა და მოუწოდებს ადამიანებს, აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა. „ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას იკეთებს. ეს ყველაზე კარგი ნაადრევად მიღებული დაბადების დღის საჩუქარია, რაც კი შეიძლებოდა მესურვა, რადგან თითქმის ერთწლიანი მარტოობის შემდეგ, ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვას შევძლებ. ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი. Pfizer/BioNTech-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.
დიეგო მარადონა ქველმოქმედებაში ყოველთვიურად 100 000 ევროს ხარჯავდა - America TV
დიეგო მარადონა ქველმოქმედებაში ყოველთვიურად 100 000 ევროს ხარჯავდა - ამის შესახებ ესპანური გაზეთი „მარკა“ America TV-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, თანხა 50 ოჯახისთვის იხარჯებოდა, რომელში ფეხბურთელის ნათესავები და სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ნათესავები შედიოდნენ. თანხა იჭრებოდა მარადონას ანგარიშებიდან, რომლებიც დღეს დაბლოკილია არგენტინის საგადასახადო სამსახურის მიერ და მათზე წვდომის საშუალება არავის აქვს. შესაბამისად, ნახსენები ოჯახების დაფინანსება შეჩერებულია. დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება. მედიის ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა. „დღევანდელი დღე გაერთიანებული სამეფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია,“ - აღნიშნა ჯონსონმა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით კი, ვაქცინაციის დაწყება „სინათლეა გვირაბის ბოლოს“. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი. გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.
ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის სახელმწიფო და სხვა აქტორებს შეეხებათ, რომელებიც დაკავშირებულები არიან ან მონაწილეობენ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაში. სანქციების რეჟიმი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმქომედებს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩაიდინეს დანაშაული. ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ და აქტივებს გაუყინავენ. დოკუმენტით განსაზღვრული ქმედებები ეხება გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასა და ბოროტად გამოყენებას, როგორიც არის ტრეფიკინგი, წამება, ადამიანების თვითნებური დაკავება და სხვა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, დღევანდელი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ევროკავშირის საგარეო ქმედებების ქვაკუთხედად, პრიორიტეტად და ასახავს ევროკავშირის სიმტკიცეს, უპასუხოს ადამიანის უფლებების დარღვევასა და ბოროტად გამოყენებას მთელ მსოფლიოში.
დანია დამატებით შეზღუდვებს აწესებს
დანია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამატებით შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. დამატებითი შეზღუდვების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 98-დან 38 მუნიციპალიტეტში რესტორნები, მუზეუმები, კინო-თეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები დაიხურება. შეზღუდვები 9 დეკემბერს შევა ძალაში და 3 იანვრამდე იმოქმედებს. დანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 328 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.
საბერძნეთში, სკოლებისა და რესტორნების გახსნა 7 იანვრამდე გადაიდო
საბერძნეთში კორონავირუსის გამო დახურული სკოლები, რესტორნები და სასამართლოები 7 იანვრამდე არ გაიხსნება, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა სტელიოს პეტსასმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელთან დაკავშირებით მცირე პროგრესი შეიმჩნევა, რის გამოც 14 დეკემბრამდე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა, მათ შორის ე.წ. ღამის კომენდანტის საათი, მომავალ თვემდე არ მოიხსნება. შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო საბერძნეთმა ე.წ. საყოველთაო „ლოქდაუნი“ ნოემბერში დააწესა და მას შემდეგ ორჯერ გაახანგრძლივა.
შვედეთი ზამთრის სეზონს შეზღუდვებით იწყებს - The Wall Street Journal
ახალი კორონავირუსის შეზღუდვებისგან დიდი თავშეკავების შემდეგ, შვედეთი თავის პანდემიურ ექსპერიმენტს ამთავრებს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ შვედეთი ზამთრის სეზონს შეზღუდვებით იწყებს და აკრძალვა ცხადდება მთელ რიგ საკითხებზე - დიდი თავყრილობებიდან დაწყებული, ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვებით და სკოლების დახურვით დამთავრებული. „შვედეთის მთავრობა სავალდებულო ზომებს აწესებს მას შემდეგ, რაც ახალი კოვიდინფექციის აზვირთებული ტალღის შეკავება წარუმატებლად მთავრდება. შემოდგომის ბოლოს აზვირთებული ინფიცირების ტალღის შემდეგ, რამაც შედეგად ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მოიტანა, შვედეთის მთავრობამ დასავლეთ ევროპაში უნიკალურ მცდელობაზე უარი თქვა და პანდემიის შეკავებას ნებაყოფლობითი ზომებით აღარ შეეცდება. სხვა ევროპელების მსგავსად, შვედები ზამთრის სეზონს მთელი რიგი აკრძალვებით იწყებენ”, – წერს The Wall Street Journal-ი.
ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი გარდაიცვალა
ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვასკესი ფილტვის კიბოს დიაგნოზით დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ურუგვაის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუის ლაკალე პოუმ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადა. მისი თქმით, ვასკესი თავის ქვეყანას ემსახურებოდა და თავდაუზოგავად მუშაობდა მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ტაბარე ვასკესი ურუგვაის პრეზიდენტის პოსტს ორჯერ, 2005-2010 და 2015-2020 წლებში იკავებდა.
პოლიციამ მინსკში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა
მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ინფორმაციით, ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა. გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებს ბრალი ედებათ „მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების ან ჩატარების ბრძანების დარღვევის“ მუხლით და მათ მიმართ ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო. მინსკის აღმასრულებელ კომიტეტში აცხადებენ, რომ ზოგ ადგილას აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას შეეცადნენ, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. ბელარუსის ათეულობით მოქალაქე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის უკვე გაასამართლეს. ბელარუსში მოსახლეობამ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულად ალესანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
ჩეხეთის პოლიცია 27 წლის საქართველოს მოქალაქეს ეძებს
მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიცია საქართველოს 27 წლის მოქალაქეს ეძებს, რომელიც პრაღაში თავდასხმის საქმეზე იძებნება. თავდასხმა პრაღაში, ოქტომბრის დასაწყისში, ვლადისლავოვის 1-ში მოხდა. 29 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ. ის მაშველებმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლებმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად შეძლეს დაედგინათ, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ბ.ჯ. საქართველოდან, რომელიც ერთხელ უკვე იყო წარსულში ნასამართლევი მსგავსი ძალადობრივი დანაშაულისთვის“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ევა კროპაჩოვამ. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციამ ჩეხეთის და შენგენის საზღვრებზე სპეციალური ზომები მიიღო იმისთვის, რომ დამნაშავეს ქვეყანა არ დაეტოვებინა. „გთხოვთ მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ. ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ის შეიარაღებული არ არის. არავითარ გარემოებაში არ ეცადოთ მის დაკავებას! გაფრთხილებთ, რომ ეს ძალიან საშიშია“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა.
ირანის ხელისუფლება - ფახრიზადეს მკვლელობისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილის ალი ფადავის განცხადებით, ირანელი მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. ალი ფადავის თქმით, ქვეყნის დედაქალაქისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტს თან 11 მცველი ახლდა, თუმცა ტყვიამფრქვევის სისტემამ მხოლოდ მისი სახე ამოიცნო და 13 გასროლა განახორციელა. "ტყვიამფრქვევი „ნისანის“ პიკაპზე იყო დაყენებული და ფოკუსირებული მხოლოდ მოჰსენ ფახრიზადეს სახეზე ისე, რომ მის გვერდით მჯდომი მეუღლეარ დაშავებულა. მას ინტერნეტით აკონტროლებდნენ სატელიტის საშუალებით და თანამედროვე კამერას და ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ“, - აცხადებს ალი ფადავი. ირანის ხელისუფლებამ მკვლელობაში ბრალი ისრაელსა და დევნილ ოპოზიციურ ჯგუფ „ირანის სახალხო მოჯაჰედებს“ დასდო. ირანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღები ისრაელშია დამზადებული.
კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს
ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ყველა მგზავრი და მათი ბარგი ძაღლებით შეამოწმეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ჩასვლიდან სამი საათის შემდეგ, მგზავრებს აეროპორტიდან გასვლის უფლება კვლავ არ ეძლევათ. თვითმფრინავში მყოფი მგზავრების დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი აფეთქების საფრთხის გამო შემოწმდნენ. როგორც რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტში“ განაცხადეს, საპასუხო რეისი ნიუ იორკიდან მოსკოვში 3,5 საათზე მეტით გადაიდო. მანამდე, „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო საფრთხის გამო, ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისის მგზავრების ევაკუაცია მოხდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 67 385 217 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 578 694 ადამიანი, 1 541 635 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 19 264 888 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
თურქეთში, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანდილის ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრა მიწისქვეშ 93.3 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ანტალიაში და მის მიმდებარე პროვინციებში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჯო ბაიდენმა აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში 279 ხმა მოიპოვა
„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო რაოდენობის ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები ოფიციალურად მოაგროვა. სააგენტოს ცნობით, კალიფორნიის შტატის მდივნის ალექს პადილას მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის კიდევ 55 ხმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მას აშშ-ის საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის კი საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.
კონგრესში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს ჰყავთ, დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას აშშ-ის ფედერალური კანონით აკრძალული ნივთიერებების ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს. პროექტს მხარი 224 კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 164 წინააღმდეგი წავიდა. პროექტის მიხედვით, მარიხუანას გაყიდვიდან ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ნარკომოვაჭრეთა მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად და იმ პირთა ნასამართლეობის გასაუქმებლად უნდა დაიხარჯოს, რომლებიც მარიხუანას შენახვისა და ვაჭრობის მუხლით დააკავეს და ძალადობაში არ არიან ბრალდებულები. კანონპროექტის ამოქმედებისთვის მას მხარი კონგრესის ზედა პალატამაც უნდა დაიჭიროს და შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ამჟამად, აშშ-ის 38 შტატში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნით, ხოლო 15 შტატში და კოლუმბიის ოლქში რეკრეაციული მიზნით არის დაშვებული. შეგახსენებთ, რომ მანამდე გაერო-მ მარიხუანა საშიში ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხიდან ამოიღო. ამასთან, გაერო-ში განაცხადეს, რომ მარიხუანას მოხმარების დაშვების გადაწყვეტილება ცალკეული სახელმწიფოების მთავრობის კომპეტენციაში დარჩება.
ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს პატიმრობა შეეფარდა
ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კორუფციაში ბრალდებულად ცნეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კარლ-ჰაინც გრასერი გაფლანგვისთვის, ქრთამის აღებისთვის, მტკიცებულებების გაყალბებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ათასობით ბინის გაყიდვისთვის ბრალდებულად ცნეს. ვენის სასამართლოს ინფორმაციით, გრასერმა 9 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამი აიღო. განაჩენი ასობით მოწმის ჩვენებისა და სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე იქნა გამოტანილი. თავად გრასერი უარყოფს დანაშაულს. მისმა ადვოკატმა განაჩენს არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 2000 წელს კარლ-ჰაინც გრასერი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი გახდა.