უცხოეთი

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება

ირანი თანახმაა, მასსა და ექვს ქვეყანას შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები 29 ნოემბერს განაახლოს. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა. როგორც „როიტერი“ ავრცელებს, მოლაპარაკებები ვენაში, ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა. ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხების განხილვაა დაგეგმილი.

აშშ-ში 192 931 486 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული

"აშშ-ში 192 931 486 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 425 272 828 დოზა გამოიყენა. უწყების ცნობით, 222 268 786-მა ადამიანმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო. ასევე, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით დაახლოებით 20.6 მილიონი ადამიანია აცრილი.

აშშ-ის პრეზიდენტი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ბაიდენის განცხადებით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად მცირეწლოვნების ვაქცინაცია აუცილებელია. როგორც აშშ-ის პირველი პირი აღნიშნავს, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. „ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება”, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.

პორტუგალიის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს

პორტუგალიის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პორტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მარსელო რებელო დე სოუზას საკონსულტაციო ორგანომ, სახელმწიფო საბჭომ ოთხშაბათს დაამტკიცა პრეზიდენტის წინადადება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. ადმინისტრაციის განმარტებით, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი არ დაამტკიცა. ადმინისტრაციის განცხადებაში, თუ როდის გაიმართება ვადამდელი არჩევნები აღნიშნული არ არის.

190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ  პირობა დადო, რომ ქვანახშირს აღარ გამოიყენებს

"გლაზგოში, მიმდინარე კლიმატის სამიტზე 190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ქვანახშირის გამოყენებას შეწყვეტს", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, დაასრულონ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციის განხორციელება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამასთან, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან უარის თქმის ვალდებულებას იღებენ, ქვანახშირის ძირითადი მომხმარებლები: პოლონეთი, ვიეტნამი და ჩილეც არიან, მაგრამ ქვანახშირზე დამოკიდებულმა მსოფლიოს ზოგიერთმა უდიდესმა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა

"ჩვენ ჩამოვედით. ისინი არ გამოცხადნენ. როგორ აკეთებთ ამას და მერე ლიდერობის მანტიაზე გაქვთ პრეტენზია?", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რითაც ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლას გამოეხმაურა. „ჩვენ ჩამოვედით. ისინი არ გამოცხადნენ. ეს გიგანტური საკითხია, მათ კი ამას უბრალოდ გვერდით ჩაუარეს. როგორ აკეთებთ ამას და მერე ლიდერობის მანტიაზე გაქვთ პრეტენზია?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.

ჩინეთში COVID19-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში COVID19-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ახალი შემთხვევებიდან 35 ქალაქ ხეიხეში დაფიქსირდა. ამასთან, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქებს შორის გადაადგილებისგან. ასევე, ქორწილებზე და მასობრივ შეკრებებზე უარი თქვან. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 97 423 შემთხვევაა გამოვლენილი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში PFIZER-ით აცრას მხარი დაუჭირა

"აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო „PFIZER“-ის ვაქცინის გამოყენებას 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მხარი დაუჭირა",- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ ასაკის ბავშვებში აცრა, შესაძლოა, ოთხშაბათიდან დაიწყოს. “ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს შვილების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით ახლა ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, ვაქცინა დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა მიიღოს,“- აღნიშნა როშელ ვალენსკიმ.

ქაბულში ორ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულში, სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის სამხედრო საავადმყოფოსთან მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 43 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქში დღეს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.

ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა

ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი აფეთქება 400-ადგილიანი საავადმყოფოს შესასვლელთან, ხოლო მეორე საავადმყოფოს მახლობლად მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული. ამასთან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.

შანხაის დისნეილენდში ერთ სტუმარს Covid-19 დაუდგინდა, რის გამოც 30 000 ვიზიტორი შენობაში ჩაკეტეს

"ჩინეთმა 30 000 ვიზიტორი ჩაკეტა შანხაის დისნეილენდში მას შემდეგ, რაც ერთ სტუმარს Covid-19 დაუდასტურდა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, კვირას შანხაის დისნეილენდში 30000-ზე მეტი ვიზიტორი პარკის კარიბჭესთან დარჩა და ადმინისტრაციამ მათ Covid-19-ის ტესტის ჩატარება მოსთხოვა. ამასთან, შანხაის დისნეილენდში ვიზიტორებს ახლა პირბადეების ტარება მოეთხოვებათ. პარკში შესვლამდე აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი და სოციალური დისტანციის დაცვა. დისნეილენდში სტუმრობის მსურველებმა ბილეთები ინტერნეტის საშუალებით უნდა შეიძინონ, რათა რიგებში მასობრივი თავშეყრა აიცილონ.

სომხეთში, პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, 310 629 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში, პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, 310 629 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 272 332 პაციენტი კი COVID19-ისგან გამოჯანმრთელდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 1232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 61 ადამიანი ემსხვერპლა.

სტამბოლი-ჰამბურგის რეისის შესრულების დროს კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ბორტზე  გარდაიცვალა

"ავიაკომპანია „პეგასუსის“ სტამბოლი-ჰამბურგის რეისის შესრულების დროს კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ბორტზე გარდაიცვალა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 51 წლის კაცი, რომელიც რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა, გერმანიის მოქალაქე იყო. პოლიციის ცნობით, მამაკაცი მარტო მგზავრობდა და ფანჯარასთან იჯდა, რის გამოც პირის გარდაცვალება დანარჩენმა მგზავრებმა ვერ გაიგეს. ამასთან, ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა.

მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა

მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე გლაზგოში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი. ამასთან, როგორც ცნობილია, დოკუმენტის ხელმომწერებს შორის იქნება ბრაზილია, სადაც ამაზონის ტროპიკული ტყის დიდი ტერიტორიები გაჩეხილია. შეთანხმება მოიცავს 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას. მიღწეულ შეთანხმებას ეკოლოგები და ეკოაქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2014 წელს დადებულ ანალოგიურ შეთანხმებას ტყის გაჩეხვის პროცესი არ შეუნელებია და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ვალდებულებების შესრულება. იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ტყეების გაჩეხვის შეჩერების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, მსოფლიოს ტყის მასივის დაახლოებით 85% მოდის. მათ შორის არიან კანადა, ბრაზილია, რუსეთი და ინდონეზია.

ნიგერიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი

"ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი, ხოლო დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანი", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობის ნანგრევებში მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები არიან მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტ მიმდინარეობს.

ჯო ბაიდენი: კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები

"კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებითან განაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები შეასრულებს თავის დაპირებას და 2030 წლის ბოლომდე სათბურის გაზების გამონაბოლქვს 50 %-ით შეამცირებს. „ჩემი ადმინისტრაცია გადაჭარბებით მუშაობს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ -კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება არის მოქმედება და არა სიტყვები,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

ისრაელმა ტურისტებისთვის საზღვრები დღეს პირველად გახსნა

ისრაელში შესვლა შეეძლება ყველა ტურისტს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნით ტურიზმის ინდუსტრია გამოცოცხლდება. ცნობისთვის, ოფიციალური თელ-ავივი გაზაფხულზე გეგმავდა ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაიდო ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.

ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, 24 წლის კაცმა ვაგონში სითხე დაასხა და ცეცხლი გააჩინა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელს „ბეტმენის“ კომიქსების და ფილმების სერიის პერსონაჟის, „ჯოკერის“ მსგავსად ეცვა.

ბრიტანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი მატარებელი გვირაბში არსებულ ობიექტს დაეჯახა, ხოლო მეორე მატარებელს აღნიშნული მატარებელის სიგნალის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სატრანსპორტო პოლიციის თანამაშრომლები არიან მობილიზებული.

საუდის არაბეთში ლიბანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს

საუდის არაბეთმა ლიბანის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებბ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, საუდის არაბეთში ლიბანის ელჩი დაიბარეს და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. ცნობისთვის, საუდის არაბეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ლიბანის ინფორმაციის მინისტრის ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები თავს იცავენ, ხოლო ომს იემენში უსარგებლოს უწოდებს. გარდა ამისა, მან იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩართვას აგრესია უწოდა.