უცხოეთი

ნიგერიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი

"ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი, ხოლო დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანი", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობის ნანგრევებში მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები არიან მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტ მიმდინარეობს.

ჯო ბაიდენი: კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები

"კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებითან განაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები შეასრულებს თავის დაპირებას და 2030 წლის ბოლომდე სათბურის გაზების გამონაბოლქვს 50 %-ით შეამცირებს. „ჩემი ადმინისტრაცია გადაჭარბებით მუშაობს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ -კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება არის მოქმედება და არა სიტყვები,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

ისრაელმა ტურისტებისთვის საზღვრები დღეს პირველად გახსნა

ისრაელში შესვლა შეეძლება ყველა ტურისტს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნით ტურიზმის ინდუსტრია გამოცოცხლდება. ცნობისთვის, ოფიციალური თელ-ავივი გაზაფხულზე გეგმავდა ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაიდო ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.

ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, 24 წლის კაცმა ვაგონში სითხე დაასხა და ცეცხლი გააჩინა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელს „ბეტმენის“ კომიქსების და ფილმების სერიის პერსონაჟის, „ჯოკერის“ მსგავსად ეცვა.

ბრიტანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი მატარებელი გვირაბში არსებულ ობიექტს დაეჯახა, ხოლო მეორე მატარებელს აღნიშნული მატარებელის სიგნალის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სატრანსპორტო პოლიციის თანამაშრომლები არიან მობილიზებული.

საუდის არაბეთში ლიბანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს

საუდის არაბეთმა ლიბანის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებბ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, საუდის არაბეთში ლიბანის ელჩი დაიბარეს და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. ცნობისთვის, საუდის არაბეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ლიბანის ინფორმაციის მინისტრის ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები თავს იცავენ, ხოლო ომს იემენში უსარგებლოს უწოდებს. გარდა ამისა, მან იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩართვას აგრესია უწოდა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

„ფაიზერის“ ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის 10-მიკროგრამიანი დოზა დაუშვა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება. „ფაიზერის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი წარმოების ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 90,7-პროცენტიან ეფექტურობას იძლევა. როგორც ცნობილია, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვაქცინების მიწოდებას შაბათიდან დაიწყებენ და ის აშშ-ში მცხოვრები 28 მილიონი შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიის ჩამონათვალს 4 ქვეყანა დაუმატა

ევროკავშირის საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიის ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული არგენტინა, კოლუმბია, ნამიბია და პერუ დაუმატა. ამასთან, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: არგენტინა, კოლუმბია, პერუ, ნამიბია, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, იორდანია, ქუვეითი, ახალი ზელანდია, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველ ორ კვირაში ხდება.

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ევროკავშირის ელექტრონული სისტემის ნაწილია. "ამიერიდან ამ ქვეყნის წარმომადგენლებს მოგზაურობისას შეეძლებათ სერტიფიკატების წარდგენა. სერტიფიკატი ისეთ მონაცემებს აჩვენებს, როგორიცაა ვაქცინაციის სტატუსი, ნეგატიური ტესტის პასუხი ან/და უახლოეს წარსულში ვირუსისგან გამოჯანმრთელება. მანამდე, 16 სექტემბერს ევროკავშირმა აღიარა სხვა ქვეყნების კოვიდ სერტიფიკატები: ალბანეთი; ფარერის კუნძულები; ისრაელი; მოროკო; ჩრდილოეთი მაკედონია; პანამა; თურქეთი და უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოც შეუერთდება აღნიშნული ქვეყნების რიცხვს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საფრანგეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს სურთ, საფრანგეთის ელჩს გაესაუბრონ. დიპლომატის დაბარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საფრანგეთმა ბრიტანული თევზმჭერი გემი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. „მე დავავალე მინისტრს ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში, ვენდი მორტონს, რომ მოლაპარაკებისთვის გამოიძახოს საფრანგეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რადგან განმარტოს გაერთიანებული სამეფოსა და არხის კუნძულების წინააღმდეგ იმედგამაცრუებელი და არაპროპორციული მუქარის შესახებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა. ამასთან, საფრანგეთში ამტკიცებენ, რომ ლონდონმა ფრანგი მეთევზეების ნახევარს თევზჭერის უფლება არ მისცა და ლიცენზია გაუუქმა. ამის გამო პარიზი ლონდონს „ბრექსიტის გარიგების“ დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ფრანგ მეთევზეებს უნდა ჰქონოდათ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ისინი ლონდონისგან ლიცენზიას მიიღებდნენ.

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, COVID 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 223 მილიონს აჭარბებს. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

მედია: ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტა Agni-V გამოსცადა

"ინდოეთმა „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის ბალისტიკური რაკეტა Agni-V გამოსცადა", - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს რაკეტის პირველი ოპერატიული გამოცდაა. „Agni-V-ს წარმატებული გამოცდა შეესაბამება ინდოეთის გაცხადებულ პოლიტიკას ბირთვული შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც პირველ რიგში, ეფუძნება ვალდებულებას, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი“, - ვკითხულობთ ინდოეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

შერიფი: იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო

"იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო", - ამის შესახებ სანტა ფეს ოლქის შერიფმა ადან მენდოზამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შერიფმა ადან მენდოზამ აღნიშნა, გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების მიმართ თვითკმაყოფილი დამოკიდებულება ჰქონდათ. როგორც Reuters-ი წერს, იარაღმა 2 ადამიანის ხელში გაიარა მანამ, სანამ ალეკ ბოლდუინს გადასცემდნენ. "მესაჭურვლე ჰანა გუტიერესის, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და რეჟისორის ასისტენტ დეივ ჰოლსის, რომელმაც იარაღი ბოლდუინს გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, დაიჭრა ფილმის რეჟისორი, რომელიც უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. „სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის Twitter-ზე გათანვსებულ განცხადებაში.

სენატორი ჯინ შაჰინი: რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებია

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ამის შესახებ შაჰინიმ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. "მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან", - განაცხადა სენატორმა. როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა. მისივე თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად. „რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, - განაცხადა შაჰინმა.

მედია: რუსეთის მუზეუმ „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო

რუსეთის მუზეუმ „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო. მუზეუმის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ ქალაქის მიერ შეთავაზებულ ფართობზე. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა ToT-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი წმინდად კომერციული ხასიათისაა და უსარგებლოა ქალაქისა და კულტურის განვითარებისთვის. "ერმიტაჟის" ფილიალის გახსნის თაობაზე კატალონიის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჯერ კიდევ 2012 წელს მიაღწიეს. მაგრამ ბარსელონის მერიამ 9 წლის განმავლობაში არ გასცა მშენებლობის უფლება. ვარაუდობდნენ, რომ რუსული მუზეუმისთვის ახალი შენობა აიგებოდა 16,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, საიდანაც საგამოფენო ფართობი 4 ათას კვადრატულ მეტრამდე იქნებოდა. ხოლო დანარჩენი ფართობი რესტორნებსა და კაფეებს უნდა დათმობოდა.

მედია: კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას 2025 წლამდე ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას 2025 წლამდე ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, გასული საუკუნის 1990-იან წლებზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის მომზადებულიყვნენ. ამასთან, „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღსაკვეთად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა. ჩრდილოეთ კორეაში ყოველდღიურ საქონელზე ფასები რეკორდულად იზრდება და მოთხოვნამ მიწოდებას უკვე გადააჭარბა.

რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი: ვაქცინის პირველი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 67.8%-ია აცრილი

რუსეთში, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 67.8%-ია აცრილი, - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში "კოლექტიური იმუნიტეტის" მაჩვენებელი 45.7%-ია. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 80%-ის აიცრაა საჭირო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას აანონსებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ოფიციალურად შეხვდება. თურქეთის პირველი პირის თქმით, დღის წესრიგის მთავარი საკითხი F-35 ტიპის გამანადგურებლების საკითხი იქნება. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ამერიკელ კოლეგას გლაზგოში, შოტლანდიაში შეხვდება, სადაც COP26 კლიმატის სამიტია დაგეგმილი.

EPP საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანონ. ამის შესახებ პარტია Twitter-ზე წერს. ევროპის სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაშფოთებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში. თუ ამას არ გააკეთებთ, მთავრობამ მისი ჯანმრთელობის ნებისმიერი სახის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას იღებთ", - წერს EPP.

თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა

Bloomberg-ის განცხადებით, თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა, ხოლო ახალგაზრდა მომხმარებლები სოციალურ ქსელში 5%-ით ნაკლებ დროს ატარებს. ამასთან, Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა კომპანიის საიდუმლო დოკუმენტები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებში სოციალური ქსელის პოპულარობა თანდათან კარგავს. "ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში; შემცირებულია თინეიჯერების Facebook-ზე რეგისტრაციის მაჩვენებელი; ახალგაზრდა მომხმარებლები შედარებით იშვიათად პოსტავენ და აზიარებენ სიახლეებს, ვიდრე 30 წელს გადაცილებული პირები", - ვკითხულობთ დოკუმენტებში. The Verge-ის ცნობით, Facebook-ი კომპანიის რებრენდინგსა და ყველასათვის კარგად ცნობილი სახელის შეცვლას გეგმავს. Verge-ის მტკიცებით, ტექნოლოგიური გიგანტის რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავრესს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის სიტყვებიც. "ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავრესულ კომპანიად გარდავისახოთ", - განაცხადა ცუკერბერგმა. ცნობისთვის, მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა.