ანალიტიკა

რან გიდორი: ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის

„ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის და ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს“. „ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან“. ამ საკითხებზე Europetime-თან ინტერვიუში საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი საუბრობს. დიპლომატმა ასევე უპასუხა Europetime-ის შეკითხვებს საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მხარდაჭერაზე. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს“. ელჩის განცხადებით, პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის“. _გაერო ახლო აღმოსავლეთში „სრულმასშტაბიანი ომის“ საშიშროებაზე მიუთითებს. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან „ჰამასზე“ ზეწოლის აუცილებლობაზე მიუთითეთ, კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატოს ეს აქტიურობა? „ჰამასმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში „ნულოვანი ტოლერანტობა“ არსებობს ტერორიზმის, მშვიდობიანი მოსახლეობის ხელაღებით დაბომბვისა და ძალადობის მიმართ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოძალადე ქვეყნის (მაგალითად, ირანი), რომელიც განაგრძობს „ჰამასის“ მხარდაჭერას (რომელიც აშშ - ში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიაში ოფიციალურად მოიხსენიება როგორც „ტერორისტული ორგანიზაცია“), ამ არჩევანს მათთვის მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს. _საერთაშორისო ლიდერები დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და შესაბამისი მოწოდებებით გამოდიან, როგორ ხედავთ გზებს და ნაბიჯებს დეესკალაციისკენ? ბუნებრივია, ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის. ორივე მხარეს, მშვიდობიან მოსახლეობას მშვიდობა სურს. ამასთან, ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს. ეს კონფლიქტი ისრაელს არ დაუწყია. პირიქით, გაკვირვებულია მის ტერიტორიაზე რაკეტების მოულოდნელი და არაპროვოცირებული გაშვებით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასს“ აღარასდროს ექნება ასეთი კატასტროფული თავდასხმების ცდუნება. სხვაგვარად, ძალადობის დაუსრულებელი ციკლის შემთხვევაში, განწირულები ვართ. _რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, თანამშრომლობის სფეროები მოიცავს რეგულარულ ორმხრივ და მრავალმხრივ პოლიტიკურ დიალოგს, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას, შექმნილია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები, როგორ შეაფასებთ ამ ურთიერთობებს და რას მიიჩნევთ მთავარ პრიორიტეტად საქართველოსთან ამ ურთიერთობებში? ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან. ამასთან, ჩემი აზრით, ძირითადი ყურადღება ეთმობა ჩვენს ბრწყინვალე 26 საუკუნოვან წარსულ, თანაარსებობის ისტორიას და კარგი იქნება, უფრო მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული, რომ ახალი ბიძგი მიეცეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. დიალოგები, მეგობრობის ჯგუფები და ორმხრივი ვიზიტები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ პრაქტიკულ შედეგებამდე მიყვანა სჭირდებათ. ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო და სამრეწველო ერთობლივი საწარმოების შექმნას. გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო. _ისრაელი ვაქცინაციის კუთხით წამყვანი ქვეყანაა, გამოცდილების გაზიარების კუთხით ხომ არ იგეგმება დამატებით რაიმე პროგრამის/პროექტის განხორციელება. ვიცით, რომ ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა დაეხმარონ საქართველოს COVID19-თან ბრძოლის პროცესში. პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ NCDC (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) საქართველოს ოფისს. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საზოგადოების ჯანდაცვის წამყვანი ქართველი ექსპერტები, რათ მონაწილეობა მიეღოთ MASHAV– ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმში, რაც ყოველკვირეულად, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. დამატებით, MASHAV– მა (რომელიც საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს) ამ დროისთვის, 1500 - ზე მეტი ქართველის პროფესიულად გადამზადება უზრუნველყო, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, მეწარმეობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში.

როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას

2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას გეგმავს. განაცხადის თარიღთან დაკავშირებით მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ზოგი, ეკონომიკური განვითარების დონის და კონფლიქტური რეგიონების ფაქტორების გამო სკეპტიციზმით ხვდება, თუმცა მათი ნაწილი ასევე იხსენებს კვიპროსის მაგალითს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი არსებობს, თუმცა მთავარ გამოწვევად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება რჩება, რაც ევროკავშირისთვის დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ძალზედ მნიშვნელოვანია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას ქართველი ექსპერტები Europetime-თან საუბარში აფასებენ. საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი იდეის განხორციელება ქვეყნისთვის აუცილებელია. მისი თქმით, კუბილიუსის ასეთ კარგ მოსაზრებას მთავრობის მხრიდან სწორი შეფასება და სწორი ქმედებები სჭირდება. „კუბილიუსის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირი, ევროპარლამენტარები, ზოგადად ევროსტრუქტურები მზად არინ, სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარონ. ევროკავშირი დიდი ყურადღებას აქცევს, როგორ თანამშრომლობენ ასოცირებული ქვეყნები ერთმანეთთან; როგორ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას; როგორ ეხმარებიან ერთმანეთს, გადალახონ ესა თუ ის სირთულეები. ამ დროს, თავად ევროკავშირისთვის გაცილებით ადვილი ხდება ახალი პროგრამების, ახალი დაფინანსების გახსნა. ვიტყოდი, რომ ასეთი ინიციატივის განხორციელება აუცილებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. ევროკავშირს აქვს პრინციპი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დროს თავიდანვე იყო გაცხადებული, ეს არის მიდგომა „მეტი მეტისათვის“, მაგრამ თითოეულ ქვეყანასთან წინსვლა იმ წარმატებების მიხედვით, იმ კონკრეტული საშინაო დავალებების შესრულების მიხედვით განისაზღვრება, რაც მათ აქვთ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკის შემუშავებაზე, რაღაც ახალი ინიციატივის შემუშავებაზე და ა.შ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთ თანადგომას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მიმართულებით, დასავლური ინტეგრაცია, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. ყველა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობის ფაქტორის ჩანაცვლება არაფერს შეუძლია. არც არის საჭირო, რომ რამემ ჩაანაცვლოს, ჩვენი ასოცირების დღის წესრიგი ჩვენი ასოცირების დღის წესრიგია, მგრამ ამასთან ერთად, მრავალმხრივი ფორმატის გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირის მიმართულებით ქვეყნის წინსვლას. მთელი აქცენტის ანალიტიკურ ცენტრზე გადატანა არ იქნება მართებული იმიტომ, რომ ანალიტიკურ ცენტრს თავისი ფუნქცია აქვს და თითოეული ამ ქვეყნის წინაშე არსებული საშინაო დავალებები კიდევ ცალკე შესასრულებელია, თუმცა ასეთი ანალიტიკური ცენტრი ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად დაეხმარება. რაც მთავარია, დაეხმარება იმ სტრატეგიულ კომუნიკაციაში, რომელიც საჭიროა, არამხოლოდ ბრიუსელთან, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებთანაც. ასე რომ, თუ კი ეს ინიციატივა განხორციელდება, მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი კუბილიუსის განცხადებას მიესალმება და დასძენს, რომ იდეის განხორციელება ბრიუსელში, სხვადასხვა ფორმით, სამი ქვეყნის საელჩოების კოორდინაციით შეიძლება. „მაგალითად, აუცილებელი არ არის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ბრიუსელში საკოორდინაციოდ რაიმე ცენტრი ჰქონდეთ. სამივე ქვეყანას აქვს წარმომადგენლობა ევროკავშირში და მათ შეუძლიათ, სრული კოორდინაციისთვის, ურთიერთობის გარკვეული მექანიზმი ჩამოაყალიბონ. ისინი წარმოადგენენ თავის ქვეყნებს, თავის საგარეო საქმეთა სამინისტროებს და შეიძლებოდა მათი გაძლიერება დამატებითი, ერთი ან ორი შტატით, რომლებიც მხოლოდ ამ საკითხებზე იმუშავებდნენ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე, საერთო სტრატეგიაზე, ერთობლივ განცხადებებსა და ერთობლივ ლობირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამისთვის ცალკე ცენტრის ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ეს შეიძლება საელჩოების კოორდინაციის დონეზე გაკეთდეს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. მისივე თქმით, პანდემიამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის დონეზე, უკრაინის და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად, ექვსთა პლატფორმამ თანამშრომლობასა და ერთობლივ კოორდინაციაზე მოაწერა ხელი. „მე ვიყავი ამის ინიციატორი. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ თითოეული ქვეყნის არასამთავრობო სექტორი აქტიურად იმუშავებდა საკუთარი ქვეყნის მთავრობასთან, ამ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაძლიერების საკითხზე ევროინტეგრაციის მიმართულებით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, ეს დეკლარაცია უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობით გაფორმდა. სწორედ უკრაინის ვიცე-პრემიერის ინიციატივა იყო ერთობლივი დეკლარაცია. დაიწყეს კიდეც ერთობლივი საუბრები. უკრაინის მთავრობას მართლაც ჰქონდა ასეთი აქტივობები, ჩვენი მთავრობა, სამმხრივი ფორმატის განვითარების მიმართულებით ცოტა თავს იკავებდა. ახლა ალბათ უკვე აღარ შეიკავებს თავს. წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნად საქართველო მიიჩნეოდა, მაგრამ უკრაინა ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება, ვიდრე საქართველო. რაც არ უნდა სირთულეები ჰქონდეთ უკრაინას და მოლდოვას, გეოგრაფიულად არიან „მიწეპებული“ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ახლა იქ უფრო მარტივია ევროკავშირთან ინტეგრირება. ამიტომ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ავაწყოთ და ერთად ვიაროთ ევროკავშირის მიმართულებით. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ მათ ვერანაირად ვერ გადავასწრებთ, რადგან 2000 კილომეტრით ვართ დაშორებული ევროკავშირის უახლოეს ქვეყანასთან“, - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში კახა გოგოლაშვილი. განსხვავებული მოსაზრება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს თორნიკე შარაშენიძეს. როგორც Europetime-ს შარაშენიძემ განუცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად განხილვამ, შესაძლოა, საქართველო უფრო დააზარალოს. „მსგავს ინიციატივებს ერთი მხრივ კარგად ვუყურებ, თუ იქნება ერთიანი ძალისხმევა და გამოცდილების გაზიარება. მეორე მხრივ, ეს ჩვენთვის შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, რაც ადრე უკვე მოხდა. ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო ჯამში საქართველო რეალურად უფრო შემდგარი სახელმწიფოა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა არის ძალიან ღარიბი სახელმწიფო, ძალიან სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტებით. ეს ქვეყანა კიდევ უარეს დღეში იქნებოდა, რომ არა რუმინეთის ფაქტორი. უკრაინა კი ძალიან დიდი ქვეყანაა, კორუფციის მაღალი დონით. NATO-ს მაგალითზე ვიტყვი. როდესაც საქართველო უკრაინას „მიაბეს“ NATO-ში ინტეგრაციის პროცესის დროს, საბოლოო ჯამში ამან ჩვენ დაგვაზარალა. ბუქარესტის სამიტზე მარტო საქართველოს საკითხი რომ განხილულიყო, შეიძლება MAP-ი მიგვეღო, მაგრამ უკრაინაც რომ „მოგვაწეპეს“, ამან რუსეთი უფრო გააგიჟა. საბოლოოდ, ვერცერთმა ვერ მივიღეთ MAP-ი და ორივე უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 2008 წლამდე ვიყავით. გასაგებია რომ NATO-ს სჭირდება უკრაინაც, მაგრამ რუსეთი უფრო მეტად გააგიჟა ამან. რაც შეეხება კუბილიუსის მოსაზრებას, სამწუხაროდ, ეს ასე მარტივი არ არის. ამას გააზრება სჭირდება. კარგი გავერთიანდით. მერე რას ვშვრებით? პასუხი შეიძლება არ იყოს ამაზე მარტივი”, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. „კარგი იქნება თუ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში საკუთარ ელჩებს კუბილიუსთან შეხვედრას და ამ ინიციატივის განხილვას დაავალებენ“, - აცხადებს Europetime-თან საუბრისას უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, მთავრობის აქტიურობის გარეშე, მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, საკუთარი ძალებით მსგავს ანალიტიკურ ცენტრს ვერ შექმნის, მიუხედავად ამ სექტორში არსებული დიდი ინტელექტუალური რესურისა. „საერთოდ ნებისმიერ წინადადებას, რომლითაც ბატონი კუბილიუსი გამოდის, ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენ და პატივს ვცემ, რადგან ეს არის ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა და ახლა ევროპარლამენტში არის ძალიან აქტიური, ასევე ჩვენი ერთ-ერთი გულწრფელი მეგობარი. ეს არის ძალიან კარგი წინადადება. სამივე ქვეყნას საელჩოები გვყავს ბრიუსელში. იქ ჩვენმა წარმომადგენლებმა უნდა გაზარდონ ურთიერთქმედების ხარისხი და უფრო ეფექტურად იმუშაონ სამ ხმაში. ამ ინიციატივის საპასუხოდ, როგორც მინიმუმ, სამი ქვეყნის დედაქალაქმა საკუთარ ელჩებს ბატონ კუბილიუსთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ინსტრუქცია უნდა მისცენ, დაელაპარაკონ და გარკვეული მოქმედების გეგმა შეათანხმონ, სად უნდა მივიდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა თანმიმდევრობით გამართონ შეხვედრები, სადილებზე დაპატიჟონ ხალხი და ა.შ. ეს უკვე ექნებოდა საკმაოდ ეფექტური შედეგების მომტანი. წინადადება თავისთავად კარგია, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ ის დაემყარება სისტემურ მიდგომას და პოლიტიკას ამ სამმხრივ ფორმატში, რომელსაც მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ“, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროპარლამენტში, ან ევროპულ ფონდში იგივე ბატონი კუბილიუსის მხარდაჭერით, ერთი ოთახი მაინც რომ გამოიყოს ანალიტიკური ცენტრისთვის. „სამი ადამიანია საჭირო, რომ ერთ ხმაში სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპულ სტრუქტურებთან ისაუბრონ, ყოველდღე კარზე აკაკუნონ, ხალხი შეაწუხონ. ამას ექნება მართლაც სერიოზული ეფექტი, რომელიც სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. ამით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რითაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვინაიდან ვართ ასოცირების პროცესის მონაწილე ქვეყნები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებს ვამყარებთ ევროპულ ტრადიციებზე, პრინციპებზე, კრიტერიუმებსა და პრაქტიკაზე. მაგრამ ეს მარტო საუბარი არ უნდა იყოს. ევროკავშირის წარმომადგენლები, აქ ბატონი ჰარცელი, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის ელჩები, აკვირდებიან თუნდაც ორმხრივ ურთიერთობებს, აგერ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები სახეზეა, სირთულეების გადალახვა მოგვიწია. ელჩი არ გვყავდა კიევში. საქართველო მოლდოვას აქტიურობა მაინცდამაინც არ ჩანს. ვიზიტები არ ხორციელდება, ნაკლები კომუნიკაციაა. მოლდოვაში არჩევნებია კარზე მომდგარი, თავისი პოლიტიკური სირთულეები აქვთ. საქართველო იმყოფება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჯერ არ ვიცით, კრიზისიდან ბოლომდე გამოსვლა შესაძლებელია თუ არა. უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიის პირისპირ იმყოფება. ჯერ ვერ ვხედავ რომ ამისთვის ჩვენი მთავრობები მოიცლიან. არადა ფაქტია, რომ ანდრიუს კუბილიუსის წინადადება, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა. ცნობისათვის, Europetime-თან ინტერვიუში, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. როგორც აფასებენ ამ იდეას ექსპერტები და ევროდეპუტატები , ასევე იხილეთ ბმულზე - რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე აბლი-ბაბლი Bubble ინგლისურად ჰაერის ბუშტუკებს ნიშნავს, მდუღარე წყალში რომ ფათიფუთობს... აბლი, ბაბლი, აბლი, ბაბლი... როდისმე დაფიქრებულხართ, რას ნიშნავს ბაბლი ქართულად? თურმე ნუ იტყვით და, ბაბლი ქართლ-კახურ დიალექტში იმ პაწია სამკუთხედ ჭრელა-ჭრულა ნაჭრებს ნიშნავს, რომლისგანაც საბანი იკერებოდა... დღეს, ინფორმაციულ საზოგადოებაში, სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ტერმინს „ბაბლების საზოგადოება“. გინდაც კახურად ვთქვათ და გინდაც ინგლისურად, საზოგადოება ჭრელი საბანია, და ჩვენ მისი პაწია ნაკუწი, სხვა ნაკუწების გარეშე რომ არავის ვჭირდებით... საზოგადოება მოთუხთუხე ქვაბია და ჩვენ ჰაერის ბუშტუკი, ქვაბს რომ ვათუხთუხებთ საკუთარ „ღირებულებით ბუშტში“ გამომწყვდეული... საბჭოთა ტოტალიტარიზმის შვილებს, გვენატრებოდა თავისუფალი სიტყვა და გვაწუხებდა ცენზურაგამოვლილი ინფორმაციის სიმწირე. საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნგრევა ციფრული რევოლუციის ხანას დაემთხვა, და უწინ სანატრელი ინფორმაცია ისე გამრავლდა, ისე აჭრელდა, ნიაღვარივით წაგვლეკა და გული გაგვიხეთქა. რომელი ვიყავით ამისთვის მზად? - ალბათ არც ერთი. ჩვენივე ნებით, ბაბლები ავაგეთ და მასში ჩავსკუპდით. კომფორტულია ბაბლში ჯდომა - შემოიკრიბავ თანამოაზრეებს და ისიამოვნებ მარტივი სოციალიზაციით; ბაბლი მტკიცე ფარია - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის ბაბლის წესია სხვა ბაბლებისგან თავდასაცავად... ბაბლი „სამხედრო ერთეულია“ - საერთო იდეა, მტკიცე წესები და უპირობო ერთგულება... ტოტალიტარიზმი დაქუცმაცდა და ბაბლების მინი-ტოტალიტარიზმის შენებას ყველანი ხალისით შევუდექით. გონებაში აშენებული ბარიერები რეალურ ცხოვრებაშიც გადმოცოცდა ნელი-ნელ და უხილავი კედლებით დაგვყო ადამიანები. რამდენ დღეს გაძლებთ სმარტფონის სქროლვის გარეშე? სოც-მედიის მეგობრებთან, რომელთაც არც კი იცნობთ, რამდენი გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად, ვიდრე რეალურ ადამიანებთან, ვისთანაც ბევრი აღარაფერი გაკავშირებთ? ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა უეინ ქოინმა, არც მეტი, არც ნაკლები, ქორწილის თემატიკად ბაბლი შეარჩია - ცერემონიის დროს ნეფე-პატარძალი ელვა-შესაკრავიან გასაბერ ბუშტში ჩასკუპდა ტორტის მოსართავი თოჯინებივით. პანდემიის პირობებში მისი იდეა კრეატიულის გარდა სასარგებლო და მომგებიანიც აღმოჩნდა. კონცერტების აკრძალვის შემდგომ, ქოინის ჯგუფმა (The Flaming Lips) კონცერტი უსაფრთხოდ ჩაატარა - მუსიკოსები, მოცეკვავეები და მაყურებლები გასაბერ ბუშტებში ჩასვა. შოუ ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდა და ჩემთვის საკრალურიც - უხილავი ბაბლების გამაოგნებელი ფერადი ვიზუალიზაცია... ბაბლებს არ უყვართ დიალოგი და სტუმარ-მასპინძლობა, აქ არ არსებობს ზავი და კონსენსუსი - მხოლოდ ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. „ბაბლების დიალოგი“ - კარგად ჟღერს არა? „სტუმრად სხვის ბაბლში“ - ეს როგორ მოგწონთ? გარეთ პანდემია მძვინვარებს და სახლის ოთხ კედელში, გაჯეტების ცისფერ ეკრანთან გამაგრებულებს სხვა რა დაგვრჩენია - ვისიამოვნოთ მივლა-მოსვლით თუ სქრინვა-სქროლვით. ყოველ კვირა დღეს მე ჩემსას ვიტყვი, თქვენ „დასინავთ“... ფინჯანი ყავის და ნატეხი შაქრის ნაცვლად ნატეხ იდეებს შემოგთავაზებთ რომელიც ტკბილიც კი არ მოგეჩვენებათ. ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით და ვერც ერთმანეთს შევიყვარებთ, მაგრამ ტოლერანტობა ურთიერთსიყვარულს არ ნიშნავს, ის მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარია იმ საზოგადოებაში, სადაც ბუნების ძალამ ერთად ცხოვრება დაგვიკანონა. მე მაქვს უფლება დავრჩე ჩემს ბაბლში და ვირტუალურად გაგაცნოთ ჩემი ვირტუალური ოდაბადე. ასეთია ჩემი „ბაბლური კონსტიტუცია“. *** დღეს ჩემს ბაბლში ევროპის დღეა, იმ ევროპის, რომელმაც თავის თავში დაამარცხა ნაციზმი, ფაშიზმი და ისტორიული მტრების მშვიდობიანი თანაარსებობა რეალობად აქცია, იმ ევროპის, რომლისკენაც მივიწევთ, რათა ჩვენც გავხდეთ მშვიდობის ნაწილი და ჩვენც ვისწავლოთ, როგორ დავამარცხოთ საკუთარ თავში საბჭოთა ტოტალიტარიზმი. ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო, იმიტომ რომ ომი 8 მაისს დასრულდა. ძველ ქართულ ფილმებში ალაგ-ალაგ შემორჩენილია როგორ გვამცნობს რადიოს ხმა ომის 8 მაისს დასრულებას. ომის შედეგები მძიმე იყო, იმდენად მძიმე, რომ მისი ზარზეიმით აღნიშვნა არ მომხდარა. 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული წლების შემდეგ დამკვიდრდა, როგორც ცივი ომის პროპაგანდის დიდი ნაბიჯი - საერთაშორისო პარტნიორების შეცვლის კვალდაკვალ შეიცვალა თარიღი, ტერმინი და ომის რიტორიკა. ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლა დიდი ტრაგედიაა საქართველოს ისტორიაში. ქართულმა საზოგადოებამ პროცენტულად იმაზე მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე სხვა დიდმა სახელმწიფოებმა. ეს ამბავი დასაწერი და მოსაყოლია, ეს ამბავი უნდა მოვუყვეთ იმ ევროპულ საზოგადოებას, რომლის წევრობასაც ვაპირებთ. ქართველთა ნაწილი მეორე მხარეს იბრძოდა, ქართული ლეგიონებით და დამოუკიდებელი საქართველოს ატრიბუტიკით. ეს ამბავიც მოსაყოლი და დასაწერია, ეს ამბავი უნდა მოვუყვეთ ქართულ საზოგადოებას. ხვიჩას და გოჩას დიდი ტრაგედია დამოუკიდებლობის არ ქონის ფასია. *** ალბათ მკითხავთ, როგორ შედგება „ბაბლური დიალოგი“, თუ ვერ ვთანხმდებით იდეებზე, თარიღებზე, შავსა და თეთრზე... ვცადოთ ვიპოვოთ „ტკბილი ნატეხი“, რომელიც გაგვაერთიანებს და არ დაგვაპირისპირებს მიუხედავად ჩვენი „ბაბლური იდეოლოგიებისა“. დღეისთვის ამ „ნატეხად“ ფილმი შევარჩიე - რეზო და ლევან გაბრიაძეების დოკუმენტური ანიმაციური ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ - ფრონტის ზურგში ცხოვრების ნამდვილი, შეულამაზებელი სევდიანი ქართული ამბავი გაბრიაძისეული ტკბილი იუმორით. ფილმი, რომელმაც მრავალი პრიზი მიიღო, „ოსკარის“ სიაში მოხვდა და „ნეთფლიქსზე“ აღმოჩნდა. ერთად ვუყუროთ და ვიამაყოთ თანამედროვე ქართული კულტურით.

რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

როგორც უკვე გაცხადებულია, საქართველო 2024 წელს გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას. მანამდე კი, ცხადია ქვეყანას დიდი ძალისხმევის და სამუშაოს გაწევა მოუწევს. შიდა პოლიტიკურმა კრიზისებმა, რომლებიც ევროკავშირის და უშუალოდ შარლ მიშელის მედიაციით გადაიჭრა, გარკვეულწილად მაინც დატოვა მოზომილი სიფრთხილე და სკეპტიციზმი ევროკავშირში საქართველოს მიმართ. აკი ერთხმად აღნიშნავდნენ ევროდეპუტატები, რომ სასწორზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იდო. ისედაც ფრთხილ და ახლა უკვე პანდემიის გამო საკუთარ პრობლემებში ჩაძირულ ევროპას ნამდვილად მყარი არგუმენტი სჭირდება მისი საზღვრების გასაფართოებლად. ცხადია, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეები უმთავრესია, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე, არჩევანის თავისუფლება, პლურალიზმი, ეს მაინც ის ქვაკუთხედი და კრიტერიუმია, რომლებზეც დემოკრატიული ქვეყნები არასდროს დახუჭავენ თვალს... რუსეთის მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ გარემოში, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ალიანსებს. სწორედ ასეთი ინიციატივით გამოდიან ევროპარლამენტარები და ექსპერტები, ისინი საქართველოს მოუწოდებენ, გააქტიურონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ამ მხრივ ერთ-ერთ იდეად სახელდება ანალიტიკური/კვლევითი ორგანიზაციის შექმნა ბრიუსელში, ასევე საქართველოს ინსტიტუციური ჩართვა ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაში, Conference on the Future of Europe. საქართველოს საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა ევროდეპუტატმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. იმისათვის, რომ ამ სამმა ქვეყანამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება, ერთ-ერთ იდეად შესაძლოა, განხილული იყოს ერთგვარი ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმის შექმნა, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს დაუჭერს მხარს. „ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ დაამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა“, - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი. ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას. თეონა ლავრელაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი). ხოლო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება „ევროპა მსოფლიოში“ ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი ასევე მიესალმება აზრს, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და დააფიქსირებს საკუთარ ხედვას ევროგაერთიანების მომავლის შესახებ. მისი შეხედულებით, ეს ინიციატივა არამხოლოდ სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი საქართველოს იმიჯისთვის ევროპის დონეზე¸ არამედ არის აგრეთვე შინაარსობრივად საინტერესო საქართველოს და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებების შექმნის და განვითარების პროცესში.

ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ ერთიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. შიდა პოლიტიკურ კრიზისზე, ევროკავშირის ჩართულობაზე, რუსეთზე, და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime ანდრიუს კუბილიუსს ესაუბრა. _შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროკავშირის დიდი ძალისხმევით და მედიაციით, ამ ეტაპისთვის ასე ვთქვათ დაიძლია, რა იქნება ის მომდევნო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკური ალიანსისკენ უფრო დამაჯერებელს გახდის? ეს არის ზუსტად ის, რატომაც ძალიან ვწუხდით ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა არამხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ მანამდეც. ამიტომაც, ჩავერთეთ და მეც პირადად ინტენსიურად ვიყავი ჩართული კრიზისის გადაჭრის ძალისხმევაში. ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ კრიზისი შეძლებისდაგვარად დასრულდა. ასევე ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირმა და პირადად შარლ მიშელმა ამ კრიზისის გადასაჭრელად ლიდერობა იტვირთეს. ეს კარგი მაგალითია, თუ რამდენად შეუძლია ევროკავშირს, იყოს ეფექტიანი ასეთი სახით გამოწვევებთან და პრობლემებთან ბრძოლაში. ასეთი პრობლემები მხოლოდ საქართველოში არ არის, მაგალითად მოლდოვაში, ბელარუსში უამრავი პრობლემაა. შესაძლოა, ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, დაეხმაროს მას, სხვაგანაც იპოვოს გამოსავალი კრიზისის გადასაჭრის დროს. რატომ იყო ეს კრიზისი ცუდი საქართველოსთვის... ჩვენი გადმოსახედიდან, არამარტო შიდა საკითხები...საქართველო გარკვეულწილად საჭირო მომენტს უშვებდა ხელიდან ამ კრიზისის დროს, თუმცა ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნამდვილად მოწინავე პოზიციაზეა ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით და ჩვენ ვთხოვეთ ცნობილ think-thank-ს (CEPS) ბრიუსელში, რომ გარკვეულწილად, ანალიზი გაეკეთებინათ. მათ ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლევა. შედეგად, დასავლეთ ბალკანეთის და ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან შედარების შემდეგ, საქართველო ორივე რეგიონში ლიდერი აღმოჩნდა. საქართველო ნამდვილად ლიდერებს შორისაა, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ ევროპარლამენტში, ევროპულ ინსტიტუტებში განვიხილოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რეფორმის საკითხი, რომ ევროკავშირს ისეთივე პოლიტიკა ჰქონდეს, როგორიც აქვს მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისადმი და შესაძლებელია, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უფრო პრაქტიკული ინტეგრაციის გზა შევთავაზოთ. შესაძლებელია, ეს არის დასაწყისი იმის, რომ გარკვეულწილად წარმოვადგინოთ წინადადება შუალედური სტატუსის შესახებ, რომელიც პირველად გაჟღერდა (sharing everything with the Union but institutions) რომანო პროდის მიერ 2003 წელს. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას. ასე რომ, ვთვლით, ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გადაიდგას და იმედი მაქვს, საქართველო კრიზისის შემდეგ იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ იდეის განხორციელებას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მთავრობა, მმართველი პარტია აპირებს, რომ ოფიციალური განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. ასე რომ, საქართველოს ინტეგრაციის ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ თავად ქვეყნისთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის და შესაძლოა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისთვის. იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ ამ გზის გავლას არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად, რომ ასეთ დიდ იდეებს გარკვეულწილად ბიძგი მივცეთ. მისასალმებელია Think-Thank-ის საზოგადოების შექმნის იდეა. საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას ბრიუსელში, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. _ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებს ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს რიგი ექსპერტების მოსაზრებები, რომ ევროკავშირს უფრო კონსტრუქციული მიდგომა აქვს. როგორ უყურებთ ამ ურთიერთობებს რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება. _როგორ ხედავთ EPP-ს როლს კრიზისის გადაჭრის და საერთოდ, შიდა პოლიტიკურ საკითხებში მის ჩართულობას? როგორც იცით, ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფში შედის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მთავრობაში და ვინ ოპოზიციაში, საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა. გვსურს, ზოგადად, ვიხილოთ EPP-ს ოჯახში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმატება, თუმცა ზოგჯერ ჩვენ არ შეგვიძლია, ქართველ პოლიტიკოსებზე უკეთესი ქართველი პოლიტიკოსები ვიყოთ. ჩემი მოსაზრება იყო ძალიან მარტივი ოპოზიური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიმართ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ მოიტანდა რაიმე სახის პოლიტიკურ დივიდენდებს. ჩემი რჩევა იყო, თავი დააღწიეთ კრიზისს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ თქვენი მოთხოვნები. ნუ გააგრძელებთ კრიზისს მუდმივად, რადგან შეიძლება, დაიკარგოს ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.

საქართველოს დემოკრატიული გზა, მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის - ანალიტიკოსი

კრიზისების დროს შექმნილი ვითარებით რუსეთის მიერ სარგებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რიგი განცხადებების შემდეგ, რუსეთის გავლენის ზრდასა და რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა, საკუთარ შთაბეჭდილებებზე კი გუშინ, მისივე პოსტში გაამახვილა ყურადღება. ის მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან, ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. „სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ეს სიტყვები სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შემდეგ, მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. „დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს“, - ვკითხულობთ ლიეტუველი დიპლომატის ტექსტში. „აშშ-მა და ევროპამ რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მეტი სურვილი გამოავლინეს მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა“, - მიიჩნევს ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი. „საქართველოს დემოკრატიული გზა, ქვეყნის მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის, რაც უფრო შემცირდება დემოკრატია, მით უფრო დიდია გამოწვევა დასავლეთისკენ გზაზე“, - განაცხადა მან Europetime-თან საუბრისას. ლუის ნავაროს განცხადებით, თუ ქართული პოლიტიკური კლასი ვერ შეძლებს, უფრო მეტი რეაგირება მოახდინოს მათი ამომრჩევლის ნებაზე და მიაღწიოს სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტას, საბოლოოდ დასავლეთის მთავრობებში შემცირდება ინტერესი, რომ მათ უფრო მეტი პოლიტიკური და მატერიალური დახმარება გასწიონ. საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის პასიურობა უფრო ალბათ იმითაა განპირობებული, რომ საკმაოდ ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება, თუმცა იგივე ევროკავშირის ჩართულობა ჩვენს პოლიტიკურ კრიზისში მიუთითებს იმაზე, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. „თუმცა ევროკავშირი ზოგადად, ხისტი, ღია აქტიური ნაბიჯებით ნაკლებად გამოირჩევა და თავის ნელი, ტლანქი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმით და ზომიერი გადაწყვეტილებებით ვერ შეძლებს, რეგიონში მოსკოვს გაუწიოს კონკურენცია, რომელიც პირდაპირ, „რეალპოლიტიკის“ პრინციპებით ზრდის ადგილზე ძალასა და სამხედრო ყოფნას. ასევე მხედველობაშია მისაღები თურქეთის ფაქტორი, რადგან რეგიონი რეალურად ყალიბდება რუსულ-თურქული კონკურენციის ზონად და მაღალია ალბათობა, რომ ეს ორი ძალა აქ ადგილს არავისთვის დატოვებს. გადანაწილების საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, რუსეთს არაფრის განაწილება არ უნდა ვინმესთან. მას უფრო მეტად, რეგიონში ცალსახა და ერთპიროვნული ჰეგემონია სურს“, - განუცხადა გიორგი გობრონიძემ Europetime-ს. „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორი გერმანიის მარშალის ფონდში ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ კრემლი ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება დემოკრატიის წარუმატებლობით საქართველოში თუ აშშ-ში. ლორა თორნტონმა Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. „შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით. ასევე საჭიროა, მივიღოთ შედეგები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, ნავალნის მდგომარეობა და უკრაინაში ბოლოდროინდელი ქმედებები“, - მიაჩნია „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა თვლის, რომ რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა საქართველოში კრიზისული ვითარების დრის, თუმცა „ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს საქართველოსთვის კარგია და ეს ასევე კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. „საქართველოსთვის და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოზიტიური განვითარება“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. არის თუ არა უფრო ქმედითი ნაბიჯები დრო, რაც ასევე შეიძლება, რომ გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და ამ მიდგომას NATO-ს მხარდაჭერა აქვს. „საქართველოს თავგანწირვა ავღანეთში და სხვაგან, უმაღლეს დონეზეა შეფასებული და აღიარებული და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული. თუმცა, NATO-ს გაფართოება საქართველოს შიდა პოლიტიკურ და დემოკრატიის პრობლემებს ვერ გადაჭრის. სინამდვილეში, ძლიერი შიდა დემოკრატიისა და მმართველობის დემონსტრირებაა წევრობის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, კრემლი სარგებლობს საქართველოში დისფუნქციურობით, რასაც ამგვარი განხეთქილებები კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. მჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გააძლიეროს მისი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნავს ლორა თორნტონი. მეთიუ ბრაიზა არ ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი და NATO საქართველოსთან მიმართებით უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტი სურვილი ექნებათ, დაეთანხმონ საქართველოს გაწევრიანებას ამ ორივე ორგანიზაციაში, რადგან პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს მისწრაფებაზე წევრობის მიმართულებით. „ასე რომ, ჯერ დროა საჭირო, ვიდრე ჯერ კიდევ შეთანხმება სრულად განხორციელდება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მაშასადამე, ევროკავშირს და NATO-ს დრო სჭირდებათ, დაინახონ, რომ საქართველოს დემოკრატია ნორმალურად მუშაობს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. „მათ შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მეორე, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ინტერვიუში.

გიორგი ბილანიშვილი: ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, საქართველო-უკრაინის საკითხზე, არსებითად არაფერი შეიცვლება

“რუსეთი არც უკრაინასთან და არც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს. საბედნიეროდ ამერიკაც არ გეგმავს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერის შესუსტებას“, - ამის შესახებ Europetime-ს რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბილანიშვილმა განუცხადა. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტს ივნისში გამართავს, როცა ევროპას ესტუმრება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბილანიშვილი Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბაიდენი პუტინის შეხვედრის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, არსებითად არ შეიცვლება. „ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებაში, ორივე ქვეყანას ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე რუსეთს. ორივე ამბობს, რომ შეუძლიათ რაღაც საკითხებზე ითანამშრომლონ, მიუხედავად ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობებისა. მაგალითად ასეთი საკითხი შეიძლება იყოს ბირთვული პროგრამა, ან მაღალი სიშორის რაკეტებზე შეთანხმება, რომელიც 5 წლით გააგრძელეს. მაგრამ ის საკითხები, სადაც მათი პოზიციები განსხვავდება და ეს არის იგივე უკრაინის და საქართველოს საკითხი, დიდი ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. არ უნდა გვქონდეს ასე ვთქვათ პოზიტიური მოლოდინი, იმიტომ რომ ფაქტია, არც უკრაინასთან და არც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით რუსეთი საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს. თავის მხრივ, საბედნიეროდ, აშშ-ც არ აპირებს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერის შესუსტებას. გარიგებას არ უნდა ველოდოთ. უფრო უნდა ველოდოთ იმას, რომ რაღაც საკითხებზე, საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე, საერთო პოზიციებს მონახავენ. თუმცა ასეთი საკითხები, ჩემი აზრით, საკმაოდ მცირე იქნება. ბაიდენი პუტინის შეხვედრის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები არსებითად არ შეიცვლება, არც პოსტსაბჭოთა სივრცეში და არც ჩვენს რეგიონში არ შეიცვლება სიტუაცია“, - განაცხადა გიორგი ბილანიშვილმა, Europetime-თან ინტერვიუში, რომელიც სრულად მოგვიანებით გამოქვეყნდება. აშშ-ის პრეზიდენტი 11-13 ივნისს, ბრიტანეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავს დასწრებას. ამის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და 14 ივნისს ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ პუტინის მაღალი რანგის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრისთვის მზადება. მისი თქმით, შეხვედრის ვადებზე საუბრისას ლაპარაკია ივნისზე და რომ დასახელებულია კონკრეტული თარიღიც.

კახა გოგოლაშვილი: უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის უკან დახევის შესახებ განცხადების დაჯერება, ჯერ ნაადრევია

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ განაცხადა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გამომყავსო, ჯერ ამის დაჯერება ნაადრევია", - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა გახა გოგოლაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსის შეფასებით, უკრაინაზე თავდასხმის რისკი ჯერ კიდევ რჩება. "კი განაცხადეს ჯარები გაგვყავსო, მაგრამ ძირითადი ძალების დისლოცირებას, იქვე, ახლოს გეგმავენ. ფაქტია, უკრაინაში შეჭრა უკვე წამგებიანი იქნება მისთვის. ერთადერთი, რასაც რუსეთში მოსახლეობა ამართლებდა, იყო ყირიმის ანექსია. რაც შეეხება დონბასს, იქ ამართლებდნენ მხარდაჭერას და არა ანექსიას. მაგრამ ეს მხარდაჭერაც ფსევდოპატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა, რომ იქ რუსეთის მოქალაქეები არიან და ა.შ. კრემლის დანარჩენ გეგმებს - შავი ზღვისპირეთი წაართვას უკრაინას, შეიჭრას უკრაინის სიღრმეში და კიევს შეუტიოს, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, რუსეთის მოსახლეობა მხარს არ უჭერს, კრემლის ასეთ მოქმედებებს. უკრაინასთან ფართო მასშტაბიანი ომი არ სურთ. შეიძლება პუტინმა აქ სტრატეგიულად ძალიან წააგოს, თუ ასეთი სახის ომს წამოიწყებს და მით უმეტეს, თუ ეს ომი დამატებით პრობლემებს მოუტანს. მაგალითად ვერ მოახერხოს სწრაფი მოქმედება. უკრაინა ის აღარ არის, რაც 2014-ში იყო. ამიტომ შეიძლება სწრაფი გამარჯვება არ მოუტანოს და დიდი დანაკარგები ჰქონდეს. ძალიან არაპოპულარული შეიძლება გახდეს ეს ომი, თავად რუსეთში. ნავალნის საქმეც თავისთავად. ნავალნის, რომ რამე მოსვლოდა ან მოუვიდეს, სულ სხვა სიტუაცია იქნება, ვიდრე თავის დროზე ნემცოვის მკვლელობა. იმიტომ, რომ ნავალნიმ მოასწრო არამარტო ლაპარაკი, კრემლის კორუმპირებულობაზე კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოჩენაც. თუმცა ესეც არ არის ბოლომდე საკმარისი კრემლის პროპაგანდის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, მაგრამ ნავალნიმ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოატრიალა სხვა მიმართულებით და თვალები აუხილა", - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ყირიმში ვიზიტის დროს გენშტაბსა და ჯარების მეთაურობას დაავალა, რომ 23 აპრილიდან, შეუდგნენ სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას. ამის შესახებ რუსულ „ნოვაია გაზეტას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. „მიმაჩნია, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია. ჯარმა ქვეყნის საიმედოდ დაცვის შესაძლებლობა აჩვენა. ამის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში“, – განაცხადა შოიგუმ ყირიმში გამართულ თათბირზე. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების გამო, აშშ, დიდმა ბრიტანეთმა, NATO-მ და ევროკავშირმა შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს. აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო რომ, უკრაინაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში რუსეთს მოუწევდა ფასის გადახდა. კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი

თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შესაძლოა, ჩინეთმა რუსეთს ისეთი დარტყმა მიაყენოს, ვეღარ გადარჩეს - კახა გოგოლაშვილი

„თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შეიძლება ჩინეთმა ამით ისარგებლოს და ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომლისგანაც ის ვეღარ გადარჩება“, -ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთთან დაპირისპირების დროს, ერთადერთი, ვისკენაც ახლა რუსეთი იყურება, ეს არის ჩინეთი, რადგან ამერიკა ჩინეთს უფრო მეტად, თვლის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, ვიდრე რუსეთს. „ამიტომ თუ დასავლეთთან კონფლიქტი უფრო მეტად გაუმწვავდება, კრემლი ყველანაირად შეეცდება ჩინეთის მხარდაჭერა მოიპოვოს.. თუმცა, არ მგონია, ჩინეთი ბოლომდე სანდო პარტნიორი იყოს რუსეთისთვის. ჯერ ერთი რომ მათ ტერიტორიები აქვთ გასაყოფი და თუ ვინმეს უჭირავს რუსეთის ტერიტორიებზე თვალი, ეს ჩინეთია. ევროპას და ამერიკას რუსეთის ერთი გოჯი მიწაც კი არ სჭირდებათ. ჩინეთი კი დიდი სიამოვნებით წაიღებდა მის ტერიტორიებს, რადგან ძალიან სჭირდება და ისტორიული პრეტენზიებიც გააჩნია“, - აღნიშნავს გოგოლაშვილი. მისივე განმარტებით, გარდა ამისა, ჩინეთის ეკონომიკისთვის დასავლეთის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი და რაც არ უნდა ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლეთთან, ამ ბაზრებზე წვდომის დაკარგვა არ სურს. "ჩინეთის შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ევროპის და ამერიკის ბაზრებია. იმხელა სავაჭრო ბრუნვა აქვს ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას 20-ჯერ აღემატება. თუ ის სანქციების გამო, ამ ბაზრებს დაკარგავს და მასთანაც ურთიერთობებს ჩაკეტავენ, სერიოზულად დაზარალდება. მაგრამ ომიც რომ დაიწყოს, დასავლეთიც ბოლომდე ვერ ჩაკეტავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულნი არიან. თუმცა, სავაჭრო ბრუნვა, თუ შემცირდება ეს ჩინეთს მაინც ძალიან დაარტყამს. არ მგონია ჩინეთის ხელმძღვანელობა ამდენად ჭკუამოკლე და ფანატიკოსი იყოს, საგარეო ურთიერთობების კონტექსტში. შეიძლება ჩინელების პოლიტიკა არ მოგვწონდეს და ფუნდამენტურად მცდარიც იყოს, მაინც კომუნისტური რეჟიმია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიულად და გრძელვადიანად აზროვნებენ. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ჩინეთის იმედი. ერთადერთი რაც რუსეთს იცავს და რითიც ის აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს, არის მისი ბირთვული არსენალი, მაგრამ არ ვიცით ჩინეთს რამდენად ეშინია უკვე ამ რუსული ბირთვული შანტაჟის. თვითონაც საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები აქვს, რუსეთის გასანადგურებლად, სამხედრო და სამოქალაქო თვალსაზრისით“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი

კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ გასაკვირი არც არის ევროკავშირის და აშშ-ს ასეთი აქტიურობა საქათველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, რადგან დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ შეიძლება მალე დადგეს მომენტი, როცა საქართველო NATO-ში დასჭირდებათ. ანალიტიკოსის განმარტებით, ადრე აშშ-ს და ევროკავშირს, რუსეთთან დაპირისპირება არ სურდათ. მაგრამ ახლა, ისედაც დაპირისპირებულები არიან და სიტუაცია ისე გამწვავდა, ურჩევნიათ საქართველო და უკრაინა ბოლომდე მათ მხარეზე იყოს. „ახლა სხვა მოცემულობაში ვართ, სხვა სიტუაციაში, შეიძლება ნებისმიერ დროს გამოჩნდეს შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას რუსეთს, დასავლეთის გაერთიანებულ ძალებთან დაპირისპირებაში, რა შეიძლება იყოს ის საფასური, რომლის გადახდაც რუსეთს საკუთარი ქმედებებისთვის მოუწევს, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს და რას ცვლის საქართველოსთვის ეს ყველაფერი? - ამ საკითხებზე Europetime-ს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ესაუბრა. - თქვენი აზრით, ბაიდენმა რა იგულისხმა რუსეთის მიერ მაღალი საფასურის გადახდაში და რა შეიძლება იყოს ეს საფასური? -არაერთხელ ითქვა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ არ ჩაერთვებიან. ასეთი ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, NATO-ს წევრი სახელმწიფოები და მათი ჯარები სამხედრო კუთხით არ ჩაერევიან, თუმცა იქნება მაღალი დონის სანქციები. ახლა თუ რაღაც შედარებით მსუბუქი სანქციები გამოუცხადა აშშ-მ რუსეთს, სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, სანქციები იქნება ბევრად უფრო მძიმე. მაგალითად, შეიძლება რუსეთი გათიშონ საერთაშორისო საფინანსო გადახდების სისტემებიდან. შეუჩერონ ყველანაირი ანგარიშები. უამრავი სხვა სახის სანქცია შეიძლება ამოქმედდეს. ახლა აშშ-სა და ევროკავშირის პირდაპირი სანქციებია, კომპანიების მიმართ, რომლებიც ყირიმში გარკვეულ ოპერაციებთან არიან დაკავშირებულნი. გამწვავების შემთხვევაში კი, შეიძლება ირიბი სანქციებიც დაწესდეს, რომელიც ამ კომპანიების მიერ დაფუძნებულ ან მათ პარტნიორ ორგანიზაციებსაც შეეხება. მოსალოდნელია უფრო ფართო სანქციებიც, რომელიც რუსეთის მთელ ეკონომიკას მოიცავს. ასევე, შესაძლოა შესყიდვები შეწყდეს რუსეთიდან, მაგალითად გაზის შესყიდვა. ევროპის ქვეყნებს რამდენიმე თვიანი მარაგები გააჩნიათ. სანამ LNG-ის ტერმინალების საშუალებით ამერიკულ გაზზე, ან სხვა წყაროებიდან მოწოდებაზე გადასვლა მოხდება, შეუძლიათ ეს რამდენიმე თვიანი რეზერვები გამოიყენონ. რაც შეეხება ნავთობს, სხვა მომწოდებლებისგანაც იყიდიან. ეს ევროპელებს ეხება მხოლოდ, ამერიკას აღნიშნული პრობლემა არ აქვს. -თუ გავითვალისწინებთ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანსაც, ფართომასშტაბიანი სანქციები, რამდენად მძლავრად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას და როგორ აისახება ეს ყოველივე, სექტემბერში დანიშნულ არჩევნებზე, პუტინის პარტიის რეიტინგზე და გავლენების შესუსტებაზე? ის რასაც აშშ აცხადებს, რომ რუსეთს მოუწევს საფასურის გადახდა, ხომ არ გულისხმობს რუსეთში პუტინის გავლენებზე დარტყმას, სხვადასხვა გზით? თუ გავითვალისწინებთ ნავალნის საქმესაც.. -მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ განაცხადა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გამომყავსო, ჯერ ამის დაჯერება ნაადრევია. რისკი ჯერ კიდევ რჩება, კი განაცხადეს ჯარები გაგვყავსო, მაგრამ ძირითადი ძალების დისლოცირებას, იქვე, ახლოს გეგმავენ. ფაქტია, უკრაინაში შეჭრა უკვე წამგებიანი იქნება მისთვის. ერთადერთი, რასაც რუსეთში მოსახლეობა ამართლებდა, იყო ყირიმის ანექსია. რაც შეეხება დონბასს, იქ ამართლებდნენ მხარდაჭერას და არა ანექსიას. მაგრამ ეს მხარდაჭერაც ფსევდოპატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა, რომ იქ რუსეთის მოქალაქეები არიან და ა.შ. კრემლის დანარჩენ გეგმებს - შავი ზღვისპირეთი წაართვას უკრაინას, შეიჭრას უკრაინის სიღრმეში და კიევს შეუტიოს, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, რუსეთის მოსახლეობა მხარს არ უჭერს, კრემლის ასეთ მოქმედებებს. უკრაინასთან ფართო მასშტაბიანი ომი არ სურთ. შეიძლება პუტინმა აქ სტრატეგიულად ძალიან წააგოს, თუ ასეთი სახის ომს წამოიწყებს და მით უმეტეს, თუ ეს ომი დამატებით პრობლემებს მოუტანს. მაგალითად ვერ მოახერხოს სწრაფი მოქმედება. უკრაინა ის აღარ არის, რაც 2014-ში იყო. ამიტომ შეიძლება სწრაფი გამარჯვება არ მოუტანოს და დიდი დანაკარგები ჰქონდეს. ძალიან არაპოპულარული შეიძლება გახდეს ეს ომი, თავად რუსეთში. ნავალნის საქმეც თავისთავად. ნავალნის, რომ რამე მოსვლოდა ან მოუვიდეს, სულ სხვა სიტუაცია იქნება, ვიდრე თავის დროზე ნემცოვის მკვლელობა. იმიტომ, რომ ნავალნიმ მოასწრო არამარტო ლაპარაკი, კრემლის კორუმპირებულობაზე კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოჩენაც. თუმცა ესეც არ არის ბოლომდე საკმარისი კრემლის პროპაგანდის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, მაგრამ ნავალნიმ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოატრიალა სხვა მიმართულებით და თვალები აუხილა. -საუბარია ბაიდენის და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე. თუ რუსეთის შიდა პრობლემებს გავითვალისწინებთ, ასევე უკრაინასთან ომით გამოწვეულ იმ შედეგებს, რაზეც თქვენ საუბრობთ, რამდენად აწყობს პუტინს სიტუაციის განმუხტვა და შესაძლოა თუ არა დათანხმდეს ამ შეხვედრას, ან ვითარების დასტაბილიზირება დაიწყოს? -შეხვედრა არ ვიცით ჯერ იქნება საერთოდ თუ არა. ამიტომ ალბათ ესეც რაღაც ტაქტიკური ნაბიჯია. მას შემდეგ რაც ბაიდენმა თქვა პუტინი მკვლელიაო, პუტინის მხრიდან ასე სწრაფად დათანხმება შეხვედრაზე, მის რეიტინგზე ალბათ უარყოფითად იმოქმედებდა და ამიტომ ჯერ პასუხი არ მიუცია. ამასთან ჩანს რომ ჯერ სხვა გეგმები აქვს. საბოლოო ჯამში ძალიან სარისკო თამაშს თამაშობს პუტინი და არ ვიცით მისთვის ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. გამორიცხული არ არის გამოსავალი ჯერჯერობით თვითონაც არ იცოდეს. - გარდა ამერიკის და უკრაინისა, ბოლო კვირებში რუსეთს ურთიერთობა დაეძაბა ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთანაც. როდესაც დასავლეთი ერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ, კრემლის დასაყრდენი, მოკავშირე, ვინ შეიძლება იყოს ამ ეტაპზე, აშშ-ს, ევროკავშირის და NATO-ს გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ? -ერთადერთი, ვისკენაც ახლა რუსეთი იყურება, ეს არის ჩინეთი, რადგან ამერიკა ჩინეთს უფრო მეტად, თვლის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, ვიდრე რუსეთს. ამიტომ კრემლი ყველანაირად შეეცდება ჩინეთის მხარდაჭერა მოიპოვოს, თუ დასავლეთთან კონფლიქტი უფრო მეტად გაუმწვავდება. თუმცა, არ მგონია, ჩინეთი ბოლომდე სანდო პარტნიორი იყოს რუსეთისთვის. ჯერ ერთი რომ მათ ტერიტორიები აქვთ გასაყოფი და თუ ვინმეს უჭირავს რუსეთის ტერიტორიებზე თვალი, ეს ჩინეთია. ევროპას და ამერიკას რუსეთის ერთი გოჯი მიწაც კი არ სჭირდებათ. ჩინეთი კი დიდი სიამოვნებით წაიღებდა მის ტერიტორიებს, რადგან ძალიან სჭირდება და ისტორიული პრეტენზიებიც გააჩნია. მეორე ის, რომ ჩინეთის ეკონომიკისთვის დასავლეთის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი. რაც არ უნდა ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლეთთან, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ევროპის და ამერიკის ბაზარია. იმხელა სავაჭრო ბრუნვა აქვს ამ ბაზრებზე, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას 20-ჯერ აღემატება. თუ ის ამ ბაზრებს დაკარგავს და მასთანაც ჩაკეტავენ ურთიერთობებს, სერიოზულად დაზარალდება ჩინეთი. თუმცა ომიც რომ დაიწყოს, დასავლეთიც ბოლომდე ვერ ჩაკეტავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულნი არიან. მაგრამ თუ შემცირდება ეს სავაჭრო ბრუნვა, ჩინეთს ძალიან დაარტყამს. არ მგონია ჩინეთის ხელმძღვანელობა ამდენად ჭკუამოკლე და ფანატიკოსი იყოს, საგარეო ურთიერთობების კონტექსტში. შეიძლება ჩინელების პოლიტიკა არ მოგვწონდეს და ფუნდამენტურად მცდარიც იყოს, მაინც კომუნისტური რეჟიმია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიულად და გრძელვადიანად აზროვნებენ. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ჩინეთის იმედი. თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შეიძლება ჩინეთმა ამით ისარგებლოს და ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომლისგანაც ის ვეღარ გადარჩება. ერთადერთი რაც რუსეთს იცავს და რითიც ის აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს, არის მისი ბირთვული არსენალი, მაგრამ არ ვიცით ჩინეთს რამდენად ეშინია უკვე ამ რუსული ბირთვული შანტაჟის. თვითონაც საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები აქვს, რუსეთის გასანადგურებლად, სამხედრო და სამოქალაქო თვალსაზრისით. -რაც შეეხება თურქეთს, რომელიც აცხადებს, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში. თუმცა გადახედა მონტროს კონვენციას, რაც აშშ-ს და NATO-ს გემებს შავ ზღვაში შემოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს და პოზიციებს როგორ შეაფასებთ? თურქეთი რამდენად სანდო შეიძლება იყოს დასავლეთისთვის, ამ სიტუაციაში? -თურქეთი თუ არჩევანს გააკეთებს, რა თქმა უნდა ეს დასავლეთის სასარგებლოდ იქნება. ჯერ ერთი, თურქეთი და რუსეთი უფრო მეტად მოწინააღმდეგეები არიან ისტორიულად, ვიდრე თურქეთი და დასავლეთი. ყირიმის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის რომ კონკურენტები არიან, მაგალითად შუა აზიაში. პანთურქიკული იდეები, რომელიც ერდოღანს აქვს, რუსეთისგან განსხვავებით დასავლეთს ნაკლებად ადარდებს. რუსეთს თვითონ ჰყავს თურქულენოვანი მოსახლეობა დიდი მასშტაბით და თურქეთის ინტერესების გაზრდის ეშინია. გარდა ამისა მათი ინტერესები ეჯახება სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში. ყველგან არის დაპირისპირებული ინტერესები. თუმცა რაღაც დონეზე ახერხებენ გამოსავლის პოვნას და ურთიერთობების შენარჩუნებას, სიტუაციურ დონეზე. ოღონდ ეს არის სიტუაციურ დონეზე. საბოლოო ჯამში სტრატეგიულად, თურქეთი მაინც დასავლეთის მხარეზე დადგება. 1936 წელს ხელმოწერილი მონტროს კონვენცია საბჭოთა კავშირსა და შემდგომ რუსეთს შავ ზღვაზე დომინაციის საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა თანამედროვე ეტაპზე NATO-ს წევრ ქვეყნებს და აშშ-ს სჭირდებათ თავისუფლი შესვლა შავ ზღვაზე. მონტროს ხელშეკრულებამ პრაქტიკულად რუსეთს შესაძლებლობა მისცა ჰეგემონი გამხდარიყო შავ ზღვაში, თურქეთი კი მარტო ვერ უმკლავდება იქ, განსაკუთრებით ყირიმში, რუსეთის სამხედრო აღმშენებლობას. ამიტომ აუცილებელია, ან კონვენციის გადახედვა, ან სხვა გამოსავლის ნახვა, მაგალითად რასაც თურქეთი აპირებს - ბოსფორის სრუტის გვერდის ავლით ახალი სანაოსნო არხის გაჭრას. -მთელი ამ გლობალური პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, საქართველომ როგორ უნდა გამოიყენოს შავი ზღვის რესურსი? უკრაინა ბოლო დროს, აქტიურად ითხოვს NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას. რა შანსები აქვს ახლა უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად და საერთაშორისო უსაფრთხოების ამ ახალ არქიტექტურაში, საქართველო სად არის? რა ნიშნულზეა? როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სიტუაცია? . - რუსეთი შესაძლოა სწორედ მაგიტომ ქმნიდეს კრიზისს უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში, რომ გამორიცხოს სტაბილიზაცია, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების რისკებს დაბლა დაწევს და NATO-სა და მის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. სტრატეგიულად ეს ქვეყნები ალიანსს ძალიან ბევრს შემატებს, საქართველო თავისი ტერიტორიის გეოპოლიტიკური უპირატესობებით და მნიშვნელობით, უკრაინა, როგორც თავისთავად უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანა. ჯერ მარტო უკრაინის არმიაზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ლამის უკვე ყველაზე დიდი არმიაა. ახლო მომავალში უკრაინას შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ 300-400 ათასიანი აქტიური ჯარი. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, ეს დიდი ძალა აღიჭურვება NATO-ს შეიარაღებით, მისი სტანდარტებით გაიწვრთნება. მეორეც, უკრაინა თავისი სტრატეგიული სიღრმით, ბუნებრივ ბუფერს ქმნის რუსეთთან მიმართებაში და რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვან სამხედრო პლაცდარმს წარმოადგენს. - გულისხმობთ იმას, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო დაძაბულობა იმიტომ შექმნა, NATO მისი გაწევრიანების დაჩქარებას გეგმავდა? იყო ამის ფონი და ამის სიგნალები დასავლეთიდან? -2018 წელს უკრაინა ისეთივე უახლოესი პარტნიორი გახადეს, როგორც საქართველოა და დაიწყო ინტენსიური ლაპარაკი რომ უკრაინა მიიღონ NATO-ში. როდის და რანაირად მოხდება ეს არავინ იცის. ჯერ შესაბამისი პირობები არ ჩამოყალიბებულა. რუსეთი ამას ითვალისწინებს და იცის რომ უკრაინის შესვლა NATO-ში მისთვის ძალიან დიდ სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს. თავისთავად ის აკეთებს ამის პრევენციას. თავის დროზე ყირიმის თემით პრევენცია მოახდინა. ეშინოდ, თუ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა, მერე NATO-სგანაც შეიძლება მიეღო MAP-ი და ყირიმიდან სამხედრო ბაზების გაყვანა მოეთხოვა, რაც შავ ზღვაში რუსეთის პოზიციებს საგრძნობლად დაასუსტებდა. ამის გამო, ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთისთვის სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც შავი ზღვაა, ან ნებისმიერი მიმართულება ევროპისკენ. თუ უკრაინა NATO-ში შევა, უკრაინის ყველა პორტი მისთვის საფრთხე ხდება. -თუ ასეთი დიდია NATO-ს სტრატეგიული ინტერესი, უკრაინის მიმართ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებთ, რამდენად მოსალოდნელია NATO-მ თვალი დახუჭოს იმ ფაქტორზე, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მყარად არაა ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუციები, ასევე გარკვეული კითხვები არსებობს კორუფციაზე? შესაძლებელია, მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, მაინც მიიღონ ალიანსში? -თავის დროზე, როცა თურქეთი მიიღეს NATO-ში, ძალიან შორს იყო დასავლური დემოკრატიისგან და უამრავი პრობლემა ჰქონდა ქვეყნის შიგნით, მაგრამ ტრუმენის დოქტრინის საფუძველზე, ჩაითვალა რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან თურქეთისა და საბერძნეთის მიმართ საფრთხე რეალური იყო. ამიტომ 1952 წელს ორივე ეს იმ დროისთვის არადემოკრატიული ქვეყანა ალიანსში გააწევრიანეს. მიუხედავად იმისა, რომ NATO არის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დემოკრატია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინა ასევე შეიძლება მიიღონ ალიანსში. -ჩვენ სად ვართ ამ პროცესში? საქართველოს რა შანსები აქვს? -ჩვენც მანდ ვართ. პრინციპში გასაკვირი არც არის ევროკავშირის და აშშ-ს ასეთი აქტიურობა რომ საქართველოში ეს პოლიტიკური კრიზისი დაესრულებინათ, მე ასე მგონია, რომ ეს დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც ასე გაგრძელდა და ასეთი ფორმით იყო, აქ იმუშავა გარკვეულმა, შესაძლოა რუსულმა ძალებმა. არ მინდოდა მთლად ისე გამომსვლოდა, თითქოს შეთქმულების თეორიას ვავითარებდე. ჩვენც გვაქვს ჩვენი საკუთარი „ნიჭი“ იმისა, რომ ჩვენივე ცხოვრება გავართულოთ. საბედნიეროდ, ევროკავშირმა და NATO-ს წევრმა ქვეყნებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს, იმისთვის რომ დაემთავრებინათ ეს არასტაბილური ვითარება, საქართველოში. დასავლეთიც ფიქრობს, რომ შეიძლება მალე მოვიდეს მომენტი და საქართველო დასჭირდეთ NATO-ში. გააჩნია ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება. თუ რუსეთმა გააგრძელა აგრესიული რიტორიკა, პოლიტიკა და სამხედრო მუქარები მთელი ევროპის მიმართულებით, მაშინ გამორიცხული არ არის, ევროპამაც ცოტა უფრო აქტიურად და გაბედულად იმოქმედოს. ახლა გააქტიურდა საუბრები, რომ NATO შავ ზღვაში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი, გემების გამოგზავნას აპირებენ, მეტ პატრულირებას. შავი ზღვა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად უკრაინაც და საქართველოც, ორივე სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება, ჩვენი NATO-ში გაწევრიანებამდე დარჩენილი მანძილი ინტენსიურად მცირდება და შეიძლება ეს გზა სწრაფად გავიაროთ. არ მინდა ისე გაიგოთ თითქოს NATO-ში გაგვაწევრიანებენ მალე. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ ახლა სიტუაცია ისე დაიძაბა, რუსეთის მოქმედებების გამო, გამორიცხული არ არის, მოულოდნელად გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა. ეს ერთი. მეორეც, როცა იძაბება სიტუაცია, თუნდაც ადამიანის მაგალითზე ავიღოთ, როცა ადამიანი საფრთხეს ხედავს, ეძებს უფრო მეტ შესაძლებლობებს, დასაყრდენს, უფრო ფართოდ ახელს თვალს და პატარა შანსსაც კი ეპოტინება. ასე არის ახლაც, დასავლეთს სიტუაცია ძალზე დაეძაბა რუსეთთან. საქართველოს და უკრაინას რა თქმა უნდა, უკვე უფრო სერიოზულად განიხილავენ, როგორც საჭირო პარტნიორებს. როცა დასავლეთი წყნარად იყო, იმდენად არ ვჭირდებოდით. პირიქით, თავის ტკივილი იყო, თუნდაც უკრაინის NATO-ში შეყვანა, რადგან რუსეთთან დაპირისპირების სუნი უდიოდა, რაც არ სურდათ. მაგრამ ახლა ისედაც დაპირისპირებულები არიან. სიტუაცია უკვე გამწვავდა. ამიტომ ურჩევნიათ საქართველო და უკრაინა მათ მხარეზე იყოს, ვიდრე რუსეთის მხარეზე. ახლა სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა გარემოება და შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები.

რასა იუკნევიჩიენე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ძალიან რეალურია

„პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია; შესაძლებელია მოიძებნოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი; რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური; როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის; შესაძლებელია, პოლიტიკაში ახალი თაობაც მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში“, - ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: ამნისტიის კანონთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის შუამავლობით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთზე: _საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ევროკავშირის უპრეცედენტო ჩართულობა ვიხილეთ - ორჯერ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი და ასევე, მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებდა ეს უპრეცედენტო ძალისხმევა/ჩართულობა და გარკვეულწილად, უკავშირდება თუ არა რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, ვგულისხმობ ყარაბაღს, იყო მოსაზრებები, რომ იქ დასავლეთმა გარკვეულწილად დააგვიანა რეაგირება. ევროპარლამენტში, საქართველოს ყველა მეგობარი ნამდვილად ბედნიერია, რომ შარლ მიშელმა გადაწყვიტა მედიაცია მოლაპარაკებებში, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს. ეს კრიზისები რეგიონში ერთმანეთს არ უკავშირდება, რადგან ეს კრიზისები ძალიან განსხვავდება - სამხედრო მოქმედებები და ომი, რომელიც მოხდა ყარაბაღში, არის ერთი საკითხი და ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, რომ ამ მიმართულებით, პრევენცია მოეხდინა ან დახმარება გაეწია. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილია. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან, მხოლოდ ორ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას აქვთ ასეთი მტკიცე ურთიერთობები და რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. _შეთანხმების შემდეგ პარლამენტში ოპოზიცია პირველად შევიდა, შეთანხმებას ხელი მოაწერა ოპოზიციამ, რამდენიმე პარტიის გამოკლებით, როგორ შეაფასებთ არსებულ დინამიკას და მიმდინარე მოლაპარაკებებს ამნისტიის კანონპროექტზე? პირველ რიგში, იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში და ეს პრობლემა გადაიჭრება. მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ევროკავშირმა შესთავაზა მხარდაჭერა, როგორც ვიცი, ნიკა მელია დათანხმდა წინადადებას გირაოს გადახდის შესახებ და ეს კრიზისი გადაიჭრება. _ახლა, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, როგორ განვითარდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა მიზნის შესახებ, რომ 2024 წელს, ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე... ეს შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია და საქართველოს სჭირდება ახალი მამოძრავებელი ძალა (DRIVE), არ იყოს მძევალი ერთი, ან სხვა პერსონალიების, არამედ შექმნას ახალი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერშიფით. ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა 2024 წელს, წევრობაზე გააკეთოს განაცხადი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ლიდერი იყოს დემოკრატიული რეფორმების, პარლამენტარიზმის; უარი თქვას წარსულ ტრადიციაზე პოლიტიკაში, მათ შორის ვგულისხმობ სიძულვილის ენას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ - როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ამ მიზნებს მიაღწიონ საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ახალი თაობა მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან, მათ ესმით ეს მიზნები, განაცხადეს, რომ არიან პროევროპელები და ევროატლანტიკური გზა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ეს მიზანი გააერთიანებთ პოლიტიკურ პარტიებს. მიუხედავად განსხვავებული ხედვისა მომავლის და ზოგიერთი შიდა საკითხის, ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური საკითხების ირგვლივ გაერთიანება საქართველოსთვის. _ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს, რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ან შეიძლება თუ არა არსებობდეს სხვა ინიციატივა, რომელიც მაგალითად შეიძლება გულისხმობდეს სპეციალურ პარტნიორობას? რა თქმა უნდა ეს რეალისტურია. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ რეალისტური გზები. შესაძლოა, აპლიკაციას მეორე დღეს არ მოსდევს წევრობა, თუმცა შესაძლებელია, გამოინახოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი. ახლა, ყველაფერი საქართველოს ხელშია, ყოველთვის ვამბობდი - ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის, თქვენ გჭირდებათ ეს რეფორმები წევრობისთვის, ეს რეფორმები პირველ რიგში არის საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის. თუ შენ ატარებ რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გაქვს გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევა, ეს საქართველოსთვის და მისი განვითარებისთვის არის კარგი. ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირს, უამრავ ბენეფიტს იღებენ. ჩვენ რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი; რეფორმების გატარება, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური. როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის. _რაც შეეხება უკრაინას, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეფასება - „არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება“, რეალურად არ მუშაობს და ხომ არ არის დრო NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების? რუსეთის სამხედრო განლაგება უკრაინაში არ დასრულებულა. ამ დროისთვის, მათ შესაძლოა, განაცხადეს, რომ შეამცირეს ძალთა რაოდენობა, თუმცა ეს არ მომხდარა და მათ ოკუპირებული აქვთ ყირიმი, ისინი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. მაგრამ როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში ჯერ კიდევ თვლის - „"არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება და ის დაგეხმარება“, მე ასე არ ვფიქრობ. შეცდომა იყო, როდესაც MAP-ი არ მისცეს საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში, 2008 წელს, და ამან პროვოცირება მოახდინა რუსეთის, ემოქმედა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩათვალეს, რომ ეს NATO-ს სისუსტეა. ასე რომ, ამის საპირისპიროდ, პუტინი როგორც ოპორტუნისტი მოქმედებს. მე ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან უდიდესი პროვოკაცია, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მსგავსი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ვაკუუმის შექმნაა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია პუტინისთვის, რომ იმოქმედოს.

ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა

"პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი. მან საქართველოში 2008 წელს ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციები გაითამაშა, უკრაინაში - 2014 წელს. რის შედეგადაც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ საქართველო დაკარგა, ყირიმის ანექსიით დაკარგა უკრაინა, კონტროლი აქვს დნესტისპირეთზე, მაგრამ დაკარგა მოლდოვა", - ამის შესახებ ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, პრაქტიკულად, ვერ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც რუსეთის გულწრფელი მოკავშირეა და თუ რუსეთს ჰგონია რომ ჩინეთია, ეს იქნება პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა. "ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ბელარუსი, სომხეთი ან ტაჯიკეთი, თითქოს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, იქაც კი საზოგადოებრივ განწყობებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ამ მანკიერ პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ თამაშის წესებს. ეს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემებს პუტინს, ამ სანქციური პოლიტიკის ჩათვლით, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ყველა ქვეყანა ხედავს, რომ კრემლს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება უფრო მეტად შეასუსტოს თავისი სამეზობლო, დემოკრატიის გაძლიერება და იმ სახელმწიფოს განვითარება, კეთილდღეობა არ დაუშვას. შესაბამისად, შეინარჩუნოს დომინირება. ეს პოლიტიკა რუსეთს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემას, არამედ შიგნითაც. კრემლი ცდილობს, ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდოს, მაგრამ ახლა სხვა სამყაროა, ადამიანებს მოგზაურობას ვერ აუკრძალავ, ვერც ინტერნეტით სარგებლობას, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უნდა გახდე. ამიტომ, რუსეთის შიგნით საზოგადოებაში თანდათან აკუმულირდება პუტინის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება", - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი. ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს

ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს

„NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება; ალიანსი და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს; ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის; NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განაგრძობს“, - NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, დადგა თუ არა გადამწყვეტი დრო საქართველოსთვის NATO-ში ინტეგრაციისთვის, როგორ აფასებს NATO უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად? ჯეიმს აპატურაი ასევე აცხადებს: ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. _როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ თუ პარლამენტი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია ქვეყანაში დემოკრატიის სიძლიერეზე. როგორ ფიქრობთ, შეთანხმების მიღწევა და გარკვეულწილად პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახლა რა სიგნალია ქვეყნისგან, რომელიც NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან მათ არჩეულ წარმომადგენლებს მუშაობის დაწყება შეეძლებათ, თავის მხრივ, მთავრობას შეეძლება, ფოკუსირდეს მიმდინარე გამოწვევებზე, როგორიცაა კოვიდკრიზისი და მისი ეკონომიკური გავლენა, ასევე - სასამართლო სისტემის რთულ, მაგრამ საჭირო რეფორმებზე. ეს ასევე კარგი ამბავია საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, რადგან შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მექანიზმებსა და გარანტიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკოსს, ჩაერთონ დიალოგში არსებით საკითხებზე და ითანამშრომლონ კონსტრუქციულად. და ბოლოს, ეს ასევე კარგი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, იხილოს საქართველოს წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ამრიგად, ძალიან ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის, კრისტიან დანიელსონის და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევას, რაც აღნიშნული მიზნების შესრულების შესაძლებლობას ხელს შეუწყობს. ვიყურებით რა წინ, NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება. _თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე პროცესებმა და მხარეებს შორის საბოლოოდ მიღწეულმა შეთანხმებამ გარკვეულწილად საფრთხეები ამ ეტაპზე რამდენად აარიდა ქვეყანას. ვგულისხმობთ იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა მინიშნებები, რომ არსებული ვითარება უარყოფითად იმოქმედებს წევრობის პერსპექტივაზე. ამასთან, თქვენი შეფასებით, კრიზისის დასრულება NATO-ში ინტეგრაციის პროცესში შემდგომ პროგრესს რამდენად უხსნის გზას? უპირველეს ყოვლისა, NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მათ შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მეორე, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. _ ცნობილია NATO-ს პოზიცია, რომ ალიანსი არ შეეგუება იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება მისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი და ამაზე ბოლო პერიოდში ბევრ განცხადებას ვისმენთ? რაც შეეხება NATO-ს მომავალ გაფართოებას, ამაზე ვისაუბრე წინა კითხვაზე პასუხის დროს. ამასთან, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოკავშირეებმა აშკარად და მტკიცედ დააფიქსირეს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; მან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს. NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამ ადგილებში რუსეთის დე ფაქტო კონტროლზე. გარდა ამისა, NATO-მ გადადგა რიგი ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, მათ შორის საქართველოში. კოვიდკრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი; გავაძლიერეთ თანამშრომლობა თავდაცვის სექტორის მენეჯმენტისა და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით, NATO-საქართველოს არსებითი განახლებული პაკეტის საშუალებით. ეს მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და კიბერსივრცეს ეხება. მისი მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ურთიერთქმედება საქართველოსა და NATO-ს სტრუქტურების სხვადასხვა ნაწილში, გააძლიეროს პაკეტის საზღვაო კომპონენტი, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ქართულ ერთეულს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე. ეს პრაქტიკული ნაბიჯები აჩვენებს, რომ NATO საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია. _შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის. როგორ შეაფასებდით უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად? რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში. ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე. ეს არის რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითის კიდევ უფრო ფართო ნაწილი, რაც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთის მხრიდან დეესკალაციის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი და დაგვიანებულია. NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განვაგრძობთ. NATO უკრაინის გვერდით დგას და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალა უკრაინის ტერიტორიიდან. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების განმტკიცებაში დავეხმარეთ. გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში მეტი სწავლებით და პორტში ვიზიტებით; ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ფართო რეფორმის დღის წესრიგს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის NATO-სთან დაახლოებას. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, ჩავატარეთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად, სადაც განვიხილეთ უახლესი მოვლენები. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება. _ჩვენ ვიცით, რომ NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ, ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი იქნება. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები.

ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს

რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების ფაქტს აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ თურქეთი აშშ-ს მწვავე რეაგირებით უპასუხებს, მისი დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება, რაც თურქეთის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. -რა საპასუხო რეაქცია შეიძლება ჰქონდეს თურქეთს, აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე? რატომ წამოწია სწორედ ახლა ბაიდენმა ეს თემა, მით უფრო მაშინ, როცა სომხეთში ვადამდელი არჩევნებია დანიშნული. რა იქნება თურქეთის საპასუხო რეაქცია და როგორ აისახება შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე ეს კრიზისი? - ამ საკითხებზე უფრო ვრცლად, ანალიტიკოსი,რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი Europetime- თან ინტერვიუში საუბრობს. - ბაიდენის ამ გადაწყვეტილების გამო, თუ აშშ თურქეთის ურთიერთობა მეტად დაიძაბა, რა შეიძლება იყოს ერდოღანის საპასუხო ნაბიჯი? ვიცით,რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და საუბარი იყო აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნების გახსნაზე. მაინც და მაინც ახლა რატომ წამოწია ბაიდენმა ეს თემა, როცა უკრაინის კრიზისის ფონზე ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთვის? - პირველ რიგში იმიტომ, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით ბაიდენს წინა საარჩევნო დაპირება ჰქონდა მიცემული, ამერიკის სომხური დიასპორისთვის. 24 აპრილი არის დღე, როდესაც სომხები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ თურქეთში მომხდარი სომეხთა გენოციდის დღეს. 24 აპრილს, ამერიკის წინა პრეზიდენტები ერს მიმართავდნენ და ამ დღეს, როგორც დიდ ტრაგედიად ისე მოიხსენიებდნენ. ახლა ტრადიციული მიმართვის დროს, ბაიდენმა ახსენა არა მხოლოდ დიდი ტრაგედია, არამედ როგორც გენოციდი. რაც შეეხება თურქეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია პოზიცია შეიცვალოს. თურქეთი თავის ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერც დასავლეთს უახლოვდება და ვერც რუსეთს. თავისი უნიკალური იდენტობა გააჩნია, მათ შორის ისტორიული წარსული, რაც მას რუსეთთან დაახლოების საშუალებას არ აძლევს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია რომ ერდოღანმა უკრაინის მიმართულებით რამე შეცვალოს. უკრაინა ცალკე დამოუკიდებელი პრობლემაა. იქ ყირიმის თემაა, ყირიმელი თათრების საკითხი, რომლებთანაც თურქეთს ახლო ურთიერთობა გააჩნია. ბევრი ფაქტორია. მათ შორის რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე, რაც თურქეთს არ აწყობს. -შესაძლოა, თუ არა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება თურქეთის კონკრეტულ ქმედებებზე საპასუხო დარტყმა იყოს ამერიკისგან? სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის წამოწევა, აშშ-ს პასუხი და ერთგვარი სიგნალი ხომ არ იყო თურქეთისთვის? -ამას აქვს ორი განზომილება, ერთი თურქეთთან ურთიერთობის და მეორე სომხეთთან ურთიერთობის. აქამდე შეერთებული შტატები უფრთხილდებოდა თურქეთთან ურთიერთობას. ამერიკის ყველ პრეზიდენტი თავს იკავებდა გენოციდი ეწოდებინა ამ მოვლენისთვის. ბაიდენი კი, უკვე ღიად აღიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთთან აშშ უფრო მყარად გრძობს თავს და შეუძლია უფრო შორს წავიდეს, რაც სხვადახვა ფაქტორიდან არის განპირობებული. ერთ-ერთია რუსული S400-ების შეძენა, რომელიც ამერიკულ მხარეს ძალიან აღიზიანებს და ერთგვარი პასუხიც არის ამაზე. - ახლა როცა პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა და სომხეთი ახალი არჩევნებისთვის ემზადება, შესაძლოა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება განპირობებული ყოფილიყო სომხეთში პროდასავლური განწყობების გასაძლიერებლად? ამ არჩევნებში, პროდასავლური ძალის გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყარაბაღის ბოლო ომის დროს, რუსეთმა სომხეთის ინტერესები არ დაიცვა. შესაძლოა, სწორედ თურქეთთან გარიგების გამოც... -რა თქმა უნდა, ბაიდენის ამ გადაწყვეტილების მეორე განზომილებაა სომხეთი, სომხეთში პრორუსული ძალების შეკავების მიზანი, მოახლოებული არჩევნების დროს, როდესაც სომხეთმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის ანდობს საკუთარი ქვეყნის ბედს. ეს, ფაშინიანის მიმართ, ერთგვარი მხარდაჭერაც არის, რადგან ფაშინიანის პრემიერობის დროს მოხდა გენოციდის აღიარება. სომხეთში სხვა პროდასავლური ოპოზციური ძალებიც არიან თუმცა -შედარებით სუსტები, მეორე მხარეს კი ღიად პრორუსული ძალები დგანან. - ამერიკასთან და ზოგადად დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები, რამდენად და როგორ აისახება თურქეთის ეკონომიკაზე? -რა თქმა უნდა ამერიკის ამ გადაწყვეტილებას ორმხრივი ურთიერთობების გართულება მოჰყვება. მაგრამ აქ მთავარი არის განზომილებები. არსებობს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური განზომილება. თურქეთი ახლა ყველანაირად შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომ პირველ რიგში თავისი ეკონომიკა არ დააზიანოს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ორი მიზეზით. ერთი არის კორნავირუსი და მისგან გამოწვეული სირთულეები. მეორე მიზეზია დასავლეთთან ხანგრძლივი დაპისპირების შედეგად, თურქული ეკონომიკიდან დასავლური ინვესტიციების გასვლის საკითხი, რაც უარყოფითად აისახება იგივე თურქული ლირის კურსზე. ახლა დასავლეთთან ურთიერთობის ნებისმიერი სერიოზული გართულება, ისევ ლირას და თურქულ ეკონომიკას დაარტყამს. ამიტომ, მხოლოდ თურქეთის განცხადებებს ვხედავთ, მაგრამ ქმედებები არ არის. მათთვის დგას მთავარი საკითხი, ეკონომიკა უნდა გადაარჩინონ. თურქულ ლირის კურსზე მიბმულია ქართული ლარი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ეს ქვეყანაა. ამასთან თურქეთში ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც თურქულ ლირაში იღებენ ხელფასს და საქართველოში გზავნიან. - მსოფლიოს წამყავნი სახელმწიფოს მხრიდან, სომეხთა გენოციდის აღიარებამ, სომხეთ-თურქეთის გართულებულ ურთიერთობებში რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს? -ჯერ-ჯერობით მათ ისევ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. არც უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ახლო პერსპექტივაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება. როდესაც ურთიერთობები არ გაქვს, ვერც გააფუჭებ. სატრანსპორტო დერეფნის თემას მე პირადად, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი. ერთია განცხადებები, რომ დერეფანი გაკეთდება სომხეთის გავლით თურქეთთან, მეორე არის ასეთი რეალობები, რომელიც ახლა წყდება. ეს იქნება გენოციდის აღიარება ან სხვა საკითხები, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას, დერეფანი იქნება ეს თუ სხვა საკითხები.

ვინ შედის ხვალ პარლამენტში, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ

27 აპრილს, ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებამდე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს და რომლის საფუძველზეც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს ეკავა. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. 27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას სრულად არ იზიარებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ და შესაბამისად, დოკუმენტზე მათ არც ხელი მოუწერიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ასევე აღნიშნა, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტის მომზადება მოუწევთ ისე, რომ ის არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია კანონპროექტის საკითხზე ამბობს: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს (შეთანხმების ტექსტის თანახმად, მასზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლაზე თანხმობასაც ნიშნავს) პარტიებმა: „ქართული ოცნება“, „ლელო“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩმი, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ „მოქალაქეები“, „რესპუბლიკური პარტია“. ლელო 4 მანდატი აქვს მოპოვებული (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი); „ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალი „რესპულიკელებიდან“ პარლამენტის საქმიანობაში კი ხვალ, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ჩაერთვებიან. შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა; ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებს; „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ. დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესულმა დეპუტატებმა, „ევროპელმა სოციალისტებმა“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემოთავეზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ლეიბორისტულმა“ პარტიამ, რომელსაც ერთი მანდატი (შალვა ნათელაშვილი) ეკუთვნის. დოკუმენტზე ხელმომწერები პარლამენტში 27 აპრილს საქმიანობას ამნისტიის საკითხით დაიწყებენ. მათ შორის არ იქნება თაკო ჩარკვიანი, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ ახლა, პარლამენტში შესვლის დრო არ არის, როცა „ოლიგარქიულ რეჟიმს თითქმის უკვე ათმობინებდნენ წართმეულ სახელმწიფოს“. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არჩევნებზე სულ 4 მანდატი (გიორგი ვაშაძე; თამარ ჩარკვიანი; პაატა მანჯგალაძე; თეონა აქუბარდია) მოიპოვა. „ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ამაში განსაკუთრებული და უცნაური არაფერი არ არის, მთავარი საკითხი ახლა არის ამნისტიის კანონპროექტი, რადგან განსაცდელში ვერ მივატოვებთ იმ პოლიტიკურ დევნილებს, რომლის აღიარებაც მოხდა. ამნისტიის საკითხის შემდეგ, სხვა პუნქტებზე გადავალთ, რადგან კარს მოგვადგა უკვ არჩევნები და იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, აუცილებელია ყველა იმ ცვლილების მიღება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რადგან თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, შეთნხმება ითვალისწინებს კომპრომისებს და ამისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. კომპრომისი ვერ მოხდება მწამებლებთან და ჯალათებთან დაკავშირებით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რომ ამნისტის მაღალი თანამდებობის პირებს შეეხოთ. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკა, რომ დაზარალებულის თანხმობით ხდებოდეს მხოლოდ ამნისტია, გვინდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწევთ ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა Europetime-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც ბოიკოტს გამართლებულად ამ ეტაპზე უკვე აღარ მიიჩნევს, „ევროპული საქართველოს“ სიით გასული შალვა შავგულიძეა. შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, ხვალ პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. შალვა შავგულიძემ Europetime-თან განაცხადა, რომ ადრე ბოიკოტს ემხრობოდა, რადგან დასავლეთის მკაფიო ყურადღება გვჭირდებოდა იმის გამო, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე. „ჩვენმა პარტნიორებმა ნახევარწლიანი მედიაციის შედეგად წარმოადგინეს პირობები, რომელიც არის კომპრომისის ბოლო შესაძლო ვარიანტი. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ვითარება ნორმალიზებულ კალაპოტში მოქცეულიყო და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეები არ შექმნოდა, მით უმეტეს, რეგიონში შექმნილი მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთის წარმომადგენლობის გაზრდამ გამოიწვია, ასევე - უკრაინასთან კონფლიქტი. ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია გასათვალისწინებელია და საჭიროა, საქართველოში პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია იყოს. ეს შედის ამ ქვეყნის ინტერესში. შეთანხმება ორი პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. დოკუმენტში არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის პერსპექტივა, (გამართლებულად არ მიმაჩნია ის მექანიზმი, მაგრამ ამ თემის გახსნის მექანიზმი გამოჩნდა). ხელისუფლება პრაქტიკულად აღიარებს ხელმოწერით, რომ ეს ორი საქმე საზოგადოებაში პოლიტიკურად აღქმულია; რომ ვადამდე არჩევნებზე საუბარი შეიძლება იყოს გარკვეული დათქმებით, რომელიც ალბათ მუშაობის პროცესში დაიხვეწება; რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმა; საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის რეფორმა - ამაზე უარის თქმით თუ ხელს ავუკრავდით დასავლეთს, რას გვეტყოდნენ - რომ მეტი არ შეგვიძლია, მხოლოდ ამ კომპრომისულ ვარიანტზე შევძელით პოზიციების მიახლოება და თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გავარკვიოთ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, რაზე ვთანხმდებით. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მედიაციიდან გავიდოდა დასავლეთი და დავრჩებოდით პირისპირ ამ პრობლემებთნ, გამოდის, რომ უარს ვეუბნებოდით დასავლელ პარტნიორებს და საბოლოოდ, თუ ასეთ სვლას გავაგრძელებთ, მარტო დავრჩებით რუსეთის პირისპირ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს. „ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალი დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.

რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი

"აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან", - ამის შესახებ Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, რუსეთის და დასავლეთის დაპირსპირებაში, მათი რესურსების შეფასებისას. როგორც Europetime-თან ინტერვიუში ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება. მისი თქმით, პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა, თუმცა რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. "ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის. პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი?! 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?!" - განუცხადა Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა. ექსპერტი: აშშ-ს ახლი პოლიტიკის შედეგად რუსეთს რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, საკუთარ ქმედებებზე გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს

თორნიკე შარაშენიძე: ის რომ დასავლეთი უკრაინას უფრო ხშირად ახსენებს, ვიდრე საქართველოს, ბევრს არაფერს ცვლის

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, უკრაინას უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე საქართველოს, რეალურად ბევრს არაფერს ცვლის. როგორც Europetime-თან საუბარში შარაშენიძე განმარტავს, უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო, რადგან იქ, რუსეთთან ომი გრძელდება. „დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხშირად ახსენონ უკრაინა, ამ ეტაპზე, ის ვერც NATO-ში გაწევრიანდება და ვერც ევროკავშირში. ვიდრე უკრაინას ტერიტორიები წართმეული აქვს, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შევიდეს NATO-ში. ეს საუბარი, ცარიელი წყალია და მეტი არაფერი. ამიტომ, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მეტად ხსენება, ვიდრე საქართველოსი, რეალურად არაფერს ცვლის. უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. იქ ომი გრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, უკრაინა საქართველოზე მდიდარი კი არის, მაგრამ გაცილებით კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კი, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად, ამ კრიზისიდან გამოსვლა მაინც შეძლო, ამიტომ, მე ამ სკეპტიციზმს არ ვიზიარებ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება. ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს ძალიან ჩამოვრჩებით. უახლოეს წლებში, დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკური ზრდის პროცესს“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძე. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მიმართა NATO-ს და ალიანსის წევრ ქვეყნებს უკრაინის NATO-ში გაწერვიანების დაჩქარების მოთხოვნით. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს დასავლეთის მხარადაჭერა რუსეთთან დაპირისპირებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს უკრაინის დაცვა რუსეთისგან, მაშინ დაჩქარებული წესით უნდა მისცენ მათ MAP-ი. თორნიკე შარაშენიძე: ამ შეთანხმების შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი

Eurasianet-ი საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება დაბრკოლებას აწყდება

„საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება დაბრკოლებას აწყდება“, - ამ სათაურით სტატიას Eurasianet-ი აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ ოპოზიციისა და მთავრობის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, მხარეები შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით, იურიდიულ ნიუანსებზე კამათობენ, რაც ეხება ფართო ამნისტიას და რომელიც მოიცავს ოპოზიციის მთავარი ფიგურების ციხიდან გათავისუფლებას. „კრიზისის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას, საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლება იყო. მთავრობამ წინააღმდეგობა გაუწია, ამტკიცებდა, რომ მან დაარღვია კანონი 2019 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობისკენ მოწოდებით. ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფართო ამნისტიის კანონის საფუძველზე მელიას გათავისუფლებაზე დაითანხმეს. კანონი მმართველმა პარტიამ უნდა წარადგინოს და მიიღოს პარლამენტმა, რომელიც ახლა თითქმის მხოლოდ მმართველი პარტიისგან შედგება, ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა და წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას და თანახმაა, შეწყვიტონ ბოიკოტი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა დოკუმენტზე ხელმოწერაზე და ამტკიცებს, რომ მელია სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. კრიზისის განმავლობაში, ოპოზიციამ მელია, როგორც ალექსეი ნავალნის სტილის ფიგურად ჩამოაყალიბა, „მარტოხელა მეომრად“ რომელიც მთავრობის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა. იმავდროულად, მთავრობამ წარმოაჩინა მელია, როგორც „ავანტიურისტი“, რომლის მიზანი მთავრობისადმი საბოტაჟია“, - წერს Eurasianet-ი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს, მათ შორის არის “პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება“: საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი

საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოსა და უკრაინის მიერ ერთიანი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე მიუთითებს, რადგან მიიჩნევს, რომ გლობალური პროცესები გვკარნახობს, დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან და უკრაინასთან ერთად. ჩეჩელაშვილი საკმარისად არ მიიჩნევს „ზოგად შეფასებებსა და რბილ განცხადებებს, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას“. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავლებს პარალელს, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ და აცხადებდნენ, რომ NATO-ში მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედ ქვეყნების ერთიანობაში იყო. „ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, იგივე პოლიტიკას მიმართა ვიშეგრადის ჯგუფმაც, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ -ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-სწევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. რამ განაპირობა რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების განახლება, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს დასავლეთი უკრაინის დასაცავად; NATO-ში გაწევრიანების რა შანსები აქვს. როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე და რამდენად შესწევს ძალა კრემლს აშშ-ის და ევროპის ერთიან ძალებს დაუპისპირდეს, ამ საკითხებზე Europetime ელჩს, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა: დღეს, უკრაინა რუსეთთან ომშია. ეს არის ობიექტური რეალობა. რუსეთი გარკვეული მიზეზების გამო ცდილობს ამ ომის ახალი ტალღის წამოწყებას, პირდაპირი აგრესიის სახით. _მაინცდამაინც ახლა, ამ ვითარებაში, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა? ეს ხომ არ არის რუსეთის ერთგვარი რეაგირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის საპასუხოდ, იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ, ევროკავშირმა და NAtO-მ გადაწყვიტეს კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ. რის მიღწევას ცდილობს კრემლი? ფაქტორების სამ ჯგუფს გამოვყოფდი. პირველი ჯგუფი უკავშირდება აშშ-ის ახალადმინისტრაციას, რადგან პუტინი ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებით ძალიან გაღიზიანებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ აშშ რუსეთს მთავარ მოწინააღმდეგედ არ აღიქვამს. ასეთად ის ჩინეთს აღიქვამს. ამასთან, ბაიდენმა ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და პუტინს მკვლელი უწოდა. ბაიდენი დასაწყისშივე არ დაელაპარაკა პუტინს და თქვა, რომ დაელაპარაკება მაშინ, როცა ამის დრო მოვიდოდა. ამან ძალიან გააღიზიანა პუტინი. ამ დაძაბულობის შედეგად, პუტინმა ნაწილობრივ დაიკმაყოფილა თავისი ეგო, რადგან 13 აპრილს, ბაიდენთან მისი სატელეფონო საუბარი შედგა. ფაქტორების მეორე ჯგუფი უკავშირდება უკრაინის ახალ პრეზიდენტს.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან თანმიმდევრულად და მტკიცედ დაიწყო,უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში კარგად ინტეგრირებული რუსული მეხუთე კოლონის დემონტაჟი. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ოდიოზურ ფიგურას, როგორიც არის მედვედჩუკი. ამითაც ძალიან გაღიზიანებულია პუტინი, რადგან უკრაინაში გავლენის ბერკეტებს კარგავს. ფაქტორების მესამე ჯგუფი შიდა რუსული პრობლემებია - ეს არის ეკონომიკა,ხალხის ზოგადი უკმაყოფილება. საპენსიო ასაკის აწევის გამო პენსიონერების უკმაყოფილება, ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი, ახალგაზრდების უკმაყოფილება, რეგიონული ნაციონალური სეპარატიზმის გამოვლინებების გაძლიერება, საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთის შევიწროება და რაც მთავარია, ალექსეი ნავალნის საქმე, რომელმაც მთელი რუსეთი და მსოფლიო ააფორიაქა. შესაბამისად, პუტინი ბედნიერი არ არის იმ რეიტინგებით, რომლებიც მის პარტიას აქვს 2021 წლის სექტემბერში დანიშნული ახალი არჩევნების მოლოდინში. შესაბამისად, ამ სამი ჯგუფის ფაქტორების გათვალისწინებით იყო გამოწვეული რუსეთის სამხედრო გააქტიურება უკრაინის საზღვრებთან. _2008, 2014 წლებთან რომ გავავლოთ პარალელები, რამდენად შეცვლილია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხი და რამდენად ქმედითუნარიანი და შედეგის მომტანი იქნება უკრაინისთვის ეს მხარდაჭერა?თუნდაც ის გარემოება, რომ რუსეთისგან თავდასაცავად, უკრაინის პრეზიდენტი NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს, დასავლეთს რამდენად აქვს საკმარისი ბერკეტები, რუსეთის არაპროგნოზირებად ქმედებებს პასუხი გასცეს ისე, რომ უკრაინა არ დაზარალდეს? ამ პროცესში საქართველო რა პოზიციაზეა? უკრაინის ასეთი დამოკიდებულება და პოლიტიკა თვითონ პუტინის პოლიტიკამ განსაზღვრა - იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი ტაქტიკური მოთამაშე, მაგრამ ცუდი სტრატეგი. მან საქართველოში 2008 წელს ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციები გაითამაშა, უკრაინაში - 2014 წელს. რის შედეგადაც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ საქართველო დაკარგა, ყირიმის ანექსიით დაკარგა უკრაინა, კონტროლი აქვს დნესტისპირეთზე, მაგრამ დაკარგა მოლდოვა. ამ მანკიერ პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ თამაშის წესებს. ეს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემებს პუტინს, ამ სანქციური პოლიტიკის ჩათვლით, არამედ ქვეყნის შიგნითაც. პრაქტიკულად, ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელიც რუსეთის გულწრფელი მოკავშირეა. თუ რუსეთს ჰგონია რომ ჩინეთია, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ბელარუსი, სომხეთი ანტაჯიკეთი, თითქოს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, იქაც კი საზოგადოებრივ განწყობებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ყველა ხედავს, რომ კრემლს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება უფრო მეტად შეასუსტოსთავისი სამეზობლო, დემოკრატიის გაძლიერება და იმ სახელმწიფოს განვითარება, კეთილდღეობა არ დაუშვას და ა.შ. შესაბამისად, შეინარჩუნოს დომინირება. საქართველოს მიმართაც იგივე ჭეშმარიტებაა. ეს პოლიტიკა რუსეთს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემას, არამედ შიგნითაც. კრემლი ცდილობს, ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდოს, მაგრამ ახლა სხვა სამყაროა, ადამიანებს მოგზაურობას ვერ აუკრძალავ, ვერც ინტერნეტით სარგებლობას, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უნდა გახდე. ამიტომ, რუსეთის შიგნით საზოგადოებაში თანდათან აკუმულირდება პუტინის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება. ამას ისიც ემატება, რომ პუტინი უკვე ის პუტინი აღარ არის, რომელიც 10 და15 წლის წინ იყო, კარგად მახსოვს, როდესაც ძალიან აქტიური და სხარტი იყო.რთულ შეკითხვებზე პასუხს მარტივად პოულობდა. ამაში ერთგვარ სიამოვნებასაც კი იღებდა. რაც უფრო მწვავე კითხვას უსვამდნენ, გამოწვევად იღებდა დაპასუხობდა. ახლა რომ დავაკვირდეთ მის გამოსვლებს და პასუხებს, ხანდახან ძალიან უჭირს სხარტი პასუხების მოძებნა. მერკელის ვიზიტის დროს, მოსკოვში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირანის მაგივრად უკრაინა ახსენა დაკიდევ სხვა შეცდომები დაუშვა. ბუნებრივიც არის, 20 წლის განმავლობაში არაბუნებრივი სიმძლავრის წნეხის ქვეშ იმყოფება, რომელიც დიდ წილად თვითონაც შექმნა. როდესაც ყველას უპირისპირდები შიგნით და გარეთ - ვინც მასთან არ არის, ყველას მტრად იღებს. ეს წნეხი ხომ მასზეც, როგორც ბიოლოგიურ არსებაზე მოქმედებს. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ სერიოზული პრობელმები ელოდება პუტინს, რომელიც განპირობეულია პრობლემების ამ ორი ჯგუფით. ერთი რუსეთის შიგნით, მეორე გარეთ, დასავლეთის კონსოლიდირების შედეგად. _რამდენად დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა პანდემიამ და რამდენად აისახება ეს ფაქტორი მის საგარეო პოლიტიკაზე? რამდენად გაუმკლავდება რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ერთიანი ძალებით შეტევას? პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა. თუმცა ეკონომიკურად რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის. აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ დაატოლებ. პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი? 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?! თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება. ეს გლობალური პროცესები გვკარნახობს, რომ დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან დაუკრაინასთან ერთად. საკმარისი არ არის რაღაც სახის ზოგადი შეფასებები და რბილი განცხადებები, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას. მივესალმები, ელჩის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ელჩის დაბრუნება სულ სხვანაირი ფორმით უნდა მომხდარიყო. საგარეო საქმეთა მინისტრს ბევრად უფრო ძლიერი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომელიც ახსნიდა, რატომ, რისთვის; რომ უკრაინა ჩვენი პარტნიორია; პარტნიორობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და დაშვებული შეცდომები დავივიწყოთი იმიტომ,, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად ამ ბრძოლაში. ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა კიდეც, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიზიტით ჩასულიყო კიევში, თან ჩაეყვანა ელჩი. ამას მიეცემოდა სულ სხვა ჟღერადობა. ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი გზავნილი. შეხვდებოდა ზელენსკისაც. შესაბამისად, საქართველოს თემა გაჟღერდებოდა და შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად - უკრაინასთან ერთად საქართველოც NATO-ში, ერთი დღის წესრიგი გვაქვს, ერთი პრობლემები გვაქვს, ერთად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ, საქართველოც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში ისევე უნდა იყოს, როგორც არის უკრაინა. _ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს არჩეული და ე.წ საფრთხის დაბალანსების პოლიტიკას მიმართავს იმისთვის, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია არ მიიღოს, რასაც კრიტიკულად აფასებენ რიგი ექსპერტები. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას? უკრაინამ 1997 წელს, რუსეთთან თანამშრომლობის და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება დადო. მერე მოხდა ამის რატიფიკაცია პარლამენტში. მოგვიანებით, საზღვრების დელიმიტაციაზე პუტინმა მოაწერა ხელი. ეს ყველა დოკუმენტი რუსეთმა აიღო და ნაგვის ყუთში მოისროლა. ამიტომ, რუსეთთან რა სახის ხელშეკრულება და შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს, არცერთ ქვეყანას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ის პირობას შეასრულებს. ჩვენ რომ ვიყოთ შვეიცარია, საზღვარი არ გვქონდეს რუსეთთან და ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს - როცა რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს და კლავს. ამის მაგალითებია, ტატუნაშვილი, ოთხმეზურია და კიდევ სხვა ბევრი შემთხვევა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კიდევ შეიძლება, რომ გამართლებული ყოფილიყო, თუნდაც რომ დაგვენახა, აფხაზეთს და ცხინვალს ქართველებთან დალაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას ურჩევს. ჩვენ ხომ ამას ვერ ვხედავთ?! კი ბატონო, ვაჭრობა გაიხსნა, ტურისტები შემოდიან, მაგრამ უკაცრავად, ეკონომიკა და ვაჭრობა რომ გაიხსნა, ამით ჩვენც ვსარგებლობთ და რუსებიც სარგებლობენ. რუსეთი გაცილებით მეტ თავის პროდუქტს ყიდის აქ, ქართულ ბაზარზე, ვიდრე ჩვენ ვყიდით რუსეთში. ამიტომ, რუსებსაც არანაკლებ აწყობთ სავაჭრო ურთიერთობა, ვიდრე საქართველოს. კრემლი ცდილობს, რუსი ტურისტების შემოსვლა შეზღუდოს საქართველოში, რადგან არ აწყობს, მისმა მოქალაქეებმა დაინახონ, რამდენად ბევრად დალაგებული ქვეყანაა საქართველო. მილიონზე მეტი ტურისტი, რომელიც პანდემიამდე ჩამოდიოდა, რუსეთში დაბრუნების შემდეგ თავის გარემოცვასთან სიმართლეს ჰყვებოდა, მერე მათი გარემოცვის ტვინის რეცხვა რთული ხდება. ამის გამოც აწყობს, პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვა. რუსების 70 პროცენტი ხმელეთით შემოდიოდა. მთელი ჩრდილოეთ კავკასია აქ ჩამოდიოდა, რადგან მათთვის ვართ თავისუფლების დადემოკრატიის კუნძული. სხვა პლუსებზე აღარ ვსაუბრობ. _უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთისგან მისი რეალურად დაცვის ერთადერთი გზა, მისი NATO-ში გაწევრიანებაა. ამ მოცემულობით რა შანსები აქვს უკრაინას? რამდენად რეალურია მისი NATO-ში გაწევრიანება ასეთი კონფლიქტებით, და საქართველო რა პოზიციაზეა ამ პროცესში? შეიძლება თუ არა პარალელების გავლება ახლანდელ მდგომარეობას და ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების წინაპირობებს შორის? ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგი მაგალითია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. აცხადებდნენ რომ მათ არ სურთ მარტო გაწევრიანება, მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედამ სამი ქვეყნის ერთიანობაშია, ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, ვიშეგრადის ჯგუფმაც იგივე პოლიტიკას მიმართა, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ - ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-ს წევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა. ამის გარდა, აღნიშნულმა ქვეყნებმა, ძალიან მნიშვნელოვანი დაწარმატებული რეფორმები განახორციელეს. დღეს დღეობით, ჩვენი ეკონომიკა სავალალო ვითარებაშია. 9 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არ გვქონია. რომ შევადაროთ ევროკავშირის წევრ ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ბულგარეთის ეკონომიკა ბოლო 9 წლის განმავლობაში 25 პროცენტით გაიზარდა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ შეგვაფასებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ რომ ვიყოთ ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფოები, გაცილებით უფრო რეალისტური იქნებოდა გაწევრიანება, NATO-სა და ევროკავშირში. მაგრამ უკრაინისთვის ოლიგარქიული, კორუფციული და ეკონომიკური პრობლემები არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენც ხომ შეგვიძლია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით პროგრესის მიღწევა?! სწორედ ამაზე მწყდება გული,რომ სათანადო მუშაობა არ მიმდინარეობს. სწორედ ეს მთავარი საკითხებია, რამაც უნდა დააგვაახლოვოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. _NATO-სთან ურთიერთობის ჭრილში, თქვენ ახსენეთ ბალტიისპირეთის ერთიანი პოზიცია, რომ ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო მთელი რეგიონი და არა მხოლოდ ცალკეული ქვეყანა. დღეს უკვე NATO დიდ ინტერესს იჩენს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მიმართ. ამ შემთხვევაში რამდენად ზრდის შავი ზღვის აუზი საქართველოსთვის და უკრაინის სტრატეგიულ საჭიროებას და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტორი? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებს შესვლის უფლებას აძლევს. შავი ზღვის უსაფრთხოება არის NATO-ს დღის წესრიგში ძალიან პრიორიტეტული საკითხი, საქართველო და უკრაინა ერთიან კონტექსტში განიხილებიან. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან NATO-ს წევრი ქვეყნები. ჩვენ ერთიან სივრცეში მოვიაზრებით, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნები. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ სერიოზულ გეოპოლიტიკურ სივრცეს NATO-სთვის ამ რეგიონში, რომელიც ახლოს არის ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან. ჩვენი ქვეყანა NATO-სთვის დიდი შენაძენი იქნება, ჩვენ რომ გამოვამჟღავნოთ ისეთი ფასეულობების მიმართ ერთგულება, როგორიც არის, ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებზე აგებული სტაბილური და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება, დასავლურ სამყაროში მიღებული თამაშის წესებით უნდა ვიმოქმედოთ, არამხოლოდ - ვილაპარაკოთ. ის რომ, ჩვენ ვართ ევროპელები, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დავადასტუროთ და ბევრი რამ გავაკეთოთ, რომ დასავლეთისთვის ღირებული პარტნიორი გავხდეთ. როგორც კი დასავლეთი დარწმუნდება, ჩვენ ვართ ღირებული, თვითმყოფადი,თვითკმარი, სტაბილური პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, არამხოლოდ მოითხოვოს, თავისი კონტრიბუციაც გააკეთოს NATO-ს ინტერესების დღის წესრიგში, სულს ხვა ვითარებას მივიღებთ. ეს ჩვენც გვეხება და უკრაინასაც. აი, აქ ძლიერი დუეტია, გაცილებით უფროძლიერი ფაქტორი, ვიდრე სოლო. ამის მომხრე ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დინამიური განვითარებაა ჩვენი საკვანძო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ მიმართულებაზე ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა. იმედია საგარეო საქმეთა სამინისტრო მაზე სერიოზულად ფიქრობს და მუშაობს.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ჯასტინ შერმენი: შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციის შეკავების საყოველთაო სტრატეგია სჭირდება

„შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციის შეკავების საყოველთაო სტრატეგია სჭირდება“, - ამის შესახებ სტატიას ატლანტიკური საბჭოს არარეზიდენტი წევრი, კიბერსაკითხების სპეციალისტი, ჯასტინ შერმენი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დეზინფორმაციის პრობლების დაძლევაზე უნდა ფოკუსირდეს. „„მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საჯარო სტრატეგია, რომლის მთავარი კომპონენტია შეკავება. ასეთ სტრატეგიაში ხაზი უნდა გაესვას სასჯელს, როგორც შეკავების ზომას, სადაც მთავრობამ უნდა შეასრულოს აქტიური როლი, დეზინფორმაციის შეკავების კიდევ ერთი ბერკეტი კონკრეტული ფაქტების უარყოფა უნდა იყოს და ეს საკითხი მთავრობამ კერძო სექტორთან უნდა გაიაროს. ინფორმაციის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპია მონაცემთა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვა. „კიბერ კონფლიქტის“ მომავლისთვის ამ სამი ელემენტის დაცვა საკმარისი არ არის. რაღაც სიმართლის დეზინფორმაციად აღქმის პრობლემას კიბერ კონფლიქტისა და ამერიკული დემოკრატიის მომავლის შესახებ „კრიტიკულ გაკვეთილამდე“ მივყავართ. დემოკრატიული პროცესების ეფექტურობის უსაფრთხოების საკითხს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მედია მოქალაქეები, ერთმანეთის მოწინააღმდეგეები და თუნდაც საჯარო მოხელეები ვაჭრობენ დეზინფორმაციით ისე, რომ საზოგადოების ნდობას მთლიანად ძირს უთხრიან. ეს ცხადი გახდა, როდესაც შეიარაღებული აჯანყებულები ტერორისტული მრისხანებით შეიჭრნენ ამერიკული დემოკრატიის ადგილას, ტყუილით, რომ არჩევნების შედეგები ყალბი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტების მოწყვლადობა ასე აშკარა არ იყო ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კომპიუტერული ქსელების „დაჰაკვასთან“. პროპაგანდა დიდი ხანია წარმოადგენს იარაღს, რომელსაც იყენებენ მთავრობები როგორც დემოკრატიული, ასევე ავტორიტარული, ომის დროს და კამპანიებში; შეერთებული შტატები არ არის გამონაკლისი. ინტერნეტის მიერ მოწოდებული მასშტაბი და შესაძლებლობები მასობრივი შეტყობინებების და სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბების უპრეცედენტო დონეს აღწევს. ავტორიტარული მთავრობები, განსაკუთრებით ჩინეთისა და რუსეთის მთავრობები, მილიონობით ან თუნდაც მილიარდობით დოლარს ხარჯავენ დეზინფორმაციული კამპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ზოგჯერ განსხვავებული მიზნები და ტაქტიკა აქვთ, ორივე მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას. ეს საყოველთაოდ ცნობილია, განსაკუთრებით კრემლის მხრიდან აშშ-სა და ევროპის არჩევნების წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის შემდეგ, ასევე, ჩინეთის მთავრობის დეზინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის შესახებ. შეერთებული შტატების წინააღმდეგ რუსული ოპერაციები იმის მაგალითია, როგორ შეუძლიათ მოწინააღმდეგეებს ინფორმაციით მანიპულაციის შერწყმა კიბერ ოპერაციებთა“, - წერს კიბერსაკითხების სპეციალისტი. დეზინფორმაციის შეკავების სტრატეგიის საჭიროებაზე Europetime-თან ინტერვიუში „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორმა გერმანიის მარშალის ფონდში ლორა თორნტონმა ისაუბრა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.