თეგი: იმპორტი
თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 253.7 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ დოლარია (+32.8%), ხოლო იმპორტი - 3 666.2 მლნ დოლარი (+33.7%). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (637.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (403.03 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (324.3 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132 მლნ. აშშ დოლარით (8.3%). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 337.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2% შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 319.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7%). ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).
საქართველოში ავოკადოს იმპორტი სწრაფად იზრდება
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ავოკადოს იმპორტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130%-ით გაიზარდა. ძვირფასი ხილის მთავარი მომწოდებლები არიან ნიდერლანდები და თურქეთი. თუ მანამდე მიწოდებაში ნიდერლანდები ლიდერობდა 2022 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ავოკადოს 50%-ზე მეტი საქართველოს თურქეთმა მიაწოდა. შედეგად, ქვეყანაში, ამ ხილის იმპორტი 5-ჯერ გაზარდა. აპრილში საქართველოში 71 ტონა ავოკადო იმპორტირდა, რაც ასევე 130%-ით მეტია 2021 წლის აპრილთან შედარებით. EastFruit-ის ანალიტიკოსები ავოკადოს პოპულარობის სწრაფ ზრდას საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მატებას უკავშირებენ, რომლებიც ამ ხილს იცნობენ და უყვართ.
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთში - TOP 5 პროდუქტი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი წინა წლის მსგავსად, კვლავ საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა. საქსტატი: პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა TOP-5 საექსპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის: 1) ფეროშენადნობები - 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%; 2) ღვინოები - 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%; 3) მინერალური და მტკნარი წყლები - 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%; 4) სპირტიანი სასმელები - 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%; 5) გაზირებული წყლები შაქრით - 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%. ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთისგან $553.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია. იმპორტში პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია. გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულებაც და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოდის: 1) ნავთობპროდუქტები - $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%; 2) ბუნებრივი აირი - $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%; 3) ქვანახშირის კოქსი - $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%; 4) ხორბლის ფქვილი - $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%; 5) მარგარინი - $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%. ამ მონაცემებით, რუსეთი კვლავ საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია.
რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დარგში და რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით Europetime საკითხით დაინტერესდა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია. ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლები 2017 წელი - 97,9 ათასი ტონა; 2018 წელი - 107,1 ათასი ტონა; 2019 წელი - 100,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 102,4 ათასი ტონა; 2021 წელი - 139,9 ათასი ტონა; საქსტატის მონაცემებით, ხორბალი შემდეგ რეგიონებში მოდის: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სხვა რეგიონები (აჭარა, იმერეთი მცხეთა-მთიანეთი). ციფრები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით წამყვანია კახეთი, სადაც ხორბლის მოსავლის 80% მოდის, მეორეა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები) ხორბალი 15%; სიმინდი 68%; კარტოფილი 92%; ბოსტნეული 63%; ყურძენი 145%; ხორცი 49%; რძე და რძის პროდუქტები 81%; კვერცხი 97%. Europetime- თან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს. „აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს ფიფია. ეს სურათი საქსტატიდან მიღებულ ციფრებშიც იკვეთება. ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2022 წელი: ავსტრია - 0,30 ათასი ტონა; გერმანია - 0,30 ათასი ტონა; ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2021 წელი: რუსეთი - 337 694.72 ათასი ტონა; აშშ- 24 355.52 ათასი ტონა; სომხეთი - 2 493.50 ათასი ტონა; ყაზახეთი - 2 000.01 ათასი ტონა; თურქეთი - 71.00 ათასი ტონა; ავსტრია - 44,37 ათასი ტონა; საბერძნეთი - 43.00 ათასი ტონა; სლოვაკეთი - 20.01 ათასი ტონა; უკრაინა - 20.00 ათასი ტონა; საფრანგეთი - 3,20 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა. მცირე პარტიების იმპორტი გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა. რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო, ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე Europetime სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა. ET: თვეზე მეტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით? ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს. ET: ჩვენთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულება საქართველოსთვის სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს. ET: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს? დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით მოსავლის აღების პირობებში, ამინდი გვიშლის ხელს, თორემ ხორბლისა და ქერის პირველი მოსავალი უკვე აღებული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა, უკეთესი მოსავალი გვექნება. იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება, ერთის მხრივ, უნდა მოვსინჯოთ ახალი სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ვცადოთ ხორბლის წარმოების მასშტაბების გაზრდა და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ფერმერებს. ET: რა შედეგზე აპირებთ გასვლას? ბუნებრივია არსებობს შესაბამისი გათვლები. ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს. ET: გეგმავს თუ არა ხელისუფლება ხორბლის მარაგების შევსებას და ბაზრის დივერსიფიცირებას? ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით.
რატომ ვერ ვითარდება მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება - მიზეზები
მზესუმზირის ზეთი სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტია. 2022 წლის ივნისში საქსტატმა გაასაჯაროვა ინფლაციის მონაცემები, (13,3%) რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 6,88%-ია და ზეთი და ცხიმები კიდევ 17,7%-ით გაძვირდა. რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი ადგილობრივი ბაზარი ზეთის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. Europetime-ს მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები: რუსეთი - $3,460.5 ათასი - 2,055.6 ტონა; აზერბაიჯანი - $1,976.9 ათასი - 1,040.3 ტონა; უკრაინა - $ 416.1 ათასი - 239.3 ტონა; იტალია - $ 16.0 ათასი, 5.2 ტონა; სომხეთი - $ 5.9 ათასი - 3.2 ტონა; გერმანია - $ 4.8 ათასი - 1.8 ტონა; ბელგია - $ 0.3 ათასი - 0.1 ტონა; თურქეთი - $ 0.1 ათასი - 0.1 ტონა; ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა გადის. 2019 წელს საქართველოში $38,284.6 ათასის ღირებულების მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა, 2020 წელს ამ პროდუქტის იმპორტისთვის ქვეყნიდან $45,650.7 ათასი გავიდა, 2021 წელს - $47,280.0 ათასი, 2022- 4 თვეში $ 5,881.6 ათასი. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზესუმზირის ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცხადებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონში, წნორში მზესუმზირისგან ბიოზეთს აწარმოებს, Europetim-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოო სიმძლავრის ზრდას მზესუმზირი მოსავლის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს. „მზესუმზირას სჭირდება წყალი და ძირითადად ამინდზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მზესუმზირის წარმოება მცირეა. მცენარე ძირითადად იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია“, - ამბობს ბეგალიშვილი. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მზესუმზირის ზეთის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. „ერთ ჰექტარზე სამ ტონამდე მზესუმზირის მოსავალი მივიღე. წარმოებამ 300-400 ლიტრი შეადგინა. პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ლიტრის ფასი 15 ლარია. ზეთს მცირე 350 გრამიანი დაფასოებით ვყიდი, რომლის ფასიც 6 ლარია“- ამბობს ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი. მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში: 2016 წელი - 3.7 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3.2 ათასი ტონა; 2017 წელი - 4.6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,2 ათასი ტონა; 2018 წელი - 2,9 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3 ათასი ტონა; 2019წელი - 2,6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 2,5 ათასი ჰექტარი - მოსავალი 1,9 ათასი ტონა; 2021 წელი - 3.0 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,1 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა. რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში მზესუმზირის ადგილობრივი წარმოება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მომავალში მაინც მცირედით შემცირდეს? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი Europetime-თან ამბობს, რომ მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. ამასთან, მისი განვითარება და მასშტაბები არასდროს ყოფილა შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. „მზესუმზირა, საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოებისთვის იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა და მონაცვლეობის თემა დალაგებულიყო, ამიტომ მზესუმზიროს ნათესი ფართობის მასშტაბი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის სეგმენტზე, ქერზე და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის საჭირო მარცვლეულზე. რა თქმა უნდა კარგია, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები გავზარდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მზესუმზირას განსხვავებით ხორბლისა და ქერისგან სჭირდება მორწყვა და სასურველია დაითესოს მიწის ისეთ ნაკვეთებზე, რომელიც ირწყვება. სადაც დღეს მზესუმზირა იწარმოება, (პატარა შირაქი, კასრისწყალი და ა.შ.) ყველგან ურწყავი ფართობებია, ამიტომ ნათესი ფართობების მასშტაბების გაზრდაზე დღეს ძალისხმევის მიმართვა არაეფექტური და არასწორი იქნება. მაშინ ეს მიწები პირველ რიგში უნდა გასარწყავიანდეს. დღეს, რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად შედეგი არ იქნება. ახლა ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლობის მოთხოვნა 100% დაკმაყოფილდეს. ადგილობრივი მცირე ზეთის სახდელები კახეთშია და მათი წარმადობა იმ მასშტაბის ადეკვატურია, რა რაოდენობის მზესუმზირაც იწარმოება. დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი ზეთსახდელია, რომელიც ამარაგებს ქვეყანას კახეთში წარმოებული რაფინირებული ზეთით. ეს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებულად იყიდება“- აცხადებს გელა ხანიშვილი. P.S.ივნისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 8,5 -ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.
კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა
კანადამ უკრაინაში ომის საპასუხოდ, რუსეთიდან ოქროს საქონლის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა. იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი კანადა კრძალავს ნედლი და ნახევრად მზა ოქროს, ოქროს ფხვნილის, მონეტის ოქროსა და ოქროს სამკაულების იმპორტს. შეერთებული შტატების, კანადის, ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობლივი სურვილი რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ, ივნისის ბოლოს G7-ის სამიტზე გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ასევე 7 ივლისს კანადამ სანქციების სიაში დაამატა, რუსეთის 29 მოქალაქე და 15 კომპანია. მათ შორის Roskomnadzor-ი, პატრიარქი კირილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი და პროპაგანდისტი ალინა კაბეევა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს." აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg
საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი იზრდება
2022 წლის დასაწყისიდან საქართველოში, რძის პროდუქტების იმპორტი 1/3-ითაა გაზრდილი. იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 650 ტონა ყველი და ხაჭო იმპორტირდა და შესაბამისად ქვეყნიდან $7,2 მილიონი გავიდა. საქართველოში რძის პროდუქტების ძირითადი იმპორტიორია გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი. საქართველოში რძის პროდუქტების ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები: გერმანია - $1,4 მილიონი, 296 ტონა; რუსეთი - $1,1 მილიონი, 373 ტონა; თურქეთი - $948 ათასი, 258 ტონა; ნიდერლანდები - $710 ათასი, 137 ტონა; პოლონეთი - $605 ათასი, 118 ტონა.
ივნისში საქართველოს ექსპორტი 25%-ით, $439 მილიონამდე გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 467.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 548.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 918.9 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 370.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში $439 მილიონის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით ანუ $88 მილიონით მეტია. ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და $1.04 მილიარდი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 21%-ით ანუ $183 მილიონით მეტია.
რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით
„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს, ამის გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტთან შეეცადა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. „ერთი კუბური მეტრით მეტი გაზიც რომ გავიდეს საქართველოზე, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ სარგებელს მოიტანს. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში, როცა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი წლიურად, შეღავათიან ფასში უნდა მივიღოთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რამდენიმე წელიწადში ვადა უმთავრდება. ინფორმაციისთვის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული. პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია. განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO. ამიტომ, 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ამოღება ჩვენი ბალანსიდან გარკვეულ პრობლემას შექმნის ტარიფებთან დაკავშირებით - ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია - თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], ეს ძალიან კარგ ამინდს შექმნის ჩვენთან, რომ შევძლოთ ჩვენი მაღალეფექტიანი თბოელექტროსადგურების დატვირთვა და ელექტროენერგიის იმპორტი შევამციროთ. აზერბაიჯანი ამბობს, რომ შეძლებს სადღაც 30 მილიარდამდე ავიდეს, ეს ძალიან კარგი ციფრია და თუ ყაზახეთიც და თურქმენეთიც ჩაებმებიან, რასაც სერიოზული ინვესტიციების სჭირდება, მაშინ, ევროპაც და ჩვენც დიდ სარგებელს მივიღებთ და იმპორტირებული გაზის პრობლემა გადაგვეჭრება. 90-იან წლებში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ევროპელებს, რუსეთს არ მინდობოდნენ და ნაბუქოს სქემა განხორციელებულიყო, მათ ამხელა პრობლემა არ ექნებოდათ და ევროპის გაზით მომარაგების საკითხი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაბუქო ვერ „დაიქოქა“ და აზერბაიჯანი-თურქეთის ხაზი გაკეთდა, რომელმაც საქართველოზე გაიარა“. ინფორმაციისთვის „ნაბუქო“ (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ენერგეტიკოსის ვარაუდით, „ახლო მომავალში მძლავრი, ალტერნატიული ქსელის შექმნაზე სერიოზული ფიქრი დაიწყება“. „გერმანია ამბობს, მომიტანეთ გაზი ჩემს საზღვრამდე და მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც რუსეთს ვუხდი. ეს რეალობას მოკლებულია, რადგან ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანი და თურქმენეთი ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომ თურქმენეთი ჩავრთოთ, ახალი ხაზი გავხსნათ და გერმანიამდე მივიდეთ. თუმცა უნდათ თუ არ უნდათ, ახლო მომავალში დაიწყება სერიოზული ფიქრი მძლავრი, ალტერნატიული ქსელის გაკეთებაზე, რასაც ბუნებრივია, დიდი დრო და სახსრები დასჭირდება. ჩვენი ტერიტორიის გარეშე ეს პროექტი არ განხორციელდება, არ მგონია, რომ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა ისეთ დონეზ დათბეს, რომ ახალი მარშრუტი მოიძებნოს - აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და მერე ევროპის გაზსადენი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ BP-სთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს არ შეუქმნია პრობლემა ამ გაზსადენის მუშაობის დროს. გაზის რაოდენობის გატარებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა. საჭირო იქნება საკომპრესორო სადგურებიც დამატება, რაშიც საქართველო ალბათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს Europetime-თან გია არაბიძე. ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ცნობისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით, საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% - რუსეთიდან. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.
სანქციების გამო, რუსეთში, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი 35%-ით შემცირდა
2022 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ძლიერი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, სანქციების შედეგად თითქმის 35%-ით - 32,65 მლნ ლიტრამდე, ხოლო ვისკის - თითქმის 50%-ით - 11,8 მლნ ლიტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ტეკილას, ხილის დისტილატების და სხვა კატეგორიების იმპორტი 34,5%-ით შემცირდა და 4,83 მლნ ლიტრიშეადგინა. რომის იმპორტი თითქმის უცვლელი დარჩა და წლიურად მხოლოდ 1,8%-ით და 2,89 მლნ ლიტრამდე შემცირდა”, - ნათქვამია სტატიაში. აღსანიშნავია, რომ მარტში ბაზრის მონაწილეებმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ალკოჰოლის იმპორტის 20-40%-ით შემცირება ივარაუდეს. გლობალურმა კომპანიებმა Pernod Ricard-მა (Chivas Regal, Jameson, Absolut, Ararat), Diageo-მ (Bell's, Johnnie Walker, Captain Morgan, Baileys), Bacardi-მ (Dewar's, William Lawson's) და სხვებმა, გაყიდვები შეაჩერეს და რუსეთის ბაზრიდან გავიდნენ.
საქსტატი: 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა - 1 822.8 მლნ დოლარი შეადგინა
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 61.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 1 822.8 მლნ. აშშ დოლარია და შესაბამისად, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.2 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე თითქმის 6-ჯერ მეტია. „2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 1 244.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 8.5 პროცენტი). 2021 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება 119.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი). 2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი (365.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (242.1 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (206.7 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 53.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (344.7 მლნ. აშშ დოლარი), ირანი (121.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (102.3 მლნ. აშშ დოლარი),“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის 7 თვეში რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია - კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის ბაზრის 7 თვის მონიტორინგის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საართველოში საწვავის იმპორტის კუთხით რუსეთი პირველია. 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 1547 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 23 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%. წყარო: კონკურენციის სააგენტო შესასწავლ პერიოდში, საერთო იმპორტის 43.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 34.7%;
რატომ ვერ იყენებს საქართველო სრულყოფილად, ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებულ შესაძლებლობებს - მიზეზები
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი). ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $683.8 მილიონით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 % შეადგენს. მეორეა ფეროშენადნობები $365.1 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს $192.7 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი). საქართველოს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ისევ ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, ამასთან, უცვლელი რჩება საექსპორტო სამეულის წილიც. რატომ ვერ ახერხებს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს რომ არ იცვლება საექსპორტო ბაზრები და პროდუქცია. რა არის ამის მიზეზი? საქართველოში ექსპორტის პრობლემა სულ დგას... ეს გრძელვადიანი პრობლემაა. წმინდა ექსპორტის სახით, რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, საკმაოდ ცუდი სურათი გვაქვს და ასევე უარყოფითია სავაჭრო სალდო. სურათი უფრო უარესი იყო, თუმცა ახლა 2022 წლის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემს გაუტოლდა. იმპორტი ცალსახად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასეთია ტრენდი. ET: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ექსპორტის წილი გაიზარდოს? მსოფლიოს 300 ქვეყნიდან, დაახლოებით 100-თან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობა არ არის მუდმივი, არის პერმანენტული და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადიც კია. დივერსიფიცირების ამ ნაწილში ვხედავ პრობლემას, რომ უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ამ ნაწილშია საჭირო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და სამთავრობო სექტორის როლი. გვაქვს დიდი პოტენციალი ევროპის ბაზარზე. იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) 11 ათასამდე პროდუქტზე გვაქვს პრეფერენცია, ნულოვანი ბაჟი. თავიდან იყო GSP, ხოლო შემდეგ გახდა GSP+ როცა სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან პრეფერენციებს ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ასეულ, დაახლოებით 300-მდე პროდუქტზე. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან უწყებაც კი არ არის, რომელიც გვეტყვის, ევროკავშირის ბაზარზე DCFTA -ის ფარგლებში რამდენი დასახელების პროდუქტი გადის. ეს მაშინ, როცა ამ პრეფერენციებს გააჩნიათ ზღვრები და პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტზე ზღვარი 10 000 ტონაა, როცა ამ ზღვარს მიუახლოვდებით, იქიდან წამოვა კითხვა: რა ხდება საქართველოში წარმოება გაზარდა თუ რა ვითარებაა? ვალდებული ვართ ამ კითხვას ვუპასუხოთ. ET: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ჩვენ ამ საკითხზე მეცნიერულად ვმუშაობდით და ვერცერთმა სტრუქტურამ პასუხი ვერ გაგვცა, რომელი პროდუქცია სარგებლობს პრეფერენციით და რა რაოდენობით გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტრომ საგარეოსკენ გაიშვირა ხელი, საგარეომ სტატისტიკისკენ და „ვიტრიალეთ“ წრეში. ამ 11 ათასი დასახელების პროდუქტიდან, პრეფერენციას რამდენზე ვიყენებთ, ამაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა არ არის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ევროპული სივრცე ბევრ ქვეყანას მოიცავს. ET: ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი მაღალი სავაჭრო აქტივობა ექსპორტის კუთხით. რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ეს ბაზარი? რუსეთთან მიმართებით ყოველთვის არსებობს რისკი. ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ამიტომ, რუსეთს თუ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტი ექნება, ეს პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, რისკების მატარებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორია, არამედ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანასთანაც კი არ უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დამოკიდებულება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, როგორიც გვაქვს რუსეთთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანასთან წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ნეგატიური მოვლენაა, საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით. ეს ქვეყანა არასანდო პარტნიორადაა ცნობილი და მეორე მხრივ, რუსეთი არ უწყობს ხელს წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას და ბევრ შემთხვევაში ჩავარდნები ახასიათებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ქართული წარმოება. ET: ადგილობრივი წარმოება რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს? ქართული წარმოება პრაქტიკულად არ გვაქვს. საექსპორტო ათეულშია ძირითადად ნედლი მასალები, ნახევარფაბრიკატები. რასაც საბოლოო პროდუქტის სახე აქვს მიღებული ესაა ღვინო, წყალი და ა.შ. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემები გვაქვს წარმოების ნაწილში. პრინციპში, ჩვენ გატანის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია პროდუქტი იწარმოებოდეს. ამ შემთხვევაში წარმოების ხარისხიც მნიშვნელოვანია. თუმცა ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს, რომელიც წარმოების მიმართულებით საბაზრო ეკონომიკასთან „შეერთდებოდა“ და დაძრავდა ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას, საგადასახადო ნაწილში და საკრედიტო სისტემასთან მიმართებაში. ჩვენთან გადასახადები ნაკლებია, მაგრამ რეალურად თუ ავიღებთ საბანკო პროცენტსა და გადასახადებს, ერთად ძალიან დიდი საგადასახადო ტვირთი გამოდის. ამ კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის ყველა ქვეყანას და მათ შორის აზიის ქვეყნებსაც. ამ საკითხს ანალიზი და გააზრება სჭირდება. ET: კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპის ბაზარზე პოზიციებს ვთმობთ? მეორე, რის გამოც ჩვენ ევროპულ სივრცეში ვთმობთ სავაჭრო პოზიციებს, ესაა ჩვენი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. კურსის გაუარესება სტაბილური ბაზრებთან გვაშორებს და ვინაცვლებთ ნაკლებად სტაბილური ბაზრებისკენ, რომლებიც მეზობლადაა და არასტაბილური სავალუტო ვითარება ახასიათებთ. სავალუტო რყევებია რუსეთის და თურქეთის სავალუტო სივრცეებშიც. ჩვენს ვალუტასთან მიმართებით, ამ ქვეყნების ვალუტების კურსი კიდევ უფრო უარესდება. მათთან პროდუქტი იაფდება და ჩვენ იმპორტის ნაწილში უფრო მეტად ვებმებით. საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2022 ელის იანვარ-აგვისტო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%; სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%. (საქსტატის მონაცემები)
ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს
QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ორმხრივად მომგებიანი პროექტების განვითარებაში გაზის გადამუშავებისა და გაზის ქიმიის სფეროში. გარდა ამისა, განხილული იქნა ყაზახური ხორბლის თურქმენეთის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები და თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი, ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.
საქართველოში 9 თვეში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოვიდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 866,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (854,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 423,8 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 270,6 ათასი ტონა (61,1%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 161,9 ათასი ტონა (36,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10,4 ათასი ტონა (2,3%); მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორცოელდა - 429,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 49,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 195,4 ათასი ტონა - 22,5%; ბულგარეთი - 98,2 ათასი ტონა - 11,3%; თურქმენეთი - 71,4 ათასი ტონა - 8,2%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 6,4%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,9%, საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,5%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,2% და სხვ.
ბელორუსმა, დასავლური პროდუქციის იმპორტზე ემბარგო, ივნისამდე გადასწია
ბელორუსის მთავრობამ, „არამეგობრული“ ქვეყნებიდან სურსათის იმპორტზე, 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. მინისტრთა საბჭოს ასეთი დადგენილება ეროვნულ სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა და ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა. ამის შესახებ ბელორუსული მედია იტყობინება. სურსათის იმპორტზე აკრძალვა 2022 წლის დასაწყისში შემოიღეს, ზაფხულში კი ექვსი თვით გაგრძელდა. ახალი რეზოლუცია განმარტავს კონტრსანქციებს. სასურსათო ემბარგო თავდაპირველად მოიცავდა 18 სახის საქონლის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის მსხვილფეხა რქოსანი ხორცის, ღორის, რძისა და რძის პროდუქტების (გარდა სპეციალიზებული ლაქტოზის გარეშე რძის), ხილისა და თხილის, ძეხვეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ბოსტნეულის იმპორტზე. 2022 წლის ივნისში მთავრობამ შეარბილა დაწესებული შეზღუდვები და იმპორტიორებს „არამეგობრული“ ქვეყნებიდან გარგრის, ალუბლის, ალუბლის, ნექტარინის, ქლიავის, ხურმის შემოტანის უფლება მისცა. სიიდან ასევე გამოირიცხა ვაშლი, მსხალი, ყაბაყი, ბადრიჯანი, ახალი ბულგარული წიწაკა, სალათის ფოთოლი, რუკოლა, შარდი, ისპანახი. სექტემბერში იმპორტიორებს მიეცათ საშუალება ბელორუსში კლემენტინის, კივის, ჩინური კომბოსტოს და ღეროვანი ნიახურის შემოტანა. თავდაპირველად, ემბარგო ეხებოდა საქონელს ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, კანადიდან, ალბანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მონტენეგროდან და შვეიცარიიდან. შემდეგ სიას დაემატა ლიხტენშტეინი და სერბეთი.
მსოფლიოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
გასულ წელს, მთელ მსოფლიოში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასულ წელს მსოფლიოში 409 მილიონი ტონა თხევადი გაზი იყო იმპორტირებული. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 386,6 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, იაპონია გახდა თხევადი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი, მანამდე ამ ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა. Reuters აღნიშნავს, რომ განვითარებადი აზიის ქვეყნების უმეტესობამ გასულ წელს ნაკლები თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ცნობილია
ნავთობით მოვაჭრეების (ტრეიდერების) თქმით, 2023 წლის იანვარში ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები გახდნენ. Bloomberg: რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა. WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს. რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე. რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის.
საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული - TI-ის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” (TI) 2010-2022 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები შეისწავლა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა გამოიწვია. იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, იმპორტში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შუამავალი კომპანიები არიან ჩართული, რაც ასევე აძვირებს ელექტროენერგიას. ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული. ანგარიშში ვკითხულობთ: ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება 2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით გაიზარდა, ხოლო მოხმარება 68%-ით, რამაც იმპორტის მატება განაპირობა - 2011-2022 წლებში იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა. 2010 წელს იმპორტის წილი ელექტროენერგიის მოხმარებაში 2.6% იყო. 2021 წელს მოხმარებაში იმპორტის წილმა 7.4%-ს მიაღწია, რისი მთავარი მიზეზი „ენგურჰესის“ ნაწილობრივ გაჩერება იყო. 2022 წელს იმპორტის წილი მოხმარებაში 4.5%-მდე შემცირდა. მაისი-სექტემბრის პერიოდში, როდესაც ჰეს-ები მაღალი დატვირთვით მუშაობენ, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს (თურქეთში და სომხეთში). მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2011-2022 წლებში 36%-ით არის შემცირებული. 2021 წელს საქართველოში მოხმარებული ყოველი 1 კვტ საათით 1.73 აშშ დოლარის საქონელი და მომსახურება შეიქმნა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზე იყო. ეს კი ელექტროენერგიის საკმაოდ არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს. 2022 წელს საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 1,067 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ“ მოიხმარა, შემდეგ მოდის „რუსთავის აზოტი“ (260 მლნ კვტ სთ) და „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია“ (213 მლნ კვტ სთ). 2021-2022 წლებში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიის „ბი ეფ დი სის“ წილი ელექტროენეგიის შიდა მოხმარებაში 2.2% იყო. ეს კომპანია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 75%-მდე ჰეს-ებზე მოდის, 24% - თბოელექტრო სადგურებზე (თეს) და 1%-მდე ქარის სადგურებზე. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 26% „ენგურჰესზე“ მოდის. საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 61% მოდის, 13%-ს ჩეხური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰეს-ები გამოიმუშავებენ, 7%-ს - უკრაინის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ჰეს-ები. რუსეთზე დამოკიდებულება საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ენერგოკრიზისი არ შეიქმნება. 2021 წელს იმპორტში რუსეთის წილი 25% იყო. 2022 წელს რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა - 2021 წელს 1.8% იყო, ხოლო 2022 წელს 2.6%. რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების საკუთრებაში არსებულ ჰეს-ებზე საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის. ეს ჰესებია: ხრამი ჰესი 1, ხრამი ჰესი 2, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი.
იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს 216.9 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 180.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 176.9 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 568.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 490.0 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 261.8 მლნ. აშშ დოლარით.
გერმანია იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 27 წლის წინ დახურულ მაღაროს ხელახლა გახსნის - მედია
გერმანიაში, Käfersteige-ის მაღარო, 27 წელია, უმოქმედოდ არის, მისი მდიდარი მინერალური საბადოები კი, მიტოვებული იყო. ახლა მაღაროს კარი ჩაკეტილია და გვირაბები წყალშია ჩაძირული. Financial Times-ის ცნობით, ახლა ეს კარიბჭეები ხელახლა გაიხსნება, რადგან გერმანია ცდილობს, იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულება, მათი მეტი მოპოვებით შეამციროს. Käfersteige, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ტონა ნედლ ფტორს შეიცავს, 2029 წლის შემდეგ წელიწადში 100 000 ტონა რესურსის წარმოება შეუძლია, რაც გერმანიის მოთხოვნის 40 პროცენტს და ევროკავშირის მოთხოვნის 13 პროცენტს დააკმაყოფილებს. „თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რევოლუცია მოვახდინოთ ტრანსპორტში, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა, Deutsche Flussspat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც მაღაროს ხელახლა გააქტიურებას გეგმავს. ყველა ბატარეა Volkswagen ID.4-ში, (კომპანიის პირველი ელექტრო ჯიპი) დაახლოებით 10 კგ მინერალს მოითხოვს. გერმანიას ამჟამად მისი დიდი რაოდენობა მექსიკიდან შეაქვს. ეს არ არის ერთადერთი ახალი სამთო პროექტი გერმანიაში. Zinnwald Lithium ასევე გეგმავს ლითიუმის უზარმაზარი საბადოს მოპოვებას გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე საქსონიაში, ხოლო კარლსრუეს მახლობლად, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, Vulcan Energy Resources თერმული წყლისგან ლითიუმის წარმოებას ისახავს მიზნად. ინფორმაციისთვის, ფტორსპარი და ბარიტი მოიპოვებოდა Käfersteige-ში 1997 წლამდე. ევროპაში ფტორსპარის ყველაზე დიდი საბადო, ვარაუდობენ, რომ სწორედ Käfersteige-ს მხარეშია.
საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 632.7 მლნ. აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა სომხეთი – 601.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 511.8 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 861.2 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 399.4 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 364.3 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 566.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 438.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.5 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 282.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 816.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 392.4 მლნ. აშშ დოლარით.
უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტს აღემატება
ორშაბათს უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტზე 350 მეგავატით მეტია. ამის შესახებ NEC Ukrenergo-ს პრესსამსახური ავრცელებს. ელექტროენერგიის ექსპორტი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება სლოვაკეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში. ჯამური სიმძლავრეა 2429 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 200 მგვტ-მდე. ელექტროენერგია იმპორტირებულია დილით და საღამოს საათებში სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, ასევე შუადღისას და საღამოს საათებში რუმინეთიდან. ჯამური სიმძლავრეა 2079 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 553 მეგავატამდე. 2023 წლის დეკემბერში, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ერთობლივმა ევროპულმა ქსელმა (ENTSO-E) მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინას, ევროკავშირის ქვეყნებიდან 1,7 გიგავატამდე ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს.