ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენმა რუს ხალხს მიმართა: სანქციები თქვენ წინააღმდეგ არ არის, მისი მიზანია, აიძულოთ თქვენი მთავრობა, შეაჩეროს აგრესია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ენტონი ბლინკენმა რუს ხალხს მიმართა. ეს არ არის რუსი ხალხის ომი. დღითიდღე ცხადი ხდება, რომ რუსი ხალხი ამას ეწინააღმდეგება. რუსი სამხედროები ამას ეწინააღმდეგებიან და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის აგზავნიდნენ. ახლა კი, რუსი ხალხი დაზარალდება მათი ლიდერების არჩევანის შედეგებით.თუ მათ შეუძლიათ ამის მოსმენა, რადგან კრემლი კიდევ უფრო მკაცრად ზღუდავს მედიასაშუალებებს, რომლებიც ავრცელებენ სიმართლეს, ჩემი გზავნილი რუსი ხალხისადმი ასეთია: ჩვენ ვიცით, რომ ბევრ თქვენგანს არ სურს ამ ომში მონაწილეობა. თქვენ, ისევე როგორც უკრაინელებს, ისევე როგორც ამერიკელებს, ისევე როგორც ადამიანებს ყველგან, ერთი და იგივე რამ გსურთ - კარგი სამსახური სუფთა ჰაერი და წყალი, შანსი, რომ თქვენი შვილები უსაფრთხო გარემოში გაიზრდებიან; რომ გაგზავნოთ ისინი კარგ სკოლებში, აჩუქოთ მათ იმაზეუკეთესი ცხოვრება, ვიდრე თქვენ გქონდათ. და როგორ გეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში პრეზიდენტ პუტინის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ? როგორ გააუმჯობესებს ეს თქვენს ცხოვრებას? ეკონომიკური ხარჯები, რომლებიც ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, არ არის გამიზნული თქვენ წინააღმდეგ - ის მიზნად ისახავს იმას, რომ აიძულოთ თქვენი მთავრობა შეაჩეროს თავისი ქმედებები, შეაჩეროს აგრესია. თუ პრეზიდენტ პუტინს ლიდერობის დემონსტრირება სურს, მან უნდა მისცეს რუს ჯარისკაცებს სახლში წასვლის საშუალება. აშშ მზადაა დიპლომატიისთვის, მაგრამ ეს რთულია, როცა იარაღიდან ისვრიან, ტანკები მოძრაობენ, თვითმფრინავები დაფრინავენ
პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა
უკრაინის ეფექტიანმა და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ, მდგრადობასთან და ასევე, ცუდ რუსულ ლოგისტიკასთან ერთად, შეაფერხა რუსული შეჭრის პროგრესი, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინაში გუშინდელი დღის შემდეგ, ადგილზე ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, რუსეთის საბრძოლო ძალის დაახლოებით 80% იყო გუშინ უკრაინის შიგნით, დღეს ეს არის დაახლოებით 82%. „ჩერნიგოვში, ხარკოვსა და კიევში, ინფრასტრუქტურისა და მედიასაშუალებების მისამართით რუსული სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების ფონზე, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობა გრძელდება, ეს ქალაქები თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ აშკარად წინააღმდეგობას ხვდებიან“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, „უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები ხელუხლებელი და სიცოცხლისუნარიანი რჩება“. პენტაგონის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 450 მცირე და საშუალო მანძილის ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტა გაუშვა. „ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც [რუსები] ვერ აღწევენ იმ პროგრესს, რისი მიღწევაც მათ სურდათ”. გარდა ლოგისტიკური და სხვა პრობლემებისა, რაც უკრაინელების წინააღმდეგობის უნარით აიხსნება, ჩვენ ასევე გვჯერა, რომ [რუსები] საბრძოლო სულისკვეთების ნაკლებობას განიცდიან…აქ, სავარაუდოდ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ალბათ, მოქმედებს, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
კიევის მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა - BBC
უკრაინის დედაქალაქში, გამთენიისას, სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ორი ძლიერი აფეთქების ხმა ქალაქის ცენტრში გაისმა, რასაც კიდევ ორი აფეთქება კიევის მეტროსადგურთან მოჰყვა. ისმის სირენების ხმაც, რაც საჰაერო თავდასხმის მომასწავებელია. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს
გაერთიანებულმა სამეფომ შეეკრიბა მოკავშირეები იმ მიზნით, რომ დააჩქაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიება უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებზე. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დიდ ბრიტანეთს 37 ქვეყანა შეუერთდა ამ მოთხოვნაში, მათ შორის არის საქართველოც. ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური მიმართვა ICC-ის ისტორიაში. „რუსეთის მიერ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი ძალის გამოყენება, უკრაინაში მისი უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრისას, უტოლდება ომის დანაშაულს, რაზეც პუტინის რეჟიმი პასუხისმგებელია. ნებისმიერმა რუსმა ლიდერმა ან ოფიცერმა, რომელიც ასრულებს ბრძანებებს, რომლებიც ომის დანაშაულს წარმოადგენს, უნდა იცოდეს, რომ ისინი სასამართლოს დარბაზში და საბოლოოდ, ციხეში აღმოჩნდებიან“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ კომენტარებში. 28 თებერვალს, პროკურორმა განაცხადა, რომ აპირებს, მოითხოვოს ნებართვა ICC-ის მოსამართლეებისგან და გამოძიების პროცესი დაიწყოს. მონაწილე სახელმწიფოს მიმართვა, რომელიც 38 ქვეყნის მიერ განხორციელდა, საშუალებას მისცემს პროკურორს, პირდაპირ განაგრძოს გამოძიება სასამართლოს ნებართვის გარეშე.
ჰააგის სასამართლოს პროკურორი: უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ ვიწყებთ
ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განაცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ იწყებს. ამასთან, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე წინასწარი დაკვირვების შემდეგ, ICC-ის პროკურატურამ ორშაბათს, 28 თებერვალს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ გამოძიების დაწყების სურვილი გამოთქვა და ICC-ის მოსამართლეებს ნებართვა სთხოვა. ასევე წაიკითხეთ: საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს
უცხოური მედია: რუსეთმა სარაკეტო დარტყმები ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე განახორიცელა
რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ცნობითმ დაბომბვების შედეგად, მხოლოდ გასულ დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, როგორც CNN წერს, რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ, რუსული ძალები შევიდნენ ხარკოვში. თუმცა, ქალაქი ამ ეტაპზე უკრაინელების კონტროლქვეშააა. ასევე წაიკითხეთ: კიევის მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა - BBC უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმებს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა უტყუარი სიგნალი გაუგზავნა უკრაინასა და მსოფლიოს. ვისკონსინში ვიზიტისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. "ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტიმა უარყო დიპლომატიური ძალისხმევები. მას ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, მაგრამ შეცდა. უამრავი საათი გავატარეთ ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. დავუპირისპირდით რუსეთის სიცრუეს სიმართლით. მათ დავუპირისპირდით იმით, რომ ვაცნობეთ, რა იგეგმებოდა და ახლა თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს მათ", - განაცხადა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: როცა დიქტატორები ფასს არ იხდიან თავისი აგრესიისთვის, უფრო დიდ ქაოსს იწვევენ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 637 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის - 24.39% ხოლო 7 დღის - 19.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი - 256, გურია - 153, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 390, მცხეთა-მთიანეთი - 94, სამცხე-ჯავახეთი - 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046 საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1390, აჭარაში - 366, იმერეთში - 635. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 772 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 337, აჭარაში - 105, იმერეთში - 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 28, იმერეთში - 18. 78 622 ადამიანი სახლში მკურნალობს.
რუსეთის ცენტრალური ბანკი: ბროკერებმა უნდა დააკისრონ 30% საკომისიო ფიზიკური პირებს უცხოური ვალუტის ყიდვისას
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურა, რომ 3 მარტიდან, ბროკერებმა უნდა დააკისრონ 30% საკომისიო ფიზიკური პირებს უცხოური ვალუტის ყიდვისას. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათივე ცნობით, 30%-იანი საკომისიო ბანკებსა და ბროკერებს შორის კონკურენტულ პირობებს ათანაბრებს. ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთიდან 10 000 დოლარზე მეტის გატანა აკრძალა.
კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ
თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაემ. "თბილისმა გამოთქვა მზაობა შეიფაროს უკრაინელი დევნილები და დაეხმაროს მათ. ამ მიზნით, თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ. ჩვენი მოქალაეები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის ჰუნიტარული დახმარების პროცესში", - განაცხადა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: ლევან დავითაშვილი: საქართველო მზადაა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს
გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილი გადავიდა
გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ერთი მილიონი ლტოლვილი გადავიდა მეზობელ ქვეყნებში. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „სულ რაღაც შვიდ დღეში, ჩვენ უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლის მოწმენი გავხდით. კიდევ მრავალი მილიონისთვის, უკრაინის შიგნით, დროა, შეჩერდეს სროლა, რათა სიცოცხლის გადამრჩენი, ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელი გახდეს”, – ნათქვამია ფილიპო გრანდის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმებს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
კახა კალაძე: გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერისთვის ბიზნეს სექტორი განსაკუთრებულ მზაობას გამოთქვამს. „იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურობს, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით გამოთქვამს მზაობას, დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავხსნათ ანგარიში, სადაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევაც. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, მივიღო ფინანსური მონაწილეობა ამ დახმარებაში. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და ვუსურვო მხოლოდ აღმშენებლობაში, განვითარებასა და წინსვლაში გამოგვეხატოს ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან განვიცდით იქ არსებულ მდგომარეობას. ომი, რომელიც იქ მიმდინარეობს, დამთრგუნველია ყველასთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ
სერგეი ლავროვი: რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას
რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს, მედიის წარმომადგენლებს“, – აღნიშნა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ მუშაობას წყვეტს
რუსეთის ფედერაციაში რადიო არხის და ვებგვერდის „ეხო მოსკვის“ ლიკვიდაციის შესახებ მიიღეს გადაწყეტილება. „ეხო მოსკვი“ არის საინფორმაციო რადიოსადგურია, რომელიც 1990 წლიდან მაუწყებლობდა. რადიოსადგურის ყოველკვირეული აუდიტორია მოსკოვში დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანია, ხოლო მთლიანად რუსეთის რეგიონებში - დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი. მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის ინფორმაციით, რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პირველ მარტს რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ ეთერიდან გათიშეს და მისი ვებგვერდი დაბლოკეს. მედიის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში ერთი კვირაა, არ გამოჩენილა. როგორც წესი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შვეულმფრენები ყოველ დილით ცაში ჩანს მის რეზიდენციასთან, მაგრამ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ისინი არ გამოჩენილან. 2020 წლის მონაცემებით, რადიოსადგურის აქციათა 66%-ს „გაზპრომ-მედია ჰოლდინგი“ ფლობდა.
რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters
Reuters-ის ინფორმაციით, რუსი მილიარდერების კუთვნილი დაახლოებით 5 სუპერიახტა სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ. საზღვაო გადაზიდვების მონაცემთა ბაზის MarineTraffic-ის მიხედვით, სუპერიახტა Clio, რომელიც ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელს ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის, ოთხშაბათს მალდივების უდიდეს ქალაქ მალესთან გამოჩნდა. ამასთან, Forbes-ი იტყობინება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ დააკავა, რომლის ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მედიასთან არ კონტაქტობენ არც უსმანოვის წარმომადგენლები. ვაშინგტონმა სანქციები დერიპასკას და სხვა გავლენიან რუსებს 2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი კავშირების გამო დაუწესა, 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ, რასაც მოსკოვი უარყოფს.
Reuters: ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებს მიიღებს
ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებას მიიღებს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, განცხადებები „დაუყოვნებლივი“ იყო. ასევე წაიკითხეთ: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოფიციალურ განაცხადს წარადგენს
ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ბრიფინგზე უპასუხა. ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შეგიძლიათ დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ მრისხანებისას რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, მან უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან. „ჩვენ გვაქვს საომარი დოქტრინა, რომელშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პირობები, პარამეტრებია აღწერილი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ესკალაცია დეესკალაციისთვის, როგორც ამას დასავლელი ანალიტიკოსები გვეუბნებიან, მაგრამ საუბარი ბირთვულ ომზე მიდის და ძალიან გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ გამონათქვამებს“, - განაცხადა ლავროვმა. რადიო თავისუფლების ცნობით, ლავროვმა დასავლელი ლიდერების განცხადებები მოიყვანა, ახსენა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ თითქოს გაკეთებული განცხადება, რომ NATO განათავსებს ბირთვულ იარაღს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მაშინ, როცა, მისი სიტყვებით, ბირთვული შეიარაღება არა NATO-ს, არამედ შეერთებულ შტატებს აქვს. „ყველას ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს უტრიალებთ მუდმივად თავში ბირთვული ომი და არა რუსებს. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ უფლებას არ მივცემთ ამ პროვოკაციებს, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყებენ რეალურ ომს, ამაზე უნდა იფიქრონ მათ, ვინც ასეთ გეგმებს სახავს და ისინი, ჩემი აზრით, ქმნიან [ასეთ გეგმებს]“, - განაცხადა ლავროვმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის
"38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „38 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ადგილზე განხორციელებული შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, რასაც მოჰყვა პროკურორის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ გვერდზე გავრცელდა. ასევე წაიკითხეთ: ჰააგის სასამართლოს პროკურორი: უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ ვიწყებთ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს
"უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ვიზიტისას რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები. ეს სანქციები ასევე დააწესეს მთელს მსოფლიოში ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა. ჩვენს მიერ წარდგენილი სანქციების სამ ტალღას უკვე აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, პუტინის ომის ძალისხმევაზე. ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ, თუ ვითარება ადგილზე გაუარესდება. ამავე დროს, ჩვენ შურისძიების შემთხვევისთვის ვემზადებით, კერძოდ ჩვენ ვემზადებით ჩვენი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ლაიენმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: სასწორზეა ევროპის მომავალი. პირდაპირი ევროპარლამენტიდან
საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოქალაქეთა დახმარების მიზნით, ქალაქ ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი ამოქმედდება
"მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები ქ. კიევსა და ქ. ოდესაში აგრძელებენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების და ჰუმანიტარული კუთხით. მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების მიზნით უნდა მიმართონ იმ წარმომადგენლობას რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ მომენტისათვის. საქართველოს მთავრობა, მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა სამინისტრო: 38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის