ძებნის რეზულტატი:
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის 5 მარტს წარდგენას მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 5 მარტს აღარ წარდგება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენის თარიღად 15 მარტს სთავაზობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა და ჰქონდა ხალხისათვის ანგარიშის წარდგენის სურვილი. მან ხაზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ყოველწამიერად, პრეზიდენტის თხოვნაა, პლენარული სხდომა 5 მარტს ჩატარდეს და თარიღი არ შეიცვალოს. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ სამუშაო ფორმატში გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბიუროს სხდომაზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას გააცნობს და შესთავაზებს კონსულტაციებს პარლამენტში წლიური ანგარიშის მოხსენების თარიღთან დაკავშირებით. „ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უნდა შეთანხმდეს ყოველწლიური მოხსენების თარიღი. ამავე დროს, მზად ვარ, მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შევხვდე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მას საუბარი შესაძლოა, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით სურდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებას უკავშირდება და ამ დროს, ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდე და სტაბილურობა მნიშვნელოვანია. რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი
"ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა მოლდოვამაც და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, ამ სამეულში საქართველო ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განცუხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. „დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ის, რომ ევროკავშირში არის განაცხადი საქართველოს წევრობაზე და სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების წევრობას, ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა. იცით, რომ განაცხადი შეიტანა მოლდოვამ და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შესრულების კუთხით, გახლავთ ლიდერი ამ სამეულში. გვაქვს მოლოდინი, ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო
ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის
პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ ითხოვს უკრაინის თავზე ფრენების აკრძალული ზონის შექმნას. განიხილება თუ არა ეს საკითხი, ამ შეკითხვით, თეთრი სახლის პრესმდივანს ჯენ ფსაკის ტრადიციულ ბრიფინგზე, ჟურნალისტმა მიმართა. „მიზეზი, რის გამოც ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტს სურდა გადაედგა, არის ის, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს მოითხოვს, არსებითად, აშშ-ის სამხედროების მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების პაკეტის დამტკიცების დაჩქარება მოითხოვა, უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერაა: „მეტი აღჭურვილობა, მეტი თავდაცვითი იარაღი ამ მომენტში გამოსაყენებლად, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ და არ ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა ფსაკიმ. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
გაეროს ბირთვული დამკვირვებელი მზადაა, ჩერნობილში ჩავიდეს
გაეროს ბირთვული დამკვირვებელი ჩერნობილში გამგზავრების ინიციატივით გამოდის. მისი ეს შეთავაზება რუსეთის ძალების მიერ ევროპის უდიდეს ელექტროსადგურ ზაპორიჟიეზე მიტანილ იერიშს მოჰყვა. „როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე, უკრაინას ჩემი წინადადება შევთავაზე“, რაც შეიძლება მალე გავემგზავრები ჩერნობილში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. გროსიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება ორივე მხარესთან განიხილოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების საკითხი.
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე მიუთითებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არასწორად იყო აღქმული. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „არასწორი ინტერპრეტაცია ხდება პრეზიდენტის ამ განცხადების. თუკი პატიოსნად შეხედავთ მის განცხადებას, მან აღნიშნა, რომ შეიძლება ამ ფორმით არ მეთქვა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების საკითხს, საქართველოს დღეს არ შეუძლია, რაიმე ეფექტიანი სანქცია ან ზომა გაატაროს, რომელიც უფრო მეტად დააზიანებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამაზე მგონი, ოპონენტებიც თანხმდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე: არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში, რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივი შემოსვლა, დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივ შემოსვლას, ეს არის ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა მზარდი რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „საქმე არ გვაქვს მასობრივ შემოდინებასთან. ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის სახმელეთო საზღვარი, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან არის ჩაკეტილი. ლარსის საზღვარზე მხოლოდ ტვირთი გადმოდის და არ არის კერძო მიმოსვლა. ეს არის დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იმისათვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში და არ იყო სიმშვიდე და მშვიდობა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი, ამიტომაც მედიასაც განსაკუთრებით მოგიწოდებთ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავიდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ფაქტების ობიექტურად გაშუქება“, - განაცხადა განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის მერია: დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სპორტული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მუნიციპალური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სპორტული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მუნიციპალური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით“, – აცხადებენ მერიაში. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
BBC უკრაინაში ომის დასრულების 5 სცენარს განიხილავს. Europetime ბრიტანული მედიის სტატიას სრულად გთავაზობთ: პირველი სცენარი - მოკლევადიანი ომირუსეთი აძლიერებს სამხედრო ოპერაციებს. უკრაინის მასშტაბით საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებია. რუსული საჰაერო ძალები, რომლებიც აქამდე უმნიშვნელო როლს ასრულებდნენ, დამანგრეველ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ. მასიური კიბერშეტევებია უკრაინაში, სამიზნე ძირითად ეროვნული ინფრასტრუქტურა. გათიშულია ენერგომომარაგება და საკომუნიკაციო ქსელები. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. მიუხედავად მამაცი წინააღმდეგობისა, კიევი რამდენიმე დღეში ეცემა. ხელისუფლება შეიცვალა პრომოსკოვური მარიონეტული რეჟიმით. პრეზიდენტი ზელენსკი ან მოკლეს, ან გააძევეს დასავლეთ უკრაინაში ან თუნდაც საზღვარგარეთ და იქ აყალიბებს მთავრობას. პრეზიდენტი პუტინი აცხადებს გამარჯვებას და გაიყვანს ძალებს, ტოვებს საკმარისს იმისთვის, რომ გარკვეული კონტროლი შეინარჩუნოს. ათასობით ლტოლვილი გარბის დასავლეთით. უკრაინა უერთდება ბელორუსს, როგორც მოსკოვის კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო. ეს შედეგი არავითარ შემთხვევაში არ არის შეუძლებელი, მაგრამ დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორის ცვლილებაზე: რუსული ძალები უკეთ მოქმედებენ; უკრაინის არაჩვეულებრივი საბრძოლო სულისკვეთება ჩაქრა. პუტინმა შესაძლოა მიაღწიოს რეჟიმის შეცვლას კიევში და დაასრულოს უკრაინის დასავლური ინტეგრაცია. მაგრამ ნებისმიერი პრორუსული მთავრობა იქნება არალეგიტიმური და ასეთი შედეგი გამოიწვევს არასტაბილურობას, კონფლიქტის ხელახალი გაჩაღების პერსპექტივა მაღალი იქნება. მეორე სცენარი - ხანგრძლივი ომი უფრო სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს გაჭიანურებულ ომში. შესაძლოა, რუსული ძალები ჩაიძირონ, ცუდი ლოგისტიკისა და არასრულფასოვანი ხელმძღვანელობის გამო. შესაძლოა, რუსეთის ძალებს მეტი დრო დასჭირდეს კიევის მსგავსი ქალაქების ასაღებად, რომელთა დამცველები შეუპოვრად იბრძვიან. გრძელდება ხანგრძლივი ალყა. ბრძოლები გამოძახილია რუსეთის ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლისა, რომელიც მოხდა 1990-იან წლებში გროზნოს, ჩეჩნეთის დედაქალაქის დაპყრობისა და განადგურების მიზნით. და მაშინაც კი, როცა რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში გარკვეულ მიზანს მიაღწიეს, მათ კონტროლის შესანარჩუნელლად ბრძოლა მოუწევთ. შესაძლოა, რუსეთს არ შეუძლია, უზრუნველყოს საკმარისი ჯარი ამხელა ქვეყნის ასაღებად. უკრაინის თავდაცვითი ძალები გარდაიქმნება ეფექტურ ამბოხებულ ძალებად, არიან კარგად მოტივირებულნი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არის მხარდაჭერილი. დასავლეთი აგრძელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. მრავალი წლის შემდეგ, შესაძლოა, მოსკოვში, ახალი ხელმძღვანელობით, რუსული ძალები უკრაინას საბოლოოდ დატოვებენ, ისევე როგორც 1989 წელს, მათმა წინამორბედებმა ავღანეთი ათწლეულის განმავლობაში ისლამისტ ამბოხებულებთან ბრძოლის შემდეგ დატოვეს. ევროპის ომი შესაძლებელია თუ არა ეს ომი უკრაინის საზღვრებს გარეთ გავრცელდეს? პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მოლდოვასა და საქართველოში (რომლებიც NATO-ს წევრები არ არიან) ჯარების გაგზავნით რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა სცადოს. ან უბრალოდ, შეიძლება იყოს ესკალაცია. ბატონმა პუტინმა შეიძლება, გამოაცხადოს, რომ უკრაინული ძალებისთვის დასავლეთის იარაღის მიწოდება აგრესიის აქტია, რომელიც შურისძიებას მოითხოვს. ის შეიძლება, დაიმუქროს ჯარების გაგზავნით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც NATO-ს წევრები არიან - მაგალითად, ლიეტუვაში, რათა უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი რუსეთის სანაპირო ექსკლავ კალინინგრადთან. ეს იქნება ძალიან საშიში, NATO-სთან ომის რისკის გამომწვევი გადაწყვეტილება. სამხედრო ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. მაგრამ ბატონი პუტინი შესაძლოა, რისკზე წავიდეს, თუ იგრძნობს, რომ ეს არის მისი ლიდერობის გადარჩენის ერთადერთი გზა. თუ ის უკრაინაში დამარცხდება, შემდგომი ესკალაციის ცდუნება ექნება. ვიცით, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის, დაარღვიოს ყველა საერთაშორისო ნორმა. იგივე ლოგიკას შეიძლება, მივყვეთ ბირთვული იარაღის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ კვირაში პუტინმა თავისი ბირთვული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა. ანალიტიკოსთა უმეტესობა ეჭვობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლოა, სავარაუდოა ან გარდაუვალი. მაგრამ ეს იყო იმის შეხსენება, რომ რუსული დოქტრინა ბრძოლის ველზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საშუალებას იძლევა. დიპლომატიური გადაწყვეტა ომი რუსეთისთვის ცუდად მიმდინარეობს. სანქციები მოსკოვში არეულობას იწვევს. წინააღმდეგობა იზრდება, როდესაც გვამებით სავსე ტომრები მოსკოვში ბრუნდება. პუტინი თვლის, რომ ომის გაგრძელება შეიძლება უფრო დიდი საფრთხე იყოს მისი ხელმძღვანელობისთვის. ჩინეთი სიტუაციაში ერევა, ახორციელებს ზეწოლას მოსკოვზე და კომპრომისზე წასვლას სთხოვს, აფრთხილებს, რომ ის არ იყიდის რუსულ ნავთობს და გაზს, თუ დეესკალაცია არ მოხდება. ასე რომ, ბატონი პუტინი იწყებს გამოსავლის ძიებას. იმავდროულად, უკრაინის ხელისუფლება ხედავს მათი ქვეყნის მუდმივ განადგურებას და ასკვნის, რომ პოლიტიკური კომპრომისი შესაძლოა უკეთესი იყოს, ვიდრე ასეთი დამანგრეველი შედეგები. დიპლომატები ვითარებაში ერთვებიან და შეთანხმება მიღწეულია. ვთქვათ, უკრაინა აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმსა და დონბასის ნაწილებზე. თავის მხრივ, პუტინი აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას და ევროპასთან კავშირების გაღრმავების უფლებას. ეს შეიძლება, არ ჟღერდეს დამაჯერებლად, მაგრამ სულაც არ არის შეუძლებელი, რომ ასეთი სცენარი განვითარდეს. პუტინი დაამხეს რაც შეეხება თავად ვლადიმერ პუტინს? როდესაც შეიჭრა უკრაინაში, განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის". მაგრამ რა მოხდება, თუ ეს შედეგი დააკარგინებს მას ძალაუფლებას? ეს შეიძლება, წარმოუდგენელი ჩანდეს. თუმცა სამყარო ბოლო დღეებში შეიცვალა და ახლა ასეთ რამეზე ფიქრი შეიძლება. რატომ? ალბათ, პუტინი განაგრძობს დამღუპველ ომს. ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეკონომიკური სანქციები ანგრევს. პუტინი კარგავს სახალხო მხარდაჭერას. ალბათ არსებობს სახალხო რევოლუციის საფრთხე. ის იყენებს რუსეთის შიდა უსაფრთხოების ძალებს ოპოზიციური მუხტის ჩასახშობად. მაგრამ რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წევრები მის წინააღმდეგ შემობრუნდებიან. დასავლეთი მკაფიოდ განაცხადებს, რომ თუ პუტინი წავა და მას უფრო მოზომილი ლიდერი ჩაანაცვლებს, რუსეთი დაინახავს გარკვეული სანქციების მოხსნას და ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ხდება სისხლიანი გადატრიალება, პუტინი ჩამოგდებულია. ისევ და ისევ, ეს შეიძლება, ახლა ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდეს, მაგრამ წარმოუდგენელი არ არის, თუ ადამიანებს, რომლებიც პუტინისგან დიდ სარგებელს იღებდნენ, აღარ სჯერათ, რომ მას შეუძლია, მათი ინტერესების დაცვა. დასკვნა შეიძლება, სხვადასხვა შედეგის მიღწევის დროს, ამ სცენარების კომბინირება მოხდეს, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამყარო შეიცვალა. რუსეთის ურთიერთობა გარე სამყაროსთან განსხვავებული იქნება. ევროპული დამოკიდებულება უსაფრთხოების მიმართ გარდაიქმნება. ლიბერალური, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი შესაძლოა, შეიცვალოს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0325 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6035 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5975 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი: გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა, უკრაინიდან მიღებული ლტოლვილები რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ სახლებში განათავსოს
გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა, უკრაინიდან მიღებული ლტოლვილები რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ სახლებში განათავსოს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა LBC-სთან საუბარში, განაცხადა. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს მსგავს ინიციატივას, რააბმა აღნიშნა: „დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს კომპლექსურად განვიხილავთ“. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სენატორი პუტინზე: ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში
პოლონეთის ელჩი საქართველოში: გთხოვთ, სულ მცირე 1 სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში
"გთხოვთ, სულ მცირე 1 სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში", - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა. „მესმის, რომ რთულ სიტუაციაში ხართ, პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი. მაგრამ გთხოვთ, სულ მცირე 1 სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“ - განაცხადა მარიუშ მაშკიევიჩმა. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომლებიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას
კელი დეგნანი: დროა ერთიანობის, დროა საქართველოს მომავალზე ფოკუსირების
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მოვიდა ის დრო, როდესაც ყველამ გვერდზე უნდა გადადოს განსხვავებები, პოლარიზაცია, რადგან ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხის ირგვლივ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „საქართველომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია განცხადებებით, ასევე საქართველომ უკრაინელებს როგორც უკრაინაში, ასევე აქ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროში, ეუთოსა და სხვა მრავალმხრივ ფორუმებში. ეს არის საქართველოს მხარდაჭერისა და ევროატლანტიკური საზოგადოების გვერდით დგომის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ კრიტიკულ მომენტში. მთავარი, რაც ახლა უნდა დავინახოთ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთიანობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, მოვიდა დრო, როდესაც ყველამ გვერდზე უნდა გადადოს განსხვავებები, პოლარიზაცია, რადგან ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან ვნახეთ სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩმა. კელი დეგნანს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენაზეც ჰკითხეს. ელჩის თქმით, საქართველოს მომავალზე ფოკუსირების დროა და ამისთვის ქვეყნის შიგნით ერთიანობაა საჭირო. „აშშ 30 წელზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, როგორც NATO-ს, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. მე ვფიქრობ, ახლა არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწიოს იმ რეფორმების გზით, რაზეც საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია შეთანმხდა და რომლებიც აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის NATO-სა და ევროკავშირში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ხაზი მინდა გავუსვა, დროა ერთიანობის, დროა საქართველოს მომავალზე ფოკუსირების, დაპირისპირების გვერდზე გადადების, რაც არის განხეთქილების მომტანი და იწვევს პოლარიზაციას; რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ საით მიდის ეს ქვეყანა და რომ ერთად ვიმუშოთ საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქ იქნება და ახლა არის დრო რეალური პროგრესის მისაღწევად. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს რა თქმა უნდა, დიდ შრომას მოითხოვს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ, ჩვენ გვაქვს დიდი ნდობა თქვენ მიმართ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ, რომ თქვენი ერთიანობით მზად ხართ, ეს ახლა გააკეთოთ“, – “, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძე: ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის
ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მისივე თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია მასშტაბური კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. „ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოში, რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივი შემოსვლა, დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია
იენს სტოლტენბერგი: NATO არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე, NATO თავდაცვითი ალიანსია. მისივე თქმით, ალიანსი რუსეთთან ომისკენ არ ისწრაფვის. „ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ასევე გვაქვს ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას და მისი დასრულების აუცილებლობას, ასევე რუსეთის ყველა ჯარისკაცის გაყვანისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერად ჩართვის მნიშვნელობას, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბლინკენთან შეხვედრის დროს.
NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს
NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, როგორც NATO-ს მოკავშირეებს, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, უფრო დამღუპველი იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ NATO-ს ესმის უკრაინის სასოწარკვეთის, მაგრამ ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას ითხოვს. 4 მარტს დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობა განიხილეს
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე შეიკრიბნენ. როგორც ცნობილია, ათასობით ჯარისკაცის გარდა, რომელიც მოკავშირეებმა უკვე გაგზავნეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, NATO პირველად განათავსებს თავის სწრაფი რეაგირების ძალებს, მას 130-ზე მეტი თვითმფრინავი ჰყავს მზადყოფნაში, ასევე, 200-ზე მეტი ხომალდი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში
ახალი კანონის საპასუხოდ, BBC რუსეთში მუშაობას დროებით წყვეტს
რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში არაერთი დამოუკიდებელი წყარო დაიხურა, ან მათ მუშაობა შეაჩერეს. BBC და Deutsche Welle შეიზღუდა. BBC-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კორპორაცია რუსეთში BBC-ის ყველა ჟურნალისტის მუშაობას მიღებული კანონის საპასუხოდ შეაჩერებს. „ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას „დანაშაულად“ აქცევს. სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დროებით შევაჩეროთ BBC News-ის ყველა ჟურნალისტისა და მათი დამხმარე პერსონალის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე შევაფასებთ ამ არასასურველი განვითარების სრულ გავლენებს. BBC News რუსულ ენაზე მაუწყებლობას რუსეთის ფარგლებს გარეთ განაგრძობს. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია და ჩვენ არ ვართ მზად, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ მათი საქმის შესრულების გამო“, - აცხადებს ტიმ დევი. რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება
ავსტრიის ყოფილი კანცლერი „ლუკოილის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს
ავსტრიის ყოფილი კანცლერი ვოლფგანგ შიუსელი რუსული ენერგეტიკული გიგანტის ლუკოილის საბჭოში თანამდებობას ტოვებს. „ყოველთვის ვცდილობდი, ხელი შემეწყო ევროკავშირსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკრაინაზე საომარმა თავდასხმამ, სასტიკმა თავდასხმებმა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვამ წითელი ხაზი გადაკვეთა“, - წერს შიუსელი Reuters-ს ცნობით.
თურქეთის ელჩი: ახლა წყდება არამხოლოდ ევროპული ღირებულებების ბედი
„ახლა წყდება არამხოლოდ ევროპული ღირებულებების ბედი“, ამის შესახებ თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თბილისში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომლის თემაც - „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“ იყო. უკრაინაში ახლა წყდება არამხოლოდ ევროპული ღირებულებების ბედი, როგორც ეს ხშირად გაისმის, არამედ ეს არის გლობალური ღირებულებების საკითხი. „ინდოეთში, პაკისტანში, ლიეტუვაში... დედებს შვილები ერთნაირად უყვართ“, - განაცხადა ელჩმა რადიო თავისუფლების ცნობით. ელჩმა ყურადღება გაამახვილება იმ გარემოებაზე, რომ რუსეთს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრია, მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად. მან გაიხსენა რუსეთის პოზიცია უშიშროების საბჭოში, სადაც მოსკოვმა ვეტო დაადო უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას და ამის გამო საჭირო გახდა იშვიათი ნაბიჯის გადადგმა - რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო ხმების დიდი უმრავლესობით. ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, ეს ომი სახიფათოა რეგიონისთვის, თავად რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ასეთ პირობებში აუცილებელია გაერთიანებული ძალისხმევა. მან საქართველოს პოლიტიკოსებს, ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, დაივიწყონ დაპირისპირებები. „ახლა გაერთიანების დროა“, - განაცხადა ელჩმა და დაამატა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის აგრესია გავაჩეროთ.“
თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს - პრეზიდენტის მიმართვა უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს. ვიდეო
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მხარდმჭერი აქციის მონაწილეებს მიმართა. „მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის! ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე, შეკრებილებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა.