ძებნის რეზულტატი:

სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენი-ზურაბიშვილის საუბრის დეტალებზე იუწყება

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინაზე რუსეთის მთავრობის წინასწარ განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე, გლობალური პასუხის შესახებ და ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობად ოკუპაციაზე ესაუბრა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა Minuteman III რაკეტის გამოცდა გადადო

თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინ მაგალითი აჩვენა, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო და გადადო ამერიკული Minuteman III რაკეტის დიდი ხნის დაგეგმილი საცდელი გაშვება, განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ დღეს პრესკონფერენციაზე. ოსტინის ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომელმაც რუსეთის ბირთვული ძალები სპეციალური მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანა.  „ახლა, გაზრდილი დაძაბულობის დროს, შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა სამართლიანად აღიქვეს [პუტინის ქმედებები], როგორც საშიში და უპასუხისმგებლო და ... არასაჭირო“, - განაცხადა კირბიმ. მისივე თქმით, შეერთებული შტატები და რუსეთი დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას შესაძოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. „ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ „ატომური ომი“ არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული ბრძოლის იარაღად", - განაცხადა კირბიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება სამხედრო თვითმფრინავი, რათა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლონ თავიანთი მიწის უფრო ეფექტურად დაცვა, რადგან უკრაინა უამრავ ადამიანს კარგავს. „თუ თქვენ სიმტკიცე არ გაქვთ, ცა ჩაკეტოთ, მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი. ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ”, - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ გმობს იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ მიაწოდონ ასეთი თვითმფრინავები უკრაინას, რადგან ისინი დიდ დახმარებას უწევენ. „უკრაინა ამისთვის მათი მადლიერია. მე მესმის როგორც პოლონეთი, ასევე შეერთებული შტატები. მე მათ არაფერში დავადანაშაულებ. ისინი ბევრს აკეთებენ, მე მადლობელი ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებენ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას, თუმცა ეს ინფორმაცია მანამდე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა დააფიქსირა. ბოლო დღეებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ შესთავაზა უკრაინას გარკვეული დახმარება ლეტალური იარაღით ან აღჭურვილობით რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. კერძოდ, პოზიცია რადიკალურად შეიცვალა გერმანიამ, რომელიც აქამდე ეწინააღმდეგებოდა და ასევე ბლოკავდა სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი წარმოების იარაღის მიწოდებას. NATO უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას პასუხობს. ალიანსი არ განიხილავს ფრენის აკრძალული ზონის საკითხს უკრაინაში რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად, განაცხადა ალიანსში აშშ-ის ელჩმა. BBC News-თან საუბრისას ჯულიანა სმიტმა განაცხადა: „ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ NATO უნდა იყოს მხარე ამ კონფლიქტში“. ”[ჩვენ] უზარმაზარ, როგორც ლეტალურ, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ. NATO-ს მოუწოდებენ ფრენის აკრძალული ზონის შემოღების თაობაზე, რათა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავების გამოყენება ადგილზე მისი ძალების მხარდასაჭერად, მაგრამ ბევრმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ჯულიან სმიტმა ბირთვული ძალების უმაღლეს მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პუტინის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „მიუღებელია ჩვენთვის, რომ რუსეთი რაიმე სახის ესკალაციაზე საუბრობს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს რიტორიკა უკიდურესად სახიფათოა და ზრდის არასწორი გათვლების რისკს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რუსეთმა დატოვოს უკრაინა, შეწყვიტოს ცეცხლი და მოახდინოს ამ სიტუაციის დეესკალაცია.

ენტონი ბლინკენი: საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადავუხადე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter გვერდზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით წერს. „ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გადავუხადე მადლობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის, უკრაინელი ხალხის მიმართ და ასევე ხაზი გავუსვი აშშ-ის მტკიცე ერთგულებას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს ენტონი ბლინკენი.

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

IDF-ის მიერ წარმოდგენილ კვლევაში სექტორების მიხედვით ნაჩვენებია საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. აღნიშნულია, თუ როგორ და როდის აღმოჩნდა მათ ხელში სხვდასხვა ობიექტი. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს. კვლევის მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. მათ შორის უმსხვილესია რუსული „ინტერ რაო“(ИНТЕР РАО ЕЭС). „ინტერ რაოს“ აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან. სამეთვალყურეო საბჭოში კი შედიან - რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკო, “გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ფედოროვი, გაზის კომპანია “როსნეფტის” პრეზიდენტი იგორ სეჩინი, რუსული ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი შუგაევი, რუსული სახელმწიფო კორპორაციის, “ვნეშეკონობენქის” ხელმძღვანელი ვლადიმერ დმიტრიევი. მმართველ საბჭოს ბორის კოვალჩუკი ხელმძღვანელობს, რომელიც 2006-2009 წლებში რუსეთის მთავრობის პრიორიტეტული პროექტების დეპარტამენტის უფროსი იყო. საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის“ 75%, თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“. საინიციატივო ჯგუფმა გამოიკვლია, რომ 2011 წელს “ხრამჰესის” გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა. 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიის შპს „ენერგიის“ საკუთრებაშია დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი. „ენერგიის“ 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. მევლუდ ბლიაძე რუსეთში ფლობს კომპანიას, რომელიც ხიდების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას ახორციელებს. მას მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება. რუსეთის მოქალაქე ალი მარაევი ფლობს შპს “ენერგო ინვესტს”, რომელმაც ავანიჰესი უნდა ააშენოს. რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელის, რაულ ქურდაძის საკუთრებაშია შპს “ფშავი ჰიდრო”. კომპანია სკურდიდი ჰესის მშენებლობას გეგმავს. საქართველოს მთავრობამ შპს “ფშავი ჰიდროსთან” მემორანდუმი 2014 წლის 19 ივნისს გააფორმა. კომპანია იმ პერიოდში რამდენიმე თვის დაფუძნებული იყო - “ფშავი ჰიდროს” რეგისტრაციის თარიღი 2014 წლის 17 იანვარია. რუსეთის ენერგეტიკული სისტემა არის ერთ-ერთი აქციონერი გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგოში”, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებს განაგებს. "საქრუსენერგოს" საწესდებო კაპიტალში არსებული გადამცემი ხაზების მთლიანი სიგრძეა 908 კმ. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 603 კმ სიგრძისა და რუსეთის ტერიტორიზე არსებული 305 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები. ქონების საერთო ღირებულება 230 000 000 ლარია. რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ წყალმომარაგების სექტორშიც. თბილისის წყალმმარაგებელი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზია“.მისი ერთ ერთი დირექტორი კი მიხაილ ტუზოვი, რომელიც სხვადასხვა დროს რუსული “ინეტრ რაოს” შვილობილ კომპანიებში მუშაობდა. რუსეთის მოქალაქეა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმოების დირექტორი ალექსეი ფროლოვიც, რომელიც მანამდე მუშაობდა ტექნიკური დირექტორის მოადგილედ შპს „როსვოდოკანალში“. ამავე ოფშორულ კომპანიას, „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ ეკუთვნის რუსთავის წყალი და მცხეთის წყალკანალიც. რუსული კომპანისი „ლუკოილის“ შვილობილი კომპანიაა „ლუკოილ ჯორჯია“, რომელიც ფლობს 62 ბენზინ-გასამართ სადგურს და ერთ-ერთი მსხვილი ნავთობ იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. „ლუკოილი“ იმ რუსულ კომპანიებს შორისაა, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის შემდეგ სანქციები დაუწესა დასავლეთში სანქცირებული რუსული კომპანია „როსნეფტიც“, რომელმაც “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-იანი წილი შეიძინა. “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობ ტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა, აღნიშნული მფლობელობა საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდება. “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.მასვე ეკუთვნის შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში „გალფის“ ბრენდის 140 ბენზნინგასამართ სადგურს ფლობს. რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევები არიან ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიების RMG Gold-ისა(ყოფილი „კვარციტი“) და RMG Copper-ის (ყოფილი „მადნეული“) მფლობელები. რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ხელშია მინერალური წყლების კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველო“. კომპანია აწარმოებს მინერალურ წყლებს - ბორჯომი, ლიკანი, ასევე სასმელ წყალს - ბორჯომის წყაროები, ბაკურიანი. ბორჯომის მოპოვების ლიცენზიას სწორედ ის ფლობს. მის საკუთრებაშია ჩამომსხმელი ქარხანა N1; ჩამომსხმელი ქარხანა N3. კომპანიას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობდა. ფრიდმანის კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Alfa Group-ისთვის „ბორჯომის“ მიყიდვის შესახებ მათ 2013 წლის დასაწყისში განაცხადეს. Alfa Group -ი ფლობს საკომუნიკაციო კომპანია Vimpelcom-ის 44%-საც. ამ ჯგუფის წევრია საქართველოს ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორი “ბილაინი”. საქართველოში არსებული “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” მფლობელი რუსული ღსს “ვითიბი ბანკია”, ამ უკანასკნელის აქციების 58.99% კი რუსულ სახელმწიფოს ეკუთვნის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთიდან 66 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა და ამ მოცულობით რუსეთი საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის მერვე ადგილას დგას. პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს 331 მილიონი დოლარის ინვესტიციით. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში ოფშორული ზონაა, სადაც ძირითადად რეგისტრირებულები არიან ის კომპანიები, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებენ. ამ ოფშორული კომპანიების უკან რეალურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის რუსეთისაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებიში: შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ (სოფლის ნობათი), შპს „მობიტელი“(ბილაინი), შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“(ბალტიკა), შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“. 2013 წელს ამ სიაში შედიოდა „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „სტრომოსი“ (რუსთავის ავტოდრომი) და „ტრიდე“.

სალომე ზურაბიშვილი: ვიმედოვნებ, ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა რუსეთის ხელისუფლების განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური პასუხის შესახებ და რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის შესახებ.   სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტი ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე ერთგულებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისთვის.   „ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე. ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ. მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი Facebook-ზე.

„სამხედრო ინციდენტების“ პრევენციის მიზნით, აშშ-რუსეთის ცხელი ხაზი შეიქმნა - Reuters

„პენტაგონმა შექმნა ახალი ცხელი ხაზი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რათა თავიდან აიცილოს „გაუთვლელი“ სამხედრო ინციდენტები და ესკალაცია“, - განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს. ანონიმურობის პირობით, ამერიკულმა წყარომ აღნიშნა, რომ  „ცხელი ხაზი“ პირველ მარტს ჩამოყალიბდა. ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთთან ცხელი ხაზები წარსულში, მათ შორის სირიის ომის დროს შექმნეს. პენტაგონმა დააფუძნა ახალი ცხელი ხაზი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რათა თავიდან აიცილოს „გაუთვლელი“ სამხედრო ინციდეტები და ესკალაცია“ რეგიონში, რადგან რუსეთის შეჭრა უკრაინაში წინ მიიწევს, - განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მას არ ჰყავს ჯარები უკრაინაში, მაგრამ მას და NATO-ს მოკავშირეებს აწუხებთ ევროპაში „პოტენციური გავრცელების საკითხი“, მათ შორის უბედური შემთხვევები, რადგან რუსეთი ახორციელებს ყველაზე დიდ თავდასხმას ევროპულ სახელმწიფოზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

საგარეო უწყება: საქართველომ, ეუთოს 44 მონაწილე სახელმწიფოსთან ერთად და უკრაინის მხარდაჭერით, „მოსკოვის მექანიზმის“ ინიცირება მოახდინა, რაც უკრაინაში აგრესიის გავლენის გამოძიებას ისახავს მიზნად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეუთოს მიერ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "საქართველომ, ეუთოს 44 მონაწილე სახელმწიფოსთან ერთად და უკრაინის მხარდაჭერით, მოახდინა ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ინიცირება, რაც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გავლენის გამოძიებას, მათ შორის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესაძლო შემთხვევების შესახებ", - აღნიშნულია Twitter-ის განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული მექანიზმი გულისხმობს უკრაინაში ექსპერტთა ფაქტების დამდგენი მისიის წარგზავნას, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრითა და ომით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული შედეგების გამოსაკვლევად. „ზემოხსენებული მექანიზმის შედეგად ამოქმედებულ ექსპერტთა მისიას, შესაძლებლობა ექნება, დაადგინოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების, ასევე ომის დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული და განურჩეველი თავდასხმების შესაძლო ფაქტები და გარემოებები. ექსპერტთა მისიის მოვალეობაში შედის ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაანალიზება, რათა იგი შესაბამის ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, ასევე ეროვნულ, რეგიონულ ან საერთაშორისო სასამართლოებსა თუ ტრიბუნალებს წარუდგინოს. საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიას და განაგრძობს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

რუს ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესდათ. CNN-ის ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მყოფთა ამერიკული აქტივები და ქონება დაიბლოკება. ამერიკაში გამგზავრება 19 ოლიგარქს და მათი ოჯახის 47 წევრს აეკრძალებათ. სანქცირებულთა სიაში არია: ნიკოლაი ტოკარევი; ბორის როტენბერგი; არკადი როტენბერგი; სერგეი ჩემეზოვი;იგორ შუვალოვი;ევგენი პრიგოჟინი; დიმიტრი პესკოვი; ალიშერ უსმანოვი. „აშშ და მთელ მსოფლიოში მთავრობები იმუშავებენ იმისთვის, რომ გამოავლინონ და გაყინონ ის აქტივები, რომლებსაც რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ ჩვენს შესაბამის იურისდიქციებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ასევე დაუწესა სანქციები უსმანოვს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, იგორ შუვალოვს. ბრიტანეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი ინტერესები გაერთიანებულ სამეფოში და მჭიდრო კავშირები კრემლთან“.

ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესახებ Twitter-ზე წერს. „მე ველაპარაკე პრეზიდენტ პუტინს, დღეს დილით. ის ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევას და კონტაქტებს. უარესი თავიდან უნდა ავიცილოთ“, - წერს ემანუელ მაკრონი.  ემანუელ მაკრონი: პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე - ამ ეტაპზე ის უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს

უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ნაწილში ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს კომპლექსში ხანძარი სასწავლო ცენტრში იყო და არა თავად ქარხანაში. Reuters-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის უზარმაზარი ატომური სადგური დაიკავეს.

ბორის ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ჯონსონი Twitter-ზე წერს. პრემიერ-მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის უახლოეს საათებში გამართვა მოითხოვა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და დაუშვას სასწრაფო დახმარების სერვისების შეუზღუდავი წვდომა სადგურზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტ პუტინის დაუფიქრებელმა ქმედებებმა შეიძლება, პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და შესაძლებლობა მისცეს სასწრაფო დახმარების სამსახურებს, ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა სადგურზე“, - წერს ბორის ჯონსონი. ცნობისთვის, გამთენიისას, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ნაწილში ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს კომპლექსში ხანძარი სასწავლო ცენტრში იყო და არა თავად ქარხანაში. Reuters-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის უზარმაზარი ატომური სადგური დაიკავეს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს

ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ - მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადის გადაცემით ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.   ასევე წაიკითხეთ:   ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

საუდის არაბეთის პრინცი რუსეთ-უკრაინის ომზე: ზად ვარ, ყველა მხარეს შორის შუამავლობისთვის

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს განუცხადა, რომ „მზად არის ყველა მხარეს შორის შუამავლობისთვის“.   ამასთან, პრინცმა ზელენსკისთან და პუტინთან სატელეფონო საუბრებში კონფლიქტის „პოლიტიკური გადაწყვეტისთვის“ მხარდაჭერა გამოხატა.   პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ზელენსკის ასევე განაცხადა, რომ საუდის არაბეთი უკრაინელი ტურისტებისა და რეზიდენტებისთვის ვიზებს გაუხანგრძლივებს.   ასევე წაიკითხეთ:   უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის - 22.6% ხოლო 7 დღის - 18.07%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 193, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 72, გურია - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894, საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 118, აჭარაში - 270, იმერეთში - 626. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 94, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245 პაციენტი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 27, იმერეთში - 18. 61 981 ადამიანი სახლში მკურნალობს.

უკრაინული მედია: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია. რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება.  ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას უცხოური მედია: ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლიკვიდირებულია

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურდა

აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის, ჯენიფერ გრანჰოლმის თქმით, დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.   "დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება", - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მდივნმა.   ასევე წაიკითხეთ:   უკრაინული მედია: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს   ბორის ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას   უცხოური მედია: ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლიკვიდირებულია        

მიხეილ პოდოლიაკი: მხოლოდ დაკეტილი ცა შეაჩერებს ესკალაციას

დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა. „ამ ომის ლოგიკაა: სარაკეტო იერიშები და თავდასხმების მოწყობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. მხოლოდ დაკეტილი ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, - წერს პოდოლიაკი. ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე დმიტრო კულება: მშვიდად ვეუბნებით NATO-ში ჩვენს პარტნიორებს, თუ ახლა არ დაგვეხმარებით, შემდეგი თქვენ იქნებით

აშშ-ის სენატორი პუტინზე: ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში

ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში. ამით თქვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ლინდსი გრემმა Fox-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა. „რა თქმა უნდა, მას ჯერ მოუწევს სარდაფში შეღწევა, სადაც დაიდო ბინა ლოქორამ", - განაცხადა გერმმა. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას

რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება

რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება. ამასთან, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება მოწოდებები, “რომლებიც ეწინააღმდეგება რუსული ჯარების გამოყენებას რუსეთის ინტერესების დასაცავად”.  ცნობისთვის, რუსეთის მედიის მარეგულირებელი აფრთხილებს დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს, არ გაავრცელონ ნეგატიური ინფორმაცია უკრაინის ომის, მათ შორის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ.  ასევე წაიკითხეთ: პუტინი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე აცხადებს, რომ რუსეთის „ოპერაცია“ „გეგმის მიხედვით მიმდინარეობს" - BBC