ძებნის რეზულტატი:
მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები და მსვლელობები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას DW ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია დაკავებული. მინსკში, ასევე ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მასობრივი დემონსტრაციები კვირაობით იმართება. ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დეპარტამენტს ეწვია
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებული ენტონი ბლინკენი, მის მომავალ უწყებას ეწვია. საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ამერიკის საგარეო უწყებაში, რითაც ძალაუფლების გადაბარების პროცესი სახელმწიფო დეპარტამენტშიც ოფიციალურად დაიწყო. წერს „ამერიკის ხმა“. ვეტერანმა დიპლომატმა, ენტონი ბლინკენმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში კვირის ბოლოს გამართულ სხდომებში, ბრიფინგებსა და შეხვედრებში. ეს გარდამავალი პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი, პოსტის გადაბარებისთვის წინასწარ, რამდენიმე ხნით ადრე ემზადება. მაიკ პომპეო, მოქმედი სახელმწიფო მდივანი, ამჟამად კარანტინშია, მას შემდეგ, რაც მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმასთან დაკავშირებით, უკვე მოხდა თუ არა ბლინკენის და პომპეოს შეხვედრა ვირტუალურად. გავრცელებული ინფორმაციით, პომპეომ ტესტი მაშინვე აიღო, მაგრამ კორონავირუსი მას არ დაუდასტურდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ოთხშაბათს მხოლოდ ის თქვა, რომ პომპეო კარანტინში გადავა და უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტთა მომდევნო კითხვები იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას სიმპტომები. ბაიდენის გარდამავალი პერიოდის გუნდის პრესსპიკერი ამბობს, რომ ისინი ყველა ვიზიტის დროს, COVID19-ის პროტოკოლს მკაცრად იცავენ. ტონი ბლინკენთან დაკავშირებით, მან ისიც განაცხადა, რომ მომავალი სახელმწიფო მდივანი პერიოდულად პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტს ბლინკენის ვიზიტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს ელექტრონული წერილებით აცნობეს, რომ მათ დეპარტამენტში გარდამავალი პერიოდი დაიწყო. საგარეო უწყებაში შეიქმნა სპეციალური გუნდი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ძალაუფლების გადაბარებაში დაეხმარება. „ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯერ ამერიკის მომავალმა სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვეტერან დიპლომატს ამ მიმართულებით პრობლემები არ შეექმნება, თუნდაც სენატის კონტროლი, იანვრის მეორე ტურის შემდეგ, ისევ რესპუბლიკელებს დარჩეთ. ბლინკენის ხანგრძლივი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ის პოსტს სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიკავებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, ენტონი ბლინკენი იყო პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილედ და 4 წლის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველიც იყო ეროვნული უსართხოების მიმართულებით. ბლინკენი ბაიდენს საარჩევნო კამპანიის დროსაც ეხმარებოდა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ბაიდენის მთავარი მრჩეველი და სპიკერი გახლდათ“, - წერს ამერიკის ხმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი შეარჩია
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე შეარჩია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს ელექტრონულად, პარტიის წევრები და მხარდამჭერები აირჩევენ. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი: კორონავირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის
„კორონავირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ინფექციის საწინააღმდეგო სხვადასხვა ზომა ახლა ძალაშია, თუმცა უფრო მეტი გვჭირდება გავრცელების გასაკონტროლებლად“, - აღნიშნა ჰენკოკმა. ჯანდაცვის მდივანის განცხადებით, COVID19-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მისი გაკონტროლება ვაქცინის მიღებამდე რთული იქნება. კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთი ზომებს გაამკაცრებს. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, გამონაკლისი ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა.
გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა
80 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძემ 1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1958-1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963-1969 და 1972-1976 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976-1982 - ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 - სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“. გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.
2020 წლის ფოტოები Time-ის მიხედვით
Time-მა 2020 წლის ტოპ ფოტოები შეკრიბა. Europetime რამდენიმე მათგანს გთავაზობთ: ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი „დაუნინგ სთრითზე“ ფოტოს გადაღებისას სოციალურ დისტანციას იცავენ ჰიუსტონის კლინიკა, მადლიერების დღე კოვიდგანყოფილებაში ბარსელონა, ჰოსპიტლის მიმდებარედ, 60 წლის ფრანსისკო ესპანა მედპერსონალთან ერთად ლორი სპენსერი ჯანმრთელობის ცენტრში 81 წლის დედას ესაუბრება, რომელსაც კორონავირუსი ამ დილით დაუდასტურდა. ტულსა, ოკლაჰომას შტატი. შეკრების მონაწილე დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდება
იტალიაში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა
იტალიაში Covid-19-ის ახალი სახეობის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. - ამის შესახებ ინფორმაციას wantedinrome ავრცელებს. როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის ახალი სახეობა დაუფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა რომში. შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელება დაიწყო გაერთიანებული სამეფოდან, რადგან კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ეპიდაფეთქება პირველად დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის სამხრეთში.
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო
საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სხოდმაზე საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის ოთხმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა უკვე გააცნეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ. ასევე, საკუთარი პროგრამა დეპუტატებს უნდა წარუდგინოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვება. როგორც კოვზირიძემ განაცხადა, ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება. "უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვების", - აღნიშნა კოვზანაძემ. დღესვეა დაგეგმილი ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ.
კორონავირუსი კიდევ 824 ადამიანს დაუდასტურდა, 4227 პირი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ჩატარდა 4811 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 4 227 პირი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. “ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 184 668-მდე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის
„დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე,საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში“, - გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. „ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობს როგორც ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების როგორც მიზანშეწონილობაზე, ასევე ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებზე.
ბოლო 24 საათში 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 4 227 პირი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 184 668-მდე.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 73 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 877 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ნათია თურნავა: ანაკლიის პორტი კვლავ არის ჩვენი პრიორიტეტი - სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება. „ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“,-აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იძენს.
430 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 824 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 22 628 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 6 627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 094 პირი მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით რაკეტა ისროლეს
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის სალჩოზე სარაკეტო იერიში განახორციელს, ინფორმაციას სააგენტო DW- ავრცელებს. ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ე.წ. მწვანე ზონის მიმართულებით რაკეტები უკანონო დაჯგუფებამ გაუშვა, რის შემდეგაც ერაყის არმიის ერთი სამხედრო დაშავდა, ასევე რამდენიმე ავტომობილი და საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად დიპლომატიური კომპლექსი უმნიშვნელოდ დაზიანდა,მათი თქმით, აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შემდეგ ამოქმედდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც რაკეტებს ჰაერშივე ანადგურებს.
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. გასული კვირის პარასკევს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ჯერ უცნობია,ჩაიტარებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი COVID19-ის ვაქცინაციას. ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ვაქცინის მიღებას „შესაბამის დროს“. დონალდ და მელანია ტრამპები კორონავირუსისგან ოქტომბერში გამოჯანმრთელდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით შეარჩევს
„გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი“ - ამის შესახებ ინფორმაცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" Facebook-ის გვერდზე გააკეთა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. პარტიის განცხადებით, ეს არის დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმის დანერგვას იწყებს.გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში. პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება“, - წერია პარტიის განცხადებაში.
ევროკავშირი ბრიტანეთში Covid19-ის ახალ შტამთან გასამკლავებლად საპასუხო ზომებს განიხილავს
დიდ ბრიტანეთში გამოჩენილი კორონავირუსის ახალ შტამზე კოორდინირებული საპასუხო ზომების მისაღებად, ევროკავშირის ოფიციალური პირები დისკუსიას გამართავენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გერმანია, საფრანგეთი და იტალია მათ შორის არიან, ვინც დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს შეაჩერებენ. კანადა ასევე ბლოკავს ბრიტანეთის ფრენებს. ევროპის რომელმა ქვეყნებმა მიიღეს საპასუხო ზომები? საფრანგეთმა შეაჩერა ყველა სამგზავრო კავშირი, სატვირთო სატვირთო მანქანების ჩათვლით, დიდ ბრიტანეთთან, 20 დეკემბრის - შუაღამიდან. 48 საათის განმავლობაში. Eurotunnel-მა (ბრიტანეთის და ევროპის კონტინენტის დამაკავშირებელი გვირაბი) განაცხადა, რომ შეაჩერებს მისი ტერმინალის მოძრაობას. დანიამ შეაჩერა ფრენები დიდი ბრიტანეთიდან 48 საათის განმავლობაში. იტალიამ ბრიტანეთის ყველა ფრენა 6 იანვრამდე შეაჩერა. გერმანიამ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი ფრენა აკრძალა გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით. ნიდერლანდები კრძალავს სამგზავრო ფრენებს ბრიტანეთიდან არა უგვიანეს პირველ იანვრამდე. ბრიტანეთში ვირუსის ახალი სახეობა გასულ კვირას დაფიქსირდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: Covid19-ის ახალი სახეობა შესაძლოა, საფრანგეთშიც ცირკულირებდეს
„სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსის ახალი სახეობა საფრანგეთშიც ცირკულირებდეს“, - აცხადებს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივერ ვერანი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ვირუსი ტესტების შედეგად არ გამოვლენილა. ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი სახეობა 70 პროცენტით სწრაფად ვრცელდება. ამის გამო მსოფლოს სხადასხვა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.
ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან ახლოს განლაგდებიან. ბოლო 800 წლის განმავლობაში ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა
„დღეს, იუპიტერი და სატურნი რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდებიან“, - ამის შესახებ Sciencealert წერს. ასტრონომთა განცხადებით, ამ დროს ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს გამოჩნდებიან, როგორც ბოლო 800 წლის განმავლობაში არ გამოჩენილან ჩვენს ცაზე. „ეს ორი პლანეტა ძალიან იშვიათად უახლოვდება ერთმანეთს, დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ პლანეტები ძალიან ახლოს აღმოჩნდებიან ერთმანეთთან" - აღნიშნა ასტრონომმა პატრიკ ჰარტიგანმა. მისი თქმით, ადამიანები ღამის ცაზე ასეთი განლაგების მომსწრე ბოლოს 1226 წლის 4 მარტს გახდნენ. ეს ციური სინქრონიზაცია ზაფხულში დაიწყო, როდესაც იუპიტერმა და სატურნმა ღამის ცაზე ერთმანეთთან ახლოს მისვლა დაიწყეს, 15-16 დეკემბერს კი ცაზე მათ შორის მანძილი სავსე მთვარის დიამეტრის მხოლოდ ⅕ იქნება. ასტრონომთა განცხადებით, პლანეტების წყვილი ცაზე ყოველ საღამოს მზის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოჩნდება, ხოლო პიკი 21 დეკემბერს იქნება, როდესაც ჩვენს ცაზე იუპიტერსა და სატურნს თითქმის ერთი პლანეტის სახით დავინახავთ. პლანეტები ცაზე ერთი მნათობის სახით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოჩნდებიან, თბილისის დროით 18:20-დან 18:50 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განლაგება ბოლო 800 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მომავალში შედარებით მალე, 2080 წლის მარტში განმეორდება, შემდეგ კი 2400 წელს. 2020 წლის 21 დეკემბერს, იუპიტერი და სატურნი რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდებიან.