ძებნის რეზულტატი:
ნათია თურნავა: პანდემიის პირობებში ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს
„2020 წელს, პანდემიის პერიოდში ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკის დიჯიტალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სტარტაპების განვითარებას. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი შემოიღო აიტი ინდუსტრიაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მქონე კომპანიებისთვის. მისი თქმით, ამის შედეგად, ორი საერთაშორისო კომპანია „ეპამი“ და „ექსადელი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ჯამში, 2000-მდე ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას გეგმავენ. ნათია თურნავას განცხადებით, მომავალში გაგრძელდება აიტი სპეციალისტების გადამზადების მასშტაბური პროგრამა და რეგიონალური ტექნოპარკების და უნივერსიტეტების ჩართულებით ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები. მისი თქმით, 2020 წელს ბათუმში, კასპსა და გურჯაანში ტექნოლოგიური პარკები გაიხსნა და ეს პროცესი გაგრძელდება.
ჰანს კლუგე: ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა
„ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა. დღესასწაულები მოდის და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს, რომ ხალხის ქცევა იყოს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას. „ძირითადი რეკომენდაცია არის უფრო მეტად არა ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანებისთვის. ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა. დღესასწაულები მოდის და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს, რომ ხალხის ქცევა იყოს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული“,- აღნიშნა კლუგემ. კულეგემ ისაუბრა ლუგარის ლაბორატორიის მნშვნელობაზეც. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია საქმიანობით არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში გამორჩეულია. „ეს ცენტრი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის არის გამორჩეული თავისი მუშაობით და ძალიან ამაყი ვარ, რომ მათთან ერთად ვმუშაობ. ვთვლი, რომ ლუგარის ცენტრი და NCDC ორივე ერთად არის ბრწყინვალედ მომუშავე. ასევე დადებითად ვაფასებ ბატონი ამირან გამყრელიძის მუშაობას და ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ მათთან ერთად. რაც შეეხება COVID-19-ზე რეაგირებას, ცენტრი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ტესტირება დაიწყო. ასევე მოწინავეა სხვა თვალსაზრისითად. ეს ცენტრი ისეთ პროექტებშია ჩართული, როგორიცაა თამბაქოს მოხმარების და ისეთი დაავადებების კონტროლი, როგორიცაა C ჰეპატიტი. ერთ-ერთი მოწინავე ცენტრია. შემდგომ თანამშრომლობებზე შევთანხმდით, პირველი ეს არის ციფრული ჯანდაცვა და მეორე ეს არის გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მაქვს თანამშრომლობის საშუალება და გარდა ამისა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მხარი დავუჭირო, რომ ჩატარდეს ტრენინგები ევროპაში და მის გარეთ. მხოლოდ ასეთ თანამშრომლობით შევძლებთ, რომ დავამარცხოთ პანდემია“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჰანს კლუგე: ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება
„ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება და დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ახალ კორონავირუსზე საპასუხო ქმედებები, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში. „რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირებას ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა. ჩვენ კლებადი მაჩვენებლების მომსწრენი ვართ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ქვეყანაში დაწესებულმა შემზღუდავმა ზომებმა. ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება. დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს წინასაახალწლო პერიოდში. მთელს ევროპაში შეინიშნება პანდემიური გადაქანცვა. გვესმის ხალხის განცდები, მაგრამ შობა-ახალი წლის წინასწარ მილოცვასთან ერთად მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო, უსაფრთხოდ გადაეტანოს ეს დღეები იმ პრინციპით, რომ თუ ჩემს თავს ვუფრთხილდები ე.ი. ჩემს ირგვლივ მყოფებსაც ვიცავ, რადგან მიყვარს ისინი”, - განაცხადა ჰანს კლუგემ. რაც შეეხება გრძელვადიან თანამშრომლობას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საყოველთაო ჯანდაცვის არეალის გაფართოების მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდის პერსპექტივებზეც. „ეს რამდენიმე ასპექტს მოიცავს და მათ შორის მოიაზრება ციფრული ჯანდაცვა, მენტალური ჯანმრთელობა და მოსახლეობის დაცვა დაავადებებისგან. გვსურს, რომ ჯანმრთელობა იქცეს თაღოვან პრიორიტეტად, რაც იმის წინაპირობაა, რომ, კეთილდღეობის მქონე, ინკლუზიური და გამძლე საზოგადოება არსებობდეს და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ამირან გამყრელიძე: ვაქცინის გარკვეული დოზის ადრე მისაღებად, საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს
საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ხელისუფლება ასევე ცდილობს, სწრაფად მიიღოს ის ვაქცინები, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სერთიფიცირებას გაუკეთებს. ამირან გამყრელიძემ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგესა და მისი მოადგილის სტუმრობა შეაფასა. „საქართველოში კლუგეს პირველი ვიზიტია მისი დირექტორად არჩევის შემდეგ, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, რამეთუ უკვე შემუშავებულია ევროპის რეგიონის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომავალი 5 წლიანი პროგრამა, ქვეყნებთან მუშაობის სტრატეგია. აქედან გამომდინარე, შეხვედრები მაღალ დონეზე იმართება. ის ხვდება ქვეყნის პირველ პირებს, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დღეს ვიზიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იყო. ჯანმრთელოების მსოფლიო ორგანიაციასთან თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ბევრი პროგრამა დაავადებათა კონტოლის ეროვნულ ცენტრში მათი მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით ხორციელდება. მათ გავაცანით ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებები. ის ხედვები, რაც გვაქვს ინფექციურ დაავადებათა, ეპიდზედამხევველობის, ერთიანი ლაბორატორიული სისტემის, არაგადამდები დაავადებების მონიტორინგის, გარემოს და ჯანმრთელებოს პრობლემებზე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოვიდის საკითხებზე და კოვიდთან ბრძოლაში დაავადებათა ცენტრის როლზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პერსპექტივას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს პარლამენტში მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმინეს
დღეს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. სხოდმაზე საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის ოთხმა კანდიდატმა წარადგინა. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ. ასევე, საკუთარი პროგრამა დეპუტატებს წარუდგინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა. ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობას. მისი თქმით, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის. განათლების ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამში, 300 მლნ ლარით დაფინანსდება. ასევე 2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. მაია ცქიტიშვილის თქმით, გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, 2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ. თურნავას თქმით, პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოების წახალისებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 ჰა-მდე იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მხრიდან, რაც, ნათია თურნავას შეფასებით, იძლევა იმისა შესაძლებლობას, რომ ეს მიწები უფრო მეტად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში და მოიზიდოს საბანკო დაფინანსება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება. „ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“,-აღნიშნა ნათია თურნავამ. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრობის კანდიდატის განცხადებას, ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული მომდევნო წლების სტრატეგია ევროპულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია. „2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში”, - განაცხადა დათიშვილმა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში; განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება; მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად, გაიცემა ფინანსური და ტექნიკური დახმარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდრომელიორირებულ მიწებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. სამინისტროს პროგრამა წარუდნიდა დეპუტატებს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მომდევნო წლებში საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლინდა დანაშაულის 1400-ზე მეტი ფაქტი, მათ შორის, უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის 323 ფაქტი და ამოღებულია 630 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი. მისი განცხადებით, მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით. აღნიშნული სისტემა წარმატებით დანერგილია დღგ-ის დეკლარაციებისთვის. წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის შემოწმება, მისი თქმით, ეტაპობრივად შეამცირებს გასვლითი საგადასახადო შემოწმებების რაოდენობასა და ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ზრდას. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. დღესვეა დაგეგმილი ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ.
რუსეთის სამხედრო აქტივობების გააქტიურების ფონზე, შვედეთი შეიარაღებას აძლიერებს
„რუსეთის სამხედრო აქტივობების ზრდის ფონზე, შვედეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს". ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ავრცელებს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი ატარებს განსაკუთრებით კომპლექსურ წვრთნებს. „მურმანსკში დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზაა არქტიკული ბრიგადის შემადგენლობით და ასევე ვაკვირდებით წვრთნებსა და ოპერაციებს ატლანტიკის ჩრდილოეთით. ამის მიზანია აშშ-სა და ევროპას შორის ალიანსის დასუსტება და ტრანსატლანტიკური კავშირების განადგურება“, - განაცხადა მინისტრმა. 2014-2025 წლებში შვედეთის სამხედრო ბიუჯეტი 85 პროცენტით გაიზრდება, რაც გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის სფეროს დაფინანსების ყველაზე მაღალი პროცენტია.
ბრიტანეთიდან ფრენები პოლონეთის მიმართულებითაც შეჩერდება
21 დეკემბერს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ აპირებს კარანტინის დაწესებას იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაკვეთენ სახმელეთო საზღვრებს ევროკავშირიდან, მაგრამ ბრიტანეთიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება ორშაბათს, 21 დეკემბერს შუაღამის შემდეგ, ვიდრე დამატებითი ცნობები არ იქნება. წერს Reuters-ი. „ჩვენ არ ვგეგმავთ სასაზღვრო კარანტინის შემოღებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან”, - განაცხადა პიოტრ მიულერმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
დავით ზალკანიანი: რუსეთი გაასმაგებულად ცდილობს, საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან
„რუსეთის ფედერაციას, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიაპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აქტიურად ცდილობს, დაამკვიდროს ნარატივი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. „ისინი აქტიურად ცდილობენ ნარატივის დამკვიდრებას, რომ სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრანიაში. აქედან გამომდინარე მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს „ახალ რეალობას” და დაიწყოს იმ ვალდებულებებზე საუბარი, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში. ესაა მათი ნარატივი და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებიან - უთხარი საქართველოს, დაივიწყოს ამ უსაფრთხოების საკითხის მუდმივი წინ წამოწევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და შეეგუოს ამას, რომ არის ორი “დამოუკიდებელი სახელმწიფო” - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სირთულეებთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მათი მხარდაჭერის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი, რაც გვაქვს და ჩვენი საქმიანობა უნდა შეფასდეს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც წელს ამ მიმართულებით დაიდო”, - განაცხადა ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას. როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას აფხაზ და ოს მეგობრებთან პირდაპირი დიალოგი სურს, თუმცა ძალის არგამოყენების ვალდებულება რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს. „რუსეთს ფედერაცია ცდილობს, ახალი ტაქტიკური მეთოდით წინა პლანზე წამოწიოს აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლები და გვეუბნება - მათ ესაუბრეთ ძალის არგამოყენებაზე. ეს არის ერთგვარი ხრიკი, ნარატივი, რომელსაც ცდილობენ დაამკვიდრონ. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგები არ ვართ. ჩართულობის პოლიტიკა, იგივე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა წარმოდგენილი ეხმიანება იმას, რომ ჩვენ გვინდა იმ სიკეთეების გაზიარება ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრებისთვის, რა სიკეთეებიც მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით, რა სიკეთეებიც მოაქვს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, თავისუფალ გადაადგილებას, უვიზო მიმოსვლას, რა სიკეთეც მოაქვს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მიღებას, ესაა, რასაც მათ ვთავაზობთ, ესაა ის, რაც შესაძლებლობას აჩენს, ამაზე გვინდა საუბარი, რაც შეეხება ძალის არგამოყენების ვალდებულებას, ეს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებაა და კეთილი უნდა ინებოს რუსეთმა, რაც აქვს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება, ის უნდა შეასრულოს, ისევე როგორც ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას. მაგრამ რას ვხედავთ ამ მიმართულებით?! შანტაჟს ჟენევის ყოველ რაუნდზე მოლაპარაკების მაგიდიდან ადგომას და ამ თემით სპეკულირებას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის შანტაჟში მოქცევას“, - განაცხადა ზალკალიანმა.
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა. დასრულდა საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის მინისტრობის ოთხმა კანდიდატმა წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.
ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, დიდი ბრიტანეთის მკვლევარების აზრით, ახალ შტამს ვირუსის პირვანდელ ვარიაცასთან შედარებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც ცდილობენ, დიდი ბრიტანეთისგან დისტანცირებას, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ვირუსის შტამის შესახებ. ბევრმა კრიზისის მოსაგვარებლად დააწესა მოგზაურობის აკრძალვები. შვედეთის მკვლევარებმა ვირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს აპრილში. მათ დააფიქსირეს ვირუსის გენეტიკური მასალის ცვლილება, რაც როგორც ჩანს, ინფექციის გადაცემის სისწრაფეს აორმაგებდა. მას შემდეგ, გენომში კიდევ მრავალი ვარიაცია აღმოაჩინეს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიაში მოსახლეობას ახალი შტამი წაულას ფერმიდან გადაედო. პარასკევს ასევე გავრცელდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მეორე ტალღას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლები თვლიან, რომ კორონავირუსის ახლად აღმოჩენილი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მუტაციების გამო დაავადების სიმძიმე ჯერ კიდევ უცნობია. იტალია კიდევ ერთი ასეთი ქვეყანაა, სადაც დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა. 20 დეკემბერს, იტალიამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინა იმ პირში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გაერთიანებული სამეფოდან. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ქვეყანაში უკვე ცირკულირებს კორონავირუსის სხვა ვარიანტი. ავსტრალიამ ასევე დააფიქსირა ახალი შტამი ქვეყანაში, გაერთიანებული სამეფოდან ჩასულებში. ევროკავშირი უკვე განიხილავს საპასუხო ზომებს, ბრიტანეთში გამოჩენილი Covid 19-ის ახალ შტამთან გასამკლავებლად დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალ შტამზე კოორდინირებული საპასუხო ზომების მისაღებად, ევროკავშირის ოფიციალური პირები დისკუსიას გამართავენ. გერმანია, საფრანგეთი და იტალია მათ შორის არიან, ვინც დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს შეაჩერებენ. კანადა ასევე ბლოკავს ფრენებს ბრიტანეთიდან. ესპანეთი, ბრიტანეთისთვის პოპულარული დანიშნულების ადგილი არ კრძალავს ფრენებს დიდი ბრიტანეთიდან და გეგმავს, რომ „ევროკავშირის შეთანხმებულ პასუხს დაელოდოს“. კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა. „როგორც წესი, ახალი შტამებიდან ნაწილი მალევე ქრება და ნაწილი რჩება. ამ ეტაპზე ბრიტანული ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბელგიაში დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც არის აღმოჩენილი. მოქალაქეების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ ვირუსის მუტაცია ნორმალურია. ვერ დავადასტურებთ, რომ ახალი შტამი უფრო მძიმე გართულებებს იწვევს და რაც მთავარია, ვაქცინა იქნება ეფექტიანი ამ შემთხვევაში“, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა სტივენ ვან გუხტმა. მსოფლიო რომელმა ქვეყნებმა მიიღეს საპასუხო ზომები? საფრანგეთმა შეაჩერა ყველა სამგზავრო კავშირი, სატვირთო სატვირთო მანქანების ჩათვლით, დიდ ბრიტანეთთან, 20 დეკემბრის შუაღამიდან. 48 საათის განმავლობაში. Eurotunnel-მა (ბრიტანეთის და ევროპის კონტინენტის დამაკავშირებელი გვირაბი) განაცხადა, რომ შეაჩერებს მისი ტერმინალის მოძრაობას. დანიამ შეაჩერა ფრენები დიდი ბრიტანეთიდან 48 საათის განმავლობაში. ნიდერლანდები კრძალავს სამგზავრო ფრენებს ბრიტანეთიდან არა უგვიანეს პირველ იანვრამდე. იტალიამ ბრიტანეთის ყველა ფრენა 6 იანვრამდე შეაჩერა. გერმანიამ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი ფრენა აკრძალა გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით. რუსეთი ერთი კვირით აჩერებს ბრიტანეთიდან ფრენებს ინდოეთი 31 დეკემბრამდე ყველა ფრენას წყვეტს ბრიტანეთის მიმართულებით ჰონგ კონგმა, ისრაელმა, ირანმა, ხორვატიამ, მაროკომ და ქუვეითმა მიიღეს შეზღუდვები ბრიტანეთის მიმართულებით მოგზაურთათვის. ლათინურ ამერიკაში, არგენტინაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ეკვადორში, სალვადორსა და პერუში აკრძალულია ფრენები დიდი ბრიტანეთიდან.
თენგიზ ცერცვაძე: Covid-19-ის ახალ შტამს სიკვდილიანობის არა, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს
„საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არა, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს“, - ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალ შტამს. ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის ახალ შტამს ადვილად შეუძლია, დაასნებოვნოს ადამიანები. „საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს. მას შეუძლია უფრო იოლად დაასნებოვნოს ადამიანები. სამხრეთ ინგლისში ახლა, ვისაც კოვიდი სჭირს, მათი 30 პროცენტი უკვე ახალი შტამით არის დაინფიცირებული. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ინგლისის მიმართ ყველა ქვეყანამ გაამკაცრა ღონისძიებები, მაგალითად, ინგლისი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ, როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები უკვე აღარ გადიან. ინგლისელისთვის შობა და ახალი წელი წმინდათა წმინდაა, მაგრამ შეზღუდვები არნახულად გამკაცრდა“,-განაცხადა ცერცვაძემ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია. როგორც ცნობილია, კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა უკვე ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გავრცელდა.
ევროპულმა სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
ევროპულმა სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ევროკავშირის სამედიცინო სააგენტო ასაჯაროებს. ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან დაიწყებენ.
თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად გაზრდის ვირუსით დაინფიცირების რისკს
„24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის ვირუსით დაინფიცირების რისკს", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორიმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, ის ემხრობა შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას, თუმცა მიაჩნია, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლი უნდა გამკაცრდეს. „ცხადია, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევა. პირადად ჩემი, ექსპერტის აზრი ასეთია - ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს ნაწილობრივ, ოღონდ პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს. შეზღუდვებმა იმოქმედეს და ინფექციის გადაცემა შემცირდა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. მთლად ასე ცოტა არ არის. რეალურად, ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ კვირა იყო და მხოლოდ 5 ათასი ტესტი გაკეთდა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, თუმცა ვაქცინის ეფექტიანობაზე მას გავლენა არ ექნება
ჯანმოს COVID19-ის წინააღმდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ შტამს გავლენა არ ექნება და დისტანცია და პირბადე ამ შემთხვევაშიც ეფექტიანია მარია ვან კერხოვის განცხადებით, უნდა გავაგრძელოთ ყველა არსებული წესის დაცვა. მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, არ დაგვავიწყდეს დისტანციის დაცვა და მაქსიმალურად შევამციროთ რისკი. „ვირუსი მუტაციას განიცდის და ის ხშირად იცვლება. ეს ახალი არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს დიდ ბრიტანეთთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე, რა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას და რა ზომები უნდა მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ შტამს გავლენა არ ექნება, მაგრამ დაკვირვება უნდა გაგრძელდეს. დიდმა ბრიტანეთმა ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს მოგვაწოდა და მას შემდეგ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა“, - განაცხადა მარია ვან კერხოვმა.
ჯო ბაიდენმა ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დამატებითი წევრები დაასახელა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დამატებითი წევრები დაასახელა. მისი თქმით, ახალი წევრები, ხელს შეუწყობენ ამერიკელებს COVID19-სგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. ინფორმაციას Reuters- ავრცელებს. დევიდ კამინი, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელი, NEC – ის (ეროვნული ეკონომიკური საბჭო) დირექტორის მოადგილე იქნება. ფინანსური რეფორმისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში მისი მოადგილის პოსტს კი ბჰარატ რამამურტი დაიკავებს. ,,თავდაპირველი ეკონომიკის აღდგენის პერიოდი წავიდა, ახლა ახალი ეკონომიკის დროა, რომელიც ყველას ემსახურება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სინაგოგაზე თავდამსხმელს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
აღმოსავლეთ გერმანიაში გასულ წელს სინაგოგაზე თავდამსხმელს, გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. წერს Reuters-ი. Stephen B-მ, რომელიც ონლაინ რეჟიმში აჩვენებდა თავდასხმას, დანაშაული და ულტრამემარჯვენე ფრთის მხარდაჭერა აღიარა. ჰოლოკოსტის ისტორიის გამო, გერმანიაში განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მსგავსი დანაშაულები, ამის მიზეზად კი გერმანიის შს მინისტრი, მემარჯვენე რადიკალებს ასახელებს. Reuters-ის თქმით, გასულ წელს მსგავსი დანაშაულების რიცხვი 13% -ით გაიზარდა“, - განაცხადა მაისში შინაგან საქმეთა მინისტრმა. სამუდამო პატიმრობას გერმანიაში აქვს განუსაზღვრელი ვადა და მისი შეცვლა, შეიძლება ვადამდე პირობითი გათავისუფლებით,15 წლის შემდეგ.
ევროპის წამლების სააგენტო: Pfizer-ის ვაქცინა ორსულებში ინდივიდუალურად უნდა დაინიშნოს
21 დეკემბერს, მედიკამენტების ევროპულმა მარეგულირებელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ COVID 19-ის Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება, ორსულებისთვის ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) არ გააჩნია საკმარისი მონაცემები ორსულებში შესაძლო საფრთხეებზე, კლინიკური ცდებიდან“, განაცხადა ბრიფინგზე EMA– ს მედიკამენტების ადამიანის ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰარალდ ენცმანმა. მისი თქმით, სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილება შეცვალოს, გარემოების გამჟღავნების გარეშე, თუ დამატებითი ცნობები გახდება ხელმისაწვდომი.
გიორგი გახარია: ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ჩვენი ამოცანა 2021 წელს
ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ჩვენი ამოცანა 2021 წელს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შეიძლება პანდემია - გამოწვევა, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ეს არის ყველა პატარა ქვეყნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება. მთავრობის მეთაურმა იმ სასტარტო უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას გლობალური კონკურენციის პირობებში ექნება. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ გავართმევთ თავს პანდემიას, იქნება ეს ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების კუთხით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არის ის სასტარტო პირობები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, პატარა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ პოსტპანდემიურ გლობალურ კონკურენციაშიც, რომლის მოწმეებიც ჩვენ სულ მალე გავხდებით. მოგეხსენებათ, ვაქცინა შესაძლებელი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია: 4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის მისაღწევად
ამ წლის და საერთოდ 4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის, ისტორიული ოცნების განსახორციელებლად - შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა ამავდროულად ეს არის ის მიზანი, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვშრომობთ. „ეს ამბიციური გეგმაა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ მიღწევების შემდგომ, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ელოდება, ეს ის მიზანია, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ამიტომ, თქვენს 2021 წლის სამუშაო გეგმაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შემდგომ გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დავაახლოოთ ყველა განზომილებაში, მათ შორის, ფიზიკურ განზომილებაშიც საქართველო ევროპასთან - ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ყველა მიმართულებით. ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა უკვე იყოს მზად, სულ უფრო და უფრო უნდა დავაახლოოთ სტანდარტები და ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს საჯაროდ გაიკეთებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდნეი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს გაიკეთებს, - ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი 21 დეკემბერს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიკეთებს. აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.