ძებნის რეზულტატი:
გიორგი რურუას ცემის საქმეზე პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომელებს ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს, რომლებიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურატურამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება გუშინ წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი რურუას ცემის ფაქტზე პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი 16 დეკემბერს დააკავა.
სამეგრელოში კოვიდინფიცირებული 32 წლის კაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 32 წლის კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. კლინიკის მენეჯერის ნინო აკობიას ინფორმაციით, პაციენტი სახლში მკურნალობდა და საავადმყოფოში მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს ოთხი დღის განმავლობაში გადიოდა. მისი თქმით, 32 წლის კაცს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, თუმცა, კლინიკაში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდებში ლეტალობის მაჩვენებელი 0,5 პროცენტია. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებულიგარდაიცვალა.
თბილისის მერია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებას ავრცელებს
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ვინაიდან კანონდამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაცმუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება“, - აღნიშნულია განცხადბაში.
კარლ ჰარცელი: ახალგაზრდობა საქართველოში სოფლის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელია
„ახალგაზრდობა საქართველოში სოფლის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელია. ახალგაზრდა მეწარმეების გაძლიერებით, ჩვენ გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ მათ, გამოავლინონ ინოვაციური შესაძლებლობები და განახორციელონ ბიზნეს იდეები“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივიზე საუბრისას, რომლისბ თანახმად, 11-12 დეკემბერს ჩატარდა ბიზნეს სტარტაპების საწვრთნელი ბანაკების, „ბუთკემპების“, მეოთხე რაუნდი, რომელიც პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ონლაინ სივრცეში გაიმართა. „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როცა ყველა ვერთიანდებით პანდემიის გამოწვევების დასაძლევად“, - განაცხადა ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
გია ვოლსკი: კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე უწყებად გამოიყოფა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხი განიხილება და დიდი ალბათობით გაყოფა მოხდება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით სამინისტროების გაერთიანებით, თავიდანაც შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, მთავრობის დაკომპლექტებისას მნიშვნელოვან ცვლილებები არ მოხდება, გარდა იუსტიციის მინისტრის შეცვლისა და კულტურის სამინისტროს ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბებისა. “მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში არ უნდა მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება., - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.
ისუტიციის მინისტრობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა. პარლამენტში წარდგენილი მთვარობის ახალი შემადგენლობის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის პოსტს გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს. ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება იუსტიციის ახალი მინისტრის ბიოგრაფიას და განათლებას: დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის(ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს; ჰარვარდის სამართლის სკოლის(აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს; 2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი. 1991-2005წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში; 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010წწ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013წწ.ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი; 2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. უსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.
საბერძნეთის პოლიციამ თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
„საბერძნეთის პოლიციამ თურქეთის საკონსულოს ოფიციალური პირი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ერთი ადამიანი თურქეთის საკონსულოში, როდოსში მუშაობდა. მეორე, მზარეულად სამგზავრო გემზე, როდოს-კასტელორიზოს ხაზზე“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ს.
მაიკ პენსმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაქცინა საჯაროდ მაიკ პენსთან ერთად მისმა მეუღლემ, კარენ პენსმაც გაიკეთა. „არაფერი მიგრძვნია. ყველაფერი კარგად გააკეთეს" - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ. ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ აშშ-ში სამი დღის განმავლობაში 3,000-ს გადააჭარბა.
გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა. სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან: 1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი; 2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი; 3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა; 4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; 5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე; 6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე; 7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი; 8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი; 9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი; 10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური; 11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროალანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე: ∙ საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ∙ ეკონომიკური განვითარება ∙ სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ∙ სახელმწიფო მმართველობა თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი.
იაპონიაში დიდთოვლობის გამო 1000 მძღოლი საცობში გაიყინა
იაპონიაში მაშველები ცდილობენ გაათავისუფლონ 1000-ზე მეტი მანქანა, რომელიც ძლიერი თოვლის გამო, ორი დღეა საცობშია. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იაპონიის ხელისუფლებამ მძღოლებს დაურიგა საკვები, საწვავი და საბნები. შემთხვევა კანეცუს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა, რომელიც დედაქალაქ ტოკიოს ჩრდილოეთით ნიგატასთან აკავშირებს. ძლიერმა თოვლმა, რომელიც ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, გზებზე საცობები გამოიწვია. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ჩრდილოეთსა და დასავლეთში 10,000-ზე მეტი სახლი. შესაბამისი სამსახურები მძიმე ტექნიკითა და ფიზიკური შრომით ცდილობენ გაათავისუფლონ მანქანები, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, 1000 მანქანა ისევ გზაზე იყო. ”ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მძღოლებისა და მგზავრების გადარჩენას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში”, - განაცხადა ნიგატას კატასტროფის მართვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ბულგარეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, ქვეყნიდან აძევებს
ბულგარეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, ქვეყნიდან აძევებს. მას ქვეყნის დატოვებისვის 72 საათი მისცეს. -ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რუსი დიპლომატი 2017 წლის შემდეგ აგროვებდა მასალას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. მათ შორის იყო ცნობა აშშ-ის ჯარის რაოდენობის შესახებ ბულგარეთში ერთობლივი წვრთნის დროს. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას შემდეგ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გე-ერ-უ-ს აწვდიდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურას სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გადასცა. როგორც ცნობილია, რუსმა დიპლომატმა გადაიბირა ბულგარეთის მოქალაქე, რომლის ვინაობას არ ამხელენ. რუსი დიპლომატის ვინაობას ბულგარეთი არ ამხელს სოფიაში რუსეთის საელჩო იტყობინება, რომ აძევებენ რუსეთის სამხედრო ატაშეს. საელჩოს საიტის მიხედვით, ეს თანამდებობა უკავია ვასილი საზანოვიჩს. მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები შეფასებულია, როგორც „უსაფუძველო.“ 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ საზანოვიჩი მეექვსე რუსი დიპლომატია, რომელსაც ბულგარეთიდან აძევებენ. ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს 2020 წლის იანვარში, ორი - სექტემბერში, ერთი კი, 2019 წლის ოქტომბერში. რუსეთი მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. ყველა შემთხვევის საპასუხოდ რუსეთმაც გააძევა ბულგარელი დიპლომატები.
კომენდატის საათის დროს თბილისში, საახალწლო განათებების ნაწილი გამოირთვება
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებში დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება" - აღნიშნულ ინფორმაციასი „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება. ეს გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული. თბილისის გარკვეულ ქუჩებზე დამონტაჟებულია ძველი საახალწლო კონსტრუქციები, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც, მათი ჩართვა-გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა-გამორთვის დროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება. ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება“, - წერია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილი: მე ვმართავ კონსულტაციებს "ლელოსთან", "ევროპულ საქართველოსთან" და სხვა პოლიტიკურ ძალებთან
"მინდა დაგიდასტუროთ, მე ვმართავ კონსულტაციებს "ლელოსთან", "ევროპულ საქართველოსთან" და სხვა პოლიტიკურ ძალებთან - განაცხადა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. "მინდა დაგიდასტუროთ, მე ვმართავ კონსულტაციებს "ლელოსთან", "ევროპულ საქართველოსთან" და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის როგორ მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და ჩემი სამშობლო საქართველოს მაგივრად ისევ საქართველოს სსრ არ გახდეს. მე მხოლოდ ამ საკითზე ვმართავ მუდმივ კონსულტაცებს. კონსულტაციების დროს კი ლაპარაკი პოლიტიკურ გაერთიანებაზე და ჩემ პოლიტიკაში ჩართვაზე, საარჩევნო კონტექსტში, საერთოდ არ ყოფილა და ჯერჯერობით არც მოიაზრება." - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მაიკ პომპეო: თურქეთის მიერ სისტემა С-400-ის შეძენა საფრთხეს უქმნის ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის უსაფრთხოებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა და განიხილა 14 იანვარს, აშშ-ის მიერ NATO-ს მოკავშირე თურქეთისთვის დაწესებული ის სანქციები, რომელიც თურქეთმა რუსული წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემის S-400-ის შესყიდვის გამო მიიღო. - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარში სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ნათლად მიანიშნა იმაზე, რომ "თურქეთის მიერ სისტემა С-400-ის შეძენა საფრთხეს უქმნის ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის უსაფრთხოებას, რუსეთს კი თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო მრეწველობაზე გავლენის საშუალებას აძლევს". როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს შეიარაღების გაყიდვით შემოსავლების მიღებასა და სხვა ქვეყნებზე გავლენის გაფართოებაში. მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს, თურქეთის ან სხვა რომელიმე მოკავშირის არმიების სამხედრო პოტენციალი და საბრძოლო მზადყოფნა შეარყიოს. მან თურქეთს მოუწოდა S-400-ის საკითხი თანამშრომლობით მოაგვარონ, ისე,როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ და ისევ დაიცვას NATO-ს ვალდებულებები იარაღის შეძენასთან დაკავშირებით.
თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირზე ჩვენს მიმართ შეკითხვები ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც არ დარჩათ
"რემდესივირი ჩვენს ძველ გაიდლაინშიც იყო შეტანილი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გავაკეთეთ ახალი პროტოკოლი, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად და არგუმენტირებულადაა განმარტებული ყველაფერი. ვფიქრობ ჩვენს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი შეკითხვები არ დარჩენიათ", - ეს განცხადება თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა. "ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 18 დეკემბერს გამოაქვეყნა პოსტი რემდესივირზე. არ მგონია, რომ “მისი მრევლის” გარდა ვინმემ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდა ამ პოსტით ქ-ნ მაიას. რემდესივირი ჩვენს ძველ გაიდლაინშიც იყო შეტანილი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გავაკეთეთ ახალი პროტოკოლი, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად და არგუმენტირებულადაა განმარტებული ყველაფერი. ეს პროტოკოლი მე წარვადგინე კლინიკების წინაშე, როგორც ონლაინ კონფერენციაზე, ისე პირად შეხვედრებში და ვფიქრობ ჩვენს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი შეკითხვები არ დარჩენიათ. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენ რომ პირიქით მოვქცეულიყავით და ამ მედიკამენტის შემოტანაზე უარი გვეთქვა - ყველაზე ხშირი ბრალდებები იქნებოდა ის, რომ COVID-19-ით პაციენტებს მთელ მსოფლიოში აქვთ შესაძლებლობა იმკურნალონ რემდესივირით და ქართველ პაციენტებს კი ჩვენ ეს შესაძლებლობა წავართვით და სასიკვდილოდ გავწირეთ. რაც შეეხება ქ-ნ მაიას უკმაყოფილებას ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფრით დავეხმარებით. ჩვენ პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ვცდილობდით და ვცდილობთ მოგვეხდინა ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია, როგორც სტანდარტული თერაპიის სრულყოფის, ისე ახალი ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით, რათა რაც შეიძლება მეტი ავადმყოფი გადაგვერჩინა და ჩვენ ამ სტრატეგიას ვერ შევცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რამოდენიმე ადამიანს არ მოსწონს და აღიზიანებს.მე მაქვს მხოლოდ ერთადერთი კითხვა ბ-ნ ვახტანგ კალოაიანთან, რომელმაც ქ-ნ მაიას პოსტზე გააკეთა კომენტარი, სიტყვა-სიტყვით „თქვენც არ გინდათ სხვისი (შარლატანების) აშენებული საქართველო“ (რასაც ქ-ნი მაია ეთანხმება). ბატონო ვახტანგ!უმორჩილესად გთხოვთ, გვიპასუხოთ - ვის გულისხმობდით „შარლატანებში“, ჩვენ, თუ ვინმე სხვას? დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ პირდაპირ გვიპასუხებთ. სხვებს გთხოვთ, ნუ გამომეხმაურებით." - წერს თენგიზ ცერცვაზე.
24 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალიაში საყოველთაო კარანტინი დაწესდება
24 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალიაში საყოველთაო კარანტინი დაწესდება და შესაბამისად, ზომებიც გამკაცრდება. ”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზომები. ეს მტკივნეული გადაწყვეტილება იყო,”, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს. მათ შორის შეზღუდვები გაამკაცრა გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა.
გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის უზრუნველყოფის კომისიის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში, კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, შესაბამისი სამინისტროების, ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაო და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან. კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია სამუშაო შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ყურადღება გამახვილდა, მსოფლიოს მასშტაბით, დღეს არსებულ და პერსპექტიულ ვაქცინებზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა განისაზღვროს ის მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში უნდა აიცრან. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, უნდა იყოს აღიარებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, კერძოდ, ვაქცინებისთვის საჭირო ცივი ჯაჭვის მოთხოვნები და მახასიათებლები. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია - უსაფრთხო და ხარისხიანი ვაქცინით, რომელიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ამ კუთხით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა განისაზღვროს ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაღები სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინები, ქვეყანაში მათი შემოტანის გზები და სამიზნე აუდიტორია, რომელიც პირველ რიგში აიცრება. ვაქცინაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში ჩართულია საქართველოს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან. კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია სამუშაო შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირის ელჩი: საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს
საქართველო ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს ჰენრი კლუგესთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა Covid-19-ის პანდემიის დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის ამჟამინდელი სტატუსის განხილვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და პერსპექტივებს. „მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით. „უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად აგრეთვე განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს. ეს არ იქნება ადვილი, თუმცა სხვადასხვა არხის მეშვეობით აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ჰანს კლუგე: ვაქცინის უზრუნველყოფის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობას გავაძლიერებთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის ჰანს ჰენრი კლუგეს განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარადჭერით, კიდევ უფრო გააძლიერებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. ამის შესახებ კლუგემ, დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ დროს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მწვავე პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა სოციალური ერთიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“, - აღნიშნა ჰანს ჰენრი კლუგემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, ჰანს ჰენრი კლუგე საქართველოში ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოშო 53 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბოლო თვეების განმავლობაში დღეს გარდაცვალების ყველაზე მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისი თქმით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 055 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 175 842-მდე.