ძებნის რეზულტატი:
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 18 824 ტესტისტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიჭინავამ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით, 19 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია.ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 175 842-მდე.სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა - 197, იმერეთი - 495, ქვემო ქართლი - 236, შიდა ქართლი - 158, გურია - 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 217, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 844, აჭარაში - 769, იმერეთში - 1 309. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, მათ შორის, თბილისში - 527, აჭარაში - 133, იმერეთში - 264. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 56. 1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 902 - აჭარაში, 127 - იმერეთში. 20 460 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 465 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, აჭარაში - 144, ხოლო იმერეთში - 7.სულ 6 ოქტომბრიდან - 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 645 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 412 პირი, აჭარაში - 6 554, იმერეთში - 6 201“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
417 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, 1136 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1136 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 417 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიჭინავას ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში - 212 კოვიდინფიცირებულია, აჭარაში - 37, იმერეთში - 56. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316, ხოლო გარდაიცვალა 53 ადამიანი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ (2021-2030 წლების ვადით) აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს მორიგ საერთაშორისო წარმატებას ულოცავს პროფესიულ სფეროში. „ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და ჩვენს ქვეყანას ამ დიდ გამარჯვებას! ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. მოსამართლის 6 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საქართველოსთან ერთად 17 კანდიდატი იყო წარდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, კოლუმბია, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა- რიკა, ეკვადორი, საბერძნეთი, მექსიკა, მონღოლეთი, ნიგერია, სიერა ლეონე, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, გაერთიანებული სამეფო და ურუგვაი. მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ ამ მხარდაჭერას, ასევე საქართველის დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის.“, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 18 დეკემბერს ICC -ის არჩევნების მხოლოდ ორი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგადაც აირჩიეს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კანდიდატები. არჩევნები განახლდება 21 დეკემბერს, დარჩენილი 4 მოსამართლის ასარჩევად. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც ფიზიკური პირების ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განხილავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ოთხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესიის დანაშაული. სასამართლო 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. სასამართლო ქ. ჰააგაში მდებარეობს. 2020 წლის მდგომარეობით, რომის სტატუტი 123 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული. საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა.
ავღანეთში აფეთქებას 15 ბავშვი ემსხვერპლა
ავღანეთში მომხდარ აფეთქებას, 15 ბავშვი ემსხვერპლა. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. The Guardian-ის ცნობით, შემთხვევა თალიბების კონტროლირებად ღაზნის პროვინციაში, გილანის რაიონში მოხდა. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მომხდარის მიზეზი უცნობია. პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
კელი დეგნანი: 2020 წელი რთული იყო, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ის საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა
2020 წელი რთული იყო, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ის საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა, გავაძლიერეთ პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელიც საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა. „2020 წელს, მიუხედავად „კოვიდ-19“-ის გამოწვევისა, აშშ-ის საელჩომ გავაგრძელეთ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავება მთელ რიგ სფეროში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ წარმატებული, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ოჯახთან. კერძოდ, აშშ-ის პროფესიონალთა გუნდი საქართველოში ჩვენს მეგობრებთან ერთად მუშაობდა: COVID19-ის საპასუხო ნაბიჯებსა და საქართველოს ჯანდაცვის სიტემის გაუმჯობესებაზე, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობაზე, სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის სტიმულირებაზე, რაც კარგ სამუშაო ადგილებს შექმნის და მეტ ინვესტიციას მოიტანს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებასა და პასუხისმგებელი მედიის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერაზე. ახლახან, აღნიშნული მრავალი პროგრამის მიღმა, არის აშშ-საქართველოს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი: ჩვენი ხალხი. ერთად ამ და მრავალი სხვა პროგრამის საშუალებით, ქართველები და ამერიკელები ჩვენი ორი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან. 2020 წელი რთული იყო, მაგრამ მან საქართველოს და შეერთებული შტატების საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ“, - აცხადებს კელი დეგნანი.
სენატორი ჯიმ რიში: ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება უნდა ჰქონდეს
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმაურება. „ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პასუხად სენატორი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა. „ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს", - ამბობს სენატორი, "ამერიკის ხმასთან" წერილობით კომენტარში. სენატორმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირების სახით შევიდა საკანონმდებლო პროექტების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო მიზეზით არ დაესწრებიან საპარლამენტო სხდომებს. მეორე კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ბოიკოტს აგრძელებენ.
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სავარაუდოდ მარტის ბოლოდან მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო სავარაუდოდ მარტის ბოლოდან მიიღებს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ვაქცინა განსაზღვრული არ არის, თუმცა ყველა მიმართულებით მუშაობენ, ქვეყანას ნებისმიერი ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს. „მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის, ასევე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით, ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მოსახლეობას სწორად მიეწოდოს. ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა, მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და Microsoft-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა
აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებზე, კერძო კომპანიებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსმა ჰაკერებმა მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ჰაკერებმა ფედერალური სააგენტოებიდან და სხვადასხვა ობიექტიდან ინფორმაციის მოპარვა შეძლეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლება იდგეს. რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა მედიამ აშშ-ის სავაჭრო პალატის სერვერზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რის გამოც ფედერალური გამოძიება დაიწყო. აშშ-ის მთავრობაში აღნიშნავდნენ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო და ჰაკერულ თავდასხმას უფრო დიდი მასშტაბები ჰქონდა.
კარლ ჰარცელი: პოლიტიკურ დიალოგი საბოლოოო ჯამში, აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეთ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის აზრით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპარლამენტო მანდატების შეჩერებაზე განაცხადი, პოლიტიკური შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო. აღნიშნული განცხადება ელჩმა მიმდინარე კვირის პოლიტიკური მოვლენების შეჯამებისას გააკეთა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი რევოლუციურ ნარატივს მხარს ვერ დაუჭერს. ჰარცელის შეფასებით, მოლაპარაკების მხარეები დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო შორდებიან ერთმანეთს. "მინდა შევაჯამო ამ კვირის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას. ამის შემდეგ მოხდა ორი კანონის ინიცირება, რეგისტრაციის მოხსნისა და პარტიების დაფინასების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივები არ დაეხმარება პროცესს. სიმართლე გითხრათ, გარკვეულ შეშფოთებასაც იწვევს. ზოგადად, რეგისტრაციის მოხსნა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ, ყოველთვის კითხვებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, როგორც ჩანს, კანონის მიღებას ახლავს გარკვეული განზრახვები“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. მისივე თქმით პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფართო განხილვას საჭიროებს. „ შეიძლება, ზოგიერთებისთვის არსებობდეს ლოგიკა, რომ, თუ არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და არ იღებს პროცესებში პასუხისმგებლობას, რატომ უნდა მიიღოს დაფინანსება. ამაზე უფრო დიდი არგუმენტი არის ის, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია დემოკრატიისთვის და რომ პარტია პარლამენტში მხოლოდ სივრცის შესავსებად არ არის. ამ ქვეყანაში იყო ისეთი კანონები რომლებიც ნაკლებ ბარიერს ქმნიდა პარტიების დასაფინანსებლად და პარლამენტში მოსახვედრად. ეს აღიარებული ფაქტია. პლურალისტური დემოკრატიის ნაწილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც აქვს ამბიცია, მოხვდეს პარლამენტში, ან წარმოადგენდეს საკუთარ ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. ვფიქრობ, ეს კანონი საჭიროებს მსჯელობას”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. ჰარცელი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. „ახლა ის დროა, განსხვავებული მხარეები ფოკუსირდნენ ერთ საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს მაწუხებს მე, ეს უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ვიდრე სხვა დანარჩენი. ჩემი, როგორც ფასილიტატორის აზრია, რომ მხარეები ამ ქმედებებით უფრო შორდებიან, ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როცა დრო იწურება. მე მოვუწოდებ ყველას, ეს დრო გამოიყენონ კარგი შედეგის მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ვითარება სერიოზულია. რაც მახარებს, არის ის, რომ ყველა მხარეს შორის არის მზაობა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბრებს და როგორ მიაღწევენ შეთანხმებას. მეხუთე რაუნდამდე უნდა მივიდეთ. ფასილიტატორები ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. წინასწარი მოლოდინები არ მაქვს. რაც მოხდა, ეს პარტიების პოზიციებს ერთმანეთს უფრო აშორებს. რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს, ამის მხარდაჭერა ჩვენგან ვერ იქნება. ქუჩის პროტესტი და აზრის გამოხატვა დემონსტრაციის გზით და თუკი ის მშვიდობიანია, მისაღებია. იმედი მაქვს, პროტესტი არ ჩააანაცვლებს მოლაპარაკებების პროცესს. დიალოგისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ნდობის არარსებობა. არ ვიცი, როდის იქნება მეხუთე რაუნდი, შეიძლება ხვალ, ან - შემდეგ კვირას," - აცხადებს კარლ ჰარცელი.
გიორგი გახარია: გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში უფლებამოსილების შესრულებას რამდენიმე თვეში შეუდგება, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას
პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას განცხადებით, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლე გახდა როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში შეუდგება ჰააგის სასამართლოს მოსამართლის საპატიო და საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, საქართველოს მთავრობის გუნდში გააგრძელებს საქმიანობას. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 დეკემბერს, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა დასამტკიცებლად. მთავრობის ახალ შემადგენლობაში გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატია. 2013 წლიდან კი იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში", - განაცხადა გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ 18 დეკემბერს აირჩიეს.
თბილისში საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება
"ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, ღამის საათებში მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს და დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება." - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას. კახა კალაძის თქმით, ამ განათებებს ნახულობენ ის ადამინები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე, ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან. საახალწლოდ მორთული თბილისი ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. „ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. მთელი მსოფლიო ებრძვის ამ პანდემიას, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება. ზოგადად, რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რა თქმა უნდა, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, შეშინებულები და დათრგუნულები? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთის სოლიდარობა, რა თქმა უნდა, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. მას შემდეგ, რაც გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების საათებში გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად ღამის საათებში მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს მაშინ, როდესაც საკომენდანტო საათი იწყება? დღესაც მერიაში თანამშრომლებმა ვიმსჯელეთ, როგორ მოვიქცეთ. ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან. ეს არიან ჩვენი ექიმები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს არიან ჩვენი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ასევე ჟურნალისტები და თბილსერვისის თანამშრომლები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან ჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული, გამხიარულებული და ულამაზესი თბილისი - თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. ხაზი გავუსვა იმას, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლეს სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 9 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა
თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა, რომ ხანძარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა. საავადმყოფო სამხრეთ თურქეთის პროვინციაში, გაზიანეთში მდებარეობს. შვიდი კოვიდინფიცირებული ადგილზე გარდაიცვალა, ერთი - სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 85 წლამდეა.
მაიკ პომპეო: აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე მიტანილ კიბერიერიშზე პასუხისმგებელი რუსეთია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე მიტანილი კიბერიერიშზე რუსეთია პასუხისმგებელი. იუწყება Reuters-ი. „ვფიქრობ, ახლა ჩვენ შეგვიძლია, საკმაოდ მკაფიოდ ვთქვათ, რომ ამ ქმედებაში რუსები იყვნენ ჩართულნი“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ. კიბერთავდასხმის შესახებ ცნობა პირველად 13 დეკემბერს გავრცელდა. ამ დრომდე ადმინისტრაცია თავს იკავებდა იმის თქმისგან, თუ საიდან მოდიოდა კიბერშეტევა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ საკითხზე საჯაროდ არ უსაუბრია. უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების თქმით, კიბერშეტევას შესაძლოა ჰაკერებისთვის მნიშვნელოვან სამთავრობო ინფორმაციასა და ქსელებზე მიეცა წვდომა. აშშ-ში რუსეთის საელჩო ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.
შვეიცარიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ფართოდ გამოყენებაზე ნებართვა გასცა
19 დეკემბერს შვეიცარიის მარეგულირებელმა ორგანომ, Swissmedic-მა, covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Pfizer/BioNTech-ის ფართოდ გამოყენებაზე ნებართვა გასცა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შვეიცარია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ნებართვა გაიცა ვაქცინის არაგადაუდებელ მოხმარებაზე. ყველა ნებართვა, რომლებიც აქამდე გაიცა - ჯერ ბრიტანეთში, შემდეგ აშშ-ში და სხვაგან - ითვალისწინებდა საგანგებო, დროებით მოხმარებას ვირუსთან საბრძოლველად. შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანოს თქმით, დოკუმენტაციის განხილვით გამოჩნდა, რომ ვაქცინა, მეორე ინექციიდან ერთ კვირაში, 90 პროცენტზე მეტი ეფექტიანობისაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. რუსეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აგვისტოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, თუმცა მან ეს გააკეთა მანამ, სანამ დასრულდებოდა ფართომასშტაბიანი სამედიცინო ცდები და, ამდენად, რუსეთის ნაბიჯებს ჯანდაცვის ბევრი ექსპერტი სარისკოდ მიიჩნევს. ჩინეთმა შიდაწარმოების სამი ვაქცინა დაამტკიცა სასწრაფო წესით გამოსაყენებლად. 18 დეკემბერს კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინა გახდა მეორე პრეპარატი, რომელმაც აშშ-ში მიიღო სასწრაფო წესით გამოყენების უფლება - მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკვე გასცა ნებართვა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მოხმარებაზე. ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს გარშემო 76 მილიონამდე ადამიანი დააავადა და თითქმის 1,7 მილიონი იმსხვერპლა.
აშშ მზადაა შეიძინოს Moderna- ს 200 მილიონი დოზა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. FDA-მ აშშ-ში პირველი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 12 დეკემბერს გასცა. ამერიკაში დაფიქსიებულია Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი შემთხვევა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 313 500-ზე მეტია. დაახლოებით 17,5 მილიონი ადამიანი კი ინფიცირებულია.
მაიკ პომპეო: ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ მათ სიაშია
„ვინ არის მტერი - ამ შეკითხვას მუდმივად მისვამენ და პასუხია, რომ ჩვენი ცხოვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის და ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისათვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ მათ სიაშია“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდინავმა, მაიკ პომპეომ „მარკ ლევინის შოუში“ განაცხადა. .„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ. მაიკ პომპეომ რუსეთს ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ კობერშეტევაში დასდო ბრალი.
გოჩა ლორთქიფანიძე: ჩემთვის პატივი იქნება, თუ მოსამართლის უფლებამოსილების მიღებამდე გავაგრძელებ მუშაობას, როგორც იუსტიციის მინისტრი
„ჩემთვის პატივი იქნება, თუ მოსამართლის უფლებამოსილების გადმობარებამდე, საქრთველოს მთავრობის შემადგენლობაში გავაგრძელებ მუშაობას, როგორც იუსტიციის მინისტრი“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მისი თქმით, სასამართლო პრაქტიკით დადგენილ პროცედურებს რამდენიმე თვე სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მისთვის პატივი იქნება, თუ იქნება საქართველოს მთავრობაში, როგორც იუსტიციის მინისტრი. „სასამართლო პრაქტიკა გულისხმობს რამდენიმეთვიან ვადას, რა პერიოდშიც, ჩეხმა მოსამართლემ თავისი უფლებამოსილება უნდა დაამთავროს და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, ესაა რამდენიმე თვე და შესაძლოა, უფრო მეტიც, ჩემთვის პატივი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი მოიწონებს და დაამტკიცებს საქართველოს მთავრობას და ამ გუნდის შემადგენლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრმა, გავაგრძელო ისეთივე პასუხისმგებლობითა და შემართებით მუშაობა, როგორც ადრე“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. ის ასევე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული იყო მის საარჩევნო კამპანიაში. „ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული მოსამართლედ, საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რისთვისაც, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია თუ პროცესი მისი აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა საელჩოს, განსაკუთრებით, ნიუ იორკში ჩვენი მისიის, ყველა დიპლომატისა და თანამშრომლის როლი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია იუსტიციის გუნდი, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე, წარმატებით მისაყვანად“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება. შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ უნდა დაიკავოს.
შვედეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადეები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გამოიყენონ
შვედეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიყენონ პირბადეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან ის ებრძვის COVID-19-ის გავრცელებას. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. როგორც პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა განაცხადა, ძალაში შევა სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, იგეგმება იმ ადამიანების რაოდენობის განახევრებაც, რომელთაც რესტორანში შეკრება შეუძლიათ. ალკოჰოლის გაყიდვაზეც შეზღუდვა დაწესდება. როგორც ცნობილია, ადრე რვა ადამიანს შეეძლო ერთად სადილობა, მაგრამ ეს რაოდენობა ოთხამდე შემცირდება, საღამოს 8 საათის შემდეგ კი ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება. ეს უკანასკნელი ძალაში შევა შობის ღამეს, იმ დღეს, როდესაც შვედებს საჩუქრების გაცვლის ცერემონია ექნებათ. აგრეთვე შეიზღუდა სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ დარბაზებში შემსვლელთა რაოდენობაც. შეგახსენებთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს. მათ შორის შეზღუდვები გაამკაცრეს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა.
კარლ ჰარცელი: როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან
„როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. „ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ვითარება სერიოზულია და ამის გამო, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ თუ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებიდან მიიღონ. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ მხარეები ჯერ კიდევ გამოთქვამენ მოლაპარაკებების მზაობას, თუმცა ყველა მხარემ ასევე, უნდა გადაწყვიტოს, რაზე უნდა ისაუბროს და როგორ მიაღწიოს შეთანხმებას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას კი, ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. „ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო...რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაში, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, არის გარკვეული ლოგიკა, თუმცა აქ უფრო ფართო განხილვას საჭიროებს ის საკითხი, თუ რას ნიშნავს პარტიები დემოკრატიაში და პლურალისტური გარემოს შექმნის პროცესში. „ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა. როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც ადგენს უფრო დაბალ ზღვარს პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, ვიდრე ზღვარს, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ, თავის მხრივ არის იმის აღიარება, რომ არსებობს პლურალისტული გარემოს შექმნის ინტერესი. ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი იმსახურებს უფრო ფართო განხილვას, ეს იქნება ფუნდამენტური განხილვა იმისა, თუ როგორ ხედავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და ახლა მე ვერ ვხედავ, რომ არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარე ფოკუსირებას მოახდენს იმაზე, რომ რეალურად დაჯდეს და ჰქონდეს ეს ფართო დისკუსია. სიმართლე გითხრათ, ეს მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს კანონი მიმართულია კონკრეტულ დროსა და ვითარებაზე და არა პარტიების დაფინანსების საკითხის ფართო განხილვაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. საკანონმდებლო ინიციატივების თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.
კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთი ზომებს გაამკაცრებს
დიდი ბრიტანეთი საშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის ახალი სახეობის უფრო სწრაფად გავრცელების გამო ზომები გამკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების შესახებ განაცხადეს. დაიხურება სალონები, ბარები და სპორტდარბაზები. შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და პირველად 30 დეკემბერს გადაიხედება. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, გამონაკლისი ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა.