ძებნის რეზულტატი:

ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა

ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ასაჯაროებს. მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ევროპის წამყვანმა სააგენტომ ნებართვა მისცა COVID 19-ის ვაქცინას, ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ კომისია სწრაფად იმოქმედებდა. „ახლა ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად. დღეს საღამოს ველოდები ევროკომისიის გადაწყვეტილებას“, - დაწერა მან Twitter- ზე.

გიორგი გახარია: დღეს, აშშ-შიც და ევროკავშირშიც საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა

„საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ამ პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებაში, როგორც ფასილიტატორები, ამ პროცესში, ჩვენ, მათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ. „ბუნებრივია, როდესაც ამ პროცესში პირდაპირ არის ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები, ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს, როგორც ასეთს და რა დონის მხარდაჭერა გააჩნია დღეს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რა შედეგებს მივაღწიეთ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, თქვენი დამსახურებით. რა თქმა უნდა, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ჯანმოს წარმომადგენელი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ჩვენც გვექნება Pfizer/Biontech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა

ევროპულმა სააგენტომ გასცა ნებართვა ევროკავშირში Pfizer/Biontech-ის ვაქცინის გამოყენებაზე, რა პროცედურებია და რა დრო სჭირდება ჯანმოს ექსპერიმენტული ვაქცინებისთვის მწვანე შუქის მისაცემად, ამის შესახებ შეკითხვას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ასისტენტმა მედიკამენტებისა და ვაქცინების დარგში, მარიანჯელა სიმაომ უპასუხა. „ევროპული სააგენტოდან ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მიცემა მისასალმებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინის შესახებ მიღებული მასალების შესწავლა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის მედიკამენტების სააგენტოსთან. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ჩვენც გვექნება ამ ვაქცინისისთვის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა. ამის შემდეგ იმუნიზაციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველთა გუნდი მოამზადებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნების დონეზე ვაქცინის გამოყენება. ეს სამუშაო პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ექნება გადაუდებელი გამოყენებისთვის დასკვნა, რომელიც საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანაში ვაქცინის სწრაფად რეგისტრაციას .საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ორმხრივი შეთანხმება აქვს“, - განუცხადა „იმედს“ მარიანჯელა სიმაომ.

ჯანმოს დირექტორი: ჩვენი მიზანია, კორონავირუსის ყველა ვარიანტის გავრცელების ძალიან სწრაფად შემცირება

„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის ყველა ვარიანტის გავრცელების ძალიან სწრაფად შემცირება“, - ამის შესახებ ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი, აცხადებს. „კორონავირუსის ახალი შტამი სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ვირუსის მუტაცია ხდება. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ამას ველოდებოდით. დიდმა ბრიტანეთმა შეგვატყობინა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჯერ არ არის მტკიცებულება, გამოიწვევს თუ არა უფრო მეტ სიკვდილიანობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს მეცნიერებთან, რათა დაადგინოს ეს ცვლილებები ვირუსის ხასიათზე როგორ აისახება. ჩვენი მიზანია კორონავირუსის ყველა ვარიანტის გავრცელების შემცირება და ეს მოხდეს სწრაფად. ეს წელი ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სამედიცინო პერსონალისთვის ამაზე მძიმე პერიოდი არ ყოფილა. სადღესასწაულო დღეებში სამედიცინო პერსონალისთვის საუკეთესო საჩუქარი მოქალაქეების მიერ სიფრთხილის გამოჩენაა. უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა გვაძლევს იმედს, მაგრამ ეს ვერ იქნება მიზეზი არ დავიცვათ წესები და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დავაყენოთ. ჯერ კიდევ ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს ვირუსი საფრთხეს მხოლოდ ხანდაზმულებს უქმნის და ვაქცინების გამოჩენის გამო ჩვენ შეგვიძლია მოვდუნდეთ. ამის საწინააღდეგოდ მინდა გითხრათ, რომ COVID19 -ით ინფიცირდებიან ბავშვები და მოზარდები. ვირუსს შეუძლია, შეტევა განახორციელოს ორგანიზმის ნებისმიერ სისტემაზე. Covax -ისთვის ექსპერიმენტული ვაქცინის თითქმის 2 მილიარდი დოზა იქნება ხელმისაწვდომი. 2021 წლის დასაწყისში დამატებით 4,6 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნების მოსახლეობის 20 % ისთვის ვაქცინის შესაძენად. ვაქცინა დაგვეხმარება პანდემიის დასრულებაში, მაგრამ COVID19-ის გავლენას წლების განმავლობაში ვიგრძნობთ“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი

„ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება Facebook-ზე გამოქვეყნდა. „მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჯანმოს დირექტორის მოადგილე: მალე შევძლებთ Moderna-ს ვაქცინის დოსიეს შესწავლას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე, სუმია სვამინატანი COVID19-ის წინააღმდედ იმუნიზაციის დაწყების სამზადისის შესახებ შეკითხვას პასუხობს. „ვემზადებით რეკომენდაციების გასაცემად, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება და რომელ ჯგუფში. Pfizet/Biontech-ის ვაქცინაზე ამ რეკომენდაციების გასაცემად მზადყოფნას იანვრის პირველ კვირას ველოდებით. ამის შემდეგ მალე შევძლებთ მოდერნას ვაქცინის დოსიეს შესწავლას. იმედი გვაქვს COVAX -ის დახმარებით დაიწყებთ ფაიზერის ვაქცინის მიწოდებას შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებისთვის იანვრის მეორე ნახევრიდან და თებერვალში. ჩვენი მიზანია, დაიწყოს სამედიცინო პერსონალის იმუნიზაცია იმ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან და ასევე დავიცვათ ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულობისა და კოლაფსისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს პროცესის დასაწყებად და იმედი გვაქვს, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამას შევძლებთ“, - განუცხადა „იმედს“ სუმია სვამინატანიმ.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მთავარ გამოწვევებს შორის რეგიონში წლევანდელი კონფლიქტი დაასახელა. „მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან გამოწვევას შორის ევროატლანტიკური გზაც დაასახელა - „რადგან თუ დრო მოსულია, რომ სიტყვებს საქმეც მოჰყვეს: ახალი ეტაპი იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით და ამავე დროს საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი და უნიკალური ადგილი ასოცირების ფარგლებში, ჩვენივე მოწოდებებით და მოთხოვნებით. ნატოს თავისთავად ახალი არეალი ეხსნება, სადაც საქართველოს ბუნებრივად უჭირავს უნიკალური ადგილი - შავი ზღვა. ამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება კი მოითხოვს ერთიან, კონსოლიდირებულ ქვეყანას და საზოგადოებას. სამწუხაროდ, შარშანდელივით პოლარიზაცია წელსაც ვერ გადავლახეთ. ამ წლის დასაწყისში ქვეყანა პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის და ვითარების განმუხტვისთვის, მივიღე ჩემთვის პირადად, უმძიმესი გადაწყვეტილება. ყველას ძალისხმევის შედეგად და მინდა ელჩ ფაცილიტატორებს მადლობა გადავუხადო – მოგვეცა წინსვლის საშუალება: მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები. შემდგომ კი საარჩევნო კოდექსი. არჩევნები ჩატარდა და შეფასებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. ამის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რჩება პოლარიზებული. დროა, პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას და რაზედაც ვისაუბრეთ ეხლა და ალბათ ისაურებთ ამ დღეებში. საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები, მათთვის, ვისაც უნარი გააჩნია დაინახოს და მოერგოს ახალ რეალობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მთავარი გზავნილები

Europetime-მა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების დღევანდელი სხდომიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი შეკრიბა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა. საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ საყრდენად რეგიონში. _ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას. რაც შეეხება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. ოკუპაცია _საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საქართველოს მთელი დიპლომატიური სისტემა და შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში, მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე და მოუწოდებს მოსკოვს, საოკუპაციო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადება _ეს უმთავრესი გეგმაა. ეს პროცესი ასევე ითვალისწინებს საქართველოზე ევროკავშირის ოთხი თავისუფლების თანდათანობით გავრცელებას, რაც საქართველოს და ევროკავშირს ერთ სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში აქცევს და საფუძველს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, განსაკუთრებით აქტუალური იქნება ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციისა და ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. NATO-ზე _NATO-სთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსამწიფებლად, საჭიროა დედაქალაქებში მუშაობა და ერთ-ერთი მთავარი დედაქალაქი არის ვაშინგტონი. გარკვეულ იმედს მისახავს, რომ 2030-ის სტრატეგიაში დეფინიცია, დაიწყოს საქართველოსთან და უკრაინასთან ღია კარის პოლიტიკაში გაწევრიანების მოლაპარაკებები, უფრო მაღალ დონეზეა. ეს არის კარგი საფუძველი იმისა, რომ დედაქალაქებში ამ მიმართულებით ინტენსიური გავხადოთ მუშაობა. გავშლით ამ მიმართულებას, როგორც ორმხრივი, სტრატეგიული ფორმატების ფარგლებში, ისე ნებისმიერი ინდივიდუალური შეხვედრების, თუ ვიზიტების დროს. ისევე როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი, ეს ახალი ელემენტია, ახალი განზომილებაა, სადაც ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების რეალობაში განხორციელებაზე ვსაუბრობთ და თუნდაც აპრილის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არის საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გახშირებულ წვრთნებზე, ამაზე იქნება აქცენტები. ჟენევის ფორმატი _ჟენევა არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. ჩემს გამოსვლაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე ჟენევაზე, როგორც მთავარ ფორმატზე, რომელიც სამ ძირითად ფუნდამენტზეა დაფუძნებული. ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალის არგამოყენების ვალდებულებასთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება ადგილზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. სამწუხაროდ, ამ სამი მიმართულებიდან არც ერთზე კონკრეტული ხელშესახები შედეგი არ არის, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჟენევაზე. იმიტომ, რომ ჟენევა არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი _საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია თუ არ არის, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის იგივე ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის. ეს თემა ესმის ოკუპანტსაც და მას აქვს სხვადასხვა ბერკეტი, რათა პროცესი წინ არ წავიდეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ არ მივცეთ მათ საშუალება, ამ პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, რა დროში და რა პერიოდში დასრულდება. 26-ე წელია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტა. ორივე მიმართულებით, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთან 66 პროცენტი შეთანხმებულია. დარჩენილია დანარჩენი, მათ შორის დავით გარეჯი, რომელიც ურთულესი, ყველაზე სენსიტიური და მწვავე თემაა. მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი კომისიის ფარგლებში, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს. იცით თქვენ, ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უამრავი ვარიანტის დამუშავება მიმდინარეობს, გვაქვს იდეაში. რა თქმა უნდა, კიდევ არის სხვა გამოსავალი, წახვიდე და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წაიღო ეს თემა. ესეც არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდეს და ეს არ გახდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საგანი. გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ, ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, დროის რა პერიოდში მოხდება ეს, მაგრამ პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ოპოზიციის ბოიკოტი და საერთაშორისო პარტნიორები _ყველა ჩვენი პარტნიორი ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებონ ბოიკოტს. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სრულად ინფორმირებულები არიან, მათ ძალიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. ჯეიმს აპატურაიმ, პირდაპირ თქვა, რომ NATO-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. ამაზე უფრო მკაფიოდ, როგორ შეიძლება, შეაფასო ეს პროცესი. როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი მოუწოდებს, რომ თავი დაანებონ ბოიკოტს და საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. ამაზე მკაფიოდ მეტი რა თქვან. აბსოლუტურად ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ყველასთვის, რომ საქართველოს, ამ გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონსოლიდაცია. არჩევნები არის აღიარებული. ეუთო/ოდირის მხრიდან არის ნათქვამი, რომ იყო კონკურენტული, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება, მონაწილეობა ამომრჩევლის იყო უპრეცედენტოდ მაღალი და ასევე პანდემიის პირობებში დაცული ყველა სტანდარტებით, ახალ, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში, ახალი კონსტიტუციით. ნუ ახლა, ხარვეზებზე საუბრობენ ყველგან, ვერ მეტყვით ერთ ქვეყანას. აიღეთ OSCE/ODIHR-ის დასკვნა ნებისმიერ ქვეყანაზე, სადაც იქ ხარვეზებზე საუბარი არ არის. მით უფრო, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მზაობა გამოხატულია, რომ მოდით, პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა ვილაპარაკოთ ამაზე.

კომპანია BioNTech-ი: ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება

კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი, უგურ შაჰინი დარწმუნებულია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. მისივე განცხადებით, გერმანული კომპანია კორონავირუსის მუტაციას უახლოეს დღეებში შეისწავლის. 21 დეკემბერს წამლების ევროპულმა სააგენტომ Pfizer/Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ვაქცინაცია ევროკავშირის ქვეყნებში 27 დეკემბერს დაიწყება. ჯანმოს COVID19-ის წინააღმდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ შტამს გავლენა არ ექნება და დისტანცია და პირბადე ამ შემთხვევაშიც ეფექტიანია.

ჯო ბაიდენი: ხალხი მზად უნდა იყოს ვაქცინაციისთვის. სანერვიულო არაფერია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექიმები შეაქო და მათ გმირები უწოდა. „მე ამას ვაკეთებ იმის საჩვენებლად, რომ ხალხი მზად უნდა იყოს ვაქცინის მისაღებად. სანერვიულო არაფერია“, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში გაიკეთეს. აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციცა 14 დეკემბერს დაიწყო.

ენტონი ფაუჩი: არ გამიკვირდება, თუ Covid-19-ის ახალი შტამი შტატებშიც არის

„არ გამიკვირდება, თუ კოვიდ 19-ის ახალი მუტაცია უკვე აშშ – შია,“- განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან კოვიდ-19- ის გამომწვევი კორონავირუსი RNM-ვირუსია, ამიტომ ის ხშირად განიცდის მუტაციას. „მუტაციების უმეტესობას არა აქვს ფუნქციური მნიშვნელობა. რაც შეეხება ახალ სახეობას, მასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მან ვირუსს უფრო ადვილად გავრცელების საშუალება მისცეს,“- ენტონი ფაუჩიმ. მისი განმარტებით, მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ ვირუსის ახალი სახეობა ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს. „ის ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს და როგორც ჩანს, ზეგავლენას არც იმ ვაქცინის ეფექტზე ახდენს, რომელსაც ახლა ვაქცინაციისთვის ვიყენებთ,“- აღნიშნა ფაუჩიმ. ფაუჩის აზრით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე აკრძალვის დაწესება ნაადრევია, ვინაიდან „სამოგზაურო ლოქდაუნის“ გამოცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. უმჯობესია, გაერთიანებული სამეფოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო ტესტირება დაწესდეს.

მიხეილ ჩხენკელი: პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა

„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა." - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. რაც შეეხება პანდემიის პირობებში მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, პედაგოგებისთვის საშინაო და კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები შეიქმნა და მათ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვისთვის ტექნოლოგიების სპეციალისტები აქტიურად უწევენ კონსულტაციას.

კორონავირუსი კიდევ 3064 ადამიანს დაუდასტურდა, 3740 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 740 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 212 526-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 188 408-მდე.

ბოლო 24 საათში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა. 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 740.

427 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 3 064 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 3 064 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც,6 358 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 104 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427.

Reuters: რუსეთმა და რუანდამ სამხედროები გაგზავნეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არეულობის ჩასახშობად

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა და რუანდამ საარჩევნო პერიოდში მეამბოხე ჯგუფებისგან დასაცავად, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროები და სურსათი გაგზავნეს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, არეულობის შემოტანა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სურს, რომელსაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ასევე დაადანაშაულეს ფრანსუა ბოზიზი (ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი) არჩევნების ჩაშლაში. რუსეთი გამორიცხავს ქვეყანაში სამხედრო ძალების გაგზავნას, თუმცა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში Reuters-ს დაუდასტურეს ეს ინფორმაცია. სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დედაქალაქში რამდენიმე რუსული თვითმფრინავი დაეშვა, რომელსაც რუსი სამხედროები გადაჰყავდა.

მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. 2021 წელს იგეგმება მიმდინარე მშენებლობების დასრულება, რის შედეგადაც განათლების სისტემას 60 ახალი სკოლა შეემატება. ჩხენკელმა მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ"- განაცხადა ჩხენკელმა. მისი თქმით, 2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა. მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. მათ შორის, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება. რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს მანდატურის სამსახური დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდა. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის პროცესში პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის. კორონავირუსის პანდემიის პირობებში დღის წესრიგში დადგა კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც გატარდა. როგორც ჩხენკელმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს მიერ სრულად შენარჩუნდა კულტურის საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მიიმართა. მინისტრობის კანდიდატმა საერთაშორისო მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული კინოს მონაწილეობა საერთაშორისო კინოფორუმებში: რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ წარდგენილია საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსით, ოსკარის ნომინაციაზე. მიხეილ ჩხენკელმა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდათ. ჩხენკელის ინფორმაციით, სოციალური დახმარებით 14799 სტუდენტმა ისარგებლა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, გარდა იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მყისიერად გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. მათ შორის, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებულ სტუდენტებზე გაცემულ სახელმწიფო სტიპენდიებს 16 უმაღლესი სასწავლებლის 3243 სტუდენტი მიიღებს. მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების შემდგომ განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევებისთვის და 2021 წელს საგრანტო კონკურსი განახლებული კონცეფციითა და მასშტაბით გამოცხადდება. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრობის კანდიდატი შეეხო სპორტის თემასაც. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას. სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც ქვეყანაში სპორტული ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს. მსოფლიო პანდემიით გამოწვეული რეალობის მიუხედავად, 2020 წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ასევე შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ, რომელიც მზად არის პარლამენტში წარსადგენად.

კანადა აცხადებს, რომ პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 70 მილიონი დოლარით დაეხმარება

კანადამ განაცხადა, რომ პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 70 მილიონი დოლარით დაეხმარება. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადების თანახმა, აშშ-ის მხრიდან დაფინანსებაზე უარის თქმით, მათ საგრძნობი რესურსი დააკლდათ და „ყველაზე რთული ფინანსური კრიზისის წინაშე დადგნენ“, კანადის დაფინანსება სამ წელზე გადანაწილდება. მედია წერს, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსების შეჩერება, არის ერთ-ერთი ნაბიჯი, ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადების. ისრაელი დიდი ხანია ითხოვს გაეროს პალესტინის სააგენტოს დახურვას.

ბრიტანეთის ელჩი: საერთაშორისი სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია

საერთაშორისი სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე წერს. "მოხარული ვარ, რომ ჯოანა კორნერი და გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეებად აირჩიეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების კანონის წინაშე გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია". წერს მარკ კლეიტონი

ელისო ბოლქვაძე: სკოლებში მუსიკალური აღზრდა უნდა შემოვიდეს. ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი

"სკოლებში მუსიკალური აღზრდა უნდა შემოვიდეს. ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისი თქმით, საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა, ამიტომ ფიზიკური აღზრდის დამკვიდრებასთან ერთად, სკოლებში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. "მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და როგორც ამბობდნენ კოლეგები, სწორედ ფიზკულტურა, ფიზიკური აღზრდა უნდა მოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. პროფესიონალურად შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში", – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.