ძებნის რეზულტატი:

ზელენსკი თემთა პალატას: ყოფნა თუ არყოფნა? ცამეტი დღის წინ, ამ კითხვის დასმა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ ჩვენ თავისუფლები ვიქნებით

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ოვაციებით შეხვდნენ. ვიდეოზარით ჩართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს.  „ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ზღვაზე, ჰაერში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის", - მიმართა ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის ლიდერი მიმართავს დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. CNN-ის ცნობით, უკრაინელმა ლიდერმა ბრიტანელებს შექსპირის ჰამლეტიდან სტრიქონი გაახსენა. „ყოფნა თუ არყოფნა? ცამეტი დღის წინ, ამ კითხვის დასმა შეიძლებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა აბსოლუტურად არა. ახლა გასაგებია, ჩვენ თავისუფლები ვიქნებით. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და პარლამენტს სთხოვა, „გამკაცრდეს სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ, ასევე, აღიაროს რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა NATO-ს მიმართ მოთხოვნა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შესახებ და სთხოვა ბრიტანეთს, იპოვოს გზა „უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. „არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები არ მუშაობს, ცის დახურვაც კი არ შეუძლიათ. ასე რომ, საჭიროა ევროპის უსაფრთხოების აღდგენის ნულიდან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეაჩეროს

ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს

პოლონეთის მთავრობა, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ მზადაა, მისი ყველა MIG-29, „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე (გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე) დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას განკარგულებაში გადასცეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ამავდროულად, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, საკუთრებაში არსებული მეორადი თვითმფრინავები ოპერატიული შესაძლებლობებით მიაწოდოს. „პოლონეთი მზადაა, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს NATO-ს სხვა მოკავშირეებს, რომლებიც MIG-29-ს ფლობენ, იგივე პრინციპით იმოქმედონ“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების გამანადგურებლები უკრაინას და ამის სანაცვლოდ, ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები. „თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთისგან, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებენ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები პოლონეთის აეროდრომებზე იქნებიან ბაზირებულნი. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ სენატორი მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა იკისროს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

Coca-cola-მ რუსეთში საქმიანობა შეაჩერა

Coca-Cola რუსეთში საქმიანობას აჩერებს.  "ჩვენ მთელი გულით თანავუგრძნობთ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში დიდ ტანჯვას განიცდიან", -  წერს კომპანია თავის განცხადებაში. "თვალ-ყურს მივადევნებთ სიტუაციას და შევაფასებთ მას მოვლენების განვითარების მიხედვით", - აღნიშნულია Coca-Cola-ს განცხადებაში.  გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტს Pepsi-ც შეუერთდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ახლა მკვდარია. არ მგონია, რომ ვინმე ოდესმე მას გააცოცხლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ „გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“. „ვფიქრობ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ახლა მკვდარია. არ მგონია, რომ ვინმე ოდესმე მას გააცოცხლებს“, – აღნიშნა ნულანდმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: პუტინი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა. ამის შესახებ BBC წერს. „ვფიქრობ, ახლა პუტინი გაბრაზებული და გაღიზიანებულია. სავარაუდოდ ძალისხმევას გააორმაგებს და უკრაინის სამხედრო ძალის განადგურებას შეეცდება და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლზე არც იფიქრებს“, - აღნიშნა ბერნსმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს $12-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება

მოსკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქეთში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი ინფორმაცით, რუსეთის საგარეო მინისტრი ანტალიაში, 11 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე დასასწრებად ჩავა და უკრაინელ კოლეგას შეხვდება. მანამდე, თურქულმა მხარეემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 10 მარტისთვის დაიგეგმა. ცნობისთვის, კულებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება.  ამავე თემაზე ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 733 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 452 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%, ბოლო 14 დღის - 18.43% ხოლო 7 დღის - 15.55%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 820 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 570 884-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 456 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 46, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 57, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 564 საიდანაც, 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 858, აჭარაში - 160, იმერეთში - 393. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 580 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 71, იმერეთში - 96. 40 519 ადამიანი სახლში მკურნალობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო

ოპოზიციონერი ლიდერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იქნა უდანაშაულოდ ცნობილი. ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრი დეპუტატებს საიდუმლო შესყიდვებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება. ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს  "მინისტრის საათის" ფორმატში, 17 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას, ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა. „მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Starbucks-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს

გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ყველა საქმიანობა რუსეთში, - ამის შესახებ Starbucks-ის გენერალური დირექტორმა, კევინ ჯონსონმა განაცხადა. „გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ყველა საქმიანობა რუსეთში. ჩვენი ლიცენზირებული პარტნიორი დაგვთანხმდა, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს მაღაზიების მუშაობა. ის გაუწევს დახმარებას რუსეთში 2000-მდე დასაქმებულ პირს, რომლებიც Starbucks-ზე საარსებო წყაროსთვის არიან დამოკიდებულნი,“ - განაცხადა კევინ ჯონსონმა.   ასევე წაიკითხეთ:   McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავსვიდეობლოგების სერვისი TikTok-ი რუსეთში მუშაობას ზღუდავს   ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო   RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის   Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს   RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის    

ისტორიაში პირველად, იაპონიამ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა

კომაკის ავიაბაზიდან იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „იაპონიის თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, როგორც უკრაინული მედიაში წერენ, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონია უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ უცხო ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.  

ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება მისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, უკრაინაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით, თუმცა, განაცხადა, რომ კონსულტაციებს გააგრძელებს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გაუგებარია, არის თუ არა პოლონეთის წინადადება არსებითად დასაბუთებული. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხის და მისი რთული ლოგისტიკური ასპექტების შესახებ, პოლონეთთან და სხვა NATO-ელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს  

ვახტანგ გომელაური: საქართველოს საზღვარი კონტროლდება მაღალ დონეზე

უკრაინაში ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე, როდესაც 2019-ში შემოსული იყო 40 000, ანუ თითქმის ორმაგი, ანალოგიური 13 დღის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. „საზღვარს რაც შეეხება, საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოს რაღაც უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020 წელს დაკეტილი იყო მთლიანად. 2019 წელს და 2021 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70 პროცენტია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

შალვა პაპუაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი პირადი ძალისხმევა, მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისათვის. მხარეებმა ისაუბრეს NATO-საქართველოს ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მიმოიხილა საქართველოს წვლილი საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მიზნებს, განახორციელოს რეფორმები და მოელის ამ კუთხით პროგრესს. პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საჭიროა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია. ალექსანდრე ვინიკოვმა გამოხატა მზადყოფნა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ გომელაური: ომი უკრაინას, რომ არ დაუწყია ყველამ კარგად იცის. ამას რა კითხვა უნდა?!

რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "ეს კითხვა, მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას, ჩემი აზრით. რუსეთმა პირდაპირ შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ? რა კითხვა უნდა, უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის. ეს კითხვა, ჩემი აზრით, დასასმელი არც არის", - განაცხადა გომელაურმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საქართველოს საზღვარი კონტროლდება მაღალ დონეზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლიერი ვარ პირადად აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის, ამ გადაწყვეტილების გამო. ეს იყო მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე ძლიერი სიგნალი. რუსეთი, ან პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ომებს არ აწარმოებს, ან არ ექნება ფული, რომ ომები დაიწყოს. აშშ-ში ნავთობის იმპორტის აკრძალვა ტერორისტულ სახელმწიფოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად დაასუსტებს, რადგან ეს ყველაფერი კავშირშია თავისუფლებასთან, ეს ეხება მშვიდობის საკითხს, რომლისკენაც მსოფლიო წავა“, - განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს    

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის ცხელი ხაზი იმუშავებს

საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარების მიღების მიზნით, დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე – 032 272 22 22 დარეკვა შეუძლიათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, უკვე არაერთი ღონისძიება გაატარა და მათ საჭიროებისამებრ, მომავალშიც დაეხმარება. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო მათ მშვიდობა. როგორც იცით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ, მოგვმართონ – 032 272 22 22-ზე. ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრაინის დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრანის დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს, 6.7 მილიარდი დოლარი კი, რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და კონტიგენტის განთავსებას, ასევე ამერიკული სამხრედრო აღჭურვილობის უკრაინაში და აშშ-ის მოკავშირეებთან ტრანსფერს მოხმარდება. ასევე წაიკითხეთ: იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები გააგზავნა პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს