ძებნის რეზულტატი:

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა. ამის შესახებ ინიციატივაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, განაცხადის გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. „საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი წარმოადგენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი. 2022 წლის 10 მარტს საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შესაძლოა მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის. უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშვნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიური განვითარება უნდა გახდეს პოლიტიკური აქტორებისთვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა. ჩვენ ქვემოთ წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მზად ვართ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში და საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი; განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“[1] (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები; გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის[2] დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია; გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის[3] მიღების დასაჩქარებლად; მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა; ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში[4], გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს; გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს; განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა; პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის[5] შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი; უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია. ხელმომწერი ორგანიზაციები: ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD); უფლებები საქართველო; საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS); მედიის განვითარების ფონდი (MDF); მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის(WEG); მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD); რონდელის ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საფარი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT); დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP); ღია სივრცე კავკასია (COS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);სამოქალაქო იდეა; მწვანე ალტერნატივა”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

იენს სტოლტენბერგი: ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუების მესმის

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება. „მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს

სერგეი ლავროვი: რუსეთი უკრაინისთვის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას არ დაუშვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას.  "ეს სერიოზული პრობლემაა და გარწმუნებთ, რომ ამ რისკების მატერიალიზაციას არ დავუშვებთ. უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება", - განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ:  სლოვაკეთმა შესაძლოა, უკრაინას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს

ოლაფ შოლცი: მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, Twitter-ზე დაწერა. „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმიტომ რომ ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა

კრემლი: პუტინი უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებაში ბრალს სდებს

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინის ხელისუფლებას ბრალს სდებს მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებაში. ამის შესახებ, როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება პუტინმა დღეს, 18 მარტს განაცხადა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას. როგორც მათივე განცხადებაშია ნათქვამი, საუბრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო

შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის წებრობის მოპოვების გზაზე პარლამენტის როლს და იმ გეგმებს, რომელიც ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, კერძოდ იმ რეფორმებზე, რომლებმაც ქართული კანონმდებლო ევროკავშირის კანონმდებლობასთნ უნდა დაახლოვოს. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ავსტრალიამ და იაპონიამ რუსეთთან მიმართებით სანქციები გააფართოვა. ახალმა ზელანდიამ კი შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ.  ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  რუსული მედიის ცნობით, ავსტრალიის ხელისუფლებამ ასევე სანქციები დაუწესა რუს მილიარდერებს ოლეგ დერეპისკას, ვიქტორ ბექსელბერგს, 11 ბანკსა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს.  ამასთან ახალმა ზელანდიამ თავის პირველ პაკეტში ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. კერძოდ სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 12 წევრს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს და შესაბამისად ახალ ზელანდიაში მათი აქტივებიც გაიყინება. შეზღუდვები ეხება ასევე 300 პოლიტიკოსს, სამხედროებს და 19 ორგანიზაციას.  იაპონიის ხელისუფლებამ სანქციების სიაში რუსეთის კიდევ 19 ორგანიზაცია და 15 მოქალაქე შეიყვანა. ამასთან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და სენატორი სულეიმან ქერიმოვი.  შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლები გუშინ, ღამით, მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპნენ.  გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაურიც, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევიც დაიღუპა. Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარევის მეთაურობით როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. საჰაერო-სადესანტო ჯარები რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტარულ" ქვედანაყოფად ითვლება. ამ ეტაპზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველი, დაღუპული მებრძოლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ. ცნობილია, რომ ზელენსკის მოწვევის ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს. ამ ინიციატივას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიის წევრი ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ზელენსკი მზადაა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ონლაინ ჩაერთოს. პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, რადგან ოპოზიციას მხოლოდ პიარი და „ისტერიის აწევა“ სურს. „ამ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან პარლამენტის სახელით ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად არცერთი თეთრი არ შემოსულა. ასე რომ, აქ ჩანს, სინამდვილეში, რა არის რეალური განზრახვა ოპოზიციის ამ ნაწილის – ეს არის მხოლოდ პიარი, უხეშად რომ ვთქვათ, და რაც შეეხება რეალურ დახმარებას და გვერდში დგომას, ისინი არანაირ დამხარებას არ იჩენენ...ამიტომ, თუკი რეალურად ვინმეს სურს გვერდში დაუდგეს უკრაინას, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით და ასეთი ისტერიით, რასაც ცდილობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხაილო პოდოლიაკი: გერმანიის კანცლერი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის განცხადებას გამოეხმაურა. „კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი (როგორც ომის ავტორი). ევროპაში ეს შეიძლება ცრუ ტენდენციად იქცეს, რადგან რუსების 71% მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მასობრივ მკვლელობებს. იქონიეთ ეს მხედველობაში“, – წერს Twitter-ზე პოდოლიაკი. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი: მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით..

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ამ თემაზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა.  „რასაც უკრაინაში ვუყურებ, ისედაც განმიახლდა ყველა ტკივილი.. რუსეთის სახე, ნაწამები გიორგია ჩემთვის.. მე ვუყურებ როგორ იღუპებიან ბავშვები,ორსულები, მოხუცები და მახსენდება ის კადრები,რომელთა ყურება დღემდე ბოლომდე ვერ შევძელი- გიორგის წამების კადრები... როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში დაიღუპა, ერთ-ერთი ის რუსი პოლკოვნიკი, რომელიც მინაწილეობდა ჩემი მეუღლის წამებაში.. მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით..“, - განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.  ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო.  გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში უსასტიკესი წამების შემდეგ მოკლეს. მას დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... ქართველი სამხედროს ჯგუფური წამება მკვლელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ეს შემზარავი კადრები მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელეს. მას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს 

თბილისის ზოოპარკი კიევის, ხარკოვისა და მიკოლაევის ზოოპარკებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ზოოპარკი კიევის, ხარკოვისა და მიკოლაევის ზოოპარკებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავენ, აღნიშნული ზოოპარკები საზოგადოებას ცხოველების გამოკვებაში დახმარებას სთხოვენ. „კიევის, ხარკოვისა და მიკოლაევის ზოოპარკები დახმარებას სთხოვენ საზოგადოებას, რომ ამ უმძიმეს მდგომარეობაში რამენაირად შეძლონ ცხოველებისთვის საკვების შეძენა და ზოოპარკების ბინადრები შიმშილით არ დაიხოცონ. ჩვენი მხრივ, თბილისის ზოოპარკი, „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციასთან“ ერთად, ვცდილობთ მათ ფინანსურ მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. კიევისა და მიკოლაევის ზოოპარკები ავრცელებენ ბმულს, სადაც ბილეთების ონლაინ შეძენაა შესაძლებელი. ბილეთის ღირებულება დაახლოებით 10 ლარია. აქვე ვურთავთ ხარკოვის ზოოპარკის რეკვიზიტებს. იქნებ ამ მცირედით მაინც შევძლოთ მათი დახმარება კიევის ზოოპარკის ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი. მიკოლაევის ზოოპარკის ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ ბმულზე. ხარკოვის ზოოპარკის რეკვიზიტები: Kharkiv ZooKO KHARKIVS'KYY ZOOLOGICHNYY PARK KOMUNAL'NA ORGANIZACIYA 61058, Sumskaya street, 35. Kharkiv, UkraineUSREOU code 02220881 Bank: JOINT-STOCK COMPANY COMMERCIAL BANK "PRIVATBANK" Registered address: 1D Hrushevskoho St., Kyiv, 01001, UkraineSWIFT Code: PBANUA2X Account UA723515330000026003015902357, currency USD (US Dollar)Kharkiv ZooKO KHARKIVS'KYY ZOOLOGICHNYY PARK KOMUNAL'NA ORGANIZACIYA 61058, Sumskaya street, 35. Kharkiv, UkraineUSREOU code 02220881Bank: JOINT-STOCK COMPANY COMMERCIAL BANK "PRIVATBANK" Registered address: 1D Hrushevskoho St., Kyiv, 01001, UkraineSWIFT Code: PBANUA2XAccount UA503515330000026009035901912, currency EUR (Euro)“, - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ

რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს აეკრძალა ევროპარლამენტის შენობებში შესვლა. დემოკრატიის სახლში არ არის მათი ადგილი, ვინც დემოკრატიული წესრიგის განადგურებისკენ მიისწრაფის“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკომისია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს

ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. „გვქონდა საგნობრივი საუბარი ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის პოზიცია ევროკავშირში უკრაინის მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში იქნება ჩამოყალიბებული“, - წერს ზელენსკი. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა. 3 მარტს განაცხადები ევროკავშირში საქართველომ და მოლდოვამაც შეიტანეს.

ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს და აცხადებს, რომ ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია. ასევე წაიკითხეთ: ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ

ანდრეი კასიანოვი: მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს უკრაინაში სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, რუსულ ჯარს აქვს პრობლემები შევსებასთან დაკავშირებით. „ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება. უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული. ხოლო აგრესორ ქვეყანას წითელი ჯვრის გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებთან და ლტოლვილებთან“, - განაცხადა კასიანოვმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით სპეციალური ავტობუსები დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქ ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით ავტობუსის სპეციალური რეისი გავა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. „შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან. ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64 უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კასიანოვი: საელჩო არაა უფლებამოსილი,ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხოს

საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასი ანოვმა, დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საელჩო არ არის უფლებამოსილი, უკრაინის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლის შესახებ შეკითხვას უპასუხოს. „კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტულად გიპასუხებთ, უკრაინის საელჩო საქართველოში უფლებამოსილი არ არის, კომენტარი გააკეთოს საქართველოს ხელისუფლების და პოლიტიკოსების მოქმედებებზე. გთხოვთ, ამ შეკითხვით მათ მიმართოთ", - განუცხადა კასიანოვმა ჟურნალისტებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ონლაინრეჟიმში სიტყვით გამოსვლისთვის მოწვევა სურთ პარტია „ლელოს“, ასევე „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ამ ინიციატივას არ იზიარებს. „მათ უნდათ, საბოლოო ჯამში მიიღონ ისტერია. მთელი საკითხი ესაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს პიარზე, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საქმეში ვიყოთ ჩართულები. ჩვენ პიარზე კი არ ვფიქრობთ, ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ  პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ  

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო

უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის მიერ მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანშის ფარგლებში, 300 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოიყოფა. „უკრაინის მამაცი ხალხი ამ ფულს ახლა საჭიროებს. მე დავარწმუნე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერაში. უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რომ გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ. ევროკომისია ამ გზაზე წინ ივლის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხევაში, ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი პაკეტი

ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, რაც ქვეყანაში ამ დრომდე მიღებული შეზღუდვების ყველაზე მასშტაბური პაკეტია. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ნორვეგიის სანქციების ქვეშ მოექცევა რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკის, ტრანსპორტის , ტექნოლოგიის, თავდაცვის და ეკონომიკის სექტორები. ასევე ასამდე რუსეთის მოქალაქე და ორგანიზაცია.  აშშ-მ, ევროკავშირმა და მათმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყანას ფინანსური სანქციები დაუწესა. ამასთან რუსეთის ფედერაციამ პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა მაღალჩინოსნებს, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის