ძებნის რეზულტატი:

2023 წელს საქართველო ENQA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ENQA-ს მმართველმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმის ჩატარების უპირატესობა ბევრ ქვეყანას შორის სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიანიჭა. უწყების ცნობით, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ის აქტუალური საკითხები და ტენდენციები, რომელიც დაკავშირებულია ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან. მასში ჩართულები იქნებიან ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელები. ამასთან, სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის – EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. "საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, სრულ შესაბამისობაშია ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან. ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა. მათი შეფასებით, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან მიმართებაში. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი 5 წლის ვადით მიენიჭა. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და სრულად აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჩინეთი NATO-ში ფინეთის გაწევრიანებაზე: ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებებს

ჩინეთი იმედოვნებს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების სურვილის ფონზე, ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სპიკერმა აღნიშნა, რომ რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ახალ პირობებს წარმოშობს პეკინსა და ჰელსინკის ურთიერთობებში, რომლებიც ყოველთვის მეგობრული იყო. „ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და ერთმანეთის ლეგიტიმური შეშფოთებების პატივისცემაზე დაყრდნობით, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შექმნიან რეგიონული უსაფრთხოების დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად სტრუქტურას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  

ირაკლი ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს

ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა. „წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენი უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ, ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთნენ ბატონი ზურაბ აზარაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.  „დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო  7-წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლისა და ფქვილის მარაგზე: საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს

ქვეყანაში ფქვილის, ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,“-აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს  

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გაიზრდება თუ არა პურის ფასი

„პურის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის. თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქვეყანაში ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა იყოს და იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. მათი გაზრდა მთავრობის და საზოგადოების ინტერესში არ არის. ფქვილის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების შექმნა მიუღებელია, ამაზე დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა. მთავარია, გვქონდეს, დეტალური მონიტორინგი იმის, რომ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა მოვახერხოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგი აქვს. „საქართველო დღეს ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს დერეფანში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, ის უსაფრთხოების საკითხები, რომლებზეც თქვენ (რედ. ჟურნალისტები) საუბრობთ, გათვალისწინებულია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. გაეროს ცნობით, მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი.  

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ირანმა რუსეთს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის რუკა გადასცა

ირანმა და რუსეთმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თეირანმა მოსკოვს „თანამშრომლობის ბარათი“ გადასცა. ამის შესახებ ირანის ელჩმა მოსკოვში კაზემ ჯალალიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მთავრობის სამუშაო დღის წესრიგი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ხელმძღვანელობს, რუსულ კომპანიებთან და რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გზების განხილვას ითვალისწინებს. „მხარეებმა გამართეს მოლაპარაკებები და მიიღეს კარგი გადაწყვეტილებები, ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. რუსეთთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი და სრული რუკაც კი შემუშავდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს გადაეცათ“, - განაცხადა ჯალალიმ. „ირანის მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის წილი ბაზარზე“, განუცხადა IRNA-ს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა 14 აპრილს. ირანის ნავთობის ინდუსტრია და მისი ექსპორტი 2018 წლის ზაფხულიდან, აშშ-ის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები აღადგინა. კონტექსტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. უკრაინა ახლა პრიორიტეტად თვლის რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს - ეს საკითხი ევროკავშირში აზრთასხვადასხვაობას იწვევს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა.  ეს არის პაკეტი, რომელმაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტი სრულად უნდა აკრძალოს, თუმცა რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს. ირანის პოზიცია უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე ირანს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა არ ცნო დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, მას არ გაუკრიტიკებია უკაინაზე რუსეთის თავდასხმა და თავი შეიკავა გაეროს გენერალური ასამბლეაზე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ომის შედეგების შესაძლო გავლენებით შეშფოთებულია.   

ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის

ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საწვავის ფასები შემცირდება. დავითაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საცალო ქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან თანხვედრაში. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში „კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, მას აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გავაზიარეთ. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ზრდის ეფექტი, რომელიც იყო, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, რომ არსებობდეს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

დიდი ბრიტანეთის საელჩო: თავისუფალი მედიის გარეშე მოქალაქეები საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას ვერ შეძლებენ

დიდი ბრიტანეთის საელჩო მთავარი არხის გენერალური დირექტორისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. „იმედგაცრუებულები ვართ, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, ბოლო ანგარიშის ჭრილში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა და რომლის თანახმად, საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია. დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.  

სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით, ამ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.  „შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.  

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს

პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. მაგდალენა ანდერსონი სტოკჰოლმში პრესკონფერენციას მართავს.  შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტის ხანგრძლივ ისტორიის დარღვევა გადაწყვიტა.  პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის.

17 მაისს, ერთი აშშ დოლარი 2.9769 ლარი ეღირება

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9769 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0129 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, ერთი ევრო 3.1028 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 3.1286 ლარს შეადგენდა. ახალი კურსები ძალაში 17 მაისიდან შევა.  

მიხეილ სააკაშვილი: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი "განაჩენი" რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა. ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა. ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი. ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს  

კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მთავარი არხის დირექტორის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ და თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო „მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ. თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

ბელორუსის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტით ჩადის

18 მაისს, ბელორუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. „ვიზიტის ფოკუსი არის კონკრეტული და პრაქტიკული. თუ აზერბაიჯანული მხარე არ არის დაინტერესებული გარკვეული სფეროებით და უკეთესი შეთავაზებები აქვთ სხვა სახელმწიფოებიდან, მაშინ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ახალი ხაზი.დღეს აუცილებელია სიტუაციის რეალური სურათის მიღება და იმ საკვანძო საკითხების დადგენა, რომლებზეც თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ და დეტალურად განვიხილოთ“, - განაცხადა გოლოვჩენკომ. ორდღიანი პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბელორუსისა და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა.  

ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ. „საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში მისივე განმარტებით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10 თეთრიანი კლება. საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ასევე წაიკითხეთ  ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის

ОДКБ-ს ქვეყნების პრეზიდენტებმა მოსკოვში სამიტი გამართეს და თანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოს მეთაურებმა სამიტის შემდეგ, რომელიც ორშაბათს, მოსკოვში გაიმართა, მრავალმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ფაშინიანი რუსეთს ეწვევა პუტინმა განაცხადა, რომ „ყაზახეთში სამშვიდობო ოპერაციის დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით“, დაადასტურებს CSTO-ს ქვეყნების გადაწყვეტილებას, განაგრძონ პარტნიორული თანამშრომლობა სამხედრო და თავდაცვის სფეროში, გაზარდონ კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე. შეხვედრას ОДКБ-ს წევრების, რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერები ესწრებოდნენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში მოეწერა ხელი.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გადაყვანა დაწყებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას CNN რუსეთის სამთავრობო მედია RIA Novosti-ზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინულ მხარეს ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია. „16 მაისს მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაკეტილ უკრაინელ სამხედრო მსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილთა გაყვანის შესახებ შეთანხმება მიღწეულია", – წერს სამინისტრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, დაჭრილი სამხედროები ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. „ამჟამად, ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამყარდა და გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის გავლითაც უკრაინელი სამხედრო მსახურები გადაჰყავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მყოფ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა უზრუნველყონ ისინი ყველა საჭირო დახმარებით". – წერს სამინისტრო. „აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 16 მაისს განაცხადა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ

McDonald’s რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს

McDonald's აცხადებს, რომ 32- წლიანი საქმიანობის შემდეგ რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზრიდან საბოლოოდ გადის. რესტორნების ცნობილი ქსელი ქვეყანაში 850 რესტორანს ფლობს და 62,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სწრაფი კვების გიგანტი ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება "აღარ არის მდგრადი და არც McDonald’s-ის ღირებულებებს შეესაბამება". რუსეთიდან გასვლის გამო, McDonald’s-ის ზარალი სავარაუდოდ, $1,2-დან $1,4 მილიარდამდე იქნება. რუსული ბიზნესიდან გამოსვლის პროცესის ფარგლებში, McDonald's დაიწყებს რესტორნებიდან ყვითელი "M" ასოების და სხვა ბრენდირების ამოღებას. ამავდროულად, ქსელი შეინარჩუნებს უფლებებს სასაქონლო ნიშანზე რუსეთში და რესტორნები, რომლებიც McDonald's-ის ადგილზე გაიხსნება, ვერ გამოიყენებენ მის სახელს, ლოგოს და მენიუს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის 

ილია დარჩიაშვილი: ორმხრივ ფორმატებში, პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე, აქტიურად ემხრობიან, ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შეხვედრები დამატებით იმპულსს სძენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს მისამართით აჟღერებენ. როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა,  „ორმხრივ ფორმატებში პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე და აქტიურად უჭერენ მხარს ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას.“ მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს აუცილებლად დაუფასდება ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი. ამ კონტექსტში, მან ტრიოს ფორმატის ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ „სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ეს იქნება სიგნალი, რომ ტრიოს ქვეყნებმა ერთად უნდა განაგრძონ სვლა  ევროინტეგრაციის გზაზე და რომ ტრიოს ერთიანობა მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია“. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და დღეს, როდესაც ქვეყანა  ამ პროცესის უმნიშვნელოვანეს ფაზაში იმყოფება, ბრიუსელში  პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ინდივიდუალური შეხვედრები განსაკუთრებულ შინაარსობრივ დატვირთვას იძენს. მიმდინარე წლის 16-18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს მართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. შეხვედრებზე  ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილება.