ძებნის რეზულტატი:
DW: ჩრდილოეთ კორეაში კოვიდინფიციერბულთა რაოდენობა სავარაუდოდ, 2 მილიონს მიუახლოვდა
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სამშაბათს „ახალი დაავადების“ 262 270 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, თუმცა ფხენიანი არ აკონკრეტებს რამდენ მათგანს დაუდგინდა კორონავირუსი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1,98 მილიონს მიაღწია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კარანტინში მყოფ 740 160 ადამიანზე. ამასთან, დახმარების შესახებ, ფხენიანმა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ჯანმო) წინადადებას ამ დრომდე არ უპასუხა. თუმცა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეას არ აქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, რათა კოვიდით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა დაადგინონ. კორონავირუსის პირველი შემთხვევის არსებობა ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეამ 12 მაისს დაადასტურა.
NHK: იაპონია უკრაინას კრედიტის სახით $300 მილიონს გამოუყოფს
"იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას დამატებითი 300 მილიონი დოლარის კრედიტი მისცეს. ამასთან, განიხილავს, რომ დამატებით ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით უზრუნველყოს", - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის სამაუწყებლო კორპორაცია NHK ავრცელებს. მათივე ცნობით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიშიდა ფუმიო ამ გადაწყვეტილების გაჟღერებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან 23 მაისს ჩანიშნულ შეხვედრაზე გეგმავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ
„უკრაინიდან მიწოდების განახლების გარეშე, ისევე როგორც რუსეთიდან და ბელორუსიიდან საკვებისა და სასუქების მოწოდების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია ეფექტურად გადავლახოთ სასურსათო კრიზისი“, - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა. გაერო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას. მისი თქმით, ასევე აუცილებელია უკრაინიდან მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების შესაძლებლობის შესწავლა - თუმცა ეს ღონისძიება თავისთავად ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კაცობრიობა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია - პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სტრესი, კლიმატის ცვლილება, შემოსავლების კლება და უთანასწორობა და ახლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. რუსეთი და უკრაინა უზრუნველყოფენ ხორბალზე მსოფლიო მოთხოვნის მესამედს და მცენარეული ზეთის მიწოდების ნახევარს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ყველაზე ღარიბი ქვეყნები, რომლებსაც უჭირთ საკვების გაზრდილ ღირებულებასთან გამკლავება. „ამ საკითხს ინტენსიურად განვიხილავ რუსეთის ფედერაციასთან, უკრაინასთან, თურქეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ასევე რამდენიმე საკვანძო სახელმწიფოსთან. იმედი არის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, - ამ განცხადებით, გაეროს ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული და სასურსათო კრიზისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს მიმართა. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს შეხვედრაზე შეიკრიბნენ მსოფლიოს რიგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, აუცილებელია, რომ „ყველა მხარემ გამოიჩინოს კეთილი ნება“, რადგან საკითხის გადაწყვეტას მოჰყვება როგორც ეკონომიკური და ფინანსური შედეგები, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები. უკრაინა განიხილავს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას ტრანსპორტის სხვა გზებით. უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დენის მარჩუკის ინფორმაციით უკრაინის პორტებში მარცვლეულის დიდი რაოდენობაა დაბლოკილი, რასაც ალტერნატივა არ არქვს. „შავი ზღვის პორტები, რომლებითაც ექსპორტის 90 პროცენტი გადიოდა ომამდელ პერიოდში (ყოველთვიურად დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა მარცვლეულს ვტვირთავდით ჩვენი პარტნიორებისთვის), ომის პირველივე დღეებიდან დაბლოკილია. ბუნებრივია, შემცვლელის პოვნა ძალიან რთულია. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე - რკინიგზით, ავტომანქანებით ევროპისკენ, მდინარის პორტებით. რა თქმა უნდა, ამას სრულფასოვან ალტერნატივას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ, ასეთ პირობებში ვიმუშაოთ. რთულია, მაგრამ არის შესაძლებლობა. მარტში ამ გზით 200 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი გავიტანეთ, აპრილში კი უკვე მილიონ ტონაზე მეტი“, - განაცხადა მან. მარჩუკის თქმით, მარცვლეულის მიწოდების პროცესის დაჩქარების მიზნით, G7 ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საზღვარზე „მწვანე დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობა. მარჩუკი განმარტავს, რომ ახლა საუბარია ცალკეული საგუშაგოების ორგანიზებაზე დიდი რაოდენობით პერსონალით. ამრიგად, უკრაინიდან მარცვლეულით სატვირთო მანქანების უწყვეტი და სწრაფი გავლა შესაძლებელია რუმინეთში, პოლონეთში, ლიტვაში და შემდგომში გემების ტრანსპორტირებამდე, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწოდებას მთელს მსოფლიოში. ”მომავალში ეს საშუალებას მისცემს უკრაინას თვეში ორ მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განახორციელოს”, - ამბობს სრულიად უკრაინული აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უკრაინაში მარცვლეულის ახალი მოსავალი თვენახევარში დაიკრიფება. მაგრამ იმ დროისთვის ბევრ განვითარებად ქვეყანაში მარცვლეულის მარაგი პრაქტიკულად ამოიწურება და შეუძლებელი იქნება მათი სწრაფად შევსება, სანამ უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილია რუსი სამხედროების მიერ. „პური, ვერმიშელი, ხორცი (ღორის და საქონლის ხორცი), რძე, კარაქი, კვერცხი, ერთი სიტყვით, ყველა პროდუქტი, რომლის წარმოებაც მარცვლეული კულტურების გამოყენებას გულისხმობს, გაძვირდება“, - ამბობს დენის მარჩუკი. მარჩუკის თქმით, დღეს უკრაინაში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია დარჩენილი, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაერო იპოვის არგუმენტებს საზღვაო გადაზიდვის მარშრუტების განბლოკვის მისაღწევად,” - ამბობს დენის მარჩუკი. შესაძლოა მოხდეს ჰუმანიტარული კოლონების გაშვება, რომლებიც სატვირთო გემებს თან გაჰყვებიან რუსეთიდან საკვების საჭიროების მქონე ქვეყნების მიმართულებით. შიმშილი ყოველთვის საფუძვლად უდევს სოციალურ არეულობას. თუ გადამჭრელი ზომები ახლა არ მიიღება, მსოფლიო შესაძლოა მიგრაციის კიდევ ერთი ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდეს, ხალხი მოიძიებს დაცვას და ფინანსურ გარანტიებს უფრო აყვავებულ ქვეყნებში“.
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთაგან საქართველოს ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
"თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა", - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული. „ხუთი პაციენტი აგრძელებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. ერთის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი კაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი საჭიროებენ კლინიკაში მეთვალყურეობას შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი სანამ არ ჩათვლის საჭიროდ ისინი კლინიკას არ დატოვებენ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, გუშინ ტრაპზონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.
„ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს
"IDS ბორჯომი" საქართველოს მთავრობის მიერ IDS BORJOMI International-ი მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ:„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს. IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა
19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. "გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 19-დან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://ticket.railway.ge/", - ნათქცამია განცხადებაში.
შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება, იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია. გერმანიის კანცლერმა განმარტა, რომ ამ პროცესს წლები ან თვეები არ დასჭირდება. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს სოლიდარობის ფონდის მომზადება, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციაზე კი შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რომ ალიანსი კონფლიქტის მხარე გახდეს.
გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ექსპერტების შეფასებით, უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", რასაც შესაძლოა შიმშილობა და იძულებითი მასობრივი მიგრაცია მოჰყვეს, იმ შემთხვევაში თუ პორტები არ გაიხსნება. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ მინისტერიალზე საუბრისას, WFP-ის დირექტორმა დევიდ ბიზლმა თქვა: „პრეზიდენტო პუტინ, მე მოგმართავთ, თუ გული გაქვს, გთხოვთ, გახსენით ეს პორტები“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობა არის "ომი გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", ბიზლმა ასევე განაცხადა, რომ თუ პორტები არ გაიხსნება, ამან შესაძლოა "შიმშილი და იძულებითი მასობრივი მიგრაცია" გამოიწვიოს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშის თქმით კი გლობალური შიმშილი ახალ რეკორდს უახლოვდება და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მწვავე საკვების დაუცველობის წინაშე დგანან, ბოლო ორი წლის განმავლობაში 135 მილიონიდან 276 მილიონამდე გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 500 000-ზე მეტი ადამიანი შიმშილის პირობებში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი 2016 წლიდან 500 პროცენტით გაიზარდა. ასევე წაიკითხეთ გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. „შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად გააუარესა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის დირექტორი ჯეისონ ჰემი და USAID-ის წარმომადგენელი მარკ სიმაკოვსკი დაესწრნენ.
ჯოზეფ ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შესაბამისობის საკითხი საქართველოს პრემიერთან განიხილა
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შესაბამისობის საკითხი. ამ თემაზე მას ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ [საქართველოს] ხმას გაეროში, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ დავა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ სანქციების შეფასება, რომ მათ ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა ბორელმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის პერსპექტივებსა და იმ მოსაზრებას, რომელსაც ევროკომისია მომდევნო კვირებში მოამზადებს. „განვიხილეთ შესაძლებლობების ფანჯარა. ეს არის მომენტი იმისთვის, რომ დაჩქარდეს რეფორმები, თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური პოლარიზაცია, გაძლიერდეს რეფორმები, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში. რადგან, როდესაც კომისია საქართველოს მოთხოვნას შეაფასებს, ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული. ამრიგად, ეს არის კარგი მომენტი რეფორმების დასაჩქარებლად, რადგან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენთვის სასამართლო სისტემის რეფორმა ყველა რეფორმის ქვაკუთხედია. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პრინციპებზე, რომელიც სრულად არის ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე და სარგებლობს მათი ნდობით. ჩვენ ამას მოვითხოვთ ნებისმიერ კანდიდატი ქვეყნისგან“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მანვე [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მიიჩნევს ევროკავშირი.
განათლების სამინისტრო: სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან
სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. "სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით. ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან“, - აცხადებენ სამინისტროში. სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.
მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე, თურქეთის შეშფოთებები ლეგიტიმურია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ „ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში და ამ მიზეზით ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთს სურთ, გახდნენ NATO-ს ახალი წევრები. თქვენ იცით, რომ თურქეთი NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ამ ომამდეც უჭერდა მხარს. თუმცა, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატებს ან უკვე კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენ ასევე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ასევე, არის შეზღუდვები თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები, მე მქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი ჩემს შვედ და ფინელ კოლეგებთან ბერლინში. ჩვენ გვესმის მათი უსაფრთხოების შეშფოთებები, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
მედიის წარმომადგენლებმა ოპოზიციას, დერეკ შოლესთვის განკუთვნილი წერილი გადასცეს
მთავარი არხის", "ტვ პირველის", "ფორმულასა" და "კავკასიას" ჟურნალისტებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს ხვდებიან, დერეკ შოლესთვის განკუთვნილი ერთობლივი წერილი გადასცეს. ჟურნალისტების განცხადებით, წერილში დეტალურად არის საუბარი საქართველოში მედიის მძიმე მდგომარეობაზე. შეხვედრის პარალელურად, ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
თეა ახვლედიანი: 6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე
6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. „6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე. დღეს პატივს მივაგებთ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, რომელიც უმძიმეს განსაცდელშია ახალგაზრდა ვაჟკაცის უსამართლოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, რაც მთელი ქვეყნის ტკივილი და ტრაგედიაა. ჩვენ მთელი შემართებით, მთელი ენერგიით განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მანამ, სანამ აღსრულდება სამართალი, სანამ დაისჯებიან მკვლელები, სანამ დასრულდება ოკუპაცია და გაერთიანდება ომით ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, რის გამოც დაიღვარა ჩვენი გმირების სისხლი“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა. ცნობისთვის, 2016 წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 6 წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან
შოლეს და ღარიბაშვილის შეხვედრისას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და ეხმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-სთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: ვემშვიდობებით ქართველ-ამერიკელ პიანისტ ლექსო თორაძეს, რომელიც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს ძალიან დააკლდება
მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი. „დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე, ლექსო თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება. ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში. ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლისა 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს. პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. ლექსო თორაძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 9 პირი დააკავა, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს. 1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1972 წელს დაბადებულ თ.გ.-ს (მეტსახელად „თემო სოხუმსკი“) - „კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1984 წელს დაბადებულ მ.გ.-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1986 წელს დაბადებულ ვ. ჩ.-ს და 1991 წელს დაბადებულ დ. უ.-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, 1979 წელს დაბადებულ დ. წ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ კ. ტ.-ს (მეტსახელად „ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად „ჭინკა“) - "კანონიერი ქურდობისთვის". დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.
შემოსავლების სამსახური: გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, საბაჟო პუნქტები განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამშვებ პუნქტებზე გაზრდილია მებაჟეების რიცხვიც."საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ შეფერხება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ.გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები”, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ახალი სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. როგორც საგარეო მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი წარადგენს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც რუსული სახელმწიფო ავიაკომპანიების აქტივებს გაყინავს. სანქციები დიდ ბრიტანეთის აეროპორტებში რუსეთის ავიაკომპანიებს მათი ადგილების გაყიდვას აუკრძალავს სანქციები შეეხება „აეროფლოტს“, „ურალის ავიახაზებს“, ავიაკომპანია „როსიას“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანულ აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიების დაჯდომის ადგილები 50 მილიონი ფუნტის ღირებუებისაა. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა ევროკავშირმა „აეროფლოტი“ და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა „აეროფლოტი“, რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც რეიტინგით მსოფლიოს 20 უმსხვილეს ავიაკომპანიას შორისაა. კომპანიის საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს, ამიტომ „აეროფლოტს“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აგრესორი ქვეყნის მთავრობისთვის. „აეროფლოტი“ არა მხოლოდ მომსახურებას უწევს რუსეთის მთავრობას, არამედ ქმნის კრემლის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა Rossiya Airlines, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში. ეს კომპანიაც სახელმწიფო საკუთრებაშია, როგორც აეროფლოტის ნაწილი. ამრიგად, Rossiya Airlines მოქმედებს, როგორც რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერია. „ურალის ავიახაზები“, ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში, ადრე „აეროფლოტის“ ნაწილი იყო. ამ კომპანიასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის მთავრობისთვის.
პოდოლიაკი: არ შემოგვთავაზოთ ცეცხლის შეწყვეტა, ეს შეუძლებელია რუსული ჯარების სრულად გაყვანამდე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა რუსეთი ჯარებს სრულად გაიყვანს. „არ შემოგვთავაზოთ ცეცხლის შეწყვეტა - ეს შეუძლებელია რუსული ჯარების სრული გაყვანის გარეშე. უკრაინული საზოგადოება არაა დაინტერესებული ახალი "მინსკით" და ომის დაბრუნებით რამდენიმე წელიწადში. სანამ რუსეთი მზად იქნება ჩვენი მიწების სრულად გასათავისუფლებლად, ჩვენი მოლაპარაკების პლატფორმა არის იარაღი, სანქციები და ფული“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.