ძებნის რეზულტატი:

კელი დეგნანი: ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გავუწიეთ

შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არამხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაიღო. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“ინტერვიუში განაცხადა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა დეგნანმა.  კელი დეგნანი: ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს  

ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა

„ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. „ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში, მთელს მსოფლიოში, არა თუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგრამ გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული, გააზრებული და გონივრული ნაბიჯების შედეგად, ჩვენი ეკონომიკა შარშან გაიზარდა, უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ, 10,8 %-ის ზრდა მივიღეთ შარშან. წელს თითქმის დასრულებულია შეიძლება ითქვას პანდემია, აღარ არის ისეთი გამოწვევა, მაგრამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელ ევროპაში და მსოფლიოში შეიძლება ითქვას, ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და არავითარი ზრდა ასე ვთქვათ, ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად.  

აშშ-ის ელჩის ფონდი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად: 21 პროექტი 21 წლის განმავლობაში

ბოლო 21 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, 2 000 000 დოლარის ღირებულების 21 პროექტი განახორციელა. პროექტების საშუალებით, მატერიალურ და არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ქართულ ძეგლებს, აღდგენითი და სხვა სახის სამუშაო ჩაუტარდა - მათ შორისაა გელათის სამონასტრო კომპლექსი, ჯვრის მონასტერი, თეთრი უდაბნოს ფრესკები და სხვა ძეგლები. 2022 წელს, აშშ და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს აღნიშნავს. სამი ათეული წლის განმავლობაში, საქართველომ შეერთებული შტატებისგან, ჯამში, 6 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღო. „შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა მოამზადა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას" - აცხადებს „ამერიკის ხმასთან" საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. თუმცა, ამასთან ერთად, უკვე 21 წელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროექტებს საგანგებოდ შექმნილი ელჩის ფონდი ახორციელებს. 2001 წელს, შეერთებული შტატების კონგრესმა, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) შექმნა. ფონდის საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებს, უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასება - კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში ეხმარება, - როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. ფონდმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი, თითქმის 2 000 000 ამერიკული დოლარის საერთო ღირებულებით დააფინანსა. მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის, 2020 წელს გამოყოფილი 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი. დაფინანსებული პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის მრავალ მიმართულებას მოიცავს. ქართული ფოლკლორული მუსიკა პირველი პროექტი, რომელიც ფონდმა 2001 წელს დააფინანსა, 1928 წლიდან, მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ქართული ფოლკლორული სიმღერების შეგროვებას ისახავდა მიზნად. ადვილად დაზიანებული აუდიოვიზუალური მასალის გამო, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა არქივში შემონახული ჩანაწერები განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. ამასთან, პროექტი მოიცავდა ჩანაწერების გაკეთებას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუსიკალური ბიბლიოთეკებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, კომპაქტ-დისკების გამოშვებას. გელათი 2003 წლიდან, 2020 წლამდე, ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ხუთი პროექტი დააფინანსა. სხვადასხვა პროექტები 2003, 2012, 2013, 2014 და 2016 წლებში განხორციელდა. თავდაპირველად, 2003 წელს, მონასტრის ფრესკების სარესტავრაციო საჭიროებების დაადგენად, დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა. XII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების კვლევა და დაზიანებათა დამუშავების დაგეგმვა, მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა მკრთალი შეფერილობა, სოკოვანი დაავადებები და ფრესკების ზედაპირზე მარილების კრისტალიზაცია. კვლევით დადგინდა, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინე ეგვტერის ფრესკა სრული განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. 2012 წელს, საელჩოს დაფინანსებული პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა და რიგი საკონსერვაციო სამუშაოების შესრულებას, მათ შორის, არქიტექტურული სტრუქტურის გადაუდებელ სტაბილიზაციას, ბათქაშისა და ფერწერული ფენების გამაგრებას, მარილების მოშორებას ითვალისწინებდა. 2013 წელს, ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, მოჭიქული კერამიკით დასახურად, ქვის ფილების გასაწმენდად, ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგისთვის და გადაუდებელი კონსერვაციისთვის, ასევე სხვა აღდგენითი სამუშაოებისთვის, $600 000 გამოყო. 2014 – 16 წლებში, ფონდის მიერ, მონასტრის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი კიდევ ორი პროექტი განხორციელდა. ატენის სიონი 2004 წელს, ფონდმა ატენის სიონის ტაძრის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, თანხები გამოიყო VII საუკუნის არქიტექტურისა და XI საუკუნის ფრესკების შესანარჩუნებლად. ისტორიული დოკუმენტების გაციფრულება 2005 წელს, ამერიკის ელჩის ფონდმა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული ხელნაწერებისა და დოკუმენტების გაციფრულებისთვის განკუთვნილი პროექტი დააფინანსა. ფონდის საცავში თავმოყრილი იყო V-IX საუკუნეებით დათარიღებული 9 000-მდე ქართული ხელნაწერი, ამასთან, 4 000-მდე ხელნაწერი რუსულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ, არაბულ, სირიულ და ძველებრაულ ენებზე. პროექტის ფარგლებში, დოკუმენტების გაციფრულების შემდეგ, მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რაც დოკუმენტებთან მუშაობის საშუალებას იძლევა ისე, რომ მათი დედნები არ დაზიანდეს. კოლექცია აგრეთვე მოიცავს XI-XVI საუკუნეების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, თეოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის 300-ზე მეტ ხელნაწერს – XI-XV საუკუნეების პერიოდი, როდესაც საქართველო ერთიან სამეფოს წარმოადგენდა, და XV-XVI საუკუნეების გარდამავალი პერიოდი, როდესაც საქართველოში ერთიანმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა. თბილისის ისტორიული ცენტრი 2006 წელს, თანხები გამოიყო თბილისის ისტორიული ცენტრის დაცვის ხელშეწყობისთვის - შეიქმნა ისტორიული ძეგლების მონაცემთა ბაზა, რამაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ურბანული დაგეგმარების პროცესში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებდა ნარიყალას ფარგლებში თბილისის პანორამული კულტურულ-ისტორიული მარშრუტის ჩამოყალიბებას, თბილისის კულტურულ-ისტორიული ძეგლების შესახებ ვებგვერდის შექმნას და მარშრუტის შესახებ ბროშურების, სახელმძღვანელოების, რუკების და საინფორმაციო ფურცლების გამოქვეყნებას. ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ მრავალი ისტორიული შენობა დემონტაჟისა და მათ ადგილას ახალი შენობის აშენების საფრთხის ქვეშ იდგა. ნაქარგი კოლექციები იმავე წელს, ამერიკის ელჩის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნაქარგი კოლექციისთვის, შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. კოლექცია მოიცავს XIX საუკუნის ქსოვილებს, რომლებიც ოქრო-ვერცხლითაა მოქარგული და ძვირფასი ქვებითა გაწყობილი. საეკლესიო და საგვარეულო ქსოვილის ჩათვლით, კოლექცია 5 000-ზე მეტ ქსოვილს ითვლის. ძირითადად საქართველოდან, მაგრამ მასში ასევე დაცულია სპარსული და ბიზანტიური წარმოშობის ქსოვილებიც. პროექტი ითვალისწინებდა ინვენტარის გაციფრულებას და საკონსერვაციო სამუშაოებს. არქეოლოგიური გათხრები 2008 წელს, ელჩის ფონდმა ელინისტური და რომაული დასახლებების და სამარხების არქეოლოგიური გათხრები დააფინანსა. მიჩნეულია, რომ ხოვლეს დასახლება და სამარხი, შესაძლოა ისტორიული არტეფაქტების სამ შრეს შეიცავდეს: ელინისტური, რომაული და შუა საუკუნეების პერიოდებიდან. ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების კვლევისა და დაცვის პრიორიტეტად გამოცხადება, ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ინტენსიური მშენებლობებითა და ძარცვით იყო გამოწვეული. ამიტომ, პროექტის მიზანი, ხოვლეში კლასიკური და შუა საუკუნეების სამარხებისა და ნამოსახლების დაუყოვნებელი არქეოლოგიური გათხრები იყო. სვანეთის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2009 წელს, ელჩის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანი, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული რვა ხელნაწერის და ათი ხატის დაცვა, პრევენციული საკონსერვაციო დამუშავება, აგრეთვე შენახვის პირობების გაუმჯობესება იყო. ეკლესიები არბოსა და ტირძნისში იმავე წელს, ფონდმა ორი ეკლესიის, კერძოდ, X-XI ს. დათარიღებული არბოში მდებარე წმ. გიორგისა და ტირძნისში მდებარე გვიანდელი შუა საუკუნეების სამების ეკლესიების რეაბილიტაცია დააფინანსა. „ორივე ეკლესია განლაგებულია შიდა ქართლის წარსულში ბუფერულ ზონაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონად იქცა. აქედან გამომდინარე, ორივე ძეგლი განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ელჩის ფონდის დაფინანსებით, ორივე ძეგლს ჩაუტარდა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები და რესტავრირებულმა ეკლესიებმა აღიდგინეს მათი თავდაპირველი ფუნქცია და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქეს“ - ნათქვამია ფონდის ანგარიშში. არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლი 2010 წელს, ელჩის ფონდმა 1994 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი, ბაგინეთის მთაზე განლაგებული არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაციისთვის განკუთვნილი პროექტი დააფინანსა. მცხეთაში, არმაზის ხევის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევები ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნითაა დათარიღებული. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები, ტერიტორიის ბარდისგან გაწმენდას, კონსერვაციასა და სტრუქტურულ გამაგრებას, ასევე, იმ უბნების გადახურვას ითვალისწინებდა, სადაც გათხრები მიმდინარეობდა. XI-XIII საუკუნეების სახარება 2014 წელს, ელჩის ფონდის გრანტის ფარგლებში, ბერთის, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებების ლითონით მოჭედილი ყდების დეტალური დიაგნოსტიკა ჩატარდა. სახარებები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრშია დაცული. ცენტრის კოლექცია მოიცავს შუა საუკუნეების მდიდრულად გაფორმებულ ხელნაწერებს; ოქრო-ვერცხლითა და დაუმუშავებელი ძვირფასი ქვებით მორთულ წიგნის ყდებს; იშვიათ ბეჭდურ გამოცემებსა და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების პირად ბიბლიოთეკებს. ცენტრში დაცულია 49 ხელნაწერი წიგნი, ძვირფასი ლითონებით მოჭედილი ყდებით; მათი უმრავლესობა შესრულებულია პერგამენტზე XI-XIII საუკუნეებში. თავდაპირველი ყდა, მხოლოდ სამ მათგანს აქვს შენარჩუნებული. უფლისციხე 2018 წელს, უფლისციხის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დაცვის პროექტის განსახორციელებლად, ელჩის ფონდის გრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრმა მოიპოვა. პროექტი კრიტიკული უბნების გამოსავლენად, კომპლექსური მონიტორინგის სისტემის დანერგვას და, შესაბამისად, გრძელვადიანი სტაბილიზაციის მიზნით, მთის ქანების დაშლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპლექსს საფრთხეს ეროზიული პროცესები, სეისმური აქტივობა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა უქმნის. ჯვრის მონასტერი 2019 წელს, ჯვრის მონასტრის შემდგომი დაზიანებისგან დასაცავად, ელჩის ფონდის გრანტი, გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მოიპოვა. პროექტი მიზნად ისახავდა მთავარი ტაძრის ფასადებზე დაზიანებული მოსაპირკეთებელი ქვის კონსერვაციას. საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზა, ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის კომპლექსურ შესწავლასა და საკონსერვაციო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებდა. 2020 წელს, ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და ფიზიკური სამუშაოების ჩასატარებლად, დამატებით, $506 000 გამოყო. თანღილის აბჯარი იმავე წელს, ელჩის ფონდმა დააფინანსა პროექტი, რომლითაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ბრიგანდინის ტიპის ჯავშინის დამზადების მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნას ითვალისწინებდა. ამასთან, ჩატარადა XIII საუკუნის, თანღილის აბჯრის საკონსერვაციო სამუშაოები. თანღილის აბჯარი, ბრიგანდინის ტიპის ჯავშანს მიეკუთვნება, რომელიც ევროპაში ცნობილი მეცამეტე საუკუნიდან გახდა, ევრაზიაში კი მონღოლების შეჭრის შემდეგ. ევროპის და აზიის სამუზეუმო კოლექციებში, ამ ტიპის ჯავშანი მეტად იშვიათადაა წარმოდგენილი. კონგრესის კვლევითი სამსახურის მონაცემებით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, საქართველო შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების წამყვანი მიმღები ქვეყანაა. 2000-იანი წლებიდან, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროპასა და ევრაზიაში, აშშ-ის საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები მთავარი ქვეყანა გახდა. შეერთებული შტატების დახმარება კიდევ უფრო გაიზარდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ, საქართველო კვლავ იყო რეგიონში ამერიკის დახმარების მიმღები მთავარი ქვეყანა. ForeignAssistance.gov - ის მიხედვით, 2020 წელს, საქართველომ ფინანსური დახმარების სახით, $169 824 928, 2021 წელს $53 417 072, 2022 წელს კი $13 505 027 მიიღო. პლატფორმის მიხედვით, 2021-22 წლის მონაცემები, ანგარიშში ნაწილობრივაა წარმოდგენილი. წყარო - ამერიკის ხმა ასევე წაიკითხეთ ფილიპ რიკერი: ძალიან ვამაყობთ, რომ აშშ მხარს უჭერს ჯვრის მონასტრის აღდგენას კელი დეგნანი: ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ

ზელენსკი: უკრაინა მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, ნიშანს ველით პარტნიორებისგან

უკრაინა მზადაა, მარცვლეულის გადაზიდვისთვის და პარტნიორებისგან ნიშანს ელოდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩორნომორსკს ეწვია. მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრი კავშირზეა თურქულ მხარესთან და გაეროსთან. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკისთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი, დიდი ბრიტანეთის ელჩი მელინდა სიმონსი, იტალიის ელჩი პიერ ფრანჩესკო ზაზო, კანადის ელჩი ლარისა გალაძა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ანკა ფელდჰუსენი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე. გაეროს სისტემის კოორდინატორი ოსნატ ლუბრანი. როგორც ცნობილია, 27 ივლისს სტამბოლში გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია შავი ზღვის გავლით უკრაინის ხორბლის ექსპორტის კონტროლზე. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.   „ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, - აცხადებს შსს.

საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამარტივებული წესით დასაქმდებიან

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მინისტრთან, გერგელი გულიაშთან. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა. უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. „მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა აუდიენციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით. შეხვედრზე ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. მისივე თქმით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარების შესახებ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის ამ მიმართულებით. ხაზი ასევე გაესვა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში აღინიშნა ავიაკომპანია Wizz Air -ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან რეისების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და იგი ევროკავშირის წევრი გახდება. ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ამ მიმართულებით მუშაობას. მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

აშშ და საქართველო მუშაობენ, რათა ქართული ოჯახები და ბიზნესი იყვნენ მწვანე ენერგიის სტაბილური მიწოდების იმედად, რომელიც არ გახდება საერთაშორისო ზეწოლის საგანი - საელჩო

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მჭიდრო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ეს პარტნიორობა დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ამერიკის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ, რომ ქართული ოჯახები და ბიზნესი იყვნენ მწვანე ენერგიის სტაბილური მიწოდების იმედად, რომელიც არ გახდება საერთაშორისო ზეწოლის საგანი. „თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ონლაინ ვაჭრობისა და ინვესტიციების პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმებს საქართველოში. კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინტეგრირებული ელექტროენერგიის ბაზრის გამართული ფუნქციონირება არის ელექტროენერგიით თავისუფალი ვაჭრობის საფუძველი, რომელიც მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სფეროში. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი პოზიტიური შედეგი მოაქვს საქართველო-ამერიკის 30 წლიან პარტნიორობას ქართულ ოჯახებზე, ბიზნესსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაზე“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.  

შსს გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.   „ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, - აცხადებს შსს.

ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დღესთან დაკავშირებით უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. „ყველაფერს აკეთებთ, რომ მტერს არასოდეს ჰქონდეს მშვიდობა ჩვენს მიწაზე. გმადლობთ მსახურებისთვის! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებით“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.  უკრაინა შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 29 ივლისს აღნიშნავს. ეს ოფიციალური სამხედრო დღესასწაული 2016 წლის 26 ივლისიდან დაწესდა.

ბადრი რამიშვილი: შუა აზიიდან ტვირთების მოზიდვა უპირატესობას მისცემს საქართველოს ეკონომიკას. სატარიფო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს

საქართველოს მთავრობის ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტურნეს დროს, ერთი მთავარი საკითხი გამოიკვეთა: უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ინტერესის სფეროა ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი), რომლის მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველო.  სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის Europetime-თან ინტერვიუში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ, საქართველოსთვის ბევრი შესაძლებლობა გააჩინა. კერძოდ, ჩინეთი და ყაზახეთი უარს ამბობენ რუსულ მარშრუტებზე და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.  „ყაზახეთის მთავრობა ეძებს ნავთობის გადასაზიდად რუსეთის მარშრუტის ალტერნატივას და ამ გზამ საქართველოზე უნდა გაიაროს. უზარმაზარი პერსპექტივები გვაქვს. საქართველოს მთავრობის ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში დროული იყო. საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთმა პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში უარი თქვა  ევროპისკენ მიმავალი რუსული მარშრუტების დაფინანსებაზე მაშინ, როცა რუსეთი მისთვის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მეშვეობითაც, ევროპის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ტვირთის მარტივად მიტანა. ამ ფონზე ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელობა იზრდება“, - აცხადებს რამიშვილი. ასტანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სამოილოვმა ღიად თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურული შეზღუდვების მოხსნა სარკინიგზო მონაკვეთებსა და საზღვაო პორტებში. ამასთან, საჭიროა მოქმედი ტარიფების გადახედვა. „ამ მარშრუტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის. ყაზახეთი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას დასჭირდება. რა თქმა უნდა, აქ დაინტერესებული მხარეების ინტერესებში ბალანსი უნდა იყოს დაცული. ამასთან, ტრანსკასპიური მარშრუტის პოტენციალის გასაზრდელად, მარშრუტის სხვა მონაწილეებს ვთავაზობთ საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც მონაწილე ქვეყნების სინქრონული მოქმედებებით მარშრუტის მონაკვეთებზე არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. საგზაო რუკა 2022-2025 წლებს უნდა მოიცავდეს“, - განაცხადა ალიჰან სამოილოვმა. Europetime-თან ინტერვიუში ტრანსკასპიურ მარშრუტის სატარიფო პოლიტიკასა და არსებულ პრობლემებზე ბადრი რამიშვილიც აკეთებს აქცენტს. „საქმეს ართულებს ის, რომ საქართველოში ვიდრე შემოვა ტვირთი რამდენიმე ქვეყანა უნდა გაიაროს. ეს დიდი პრობლემაა კანონმდებლობის მხრივაც. ამავე დროს, ტვირთი ვიდრე საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, რამდენჯერმე უნდა მოხდეს მისი რკინიგზიდან პორტში და პორტიდან ტრაილერში გადატვირთვა, რაც ძალიან აძვირებს გადაზიდვას“. ყაზახეთში ვიზიტისას მხარეებმა სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი: 1. მხარეებმა უნდა შეიმუშაონ საგზაო რუკა, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის 2023-2026 წლებში ნომენკლატურულ ტვირთბრუნვას გააუმჯობესებს, 2. თანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციების და საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის; 3.  შეთანხმება სს „ყაზახეთის თემირ ჟოლისა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის თანამშრომლობის შესახებ. რამიშვილის შეფასებით, სამივე ხელშეკრულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, მთავარია ხელისუფლებამ ამ მიმართულებაზე აქტიურად იმუშაოს. „შუა აზიის ქვეყნების ტვირთები რომ მოსაზიდია და სერიოზულ უპირატესობას მისცემს ქართულ ეკონომიკას ეს ფაქტია. თუნდაც ყაზახეთის ნავთობი და თურქმენეთის გაზი რომ წამოვიღოთ, მეტი არცაა საჭირო. ამასთან, უზბეკეთში ბამბაა და სხვა მნიშვნელოვანი ტვირთებია. შუა აზია თუ ავითვისეთ, ეს სრულად ეყოფა საქართველოს სატრანსპორტო პერსპექტივებს“. კიდევ ერთი საკითხია, ჩინეთის მარშრუტი, რომლის გამოყენებაც ყაზახეთმა საქართველოს შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის მთავრობის ვებგვერდზე იძებნება.  საქმე ეხება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის არსებულ სარკინიგზო მარშრუტს, რომელიც გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონს (ჩინეთის სამხრეთის ნაწილი) ყაზახეთის დედაქალაქთან აკავშირებს. მარშრუტი 2021 წელს ამოქმედდა და ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი რკინიგზით გადაზიდვები 45-დან 13 დღემდე შემცირდა. ამ მარშრუტის მიზანია ყაზახეთის გავლით ტვირთების ევროპაში გადაზიდვა. Europetime-თან ინტერვიუში ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ჩინეთი საქართველოს პოტენციალით დაინტერესდეს და ტვირთები ამ მიმართულებიდან, შუა დერეფანში გადმოამისამართოს და საქართველოს რკინიგზის გავლით ბათუმისა და ფოთის პორტებით ევროპის ბაზარზე გაიტანოს. ჩინეთმა რუსეთში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა „ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი უარს ამბობს რუსეთში რიგი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორისაა, „ერთი სარტყელი ერთი გზა“. ამ პროექტზე რამდენიმე ტრილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტების პაკეტია მიბმული. რუსეთზე ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე გზას უნდა გაევლო და ჩინეთის უარის გამო, პროექტები ჩაიშალა. ალბათ, ახლა ძალიან დიდი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ამ პროექტმა საქართველოზეც გაიაროს და უზარმაზარი ტვირთების ნაკადი  ჩვენკენ წამოვიდეს. ჩინეთი ალბათ თავად გამოიჩენს ინიციატივას. ყაზახეთი კი,  მიხვდა, რომ რუსეთი არაა სანდო პარტნიორი და თანაც იქ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისითაც აირიოს სიტუაცია. თუ რუსეთი არ შეეწირა უკრაინის კონფლიქტს, მისი შემდეგი სამიზნე ყაზახეთი იქნება. ამიტომ, ყაზახეთს ყველანაირად აწყობს რუსეთის გავლენებიდან გამოსვლა“, - აღნიშნა რამიშვილმა.  ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ საქართველო და ყაზახეთი სავაჭრო ურთიერთობები ყაზახეთში ექსპორტი რეკორდულად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოდან აღნიშნულ ქვეყანაში 79,208 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც თითქმის, 3-ჯერ (2,7-ჯერ) მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი ყაზახეთში - Top 10 პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები - $29,804 მლნ; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან- $12,006 მლნ; პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - $10,290 მლნ; მინერალური და მტკნარი წყლები - $8,632 მლნ; ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4,252 მლნ; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $2,688 მლნ; მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - $1,480 მლნ; მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $1,371 მლნ; ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $1,001 მლნ; ღუმელები და კამერები სამრეწველი ან ლაბორატორიული - $896.2 მლნ.  იმპორტი ყაზახეთიდან - Top 10 პროდუქტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი- $4,498 მლნ; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - $2,110 მლნ; ხორბალი და მესლინი - $1,269 მლნ; ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1,128 მლნ; საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - $749.7 ათასი; საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - $716.1 ათასი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $570.5 ათასი; ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - $525.7 ათასი; სატვირთო ავტომობილები - $439.6 ათასი; თევზი გაყინული - $382.2 ათასი.  2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე 28,719 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 17,994 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში16,289 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9,323 მლნ აშშ დოლარის.

ზურაბ აზარაშვილი: სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის

„დღეს სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ამ სიჭარბის ფონზე კი შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, უწყებას მნიშვნელოვანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები აქვს დაწყებული. ერთ-ერთი ასეთი კი კლინიკებისთვის იმ სამართლიანი ტარიფების დაწესებაა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის გაწევის შემდეგ გადაიხდის. „ეს რამდენიმეწლიანი პროცესია და ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა შემოვიღებთ იმ სამართლიან და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს, რაც არის DRG მეთოდი და ამ მეთოდით ჩვენ უკვე სამედიცინო სექტორს შევთავაზებთ ტარიფებს, რომლითაც ისინი მოახდენენ ოპერირებას. რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული ტარიფები, ბიზნესის თვალსაზრისით, შეიძლება რომელიმე კლინიკისთვის არ იყოს საინტერესო და მოუწიოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვა, გეტყვით იმას, რომ დღეს, სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ასევე, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად მეტი, საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებთან შედარებით. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ვაკეთებთ შედარებას, თუ რა არის მოცემულობა ყოველ 100 000 მოსახლეზე და ამ ნაწილში ვართ გაცილებით წინ. ვგულისხმობ იმას, რომ ზედმეტია კლინიკები და საწოლები ქვეყანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს არის ზუსტად ის მომენტი და შესაძლებლობა, როცა ამ სიჭარბის ფონზე, შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება. თუ კლინიკებისთვის ბიზნესის კუთხით არ იქნება საინტერესო ის ტარიფები და სტანდარტები რასაც ჩვენ მოვთხოვთ, შეიძლება, ზოგიერთმა თქვას, რომ დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს და ა.შ. ჩვენ ამ ხარჯების დაზოგვის მიზნით, ნამდვილად ვერ წავალთ იმ რისკზე, რაც საბოლოოდ პაციენტის მომსახურებაზე ახდენს გავლენას და დაკავშირებულია მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.

NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთში წვრთნები ჩატარდა

NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთის თავზე საჰაერო-საბრძოლო წვრთნები ჩაატარდა. მანევრების მიზანი თავსებადობისა და მზადყოფნის დემონსტრირებაა. ალიანსის ცნობით, კომბინირებულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო NATO-ს 20-ზე მეტმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, ტანკერმა და ადრეულმა გამაფრთხილებელმა თვითმფრინავმა, ასევე ჩართული იყვნენ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები. ერთდღიანი წვრთნები მოიცავდა რუმინული F-16 ტიპის მოიერიშეების, ფრანგული  და გერმანული საბრძოლო თვითმფრინავების მანევრებს, ასევე, წვრთნებში მონაწილეობდნენ აშშ-ის EA-18 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში USS Harry S. Truman-ის გადამზიდავიდან გაიგზავნა. წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ ბელგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. „NATO-ს ძალების მდგრადი მზადყოფნა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე იძლევა პოტენციურ აგრესიაზე ქმედითი და საიმედო პასუხის შესაძლებლობას. ადგილობრივ რუმინულ F-16 ტიპის მოიერიშეებს შეუერთდნენ ფრანგული Rafale და გერმანული Tornado-ს წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც თავიანთი შიდა ბაზებიდან განლაგდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტი ჯარით, საზღვაო ყოფნითა და თვითმფრინავით“, - აღნიშნულია ალიანსის ინფორმაციაში.   

პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს ცნობით, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.  ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ. ჯ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი 28 ივლისს მოკლეს.    

გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯავშანტექნიკის ხიდები უკრაინის სახმელეთო ძალებს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით გადაეცემა და უკრაინელებს მათი გამოყენება  წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად შეუძლიათ. უკრაინული მედიის ცნობოოთ, Biber-ები გამოიყენება, მაშინ, როდესაც ჯარებს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფად გადაადგილება სჭირდებათ და მათ 20 მეტრზე მეტი სიგრძის წინაღობის გადალახვაც კი შეუძლიათ. ამასთან, მედია წერს, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანასთან შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული Leopard-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესისთვის ემზადება

Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება $800 მილიონის ზარალს. ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში იმავე ბანკთან ექვსწლიანი დავა მოიგო. ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life-ს ივანიშვილისთვის 607,35 მილიონი დოლარის გადასახდელად 42 დღე მისცა. სექტემბრის სარჩელი ეხება Credit Suisse-ის კიდევ ერთ შვილობილი კომპანია Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული. Bloomberg-ის ცნობით, სასამართლო სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული. სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში.   ჟენევაში მიმდინარეობს გამოძიება, ეკისრება თუ არა ბანკს ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. Credit Suisse დღემდე ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად და ფარულად მოქმედებდა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დავას შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ Credit Suisse-თან განაგრძობს, ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი, არასოდეს შემხვედრია ის უხეშობა, რაც შემხვედრია Credit Suisse-თან ურთიერთობაში. არასოდეს მინახავს კლიენტს ასე ცუდად მოექცნენ. ეს იყო ისეთი მასშტაბის შოკი, რომ შეცვალა ჩემი შეხედულება სამყაროზე“. ივანიშვილის თქმით, ბანკის პასუხისმგებლობა იყო ლესკოდრონის ქმედებების აღკვეთა. Credit Suisse აცხადებს, რომ მიმდინარე დავებზე კომენტარს არ აკეთებს.  შვეიცარიის სასამართლომ CREDIT SUISSE ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა.  გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა „სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაყავს,“ - განაცხადა გომელაურმა. შს მინისტრის განცხადებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, ამ დროისთვის დადგენილი არ არის.  „ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა მოხდა. კადრებიც გავრცელდა. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ მართვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად“, - განაცხადა მინისტრმა. დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.  საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.  

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველების და ექიმების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა მთავრობის მეთაური დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და საზოგადოებას სამძიმარს და თანადგომას უცხადებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება”,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.  საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.  

ვახტანგ გომელაური: პარაპლანით ფრენაზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ან შესაძლოა საერთოდ აიკრძალოს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენაზე ლიცენზიის გაცემის საკითხი უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, ამ მიმართულებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა „პარაპლანით ფრენები დიდი პრობლემაა ნამდვილად. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის გარდაცვალების ფაქტებიც. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი, აქ რატომ ხდება ასე ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების - ქარია, ხეობებია, ან არიან არაპროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა. ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე, სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ადამიანებზე, ვინც პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება“, - აღნიშნა გომელაურმა. დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩავარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.  საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.  

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში უმძიმესი წუთებია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება „ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა“, - წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.  ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.  საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.