ძებნის რეზულტატი:

სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედროებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელი სწავლება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. სამხედროებმა სწავლების დროს სტრესულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოები შეასრულეს და მაკონტროლებელ-დამკვირვებლებისგან მაღალი შეფასება მიიღეს. სნაიპერთა მომზადების კურსი NATO-ს წევრი ქვეყნის სამხედროებისთვის საქართველოში მეორედ ჩატარდა. აღნიშნულ სწავლებაში საფრანგეთის ლეგიონმა მონაწილეობა მეორედ მიიღო.

შსს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მოსახლეობას სატელეფონო მოკლეტექსტური საინფორმაციო შეტყობინები გაუგზავნა. საქართველოს მთავრობა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა „ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია! თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას აღნიშნული დანაშაულის შესახებ, დაუკავშირდით 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის facebook გვერდს"- აღნიშნულია პოლიციის მიერ მოქალაქეებთან დაგზავნილ SMS შეტყობინებებში. ცნობისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება.  

შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. შეგახსენებთ, თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.   

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით. თავდაპირველად მან ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მარცხდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სასტიკი პასუხი, რაც ინფრასტრუქურაზე იერიშში გამოიხატება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებს უფრო მეტი მხაჭერისკენ მოუწოდებს, როდესაც შეიკრიბებინ ბუქარესტში. „რუსეთია აგრესორი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ამ უფლების დაცვაში. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს. თუ ჩაგვრა და ავტოკრატია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგრამ რა ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ასე რომ, NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. უკან არ დავიხევთ. მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ კიევს. მე ველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებიც დათანხმდებიან არალეტალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ჩვენი ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით, NATO აწვდის საწვავს, სამედიცინო აღჭურვილობას, ზამთრის აღჭურვილობას, ასევე ჩამხშობ მოწყობილობებs რუსეთის დრონების მოსაგერიებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან NATO-ს თანამედროვე სტანდარტებზე, დოქტრინასა და წვრთნებზე გადასვლაში. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა. „ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას, ბუქარესტში შეხვდებიან.

თეა წულუკიანი: იმედია, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა

იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი "იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არის დამოუკიდებელი და დაე ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი ნუ განიზრახავს რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს მოსამართლეს, იმიტომ, რომ მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს ერთი მიზეზი გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, ეს დოკუმენტები ჩვენ არვის არ გვიდევს წინ", -განაცხადა წულუკიანმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

იენს სტოლტენბერგი: ბუქარესტის შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა საქართველოს, დამოუკიდებლობის დაცვაში დავეხმაროთ

საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბუქარესტში დაგეგმილ მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა 25 ნოემბერს ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან „ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.   

მედია: გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს

შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, მნიშვნელოვნად გააადვილოს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნები - ამის შესახებ Deutsche Welle გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით წერს.  "შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ. „განსაკუთრებული ინტეგრაციის მიღწევების“ შემთხვევაში, მოქალაქეობა შესაძლებელია სულ რაღაც სამი წლის შემდეგ. უქმდება წინა მოქალაქეობის დათმობის ვალდებულება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთან, პროექტის მიხედვით, გერმანიაში დაბადებული უცხოელი მშობლების შვილებმა ავტომატურად უნდა მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს „ლეგალური საცხოვრებელი“ გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში.  

ზელენსკის თქმით, ყირიმი უკრაინას ნებისმიერი საშუალებით უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი განიხილავს ყირიმის დაბრუნებას და მოხდება თუ არა ეს სამხედრო გზით, დიდწილად საერთაშორისო თანამეგობრობაზეა დამოკიდებული. „მესმის, რომ ყველას აწუხებს, თუ რა ელის ყირიმს. თუკი ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის გზა, მე მხოლოდ მხარს დავუჭერ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც არ ითვალისწინებს ყირიმის გათავისუფლებას რუსეთის ყოფნისაგან, ზელენსკიმ დროის კარგვა უწოდა. „დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რომ ყირიმის საკითხი მოსკოვს აიძულებს კონფლიქტის ესკალაციას, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით“, - წერს Financial Times-ი. ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების დარტყმები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს. მისი თქმით, კიევისთვის ომის დასრულება ნიშნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის სრულ გათავისუფლებას. „ყველა მიწა უნდა დავიბრუნოთ. როცა დიპლომატია უსუსურია, საკითხების გადასაწყვეტად ბრძოლის ველი რჩება. თუკი ჩვენი მიწების სრულად დაბრუნებას ვერ შევძლებთ, ომი უბრალოდ გაიყინება. მისი განახლება კი, დროის საკითხია“, - განუცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-ს.

საელჩოები: საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ყოვლისმომცველი მიდგომა უნდა გაძლიერდეს

საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები ითხოვენ, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. მათი შეფასებით, არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ხორვატიის საელჩოები საქართველოში. „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას. სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც. ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არამარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის პრევენცია არამარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები. შედეგად, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა. თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან. ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედია დავით არახამიასა და ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შორის გამართული შეხვედრის შესახებ წერს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომელიც აშშ-ში ექტრადირების მოლოდინშია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. UP-სთან კომენტარში არახამიამ ვენაში ვიზიტი და ფირტაშთან შეხვედრა დაადასტურა. მისი თქმით, ვენაში ისრაელიდან ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მისი თქმით, ფირტიშთან და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაივის რეგიონში პორტების შენარჩუნებისთვის, სადაც DF ჯგუფი „ნიკა-ტერას“ პორტს ფლობს. არახამიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა. ფირტაში ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით, ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნას აპროტესტებს. აშშ ფირტაშს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოპოვების მიზნით, ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებს. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

ზელენსკი: ეჭვი არ მეპარება, რომ მშვიდობის უკრაინული ფორმულა განხორციელდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ მშვიდობის უკრაინული ფორმულა საბოლოოდ განხორციელდება. ამის შესახებ ზელენსკიმ კაუნასში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ევროპის იდეა“ განაცხადა. „ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ ჩვენ განვახორციელებთ მშვიდობის უკრაინულ ფორმულას, შევაჩერებთ რუსულ აგრესიას და გავუმკლავდებით იმ საფრთხეებს, რაც მან უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს მოუტანაა“,  - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. „უკრაინა არის და იქნება თავისუფალი, უკრაინა არის და იქნება დემოკრატიული, უკრაინა არის და იქნება ძლიერი. უკრაინა არსებობს და იარსებებს. აქედან გამომდინარე, ევროპა არსებობს და იარსებებს. ასე რომ, როდესაც ჩვენ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიაზე ვსაუბრობთ, იგივე გარანტიას უზრუნველვყოფთ მთელი კონტინენტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.   11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა, ფაშინიანს მაკრონის თანდასწრებით შეხვდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 7 დეკემბერს, ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ შეხვდება, რადგან სომხეთის ლიდერმა მოლაპარაკებებზე ემანუელ მაკრონის დასწრება მოითხოვა. „ფაშინიანი შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მიიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ გაიმართება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გააკრიტიკა აზერბაიჯანი ემანუელ მაკრონმა და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც არ ჩაუდენია. ამასთან, ალიევის განმარტებით, საფრანგეთის სენატის მიერ ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღება, აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. „მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას მიიღებს. საფრანგეთის მხრიდან ჩვენზე შეტევის მცდელობა იყო ფრანკოფონიის სამიტის საშუალებითაც, ეს მიუღებელია რადგან ფრანკოფონია ჰუმანიტარული ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის ამ განცხადებას სომხური მხარე გამოეხმაურა. „შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული, ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს. აზერბაიჯანული მხარის ყველა განცხადება, რომელიც სომხურ მხარეს ადანაშაულებს შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბრის შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების სპიკერმა. შეგახსენებთ, წელს ალიევი და ფაშინიანი რამდენჯერმე შეხვდნენ ბრიუსელსა და მოსკოვში. ოთხმხრივ ფორმატში ასევე გაიმართა შეხვედრა პრაღაში. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. "სააგენტოს ცნობით, შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა", - ნათქვამია განცხადებაში. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5 000 ლარით დაჯარიმდა.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7088 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.29 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8220 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8218 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1454 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2825 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 ნოემბრიდან შევა ძალაში.  

ჩავუშოღლუ: შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება

აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით, ექვსჯერ მეტი იქნება. იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შანსი, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და კომუნიკაციის ბარიერების მოხსნა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობის ტრანსპორტირება ხდება აზიასა და ევროპას შორის, ხოლო „შუა სატრანსპორტო დერეფანი“ რჩება ტვირთების გადაზიდვის უმოკლეს და მომგებიან მარშრუტად. ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის სამ მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენაზე, რომლებმაც გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა გაზარდა. მისი თქმით, პირველ რიგში, შეფერხებები იგრძნობა საქონლის მიწოდების ჯაჭვებში, რაც ზრდის უსაფრთხო და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და ამასთან, წინააღმდეგობები აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმავდება. მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ეძებს გზებს პროდუქტების ურთიერთჩანაცვლებისთვის, განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ჩავუშოღლუმ ასევე ხაზი გაუსვა ზანგეზურის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის. აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ცნობისთვის, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში იმართება. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. 

საქართველომ, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და თურქეთმა ერთობლივი დოკუმენტები გააფორმეს

აქტაუში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022 – 2027 წლებისათვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის. უწყებისვე ცნობით, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. ჩავუშოღლუ: შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, აქტაუს შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე. აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - დავითაშვილი

პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას - პაპუაშვილი

საქართველო გამოხატავს მადლიერებას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციის მიმართ, ვისთანაც მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა გვაკავშირებს. ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მათი ხედვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ცალსახაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან, ზაქარიას და კოსტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მკაფიო პოზიციისთვის არაღიარების პოლიტიკის მიმართ. „მადლობა მსურს მოვახსენო აღმასრულებელ მდივანს მასპინძლობისთვის. ვიცით, რომ არაჩვეულებრივად ართმევთ თავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის საკითხს და ამასთან, ბევრს შრომობთ არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი ორმხრივი ვიზიტი შედგება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებაზე მუშაობას და ეს თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. აღნიშნული, მათ შორის, ლუანდაში მუდმივმოქმედი სამდივნოს გახსნით იქნება დამოწმებული, სადაც საქართველოსაც, როგორც ასოცირებულ დამკვირვებელს, შეეძლება მონაწილეობის მიღება. პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

უკრაინის დაზვერვა: უცხოური კომპანიები რუსულ მართვად რაკეტებს მიზნამდე მისვლაში ეხმარებიან

უცხოური კომპანიები რუსულ მართვად რაკეტებს ეხმარებიან, რომ უკრაინაში სამიზნეს მოხვდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. "რუსულ სანავიგაციო სისტემა GLONASS-ს ერთი სუსტი წერტილი აქვს, ის დამოკიდებულია მიკროჩიპებზე, რომლებსაც უცხოური კომპანიები ამზადებენ. რუსული რაკეტები და დრონები არიან ახჭურვილი უცხოური კომპანიების მიერ დამზადებული მიკროჩიპებით, რომლებსაც GLONASS-ის სანავიგაციო სისტემის მხარდაჭერაც აქვს. ეს ჩვეულებრივ სამოქალაქო ჩიპი არის, მაგრამ რუსეთი მილიტარული მიზნებისთვის იყენებს.", - ვკითხულობთ სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - დავითაშვილი

აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც, თავის მხრივ, შუა სატრანზიტო დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებას განაპირობებს. სახეზე გვაქვს პროგრესი 2014 წელთან შედარებით, შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა. შუა დერეფნისა და, შესაბამისად, საქართველოს გავლით გატარებულმა ტვირთმა 2021 წელს 10 000 TEU-ს გადააჭარბა“, – თქვა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ყურადღება შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე გაამახვილა.  

ნორვეგია უკრაინის მხარდასაჭერად $15 მილიონს გამოყოფს

ნორვეგიის მთავრობა ევროკავშირის სამხედრო მისიას (EUMAM Ukraine), რომელიც უკრაინის დასახმარებლად ამოქმედდა, $15.1 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისი მიხედვით, ნორვეგიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ მოიგოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. „უკრაინული ძალები იბრძვიან დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.