ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი ბახმუტის ბრძოლებზე: ყველა, ვინც იქ იმყოფება, იმსახურებს უდიდეს მადლიერებას
დონეცკის რეგიონში - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელი, ყველაზე მტკივნეული წერტილებია. ამ ადგილებში ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს. ყველა, ვინც მანდ არის იმსახურებს უდიდეს მადლიერებას! ცალკე მადლობა ჩოპსკოგოს რაზმის მესაზღვრეებს, რომლებიც ზუსტად ბაჰმუცკომუს მიმართულებით იბრძვიან და დღეს დამპყრობლების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ლუგანსკის რეგიონი და ხარკოვის რეგიონი - ვაძლიერებთ ჩვენს ძალებს. სამხრეთი - ვაგრძელებთ ოკუპანტების შესაძლებლობების დაქვეითებას. დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! დიდება ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის მუშაობს! მარადიული ხსოვნა და პატივი ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე დათმო! დიდება უკრაინას!“- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დღეს, ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
მედია: პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე პალიატიურ მკურნალობაზე მას შემდე გადაიყვანეს, რაც მისი სხეული ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებს. პელეს კუჭის სიმსივნე აქვს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. პალიატიური მზრუნველობის მიზანია იმ პაციენტების ტანჯვის პრევენცია და შემსუბუქება, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიში ან განუკურნებელი დაავადების წინაშე დგანან. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გასულ სამშაბათს შეშუპებისა და გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ხუთშაბათს კლინიკამ გაავრცელა განცხადება, რომ ყოფილი ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. პელეს ქალიშვილმა კელიმაც განაცხადა, რომ მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინალური ტურის მატჩის წინ ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გულშემატკივრებმა პელეს მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ბრაზილიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ფეხბურთის კომისიის მიხედვით მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია. კარიერის განმავლობაში მან 1 363 მატჩში 1 289 გოლი გაიტანა. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პელე დაასახელა საუკუნის უდიდეს სპორტსმენად, მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს გამოსულა ოლიმპიადაზე.
რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
მიხაილ ფრიდმანი, რომელიც ლონდონში, საკუთარ სახლში დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათვისუფლდა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის უწყების ცნობით, 58 წლის კაცი ერთ-ერთია დაკავებულებს შორის, რომლებიც კლეპტოკრატიასთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა. როგორც ირკვევა, სულ სამი ადამიანი დააკავეს. მედიაში 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონში სავარაუდოდ, „ბორჯომის“ ყოფილი თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი დააკავეს, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. „მანამდე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) გაავრცელა ინფორმაცია „მდიდარი რუსი ბიზნესმენის" დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. 58 წლის ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში პირველ დეკემბერს დააკავეს. ასევე დააკავეს მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი. ერთ-ერთი მათგანია მისი 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც სახლიდან ჩანთა ათასობით ფუნტი ნაღდი ფულით გამოიტანა. მეორეა ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის 39 წლის ყოფილი მეგობარი, რომელიც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშა ეჭვმიტანილი. ბიზნესმენის დაკავების ოპერაციაში NCA-ს 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. მის სახლში ჩხრეკისას მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა“, - წერდა მედია. „ეს ოპერაცია არის უახლესი NCA ინტერვენციებიდან, რომლებიც მიმართულია კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის შეზღუდვისკენ,” - თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრემ ბიგარმა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. 13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.
ISW: რუსეთის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მობილიზაცია გრძელდება
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული დოკუმენტი მიუთითებს, რომ ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მობილიზაცია გრძელდება. დოკუმენტში მითითებულია, რომ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 31 ოქტომბერს ნაწილობრივი მობილიზაციის ოფიციალურად დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადებისა, პუტინის თავდაპირველი მობილიზაციის განკარგულება კვლავ ძალაშია და რომ „სამსახურებრივი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „ეს ანგარიში შეესაბამება ISW-ის წინა დასკვნებს, რომ რუსული უწყებები ემზადებიან მეტი მობილიზაციისთვის. ექსპერტები ასევე ციტირებენ მოსკოვის ოლქში ოდინცოვოს გარნიზონის სამხედრო სასამართლოს, რომელმაც ნოემბრის შუა რიცხვებში უნებლიედ დაადასტურა, რომ მობილიზაცია გრძელდება მისი ფორმალური დასრულების მიუხედავად“, - წერს უკრაინული მედია.
პუტინთან სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, მაკრონი ზელენსკისთან საუბარს გეგმავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის, პუტინთან სატელეფონო ზარამდე გაესაუბრება. ამის შესახებ Parisien-ი იტყობინება. მაკრონის თქმით, ამასთან, ზარი IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსთან კვირას, 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ ზელენსკის აქვს ლეგიტიმური უფლება, დააყენოს პირობები რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.
ლოიდ ოსტინი: ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას
„ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას“, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთს არავინ დასხმია თავს, პუტინმა აირჩია ომი. „რუსეთი არ იყო პროვოცირებული. რუსეთს არ დამუქრებიან. რუსეთს არ დაესხნენ თავს. სამაგიეროდ, ერთმა კაცმა აირჩია ომი. პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი. ეს არის მიზეზი. ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას“, - განაცხადა ოსტინმა. ოსტინმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერეს მისი აღმოსავლეთი ფლანგი და შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ევროპაში განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 80,000-დან 100,000-მდე. „ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. მაგრამ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით, რადგან ის იბრძვის თავისი მოქალაქეების და სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, რამდენ ხანსაც დასჭირდება", - განაცხადა ოსტინმა.
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას 5 დეკემბერს შეხვდება. „ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. პრესსამსახურის ცნობით, 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს“, იტყობინება ადმინისტრაცია.
ემანუელ მაკრონი: ევროპა უნდა მოემზადოს, როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ, დასავლეთმა რუსეთისთვის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა განიხილოს, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მაკრონმა მისი განცხადება შემდეგნაირად განმარტა. „ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ - როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა - არის შიში იმისა, რომ NATO მის კარს უახლოვდება და ასევე, იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება, დაემუქროს რუსეთს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ევროპას უნდა მოემზადოს, „როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“. „ჩვენ უნდა მოვამზადოთ, რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“, - თქვა მაკრონმა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად საუბრისას მაკრონმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი „არასოდეს მოუწოდებს უკრაინელებს კომპრომისზე, რომელიც მიუღებელი იქნება“. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა 2 დეკემბერს, რომ „პუტინს აბსოლუტურად არ გამოუჩენია რაიმე სახის დიალოგით დაინტერესების სურვილი“. უკრაინა უარს აცხადებს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად არ დატოვებენ მის ტერიტორიას. ბაიდენმა განმარტა, რა შემთხვევაშია მზად პუტინთან სასაუბროდ
Microsoft: რუსეთი ზამთარში უკრაინასა და მის მოკავშირეებზე კიბერშეტევებს გააძლიერებს
ამ ზამთარში რუსეთი გააძლიერებს თავის კიბერ აქტივობებს, რათა გავლენა მოახდინოს ქვეყნებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება, რომელიც Microsoft-ზე დაყრდნობის განცხადებას ეყრდნობა. „ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს, „შეარყიოს აშშ-ის, ევროკავშირისა და NATO-ს პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და შეარყიოს უკრაინის მოქალაქეების ნდობა და მონდომება“, - წერს მედია. მისივე თანახმად, Microsoft-ის ციფრული საფრთხეების ანალიზის ცენტრის გენერალური მენეჯერი, კლინტ უოტსი მოუწოდებს მომხმარებლებს, მოემზადონ მეტი რუსული კიბერშეტევებისთვის ზამთრის განმავლობაში.
რუსეთმა და ბელორუსმა რეგიონული უსაფრთხოების პაქტი გააფორმეს
რუსეთმა და ბელორუსმა რეგიონული უსაფრთხოების პაქტს მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელი მოეწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მინსკში ვიზიტის დროს. „ბელორუსიასაიმედო პარტნიორია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლისა და ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომის პირობებში“, - განაცხადა შოიგუმ. სამთავრობო სააგენტო BelTA-ს ცნობით, ხელმოწერილი შეთანხმება შესწორებების შეტანას გულისხმობს ერთობლივი რეგიონული სამხედრო უსაფრთხოების შესახებ პაქტში, რომელსაც ბელორუსისა და რუსეთის მხრიდან 1997 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი.
FBI-ის დირექტორის თქმით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შეშფოთებას იწვევს
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრის ვრეიმ განაცხადა, რომ ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყურადღებას იმსახურებს. მიჩიგანის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ურეიმ გამოთქვა შეშფოთება, რომ პეკინის ადმინისტრაციას შეუძლია, TikTok-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემები „ტრადიციული ჯაშუშური ოპერაციებისთვის“ გამოიყენოს. „TikTok-ის მფლობელ კომპანიას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს. ეს მათ აძლევს იმის პოტენციალს, გამოიყენოს აპლიკაცია ისე, რომ ეს შეიძლება, ჩვენც შეგვეხოს“, - აღნიშნა FBI-ის დირექტორმა. „ყველაფერი ეს, მთავრობის ხელშია, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და რომელსაც აქვს მისია, რომელიც ძალიან ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებს. ეს ჩვენ უნდა გვაშფოთებდეს“, - აღნიშნა კრის ვრეიმ. გასულ თვეში FBI გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok-ზე შეგროვებული მონაცემები შესაძლოა, პეკინის ადმინისტრაციამ „ბოროტად“ გამოიყენოს. TikTok-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის არ ინახავს აშშ-ის მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთში, სადაც კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, აიძულოს კომპანიებს გადასცენ შიდა ინფორმაცია.
იტალიის პრემიერს სურს, ხმელთაშუა ზღვაში ქვეყნის გავლენა გაზარდოს - მედია
იტალიის მთავრობა მტკიცედ არის მოწოდებული ხმელთაშუა ზღვაში გავლენის გაძლიერებისკენ. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააკეთა. ამის შესახებ სააგრნტო Anadolu იუწყება. მისივე თქმით, ევროკავშირსა და აფრიკის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს ძლიერი თანამშრომლობა, ევროკავშირის ქვეყნებში ვერ იქნება კეთილდღეობა, თუ მათი აფრიკელი მეზობლები არ იქნებიან აყვავებულები. „ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიგრანტების ნაკადს მარტო ვერ გავუმკლავდებით, ის მიუღებელ დონეზეა. 2022 წლის დასაწყისიდან იტალიაში 94 000 მიგრანტი შევიდა უნებართვოდ“, - განაცხადა მელონიმ. მისივე განცხადებით, იტალიას შეუძლია, იმოქმედოს როგორც ენერგიის გამტარმა ხმელთაშუა ზღვასა და ევროპას შორის, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, ინფრასტრუქტურის, თანამშრომლობის სულისკვეთებისა და ბიზნესის მხარდაჭერის საშუალებით.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: „სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი“ რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერა საგრძნობლად იკლებს
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს ბრძოლის ველზე მომდევნო რამდენიმე თვეში, შესაბამისად, კრემლისთვის სულ უფრო რთული იქნება უკრაინასთან ომის გამო, საზოგადოების მოწონება დაიმსახუროს. ამ დასკვნამდე მიდის დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომლის განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა „სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი“ (ასე მოიხსენიებენ ომს რუსეთში - რედ.) საგრძნობლად იკლებს. ნედ პრაისმა ისაუბრა, რა არის საჭირო ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად ბრიტანულ დაზვერვას მოჰყავს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ შიდა გამოყენებისთვის შეგროვებული და დამოუკიდებელი რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ რუსების 55% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა და მხოლოდ 25% უჭერს მხარს კონფლიქტის გაგრძელებას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანიდან იემენში მიმავალი საბრძოლო მასალით დატვირთული ხომალდი დააკავეს
აშშ-ის საზღვაო ძალები, ირანიდან იემენში მიმავალი საბრძოლო მასალით დატვირთული ხომალდის დაკავების შესახებ იუწყება. საბრძოლო ხომალდი ადენის ყურეში, პირველ დეკემბერს დააკავეს, როდესაც 50 ტონაზე მეტი საბრძოლო ვაზნა და სხვა აღჭურვილობა გადაჰქონდა. „ირანის მიერ ლეტალური დახმარების უკანონო გადაცემა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა გრძელდება”, - განაცხადა ვიცე-ადმირალმა ბრედ კუპერმა. მისივე თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები, რეგიონში საშიში და უპასუხისმგებლო საზღვაო აქტივობის შეკავებასა და შეფერხებაზე ფოკუსს ინარჩუნებენ. ირანის ხელისუფლებას აშშ-ის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. აშშ და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით სამხედრო კოალიცია, ირანს იემენში მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ, რასაც თეირანი უარყოფს.
აშშ-ის დაზვერვა: საბრძოლო მოქმედებები ახლა უმეტესწილად, ბახმუტის გარშემო და დონეცკის ოლქში მიმდინარეობს
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ, ზამთრის მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. თუმცა, არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება უკრაინული ძალების მხრიდან წინააღმდეგობის გაქრობის შესახებ, განაცხადა აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა. მისივე თქმით, ორივე მხარე შეეცდება, რომ გაზაფხულზე ნებისმიერი კონტრშეტევისთვის „აღადგინოს ძალები“. თუმცა ამასთან დაკავშირებით, ჰეინსი ამბობს, რომ რუსებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი, უკრაინელების შესაძლებლობებს კი, ოპტიმისტურად უყურებს. ჰეინსმა კალიფორნიაში თავდაცვის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ამჟამად, ბახმუტის გარშემო და დონეცკის ოლქში მიმდინარეობს. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა მისი თქმით, ბრძოლა შენელდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რუსეთმა ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარები გაიყვანა. პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“ ჰეინსმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს.
მეუფე იაკობი: აოხრება გაგრძელდება, თორემ უკრაინას ომი როგორ უნდა მოუგო, როცა ასეთი დახმარება მოდის
ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. „დღეს არის ომი უკრაინაში, ჩვენ უნდა ვილოცოთ მშვიდობისათვის, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არიან მხარეები სიმართლისთვის მოწოდებულნი? ომს ჰყავს დამარცხებული და გამარჯვებული. რომელიმე ძალას იქ დამარცხება უნდა?! ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენ გვინდა სამართლიანობა ამავე დროს. უკრაინა ერთ გოჯს არ დათმობს რაღაცის სანაცვლოდ და რომ შესთავაზო, არათუ შეურაცხყოფილები დარჩებიან, არამედ მტრად ჩათვლიან ყველას და სამართლიანი იქნება. რუსეთს გააჩერებს რამე? ერთი რამეც არის, ძალიან დიდი ტერიტორიაა უკრაინის და უბრალოდ, აოხრება გაგრძელდება, თორემ უკრაინას ომი როგორ უნდა მოუგო, როცა ასეთი დახმარება მოდის?! ევროპა უძლურია, ევროპას შეუძლია, ჩვენნაირ ქვეყნებზე იქონიოს რაღაც ზემოქმედება, თორემ ამერიკა რომ არ ჩარეულიყო, აქამდე შეიძლება, სახსენებელიც აღარ დარჩენილიყო უკრაინის. მაგრამ შეხედეთ, როგორი სიტუაციაა, ქვეყანას სუვერენიტეტი აღარ გააჩნია, რომ არ შედიოდეს ფული, საიდანაც ხელფასებს უხდიან და შეიერაღება რომ არ შედიოდეს, სადაც გმირი უკრაინელები იბრძვიან. თორემ რუსი და უკრაინელი ერთნაირად ძლიერია ომში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა და აქვე კითხვას სვამს, სადამდე გაგრძელდება ომი. „ალბათ ამას აღარც რუსეთს შეეკითხებიან და აღარც უკრაინას...რომ რუსეთი დაუძლურდეს, ეკონომიკურად უძლურებაში წავიდეს... ევროპამ იმდენი გააკეთა, რომ ფლირტით და რევერანსებით მივიღეთ ეს საშინელი ომი, ფულს რატომ იხდიან, იარაღს რატომ აწვდიან, იმიტომ, რომ ომი მათზე არ გავრცელდეს, რუსეთიც ფულს შოულობს...შეკვეთებს იღებენ სხვა ქვეყნები... იქნება უკრაინა თავისუფალი ომის მერე, თუ ისევე გაიყოფა, როგორც გერმანია თავის დროზე, სადაც ერთგან სხვა გავლენები იყო, მეორეგან სხვა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ამავე ქადაგებაში, მან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა: „მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვესაუბრებიან: „აი, ქართველი ხალხი“... გვეკითხებიან, კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ (ევროკავშირში, რედ.) და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი“. მეუფე იაკობის თქმით, „ჩვენ უნდა შევეცადოთ, გონივრულად ვიყოთ და ყველა მხარესთან შეგვეძლოს დალაპარაკება“. „შეხედეთ, რუკაზე როგორ ვართ, ჩვენი ოკუპანტი ფარდა ხომ არ არის გადაწიო?! ძალით დავუპირისპირდებით? მოეცათ მაშინ სამხედრო... რა გვაქვს 500 ან 1000 ჯაველინი? ტანკით არ შემოვა, სხვა (გზით. რედ.) შემოვა... მოგვცენ და ჩვენ არ შეგვიძლია ბრძოლა?“. ეკონომიკა უნდა განვავითაროთ აუცილებლად“.
ირანის გენერალური პროკურორის თქმით, მორალის პოლიცია გაუქმდა
ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანი მორალის პოლიციის გაუქმების შესახებ იუწყება. გენერალურ პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან”. ჯერ უცნობია, მორალის პოლიცია განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა თუ არა. მისივე თქმით, მთავრობამ შეიძლება, გადასინჯოს კანონი, რომელიც ქალებს ჩადრის ტარებას ავალდებულებს. ხსენებულ საკითხზე პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო მსჯელობენ. გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ორ კვირაში მიიღება. ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა. „მორალის პოლიცია“ ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის პერიოდიდან, 2006 წლიდან, ირანელების, პირველ რიგში ქალების მიერ ჰიჯაბის ტარებას მეთვალყურეობდა. ირანელი ქალები „მორალის პოლიციას“ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებდა. ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს.
დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებზე საუბრობს
უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, ომის ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს. არახამიას განმარტებით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა, დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს უსაფრთხოების გარანტიებზე. „რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. ამის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, წერს არახამია „ტელეგრამ“ არხზე. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში.
ილია მეორე: იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას
საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დღესასწაულს - ტაძრის დღესასწაული, ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა გამოვიარეთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას“, - ნათქვამია ტექსტში.
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამრღვევებისთვის ხუთწლიანი პატიმრობის ინიციატივით გამოდის
ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადება ზომების შემოღების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. კერძოდ, ეს წინადადება გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დევნისა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას. „ევროკავშირის შემაკავებელი ზომების განხორციელება ოლიგარქების საკუთრებაში არსებული აქტივების იდენტიფიცირებას ართულებს. შემოთავაზებული დირექტივა კი, შემოიღებს ჯარიმების ერთსა და იმავე დონეს ყველა წევრ ქვეყანაში“, - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. მისივე თანახმად, „დანაშაულიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ პირს შეიძლება, მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაეკისროს; კომპანიებს კი, შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა იურიდიული პირის (კომპანიის) მთლიანი მსოფლიო ბრუნვის არანაკლებ 5%-ისა“. ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებები ახლა ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა განიხილონ. ევროკავშირის საბჭომ სანქციების გვერდის ავლა „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიას 28 ნოემბერს დაამატა.