ძებნის რეზულტატი:
უზბეკეთმა და ყაზახეთმა საზღვრის დემარკაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა შავქათ მირზიოევმა და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საერთო საზღვრის დემარკაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თოყაევი 21-22 დეკემბერს უზბეკეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართულ უზბეკეთ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმზე, ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების, 40-მდე შეთანხმება გაფორმდა. ფორუმში მონაწილეობა ორივე მხარის 400-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო. ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის საზღვრის სიგრძე 2,1 ათას კილომეტრს აჭარბებს; მხარეებმა მისი დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები 2003 წელს დაიწყეს.
ბაიდენი: რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვჭირდება პუტინთან საუბარი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, პუტინთან მოლაპარაკების გარეშე არ დასრულდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თვლი თუ არა რომელიმე უცხო ლიდერს მტრად, დიალოგი კვლავ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის საფუძვლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ჯო ბაიდენმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ლიდერი ომს წააგებს. „პრეზიდენტი ზელენსკი და მე, ორი ქვეყანა გაერთიანებულნი ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის ჯამურმა დახმარებამ უკრაინისთვის, 21,9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, ზელენსკი ბრიუსელში მიიწვიეს
უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი ევროპული საბჭოს სპიკერზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით, მოწვევა გაეგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინა-ევროკავშირის ბოლო სამიტი 2021 წლის 12 ოქტომბერს კიევში გაიმართა. სპიკერმა განმარტა, რომ ზელენსკის მიწვევა ბრიუსელშიმ არ ნიშნავს, რომ სამიტი ბელგიის დედაქალაქში გაიმართება. აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი ზელენსკის პირველი საერთაშორისო ვიზიტი, 20-21 დეკემბერს, აშშ-ში შედგა.
G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბაერბოკის თავმჯდომარეობით, 22 დეკემბერს ონლაინ შეხვედრა გამართეს. „ჩვენ, როგორც G7-მა დღეს კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას არც არდადეგების დროს და არც ახალ წელს, ვიდრე რუსეთი აწარმოებს ამ უკანონო, სასტიკ აგრესიულ ომს“, - განაცხადა ბერბოკმა. მისი თქმით, ახლა პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა, რადგან ყველა გასროლილი რაკეტა, უკრაინელებისთვის ნაკლებ სინათლეს ნიშნავს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ
დანია უკრაინას $42 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
დანიამ უკრაინისთვის დამატებითი, 42 მილიონ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება. „უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ჩვენი და ევროპის ბრძოლა თავისუფლებისთვის… მთავრობა გააგრძელებს უკრაინელების მხარდაჭერას ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადა მინისტრმა იაკობ ელემან-იენსენმა. ოქტომბერში დანიამ, გერმანიასთან და ნორვეგიასთან ერთად, პირობა დადო, რომ სლოვაკეთიდან 16 თვითმავალ ჰაუბიცას ერთობლივად შეიძენენ, რათა დამატებითი დახმარება გაუწიონ უკრაინას. ჰაუბიცების მიწოდება 2023 წელს იგეგმება. 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დანიამ უკრაინას 500 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო.
კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. შესწორების ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის თქმით, ოლიგარქებისთვის ცუდი დღეები დადგა. „ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება უკრაინის დიდი ხნის ტანჯული ხალხისთვის. ეს შვება იქნება ამერიკელი გადასახადის გადამხდელისთვის… ეს ცუდი დღე იქნება ოლიგარქებისთვის”, - აღნიშნა სენატორმა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის $32 მილიარდს გამოყოფენ
G7-ის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს საბიუჯეტო და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ. ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის ფინანსთა მინისტრების მიერ, 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ G7-მ 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 32 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დახმარების მობილიზება მოახდინა. წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინას 32,7 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყვეს. „ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ სხვა დონორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა“, - განაცხადეს ფინანსთა მინისტრებმა. დეკემბრის შუა რიცხვებში, G7 დაეთანხმა, შექმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის ფონზე, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის კოორდინაციას გაუწევს. ქვეყნები ასევე დაჰპირდნენ კიევს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მოსკოვის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმების ფონზე. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა ლიდერები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დაკლული ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ, რომლის რეალიზაციასაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ. უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი, ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც წინა საახალწლოდ იგეგმებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთმა გაზის მოპოვება 2022 წელს მნიშვნელოვნად შეამცირა
ბუნებრივი აირის მოპოვება რუსეთში 2022 წელს 18-20 პროცენტით და 671 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ტელეკომპანია Russia 24-თან (VGTRK) ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. „წლის ბოლოსთვის ნავთობის ინდუსტრიაში ჩვენ მივაღწევთ წარმოების მოცულობის ზრდასაც კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 2 პროცენტით, 535 მლნ ტონამდე. ჩვენ ვაწარმოებთ დაახლოებით 5 პროცენტით მეტ ნავთობპროდუქტს, ვიდრე გასულ წელს. დიახ, გაზის ინდუსტრიაში წარმოების ნაწილობრივი ვარდნაა - დაახლოებით 18-20 პროცენტით, მიუხედავად ამისა, ჩვენი გაზის ინდუსტრია წელს გამოიმუშავებს 671 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს - ეს ასევე დიდი მოცულობაა, საიდანაც დაახლოებით 470 მილიარდი კუბური მეტრი შიდა ბაზარზე გავა“, - განაცხადა ნოვაკმა. მან, რუსეთში გაზის წარმოების დინამიკის ვარდნა ევროპაში გაზის მოხმარების შემცირებით და Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დივერსიით ახსნა.
ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვისას, სახლის ნანგრევებში ორი ბავშვი მოყვა
ზაპოროჟიეს ოლქში, სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის კედელი ორ მოზარდს დაეცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაშველებმა ბავშვების გადარჩენა შეძლეს. „რაკეტა 3 და 15 წლის ბიჭების სახლს მოხვდა. ისინი გადარჩნენ და ცოცხლები არიან“, - წერს ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურია. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, კირკიტაძე კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. „წნევა ჰქონდა ძალიან დაახლოებული, 100/90-ზე. ამიტომ მედიკოსებმა გადაწყვიტეს მისი კლინიკაში გადაყვანა. ახლა დასტაბილურდა პარამეტრები, თუმცა სუსტადაა. ექოკარდიოგრამის პარამეტრები არ აძლევს საშუალებას რომ შიმშილობა გააგრძელოს“, - განაცხადეს პარტიაში. ცნობისთვის, დავით კირკიტაძე კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით, არტერიული წნევის შეუსაბამო ნიშნულების გამო გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.
იტალიის პრემიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი 2023 წლის პირველ თვეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. „მინდა ვესტუმრო კიევს მომავალი წლის პირველ თვეებში, ეს არის ერთ-ერთი მოგზაურობა, რომელსაც პრიორიტეტულად მივიჩნევ", - ამის შესახებ მელონიმ იტალიურ მედიას განუცხადა. მანამდე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი მარიო დრაგი კიევს 2022 წლის ივნისში ეწვია. ის უკრაინის დედაქალაქში მატარებლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ჩავიდა.
პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტში, ძმის ცოლს, 1949 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაქოს აეროპორტში განგაში გამოცხადდა
Qantas Airways-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო, დღეს დილით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში განგაში გამოცხადდა. APA-ს ცნობით, ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაშია ნათქვამი. ავიაკომპანია Qantas Airways-ის Airbus A380-მა, რომელიც სინგაპური-ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ტვირთის სათავსოში კვამლის გამო, ბაქოს აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავი ბაქოს დროით 07:08 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბორტზე 356 მგზავრი იმყოფებოდა. ბაქოს აეროპორტში გამოცხადებულ განგაშთან დაკავშირებით, სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი. ამ წუთებში მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება და ინციდენტის ყველა გარემოებისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭირო ღონისძიებების ორგანიზება.
პოლიციამ დიდ დიღომში, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დაკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიის ხელისუფლება Twitter-ზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს
გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტრო, ხელისუფლებას მოუწოდებს Twitter-ის მოკლე შეტყობინებების სერვისის წესების გამკაცრება განიხილოს. მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა სოციალურ ქსელებში Twitter-ზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ დაწერა. მასკი: Twitter-ის დირექტორობას მაშინ დავტოვებ, როცა შემცვლელად საკმარისად სულელ ვინმეს ვიპოვი მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ პლატფორმის მფლობელი მილიარდერი ილონ მასკი გახდა. „ტვიტერის პლატფორმის წესების მკვეთრი ცვლილებები და თვითნებური გამოყენება ქმნის რისკებს“, - წერს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ევროკომისიისადმი მიწერილ წერილში. მისივე თქმით, Twitter-ის გამოყენების წესების სწრაფი ცვლილება და ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვა, თავისუფალ სიტყვას საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გამოიტანეს
Unian-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდმა პორტ „უსტ-დუნაისკის“ (ოდესის ოლქი) კომპლექსის ქონების გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა. ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში სახელმწიფო ქონების ფონდის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სლავსკის თქმით, სახელმწიფო საწარმოს Sea Trade Port Ust-Dunaysk-ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა საზღვაო პორტის კომპლექსის პრივატიზაცია იგეგმება. 2019 წელს მისმა ტვირთბრუნვამ მხოლოდ 71 ათასი ტონა (ქვეყნის ყველა საზღვაო პორტის ტვირთბრუნვის 0,05%) შეადგინა. „უკრაინაში პირველად გამოცხადდა პორტის პრივატიზაცია. ეს სახელმწიფოსთვის ახალი გამოცდილებაა - მთლიანი პორტის კერძო საკუთრებაში გადაცემა. მანამდე სახელმწიფოს ჰქონდა არასრული გამოცდილება კონცესიისა და სხვადასხვა ფორმატში პორტის ნაწილების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალექსანდრ სლავსკიმ. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში Ust-Dunaysk-მა მიიღო 848 000 გრივნას წმინდა მოგება. იანვარ-ნოემბერში პორტმა ყველა დონის ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიონი გრივნა გადაიხადა.
130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში, ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე“. „საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ შემდეგია: კონსილიუმის წევრი ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, მათი ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდებოდა ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც პაციენტმა წონის თითქმის 30% დაკარგა. სამწუხაროდ, განვითარდა კონსილიუმის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება – სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ- დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე. კონსილიუმის წევრთა განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით. „წონის კლების სიჩქარე ბოლო თვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კი კრიტიკული BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება) მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“, – ამბობენ კონსილიუმის წევრები. მათი შეფასებით, პაციენტი სასწრაფოდ გადასაყვანია სხვა ქვეყანაში, რადგან საქართველოში მისი მდგომარეობა გაუარესდა და თან ეს იმ ფონზე, როდესაც მისმა მკურნალმა ექიმებმა ყველაფერი სცადეს. კონსილიუმის წევრები ასევე ამბობენ, რომ პასუხი უნდა გაეცეს ავტორიტეტული უცხოელი ექიმის მიერ დასმულ კითხვას პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების კვალის აღმოჩენის თაობაზე, რადგან მძიმე მეტალებით მოწამვლას ნამდვილად შეუძლია გამოიწვიოს ის სიმპტომები, რაც სააკაშვილს აქვს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები ასევე გამოაქვეყნა ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმაც დასკვნა ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას. „მისი მდგომარეობა საგანგაშოა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოეპყრნენ და აწამეს“, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ექიმმა ჯეიმს კობიმ. „მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობას მიიღებს“, – დასძინა ექიმმა კობიმ. ამერიკელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა მის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში, ერთი მხრივ, შემდგომი კვლევების ჩასატარებლად ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ადეკვატური დიაგნოსტირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, დეტოქსიკაციის პროცედურის შეძლებისდაგვარად მჭიდრო ვადებში ჩასატარებლად შესაბამისი პროფილის კლინიკაში სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ, რაც საქართველოს პირობებში შეუძლებელია. „პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია“, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, შეერთებული შტატების წამყვანმა ტოქსიკოლოგმა დევიდ ე. სმიტმა. „ამ პრეპარატების მომაკვდინებელმა კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის, თეთრი ნივთიერების ატროფია პრეფრონტალურ კორტექსში, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მაკონტროლებელ ფუნქციაზე, და გაზარდა ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დაუყოვნებლივი დეტოქსიკაცია“, – დასძინა დოქტორ სმიტმა. ამდენად, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება. ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება. პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა. გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა. და ბოლოს, დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენს მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის „პირად მტერს“, ციხეში წამებით მოკლავს? შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას. ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე. მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას!“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მაროკოში, გაზსაცავის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო
მაროკოში, მუჰამედიაში პორტთან მდებარე გაზსაცავის ტერიტორიაზე ხანძარი ხუთ ავტოცისტერნას გაუჩნდა, მათში 40 ტონა საწვავი იყო. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. წყაროების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მუჰამედია მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კასაბლანკას მახლობლად, მაროკოს დედაქალაქიდან, ქალაქ რაბათიდან დაახლოებით 60 კილომეტრში.
გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით კაცი დააკავეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ერთი კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ კლინიკა „ვივამედთან“ მოხდა. კაცის შეჩერება გიული ალასანიას დაცვამ, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.