ძებნის რეზულტატი:

პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ ბელორუსთან სახმელეთო საზღვრის გამაგრება დაიწყო, მათ შორის ე.წ. „ტანკსაწინააღმდეგო ზღარბების“ მოწყობით „დღეს ჯარისკაცებმა დაიწყეს თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა. ეს არის ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილი", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე 5 მეტრი სიმაღლის ბარიერი გასულის წლის ზაფხულში ააგო. მისი სიგრძე თითქმის 190 კმ-ია.  

რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სუნაკი ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები ლიდერები ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა.  

მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მთავრობა ასრულებს დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად - ელჩი დეგნანი

საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული“, - შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან 10 მარტს გააკეთა. „ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა „უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს 76 ხმით მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს  

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაააკეთა. იუწყება სააგენტო Anadolu. „ჩვენი კონსტიტუციის 116-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, ხელი მოვაწერე განკარგულებას არჩევნების ჩატარების შესახებ 14 მაისს, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წლის 18 ივნისს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში. „ჩვენი საარჩევნო დღის წესრიგი კვლავ იქნება მიწისძვრის მსხვერპლთა ჭრილობების შეხორცება და ამ კატასტროფის ეკონომიკური და სოციალური ზარალის კომპენსაცია“, - აღნიშნა ერდოღანმა. თურქი ხალხი 14 მაისს არამარტო პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის 600-ვე წევრსაც აირჩევს. 2017 წელს თურქმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტეს, გადასულიყვნენ საპარლამენტო სისტემიდან მმართველობის აღმასრულებელ საპრეზიდენტო სისტემაზე. 2018 წელს თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე სრულად გადავიდა.  

სამანტა პაუერი: ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სასიხარულოს უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა შემოთავაზებული კანონპროექტები, რომლებიც პაუერის შეფასებით, „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის მუშაობას გაართულებდა“. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. პაუერის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რომ სურს ქვეყანა, სადაც დაცულია თავისუფალი გამოხატვის უფლება; ქვეყანა სადაც არის თავისუფალი პრესა და ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზაზე დგას.  

„ქართული ოცნებისთვის“ ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური მათ ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში - ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების გაწვევას მისასალმებელ ნაბიჯად აფასებს. Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისის ყურადღებით დააკვირდება პროცესებს, რათა დაინახოს, რომ მომიტინგეები სწრაფად თავისუფლდებიან. „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განსამუხტად, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს“. „ქართული ოცნებისთვის“ ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის ნებისმიერი ჩამოშლისა და მათ ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ მისი დემოკრატიის ჭეშმარიტად განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად“, - წერს კომისია.      

112-ში ტექნიკური ხარვეზის გამო, ალტერნატიული ნომრები ფუნქციონირებს

მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიული ნომრები ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს. „ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა და „იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. კერძოდ, უწყების ცნობით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“: იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა; ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები; იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი კოდექსით: ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და NATO-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე პირველ მარტს ისაუბრა, რომლის ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. მან იმ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემდა სავალდებულო სამხედრო სამსახური 4 წლის განმავლობაში ისე გაევლოთ, რომ მათ სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. მისივე თქმით, ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარებოდა გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეოდნენ. დღეს გავრცელებული ცნობით კი, ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლებათ მოხდილად რიგ შემთხვევებში. არსებული კანონმდელობით, ჯარში 18-დან 27 წლამდე ახალგზრდებს იწვევენ.

ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5925 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5933 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7460 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7398 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1366 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 მარტიდან შევა ძალაში.  

7 მარტს აქციაზე დაკავებულ ზურა ჯაფარიძეს COVID19 დაუდასტურდა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში 7 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციამ დააკავა. მისი სასამართლო სხდომა გუშინ, 9 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ვერ ის და ვერც მასთან ერთად დაკავებულ თავს კარგად ვერ გრძნობდნენ, სხდომა გადაიდო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.  

ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც ბიუჯეტი 9 200 000 ევროს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს. ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით: ლოტი 1: ხელი შეუწყოს ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში; ლოტი 2: აღმოფხვრას გენდერული ნიშნით ძალადობა და გაზარდოს გენდერული თანასწორობა საქართველოში; ლოტი 3: ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე; ლოტი 4: ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის უვნებლობას ადგილობრივ დონეზე საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების გზით; ლოტი 5: გააძლიეროს გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა; ლოტი 6: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება სასამართლო რეფორმის შესახებ; ლოტი 7: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის, დეცენტრალიზაციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების მონიტორინგსა და განხორციელებაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე; სრული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.ly/3T5mv72 , რეფერენსი: EuropeAid/176767/DD/ACT/GE. კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა: 24/04/2023, 12:00 (ბრიუსელის დროით)

FT: უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი მიიღო

უკრაინამ აშშ-სა და გერმანიის მიერ დაპირებული ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან ერთ-ერთი  მიიღო, მაგრამ ის ჯერ არ ფუნქციონირებს, იუწყება Financial Times-ი.  უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სარაკეტო-საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ადრე შეთანხმდნენ. გერმანია უკრაინას დაჰპირდა, რომ დამატებით გადასცემდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ბატარეას მას შემდეგ, რაც კიევი აშშ-სგან, ხსენებულ სისტემას მიიღებდა.  

სალომე ზურაბიშვილი ჯეიკ სალივანს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს ხვდება. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო

შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო. 7 მარტს აქციაზე დაკავებულ, ზურა ჯაფარიძეს COVID19 დაუდასტურდა გადადება ჯაფარიძის და მოსიაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს. მათ წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაში მკურნალობას საჭიროებს, ნიკა მოსიაშვილი კი ტვინის შერყევით კლინიკაში მკურნალობს. ადვოკატების შუამდგომლობას შსს-ს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.  

112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. 112-ში ტექნიკური ხარვეზის გამო, ალტერნატიული ნომრები ფუნქციონირებს მათივე ცნობით, ცენტრი გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს შეუფერხებლად იღებს.  

ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, აღნიშნულ არჩევნებზე ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და გამოწვევები, სადამკვირვებლო მისიების როლი ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის - ეს ის თემებია, რომლებზეც გიორგი კალანდარიშვილმა ევროკავშირის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება იმ აქტივობებზეც გაამახვილა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს ჩართულ მხარეებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოსინჯოს ყველა ახალი პროცედურა ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით. „რადგან 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობის თითქმის 90% ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს არჩევანს კენჭისყრის დღეს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საარჩევნო პროცესზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბატონ ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე იმ საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც ადმინისტრაცია ახლა დგას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება საარჩევნო პროცესზე, რადგან ევროპული არჩევნები და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი არის ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი, საითაც მივდივართ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა დღეს გაიმართა.  

კაია კალასი: ესტონეთი ქართველი მეგობრების გვერდით დგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ქართველი მეგობრების გვერდით დგას. ამ სიტყვებით ის თბილისში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. კალასის შეფასებით, ქართველებმა მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ. „მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, გაიწვიოს კანონპროექტი და მიჰყვეს ხალხის ნებას. ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენს ქართველ მეგობრებს: ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე“, - წერს კაია კალასი Twitter-ზე.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ აცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით. მიიჩნევენ, რომ 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავარი ინიციატორიც იყო სამოქალაქო საზოგადოება. „ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია. მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლამენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ ინიცირება გაუკეთა რუსეთში არსებული კანონის მსგავსი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება. აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში. საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“, - ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი: მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მისი ერთგულებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა. აუდიენციის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მისი ერთგულებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.  

ჯონ კირბი: მოხარული ვართ, რომ კანონპროექტი გაწვეულია, საჭიროა მეტი რეფორმა

„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანს შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს გამოცემა The Hill-ის ჟურნალისტი. მისი ინფორმაციით, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს და ჯეიკ სალივანს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტი. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“. „მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი რეფორმა. „ჯეიკ სალივანმა ნათლად განუცხადა პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მათთან ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ჯო კირბიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.