ძებნის რეზულტატი:
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულმა დაზარალებული იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის დაფარვის მიზნით, მსხვერპლს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის მაქსიმალური ზომა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ბრალდებულმა თანხა ისესხა დაზარალებულისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში არ უბრუნებდა. დაზარალებული ვალის გადახდას ითხოვდა, ბრალდებული კი, სხვადასხვა მიზეზით, თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. ამის გამო, მათ არაერთხელ მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. 2022 წლის 15 აგვისტოს ბრალდებულმა, წარსული კონფლიქტის გამო, შურისძიება გადაწყვიტა. იგი დაზარალებულს შეხვედრაზე შეუთანხმდა. დათქმულ ადგილზე მისულს კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავის მიმართულებით ესროლა. შემდეგ მსხვერპლი ავტომობილით ტყისკენ წაიყვანა, სადაც ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, დაზარალებულის სხეულს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს 40 მოწმე და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნები, რომლებიც მკვლელობის დროს გამოყენებული საბრძოლო მასალის იდენტური იყო. დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ავითარებდა ვერსიას, თითქოს ბრალდებულმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. ეს პოზიცია ეწინააღმდეგებოდა მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა. საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ყველა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, განზრახი მკვლელობისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები) , ასევე ავტომანქანის განზრახ განადგურებისთვის (სსკ-ის 187-ე მუხლი) ერთხმად ცნეს დამნაშავედ“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა გაუქმდა
რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარტის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა, გაუქმდა. ინფორმაცია პროგრამის გაუქმების შესახებ ყვარლის "ევროკლუბის" ხელმძღვანელს ნიკა გურინს, მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა მიაწოდა. მას მიზეზები არ დაუსახელებია. პროგრამის გაუქმებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და პროტესტი. "ევროკლუბის" ხელმძღვანელს, ნიკა გურინს მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული. თითქმის იმავეს ამბობდა ადგილობრივების ნაწილიც. რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მაია ზარდიაშვილთან დაკავშირებას. დღეს, 27 მარტს მან თქვა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს. რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ 23 მარტს გაავრცელა. ყვარლის „კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი ამბობდა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა და მსურველი კიდევ უფრო მეტი იყო. წყარო - რადიო თავისუფლება
თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლიურად 69%-ით გაიზარდა
2023 წლის თებერვალში კომერციულმა ბანკებმა 185.358 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 76.177 მლნ ლარით აღემატება, ანუ ზრდა დაახლოებით 69%-ს შეადგენს. 2022 წლის თებერვალში ბანკების წმინდა მოგებამ 110.181 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 615.477 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 483.235 მლნ ლარი. თებერვალში კომერციული ბანკების ხარჯებმა 403.290 მლნ ლარი შეადგინა. ამავე სტატისტიკით, თებერვალში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5.617 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 75.775 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 41.674 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ბათუმში, სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს
ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს, - ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და ათამდე მეშვიდეკლასელი მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „იყო შემთხვევა როდესაც მასწავლებელს კლასში დაეწყო ხველება, ჩემამდე კლასში ავიდა მანდატური და მასაც დაეწყო ხველება, ბავშვებსაც ჰქონდათ ხველების ნიშნები და პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მშობლები ინფორმირებული მყავს. მოსწავლეები გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში და ახლა კარგად არიან. ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრიც ჩართულია. პოლიცია გამოვიძახეთ, რადგან დაგვეხმაროს დადგენაში რა მოხდა“- ამბობს სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე "ბათუმელებთან" საუბარში.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის მონაწილეობით, მოლდოვაში სამხედრო წვრთნები იმართება
მოლდოვა მრავალეროვნული წვრთნების „JCET-2023“ (Joint Combined Exchange Training) ფარგლებში 4 ქვეყნის ჯარისკაცების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნები მიმდინარე წლის 27 მარტიდან 7 აპრილამდე ეროვნული არმიის სასწავლო ცენტრებში ტარდება და მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას მოლდოვის, რუმინეთის, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცრაზმებს შორის. ასევე მონაწილე კონტიგენტებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას. სცენარის მიხედვით, ოთხი ქვეყნის სამხედროები შეასრულებენ მოწინავე საბრძოლო სროლას, პარაშუტით დაშვებას, კონკრეტული მისიის საველე წვრთნებს. „ერთობლივი კომბინირებული გაცვლითი სწავლება“ ეროვნული არმიის 2023 წლის მომზადების გეგმის შესაბამისად ტარდება.
დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ევროკომისია: შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გაზრდის პოტენციალი აქვს
შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გაზრდის პოტენციალი აქვს, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსიამ Trend.az-ს განუცხადა. ევროკომისიის წარმომადგენლის შეფასებით, სავაჭრო დერეფნების დივერსიფიცირება და ალტერნატიული საიმედო, ეფექტიანი მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შუა დერეფანმა ახალი აქტუალობა შეიძინა. „ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, აზერბაიჯანის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი მთავარი ცენტრის როლის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - ამბობს გარსია. ევროკომისიის სპიკერის შეფასებით, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, ევროპასა და აზიას შორის გაზრდილ ვაჭრობას გაუმკლავდეს, თუ ძირითადი საკითხები, მათ შორის შეფერხებები, სიმძლავრის დეფიციტი და სხვა დაკავშირებადობის საკითხები, მაგალითად, როგორიცაა საბაჟოს საკითხი, საზღვრის გადაკვეთა და სხვა დოკუმენტაცია - ადეკვატურად, ყველა ძირითადი პარტნიორის ჩართულობით, კოორდინირებულად მოგვარდება. ილია დარჩიაშვილი: რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა აზერბაიჯანულ მედიას მირიამ გარსიამ ასევე განუცხადა, რომ ბაქოს პორტს აქვს პოტენციალი, გახდეს საკვანძო კავშირის ჰაბი, მაგრამ შემდგომი განვითარებაა საჭირო მისი შესაძლებლობების გასაზრდელად. ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
სახალხო დამცველი: თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები
საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, - საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლების სურვილისა და მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს რაც ამ გახმაურებას მოყვა. სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს. ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედიაგაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა”, - ნათქვამია განცხადებაში.
31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს
31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ. „რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.
პოლონეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხოელი დააპატიმრა
ჩრდილოეთ პოლონეთის პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილია, სამი თვით პატიმრობაში დარჩება გამოძიების დასრულებამდე. სამხედრო საკითხებზე პასუხისმგებელი გდანსკის პროკურორებმა განაცხადეს, რომ უცხოელმა, რომლის ვინაობაც უცნობია, აღიარა, რომ სენსიტიური ინფორმაცია გადასცა რუსეთის დაზვერვას. ეჭვმიტანილი იანვრიდან იმყოფებოდა ევროკავშირის წევრ პოლონეთში და აგროვებდა ინფორმაციას ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ, განაცხადა სპიკერმა გრაზინა ვავრინიუკმა. ცნობისთვის, პოლონეთის გაზის ტერმინალი და ძირითადი პორტები ჩრდილოეთით მდებარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლონეთი კიევის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ამ თვის დასაწყისში პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც რუსული ჯაშუშური რგოლის წევრობაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი დივერსიული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. იმავდროულად, ესპანელი ჟურნალისტი, რომელსაც ასევე აქვს რუსული პასპორტი, ერთ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით. ამავე თემაზე წაიკითხეთ: პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა - Reuters
უკრაინამ რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 27 მარტს განაცხადა, რომ გამოავლინა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) აგენტურული ქსელი, რომელიც სავარაუდოდ, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედებდა. ჯგუფი დონეცკისა და ხარკოვის ოლქების რვა მცხოვრებისაგან, მათ შორის უკრაინის პარლამენტის მოქმედი წევრის თანაშემწისგან შედგება, იტყობინება SBU. Ukrainska Pravda-ს წყაროს ცნობით, ალექსანდრე დობროდომოვი აკრძალული პრორუსული ოპოზიციური პლატფორმის წევრი იყო.
გერმანიამ უკრაინის აღდგენის პლატფორმა აამოქმედა
გერმანიის ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი პლატფორმა, რომელიც უკრაინის აღდგენის მსურველ გერმანელებს გააერთიანებს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის სვენია შულცეს თქმით, უკრაინის აღდგენა იქნება „ურთულესი ამოცანა“, რომელსაც მხოლოდ მთავრობები ვერ გადაჭრიან. „ამავდროულად, გერმანიის ბევრი მცხოვრები მზად არის დასახმარებლად. უკრაინის აღდგენის ახალი პლატფორმა დაგვეხმარება ამაში. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ის, რომ გავაერთიანოთ აქტიური მოქალაქეები, კომპანიები და საზოგადოებები გერმანიასა და უკრაინაში", - განაცხადა შულცემ. მისივე თქმით, 25 მილიონი ევრო გამოეყოფა გერმანულ და უკრაინულ თემებს, კლინიკებსა და წყალმომარაგების კომპანიებს შორის პარტნიორობის მხარდასაჭერად.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო პასუხისმგებლობით იმოქმედოს
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოუწოდებს ჩინეთს, პასუხისმგებლობით იმოქმედოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. NHK-ის ცნობით, კიშიდამ ეს განცხადება ორშაბათს, 27 მარტს გააკეთა, როცა ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში ბოლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთისგან არ ჩანს დათმობის ნიშნები, ის აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, დაიწყებენ თუ არა მოლაპარაკებებს, რომელიც განსაზღვრავს მათი ქვეყნის მომავალს. კიშიდამ აღნიშნა, რომ მოუწოდებს პეკინს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, რადგან იაპონია აგრძელებს მოსაზრებების გაცვლას ჩინეთთან, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კიშიდა უკრაინას 21 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ უნახავს ოფიციალური დოკუმენტი ჩინეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით და ელის უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერას. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს ჩინეთის 12-პუნქტიან წინადადებას, რომელიც მოიცავს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ამასთან, აღნიშნა, რომ პირველი რიგში აუცილებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას, არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი - წულუკიანი
არჩევნებამდე არსად წასვლას არ ვაპირებ, - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპეკულაციაა საუბარი იმის შესახებ, რომ კულტურის მინისტრის პოსტს ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტროში გადადის. „ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე. ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში. მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.
ევროკავშირი: რუსეთის მიერ ბელორუსში ბირთვული იარაღის განთავსებას, რეაგირება მოჰყვება
ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს, თუ რუსეთი განათავსებს თავის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელორუსში. მისი კომენტარი უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა. საუბარია სანქციებზე. „ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - დაამატა სტანომ. მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, გაიგოს, რას ამბობს ბელორუსი, რომლის მხრიდანაც ფაქტის დადასტურება არ მომხდარა. „მაგრამ ფაქტია, რომ ეს იქნება ესკალაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და წევრი ქვეყნების რეაქციის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა სტანომ. დასავლეთი რუსეთს აფრთხილებს, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს ევროკავშირის ოფიციალური პირები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს ამზადებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, განათავსოს თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღი მეზობელ ბელორუსში, „უპასუხისმგებლო ესკალაციაა და საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის". „ბელორუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია, შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია. ოლექსი დანილოვის თქმით, კრემლმა ბელორუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , - დაწერა Twitter-ზე ბორელმა. ამასთან, NATO-მ რუსეთი მისი საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. „NATO ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START-ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა NATO-ს სპიკერმა. პარალელურად, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. უკრაინა რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ გეგმებს კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ძირს უთხრის"მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას. კიევი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები აგრესორი სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობის ეფექტიანად აღსაკვეთად. „უკრაინა გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის მხრიდან კრემლის ბირთვული შანტაჟის საპირისპიროდ ეფექტურ ქმედებებს ელის... ჩვენ მოვითხოვთ, ამ მიზნით სასწრაფოდ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა”, - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსში. პუტინის განცხადებას პენტაგონშიც გამოეხმაურნენ.
ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, კანონით დღეს ქალი კბილებამდე შეიარაღებულია - წულუკიანი
ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. სახალხო დამცველი: თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები „არ ვიცნობ ამ ქალბატონს (ჟურნალისტი თათია სამხარაძე, რედ.) მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, რომ მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში გენმდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია, შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა უფლებებისთვის, გოგონებისა და ქალთა უფლებებისთვის, ამ კონვენციის რატიფიცირება პარლამენტში მოხდა. შესაბამისად, მე არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რათა თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, – აღნიშნა წულუკიანმა. თათია სამხარაძე ტელეკომპანია „POSTV“-ის დამფუძნებელსა და დირექტორს შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ანალოგიური ბრალდებები მის წინააღმდეგ გასულ კვირას სხვა ქალებმაც გააჟღერეს. თავად რამიშვილი ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა „თანადგომა გამოუცხადა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ“.
პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს, გრცხვენოდეთ
„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი „კატეგორიულად გმობს ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას“. „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდური მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად. მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება. ყოველივე შევიწროვებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რამაც შეიძლება, მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, თათია სამხარაძემ დღეს სალომე ზურაბიშვილს მიმართა და დახმარება სთხოვა. ჟურნალისტი თათია სამხარაძე ტელეკომპანია „POSTV“-ის დამფუძნებელსა და დირექტორს შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ანალოგიური ბრალდებები მის წინააღმდეგ გასულ კვირას სხვა ქალებმაც გააჟღერეს. თავად რამიშვილი ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა „თანადგომა გამოუცხადა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ“.
უკრაინის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას ჩვენთან კავშირი არ აქვს - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, უკრაინის საელჩოსთან 28 მარტს დაგეგმილ აქციასთან საპატრიარქოს კავშირი არ აქვს. „გავრცელდა ინფორმაცია, 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც. ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს რეგიონში სამხედროების პოზიციები მოინახულა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს რეგიონში სამხედროების პოზიციები მოინახულა. ზელენსკი ადგილზე გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და სამხედროებს ჯილდოები გადასცა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს სამხედრო ჰოსპიტალსაც ეწვია, სადაც დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება. „ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ვეწვიე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ორდენები და მედლები გადავეცი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა
ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. მედიის ინფორმაციით, ისრაელელი დიპლომატები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. მისი მიზანია, აიძულონ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეაჩეროს სასამართლო სისტემის რეფორმა. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, საქართველოში ისრაელის საელჩოც დაიხურა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც. თუმცა ცხელი ხაზი (+995 32 2556500), გადაუდებელი შემთხვევებისთვის მუშაობას განაგრძობს. ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის მედიის ცნობით, მთავრობა შეაჩერებს სასამართლო რეფორმას, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია