ძებნის რეზულტატი:
გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 18 ტანკი უკრაინაშია - Der Spiegel
უკრაინამ გერმანიის მიერ დაპირებული სამხედრო დახმარება მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, Der Spiegel-ი წერს, რომ გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 18 ტანკი უკრაინაშია. როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, ბოლო ტანკები გერმანიიდან უკრაინაში გასული კვირის ბოლოს გაიგზავნა. მათ უკვე გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდნენ.
ისრაელის უშიშროების მინისტრის თქმით, გადაიდო სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ძლიერი მოკავშირე ამბობს, რომ ქვეყნის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმა სულ მცირე რამდენიმე კვირით გადაიდო. ინფორმაციას Washington Post-ი აქვეყნებს. ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ამბობს, რომ ის დაეთანხმა კანონმდებლობის გაჭიანურებას, ვიდრე პარლამენტი 30 აპრილს ზაფხულის სესიაზე არ შეიკრიბება. ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის მედიის ცნობით, მთავრობა შეაჩერებს სასამართლო რეფორმას, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია
ბაიდენი ალიევს: აშშ სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობას უჭერს მხარს
შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ილჰამ ალიევისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს. „ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ ხალისიან და მშვიდობიან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს.გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები გაერთიანდნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ხალხებზე. წელს ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.და განახლების ამ სეზონში - შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, - წერს ბაიდენი.
თურქეთმა საფრანგეთის ელჩი გამოიძახა
თურქეთმა საფრანგეთის ელჩი ჰერვე მაგრო გამოიძახა, რათა მკაცრად დაეგმო საფრანგეთის სენატში YPG/PKK-ის წევრების მასპინძლობა და მათი ღირსების მედლით დაჯილდოება. YPG/PKK-ს თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. „ამ საკითხთან დაკავშირებით, პარიზში ჩვენი საელჩოს მხრიდან რეაქცია საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან მკაცრად გამოხატული“, - წერს თურქული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. „ამ კვირაში მე მქონდა პატივი, სენატში მივსალმებოდი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ადმინისტრაციული ორგანოს (AANES) დელეგაციას“, - წერდა 25 მარტს საფრანგეთის სენატის ვიცე-თავმჯდომარე პიერ ლორანი Twitter-ზე.
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რითაც ჰელსინკი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ალიანსში გაწევრიანებას. Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილებას 182 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო, თავი არცერთ დეპუტატს არ შეუკავებია. ჰელსინკს ახლა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის თანხმობა სჭირდება და სავარაუდოდ, მალე გახდება NATO-ს წევრი.
ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის სადავო რეფორმა გადადო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმის სადავო გეგმის შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამის შესახებ BBC წერს. ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო. გადაწყვეტილებას ის ქვეყანაში განხეთქილების თავიდან აცილებისა და ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილით ხსნის. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მისი მთავრობა არასოდეს დაუშვებს სამოქალაქო ომს. მისივე თქმით, ქვეყანა კრიზისის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთობას. „ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, გადავწყვიტე გადავდო კენჭისყრა, რათა დრო დავუთმო დისკუსიებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, რომელიც ნეთანიაჰუს პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებდა. ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის უშიშროების მინისტრის თქმით, გადაიდო სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია
დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ის მიერ გაგზავნილი მთავარი საბრძოლო ტანკები და სხვა ჯავშანმანქანები უკრაინაშია
უკრაინამ დიდი ბრიტანეთიდან Challenger-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკები და სხვა პარტნიორებისგან ჯავშანმანქანები მიიღო. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დააკონკრეტა, რომ უკრაინამ მიიღო Challenger-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკები გაერთიანებული სამეფოდან, Stryker-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და Cougar-ის ტიპის (ნაღმებისა და ჩასაფრებებისგან დამცავი) ჯავშანმანქანები შეერთებული შტატებიდან, ასევე, Marder-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები გერმანიიდან. „ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ასეთი ძლიერი იქნებოდა; რომ მთელი ცივილიზებული სამყარო საბოლოოდ წინააღმდეგობას გაუწევდა სისხლიან აგრესორს, ტერორისტულ ქვეყანას რუსეთს. წელს ყველაფერი შეიცვალა. უკრაინამ შეცვალა მსოფლიო. უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და ჩვენი არმიის ოსტატობამ ყველა დაარწმუნა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.
ბელგია უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად დახმარებას აწვდის
უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ბელგიიდან 36 ტონა აღჭურვილობა მიიღო. ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ ბელგიელ კოლეგას ტინა ვან დერ სტრატენს მადლობა გადაუხადა. რუსეთი, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მასობრივი სარაკეტო და უპილოტო დარტყმებით ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უმიზნებს. უკრაინული მედია წერს, რომ 2023 წლის მარტის მდგომარეობით, უკრაინის ელექტრო ქსელი ყველა რეგიონში სტაბილურად მუშაობს.
პოლონეთში საქართველოს ახალმა ელჩმა, ანდჯეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა
პოლონეთში საქართველოს ახალმა ელჩმა დიანა ჟღენტმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას. შესაბამისი პოსტი დიანა ჟღენტმა Twitter-ზე განათავსა. "მზად ვარ, ვიმუშაო პოლონელ პარტნიორებთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების მიზნით", - წერს საქართველოს ელჩი. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 28 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტი, რომელიც 2004 წელს შეუერთდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და კონცენტრაციის ტერიტორიას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა საოკუპაციო პერსონალის კონცენტრაციის ტერიტორიებს, ერთი კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მტრის 5 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის და სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო ჯამში დაახლოებით 300 000 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობისთვის ორი პირი ცნო დამნაშავედ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მირიან კუკავას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე, გამოძიებამ დაადგინა მირიან კუკავას განზრახ მკვლელობამდე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც მირიან კუკავას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახი მკვლელობა), 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით), ხოლო ორ პირს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს - თოთხმეტი წლის ვადით, ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულებს კი - სამი წლით და ექვსი თვით და ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენისთვის ბრალდებული სხვა პირების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი. ბოლო გადაწყვეტილებით, „შავ სიაში“ შეიყვანეს რვა ფიზიკური და ორი იურიდიული პირი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და სამართალდამცავი ძალების მაღალჩინოსნები არიან. მათ სანქციები დაუწესდათ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევებისთვის. ასევე სანქცირებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ჩართული არიან ირანში დრონებისა და ბალისტიკური რეკეტების წარმოებაში. კერძოდ, შეზუდვები შეეხო კომპანია Qods Aviation Industries-ის აღმასრულებელ დირექტორს, გასემ დამავნდიანს და აეროკოსმოსური სამრეწველო ორგანზიაციის დირექტორს, ნადერ ხუნ სიავაშს. ბოლო მონაცემებით, კანადას სანქციები აქვს დაწესებული ირანის 147 ფიზიკური და 191 იურიდიული პირის წინააღმდეგ.
ქერჩის ხიდზე ოკუპანტების 5 საბრძოლო მანქანა დაიმტვრა - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების 34-ე მოტომსროლელი ბრიგადის ჯავშანტექნიკის კოლონა ოკუპირებული ყირიმისკენ მიემართებოდა, როდესაც ქერჩის ხიდზე სიჩქარის გადაჭარბების გამო 5 საბრძოლო მანქანა დაიმტვრა. ინფორმაცია საერთაშორისო წყაროებში ვრცელდება უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, შედეგად, ხუთიდან ოთხი მანქანა სერიოზულ შეკეთებას მოითხოვს. თავდაცვის დაზვერვა იუწყება, რომ ოკუპანტები ხერსონის ოლქში მიემგზავრებოდნენ.
რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა გასული წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში 171 730 ჯარისკაცი დაკარგა. მათ შორის 570 რუსეთის ძალებმა გასული დღის განმავლობაში დაკარგეს. ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა ასევე დაკარგა 3602 ტანკი, 6966 ჯავშანტექნიკა, 5502 მანქანა და საწვავის ავზი, 2653 საარტილერიო სისტემა, 525 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 277 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 305 თვითმფრინავი, 291 შვეულმფრენი, 2.235 დრონი. ქერჩის ხიდზე ოკუპანტების 5 საბრძოლო მანქანა დაიმტვრა - უკრაინის დაზვერვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს კვლავ აგრძელებენ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი ამასთან, ექიმები ამ დრომდე შეხვედრას ითხოვენ კლინიკის დირექტორთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან. "სამინისტროს პოზიცია ყოველთვის გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავია... ჩვენი მიზანია, გავიგოთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემართება პერსონალს და ჩვენი მოთხოვნაა, არ შეწყდეს სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა", - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.
მიაწვდის თუ არა ბულგარეთი უკრაინას საბრძოლო მასალას
ბულგარეთი, დიდი ალბათობით, უკრაინას უზარმაზარ საბრძოლო მასალას მიჰყიდის შუამავლების მეშვეობით, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ომზე, განუცხადა ტელეარხ BTV-სთან ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბოიკო ნოევმა. მისი თქმით, ბულგარეთი 175 მილიონი ევროს ღირებულების ძველ საბრძოლო მასალას გადასცემს სახელმწიფო სამხედრო ქარხანას VMZ-ს და სანაცვლოდ მიიღებს ახალ საბრძოლო მასალას. ყოფილი მინისტრის თქმით, ბულგარეთს აქვს საბჭოთა სტანდარტების საბრძოლო მასალის მარაგი, რომელიც უკრაინის არმიას სჭირდება. EURACTIV-ის გამომძიებელი ჟურანლისტების ცნობით, ბულგარეთის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების იარაღის კიევისთვის მიწოდება არ შეწყვეტილა, მიუხედავად სოფიის ხელისუფლების ოფიციალური მტკიცებისა. კერძოდ, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი საჯაროდ გამოვიდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. თუ ბულგარეთი საბრძოლო მასალას ჯარიდან სამხედრო ქარხანაში გადასცემს და შემდეგ შუამავლების მეშვეობით უკრაინაში მიაწოდებს, რადევს შეუძლია, განაგრძოს თავის მხარდამჭერებს უთხრას, რომ სოფია არ ეხმარება უკრაინას, წერს Euroactiv. ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც არ დაადასტურა მონაწილეობა ევროკავშირის გეგმაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას გულისხმობს.
პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა
ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების საჯარისო დაზვერვის სკოლის ოცეულის მეთაურის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი სამკვირიან სწავლებას მოიცავდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისაგან შედგებოდა. მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი – პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით. საჯარისო დაზვერვის სკოლის ოცეულის მეთაურის კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატო-ს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.
გაეროში რუსეთის რეზოლუცია ჩავარდა
გაეროს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ შემუშავებულ ტექსტს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან მხოლოდ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს მხარი. რუსეთი ამტკიცებდა, რომ ის არ არის ინფორმირებული მიმდინარე გამოძიებების მსვლელობის შესახებ. თავის მხრივ, გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ რუსეთი ეროვნული გამოძიებების დისკრედიტაციას ცდილობს. „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორ მილსადენზე აფეთქებები ზღვაში, შვედეთისა და დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა, რის შემდეგაც შვედეთმა, დანიამ და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათ მიერ დაწყებული გამოძიებები გრძელდება და რუსეთი მის შესახებ ინფორმირებულია. მათივე ცნობით, მილსადენების დაზიანება დივერსიამ გამოიწვია. ანალოგიური შეფასება აქვთ აშშ-ს და NATO-საც.
პრემიერ-მინისტრი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, ვლადიმირ დლოუჰს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ დლოუჰს ევროპალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვაჭრობის ლიბერალიზაციას და საექსპორტო ბაზრების საკითხებს შეეხო. განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ძლიერდება საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, ციფრული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტი რიფათ ჰისარჩიკლიოღლუ, ევროპალატის აღმასრულებელი დირექტორი ბენ ბათერსი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.