ძებნის რეზულტატი:
ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ვერცხლი მოიპოვა
ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ვერცხლი მოიპოვა. ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე ასპარეზობს. ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ 168, შემდეგ კი 173 კგ. დაძლია და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამ წუთებში კი შეჯიბრი აკვრაში მიმდინარეობს.
ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში შეხვედრას დაესწრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, შეხვედრას დაესწრება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დაესწრება. „შეხვედრის ფარგლებში, მხარეების მიერ განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება; ამასთან, განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ორშაბათს მიწვეული ვარ ლუქსემბურგში. შესაძლებლობა მექნება საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფორმატში [მივიღო მონაწილეობა], სადაც წარმოდგენილია ვიცე-პრეზიდენტი ბორელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ საბჭოს და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის 27 საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ნამდვილად არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავუზიაროთ ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველომ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით გადადგა, ის კონკრეტული გეგმები, რაც გვაქვს იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ მუშაობა ამ რეკომენდაციებზე. სწორედ ამაზე ვისაუბრებ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ლუქსემბურგში იქნებიან “, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ძაღლის დაჩიპვა სავალდებულო გახდება
ძაღლის დაჩიპვა სავალდებულო გახდება. საკანონმდებლო პროექტს დადებითად აფასებენ ცხოველთა უფლებების დამცველები. კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე შინაურ ცხოველს ქუჩაში დატოვებს, სწორედ ჩიპის დახმარებით მოხდება მისი იდენტიფიცირება და მას შესაბამისი სანქციები დაეკისრება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ივნისში დაინიცირდება.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას - გაბუნია
სამინისტრომ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას, რაც მათ სჭირდებათ, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში ადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები. „მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მეტი საერთაშორისო მონაცემი, მტკიცებულება, ექსპერტების მოსაზრებები, გაიდლაინები, თუ რამდენად ეფექტურია მედიკამენტი, როგორ მოხდეს მისი დანერგვა უსაფრთხოდ, ბავშვებისთვის საუკეთესო ფორმატში და შემდეგ უკვე სამინისტრო მზად არის დაიწყოს შესყიდვის პროცედურები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, ყველაზე დიდი შეუთანხმებლობა პაციენტების მშობლებთან, სწორედ ვადებს უკავშირდება. „მშობლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს მოხდეს დაუყოვნებლივ, დღესვე, მაგრამ ამას სჭირდება მთელი რიგი სამუშაოები, რაც სამინისტროში დაწყებულია. იშვიათი დაავადებების მართვის საბჭო ჩამოყალიბდა და ექსპერტების ჯგუფი მუშაობს. ექსპერტების წინადადებაც არის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საფუძველი, ვიდრე ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივალთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ქუთაისელი მოჭადრაკე, ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ქუთაისელი მოჭადრაკე, ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კირთაძემ 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა.
საფრანგეთი უკრაინას სარკინიგზო ქსელის აღდგენაში დაეხმარება
უკრაინამ და საფრანგეთმა 22 აპრილს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი უკრაინის სარკინიგზო სისტემის აღდგენაში დაეხმარება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გულისხმობს ხიდის მშენებლობას, რკინიგზის ოპერატორისთვის აღჭურვილობით უზრუნველყოფას, ასევე ქალაქებში მსუბუქი სარკინიგზო სისტემებით დახმარებას. საფრანგეთს ასევე შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას მისი საჰაერო ნავიგაციის აღდგენასა და მხარდაჭერაში. პარიზი ექსპერტების ანალიზით შეუწყობს ხელს ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც უკრაინის აღდგენაზე მუშაობენ. მემორანდუმის მიხედვით, საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას ზიანის სიდიდის შეფასებასა და სატრანსპორტო ხაზების აღდგენაში.
Bloomberg: ევროკავშირს სურს, დაბლოკოს რუსეთის გავლით ტვირთის ტრანზიტი
ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტში რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას აფართოებს. Bloomberg-ი წერს, რომ მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა მთლიანად არ აიკრძალება და მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ზოგიერთ ტექნოლოგიასა და ტექნიკის სახეობას შეეხება. სავარაუდოდ, ახალი ზომის მიზანია, რუსეთისთვის შეზღუდვებზე გვერდის ავლა გაართულოს. რუსეთი ამ საქონელთა უმეტესობას შუამავალი სახელმწიფოების მეშვეობით იღებს, როგორიცაა ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი. თუმცა, Reuters-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ გარკვეული საქონელი რუსეთში პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნებიდან იგზავნებოდა.
ესპანეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს უახლოეს დღეებში გადასცემს
ესპანეთიაპირებს, დაპირებული ექვსი ტანკი უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწოდოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დახმარებას მოჰყვება კიდევ ერთი პაკეტი 4 ტანკით. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა „მხოლოდ რამდენიმე თვეში“ 230-ზე მეტი ტანკი და 1550 ჯავშანტექნიკა მიაწოდა კიევს. ოსტინის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო სხვა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ცხრა ახალი ჯავშანტექნიკისთვის. პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მოკავშირე, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ დამატებითი მძიმე ტექნიკა და სატრანსპორტო მანქანები. საკონტაქტო ჯგუფის მრავალი წევრი ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებას.
პოლონეთმა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის უკრაინას თითქმის 1500 ტონა აღჭურვილობა გადასცა
2022 წლის მაისიდან პოლონეთიდან უკრაინაში ენერგეტიკული საჭიროებისთვის ჰუმანიტარული დახმარების 80 ტვირთი ჩავიდა, რაც დაახლოებით 1500 ტონა აღჭურვილობას შეადგენს. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა იტყობინება. „2022 წლის მაისიდან მოყოლებული პოლონეთიდან უკრაინაში ენერგეტიკული საჭიროებისთვის ჰუმანიტარული დახმარების 80 ტვირთი ჩავიდა. ეს არის დაახლოებით 1500 ტონა აღჭურვილობა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 12 ტვირთი შემოვიდა, რომელთა წონა სულ 174 ტონაა. მოწოდებულია აღჭურვილობაა გენერატორები, ტრანსფორმატორები, იზოლატორები, რკინაბეტონის საყრდენები, კაბელი, გადაუდებელი ელექტრომომარაგების სისტემები და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სხვა მასალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემას აშენებს
უკრაინა საუკეთესო გლობალური პრაქტიკისა და ევროპული კანონმდებლობის მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურში იტყობინება „უკრაინა სწავლობს ევროკავშირის დირექტივებს NIS 2 (EU 2022/2555) და RCE (EU 2022/2557) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ და თანამშრომლობს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე დაიწყეს მათი განხორციელება“, - ციტირებს პრესსამსახური მინისტრის მოადგილეს. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსეთის ჯარებმა 1500-მდე რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვეს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მიმართულებით. მათგან 100-მდე დიდ ენერგეტიკულ ობიექტებს მოხვდა. დარტყმების შედეგად უკრაინამ დაკარგა წარმოების სიმძლავრის 61%. მომავალი ზამთრის გადასატანად საჭიროა, გააქტიურდეს ძალისხმევა არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ISW: უკრაინის შეიარაღებული ძალები სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ
„ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, რასაც რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს. ფოტოების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე სოფელ დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ) წინსვლა შეძლეს. ამავდროულად, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული ძალები, შესაძლოა, პრიორიტეტს ანიჭებენ თავდაცვის შენარჩუნებას ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ოლეშკი და ნოვა კახოვკა. „კიდევ ერთი სამხედრო საბრძოლო მოქმედებების რუკის თანახმად, რუსული ძალები, 22 აპრილის მდგომარეობით, არ აკონტროლებენ ზოგიერთ კუნძულს მდინარე დნიპროს დელტაში, ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით, რაც მიუთითებს უკრაინელების შესაძლო წინსვლაზე ამ კუნძულებზე“, - აცხადებს ISW. ანალიტიკოსების შეფასებითვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება, შესაძლოა, რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლეს. მანამდე ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ აცხადებდა, რომ საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობა რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციით იყო გამოწვეული.
სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა
აშშ-ის სამხედროებმა სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს თვითმფრინავებით სუდანიდან. თუმცა, ოპერაციამდე, CBS News-მა გავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით 70 თანამშრომლის ევაკუაცია იგეგმებოდა. „დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხარტუმიდან აშშ-ის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. სუდანში არეულობის ფონზე, 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია უკვე განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.
პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა
ლიეტუვამ რუსეთის ელექტრო ქსელიდან გათიშვა წარმატებით გამოსცადა ლიეტუვის ელექტრო ქსელი იზოლირებულად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს ჩაირთო. შაბათს 11:00-დან 21:00 საათამდე ქსელი პირველად გაითიშა რუსეთის მიერ კონტროლირებადი IPS/UES სისტემიდან (IPS/UPS) და ავტონომიურად იმუშავა. ამის შესახებ ლიეტუვის ელექტრო ქსელის ოპერატორის Litgrid-ის ინფორმაციაშია ნათქვამი. ელექტროენერგიას ამ პერიოდში ლიეტუვა შიდა წყაროებითა და შვედეთიდან და პოლონეთიდან იმპორტის შედეგად მიიღო. ტესტირება შეთანხმებული იყო ლატვიის, ესტონეთის და რუსეთის ელექტრო ქსელის ოპერატორებთან. ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული. „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.
ევროკავშირში საათობრივი ანაზღაურება 2022 წელს 4,4%-ით გაიზარდა - Eurostat
ევროზონაში საათობრივი ანაზღაურება და ხელფასები ყველა წევრს შორის გაიზარდა. Eurostat-ის თანახმად, ანაზღაურებამ ყველაზე ნაკბელად მოიმატა იტალიაში, მალტასა და ფინეთში (+2,3%) და ყველაზე მეტად ლიეტუვაში (+13,4%), ესტონეთსა (+8,8%) და ხორვატიაში (+8,7%). ევროზონის გარეთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის, საათობრივი ანაზღაურება და ხელფასები ეროვნულ ვალუტაში ასევე გაიზარდა ყველა ქვეყანაში. ისინი ყველაზე ნაკლებად გაიზარდა დანიასა (+2.2%) და შვედეთში (+3.0%) და ყველაზე მეტად უნგრეთში (+16.4%), ბულგარეთში (+15.5%), რუმინეთსა (+12.3%) და პოლონეთში (+11.7%).
ოლექსი დანილოვი: საჭირო არ არის მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი
„საჭირო არ არის მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი“, - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ამ განცხადებით, პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავი აარიდონ „პრორუსულ სამშვიდობო მოქმედებებს“ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ. „როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება - უკრაინის განადგურება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო მოქმედებები. არაა საჭირო ჩვენი მუდმივად დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტი, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, - დაწერე დანილოვმა Facebook-ზე. ცნობისათვის, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს „ნორმალური ურთიერთობების" განვითარებას ჩინეთთან, თუ ოფიციალური პეკინი ვერ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
რუსებს ახლა უკრაინაში წინსვლა არ შეუძლიათ - კურტ ვოლკერი
NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცუდ მდგომარეობაში არიან და უკრაინაში წინსვლა აღარ შეუძლიათ. ვოლკერმა აღნიშნა, რომ უკრაინა „მნიშვნელოვან კონტრშეტევას“ გეგმავს. „პირველ რიგში, ჩვენ ყველა გადაჭარბებულად ვაფასებდით რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს და ჩვენ არ ვაფასებდით უკრაინის შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ვოლკერმა Express.co.uk-თან საუბრისას. მისივე თქმით, რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა შეცდომაში შეიყვანეს პუტინი. „ჩვენც შეცდომაში შევედით. სისტემაში გაცილებით მეტი კორუფცია, არაეფექტიანობა და ლიდერობის პრობლემები იყო“, - აღნიშნა ვოლკერმა.
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს
საფრანგეთი სუდანიდან თავისი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების, ევაკუაციას იწყებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. უწყების ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. „მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ. სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა. სუდანში არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დაპირისპირების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 690 ბოლო ერთ დღეში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 690 ბოლო ერთ დღეში. ასევე განადგურებულია 3 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 4 დრონი და ერთი ვერტმფრენი. უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 675 ტანკი, 7 131 ჯავშანმანქანა, 2 837 საარტილერიო სისტემა, 539 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 289 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 402 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 730 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 339 ერთეული სპეცტექნიკა.
ილია II-ის ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას 22 აპრილს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - დაწერა მანამდე დეკანოზმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
კვიპროსმა გაყინა 13 პირის ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარნენ
კვიპროსმა გაყინა 13 პირის ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარნენ, განუცხადა კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა პავლოს იოანუმ საზოგადოებრივ მაუწყებელ CyBC-ს. საუბარია მათ შორის კვიპროსის და რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუს ოლიგარქებთან ალიშერ უსამოვთან და რომან აბრამოვიჩთან. უსმანოვი და აბრამოვიჩი უმდიდრეს რუსებს შორის არიან, მათი ქონება, შესაბამისად, 14 და 9 მილიარდ დოლარზე მეტია. ორივე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან.