ძებნის რეზულტატი:
2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი. "საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ხოლო -3.5-პროცენტიანი კლება კერძო სახლების სეგმენტში. 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 11.6 პროცენტით. ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 4,919 ლარი; ვაკე – 4,201 ლარი; საბურთალო – 3,344ლარი; ჩუღურეთი – 3,257 ლარი; კრწანისი – 3,175 ლარი; დიდუბე – 3,004 ლარი; ნაძალადევი – 2,928 ლარი; ისანი – 2,856 ლარი; გლდანი – 2,788 ლარი; სამგორი – 2,647 ლარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კელი დეგნანი გვარამიაზე: დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებისას, პრეზიდენტი მათ შორის ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს
„შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, ის ყველა ასეთ მოთხოვნას, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ჰელსინკის კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა. „ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე. ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა მედიასთან.
პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ს.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს - 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-ის შეფასებით, აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის
აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ეს ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის. „აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს. შეერთებული შტატები მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ადამიანებს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მოვუწოდებთ, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისგან და მტრული ქმედებებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზაზე საგუშაგოს გახსნა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია და სომხეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს აზერბაიჯანის უფლებას უზრუნველყოს კონტროლი მის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ სომხეთი, როგორც 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმომწერი მხარე, მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს მოწყობას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ლაჩინის დერეფნიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს.
ევროპის მწვავე რეაქციის შემდეგ, პეკინმა უარყო ჩინეთის ელჩის კომენტარები, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა
ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ეს განცხადება მოჰყვა ევროპული ქვეყნების მიმართვას პეკინისადმი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა. ოფიციალური პირები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ევროკავშირიდან, აღაშფოთა ჩინეთის ელჩის განცხადებამ, რომლის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს „საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ გააჩნიათ“. CNN-ის ცნობით, ელჩმა ეს განცხადება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, კერძოდ, არის თუ არა ყირიმი უკრაინის ნაწილი. კითხვას, წარმოადგენს თუ არა ელჩის განცხადება ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უპასუხა, რომ პეკინის ოფიციალური პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებშია წარმოდგენილი. ამავე დროს, მან პირდაპირ არ უარყო ლუ შაის განცხადებები. ინტერნეტმომხმარებლებმა ასევე შენიშნეს, რომ პარიზში საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელებიდან გაქრა ელჩის ინტერვიუს ჩანაწერი. „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსის განხორციელებისთვის“, - აღნიშნავდა ელჩი ჩანაწერში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჩინელი დიპლომატის კომენტარს მიუღებელი უწოდა. „ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ეს განცხადებები არ წარმოადგენს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთს მოუწოდა, განემარტა, ასახავს თუ არა ეს კომენტარები მის პოზიციას. „საფრანგეთში ჩინეთის ელჩის კომენტარები სრულიად მიუღებელია. ჩინური მხარისგან ახსნას და ამ განცხადების სრულ უარყოფას ველით“, - დაწერა თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა Twitter-ზე. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშან, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატუსი განმტკიცებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. „უცნაურია „ყირიმის ისტორიის“ აბსურდული ვერსიის მოსმენა იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელიც სკრუპულოზურია საკუთარ ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებით“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.
საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის - პაპუაშვილი
საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ელჩი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტის წევრები საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებენ „ეს არის, რასაც ისინი საერთო ჯამში ბოლო ორი წელია, აკეთებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საქართველოს ხელისუფლების განაცხადისთანავე სწორედ კონფრონტაციისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვნახეთ, რომ მცდელობები იყო დესტრუქციისა. ამიტომ, ეს ვინაიდან არის ინსტრუმენტი, რომელსაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს მეტი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. ამავე დროს, ეს პროცესი გვაჩვენებს კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობას ჩვენი ოპოზიციის, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს მრავალფეროვანმა ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი გაერთიანებები არიან, ახლაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ მაშინდელ ოპოზიციას, რომელმაც ბევრმა მაშინ ინანა, დაიშალნენ, ნაწილი შემოვიდა პარლამენტში, ნაწილი უფრო მოგვიანებით. დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედიან, რომელშიც შევიდნენ 2020 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ. ახლაც ვუყურებთ, რომ ეს პროცესი საგამოძიებო კომისიისა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მედია: 9 მაისს მოსკოვს სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი უცხოელი ლიდერი ეწვევა
9 მაისს, როდესაც რუსეთში გამარჯვების დღე აღინიშნება, მოსკოვს ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი ეწვევა. როგორც ჩანს, ის იქნება უცხო ქვეყნის ერთადერთი ლიდერი, რომელიც რუსეთის დედაქალაქს გამარჯვების დღეს ეწვევა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ცნობით, ამის შესახებ „ვედომოსტი“ დიპლომატიურ და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. ჯაფაროვის ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ უპასუხა გამოცემის შეკითხვებს. 2022 წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმი უცხოელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე გაიმართა, რაც უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა. პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლს უცხოელი სტუმრები არ დაუპატიჟებია. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთმა წელს უარი თქვა აღლუმის გამართვაზე „ხარჯების დაზოგვისა და სხვა საკითხების გამო".
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულებული იქნება - კალაძე
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულებული იქნება. „მინდა წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მიმდინარე სამუშაოების ფონზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. ვიცით, რომ ღამით ხმაურია, ზოგიერთ კომპანიას მუშაობა ღამით უწევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს. ნათქვამი გვაქვს, რომ იანვარში წერეთლის გამზირის სამუშაოები მთლიანად დასრულდება. როდესაც იანვარს ვამბობთ, აქ სამუშაოების სრულ დაბოლოებას ვგულისხმობთ როგორც გამწვანების, ისე გარე განათებების ჩათვლით. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პროცესი, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე დასრულდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა
აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ქვეყანა, სადაც ამ დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტი გამოიგონეს, კვლევების დასრულებას ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ჯანმოს მითითებებსა და გაიდლაინებს ეყრდნობა. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფოს წამალზე უარი არ უთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა „ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, „ამორალური ქმედება“ დაასრულონ და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის“. „200 ქვეყანაში მთელ მსოფლიოში, არცერთი სახელმწიფო არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, ამ ორასი ქვეყნიდან საქართველო იყოს განონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც დაუშვებელია. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვეყრდნობით კვალიფიციურ აზრებს. ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, გვაქვს კონტაქტი წამლის მწარმოებელ კომპანიასთან, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში“. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვუყურებთ ვნებათაღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს ამომწურავი კომენტარი და განმარტება მისცეს ოჯახებს, მშობლებს, მინისტრიც შეხვდა თავად და არაერთი საუბარი შედგა, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, ხდება გაუგონარი რამ: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც სიყალბითა და ფარისევლობით გამოირჩევიან, ცდილობენ, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აქვე პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „სახელმწიფო, მთავრობა მათ გვერდით დგას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ. არავის არ გახსენებია, არცერთ პოლიტიკოსს ამ ბავშვების ბედი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაშ იყვნენ, და არც ახლა, როცა ოპოზიციაში არიან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. „საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება. მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის მიმართულებით სერიოზული პროგრესი აქვს და ამ კუთხით კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო. „ბლექ სი არენას“ მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა. კონკრეტული გეგმა წარმოადგინა. მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება. საუბარი იყო იმაზე, რომ 70 მლნ ლარი იხარჯება ამ კონცერტებში. ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსვლებს ველოდებით. შეიძლება მინიმუმ 100 მლნ ლარზე იყოს საუბარი. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პრესტიჟი. ამას გავაგრძელებთ. სხვა სიახლეებიც ექნებათ ახალგაზრდებს, მსმენელებს და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული სეზონი იქნება. ტურიზმში სერიოზული პროგრესი გვაქვს. შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა - 5 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა. ამ მიმართულებით მეტი მუშაობა გვჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.
ჩინეთი არ აწვდის რუსეთს იარაღს, არ ემზადება ამისათვის - ბუდანოვი
ჩინეთს არ გადაუცია რუსეთისთვის იარაღი და არ ემზადება ამისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის დაზვერვის (DIU) უფროსმა კირილო ბუდანოვმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ჩინეთმა ეს ნაბიჯი შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადადგას, ბუდანოვმა უპასუხა, რომ ჩინეთი ამას არ გააკეთებს უახლოეს მომავალში. ცნობისათვის, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ. ოლექსი დანილოვი: საჭირო არ არის მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს „ნორმალური ურთიერთობების" განვითარებას ჩინეთთან, თუ ოფიციალური პეკინი ვერ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი - ღარიბაშვილი
პირველ რიგში ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც მინდოდა მეცნობებინა თქვენთვის – ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას ჩვენი მოქალაქეების და არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ტურისტების, ვიზიტორების და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა და ეს სფერო ზოგადად საჭიროებს მოწესრიგებას, ძალიან დიდი პრობლემები არსებობს იგივე თუნდაც ავტოსადგურებში მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო, იქ არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები, სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული, ასევე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროებს სახელმწიფოს ჩართულობას და ჩარევას. ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, ჩვენ ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს. ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც მივცემთ გონივრულ ვადას, პერიოდს, იმისთვის რომ გამოასწორონ ეს პრობლემა და მე ვფიქრობ რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პრემიერმა.
ბოგდან აურესკუ: მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი
„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი“, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა. აურესკუმ ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. „მივესალმები, რომ ჩვენი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეს ჩვენთან არის. მე მხარი დავუჭირე მის მოწვევას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რადგან მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში“, - აღნიშნა ბოგდან აურესკუმ.
ლანდსბერგისი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მის მიმართ ბევრი შეკითხვა იქნება. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა. როგორც ყოველთვის, ჩვენ ერთგული ვრჩებით, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა გაათამაშონ," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შექმნილია ფორმატი, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, „ვოსორიტიდის“ დანერგვას უკავშირდებოდეს - გაბუნია
შექმნილია ფორმატი, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, „ვოსორიტიდის“ დანერგვას უკავშირდებოდეს, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვ, შემოგვიერთდეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ დაფინანსების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მშობლების ჯგუფებთან. სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვახერხოთ მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. მანამდე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საჭიროებები, რაზეც ეს წამალი პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ. რეაბილიტაცია, ფსიქოთერაპია, სოციალური სერვისი თუ სხვა ტიპის დახმარება, სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში აქონდროპლაზიის მიმართულებით ჯერ დანერგილი არ იყოს. „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს. ამას სჭირდება კონსტრქციული მუშაობა. სამუშაოსთვის შესაფერისი გარემო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ფორმატი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ ამ საკითხზე, რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს. მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, შემოგვიერთდეს ამ ფორმატში მუშაობისთვის, რათა სწრაფად გაგრძელდეს პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ვიდრე ახალი მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიღო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღო, იუწყება აზერბაიჯანული მედია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში. „მხარეებმა გაიხსენეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში და აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი დისკუსიები ორმხრივი გაფართოების მიზნით. სახელმწიფოს მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
ევროკავშირის მინისტრები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი მიიღო. ევროკავშირის მინისტრები ორშაბათს ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების მთავარი მიზეზი ირანის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაა. ევროკავშირი „კატეგორიულად გმობს“ ირანის ხელისუფლების მიერ ძალის სასტიკ და არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
კულება: F-16-ის გადაცემა უკრაინისთვის, ევროპის უსაფრთხოებაში ათწლეულის ინვესტიცია იქნება
უკრაინის უზრუნველყოფა თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით, საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ამის შესახებ უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „არ არსებობს რაციონალური არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღებს უკრაინა თანამედროვე დასავლური ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება. უკრაინა არის ევროპის დამცველი. უკრაინის F-16 თვითმფრინავებით უზრუნველყოფა ამ ათწლეულის საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე. მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, შეასრულონ წამყვანი როლი უკრაინის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიღებაში და ამით აჩვენონ თავიანთი სტრატეგიული ლიდერობა.