ძებნის რეზულტატი:

საგარეო სუდანზე: ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და იუწყბა, რომ ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის. „საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.  

რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაივიწყოს უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომისგან

რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მსოფლიოს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება. მომავალ პარასკევს, რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტში გაემგზავრება. რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის უნგრელ ხალხთან მის ვიზიტს. სუდანში ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, რომის პაპმა ფრანცისკემ ყველას მოუწოდა, ილოცონ „სუდანელი ძმებისთვის და დებისთვის“. რომის პაპმა ფრანცისკემ ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტისა და დიალოგის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა. რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში 28-30 აპრილს ვიზიტის დროს უკრაინაში მშვიდობის განხილვას გეგმავს.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან გაიგზავნა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან 2023 წლის 22 აპრილს გაიგზავნა. იტყობინება აზერბაიჯანული მედია SOCAR Midstream Operations LLC-ზე დაყრდნობით, SOCAR-ის შვილობილი კომპანია. ტანკერი Alatau თენგიზის საბადოზე წარმოებული 83,200 ტონა (665,000 ბარელი) ნავთობით დაიტვირთა. ცერემონიას ესწრებოდნენ SOCAR-ის, KazMunayGas-ის, Tengizchevroil-ის, Kazmortransflot-ის და მათი შვილობილი კომპანიების დელეგაციები. ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით, SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის მთავარი ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი. ყაზახური ნავთობის პირველი ტვირთი თენგიზის საბადოდან სანგაჩალის ტერმინალში აქტაუდან „პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის“ ტანკერით 2023 წლის 23 მარტს ჩავიდა. „ყაზახური ნავთობის პირველი პარტიის წარმატებული გადაზიდვა BTC მილსადენით, წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში. იგი ასევე ხაზს უსვამს რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას, და BTC მილსადენის როგორც კასპიის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების საკვანძო მარშრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობას“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ყაზახური ნავთობის შემდეგი პარტიის ჩატვირთვა ჯეიჰანის პორტში 2023 წლის მაისის ბოლოს იგეგმება.  

აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

თბილისში, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მარში დარულდა. მშობლები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის წინ განთავსებულ ჯებირებზე ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ამ გზით გამოხატავდნენ. პარალელურად, აქციის მონაწილეებს ჩართული აქვთ საყვირები. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. „მარში გადაიქცევა უფრო დიდ მსვლელობად. ჩვენი გაჩერება არ შეიძლება, ჩვენ ვართ დედები, ვინც ვითხოვთ შვილების კარგ მომავალს, ჯანმრთელობის უფლებას. ჩვენი ხმა უნდა გავაგონთ, წამალი გვინდა ბატონო პრემიერო, წამალი და სიცოცხლე გვინდა, მეტი არაფერი, ნუ წაგვართმევთ სიცოცხლეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქეთი ბეგიაშვილმა. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს აქონდროპლაზიიით დაავადებულმა ბავშვებმაც, რომლებსაც თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით: „ნუ მართმევ ბავშვობას!“, „წამალი დაიდოს!“, „ჩემი ხმაც მნიშვნელოვანია!“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვოსორიტიდის საქართველოში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა. 20 აპრილს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშების მშობლები ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეხვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა მშობლებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ, თუ სექტემბრის მონაცემებით, „რამდენიმე, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“. უფრო ადრე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები თავიანთი შვილებისთვის პრეპარატის დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთნ მოითხოვდნენ. ომბუდსმენი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე: თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია  

საქართველოში 25 აპრილამდე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 25 აპრილის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - წერია ინფორმაციაში.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი ევაკუაცია განხორციელდება

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება. „ამჟამად მოქალქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო სუდანზე: ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის  

საჰაერო ძალები: Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან უკვე იცავს

აშშ-ის მიერ შექმნილი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ქვეყანას უკვე იცავს რუსეთის თავდასხმებისგან, განაცხადა საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა 23 აპრილს. მისი თქმით, უკრაინის არმია გამოიყენებს აშშ-ის არსენალში ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღს რუსული საჰაერო სამიზნეების, მათ შორის S-300-ის წაინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ქალაქების დაცვას რუსეთის მუდმივი სარაკეტო თავდასხმებისგან.  

უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა 3 მიმართულებით 60-მდე შეტევა მოიგერიეს

მტრის 60-მდე შეტევა მოვიგერიეთ - რუსული ძალები ძირითად ძალისხმევას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე მიმართავენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქ ბახმუტისთვის. ასევე, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგოროვკას, ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში. მტრის დაბომბვის შედეგად არაერთი დასახლება დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას - ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ს მისი კონსტიტუციური უფლებაა შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. „ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაა აქვს მისჯილი.  

ევროპის სამხედრო ხარჯებმა ბოლო 30 წლის განავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია - SIPRI

გლობალური სამხედრო ხარჯები ახალ რეკორდს აღწევს, რაც გამოწვეულია ევროპული ხარჯების მკვეთრი ზრდით. ევროპის სამხედრო ხარჯები 2022 წელს 13%-ით გაიზარდა, ხოლო უკრაინის სამხედრო ხარჯებმა ერთწლიან ყველაზე მაღალ ზრდას 640%-ით მიაღწია. ამის შესახებ Anadolu წერს.   ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მსოფლიო სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 2,24 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 3,7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ევროპამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სამხედრო ხარჯების ყველაზე მკვეთრი ზრდა დააფიქსირა.   ამ მონაცემს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) ავრცელებს.   „ბოლო წლებში გლობალური სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო დაუცველ სამყაროში“, - ამბობს ორგანიზაციის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსი მკვლევარი ნან იანტი.   მისივე თანახმად, სახელმწიფოები აძლიერებენ სამხედრო ძალას უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს საპასუხოდ, რომლის გაუმჯობესებას ისინი უახლოეს მომავალში არ მოელიან.   ცენტრალურმა და დასავლეთმა ევროპამ გასულ წელს 345 მილიარდი დოლარი დახარჯა და პირველად გადააჭარბა 1989 წლის ხარჯებს, როდესაც ცივი ომი დასრულდა. ფინეთის სამხედრო ხარჯები ყველაზე მკვეთრად გაიზარდა 36%-ით, რასაც მოჰყვება ლიეტუვა 27%-ით, შვედეთი 12%-ით და პოლონეთი 11%-ით. რუსეთის სამხედრო ხარჯები გასულ წელს გაიზარდა დაახლოებით 9,2%-ით და მიაღწია 86,4 მილიარდ დოლარს, ხოლო ქვეყანამ მეხუთე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2022 წელს უკრაინის სამხედრო ხარჯებმა 44 მილიარდ დოლარს მიაღწია. „640%-იანი ზრდა იყო ქვეყნის სამხედრო ხარჯების ყველაზე მაღალი ზრდა ერთ წელიწადში, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა SIPRI-ის მონაცემებში. აშშ ყველაზა მეტს ხარჯავს - მისმა სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 877 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,7%-ით მეტია. ქვეყანამ შეადგინა მთლიანი გლობალური სამხედრო ხარჯების 39%. შტატები ამ მონაცემით პირველ ადგილზეა. „აშშ-ს სამხედრო ხარჯების ზრდა 2022 წელს დიდწილად განპირობებული იყო უპრეცედენტო ფინანსური სამხედრო დახმარების დონით, რომელიც მან უკრაინას გაუწია. აშშ-ის ხარჯების მასშტაბიდან გამომდინარე, პროცენტული თვალსაზრისით უმნიშვნელო ზრდაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ დონეზე“, - განაცხადა ტიანმა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოწვიოს. მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან - ზვავის ფორმირება.  

თურქეთის უდიდესი ხომალდი TCG Anadolu სტამბოლიდან შავი ზღვისკენ მიემართება

თურქეთის უდიდესი სამხედრო ხომალდი TCG Anadolu, შავი ზღვისკენ მიმავალ გზაზე სტამბულის სრუტეში გაჩერდა. გემი, რომელიც მსოფლიოში პირველი უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდის (UCAV) გადამზიდავია, სარაიბურნუს პორტიდან დაიძრა. TCG Anadolu პრეზიდენტმა ერდოღანმა გააცილა. TCG Anadolu-ზე  იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და თურქეთის უმაღლესი სამხედრო მეთაურები. სრუტეში გავლისას მათ თურქეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენები ახლდნენ თან. მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება. გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.  

ვიწყებთ მსჯელობას სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში ბავშვთა კვება - ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტროში მსჯელობენ, თუ როგორ დააბრუნონ სკოლაში ბავშვთა კვება. ბავშვების 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება - "საქსტატის" კვლევა „რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ. ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ? ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია 2-3 წლის განმავლობაში და ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა ანუ, სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს,“ - განაცხადა მინისტრმა.  

მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნოგინსკთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი დრონის ნამსხვრევები 23 აპრილს, ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად, ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს. თავის მხრივ, Baza-ს ტელეგრამ არხი იუწყება, რომ დრონი ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა და საუბარია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატზე UJ-22, რომელშიც 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. რუსეთი მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს, რასაც კიევი უარყოფს. დანილოვი ბელგოროდში აფეთქებაზე: რუსული არმია საკუთარ მოსახლეობას აშინებს  

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ

ზელენსკი დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში და ამბობს, რომ ქვეყანა კონტრშეტევისთვის ემზადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ Al Arabiya-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ვერ მიატოვებს ბახმუტის დაცვას, რადგან მისი აღება რუს ოკუპანტებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება.ვოლოდიმირ ზელენკისთ ქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება, ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს დონეცკის ოლქის ქალაქების, კრამატორსკისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის.„შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ მისცემს შანსს, დაიპყროს ჩვენი მიწების უფრო დიდი ნაწილი“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია, რუსეთის შეჭრა მოიგერიოს და გამარჯვებას მიაღწიოს. „ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ყოველდღიური წარმატებებით, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან“, - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ოკუპირებული მიწები დაიბრუნონ და თავიანთი ქვეყანა განავითარონ. უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მისი ქვეყანა იბრძვის და ძლიერდება. „ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის არმია რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადება. „სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ასე რომ, მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაგვიჭირეთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბალი ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რადგან რუსეთი ამაზე არ გაჩერდება”, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საკუთარი სიცოცხლისთვის და არა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის.

ოპონენტები ცდილობენ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა - თალაკვაძე

ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. „საქართველოს მთავრობა და პარლამენტი თანმიმდევრულად მუშაობს ევრო რეკომენდაციების შესრულებაზე. პრაქტიკულად ორი რეკომენდაცია დარჩა, რომელთან დაკავშირებითაც კიდევ გვაქვს სამუშაო პარლამენტში. ვთვლით, რომ საქართველო მზად იქნება, წარადგინოს ევრო რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს ჰქონდეს შესაძლებლობა და საფუძველი, რომ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს. ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი აქვს, უკვე დაადასტურა წინა თვეებში ევროკომისიის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა. ბუნებრივია, შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პროგრესს ვაჩვენებთ, რათა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, გამოირიცხოს. სამუშაო, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მეორე მხარესაა ის, ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საერთო კონტექსტის გათვალისწინებით იქნება მიღებული. ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ასევე, ეს უკავშირდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია პირდაპირ გამოთქვამს წუხილებს და „დახმარებას სთხოვს“ ევროპელ პარტნიორებს, რომ როგორმე საქართველოს არჩევნებამდე კანდიდატის სტატუსი არ მისცენ", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ელჩი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტის წევრები საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსხურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, რომელზეც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია. ამის შესახებ კელი დეგნანმა მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელჩის შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი იმ საკითხების გამოსაკვლევად, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს, რაც კელი დეგნანისვე შეფასებით, ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. „საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსხურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, რომელზეც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია, ჩატარდეს მოკვლევა, რათა საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და ეს ასევე ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და სასარგებლო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ბევრ სხვადასხვა პარლამენტში, მათ შორის აშშ-ის კონგრესში და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი და პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებსაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო აკრძალვები დაუწესა.  

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას გააძლიერებენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“, - წერია ინფორმაციაში. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია. ოფიციალურ შეხვედრამდე, თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი.  

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.  

ელჩი დეგნანი: აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული და ვისაც შეუძლია, იდეები თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას ოთხ ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია, სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები“. „ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა. აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია, სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები. ღიაა ასევე მათთვის, ვისაც შეუძლია წასვლა, რადგან ეს დაკავშირებულია დიდ დროსთან და ზოგჯერ 2 კვირაზე მეტხანსაც გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ქართველი მოსამართლეები ირჩევენ ჩვენს პროგრამებს და დიდ ინტერესს ვიჩენთ და მოუთმენლად ველით ქართველი და ამერიკელი მოსამართლეების ამ შესანიშნავი გაცვლით პროგრამების გაგრძელებას“, - აღნიშნა კელი ელჩმა მედიასთან.