ძებნის რეზულტატი:

იტალიამ უკრაინას 143 ტონა ელექტრომოწყობილობა გადასცა

იტალია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. იტალიის მთავრობამ და იტალიურმა ბიზნესმა უკრაინას 143 ტონა ელექტრომოწყობილობა გადასცეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იტალიურ კომპანია Enel-თან შეთანხმება უკრაინისთვის 5700 მზის პანელის დამზადებაზე. ეს აღჭურვილობა ხელს შეუწყობს წარმოების დეცენტრალიზაციას და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას ძირითადი საზოგადოებრივი შენობების, მათ შორის საავადმყოფოებისთვის.  

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. „საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Carlsberg-ი რუსეთში აქტივებს ყიდის

დანიური ლუდსახარშის კომპანია Carlsberg Group რუსეთში აქტივებს ყიდის. ეს პროცესი სავარაუდოდ, ზაფხულამდე დასრულდება. აცხადებენ კომპანიაში. კომანიამ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად 2022 წელს გამოაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბევრმა კომპანიამ დატოვა რუსეთი. რიგმა კომპანიებმა კი, აქტივები გაყიდეს. მოსკოვს დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა

გასული წლის 24 თებერვალს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდეგ, 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა ან დაასრულა თავისი ბიზნეს საქმიანობა რუსეთში, მაგრამ ზოგიერთი ფირმა მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მიზნით, დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დააკისრა. აშშ-ში დაფუძნებული იელის უნივერსიტეტის ანგარიშმა ახლა აჩვენა, რომ ათობით კომპანია რჩება რუსეთში და აგრძელებს საქმიანობას. ისინი ძირითადად, ჩინეთიდან არიან: მათ შორის Air China, Alibaba, China Mobile, Agricultural Bank of China, Honor, Oppo, Tencent და ZTE. ასევე: 27 გერმანული ფირმა, მათ შორის AnyDesk Software, Claas, Globus, Hoffman Group და Siemens Healthineers. 27 ამერიკული კომპანია: მათ შორის Quicksilver, Cloudflare, Sbarro Pizza, Riot Games, Tupperware, Valve და Guess. მოქმედ კომპანიებს შორის არის თითქმის 30 ფრანგული ფირმა, 12 იტალიური, 7 ბრიტანული და 5 ესპანური. მანამდე, Brand Finance-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ ბევრმა მსხვილმა დასავლურმა ბრენდმა შეაჩერა თავისი საქმიანობა. Amazon-მა თავისი ოპერაციები რუსეთში 2022 წლის 9 მარტს შეწყვიტა, ხოლო Apple-მა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა ტოპ ბრენდების სიაში, ასევე შეაჩერა ყველა ოფიციალური გაყიდვები რუსეთში 2022 წლის 2 მარტიდან. მესამე ყველაზე ღირებული ბრენდი, Google-ი ასევე აჩერებს ზოგიერთ სერვისს ქვეყანაში 2022 წლის მარტში, როგორიცაა სარეკლამო და აპლიკაციების ბაზარი.    

ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე - ხუნდაძე

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე,  - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „ბოლო პერიოდში, მსოფლიოში დაჩქარებული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გახშირდა როგორც საქართველოს დელეგაციების ვიზიტები ევროპაში, ასევე, ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სტუმრობა საქართველოში. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს თანამედროვე რთულ გლობალურ პოლიტიკაში. მისასალმებელია, როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე“. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე, რაც დამსახურებულად გვეკუთვნის. იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას ველით ყველა ევროპული სახელმწიფოსგან, რომელთათვისაც საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, მათი ინტერესიცაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის კოლონიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბაბარიკა კოლონიაში თოთხმეტწლიან სასჯელს იხდის. მისი დიაგნოზი და მდგომარეობა უცნობია. ბაბარიკას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ ის ნაცემი იყოს. „მეგობრებო, გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის საავადმყოფოშია. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის დადასტურება", - ნათქვამია პოლიტიკოსის გუნდის ტელეგრამის არხზე. რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს ბაბარიკას ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია ქალაქის საავადმყოფომ დაუდასტურა. უფრო ადრე, ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა „მშრომელმა რუხმა", თავის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 59 წლის ბაბარიკა საავადმყოფოში 24-25 აპრილის ღამეს გადაიყვანეს. ვარაუდობენ, რომ მას ცემის კვალი ეტყობოდა. "მდგომარეობა ზომიერი სიმძიმისაა, ცნობილია, რომ მას პნევმოთორაქსი აქვს. ის ცემის კვალით ჩამოიყვანეს, იგი ვერც კი იცნეს, ვიდრე განმცხადებლის გვარი არ დაინახეს“, - ნათქვამია ოპოზიციური არხის შეტყობინებაში. ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. ვიქტარ ბაბარიკამ, ბელარუსში ცნობილმა ბანკირმა და მეცენატმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ 2020 წლის 12 მაისს განაცხადა. მანამდე სამი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების თარიღი - 2020 წლის 9 აგვისტო. მაგრამ ბანკირმა და მეცენატმა ვერც მოასწრო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირება. ის მაშინ დააკავეს, როცა თავის ვაჟთან, ედუარდთან, და სხვა მომხრეებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიდიოდა კანდიდატად რეგისტრირებისთვის. მას შემდეგ ვიქტარ ბაბარიკა კოლონიაში იხდის სასჯელს - მას 14 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი ვაჟი, ედუარდ ბაბარიკა, რომელიც მამის საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ორი წელია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მისი სასამართლო ჯერაც არ დაწყებულა.  

გერმანიაში 102 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდებული, საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი

გერმანიაში გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდებული საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი, 102 წლის იოზეფ შიუტცი. გასულ წელს მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 3500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის. თუმცა, შიუტცმა განაჩენი გაასაჩივრა და ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია. სასამართლომ დაადგინა, რომ შიუტცი იყო ნაცისტური საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი 1942-1945 წლებში. ბანაკში იმყოფებოდა დაახლოებით 200 000 პოლიტიკური პატიმარი, ებრაელები, ბოშები. ათიათასობით პატიმარი დაიღუპა. შიუტცს ბრალი დასდეს პატიმრებისა დახვრეტასა და გაზით მოწამვლაში თანამონაწილეობაში. თავად შიუტცი ამ ბრალდებას უარჰყოფდა და აცხადებდა, რომ იმ დროს ის ფერმის თანამშრომელი იყო.  

ცნობილია 19 ქუჩა, რომლებზეც A კატეგორიის ის ტაქსები იმოძრავებენ, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ. ეს ქუჩებია: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა. 5 ქუჩა/გამზირზე ისინი გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ეს ის ქუჩებია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. კერძოდ: ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები. მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ია.  

სტოლტენბერგი სი ძინპინის და ზელენსკის საუბარზე: მივესალმები, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში

ხედავს თუ არა ჩინეთს შუამავლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მედიის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 27 აპრილს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობები უნდა არსებობდეს მოლაპარაკებებისთვის და რა ფორმატში უნდა წარიმართოს ეს მოლაპარაკება. ამასთან, სტოლტენბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიალოგის მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გაძლიერებისთვის, კიევის სამხედრო დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, მოლაპარაკების ალბათობა მოითხოვს სწორედ რომ უკრაინას ჰქონდეს აუცილებელი სამხედრო ძალა. ამან კი, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ კიევი გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. „ამდენად, შესაძლოა, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდეს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „თუ ჩვენ გვსურს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა ლიდერობს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, იქამდე მისვლის საუკეთესო გზაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ზუსტად ისე, როგორც ამას NATO-ს მოკავშირეები აკეთებენ. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართულ სატელეფონო ზარს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა უკეთესად აღიქვას უკრაინის პერსპექტივები. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის უკანონო ომი, უკრაინაში უკანონო შეჭრა და  NATO-ს მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 აპრილს განმარტა, რა საკითხები განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს. მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დაეთმო. „უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს. არანაირი მშვიდობა არ შეიძლება, იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. ჩინეთს არ შეიძლება, ვენდობოდეთ როგორც რაიმე შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რადგან პეკინი ამ ომით სარგებლობს, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 25 აპრილს Politico-სთან ინტერვიუში. პაველის შეფასებით, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისივე თანახმად, „ჩინეთის ინტერესშია სტატუს კვოს გახანგრძლივება, რადგან მას შეუძლია, რუსეთს უამრავი დათმობისკენ უბიძგოს. პეკინი მოსკოვიდან იაფ ნავთობს, გაზს და სხვა რესურსებს იღებს, შესაბამისად, პაველი არ ფირობს, რომ „ჩინეთს აქვს რეალური ინტერესი, გადაჭრას ეს კონფლიქტი მოკლე დროში“. ინფორმაციისთვის, ჩინეთს საკუთარი 12 პუნქტიანი წინადადებები აქვს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, თუმცა ხსენებულმა „პაკეტმა“ ვერც დასავლეთის და ვერც უკრაინის თვალში ნდობა ვერ მოიპოვა, რადგან მასში არ არის განხილული, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვება, როგორც ომის დასრულების გზა. უკრაინა და მისი პარტნიორები სწორედ ამ გზას მიიჩნევენ ოპტიმალურად.  

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ - თალაკვაძე

რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ... საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტში ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა. მეორე მიზეზია ის, რომ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე - სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, რათა სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.  

შმიგალმა რომის პაპს რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მშვიდობის ფორმულა და რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში დახმარების საკითხი. ამ თემაზე შმიგალმა თავად ისაუბრა. „მე ვთხოვე მის უწმინდესობას დახმარება უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში, რომლებიც დაკავებულები, დაპატიმრებული, რუსეთში დანაშაულებრივი გზით დეპორტირებულნი არიან“, - განაცხადა შმიჰალმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რომის პაპთან განიხილა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა და მისი განხორციელების შესაძლო გზა, ასევე ამ საკითხში ვატიკანის დახმარების საკითხი.   შმიგალი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა.

ლარი გამყარდა და 2018 წლის ნიშნულს დაუბრუნდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4991 ლარი გახდა. ასეთი მონაცემი ბოლოს 2018 წელს დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4991 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7605 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველომ 4,37 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი რუსეთიდან იყო. რუსეთიდან ტრანსფერები საგრძნობლად გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის შემდეგ.  

პროკურატურა მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს

საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, რაც შალვა იაშვილის ბრალეულობას ადასტურებს - მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შალვა იაშვილთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა “საქართველო პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები. ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება გააჩნია აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად, მათ შორის, მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს”, - განაცხადა პროკურორმა ალინა კუკავამ.  

რუსული ბანკი მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარში იწყებს - მედია

რუსულმა ბანკმა „Точка“ მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციები ქართულ ლარში დაიწყო. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ქართული ვალუტის გაგზავნა შესაძლებელია საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში. დოლარის, ევროს და რუბლის გარდა, რომლის გაგზავნაც შესაძლებელია ზოგიერთ ქართულ ბანკში, საქართველოში ყველა ბანკში ლარში ანგარიშსწორება გახდა შესაძლებელი. „გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. ახლა რუსეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ამიტომაც ჩავუშვით ახალი ვალუტა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ტენდენციას“, - განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ანა დავიდოვამ. რუსული სახელმწიფო მედია TASS-ის ცნობით, სხვა ქვეყნების ბანკებში ფულის გადარიცხვისთვის მეწარმეს უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნა სჭირდება. საკომისიო ტარიფზე იქნება დამოკიდებული. ინფორმაციისთვის, „Точка“ რუსული ციფრული ბანკი ფიზიკური ოფისების გარეშე. ის ორიენტირებულია „იურიდიული პირებისთვის მომსახურების ეკოსისტემის შექმნასა და მეწარმეებისთვის დისტანციურ მომსახურებაზე. ბანკმა ლიცენზია რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკისგან მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო. არჩილ მესტვირშვილის თქმით, ეროვნული ბანკი შეისწავლის, სანქცირებულია თუ არა რუსული ბანკი - Точка  

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. კონფერენციის ორგანიზატორების ვებგვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ სპიკერადაა მოხსენიებული. კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება.  

„დეზინფორმაციულ კამპანიაზე“ კრამონის მიმართვას, ევროპარლამენტში „ქარული ოცნების“ პარტნიორი ჯგუფიდან უპასუხეს

ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან, ტაის როიტენი (ნიდერლანდები) რომელიც ევროპარლამენტში „ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, მისი კოლეგის, ვიოლა ფონ კრამონის მიმართვას გამოეხმაურა. „ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს მხარდამჭერზე, მიუღებელია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ქართველებს ეს უნდათ. ამიტომ, საქართველოს ლიდერებმა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობა უნდა შეწყვიტონ“, - წერს Twitter-ზე ტაის როიტენი. გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ქართული ტიტრებით ავრცელებს.  

NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინაში თითქმის ყველა დაპირებული სამხედრო ტექნიკა გაგზავნეს

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში დაპირებული სამხედრო ტექნიკის 98%-ზე მეტი გაგზავნეს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს ნიშნავს 1550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს და სხვა აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მოკავშირეებმა მილიარდობით დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოუყო 71 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინას, დიდმა ბრიტანეთმა - თითქმის ათი მილიარდი, გერმანიამ - შვიდზე მეტი. სხვა ქვეყნების დახმარება ნაკლებია. რუსეთის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს კომენტარი დასავლეთის ქვეყნების უკრაინის დახმარებაზე. მათი აზრით, უკრაინას იარაღის მიწოდებით NATO „ცეცხლს ეთამაშება“.  დასავლეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიალოგის მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გაძლიერებისთვის, კიევის სამხედრო დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი გათვლებით, მოლაპარაკების ალბათობა მოითხოვს სწორედ რომ უკრაინას ჰქონდეს აუცილებელი სამხედრო ძალა. ამან კი, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ კიევი გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.  

რუსეთს უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურის დაკავება სურს

რუსეთმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა ძებნილთა სიაში შეიყვანა, სავარაუდო „რუსი სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობის“ საქმეზე. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავმა უწყებებმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს აცნობეს, რომ ადმირალს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით [„სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მცდელობა“]. ეს მუხლი ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. ნეიჟპაპა უკრაინის საზღვაო ძალებში 1997 წლიდან მსახურობს, 2020 წლის აპრილში დაინიშნა საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილედ, 2021 წელს კი, უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურად. 26 აპრილს, ოლექსი ნეიჟპაპამ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.  

ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო. ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა. 13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესით ხსნიდა. თუმცა მთავრობან პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხოდ განცხადა, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტზე თანხმობა გაცემული ჰქონდა.  

უკრაინა უპილოტო თვითმფრინავების ახალ დამრტყმელ ასეულებს ქმნის

ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო და მისი პარტნიორები მალე ახალ უპილოტო თვითმფრინავების დამრტყმელ ასეულებს საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ უკრინფორმთან ინტერვიუში ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „ჩვენ პარტნიორებთან ერთად უკვე მივაწოდეთ საჭირო აღჭურვილობა პირველი სამი უპილოტო საჰაერო ხომალდის დამრტყმელი ასეულის ჯარისკაცებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს წვრთნა. სხვა ასეულები უახლოეს მომავალში აღიჭურვება. ისინი დრონებს გამოიყენებენ დაზვერვის ჩასატარებლად და სხვა მისიებისთვის. ამავდროულად, მოწოდებული მანქანები საშუალებას მისცემს მობილურ ჯგუფებს, განახორციელონ რეიდები მტრის ხაზებს მიღმა, ტვირთის მიტანა და დაჭრილების ევაკუაცია“, - აღნიშნა ფედოროვმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში დრონების წარმოების ბაზარზე ამჟამად რევოლუცია ხდება. „დღეს ამ ბაზარზე არის რევოლუცია, რაც ხელს უწყობს მის აქტიურ განვითარებას. წელს ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი. ძირითადი პრობლემები, რომლებიც აფერხებდა ბაზარს, მოგვარებულია“, - განაცხადა მინისტრმა. უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების პირველი შეტევითი ასეულის შექმნის შესახებ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა.