ძებნის რეზულტატი:
თურქეთმა სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე გაფრთხილების გარეშე დახურა - მედია
თურქეთმა შაბათს დახურა თავისი საჰაერო სივრცე დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FlyOne Armenia-ისთვის და ეს ნაბიჯი კომპანიის გაფრთხილების გარეშე გადადგა, იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ზე დაყრდნობით. „ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო და ყოველგვარი თვალსაჩინო საფუძვლების გარეშე, თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ გააუქმა FlyOne Armenia-სთვის ადრე მიცემული ნებართვა ევროპაში ფრენების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ავიაკომპანიის საბჭოს თავმჯდომარემ. არამ ანანიანმა აღნიშნა, რომ მომხდარის გამო მგზავრებს პრობლემები შეექმნათ. „თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ წინასწარი შეტყობინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რამაც ჩვენი ავიაკომპანია და ჩვენი მგზავრები არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენა“, - განაცხადა ანანიანმა. FlyOne Armenia, მოლდოვის ავიაკომპანია FlyOne-ის შვილობილი კომპანიაა. ოპერირება 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. თურქულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსი და ბელორუსი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და ბელორუს სპორტსმენებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობის უფლება მიეცათ. „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად უფლება ექნებათ და განიხილებიან მხოლოდ ის სპორტსმენები და დამხმარე პერსონალი, რომლებიც შემოწმების პროცესს დაექვემდებარებიან“, - ნათქვამია პრესრელიზში. კერძოდ, ინდივიდუალურად განიხილავენ, დაუშვან თუ არა სპორტსმენი შეჯიბრებაზე. სპორტსმენები არ უნდა იყვნენ რუსეთის ომის მხარდამჭერები ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებთან დაკავშირებულები. 7-14 მაისს დოჰაში გასამართ მსოფლიო პირველობაზე რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები იასპარეზებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მათ გრან პრიზე, გრანდ სლემსა და მასტერსზე გამოსვლის უფლებაც ექნებათ. 2022 წლის სექტემბერში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საერთაშორისო შეჯიბრებში რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენების მონაწილეობა შეაჩერა. 28 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია გაუწია საერთაშორისო ფედერაციებს, რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის ნება დართონ, თუმცა გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ. ინფორმაციისთვის, იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეიძენს
სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ჩამონათვალში, რომლის შეძენასაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის უახლოეს მომავალში გეგმავს, არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ან რაკეტები, რომელთა მანძილი 100-დან 300 კმ-მდე აღწევს. უკრაინული მედიის ცნობით, დაგეგმილი შესყიდვების სია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ხსენებული რაკეტების გაშვეება შესაძლებელია ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან. შესყიდვა უნდა განხორციელდეს უკრაინის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს. ფონდს ასევე შეუერთდნენ ნორვეგია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი. ისლანდიასთან და ლიეტუვასთან ერთად მათ უკვე შეაგროვეს 587 მილიონ ევროზე მეტი.
რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - მედია
რუსეთში ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სუზემკა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ათ კილომეტრში მდებარეობს. რადიო თავისუფლებისა და ასევე, სააგენტო Anadolu-ს რუსული სამსახურები ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის კომენტარზე დაყრდნობით წერენ, რომ ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. სროლაში ის „უკრაინელ ნაციონალისტებს“ ადანაშაულებს. გამოცემა „ბაზა" იტყობინება, რომ ღამის განმავლობაში ბრიანსკის ოლქისთვის ცეცხლის გახსნა გრძელდებოდა. სამი საათისთვის სუზემკაში კიდევ სამი ჭურვი ჩამოვარდა. ერთი კერძო სახლს მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, სოფელს კიდე ორი ჭურვი დაეცა. რუსეთის საზღვრისპირა ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებზე შეტევაში რუსეთი ხშირად ადანაშაულებს უკრაინას. კიევი შეტევებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. IPRM-ის მრავალსაათიანი შეხვედრა ერგნეთში - რამ გამოიწვია დაძაბული და ვრცელი დისკუსია ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებს სუს-ი. ამავე სოფლის მკვიდრი, დიმიტრი მამაგულაშვილი 18 აპრილს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს. მამაგულაშვილი 21 აპრილს გაათავისუფლეს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე. ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარს საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
აშშ-ის ევროპული სარდლობა: მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ევროპული სარდლობა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს: „მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში”. საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიება ტარდება.
პრემიერი: მადლობა აშშ-ს, NATO-ს ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. მან მადლობა გადაუხადა „საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას“. „დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომელებიც ღირსეულად ემხსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, ჩემო ძმებო, მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა ჩვენი ეროვნული, ძლიერი საქართველოსი“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. „ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაა უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მე მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტი: სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად, უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნისთვის თავდადებულ ძალას ვერ ამარცხებს
ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული „რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე - ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა - თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მოქნილობას და ცოდნას. პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას. ,,მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, მივესალმები გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, რიგითებს, მივესალმები მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ქალაქ თბილისის მერს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღეს, როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა ეს დღე არაა და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ცერემონიალური, თუ პათეტიკით აღსავსე სიტყვების წარმოთქმის დღე. ეს დღე, ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოსნაირი ისტორია უდგას სათავეში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულიად ვიაზრებთ და ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე, თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში. ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს და ყოველდღიურად, თუ ყოველწუთიერად. თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ! პირველ რიგში თავდაცვა, კლასიკურად, ნიშნავს, ჩვენი საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის დაცვას. ეს არაა მარტივი მოვალეობა: ჩვენ ვიცით, და გვახსოვს 1921, 1992-93 და 2008 წლების რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული ბრძოლა. არ ვივიწყებთ, და არ დავივიწყებთ რამდენი მათგანი შეეწირა ამ უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს მიზანს - საქართველოს დამოუკიდებლობას! დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჩვენს ვეტერანებს. მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას. თავდაცვის ძალების როლი, მხოლოდ წარსულზე არ გვაფიქრებს, არამედ მომავალზე. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა. ძველ ფორმებთან ერთად გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეები. ამდენად, თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მეტ მოქნილობას და მეტ ცოდნას. დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონიულად ჟღერდეს - ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას. ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოაშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა - შვედეთისა და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს. ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე. და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ. ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ. თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ: ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვლილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის მოითხოვს ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ. მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება. გილოცავთ ფიცის დადებას! ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა! თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს! თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს. გილოცავთ და ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს!" განაცხადა პრეზიდენტმა.
თავდაცვის მინისტრი: რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით, ჯარის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო ცდა განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, უწყების მიზანია გააძლიერონ და თანამედროვედ აღჭურვონ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები. „გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. დღესაც თითოეული თქვენგანი ღირსეულად მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს აგრძელებთ. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით სამხედრო მუნდირი ატარეს, ჩვენ ვალდებულებები ვართ ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ, ასევე ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სამშობლოს ემსახურეთ და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია. თავდაცვის ძალების დღეს ქედს ვიხრით ყველა დაღუპული გმირის ხსოვნის წინაშე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ, მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია შექმნა. თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე დღესაც ამ სულისკვეთების და პასუხისმგებლობის მატარებელია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით. სწორედ, ამიტომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მხარდაჭერით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ეტაპობრივად გავზარდეთ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები. გაზრდილი რესურსებით, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ თავდაცვის ძალების შესაძლებლობის განვითარების 10 წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა პირობა შექმნან, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ. „ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეებისთვის შევქმნათ ყველა პირობა, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ. მათი დაფასების კუთხით ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“, ჩვენთვის კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალ კოდექსში გათვალისწინებული იქნა. ამასთან, ახალი კოდექსით ჩვენ ვქმნით სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე ორიენტირებულ წლევანდელთა ეროვნულ სამსახურს, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი რეზერვი და განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი ჯარის განვითარების და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გაწევაზე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის NATO-ს და მის წევრებს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას - პაპუაშვილი
„თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების განმავლობაში განვავითარეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა NATO-სთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი თავდაცვის ძალებს, ზრდის მათ პროფესიონალიზმსა და თავსებადობას NATO-ს სტანდარტებთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომლის მიზანს ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შესაძლებლობების ამაღლება წარმოადგენს. „ახალი კოდექსით, გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და NATO-სთან თავსებადობის ხარისხი; ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა; მოხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა; გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის მედეგობა; უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი; განხორციელდება სავალდებულო გაწვევის სისტემის ძირეული რეფორმა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეკრუტთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი. პირადი შემადგენლობის წევრებს უწყებრივი მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
რუსებო, წადით სახლში, ვიდრე გვიანი არ არის - ჩეხეთის პრეზიდნტი
რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე ამ წარწერით რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. შესაბამისი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მან წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა.
უკრაინა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებს, რადგან რუს და ბელორუს სპორტსმენებს ასპარეზობის უფლება მისცეს
უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გადაწყვიტა, ბოიკოტი გამოუცხადოს ძიუდოში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 7-13 მაისს ყატარში, დოჰაშია დაგეგმილი. შესაბამისი განცხადება უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი დუბროვამ გააკეთა. უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მიეცათ. დუბროვას თქმით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) არც კი შეუმოწმებია ძიუდოის მსოფლიო ჩემპიონატზე მსურველი სპორტსმენები და მათ შორის ცსკა-ს არაერთი წევრია.
გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
გერმანიამ დაადასტურა მეორე Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება უკრაინისთვის. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე მოცემული განახლებული სიიდან. მათ შორისაა Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა, კიდევ რვა Zetros სატვირთო მანქანა (სულ უკვე მიწოდებულია 84) და ორი სატვირთო მანქანა 8x6. ყველა აღჭურვილობა გადაცემულია პირდაპირ მწარმოებლებისგან. პირველი Iris-T უკრაინას გასული წლის შემოდგომაზე გადაეცა.
რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით, აქცია იმართება
მოძრაობა „აი უცნობის" ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეკრების მიზანი „ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა“. რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა, საიდანაც შეკრებილებს მიმართავენ. საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
როგორ აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები 29 აპრილს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებელის, დიმ ლოგანის განცხადებით, საარჩევნო პროცესს ქუთაისში, ექვს ლოკაციაზე აკვირდებოდა. მისი თქმით, არჩევნები მაღალ დონეზე წარიმართა და უზრუნველყოფილი იყო მშვიდი პროცესი. ამასთან, აშშ-დან დამკვირვებელმა ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტზე გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც 29 აპრილს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ, მედიასთან განცხადება გააკეთეს. „მქონდა შესაძლებელობა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჩემს კოლეგებთან ერთად, დავკვირვებოდი საარჩევნო პროცესს ქუთაისში, ექვს ადგილას. მსურს, გაგიზიაროთ, რომ საპილოტო პროექტი, რომელიც განხორციელდა ამ არჩევნებისთვის, იყო ძალიან წარმატებული. ბევრი რამ, რაც გავარკვიე პროცესის განმავლობაში, აჩვენებს, რომ კომისიამ შეძლო ტექნოლოგიის გამოყენება წინასწარი შედეგების გამოცხადებისთვის. ამავე დროს, უზრუნველყოფდა შესაბამის საპირწონე ბალანსს ფიზიკური ბალანსის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული შემოწმებით. მჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს გამჭვირვალობის მიმართ ერთგულებას. ვფიქრობ, ეს იყო შესაბამისი პროცესის პილოტირებისთვის ამ მცირემასშატაბიან არჩევნებზე საერთო არჩევნების წინ. ამან მისცა კომისიას შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ ახალ პროცედურებს და გამოეყენებინათ ტექნოლოგია. ძალიან შთამბეჭდავი იყო არჩევნებისთვის წინასწრი სამზადისი. იყვნენ პროფესიონალი თანამშრომლები, იყო წარმატებული საწვრთნელი პროცესი, ამომრჩევლების ყოვლისმომცველი ინფორმირება და მინდა, შევაქო თანამშრომლები მათი ერთგულებისთვის. საარჩევნო პროცესი იყო ძალიან მაღალი დონის და უზრუნველყოფილი იყო მშვიდი პროცესი“, – განაცხადა დიმ ლოგანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. კიდევ ერთი დამკვირვებელის, ჯონ ჰოლინსის შეფასებით კი, არჩევნები დაიგეგმა და განხორციელდა პროფესიონალურ დონეზე. „მსურს, მადლობა ვუთხრა კომისიას, თავმჯდომარეს და განსაკუთრებით გუნდს, რომელმაც ჩაატარა ეს არჩევნები. ეს ფენომენალური იყო. ჩვენი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები დაიგეგმა და განხორციელდა პროფესიონალურ დონეზე. იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი. ამ არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაგეგმვა და მართვა იყო ეფექტური, საარჩევნო პროცესში ინტეგრირებული ტექნოლოგიების გამოწვევების ფონზე არჩევნები იყო წარმატებული. ეს შეეხება საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, ამომრჩეველთა ინფორმირებას. ყველაზე შთამბეჭდავი იყო საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი ეფექტურობა. წარმატებული დაგეგმვა ყველაზე ცხადი იყო ხმის მიცემის პროცესში, ასევე, თუ რამდენად სწრაფად გამოცხადდა წინასწარი შედეგები“, – აღნიშნა დამკვირვებელმა კანადიდან, ჯონ ჰოლინსმა. სომხეთის ცესკოს წარმომადგენელის, ჰერმინე ჰარუტუნიანის თქმით კი, ახალი ტექნოლოგიები გააძლიერებს საზოგადოების სანდოობას არჩევნების მიმართ და ამბობს, რომ ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტი წარმატებული იყო. „ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორი მასშტაბის სამუშაო შეასრულეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პროცესში ჩართულმა ქვედა დონის თანამშრომლებმა. შთამბეჭდავი იყო ცნობიერების ამაღლების კამპანიის მასშტაბი, თუ როგორ ჩატარდა საქათველოში არჩევნების მართვის კამპანია. არჩევნების დღეს, ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით ქუთაისში. ვაკვირდებოდით უბნების გახსნას, საარჩევნო პროცესს და ხმების დათვლას. შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორი მომზადებული არიან თანამშრომლები პროცესისთვის, ასევე, ამომრჩევლები, რომლებიც კარგად არიან ინფორმირებული. მსურს, ასევე ვთქვა, რომ მანქანის გამოთვლებსა და ხელით დათვლას შორის თანაბარი განსხვავებაა. გვჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები გააძლიერებს საზოგადოების სანდოობას არჩევნების მიმართ. სომხეთი ამომრჩევლების მაიდენტიფიცირებელ მოწყობილობებს 2017 წლიდან იყენებს და ჩვენ აქ ვართ, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქართველ კოლეგებს, ჩვენი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა“, – განაცხადა ჰერმინე ჰარუტუნიანმა.
უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის ბაზაზე თავდასხმაზე: ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადების ელემენტი
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ნავთობის ბაზაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეტევისთვის უკრაინის მზადების ელემენტია. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა გააკთეა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. ნავთობის საწყობში ხანძარი სევასტოპოლში 29 აპრილს გაჩნდა. დაიწვა ოთხი ცისტერნა, არავინ დაშავებულა. რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ თავდასხმა დრონებით მოხდა და ერთი მათგანი ჩამოაგდეს.
უზბეკეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ტარდება
უზბეკეთში ტარდება საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ქვეყნის საპრეზიდენტო ვადის გაზრდას ხუთიდან შვიდ წლამდე. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე (03:00 GMT) დაიწყო ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ თითქმის 11000 საარჩევნო უბანზე და გაგრძელდება საღამოს 8 საათამდე. (1500 GMT). საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხმის მიცემა თითქმის 19,7 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეუძლია, მათგან 307 895-მა საზღვარგარეთ მიიღო მონაწილეობა. ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის გარკვეული მოვალეობებისა და უფლებამოსილებების პარლამენტისთვის გადაცემას.
უკრაინამ დრონების მწარმოებელ თურქულ Baykar-თან სამი ახალი შეთანხმება გააფორმა
უკრაინამ თურქული თვითმფრინავების მწარმოებელ Baykar-თან სამ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის დეტალები არ გასაჯაროებულა. დოკუმენტს ხელი 2023 წლის Teknofest-ის საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების გამოფენის შემდეგ მოეწერა. „ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი: სამი ახალი შეთანხმება თურქეთის Baykar-თან უკრაინელი მწარმოებლებისთვის. რა თქმა უნდა, დეტალებს არ გავამხელ, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კონტრაქტები ჩვენს ქვეყანას საექსპორტო შემოსავლებს და ახალი თაობის იარაღს მოუტანს“, - წერს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი.
ლევან იოსელიანი: ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კანცელარიასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა პროტესტი გრძელდება. "მოვედი აქ მათი თხოვნის გამო, რომ მთელი დღეა, წვიმს და შეიძლება, ეს წვიმა ამაღამაც გაგრძელდეს - ელემენტარულია, რომ ჰქონდეთ საშუალება, ცელოფანი გადაიფარონ და არ დასველდნენ წვიმის ქვეშ. ეს არის ძალიან ელემენტარული, ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამისთვის მოვედი, რომ პოლიციისთვის გადამეცა მათი მოთხოვნა. ველოდები პასუხს, რომ ადამიანებს მიეცეთ ღამის განმავლობაში, წვიმაში, ცელოფნის ქვეშ მათი პროტესტის გაგრძელების საშუალება", - განაცხადა იოსელიანმა. მშობლები განმარტავენ, წვიმისგან თავის დასაცავად მთავრობის ადმინისტრაციასთან პარკები ჰქონდათ გაშლილი, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.