ძებნის რეზულტატი:
რუსეთის ოლქებს დრონებით ისევ შეუტიეს
კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მისივე თანახმად, გასულ ღამით, დრონის ჩამოვარდნის და დეტონაციის შედეგად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები არ დაზიანებულა და არც არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. მანამდე, ქალაქ კურჩატოვში აფეთქების შესახებ სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებოდნენ. დრონებით შეტევის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც იუწყება. მის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუშინ (13 ივლისს), საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინა და გაანადგურა 3 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვთან კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. რუსეთში დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია, რაშიც რუსეთი კიევს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა ოფიციალურად ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
თეა წულუკიანი: მე ვეძიებ პარტნიორებს და ასეთი უკვე ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კინოცენტრთან დაკავშირებულ პროტესტზე უპასუხა კითხვებს. წულუკიანის თქმით, რეორგანიზაცია, რომელსაც კინოს სექტორის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, თითქმის უკვე დასრულებულია და მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს პროტესტი. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარი ინტერესია, კინოცენტრი იყოს „თავისუფალი ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისგან.“ თეა წულუკიანის შეფაშებით, შეცდომაა ის, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა დღის წესრიგში და რომ მის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად ცენტრი კინომწარმოებლებისთვის უფრო „მოქნილ ინსტრუმენტად“ იქცევა. „პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. კითხვას საპროტესტო აქციების ფონზე თუ არსებობს რეორგანიზაციით უკმაყოფილო ადამიანებთან კონსენსუსის მიღწევის სივრცე. თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის კონსენსუსს არც საჭიროებს. „მე არ ვეძიებ კონსენსუსს, მე ვეძიებ პარტნიორობას და ასეთი პარტნიორები ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია, მინისტრის და მისი მოადგილეების გარდა, არავისი საქმე არ არის", - განაცხადა კულტურის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციებში მონაწილე ადამიანები „მთლიანობაში უმცირესობას“ წარმოადგენენ. „კინოს დარგში კინოცენტრის მეშვეობით ეფექტურად ვერ ვუწყობთ ხელს ყველა იმას, ვინც ხელშეწყობას საჭიროებს მრავალი წელია. ზოგი იღებს, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე უნდა იღებდეს. მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები. არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ ის დაფინანსება, რაც სხვას წაართვეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პროტესტს გამოხატავენ.
აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაური თავდაცვის სამინისტროს ეწვია
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს უმასპინძლეს. უწყების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ტექნოლოგიურ ეპოქაში გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. დავით სუჯაშვილმა სტუმარს გააცნო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი კიბერ რეფორმები და ხაზი გაუსვა პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. პირველმა მოადგილემ დასასრულისათვის ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული და დაგეგმილი მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების განვითარებას და NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე დაესწრნენ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. მისი ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელზეც 12 ივლისს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, შეუერთდნენ ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი. „ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება NATO-ს-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გრძელდება ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადებით. ორმხრივი შეთანხმებებით. მხოლოდ ერთი დღე გავიდა ვილნიუსიდან და ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“
პუტინის თქმით, „ვაგნერი" არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობს. „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!" - უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. პუტინი ამბობს, რომ რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ „ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“. „[ვაგნერის] ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. ეს არ არის ადვილი საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა. პუტინმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მეთაურებს სამსახურის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის უშუალო სამხედრო მეთაურის, მეტსახელად „სედოის“ ხელმძღვანელობით და ბევრმა თანხმობის ნიშნად თავიც დააქნია, თუმცა, პრიგოჟინმა, რომელიც წინა რიგში იჯდა და ამას ვერ ხედავდა, განაცხადა, რომ „ბიჭები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან." „ყველა მათგანს შეეძლო ერთ ადგილზე შეკრება და სამხედრო სამსახურის გაგრძელება და მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბევრმა თავი დააქნია, როცა ამას ვამბობდი და პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს არ დაუნახავს, მოსმენის შემდეგ თქვა: ”არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პუტინმა. გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტმა ამ შეხვედრის შესახებ პუტინისთვის შეკითხვის დასმა 13 ივლისს მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში, „მომავალი ტექნოლოგიების ფორუმის“ მონაწილეებთან მისი შეხვედრის შემდე შეძლო. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი. მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა. მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა - გაერო
ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 ივლისს გაშვებული რაკეტა, ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ხალედ ჰიარიმ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ჰიარის თქმით, კორეულმა რაკეტამ ათას კილომეტრზე მეტი იფრინა და 6648 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ფრენა დაახლოებით 74 წუთს გაგრძელდა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი რუსეთის სანაპიროდან 380 კილომეტრზე ნაკლებია. ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ამ ინფორმაციას კომენტარს არ აკეთებენ. ჩრდილოეთ კორეის სპიკერმა აღნიშნა, რომ Hwaseong-18 რაკეტა გაშვებული იყო „როგორც თავდაცვის უფლების ნაწილი მტრული ძალების საშიში სამხედრო მოქმედებების შეკავების მიზნით“. ჰიარი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა „შეიძლება, დედამიწის ბევრ წერტილს მიაღწიოს“. 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანამ უკვე განახორციელა 90-ზე მეტი გაშვება, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვას არღვევს.
გაეროს მაღალჩინოსანი უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ ფხენიანის სარაკეტო სისტემას შეუძლია, დედამიწის ბევრ წერტილამდე მიაღწიოს
გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და წყნარ ოკეანეში გაეროს პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტებში, განაცხადა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 12 ივლისს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა - Hwasong-18 გაუშვა. „გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ 1001,2 კილომეტრის მანძილზე იფრინა 6648,4 კილომეტრის სიმაღლეზე, ვიდრე ზღვაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა - გაერო გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა დაახლოებით 74 წუთი გაგრძელდა, რაც პოტენციურად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტის ყველაზე ხანგრძლივ ფრენაზე მიუთითებს“, - ამბობს გენერალური მდივნის თანაშემწე. კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის მოტივით, უწყების მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭო გააფრთხილა, რომ ფხენიანის სარაკეტო სისტემას შეუძლია, დედამიწის დიდ ნაწილამდე მიაღწიოს. „სისტემებს, რომლებიც ფხენიანმა 12 ივლისს, 13 აპრილს, 16 მარტს, ამ წლის 18 თებერვალს, ისევე როგორც გასულ წელს, სულ ხუთჯერ გამოსცადა, „შეუძლია, დედამიწის უმეტეს წერტილამდე მიაღწიოს“, - განაცხადა გენერალური მდივნის თანაშემწემ. თავის მხრივ, იაპონიის წარმომადგენელმა რაკეტის გაშვება დაგმო, რადგან ის „საფრთხეს შეუქმნის გემებს, აყენებს თვითმფრინავებს დიდი რისკის ქვეშ და აშინებს იაპონიის მოქალაქეებს.“ იაპონია გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რაკეტის სავარაუდო დიაპაზონი შეიძლება, 15000 კილომეტრს აღემატებოდეს. მისი თქმით, მთელი აზია, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და აფრიკა, ასევე, სამხრეთ ამერიკის ნაწილიც კი დადგება რისკის ქვეშ იმის გათვალისწინებით, რომ ამ რაკეტას არალეგალური ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია. ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, რომლებიც დიდი ხანია, ფხენიანს უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევენ, სანქციებითა და ზეწოლით არიან „შეპყრობილნი.“ „რაც თავის მხრივ, „კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას უქმნის უსაფრთხოების უზარმაზარ საფრთხეს“, მაშინ როცა ამ ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების შეშფოთება არასოდეს ყოფილა განხილული“, - განაცხადა მან და დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების სპიკერმა გაიხსენა, რომ წარსულში, საბჭოს ერთიანობა ჭარბობდა ამ საქმეში და ემსახურებოდა მკაფიო გზავნილის გაგზავნას, რომ საბჭო არ დაუშვებდა ბირთვული იარაღის გავრცელებას ფხენიანის მიერ, მან ამ ერთიანობის დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ვერაზე, გვიან ღამით სროლა იყო
ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები უცნობია.
მეთიუ ბრაიზა NATO-ს სამიტზე, მის შედეგებსა და „არაფორმალურ პირობაზე“
Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე გამოთქვამს ვარაუდს, რომ NATO-ს სამიტზე უკრაინამ არაოფიციალურად მიიღო პირობა, რომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. მეთიუ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ კიევმა G7-სგან აქვს უსაფრთხოების გარანტიების დაპირება, რაც უკრაინას მომავალში რუსული აგრესიისგან დაიცავს. „უკრაინას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები NATO-სგან, მაგრამ „დიდი შვიდეულისგან“ მიიღო უსაფრთხოების გარანტიებისა და ფართო სამხედრო მხარდაჭერის პირობა, რომლის მიზანიც მომავალში რუსეთის შეკავებაა. როგორც ჩანს, შესაძლოა, უკრაინისთვის არაფორმალურად გასცეს დაპირება, რომ ის ომის დასრულების შემდეგ მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ კი, წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი. ბრაიზა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს არ მიუღია მსგავსი რამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ NATO უფრო შორს არ წავიდა. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იკავებდა პოზიციას აშშ-ის ადმინისტრაციაში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელმაც მისი შეფასებით, პუტინს მოქმედების საფუძველი მისცა: „რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ უკრაინაში.“ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი მაშინაც NATO-ში გაწევრიანება იყო. ბრაიზას შეფასებით, NATO-ს ახლა უკრაინასთან მიმართებით აქვს მეტი ვალდებულება, რომ ალიანსს შეუერთდეს, საქართველომ კი, რომელმაც „მძაფრი პოლიტიკური პრობლემების ფონზე, თავი ჩაიყენა თამაშგარე ვითარებაში,“ შიდა პოლიტიკური ვითარება უნდა მოაწესრიგოს. ის ხაზს უსვამს, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო მთლიანად უკრაინასა და შვედეთის გაწევრიანებაზე. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვდა. ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მოგვიანებით, მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ელოდება დღეს, როდესაც უკრაინას მოკავშირის რანგში მიიღებს და ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს გაწევრიანების გზაზე ექნება უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ვილნიუსში, NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
კულება NATO-ს სამიტზე: „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ იმით, რაც ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში აისახა, არამედ იმითაც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არამხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი. „კმაყოფილი არ ვარ მხოლოდ ერთი მომენტით, რომ თავად სამიტის კომუნიკეს ტექსტი არ შეიცავს მკაფიო სიტყვებს, რომ უკრაინა მიწვეულია გაწევრიანებისთვის, პირობითად, ხვალ იქნება მიწვეული, მაგრამ ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი“, - აღნიშნა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა იმაზე ადრე გახდება ალიანსის წევრი, ვიდრე ამას ელიან. „ჩვენ გადავლახეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და ვხედავ, რომ უკრაინა ნამდვილად განიხილება, როგორც ნატოს წევრი. ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავ, რომ ეს „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. იმიტომ, რომ შიგნით, დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: არ ინერვიულოთ, საკითხი მოგვარებულია, იქნებით NATO-ს წევრი“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომლითაც დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ
უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. ინიციატივა გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი, ევროპარლამენტისადმი, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი, ასევე BSEC-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. რადა ასევე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს სააკაშვილთან დაშვების საშუალება ჰქონდეს. მიმართვას ხელს ათობით დეპუტატი აწერს, მათ შორისა მმართველი ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე.
ბულგარეთი უკრაინას 100 ჯავშანმანქანას გაუგზავნის - მედია
ბულგარეთი კიევს მძიმე ტექნიკით დაეხმარება. სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას ბულგარეთმა გამოუყო, 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. ინფორმაციას Euractiv- ი ავრცელებს. სამხედრო ტექნიკა სოფიამ შსს-ს მარაგებიდან გამოყო. „ეს არის ჯავშანტექნიკა, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოყენებული, რაც გარკვეულწილად, იწვევდა ხარჯებს მათი შენახვისა და მოვლისთვის“, - განაცხადა მმართველი კოალიციის დეპუტატმა. მისივე თქმით, „უკრაინელები დარწმუნდებიან, რომ ეს ტექნიკა მათთვის სასარგებლო იქნება.“ ჯავშანმანქანები არმიის საცავებში 1980-იანი წლების ბოლოდან ინახებოდა, იტყობინება ამბობს ბულგარეთის მმართველი პარტიის წევრი ივაილო მირჩევი. მისივე თქმით, ბულგარეთმა სანაცვლოდ, შესაძლოა ამერიკული დახმარება მიიღოს. დეპუტატის განმარტებით, მანქანების ნაწილი უკრაინაში გაგზავნამდე შეკეთდება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში იმყოფებოდა. გაფორმდა რიგი შეთანხმებები. ბულგარეთმა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია kyivindependent-ი. ზელენსკი ბულგარეთში სწორედ ახალი მთავრობის მიწვევით ჩავიდა. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია
საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე მ.შ. დაკავებული იქნა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სულხან ჭკადუა საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს.
კობახიძე: იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არ იმოქმედებს ვიღაცის ინტერესების კარნახით
იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უკრაინის რადაში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პროექტის დაინიცირებას გამოეხმაურა. ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა ამ ზეწოლას ვერ გაუძლოს პრეზიდენტმა და გავლენის ქვეშ მოექცეს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ კოორდინაციაში იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომლითაც დეპუტატები ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ „აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ყველგან ჩართული ამ კოორდინაციაში, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებში, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა შესაძლოა, კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა შესაძლოა, კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე-თბილისი, კახეთი, მესტია, ბახმარო, გოდერძი, ბაკურიანი და სხვა ტერიტორიები. “პარაპლანებით ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველებმა გაიარეს პრაქტიკული გამოცდები. პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. პილოტის მოწმობები გაიცემა მფრინავებზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. ფრენების დაწყებისთვის საჭირო სამუშაოების ფარგლებში, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი. ამასთან მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 15 ივნისს პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა.
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეებისათვის მოსამზადებლად რეკომენდაციებს ავრცელებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანახმად, მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა ქუჩაში გასვლას მოერიდოს დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, ამასთან, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. უწყების განმარტებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში. „განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა. იმისთვის, რომ სიცხეს გაუმკლავდეთ, შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. იმისთვის, რომ თავი აარიდოთ სივრცეს, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე. დარჩით/გაჩერდით ჩრდილში. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი: პუტინის უახლოეს კაბინეტებში საკუთარი წყაროები გვყავს
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინამ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, ახლა კი საინფორმაციო ომს თავად რუსეთი აგებს. „2014 წელს ჩვენ სრულიად წავაგეთ საინფორმაციო ომი და ომში, რომელიც 2022 წელს დაიწყო - სულ სხვანაირად დავიწყეთ მოქმედება. ახლა რუსები აგებენ საინფორმაციო ომს“, - აღნიშნა ბუდანოვმა Reuters-თან ინტერვიუში. ბუდანოვის თქმით, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. „ვინ აღმოჩნდა მართალი? ჩვენ. ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი წყაროები. ასე ვთქვათ, პუტინთან უახლოეს კაბინეტებში. ამიტომ, ჩვეულებრივ ვიცით, რა ხდება“, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
სამხრეთ კორეა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 52 მილიარდი დოლარის დახმარებას შესთავაზებს
სამხრეთ კორეა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 52 მილიარდი დოლარის დახმარებას შესთავაზებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Korea Herald-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, სეული უკრაინის კერძო სექტორს 32 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერას გაუწევს. დახმარება ფოკუსირებული იქნება სკოლების, საცხოვრებელი სახლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სექტორის დახმარება შეეხება ატომურ ელექტროსადგურებს, აეროპორტის რეკონსტრუქციას, სამშენებლო ტექნიკას, სარკინიგზო მანქანებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. პოლონეთში ვიზიტის დროს, რომელიც 13 ივლისს დაიწყო, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეული პროექტენთან დაკავშირებით, ვარშავასთან ითანამშრომლებს. მსოფლიო ბანკის მარტის შეფასებით, უკრაინას აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის სულ მცირე 411 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი სროლის შემდეგ, მოლდოვის შს მინისტრი გადადგა
Reuters-ის ცნობით, კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი სროლის შემდეგ, მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მის გარდა, პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ კიდევ ორი მინისტრის თხოვნა დააკმაყოფილა. კიშინიოვის აეროპორტში 30 ივნისს მომხდარი სროლის გამო, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ანა რევენკოს გადადგომა მოითხოვა. მან თანამდებობები დატოვა მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ანატოლი ტოპალთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან ლილია დაბიჯასთან ერთად. მედია: კაცი, რომელმაც მოლდოვის აეროპორტში ორი ადამიანი მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა სავარაუდოდ, რესიანი ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს პრეზიდენტ მაია სანდუს ორშაბათს შესთავაზებს.
საპატრიარქო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია აკვირდება, რომელთა მიერ შეგროვებული მასალის საფუძველზე კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა მოხდება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ინსპექტირების სამუშაოს დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. „საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს. გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება - მთავრობა მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ. გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა. არსებული მდგომარეობის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრა. საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხედვა და შემუშავებული მიდგომები გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და მისი სათათბირო ორგანოების, ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე იქნება განხილული. ზემოხსენებული ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მოწვევით სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალდარგობრივი ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არიან: სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე - კედლის მხატვრობის კონსერვატორები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის, ინგლისის ეროვნული ფონდის, ინგლისის მემკვიდრეობასთან და საეკლესიო ნაგებობათა საბჭოსთან; სტეფან სიმონი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის ექსპერტი, მეცნიერი, მკვლევარი, ბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტის (IPCH) დამფუძნებელი; გერჰარდ ვოლფი - ხელოვნების ისტორიკოსი, მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი; სტივენ კელი - არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟინერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და კონსერვაციაში, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტი; რობერტო ნარდი - მოზაიკის კონსერვატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი; ანდრეინა კოსტანცი კობაუ - მოზაიკისა და კედლის მხატვრობის რესტავრატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი“, - ნათქვამია განცხადებაში.